„23.
(და თქვა უფალმა იგავი ესე:) ამისთვის ემსგავსა სასუფეველი
ცათაი კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყვისა განგებაი მონათა
თვისთა თანა. 24. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი
თანა-მდები ბევრისა ტალანტისაი. 25. და ვითარ არარაი აქუნდა მას,
რაიმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდაი ცოლისა მისისაი და
შვილთა მისთაი და რაიცა აქუნდა მას, და გარდახდად იგი. 26. დავარდა
უკუე მონაი იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ
ჩემ ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ. 27. შეეწყალა უფალსა
მისსა მონაი იგი და განუტევა იგი და თანა-ნადებიცა იგი მიუტევა
მას. 28. და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაი იგი, პოვა ერთი მის თანა
მონაი, რომელსა თანა-ედვა მისი ასი დრაჰკანი; შეიპყრა იგი და
შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაიცა-იგი თანა-გაც. 29. შეუვრდა
მას მოყუასი იგი მისი და ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ
ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ. 30. ხოლო მან არა ისმინა მისი,
არამედ წარვიდა და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას
თანა-ნადები იგი. 31. ხოლო იხილეს რაი მის თანა მონათა მათ საქმე
ესე, შეწუხნეს ფრიად; და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე
იგი, რაიცა იქმნა. 32. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა
მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ
მევედრებოდე მე. 33. არა ჯერ-იყო შენდაცა, რაითამცა შეიწყალე შენ
შენ თანა მონაი იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე? 34. და განურისხნა
უფალი იგი მისი და მისცა იგი ხელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის
გარდაიხადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი. 35. ეგრეთცა მამამან
ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ
კაცად-კაცადმან ძმასა თვისსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი
მათნი.“ |
I. ამ კვირა დღეს დადგენილია უფლის იგავის წაკითხვა უმადურ მოვალეზე. იგავ-არაკი მოგვითხრობს, რომ ერთ კაცს მეფის დიდძალი ფული ემართა და ვედრების შემდგომ მეფემ აპატია ვალი; თვითონ კი თავისი მოვალე საპყრობილეში ჩააგდებინა, სანამ ვალს არ დაუბრუნებდა, რისთვისაც მეფემ იგი სატანჯველთ სწია. განვიხილოთ ეს საკითხავი.
„(და თქვა უფალმა იგავი ესე:)“
რადგან აქ ჩვენ პირველად ვეცნობით უფლის იმ ხატოვან სიტყვას, რომელიც ჩვეულებრივ „იგავად“ იწოდება, შევეცადოთ ავხსნათ - რას ნიშნავს, რა არის იგავი. იგავი არის სწავლა-დარიგება, მოღებული გარემომცველი ბუნების მსგავსებათაგან თუ ადამიანთა ჩვეულებრივი ცხოვრების მაგალითთაგან. იგავთა ცალკეული ნიმუშები ზოგჯერ ძველ აღთქმაშიც გვხვდება; ასე, მაგალითად, პირველ იგავად შეიძლება მივიჩნიოთ იოთამის მიერ სიქემელთათვის ნათქვამი სიტყვები იმ ხეთა შესახებ, რომელთაც მეფის ამორჩევა სურდათ თავიანთთვის (მსაჯ. 9,7-20); კვალად, ასევე აგავია ნათანის მიერ მეფე დავითისათვის ნათქვამი ამბავი იმ მდიდარი კაცის შესახებ, რომელმაც ერთადერთი ცხვარი წაართვა ღარიბს (II მეფეთა 12, 1-9); იგავია ისრაელის მეფის იოასის მიერ იუდეის მეფის ამასიასადმი ნათქვამი სიტყვა ლიბანის ეკალ-ბარდსა და კედარზე. უფალ იესო ქრისტეს მიერ ნათქვამი იგავები განსაკუთრებულად გამირჩევიან თავიანთი უბრალოებით, ბუნებრიობით და სიცხადით. მაგალითად, იგი თავის წინ დათესილ ყანას ხედავს, და ამბობს იგავს მთესვარისა და თესლის შესახებ. ანდა ესაუბრება რა თავის მოწაფეებს, რომლებიც, უმეტესწილად მეთევზენი იყვნენ, და სთავაზობს იგავს თევზის დაჭერის შესახებ. ანდა ტრაპეზობისას ცათა სასუფეველს დიდ ნადიმს ადარებს. კვალად, ვენახებს ჩაუვლის და ვაზზე და მის ლერწებზე ამბობს იგავს. ყოველივე მას ჩვეულებრივი, ჩვენი გარემომცველი ბუნებიდან აქვს ნასესხები, თავის მოწაფეთა ცხოვრებიდან, მათი აზრთა წყობიდან; ყველაფერი მის იგავებში ჩვეულებრივ ცნებებსა და ადამიანთა ჩვეულ აზრთა წყობას შეესატყვისება. ამიტომაცაა უფლის იგავებში ისეთი რამაც, რაც ესოდენ ცხადია და გასაგები ყრმათათვისაც კი; მაგრამ ამავე დროს ისინი იმდენად ღრმაა თავიანთი შინაგანი აზრით, შინაარსით, რომ ამ იგავებში ძნელად მისაწვდომი რამაცაა, რის შესახებაც ყველაზე ღრმად მოაზროვნე ადამიანიც ჩაფიქრდება. თუ რისთვის იყენებს უფალი ამგვარ იგავებს თავისი მოძღვრების გადმოსაცემად, - ეს ცხადად არის ნათქვამი საღმრთო წერილში. ქრისტე ამქვეყნად იმისთვის მოვიდა, რომ პირველ ყოვლისა, ადამიანები საღმრთო ჭეშმარიტების ნათელით განენათლებინა. მაგრამ ყველას როდი შესწევს ძალი პირდაპირ აღიქვას და მიიღოს ეს ნათელი, რადგან ადამიანები სხვადასხვა აღქმის უნარის მქონენი არიან; ამიტომ არ შეიძლება, რომ ყველას პირდაპირ ეუწყოს ზეციური ჭეშმარიტებანი; ხოლო ამასთანავე არ შეიძლებოდა ისინი მოჰკლებოდნენ თუნდაც გარკვეულ, თუნდაც შეფარულ შეცნობას ამ ჭეშმარიტებებისა. და აი, უფალი იგავებს იყენებდა ამისთვის, რამეთუ იგავის საფარველ-ქვეშ ჭეშმარიტება ასეთი ადამიანებისთვისაც მისაწვდომია; და რაც უფრო მეტად შეჩერდებიან ისინი იგავზე, რაც უფრო მეტად ეცდებიან ჩასწვდნენ მას, მით უფრო ცხადი, გასაგები და მიმზიდველი, მით უფრო კეთილისმყოფელი იქნება იგი მათთვის. უფალი იმისთვისაც იყენებდა იგავებს, რომ მეტი სიცხადე, ძალა და გამომსახველობა მიენიჭებინა თავისი სწავლებისათვის და უფრო ღრმად აღებეჭდა იგი მსმენელთა გულებში.
