1. იმ დღეს გაიხსენა ტობითმა ვერცხლი, რომელიც გაბაელისთვის ჰქონდა მიბარებული რაგეში.
2. და თქვა თავისთვის: მე სიკვდილს ვნატრობ. რატომ არ დავუძახო ტობიას, ჩემს ძეს, და არ განვუცხადო იმ ვერცხლის ამბავი, ვიდრე ცოცხალი ვარ?
3. დაუძახა მას და უთხრა: შვილო, როცა მოვკვდები, დამმარხე. ნუ მიატოვებ დედაშენს, პატივი მიაგე მას, ვიდრე ცოცხალია, და აკეთე მისი მოსაწონი. ნუ დაამძიმებ დარდით.
4. გახსოვდეს, შვილო, რომ მრავალი ჭირი ნახა შენთვის, მუცლით რომ გატარებდა. როცა მოკვდება, დამარხე ჩემს გვერდით, ერთ საფლავში.
5. ყოველდღე მოიხსენიე, შვილო, უფალი, ღმერთი ჩვენი, ნუ შესცოდავ და ნუ გადახვალ მის მცნებებს. სამართლიანი იყავი მთელი შენი სიცოცხლე და უსამართლობის გზას ნუ დაადგები.
6. რადგან სამართლის მიმდევარს კეთილად აგეწყობა საქმეები.
7. ყველას, სიმართლის მოქმედს, მიეცი მოწყალება, როგორც შეგიძლია. ნუ დაენანება შენს თვალს, მოწყალებას რომ გაიღებ, პირს ნუ შეაქცევ ღარიბ-ღატაკს, რომ შენც არ შეგაქციოს პირი ღმერთმა.
8. რაცა გაქვს მრავლად, მისგან გაეცი მოწყალება.
9. რადგან სიკეთეს დაიუნჯებ ჭირის დღისთვის.
10. რადგან მოწყალება სიკვდილისგანაც იხსნის კაცს და ბნელს აარიდებს.
11. კეთილი ნიჭია მოწყალება ყველასთვის, ვინც კი გაიღებს მას უზენაესის წინაშე.
12. მოერიდე, შვილო, ყველანაირ სიძვას. ქალი შენი მამა-პაპის მოდგმისა წამოიყვანე. სხვა ქალს ნუ მოიყვან, თუ არ არის მამაშენის ტაძრისა, რადგან წინასწარმეტყველთა შვილები ვართ. გახსოვდეს, შვილო, რომ ნოემ, აბრაამმა, ისაკმა და იაკობმა, ჩვენმა მთელმა მამა-პაპამ, ყველამ თავიანთ მოძმეთაგან წამოიყვანეს ცოლები და დაილოცნენ თავიანთ შთამომავლობაში და მათმა მოდგმამ დაიმკვიდრა ქვეყანა.
13. გიყვარდეს, შვილო, შენი ძმები და ნუ გაუდიდგულდები შენს ძმებს. შენი ერის ძეთა და ასულთაგან წამოიყვანე შენთვის ქალი. ამპარტავნობას კი მოჰყვება დაღუპვა და აღრეულობა, ხოლო ცუდად დებამ დიდი დანაკლისი და გაჩანაგება იცის, ცუდად დება ხომ შიმშილის დედაა.
14. ნურავის გასამრჯელოს ნუ დაიტოვებ, ვინც კი საქმეს გაგიკეთებს, არამედ გაეცი იგი მაშინვე. ღვთის მორჩილი თუ იქნები, შენვე დაგიბრუნდება. ყურადღებით წარმართე, შვილო, ყოველი შენი საქმე და ჭკუით მოზომე ყოველი შენი ნაბიჯი.
15. რაც შენ გძულს, ნურავის შეამთხვევ. ღვინოს დასათრობად ნუ დალევ. ნუ წაგყვება სიმთვრალე გზაში თანამგზავრად.
16. გაუყავი შენი პური ღარიბ-ღატაკთ და მოსასხამი - შიშველ-ტიტველთ. ყველაფერი, თუ რამ ზედმეტი გაქვს, გაეცი სამადლოდ და ნუ დაენანება შენს თვალს, მოწყალებას რომ გასცემ.
17. მიმოაბნიე შენი პური მართალთა საფლავზე და ნურას გასცემ ცოდვილთათვის.
18. ეძიებდე რჩევას ყოველი გონიერისაგან და ნუ უგულებელყოფ სასარგებლო რჩევას.
19. ყოველ ჟამს აკურთხებდე უფალს, ღმერთს. მას შესთხოვდე, რათა წრფელი იყოს ყოველი შენი გზა და განზრახვა კურთხეული იყოს. რადგან არცერთი ხალხის ხელთ არ არის განგება, არამედ თავად უფალი ანიჭებს ყოველივე სიკეთეს, ვისაც მოისურვებს, დაამდაბლებს თავისი ნებისაებრ. ახლა კი, დაიმახსოვრე, შვილო, ჩემი ანდერძი და ნუ ამოშლი მას შენი გულიდან.
20. ახლა გაუწყებ შენ: ათი ტალანტი ვერცხლი მაქვს მიცემული გაბაელისთვის, გაბრიას ძისთვის, მიდიის რავეში.
21. ნუ შეგეშინდება, შვილო, გაღატაკებისა, დიდძალი ქონება გაქვს, თუკი ღვთის შიში გექნება, თუ განუდგები ყველანაირ ცოდვას და მოწიწებით მოიქცევი ღვთის წინაშე.