1. სადილი რომ დაასრულეს, შევიდა ტობია სარასთან.
2. მიმავალმა გაიხსენა სიტყვები რაფაელისა და აიღო საკმეველთაგან ნაკვერჩხალი, მოუკიდა თევზის გულს და აკმია.
3. როგორც კი იგრძნო ეშმაკმა სუნი, გაიქცა ზემო ეგვიპტეს და შეკრა იგი ანგელოზმა.
4. როდესაც ჩაიკეტნენ ორივენი, ადგა ტობია სარეცლიდან და თქვა: ადექი, დაო, და ვილოცოთ, რათა წყალობა მოიღოს ჩვენზე უფალმა.
5. დაიწყო ტობიამ და თქვა: კურთხეულ ხარ, ღმერთო მამათა ჩვენთა, და კურთხეულია შენი წმიდა სახელი და განდიდებულია უკუნისამდე.
6. შენ შექმენი ადამი და შემწედ უძღვენი ევა, საყრდენად - ცოლი მისი. მათგან იშვა კაცთა მოდგმა. შენ თქვი: - არ არის კარგი კაცის მარტოდ ყოფნა, შევუქმნათ მას შემწე, მისი მსგავსიო.
7. და მეც, უფალო, არა სიძვისათვის მომყავს ცოლად ეს ჩემი და, არამედ ჭეშმარიტებით. ინებე შეწყალება ჩემი და მასთან შებერება.
8. თქვა ამის შემდეგ: ამინ.
9. და დაიძინა ორივემ იმ ღამეს.
10. ადგა რაღუელი, წავიდა და გათხარა საფლავი, თან ამბობდა: ნუთუ ესეც მოკვდება?
11. შევიდა რაღუელი სახლში.
12. და უთხრა ყადნას, თავის ცოლს: გავგზავნოთ ერთი მხევალი და ნახოს, ცოცხალია თუ არა. თუ არა და დავმარხოთ და არავის ეცოდინება.
13. წავიდა მხევალი, გააღო კარი და ნახა, რომ სძინავს ორივეს.
14. გამოვიდა და აუწყა, რომ ცოცხალია.
15. აკურთხა რაღუელმა ღმერთი, თქვა: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო, ყოველი წმინდა და ღვთაებრივი კურთხევით. გაკურთხონ შენ შენმა წმიდებმა, ყოველმა შენმა ქმნილებამ, ყოველმა შენმა ანგელოზმა, და რჩეელებმა გაკურთხონ შენ სამარადისოდ.
16. კურთხეულ ხარ, სიხარული რომ მომანიჭე და ისე რმოხდა, როგორც მეგონა, არამედ მრავალი შენი წყალობა მოიღე ჩვენზე.
17. კურთხეულ ხარ, რადგან შეიწყალე ორი მხოლოდშობილი. მოიღე მათზე, მეუფეო, წყალობა; მშვიდობაში, სიხარულში და წყალობებში გაატარებინე მთელი სიცოცხლე.
18. მერე მოუხმო მსახურებს საფლავის ამოსავსესდ.
19. გაუმართა მათ თოთხმეტდღიანი ქორწილი.
20. ფიცი დაადებინა ტობიას რაღუელმა, არ წასულიყო ქირწილის დღეების გასრულებამდე, ვიდრე ქორწილის ოთხმეტი დღე არ გავიდოდა.
21. მაშინ მიიღებდა ტობია რაღუელის ქონების ნახევარს და წავიდოდა მშვიდობით მამასთან. დანარჩენს კი მაშინ, როცა რაღუელი და მისი ცოლი დაიხოცებოდნენ.