„ამისთვის ემსგავსა სასუფეველი ცათაი კაცსა მეუფესა“ (მუხლი 23).
ასე დაიწყო უფალმა თავისი იგავი, ანუ ღმერთის სასუფეველი ბევრი რაიმეთი ჰგავს ადამიანთა ქვეყნიურ სამეფოებსო, - და უეჭველია იმიტომ, რომ იგი არის პირველსახე ყველა კაცობრივი მეფობისა, და ეს უკანასკნელნიც მით უფრო კარგნი და სრულყოფილნი არიან, რაც უფრო მეტად ემსგავსებიან პირველს. ღმერთის სასუფეველი არის ქრისტეს წმიდა ეკლესია, ამჟამად მებრძოლი ამქვეყნად, მაგრამ შემდგომში იგი უნდა გახდეს მოზეიმე და განდიდებული, მარადის ნეტარი სასუფეველი ღმრთისა და მისი ცხებულისა - ქრისტესი. როგორადაც ქვეყნიურ სამეფოებმი არიან მეფენი და ქვეშევრდომნი, ასევე ღმერთის სასუფეველშიც არის მეუფე და მეთაური - უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსა მოეცა ყოველი ხელმწიფება ცათა შინა და ქვეყანასა ზედა; რომელიც ამის გამო არის მეუფე მეუფეთა და უფალი უფლებათა, და მასვე შეჰგავს მეუფება, ვიდრემდის მტერნი მისნი დაგდებულ არ იქნებიან მის ფერხთა ქვეშე. არსებობენ ქვეშევრდომნიც, - ეს ჩვენა ვართ, ყოველნი მორწმუნენი უფალ იესო ქრისტესი, შექმნილნი მის მიერ მიწის მტვერისაგან, გამოსყიდულნი მისი პატიოსანი სისხლით საუკუნო წარსაწყმედელისაგან, და ამისთვის ვალდებულებააღებულნი, ნათლის-ღებისას მისი სახელით, რომ მარადის შემოსილნი ვიქნებით იესო ქრისტეს რწმენით, ვითარცა ერთი ჭეშმარიტი ღმერთისა თანა მამით და სულით წმიდითურთ; რომ მარადის გვეყვარება იგი მთელი ჩვენი გულით და მთელი ჩვენი სულით; რომ მარადის თაყვანს ვცემთ და პატივს მივაგებთ მას როგორც ჩვენს უფალს, მეუფესა და შემოქმედს, და ყოველივეში გულმოდგინედ და მოშურნედ დავემორჩილებით და ვემსახურებით ყოველთა დღეთა შინა ჩვენთა. ქვეყნიურ სამეფოებში მიღებულია კანონები და დადგინებანი, რომებითაც განსაზღვრულია ქმედებათა და ურთიერთობათა წრე და რიგი ყოველთა ქვეშევრდომთათვის, მათი მიმართებანი ერთურთისადმი და დამოკიდებულება ძალაუფლების მქონეთადმი, მეფის ხელისუფალთადმი. ამ კანონების ზუსტი და გულმოდგინე აღსრულებით ქვეშევრდომნი თავიანთი მეფის კეთილის-ყოფას იმსახურებენ, ხოლო მათი დარღვევითა და გარდახდომით მის რისხვასა და სასჯელს იტეხენ თავს.
ღმერთის სამეუფოში არის წმიდა ღმრთივმოცემული წიგნი ახალი აღთქმისა, რომელიც განგვიცხადებს ღმერთის ნებას, გადმოგვცემს უფლის წმიდა და ცხოველმყოფელ მცნებებს და გვასწავლის, თუ როგორ უნდა ვიქცეოდეთ ჩვენი მეუფის - უფალ იესო ქრისტეს მიმართ და ჩვენს მოყვასთა - ასევე მადლმოსილი სამეუფოს წევრთა მიმართ, რათა მეუფეთა მეუფის წყალობა და კეთილმოწყალება დავიმსახუროთ და არ დავიტეხოთ თავს მისი რისხვა და სასჯელი.
„ამისთვის ემსგავსა სასუფეველი ცათაი კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყვისა განგებაი მონათა თვისთა თანა“ (მუხლი 23).
ქვეყნიურ სამეფოებმი მეფე დროდადრო ანგარიშს ითხოვს ხოლმე თავის ქვეშევრდომთაგან მათზე დაკისრებულ მოვალეობათა და მათთვის დავალებულ საქმეთა შესრულების შესახებ. ამგვარადვე ღმერთის სამეუფოშიც უფალი მოგვთხოვს პასუხს ყოველი ჩვენი ფიქრისა და სურვილის, სიტყვისა და საქმის გამო, ამისთვის მის მიერ წინათ დადგენილია საშინელი და დიდებული დღე განკითხვისა - სამსჯავროსი და საზღაურის მიგებისა, რომელზეც ყოველ ჩვენგანს მოუწევს გამოცხადება ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა ჩვენს საქმეთაებრ მივიღოთ სათანადო მისაგებელი, იმისდა მიხედვით, თუ რა მოგვიმოქმედია ქვეყნიურ ცხოვრებაში ჩვენი სხეულებით - კეთილი თუ ბოროტი. მაგრამ ამ საშინელ სამსჯავრომდეც უფალი ჩვენი სიკვდილის შემდეგაც მოგვთხოვს პასუხს ჩვენი ცხოვრების შესახებ, - მაშინ, როცა ჩვენი სხეულისაგან გაყრილი სული სულთა სამეუფოში აღმოჩნდება და თავის საქმეთა შესაბამისად იქნება იძულებული ან წმიდანთა ნათელ სამეუფოში, ანდა ბოროტ სულთა შავბნელ საპყრობილეში დაელოდოს ღმერთის უკანასკნელ სამსჯავროს, თავისი ხვედრის საბოლოო განსაზღვრას სამარადჟამოდ, დაუსრულებელ საუკუნეთა შორის. ამქვეყნიური მეფის ქვეშევრდომებმა წინდაწინ არ იციან, თუ კერძოდ როდის მოუწევთ ანგარიმის მიცემა თავიანთი მეფის წინაშე, რამეთუ ეს თვით მეფის ნებაზეა დამოკიდებული „რომელმან ინება“, - თავადვე, გარედან ყოველგვარი იძულებისა და კარნახის გარეშე, - „სიტყვისა განგებაი მონათა თვისთა თანა“, და მით უმეტეს, ქრისტეს მონა ყოველთვის, ნებისმიერ ჟამს უნდა იყოს მზად პასუხის მისაცემად თავისი უფლისათვის, რამეთუ არ იცის მან „რომელსა ჟამსა უფალი მისი მოვიდეს“.
„და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანა-მდები ბევრისა ტალანტისაი“ (მუხლი 24).
