1. ფუჭი და ცრუ იმედები აქვს უგუნურ კაცს და სულელებს ფრთებს ასხამენ სიზმრები.
2. რაღა ჩრდილის შემპყრობელი და ქარის მდევნელი და რაღა სიზმრების მოიმედე.
3. სიზმრების ხილვა ერთიმეორის საწინააღმდეგოა - მსგავსება სახისა სახის პირისპირ.
4. უწმინდურისგან რა განიწმიდება და სიცრუისგან რა გამართლდება?
5. მისნობები, ფრინველებზე მკითხაობანი და სიზმრები ფუჭია და მშობიარესავით აოცნებებენ გულს.
6. თუკი ისინი შესაგონებლად არ არიან მოვლენილი უზენაესისგან, ყურადღებას ნუ მიაქცევ მათ.
7. რადგან მრავალნი აცდუნეს სიზმრებმა და დაეცნენ მისი მოიმედენი.
8. რჯული აღსრულდება ამ სიცრუეთა გარეშე და სიბრძნე სრულიქმნება მორწმუნის პირით.
9. მოხეტიალე კაცმა ბევრი იცის, და მრავალნაცადი გონივრულს გვაუწყებს.
10. ვინც გამოუცდელია, მცირემცოდნეცაა, ხოლო ვინც იხეტიალა, ცოდნაც გაიმრავლა.
11. მრავალი რამ მინახავს ჩემი ხეტიალისას და ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე ვამბობ.
12. მრავალჯერ სიკვდილს მივწურვილვარ, მაგრამ გამოცდილების წყალობით გადავრჩენილვარ.
13. უფლის მოშიშთა სული იცოცხლებს, რადგან მათი სასოება მათი მხსნელია.
14. უფლის მოშიში არაფერს შეუშინდება და არც სიმხდალეს გამოიჩენს, რადგან უფალია მისი იმედი.
15. ნეტარია სული უფლის მოშიშისა. ვის უჭირავს იგი და ვინ არის საყრდენი მისი?
16. უფლის თვალი მის მოყვარულთ დაჰყურებს; ის არის ძლევამოსილი მცველი და მტკიცე საყრდენი, საფარველი ხორშაკისგან და საფარველი შუადღის ხვატისგან, ამრიდებელი შებრკოლებისას და შემწე დაცემისას,
17. აღმაზევებელი სულისა და განმანათლებელი თვალისა, მომცემელი კურნებისა, სიცოცხლისა და კურთხევისა.
18. გასაკიცხია მსხვერპლი, უსამართლოდ მონახვეჭისგან შეწირული, და შეუწყნარებელია ურჯულოთა ძღვენი.
19. უღვთოთა შესაწირავს უზენაესი არ მიითვლის სათნოდ და არც მსხვერპლშეწირვათა სიმრავლე მიატევებინებს ცოდვებს.
20. რაღა შვილის დაკვლა მამის წინაშე და რაღა მსხვერპლის შეწირვა ღარიბ-ღატაკის ქონებიდან.
21. გაჭირვებულთა პური უპოვართა სიცოცხლეა, მისი წამრთმეველი კი სისხლისმსმელია.
22. ვინც მოყვასს საზრდოს ართმევს, მისი მკვლელია; და ვინც მოჯამაგირეს ჯამაგირს ართმევს, სისხლისმღვრელია.
23. თუ ერთი აშენებს და მეორე არღვევს, რას მოიგებენ გარდა დაღლისა?
24. თუ ერთი ლოცულობს და მეორე იწყევლება, ვის ხმას შეისმენს მეუფე?
25. ვინც განიბანება გვამის შეხების შემდეგ და ისევ შეეხება მას, რას მოიგებს ამ განბანვით?
26. ასევე თუ თავისი ცოდვებისთვის მარხული კაცი კვლავ წავა და იმასვე ჩაიდენს, ვინ გაიგონებს მის ვედრებას? რას მოიგებს ამ დამდაბლებით?