ძველი აღთქმა
ზაქარია წინასწარმეტყველი
თავი მეოთხე
1.
მობრუნდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და გამაღვიძა, როგორც ძილისგან
აღვიძებენ კაცს.
2. მითხრა: რას ხედავ? ვუთხარ: ვხედავ, აჰა, მთლიანი ოქროს
სასანთლეა, მის თავზე ჯამია და შვიდი ლამპარი, თითო ლამპარს შვიდ-შვიდი მილი აქვს
ზემოთ.
3. ორი ზეთისხილის ხეა მის გვერდით, ერთი მისი ჯამის მარჯვნივ, მეორე -
მარცხნივ.
4. ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: რა არის
ესენი, ჩემო ბატონო?
5. მომიგო ანგელოზმა, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა:
განა არ იცი, რა არის ესენი? ვუთხარი: არამეთქი, ჩემო ბატონო.
6. მომიგო და მითხრა:
ეს არის უფლის სიტყვა ზერუბაბელის მიმართ ნათქვამი: არა ძალითა და ძლიერებით,
არამედ ჩემი სულითო, ამბობს ცაბაოთ უფალი.
7. რა ხარ შენ, დიდო მთაო? ზერუბაბელის
წინაშე გასწორდები! გამოიტანს მთავარ ლოდს და შესძახებენ: მადლი, მადლი მას!
8. იყო
უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
9. ზერუბაბელის ხელმა ჩაყარა ამ სახლის
საფუძველი და მისივე ხელი დაასრულებს; და მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა
თქვენთან.
10. რადგან ვინც კნინად შერაცხა ეს დღე, გაიხარებს, როცა დაინახავს შვეულს
ზერუბაბელის ხელში; უფლის შვიდი თვალია ესენი, მთელს ქვეყანას რომ ჭვრეტენ.
11.
მივუგე და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი ზეთისხილის ხე სასანთლის მარჯვნივ და
მარცხნივ?
12. მივუგე მეორედ და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი აკიდო ზეთისხილისა ორი
ოქროს მილის გვერდით, საიდანაც ოქრო იღვრება?
13. მითხრა: არ იცი, რა არის ესენი?
ვუთხარი: არამეთქი, ჩემო ბატონო.
14. მითხრა: ორნი ცხებულნი არიან ესენი, მთელი
ქვეყნის უფლის წინაშე მდგარნი.
|