ებრაული ფულის - ტალანტისა და მისი ღირებულების შესახებ ბევრი განსხვავებული შეხედულება არსებობს. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ებრაული ტალანტი უდრის 68 ათას ლივრს (ანუ 200 ათას მანეთს); ინგლისური კომენტირებული ბიბლია მას 3000 სიკლ ოქროს უტოლებს. ზოგნი კი (მაგ., კუკი) ტალანტის წონად ასახელებენ 94 გირვანქა ოქროს... ასეა თუ ისე, იგავში მოხსენიებული თანხა - ათი ათასი (ბევრი) ტალანტი უაღრესად დიდია, თითქმის წარმოუდგენელი ჩვენთვის. ცნობილია, რომ იესო ქრისტეს ცხოვრების ჟამს, ზოგიერთი ისტორიული პიროვნების ვალი უზარმაზარ თანხას შეადგენდა, ასე, მაგალითად, იულიუს კეისარს 285 000 გირვანქა სტერლინგისოდენა ვალი ჰქონდა, ანუ იმაზე მეტი, რა ქონებასაც საერთოდ ფლობდა. მარკუს ანტონიუსს 24 წლის ასაკში უკვე 6 მილიონი სესტერცია, ანუ 69 ათასი გირვანქა სტერლინგი ემართა, ხოლო თოთხმეტი წლის შემდეგ - უკვე 40 მილიონი სესტერცია, ანუ 450 ათასი გირვანქა სტერლინგი. კურიონს 60 მილიონი სესტერცია ემართა, მილონს -70 მილიონი და სხვა. მოკლედ, ეს იყო საყოველთაო გარყვნილებისა და აღვირახსნილი ცხოვრების პერიოდი; საზოგადოების უმაღლესი ფენები უზარმაზარ თანხებს ხარჯავდნენ პოლიტიკური მოსყიდვებისათვის საკუთარი კონსულობის თუ სხვა თანამდებობების უზრუნველსაყოფად, რომელთა მეშვეობითაც - ქვეშევრდომთა ძარცვა-გლეჯით ცდილობდნენ უკან დაებრუნებინათ დახარჯული ფული და ფუფუნებით ეცხოვრათ. მოსახლეობის დაბალი ფენები, დასნებოვნებულნი მათგან თითქოსდა გადამდები სენით, ასევე ზნეწახდენილნი და უპრინციპონი იყვნენ. ამის შედეგი იყო საყოველთაო სიდუხჭირე, კაპიტალის გაქრობა, ნამდვილი ღირებულების შემცირება, უთვალავი გაკოტრებანი და თითქმის საყოველთაო უძლურება, უსუსურობა ყოველი პოლიტიკური კრიზისის დადგომისას. ხშირი იყო შემთხვევები, როცა მდაბიო მოვალეები გადაუხდელობის გამო თავიანთ კრედიტორთა მონები ხდებოდნენ, შედარებით მაღალი ფენისანი კი - მთლიანად დამოკიდებულნი ხდებოდნენ მათზე; ხოლო უმაღლესი კლასის წარმომადგენელნი, სენატშიც კი, მხოლოდ ერთ მინიშნებას ელოდნენ თავიანთი კრედიტორებისაგან, რომ მათს ჭკუაზე ელაპარაკათ ან ხმა მიეცათ. მაგრამ მივუბრუნდეთ უფალ იესო ქრისტეს იგავს.
არ აძლევს რა მეფეს დადგენილ გადასახადს, არ ასრულებს რა თავის მოვალეობებს და არ აღასრულებს რა ყოველივე იმას, რასაც მისგან ხელმწიფის ნება მოითხოვს, - ქვეშევრდომი მისი მოვალე ხდება, და დროთა განმავლობაში, განაგრძობს რა ამგვარ მოქცევას, ამით კიდევ უფრო ზრდის თავის ვალს. იგავში მოხსენიებულ უბედურ ქვეშევრდომს ბევრი ტალანტი, ანუ ათი ათასი ემართა თავისი მეფისა, რაც ძველს დროში უზარმაზარი თანხა იყო, რომლის გადახდაც სრულიად წარმოუდგენელი ჩანდა. ასევე ზეციური მეუფის ქვეშევრდომიც - ქრისტეს მადლმოსილი სამეუფოს მოქალაქე, თუკი არ აღასრულებს ყოველივე იმას, რასაც მისგან საღმრთო სჯული მოითხოვს, მოვალე ხდება ღმერთის წინაშე, და რაც უფრო დიდხანს ცხოვრობს იგი ცოდვებით, მით უფრო გადაუხდელი ხდება მისი ვალი, ანუ მით უფრო ძნელი შეიქნება ხოლმე მისი სინანულად მოსვლა და გამოსწორება. და განა ჩვენს შორის მოიძევება ვინმე ისეთი, ვისაც შეეძლება თქვას - მე ნაკლები მოვალე ვარ ღმერთის მართლმსაჯულების წინაშე. ნაკლები მმართებს ჩემი ზეციური მეუფისა, ვიდრე იგავში მოხსენიებულ კაცს ემართა თავისი ქვეყნიური მეფისაო?
„ბევრის ბევრნი, ათობით ათასი ტალანტი გვმართებს ღმერთისა ჩვენ, რომელნიც ყოველდღე ვიღებთ მისგან სიკეთეთ, და არაფერს, არანაირ კეთილ საქმეს არ მივაგებთ ღმერთს“, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, ყოველნი ადამიანნი, რამდენიც კი ყოფილან ამ ქვეყნად დასაბამიდან დღემდე, რამდენნიც კი არიან დღეს და რაოდენნიც იქნებიან მომავალში, ქვეყნის დასასრულამდე, ყველანი ღმერთის მოვალენი არიან, რადგან მის სჯულს გარდახდებიან და არღვევენ და ღმერთისაგან მიღებულ სიკეთეთ ბოროტად იყენებენ. „ვინ-მე იქადოს გულითა წმიდა-ქონებად? ანუ ვინმე იკადროს თქმად ვითარმედ: წმიდა ვარ მე ცოდვისაგან?“ (იგავნი 20,9).
„და ვითარ არარაი აქუნდა მას, რაიმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდაი ცოლისა მისისაი და შვილთა მისთაი და რაიცა აქუნდა მას, და გარდახდად იგი“ (მუხლი 25).
