ძველი აღთქმა

ტობითი

თავი მეექვსე

1. მგზავრები საღამო ხანს მიადგნენ ტიგროს-მდინარეს და იქ შეისვენეს.

2. ყმაწვილი რომ ჩავიდა განსაბანად, ამოხტა მდინარიდან თევზი და დააპირა შთაენთქა ყმაწვილი.

3. ანგელოზმა კი უთხრა მას: ამოიყვანე თევზი. დაიჭირა ყმაწვილმა თევზი და დააგდო მიწაზე.

4. უთხრა ანგელოზმა: გაკვეთე თევზი, ამოიღე გული, ღვიძლი და ნაღველი და ცალკე შეინახე.

5. შეასრულა ყმაწვილმა, რაც უთხრა ანგელოზმა. თევზი კი შეწვეს და შეჭამეს.

6. გაუდგნენ გზას ორივენი და მიადგნენ ეკბატანას.

7. უთხრა ყმაწვილმა ანგელოზს: ყაზარია, ძმაო, რა არის ეს თევზის გულ-ღვიძლი და ნაღველი?

8. უთხრა ანგელოზმა: გულ-ღვიძლი, თუკი ვინმვს ტანჯავს ეშმაკი, ან ბოროტი სული, უნდა უკმიო კაცს ან ქალს, და მეტად აღარ დაიტანჯება.

9. ნაღველი კი უნდა დააპკურო თვალებზე კაცს, ვისაც სითეთრე აქვს გადაკრული და განიკურნება.

10. რაგეს რომ მიუახლოვდნენ,

11. უთხრა ანგელოზმა ყმაწვილს: ძმაო, შევისვენოთ რაღუელთან. ისიც ხომ შენი ნათესავია. ერთადერთი ასული ჰყავს მას, სახელად სარა.

12. სიტყვას ჩამოვუგდებ მასზე მის მშობლებს და მოგცემენ ცოლად, რადგან წესით შენ უნდა გერგოს იგი. აკი ერთადერთი შენა ხარ მისი გვარისა.

13. ახლა კი მისმინე: მე ჩამოვუგდებ სიტყვას მამამისს და რომ დავბრუნდებით რაგედან, გავმართოთ ქორწილი. რადგან ვიცნობ რაღუელს: მოსეს რჯულს არ გადავა და სხვა კაცს არ მისცემს თავის ასულს. რადგან სიკვდილის თანამდები იქნება, რადგან სხვებზე მეტად, წესით, შენ უნდა გერგოს იგი.

14. მაშინ უთხრა ყმაწვილმა ანგელოზს: ყაზარია, ძმაო, გამიგია, რომ ეს ქალიშვილი შვიდ ქმარს იყო აღთქმული და ყველა დაიღუპა სანთიობაში.

15. მე კი ერთადერთი ვყავარ მამაჩემს და მეშინია, არ მოვკვდე სასიძოდ მისულ წინამორბედთა მსგავსად. ეს ქალი ხომ უყვარს ეშმაკს, რომელიც მხოლოდ იმას ერჩის, ვინც ამ ქალს მიეკარება. მეც მეშინია, არ მოვკვდე და არ გავუმწარო სიცოცხლე ჩემზე დარდით მამაჩემსა და დედაჩემს სიკვდილის წინ.

16. უთხრა მას ანგელოზმა: ნუთუ არ გახსოვს სიტყვა, მამაშენმა რომ დაგაბარა, შენი გვარის ცოლი უნდა მოიყვანოო? ახლა მისმინე, ძმაო, რაკი შენთვის ცოლად არის იგი განკუთვნილი, ეშმაკის შიში ნუ გექნება - იმავე ღამეს მოგეცემა ის ასული ცოლად.

17. როგორც კი შეხვალ სანთიობოში, აიღე სასაკმევლედან ნაკვერჩხალი და მოუკიდე თევზის გულღვიძლს და აკმიე. სუნი რომ ეცემა ეშმაკს, გაიქცევა და აღარ დაბრუნდება უკუნისამდე.

18. როცა დააპირებ ქალთან მიახლოებას, ორივენი შეევედრეთ მოწყალე ღმერთს, და გიხსნით და შეგიწყალებთ. ნურაფრის გეშინია, რადგან შენთვის არის განკუთვნილი ეს ქალი უკუნისამდე და შენ იხსნი მას. შენ გამოგყვება და მჯერა, რომ შვილები გეყოლება მისგან.

19. ეს რომ მოისმინა ტობიამ, შეიყვარა ქალი და მისი სული ძლიერ მიეწება მას.