1. ავახილე თვალები და ვიხილე: აჰა, კაცი გამზომი ლარით ხელში.
2. ვკითხე: სად მიდიხარ-მეთქი? მითხრა: იერუსალიმის გასაზომად, რომ დავინახო რამდენია მისი სიგანე და რამდენია მისი სიგრძე.
3. აჰა, გამოდის ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და სხვა ანგელოზიც გამოდის ჩემს შესახვედრად.
4. უთხრა მას: გაიქეცი და ელაპარაკე ამ ყმაწვილს, უთხარი: გაშლილ დაბად იცხოვრებს იერუსალიმი უამრავი ხალხისა და პირუტყვის გამო, მასში რომ არის.
5. მე ვიქნები მისთვის, ამბობს უფალი, ცეცხლის კედლად ირგვლივ და დიდებად მის შუაგულში.
6. ჰოი, ჰოი, ილტოლეთ ჩრდილოეთის ქვეყნიდან, ამბობს უფალი, რადგან ცის ოთხი ქარისკენ გაგფანტავთ, ამბობს უფალი.
7. ჰოი, სიონო, თავს-უშველე, ბაბილონის ასულთან რომ ცხოვრობ!
8. რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდების შემდეგ მიმავლენს ხალხებთან, რომლებიც გძარცვავენ შენ, რადგან თქვენი შემხებარი მისი თვალის გუგის შემხებარია.
9. რადგან, აჰა, მოვუქნევ ხელს და მათი ყმების ნადავლად იქცევიან; მიხვდებიან, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა.
10. იხარე და იმხიარულე, სიონის ასულო, რადგან, აჰა, მოვდივარ და დავივანებ შენს შუაგულში, ამბობს უფალი.
11. მიეტმასნებიან უამრავი ხალხები უფალს იმ დღეს და გახდებიან ჩემი ერი; დავივანებ შენს შუაგულში და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა შენთან.
12. დაიმკვიდრებს უფალი იუდას თავის წილხვედრად წმიდა მიწაზე და კვლავ აირჩევს იერუსალიმს.
13. იყუჩოს ყოველმა ხორციელმა უფლის წინაშე, რადგან, აჰა, გაიღვიძა მან თავის წმიდა სამყოფელში.