ამას მაცხოვარი ამბობს ძველ ხალხთა ჩვეულების შესაბამისად, რომელთაც ჰქონდათ ასეთი კანონი - ცოლ-შვილითურთ გაეყიდათ მოვალე, თუკი მას ვალის გადახდა არ შეეძლო, და აღებული ფულით ვალი დაეფარათ. ამ კანონს რომ ებრაელებიც იყენებდნენ, ეს ლევიტელთა წიგნიდანაც ჩანს (35,39; 17), გამოსვლათა წიგნიდანაც (21,2-3) და მეფეთა IV წიგნიდანაც (4,1). მოვალის ცოლ-შვილის გაყიდვა იმის საფუძველზე ხდებოდა, რომ ისინი მის საკუთრებად ითვლებოდნენ. მოსეს სჯულის მიხედვითაც რომ ნებადართული იყო ვალაუვალი მოვალის გაყიდვა, ამას ცხადად ვხედავთ ლევიტელთა წიგნიდან (იქვე); შემდგომში კი ვხედავთ, რომ მოვალის ოჯახობაც მასთან ერთად მიეცემოდა მონობაში. სულიერი აზრით ეს მონად გაყიდვა აღნიშნავს ჩვენს უძლურებას ცოდვათა გამოსყიდვაში, ცოდვის ვალის გადახდაში; რამეთუ ჩვენ არ ძალგვიძს ჩვენი სიმართლით გამოვისყიდიდეთ ჩვენს ცოდვებს ღმერთის სიმართლის წინშე; „და ვიქმნენით ვითარცა არაწმიდანი ჩვენ ყოველნი და ვითარცა ძონძი დაშტანისაი ყოველი სიმართლე ჩვენი“ (ესაია 64,6), და ჩვენი საკუთარი ძალებით არ შეგვიძლია ვალების გადახდა. მაგრამ რისთვის ბრძანა უფალმა მონის გაყიდვა? ამაზე ასე პასუხობს წმიდა იოანე ოქროპირი: „არა თავისი სისასტიკის გამო და არც იმიტომ, რომ არაადამიანური იყო, არამედ თავისი უდიდესი სიყვარულით აღძრული მისადმი, მორჩილებად მოიყვანდა მას მუქარით... რამეთუ ამ ვალის გამო რომ გაეკეთებინა ეს უფალს, მაშინ არ დაუთმობდა მოვალის ვედრებას და არ აპატიებდა მას მთელს ვალს“ (62-ესაუბარი მათეს სახარებაზე, ტ.III, გვ.349). მოვალე არ იქნა გაყიდული, ბატონმა, მეფემ აპატია მას ვალი. მაგრამ რომც გაყიდულიყო, იმ შემხვევაშიც მოვალე დარჩებოდა, რადგან მაინც ვერ დაფარავდა მთელს ვალს; მხოლოდ მოწყალე მეფეს შეეძლო მთლიანად ეპატიებინა მისთვის ვალი.
„დავარდა უკუე მონაი იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ“ (მუხლი 26).
თაყვანის-ცემა, ანუ მიწაზე ქვე-დამხობა, ისევე როგორც ფეხებზე მოხვევა და ამბორი, დიდი პატივისცემისა და მოწიწების გარეგანი გამოხატულება იყო და ასეთი პატივი სამეფო ღირსების მქონე პირებს მიეგებოდათ.
ვალაუვალი მოვალისათვის არ არსებობს ხსნის სხვა საშუალება, თუ არა ის, რომ მეფის მოწყალებას მიმართოს; მძიმე დამნაშავისათვის არ არის სხვა საშველი, თუ არ ლოცვა-ვედრება შეწყალებისათვის. ასე იქცევა უბედური მოვალეც: იგი თავისი ბატონის ფერხთით ქვე-ემხობა და შეწყალებას სთხოვს, ევედრება: „სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა“-ო, ანუ მაცალე, დრო მომეცი, რათა შესაძლებლობა მომეცეს ჩემი საქმეები უკეთ წარვმართო, და ყველაფერს დაგიბრუნებო. ეს გამოთქმა - „და ყოველივე მოგცე შენ“ - არ ნიშნავს, რომ ცოდვილს თავისით შეეძლოს ცოდვების გამოსყიდვა ღმერთის წინაშე; ეს მხოლოდ მონის გაძლიერებული ვედრების გამოხატულებაა იმისათვის, რომ მოწყალება განუღვიძოს ბატონს, - ანუ ცოდვილის გაძლიერებული ლოცვაა ღმერთის წინაშე მისი მრისხანების, სასჯელის თავიდან ასაცილებლად.
„შეეწყალა უფალსა მისსა მონაი იგი და განუტევა იგი და თანა-ნადებიცა იგი მიუტევა მას“ (მუხლი 27).
მონა მხოლოდ ვალის გადახდის გადავადებას სთხოვდა, მეფემ კი თავისი გულმოწყალებით მთელი ვალი აპატია, გააუქმა თავისი ბრძანება მისი და მთელი მისი ოჯახის მონებად გაყიდვის შესახებ, აგრეთვე მთელი მისი ქონება-სამკვიდრებელის გაყიდვის შესახებ და გაუშვა იგი. მშვენიერი სახეა ღმერთის უსაზღვრო მოწყალებისა ადამიანთა მიმართ, - თუ როგორ შეისმენს ხოლმე იგი მათს ლოცვა-ვედრებას და როგორ შეუნდობს ყველა ცოდვას თავისი კაცთმოყვარეობით.
„და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაი იგი, პოვა ერთი მის თანა მონაი, რომელსა თანა-ედვა მისი ასი დრაჰკანი; შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაიცა-იგი თანა-გაც. შეუვრდა მას მოყუასი იგი მისი და ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ. ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ წარვიდა და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანა-ნადები იგი“ (მუხლები 28-30).
დრაჰკანი (იგივე დინარი) რომაული ვერცხლის ფულია, რომელიც მიმოქცევში იყო პალესტინაში მაცხოვრის ქვეყნიური ცხოვრების დროს (იხ. აგრეთვე მათე 20,2,9,13; 22,19; მარკ. 6,37; 12,15; 14,5; ლუკა 7,31; 10,35; 20,24; იოანე 6,7; 12,5; გამოცხ. 6,6). პირველი დრაჰკანი რომის ისტორიაში ძველი წელთაღრიცხვის 485 წელს მოჭრეს და იგი ათ ასარის უდრიდა. მოგვიანებით, რომის იმპერიის დროს დინარი (დრაჰკანი) დააპატარავეს წონითაც და ვერცხლის შემცველობითაც. 1 გირვანქა ვერცხლიდან (409 გრ.) 96 დრაჰკანი იჭრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დრაჰკანი ანტიკურ დრაჰმაზე მცირედით მსუბუქი იყო, ორივე ამ მონეტას ერთნაირად, განუსხვავებლად იღებდნენ (პლინიუსი, 21,109). ერთ დრაჰკანად ფასდებოდა დაქირავებული მუშის ერთი დღე (მათე 22,2). თავიდან დრაჰკანებზე რომის ქალ-ღვთაებათა გამოსახულება იყო; შემდგომში კი მოქმედი იმპერატორის გამოახულებებს ტვიფრავდნენ (მათე 22,19; მარკოზი 12,16). დრაჰკანის ფართო გავრცელებაზე პალესტინში მეტყველებს მისი ხშირი მოხსენიება ახალ აღთქმაში. პლინიუსთან (34,17; 37,3) და თალმუდში მოხსენიებულია ასევე ოქროს დრაჰკანიც (დინარიც).
