ძველი აღთქმა

ტობითი

თავი მეშვიდე

1. შევიდნენ ეკბატანაში და მიადგნენ რაღუელის სახლს. სარა გამოეგება მათ და მიესალმა, მათაც სალამი უთხრეს და სახლში შეუძღვა მათ.

2. უთხრა რაღუელმა ყადნას, თავის ცოლს: როგორ ჰგავს ეს ყმაწვილი ტობითს, ჩემს ნათესავს.

3. ჰკითხა მათ რაღუელმა: საიდან ხართ, ძმებო? მიუგეს: ნაფთალიანები ვართ, ნინევეში გადასახლებულთაგან.

4. უთხრა მათ: იცნობთ, ტობითს, ჩვენს ძმას? მათ კი მიუგეს: ვიცნობთ.

5. ჰკითხა: ჯანმრთელადაა? მათ მიუგეს: ცოცხალია და ჯანმრთელი. ხოლო ტობიამ თქვა: მამაა ჩემი.

6. წამოდგა ფეხზე რაღუელი, გადაჰკოცნა და დალოცა იგი, უთხრა: ო, კეთილო და ღირსეული კაცის შვილო. რომ გაიგო ტობითის დაბრმავების ამბავი, შეწუხდა და ატირდა.

7. ტიროდა ყადნაც, მისი ცოლი და სარა, ასული მისი. გაუმასპინძლდნენ ტობიას საკადრისად.

8. დაუკლეს ცხვარი და დიდებული სუფრა გაუმზადეს.

9. უთხრა ტობიამ რაფაელს: ძმაო ყაზარია, უთხარი რაღუელს, მომათხოვოს სარა, ჩემი და.

10. გაიგონა ეს სიტყვა რაღუელმა და უთხრა ყმაწვილს: ჭამე და სვი, და გაიხარე. შენ შეგფერის ჩემი შვილის თხოვა. მაგრამ გეტყვი სიმართლეს.

11. შვიდ ქმარს იყო მითხოვებული და ვინც კი მიეკარებოდა მას, იმავე ღამეს კვდებოდა. ახლა კი გაიხარე.

12. უთხრა ტობიამ: საჭმელს არ მივეკარები, ვიდრე არ მოილაპარაკებთ და თანხმობას არ მომცემთ. თქვა რაღუელმა: ახლავე წაიყვანე იგი რჯულისამებრ. შენ ხარ მისი ძმა და შენია იგი. მოწყალე ღმერთმა მოგმადლოთ ყოველავე სიკეთე.

13. მოუხმო სარას, თავის ასულს და დაიჭირა მისი ხელი, მისცა ქალი ტობიას ცოლად და თქვა: აჰა, მოსეს რჯულისამებრ მიიღე იგი და მიიყვანე მამაშენთან. და დალოცა ისინი.

14. მოუხმო ყადნას, თავის ცოლს, აიღო წიგნი, დაწერა პირობა და დაბეჭდა.

15. მოუხმო რაღუელმა ყადნას, თავის ცოლს, და უთხრა: დაო, გაამზადე სხვა საძინებელი და შეიყვანე ასული.

16. ასე გააკეთა ყადნამ, როგორც ეთქვა მას, და შეიყვანა იგი საძინებელში, და ატირდა. მიიღო ცრემლი თავისი ასულისა და უთხრა:

17. გამაგრდი შვილო, მეუფე ცისა და მიწისა მოგანიჭებს შენ წყალობას ამ შენი დარდის სანაცვლოდ. გამაგრდი, შვილო.