1. კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, აფრიალებული გრაგნილი.
2. მითხრა: რას ხედავ? ვუთხარი მე: აფრიალებულ გრაგნილს ვხედავ, სიგრძით ოცი წყრთა არის, სიგანით - ათი წყრთა.
3. მითხრა: ეს არის წყევლა, მთელ ქვეყანაზე გადმომავალი; რადგან ყოველი მპარავი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად და ყოველი მოფიცარი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად.
4. გამოვიხმე, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მიადგება მპარავის სახლს და ჩემი სახელის ცუდად მოფიცარის სახლს, დაიღამებს მის სახლში და მოსპობს მას, მის ხესა და ქვას.
5. გამოვიდა ანგელოზი, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: აახილე თვალი და დაინახე, რა არის ეს, რომ ჩანს.
6. ვუთხარი: რა არის-მეთქი? მითხრა: ეს საწყაული ჩანს. და თქვა: ეს არის მათი უკეთურება მთელს ქვეყანაზე.
7. აჰა, ტყვიის ნაჭერი ამოიწია და ერთი ქალი ზის შუაგულ საწყაულში.
8. თქვა: ეს არის ბოროტებაო და ჩააგდო იგი საწყაულში და ტყვიის ზოდი დაახურა ზედა.
9. ავახილე თვალი და დავინახე: აჰა, გამოჩნდა ორი ქალი და ქარი ჰქონდათ ფრთებში, ფრთებად კი წეროს ფრთები ჰქონდათ; და ასწიეს მათ საწყაული მიწასა და ცას შორის.
10. ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა; სად მიაქვთ-მეთქი ეს საწყაული?
11. მითხრა: შინყარის ქვეყანაში, რომ სახლი აუშენონ; და როცა მზად იქნება, თავის ადგილზე დაიდგმება იგი.