1. იმ დღეს იქნება, რომ გაიღება წყარო დავითის სახლისთვის და იერუსალიმის მცხოვრებთათვის ცოდვისა და უწმიდურების წარსახოცად.
2. იმ დღეს იქნება, ამბობს ცაბაოთ უფალი, რომ მოვსპობ კერპთა სახელებს ქვეყანაში, რომ მეტად აღარ იხსენიებოდნენ, და წინასწარმეტყველებსაც და უწმიდურ სულს აღვგვი ქვეყნიდან.
3. თუ ვინმე კიდევ დაიწყებს წინასწარმეტყველებას და ეტყვიან მას მისი მშობელი მამა და დედა: არ უნდა ცოცხლობდე, რადგან ტყუილს ლაპარაკობ უფლის სახელითო, და განგმირავენ მას მისი მშობელი მამა და დედა, როცა აქადაგდება.
4. იმ დღეს იქნება, რომ გაწბილდებიან წინასწარმეტყველნი თავიანთი ხილვებისა წინასწარმეტყველების დროს და აღარ შეიმოსავენ ბეწვიან შესამოსელს თვალის ასახვევად.
5. იტყვიან: არა ვარ წინასწარმეტყველი, მიწის მხვნელი კაცი ვარ, რადგან ადამია ჩემთვის მაგალითი სიყრმიდანვე.
6. ეტყვიან: ეგ რა ნაჭრილობები გაქვს ხელზე? მიუგებს: ჩემს მოკეთეთა სახლში ვარ ნაცემი.
7. მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი მახლობელი კაცის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი. დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ მივყოფ ხელს მწყემსის ბიჭებს.
8. მთელს ქვეყანაზე, ამბობს უფალი, ორი წილი გაწყდება და დაიღუპება, მესამედი კი გადარჩება.
9. გავატარებ ცეცხლში ამ მესამედს და გავწმედ, როგორც ვერცხლი იწმიდება, და გამოვცდი მათ, როგორც ოქრო გამოიცდება; მაშინ ახსენებენ ჩემს სახელს და მეც შევიწყნარებ მათ, ვიტყვი: ეს არის ჩემი ერი. იტყვიან ისინი: უფალია ჩემი ღმერთი.