ამ მონის ქვეშ, რომელმაც უდიდესი ვალის პატიება გამოსთხოვა თავის ბატონს, თავად კი სასტიკად მოექცა თავის მსგავს მონას და ასი დრაჰკანის ვალისთვის საპყრობილეში ჩაასმევინა იგი, იგულისხმებიან ის უმოწყალო, სასტიკი და უმადური ადამიანები, რომელთაც სულ მცირე წყენაც არ სურთ აპატიონ მოყვასთ, და სასტიკად, ყოველგვარი სიბრალულისა და კაცთმოყვარეობის გარეშე იძიებენ ხოლმე შურს, სამაგიეროს უხდიან, მხეცური მძვინვარებით იკმაყოფილებენ შურისძიების წყურვილსმათს მიმართ ჩადენილი შეცოდებისათვის. ჩვენს მოყვასთა ეს მცირე წყენინებანი და შეცოდებანი ჩვენს მიმართ შედარებულია ას დინართან, ძალზე უმნიშვნელო თანხასთან იმასთან შედარებით, რაც თავად ჩვენ გვმართებს ღმერთის წინაშე ჩვენი ცოდვებითა და დანაშაულით - 10 ათას ტალანტთან შედარებით.
უმოწყალო ადამიანთა უგულობა და სისასტიკე ძალზე ხატოვნადაა დახატული სახარების იგავში გულსასტიკი, უმადური მონის სახით, რომელიც შეუბრალებლად ექცევა თავის მოვალეს - ახრჩობს მას, ვალი დამიბრუნეო, და როცა ის შეევედრება, შემიწყალეო, უფრო მეტად მძვინვარდება და საპყრობილეში აგდებს. ძლიერის უფლება მის მხარეზეა, რამეთუ რომაული კანონებით მსესხებელს შეეძლო ეწამებინა კიდეც მოვალე, სანამ ის ვალს არ გადაუხდიდა, ანდა საპყრობილეშიც ჩაეგდო იგი. და აი, სასტიკი მონაც სრულად იყენებს თავის ამ უფლებებს. ამაოდ იმდაბლებს მოვალე თავს მის წინაშე, თავისი მსგავსის წინაშე, ამაოდ ევედრება შემიბრალეო, თანაც ზუსტად იმავე სიტყვებს ეუბნება, რომლებითაც ამ უკანასკნელმა მეფეს შეაწყალა თავი და ათი ათასი ტალანტის ვალი აპატიებინა. „სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა და ყოველივე მიგცე შენ“-ო. ამაოდ ითხოვს იგი, ამაოდ ირეკეს ამ მონური და სასტიკი გულის კარზე, გულსასტიკი მონა არ იწყალებს მას, არ ისმენს მის ვედრებას და საპყრობილეში აგდებს ასი დრაჰკანის ვალისათვის, ანუ ამ მცირე ვალის გამო ისეთსავე სასჯელს იღებს, როგორიც თავად უნდა მიეღო მეფის უზარმაზარი ვალის - ათი ათასი ტალანტის გამო, და რომლისაგანაც თვითონ სრულიად არაფრისთვის, უსასყიდლოდ იქნა გათავისუფლებული მეფის გულმოწყალების ძალით. მაგრამ მზაკვარი, ბოროტი მონის ასეთი არაადამიანური სისასტიკე უმალვე ცნობილი შეიქნა მეფისათვის.
„ხოლო იხილეს რაი მის თანა მონათა მათ საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად; და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაიცა იქმნა“ (მუხლი 31).
ამ თანამონათა ქვეშ, მზაკვარი მონის ბოროტი საქმე რომ იხილეს, ზოგიერთი განმმარტებელი გულისხმობს კეთილმოშიშ ადამიანებს, რომელნიც სწუხან ცოდვილ ადამიანთა უმოწყალობის, მათ მიერ ძმური სიყვარულის უგულებელყოფის გამო, და თანაუგრძნობენ დაჩაგრულთ, მიმძლავრებულთ, რის გამოც თავიანთი ლოცვა-ვედრებითა და დანანების სიტყვებით ზეციურ მამას აუწყებენ ამის შესახებ; ამგვარად, ისინი ხშირად მდუმარედაც ბრალს სდებენ უმოწყალო ადამიანებს, მაგრამ დღე და ღამე ლოცულობენ მათი გამოსწორებისათვის. ხოლო წმიდა თეოფილაქტე თანა-მონათა ქვეშ უფლის ანგელოზთ გულისხმობს. რომელთაც სძულთ ბოროტება და უყვართ სიკეთე, და რომელნიც თავიანთ მეუფეს - ღმერთს აუწყებენ ყოველივე ამის შესახებ, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ თითქოს მან არ უწყოდეს ეს, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ, ადამიანებმა გულისხმა-ვყოთ, თუ როგორ ზრუნავს ღმერთი ჩვენზე, როგორ ჰყავს ჩვენთვის განჩინებული ისინი მფარველებად და როგორ მრისხანებენ ისინი უმოწყალო და გულსასტიკ ადამიანებზე.
„მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე. არა ჯერ-იყო შენდაცა, რაითამცა შეიწყალე შენ შენ თანა მონაი იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე?“ (მუხლები 32-33).
კეთილი საზღაურის მისაგებად თუ დასასჯელად უფალი ყოველ ადამიანს მოუწოდებს, უკლებლივ ყველა ადამიანს განკითხვის საშინელ დღეს. „და ჰრქუა მას: ყოველივე თანა-ნადები შენი მიგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე“. მაცხოვარი წინადაუდებს ამ მონას მის სისასტიკეს, განიკითხავს მის უმოწყალობას და შეახსენებს ვალის - თანანადების პატიებას, რომელიც მან მხოლოდ მისი ვედრების გამო შეუნდო. და ეუბნება: განა შენც არ უნდა შეგენდო ვალი თანანადები შენი თანა-მოძმისათვის, თანამონისთვისო. ყურადღება მიაქციე ამ სიტყვას. „არა ჯერ-იყოა?“ აქედან უნდა შევიმეცნოთ, თუ რა მნიშვნელოვანია ღმერთის წინაშე იმ შეცოდებათა, წყინებათა და სხვა დანაშაულთა პატიება მოყვასთათვის, რომლებიც მათ ჩვენს წინაშე ჩაუდენიათ. „არა ჯერ-იყოა შენდაცა, რაითამცა შეიწყალე შენ შენთანა მონაი იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე?“ რამეთუ ამ მონას ვერ შეეძლებოდა თავისი თანამონის შეწყალება, მანამდე მეფეს თავად მისთვისვე რომ არ ეპატიებინა ვალი, თავად იგი არ შეწყალებოდა; რადგან თუკი მასაც მოუწევდა მეფისათვის ვალის მიცემა, მაშინ უფლება ექნებოდა თავის თანამონათაგანაც მოეთხოვა ვალის გადახდა; მაგრამ რაკი მეფემ აპატია მთელი ვალი, ამდენად იგიც ვალდებული იყო თავისი ვალიც ეპატიებინა თანამონისათვის.
„და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ხელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიხადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი“ (მუხლი 34).
რომაელებს, რომელთაც იუდეველები ემორჩილებოდნენმ აცხოვრის ქვეყნიური ცხოვრების დროს, ასეთი კანონი და ჩვეულება ჰქონდათ: ვალაუვალ მოვალეებს ისინი მტანჯველებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცემდნენ, რომელთაც ისინი საპყრობილეში მიჰყავდათ და თან მათრახით სცემდნენ. სულიერი აზრით, მტანჯველები დემონები არიან, რომელთაც გადასცემს ღმერთი საუკუნოდ სატანჯავად ყველა იმ შეუნანებელ ცოდვილს, რომელნიც ქვეყნიური ცხოვრების დროს უმოწყალონი და შეურიგებელნი იყვნენ მოყვასთა მიმართ, არ უყვარდათ ისინი, ჩვეულებად ჰქონდათ შურისძიება, და არა - პატიება; ძარცვა-წართმევა, და არა - დახმარება; თავის მოყვასთა ბედნიერების დანგრევა, და არა აშენება. და ამ უბედურთა ხვედრი მით უფრო მწარე იქნება, რომ ისინი დროებით კი არ მიეცემიან დემონებს სატანჯველად, არამედ - სამარადისოდ; რამეთუ ამ მუხლში ნათქვამი სიტყვებით - „ვიდრემდის გარდაიხადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი“ - აღნიშნულია დაუსრულებელი, სამარადისო ტანჯვა, სანამ ვალს - თანანადებს არ გადაიხდიანო, - ანუ ეს ცოდვილნი მანამდე დაიტანჯებიან, სანამ ცოდვებს არ გამოისყიდიან, ხოლო რაკი ვერასდროს ვერ გამოისყიდიან, მაშასადამე, ვერც ვერასდროს გათავისუფლდებიან სატანჯველთაგან და მარადის დაიტანჯებიან. „რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიხსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთსა შინა ვინ აღგიაროს შენ“ (ფსალმ. 6,6), ანუ ჯოჯოხეთში არ არის უფლის აღსარება, და არც გამომსყიდველ-მაცხოვნებელი სინანული.
„ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თვისსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი“ (მუხლი 35).
ანუ, თუკი ჩვენ არ შევუნდობთ ჩვენს მოყვასთ მათს შეცოდებებს და წყინებებს ჩვენს მიმართ, მაშინ საუკუნოდ, სამარადისოდ მივეცემით დემონებს ტანჯვისათვის. აქ ყურადღებას იმსახურებს შემდეგი სიტყვები: „ყოვლითა გულითა თქვენითა“, - ამ სიტყვებით მაცხოვარი გვასწავლის გულწრფელად, ნამდვილად ვპატიობდეთ მოყვასთ წყენინებას, შეურაცხყოფას. რამეთუ ბევრნი მხოლოდ სიტყვით პატიობენ თავის მაწყინებელთ, ხოლო გულით - არა. ამისთვის გვასწავლის მაცხოვარი მთლიანად განვაგდოთ ხოლმე გულიდან გაბოროტება, წყენის ნაღველი, როცა მოყვასს ვპატიობთ თანანადებს, ანუ შეცოდებას ჩვენს მიმართ, და მის ნაცვლად გვიბრძანებს ჩავინერგოთ გულში სახარებისმიერი სიყვარულის - ჭეშმარიტი, არაპირმოთნე სიყვარულის უტკბილესი ნაყოფი.
II. ეს იგავი, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ და განვიხილეთ, წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვით, შეიცავს დაფარულსა და გამოუთქმელ საუნჯეს აზრებისა; მასში ბევრი ღრმად სამოძღვრებო ჭეშმარიტებაა.
ა) პირველ ყოვლისა, ეს იგავი გვასწავლის, რომ ოდესმე მოგვიწევს ანგარიშის ჩაბარება ღმერთისათვის ჩვენს საქმეთა გამო, სიტყვათა, აზრთა და სურვილთა გამოც კი (მუხლი 24). ვიცით რა ეს, თითოეულმა სულის წიაღში უნდა ვიქონიოთ ყოველივე ის, რაც ცხოვრების მანძილზე მოგვიმოქმედია, და იმაზე ვიფიქროთ, თუ რა მივუგოთ მათს გამო უკვდავ მსაჯულს, რომელიც განკითხვის საშინელ დღეს ყველაფერს მოგვკითხავს? მდიდარი ხარ? - მაშინ იმაზე იფიქრე, რაში გამოიყენე შენი სიმდიდრე - გულისთქმათა დაკამყოფილებისათვის, თუ კაცთმოყვარეობის საქმეებზე, ფუფუნებისა და შვება-სიამისათვის, თუ ღმერთის სადიდებლად და მოყვასის სარგებლობისათვის? თუკი შენთვის ბოძებული სიკეთენი ქვეყნიურ, ღმრთივსაძაგელ საქმეებზე გაგიფლანგავს, იცოდე, რომ შენ განისჯები ამაქვეყნისაგან, სოფლისაგან. კვალად, იმაზეც იფიქრე, თუ როგორ შეგიძენია შენი სიმდიდრე, შენი სიკეთენი და განსაჯე, თუ როგორ განმრავლებულა შენი სიმდიდრე? პატიოსანი შრომით, მართალი გზით გამდიდრებულხარ შენ, თუ ღარიბ-გლახაკთათვის ლუკმის წართმევით, ქვრივ-ობოლთა მიმძლავრებით? ანდა: ღარიბი ხარ? - შენც მოგეთხოვება პასუხი: როგორ იტანდი სიღარიბესა და უბედურებას - უდრტვინველად, თუ გაბოროტებით, უფლისადმი მადლობის მიძღვნითა და კეთილისაზღაურის მიღების იმედით, თუ სასოწარკვეთილი? ანდა: მსაჯული ხარ? - შენც მოგთხოვს უფალი პასუხს: დადგება იგი „შესაკრებელსა ღმერთთასა“ (ანუ ყველა იმ ადამიანს შორის, რომელნიც ღმერთის ნებასა და მის მართლმსაჯულებას აღასრულებდნენ ამქვეყნად), და განიკითხავს მათ (ფსალმ. 81,1), მოჰკითხავს: თუ შეინარჩუნა თითოეულმა მათგანმა სიმართლე, სამართლიანად თუ განსჯიდა ქვრივ-ობოლსა და უპოვარს? თუ განამართლებდა მდაბალსა და ღარიბ-გლახაკს? ანდა: ღმერთის საკურთხევლის მსახური ხარ? - შენგანაც მოითხოვს ანგარიშს შენს საქმეთა გამო შენი მწყემსთმთავარი - იესო ქრისტე და განგსჯის: თუ იყავი შენ ნამდვილად მარილი ქვეყნისა ანუ თუ განაბრძნობდი სიტყვიერ ცხოვართ ცხოვნებისათვის? თუ განაშორებდი მათ ცოდვის განხრწნილებისაგან? შენც განგიკითხავს: თუ იყავი, ნამდვილად, ნათელი სოფლისაი, ანუ თუ განანათლკბდი ღმერთის ჭეშმარიტი მცნობელობით სიტყვიერ ცხოვართა სულებს? თუ წინა-უძღოდი მათ კეთილსაქმეთა შენი საკუთარი ნათელით და თუ იყავი მათთვის გზამკვლევი ვარსკვლავი სიმართლის მზის - ქრისტესაკენ? ერთის სიტყვით: ყოველმა ადამიანმა წარმოიდგინოს ყოველი წოდება, ყოველი ღირსება, ყოველი ასაკისა თუ სქესის ადამიანი, და იფიქროს იმაზე, თუ რა დიადი სამსჯავრო იქნება მაშინ, და ქრისტეს ამ სამსჯავროს მოხსენიებაზე, თავისი ყველა ცოდვა აღრაცხოს. რადგან მაშინ „კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს; და კაცად-კაცადისა იგი საქმე, ვითარ რაი იყოს, ცეცხლმან გამოცადოს“ (I კორინთ. 3,13).
ბ) იგივე იგავი გვასწავლის, რომ ღმერთი არის ჩვენი მსესხებელი, ხოლო ჩვენ ყველანი, მისი მოვალეები ვართ (მუხლები 24-25). მაინც რა არის ის, რაც სესხად მოგვცა ჩვენ ზეციურმა მამამ? - ო, რა ბევრი რამ! უფრო მეტი, ვიდრე ათასობით ტალანტია! მან ჩვენ სიცოცხლე და არსებობა მოგვმადლა, სხეული და სული მოგვანიჭა, გონიერება, ფული და გრძნობები გვიბოძა; მოგვცა ქვეყანა ფერხთა ქვეშ, გვიწყალობა ზეცის მშვენიერი კარავი ჩვენს თავთა ზედა; მოგვცა მზე ჩვენი ხედვისა და სიცოცხლისათვის, ჰაერი ჩვენი სუნთქვისათვის; მოგვცა პირუტყვნი ჩვენი ხელმწიფების ქვეშ და მიწის მრავალგვარი აღმონაცენი ჩვენს საჭიროებათა და მოთხოვნილებათათვის, საზრდოდ, შესამოსად, სამკვიდრებელად, საცხოვრებელად, ჩვენი ქმედების საწურთნად სასარგებლო და საამო საქმეთა აღსასრულებლად. და რაღა უნდა ვთქვათ ყველაზე მნიშვნელოვანსა და ფასდაუდებელზე ყოველივე იმისაგან, რაც ღმერთმა სესხადმოგვცა თავისი საღმრთო მადლის საუნჯეზე?! ჩვენ ცოდვილებს, დაბნელებულთ, წარწყმედილთ, უფალმა მოგვანიჭა ნათელი სარწმუნოებისა, იმედი, სასოება ხსნისა; თავისი მხოლოდშობილი ძის სიკვდილი გაიღო მან ჩვენი გამოსყიდვისათვის საუკუნო სიკვდილისაგან, რომელსაც ჩვენ ცოდვის გამო ვეწიეთ. როგორც წინდი, როგორც დასაბამი, როგორც საგზალი საუკუნო და ნეტარი ცხოვრებისა მოგვანიჭა ჩვენ თავისი სული წმიდა, ნათლის-ღება აღორძინებისა და მეორედ შობისა, ქრისტეს სხეულისა და სისხლის უხრწნელი საზრდო.
მაგრამ ესეც ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. არის ჩვენი ახალი ვალებიც ღმერთის წინაშე, რომლებიც მტკივნეულად გვამძიმებენ და ღრმად გვამცირებენ, - ესაა იმისაგან აღმოცენებულა და მზარდი ვალები, რომ ღმერთისაგან სესხად მიღებულ ყველა ნიჭს ბოროტად ვიყენებთ და არც ჩვენს დიდ მავასხებელს - უფალ ღმერთს და არც ჩვენს თანამოძმეებს, თანამონებს არ მივაგებთ მისი დავალებით იმას, რისი მიგებაც შეგვიძლია. აბა, განა ყოველთვის მართლიად მივაგებთ ჩვენ ღმერთს დიდებას, მადლობას, ლოცვა-ვედრებას? ანდა მოყვასს სიყვარულს, უბედურებაში მყოფს - თანაგრძნობას, ღარიბ-გლახაკს - შეძლებისდაგვარ დახმარებას? განა გულმოდგინედ ვიყენებთ და განვამრავლებთ ჩვენთვის ბოძებულ ტალანტებს, ნიჭებს, - დროს სასარგებლო საქმეებმი, ანდა უკიდურეს შემთხვევაში, არაბიწიერ საქმეებმი, გონებას - ჭეშმარიტების ძიებაში, გულს - სიკეთისაკენ სწრაფვაში, გრძნობებს - ზომიერების, თავშეკავებისა და უმანკოების ღვაწლთა შორის? განა ყოველთვის ჯეროვნად ვიყენებთ ყოველივე ამას, რაც ღმერთისაგან მიგვიღია? თუ ძალგვიძს ვიქადოდეთ, რომ ამ მიმართებით ვაკმაყოფილებთ ჩვენს მოვალეობას? - „შენდა, უფალო, სიმართლე და ჩვენდა სირცხვილი პირისაი“ (დანიელი 9,7).
გ) ამ იგავიდან უმოწყალო მოვალის შესახებ ჩვენ იმასაც ვსწავლობთ, რომ მხოლოდ ცოდვათა გამო სინანულის გზით შეგვიძლია უფლისაგან შენდობა მივიღოთ (მუხლი 26). ყოველი ცოდვა, პირველ ყოვლისა, იმით არის საშინელი, რომ შეურაცხყოფს უფალი ღმერთის დიდებულებასა და სიწმიდეს, მის უსაზღვრო სიყვარულსა და სიმართლეს; არღვევს საღმრთო სჯულს, რომელზეც დამყარებულია ზნეობრივი სამყაროს მთელი წესრიგი, აღაშფოთებს და აღამღვრევს ღმერთის მეუფების სიმშვიდესა და მოსვენებას. ამ მიმართებით ჩვენ, ცოდვილ ადამიანებს, არ ძალგვიძს რაიმეს მოქმედება, რაც დააკმაყოფილებდა საღმრთო სიმართლეს, მშვიდობა-ჰყოფდა ღმერთის მეუფებას, აღადგენდა ჩვენს მიერ გათელილი ზნეობრივი სამყაროს კანონს, მოაწესრიგებდა იმ აღრევას, რაც ჩვენს ცოდვებს შეაქვს ღმერთის მსოფლიოში. მხოლოდ ერთს - ჩვენს უფალ იესო ქრისტეს ძალ-ედვა თავისი ვნებით ჩვენს ცოდვათათვის, თავისი ჯვარზე სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით აღესრულებინა ყოველივე ეს, მშვიდობა მოეფინა თავისი ჯვარის სისხლით ყოველგან - ცათა შინაცა და ქვეყანასა ზედაც. ამიტომაც მხოლოდ ცხოველ რწმენას უფალ იესო ქრისტესი, რომელიც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო; მხოლოდ ცხოველ სასოებას მისი ჯვარზე სიკვდილის ძალისადმი, მხოლოდ გულწრფელ მონანიებას ჩვენი ცოდვებისა, მხოლოდ შემუსრვილი და მდაბალი გულის მგზნებარე ლოცვას ძალუძს მოგვაცილონ ეს მძიმე დანაშაული ჩვენი ცოდვებისა და უსასყიდლოდ განგვამართლონ ჩვენ მადლითა ქრისტესითა.
