1. განაჩენი, სიტყვა უფლისა ისრაელზე. ასე ამბობს უფალი; რომელმაც გადაფინა ცა და დაამყარა მიწა, რომელმაც გამოსახა ადამის სული მის წიაღში.
2. აჰა, გავხდი იერუსალიმს სიბრუვის თასად ყოველი ხალხისთვის ირგვლივ და თვით იუდასთვის, როცა ალყაში მოექცევა იერუსალიმი.
3. დადგება დრო და გავხდი იერუსალიმს საჯილდაო ქვად ყოველი ხალხისთვის და ყოველი მისი ამწევი წელში გაწყდება და ქვეყნის ყოველი ერი მის წინააღმდეგ შეიკრიბება.
4. იმ დღეს, ამბობს უფალი, გავაცოფებ ყველა ცხენს და შევშლი მის მხედარს; მაგრამ იუდაზე მექნება თვალი გახელილი, როცა ხალხების ყველა ცხენს დავაბრმავებ.
5. იტყვიან იუდას ათასეულნი თავიანთ გულში: ჩემი ძალა იერუსალიმის მცხოვრებნი არიან ცაბაოთ უფლის, მათი ღვთის შეწევნით.
6. გავხდი იმ დღეს იუდას ათასეულთ ანთებულ ქურად ხეთა შორის და ანთებულ ჩირაღდნად ძნებს შორის და შთანთქავენ მარჯვნივ და მარცხნივ ყველა ხალხის ირგვლივ; იერუსალიმი კი კვლავ დასახლდება თავის ადგილზე, იერუსალიმში.
7. იუდას კარვებს იხსნის უფალი, რომ დავითის სახლის დიდებამ და იერუსალიმის მცხოვრებთა დიდებამ არ გადააჭარბოს იუდას დიდებას.
8. იმ დღეს დაიფარავს უფალი იერუსალიმის მცხოვრებთ და ძაბუნი მათ შორის დავითივით იქნება იმ დღეს; დავითის სახლი კი ღმერთივით იქნება, უფლის ანგელოზვით იქნება მათ წინაშე.
9. იმ დღეს იქნება, რომ გადავწყვეტ ყოველი ხალხის განადგურებას, ვინც კი გაილაშქრებს იერუსალიმზე.
10. გადმოვღვრი დავითის სახლზე და იერუსალიმის მცხოვრებთა თავზე წყალობისა და შეწყალების სულს და მიხილავენ ისინი, რომლებიც განგმირეს მათ; დაიტირებენ მას, როგორც ძხოლოდშობილს ტირიან და გამწარდებიან მის გამო, როგორც პირმშოს გამო მწარდებიან.
11. იმ დღეს გაიმართება დიდი გლოვა იერუსალიმში, როგორც გლოვა ჰადადრიმონისა მეგიდონის ხეობაში.
12. იგლოვებს ქვეყანა, ყოველი საგვარეულო ცალკე; დავითის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები გალკე; ნათანის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე;
13. ლევის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე; შიმყის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე.
14. ყველა დარჩენილი საგვარეულო, ყოველი საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე.