1. დამანახვა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი, და სატანა, მის ხელმარჯვნივ მდგარი, მის მოსაყივნებლად.
2. უთხრა უფალმა სატანას: გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი ამოარჩია! გან ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?
3. იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე.
4. მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: გახადეთ წვირიანი სამოსელი! უთხრა მას: აჰა, წარგხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსელით შეგმოსავ.
5. თქვა: დაახურონ თავზე სუფთა თავსაბურველი! და დაახურეს თავზე სუფთა თავსაბურველი და ჩააცვეს სამოსელი; უფლის ანგელოზი კი იდგა.
6. გამოუცხადა უფლის ანგელოზმა იესოს და უთხრა:
7. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს სამსახურს შეასრულებ, გაუძღვები ჩემს სახლს და თვალყურს ადევნებ ჩემს ეზოებს, მოგცემ მისასვლელს აქ მდგომარეთა შორის.
8. ისმინე, იესო მღვდელმთავარო, შენ და შენმა თვისტომებმა, შენს წინ რომ სხედან, რადგან სასწაულნი არიან ეს კაცები; რადგან აჰა, მოვავლინებ ჩემს მორჩილს - მორჩს!
9. რადგან, აჰა, ის ქვა, რომელიც დავდევი იესოს წინ: შვიდი თვალია ამ ერთ ქვაზე; აჰა, ამოვკვეთავ მასზე ამოსაკვეთელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, და ერთ დღეში წარვხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს.
10. იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, ერთმანეთს მიიწვევთ ვაზის ქვეშ და ლეღვის ქვეშ.