დ) ამავე იგავიდან ჩვენ იმაშიც დავიმოძღვრებით, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი სინანული ცოდვების გამო (მუხლი 26). უბედური მოვალე თავისი ვალის გადახდას ჰპირდება მეფეს: „სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო და ყოველივე მიგცე შენ“. მაგრამ ცხადია, რომ ესოდენი ვალის გადახდა მისთვის შეუძლებელია. ამ დაპირებით მას სურს მხოლოდ გამოხატოს თავისი მზადყოფნა, რომ თავის მხრივ ყველაფერს იღონებს იმისთვის, რათა მომავალში არა მხოლოდ არ გაზრდის ვალს, არამედ შეძლებისდაკვალობაზე ეცდება უწინდელი ვალების დაფგარვასაც. და ეს აუცილებელი პირობაა თითოეული მონანული ცოდვილისათვის, რომელიც განმართლებას და შეწყალებას ეძიებს ღმერთის წინაშე. მტკიცე განზრახვის გარეშე - სამუდამოდ განვეშოროთ ცოდვას, აღარ შეურაცხვჰყოფდეთ ღმერთის დიდებულებას ახალი უსჯულოებებით, აღარ ვიწვევდეთ მის რისხვას ღმერთის წმიდა და ცხოველმყოფელ მცნებათა გარდახდომით, დარღვევით, -ყოველივე ამის გარეშე ჩვენი სინანული არ იქნებოდა გულწრფელი, ღმერთისადმი მიმართვა - მართალი, და ამიტომ ჩვენი ლოცვაც შენდობისა და შეწყალების შესახებ არ გახდებოდა შესმენის, შეწყნარების ღირსი. მეორეს მხრივ, თუკი ჩვენ არაფრის მოქმედება არ ძალგვიძს ღმერთის მართლმსაჯულების დასაკმაყოფილებლად ჩვენი ცოდვებისათვის, ის ხომ მაინც შეგვიძლია, რომ სიმდაბლით და ღმერთის ნებისადმი მორჩილებით ვიტანდეთ ცხოვრებისეულ მრავალგვარმ წუხარებებსა და უბედურებებს, ვითარცა სამართლიან სასჯელთ ჩვენი ცოდვებისათვის! აი, სწორედ ამისთვის გვაქვს მცნებად დადებული, რომ ავიღოთ ჩვენი ჯვარი და მივსდევდეთ უფალ იესო ქრისტეს.
ე) და ბოლოს, იგავში მოხსენიებული უმოწყალო მოვალის მაგალითი, მისი საშინელი ხვედრი გვასწავლის ჩვენ, ყოველთვის მოწყალენი და თანამლმობნი ვიყოთ ჩვენს მოყვასთა მიმართ(მუხლები 32-34). ათი ათასი ტალანტით ქრისტემ ჩვენი ცოდვები აღნიშნა ღმერთის წინაშე, ხოლო მოყვასის ცოდვათა პატიება ასი დრაჰკანით აღნიშნა. ჰოდა, აპატიე მოყვასს ეს ასი დრაჰკანი, მცირედი ვალი, და ღმერთი შენ ათი ათას ტალანტს მოგიტევებს. ამისკენ მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა, როცა გვეუბნება: „არამედ ეკრძალვნით თავთა თქვენთა; უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და უკუეთუ შეინანოს, მიუტევე მას. დაღათუ შვიდ-გზის დღესა შინა შეგცოდოს და შვიდ-გზის მოაქციოს და გრქუას შენ: შევინანე, მიუტევე მას“ (ლუკა 17,3-4). და არა მხოლოდ მიუტევეთ ხოლმე თქვენს მოყვასთ შეცოდებანი და წყინებანი თქვენს მიმართ, არამედ კეთილიც უყავით მათ. ხოლო თუკი ვინმე მოყვასისადმი მტრობით ცხოვრობს და არ პატიობს მას მიყენებულ წყენას, მაშინ უწყოდეს ესევითარმა, რომ ვერ მიიღებს ღმერთისაგან თავის ცოდვათა მოტევებას. როცა შენსხვათა შეცოდებებს იხსენებ, იცოდე, რომ ამით საკუთარ თავსავე აყენებ ზიანს, და არა - სხვას. „რამეთუ, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, მაშინ საკუთარ ცოდვებს შეჰკრავ ძნად, და არა მოყვასისას, და რასაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში შემცოდე ადამიანის წინააღმდეგ მოიმოქმედებ, ამას გააკეთებ როგორც ადამიანი. ღმერთი კი ასე როდი დაგსჯის, არამედ გაცილებით დიდი, საუკუნო სატანჯველით მოგწყლავს, რამეთუ თავისი ის მოვალეც მტანჯველთ გადასცა, რათა ეტანჯათ იგი ვიდრე არ გადაიხდიდა მთელს ვალს, ანუ სამარადჟამო ტანჯვისათვის მისცა, რადგან ვერასდროს ვერ დაბრუნდება იქიდან და ვერ გადაიხდის ვალს. თუკი არც ავნებ შენს მაწყინებელს, მაგრამ ზურგს აქცევ მას, რათა აღარ ხედავდე მას, - მაშინ უეჭველია, რომ შენს გულში ჭრილობაა, და სნეულებაც თანდათან გამძაფრდება შენს არსებაში; და მაშასადამე ჯერ არ აღსრულდება ის, რაც ქრისტემ დაგიდო მცნებად. რა? - გსურს განა, რომ ღმერთიც ამგვარივე მოწყალე იყოს შენს მიმართ, ანუ არც დაგსჯიდეს, მაგრამ ზურგსაც გაქცევდეს, პირს იბრუნებდეს შენგან, არ ივიწყებდეს შენს ცოდვებს და აღარ სურდეს შენი ნახვა?! - არა, არ გსურს. ჰოდა, თუკი გსურს, რომ ღმერთი მოწყალე იყოს შენდამი, როცა მას ცოდვათა მოტევებას ევედრები, მაშ, შენც ამგვარივე უნდა იყო იმათ მიმართ, ვისაც შენს წინაშე შეუცოდავს.
მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე