მე-18 კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან

სახარება ლუკასაგან (5, 1-11)

„1. და (მას ჟამსა შინა) იყო ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა. 2. და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა. 3. და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი, და უბრძანა მათ ქუეყანით შე-რე-დგინებაი მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას. 4. და ვითარცა დასცხრა სიტყუად, ჰრქუა სვიმონს: შეავლინე ღრმად და სდევით ბადე თქუენი ნადირობად. 5. მიუგო სვიმონ და ჰრქუა: მოძღუარ, ღამე ყოველ დავშუერით და არარაი მოვიღეთ, ხოლო სიტყვითა შენითა გარდაუტეოთ ბადე. 6. და ესე რაი ყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და განსთქდებოდეს ბადენი მათნი. 7. და წამ-უყოფდეს, რომელნი-იგი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაითა მოვიდენ და შეეწინენ მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი. 8. და ვითარცა იხილა სიმონ-პეტრე, შეუვრდა მუხლთა იესუისთა და ჰრქუა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო. 9. რამეთუ განკვირვებამან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელი შეაყენეს. 10. ეგრეთვე იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სიმონისნი. და იესუ ჰრქუა სიმონს: ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე. 11. და გამოადგინეს ნავი იგი ქუეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას.“

 

I. დღეს წარმოდგენილია ლუკას სახარებიდან გადმოცემა უფალ იესო ქრისტეს მიერ სამოციქულოდ მოწოდების შესახებ გალილეველი მეთევზურებისა - პეტრესი, მისი ძმის ანდრიასი და ზებედეს ორთა ძეთა - იაკობისა და იოანესი იმ გარემოებებითურთ, რომელთა შორისაც იგი აღსრულდა. გადმოცემა ამ მოვლენის შესახებ მათეს სახარების მიხედვით წარმოდგენილი იყო მე-2 კვირას სულიწმიდის გარდამოსვლიდან, და ჩვენ საშუალება გვქონდა განგვემარტა ეს სახარება. მაგრამ რადგანაც ლუკას მონათხრობმი არის ზოგიერთი რამ, რომელთა შესახებაც მათე არაფერს ამბობს, ამიტომ განვიხილოთ აწ წაკითხული სახარებაც...

„და (მას ჟამსა შინა) იყო ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა. და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა“ (მუხლები 1 და 2).

(მას ჟამსა შინა). სამოციქულო მოწოდების ამბავს ლუკა გადმოსცემს იესოს მიერ კაპერნაუმის სინაგოგაში აღსრულებული განკურნვის ამბის შემდეგ, ხოლო მახარებლები მათე და მარკოზი მას მანამდე ათავსებენ. მახარებლები ყოველთვის როდი მისდევენ ქრონოლოგიურ რიგს და მოვლენების შესახებ ისე მოგვითხრობენ, როგორც ეს მათს მიზანს შეესაბამება. ლუკას, შესაძლოა, სურდა კაპერნაუმის მაცხოვრებელთა რწმენა ნაზარეთის მაცხოვრებელთა რწმენისათვის დაეპირისპირებინა, რის გამოც ეს მოვლენა მოათავსა კიდეც მაშინვე იმ ამბის გადმოცემის შემდგომ, რომელიც უფალ იესო ქრისტეს ყოფნას ასახავს ქალაქ ნაზარეთში.

გენესარეთის ტბის ნაპირას მდგარი უფალი ღვთის სიტყვაში დამოძღვრავდა იქ შეკრებილ ერს. მისი ქადაგება, განსაკუთრებით კი ამ ადგილებში, ანუ გენესარეთის ტბის მიდამოებში, ყოველთვის მრავალ მსმენელს იზიდავდა. ასე იყო ამ შემთხვევშიც. უფლის გარშემო ხალხის დიდი სიმრავლე შეკრებილიყო, რომელიც შეავიწროვებდა მას და ხელს უშლიდა ქადაგებაში, რადგან ყველას სურდა უკეთ გაეგონა მისი სიტყვები და ამის გამო ერთმანეთს ავიწროვებდნენ, რათა უფრო ახლოს მისულიყვნენ უფალ იესოსთან. და სწორედ ამ დროს, როცა ესოდენი ხალხი გარს შემოხვეოდა მას, უფალმა დაინახა ნაპირს მომდგარი ორი ნავი, რომელთაგან ერთი პეტრეს ეკუთვნოდა თავის ძმასთან ანდრიასთან ერთად, მეორე კი - იაკობსა და იოანეს, ზებედეს ძეთ. ეს მეთევზურნი შორიახლოს გამოსულიყვნენ ნაპირთან და ბადეთ რეცხავდნენ, ასუფთავებდნენ. თევზაობა გენესარეთის ტბის სანაპიროებზე მცხოვრებთათვის მთავარი საქმე იყო. საერთოდაც, ებრაელებს ძალიან უყვარდათ თევზი და მისგან დამზადებული კერძები, რომელთაც ისინი ეგვიპტეში ცხოვრებისას მიეჩვივნენ. თევზჭერისათვის, ჩვეულებრივ, ბადეებს აკეთებდნენ, თუმცა ზოგჯერ ანკესითაც იჭერდნენ თევზს და ბარჯითაც.

„და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი, და უბრძანა მათ ქუეყანით შე-რე-დგინებაი მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას“ (მუხლი 3).

ეს ნავები, ეტყობა, ძალზე ახლოს იყვნენ ნაპირთან, ამიტომაც იესო, რომელსაც ხალხის სიმრავლე ავიწროვებდა და ხელს უშლიდა ქადაგებაში, პეტრეს ნავზე ავიდა, სთხოვა მას მცირეოდნად წყალში შეეცურებინა ნავი, რათა იქიდან დაუბრკოლებლად ესწავლებინა ერისათვის ღვთის სიტყვა. და მართლაც პეტრეს ნავიდან დაარწყულებდა მასში მჯდომი უფალი მწყურვალე ერს თავისი მაცხოვნებელი სწავლების ჭავლებით. ხოლო თუ რატომ შევიდა უფალი მაინცდამაინც პეტრეს ნავში, ეს იმით უნდა აიხსნას, რომ იგი უფრო ახლოს იყო ნაპირთან, ანდა იმით, რომ იგი, ყოვლისმცნობელი, იმთავითვე უპირატესობას ანიჭებდა სიმონ-პეტრეს.

„და ვითარცა დასცხრა სიტყუად, ჰრქუა სვიმონს: შეავლინე ღრმად და სდევით ბადე თქუენი ნადირობად“ (მუხლი 4).

აღასრულა რა სულიერი საქმე, უფალი ახლა იქ შეკრებილი ხალხის სხეულებრივ საჭიროებებზეც ზრუნავს. მან პეტრეს უთხრა - ნავი უფრო ღრმად შეაცურე ტბაში, ხოლო ყველას უთხრა - ბადენი წყალში გადაფინეთ თევზის დასაჭერადო.

„მიუგო სვიმონ და ჰრქუა: მოძღუარ, ღამე ყოველ დავშუერით და არარაი მოვიღეთ, ხოლო სიტყვითა შენითა გარდაუტეოთ ბადე“ (მუხლი 5).

სიტყვა - მოძღვარი აღნიშნავდა ნებისმიერი საქმის განმკარგულებელსა და წარმმართველს, უფროსს, ამიტომაც პეტრე, რომელსაც სურს პატივი მიაგოს უფალ იესოს, მოძღვრად ხმობს მას. მოძღვაროო, - ეუბნება პეტრე იესოს. ჩვენ მთელი ღამე ამაოდ დავშვერით, ვერაფერი მოვინადირეთ, და განა ახლა რამეს დავიჭერთ, თუკი ბადეს გადავშლით წყალში, - ღამით ხომ უფრო მოსახერხებელი დროა თევზაობისათვის?! მაგრამ რაკი შენ ასე გსურს, მე შევასრულებ შენს სურვილს, რადგან მჯერა შენი სიტყვის და დამარწმუნა შენმა ბრძანებამ, რომ ასეა საჭირო. ასეთი მორჩილება პეტრემ იმის გამო გამოუმჟღავნა უფალს, რომ, მართალია, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მისი მიმდევარი, მაგრამ უკვე იცნობდა იესოს იმ დროიდან, როცა მისმა ძმამ ანდრიამ წარუდგინა იგი უფალს, და პეტრემაც ასეთი სიტყვები მოისმინა მისგან: „შენ ხარ სიმონ, ძე იონაისი, შენ გეწოდოს კეფა (პეტრე), რომელი ითარგმანების კლდე“ (იოანე 1,42). სიტყვითა შენითა გარდაუტეოთ ბადეო, პეტრემ მაშინვე გადაისროლა ბადე წყალში ნავზე მყოფ თავის სხვა ამხანაგებთან ერთად.

„და ესე რაი ყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და განსთქდებოდეს ბადენი მათნი. და წამ-უყოფდეს, რომელნი-იგი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაითა მოვიდენ და შეეწინენ მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი“ (მუხლები 6-7).

უფალი ჩვენი იესო ქრისტე მხოლოდ თავისი საღმრთო ყოვლისმცნობელობით როდი სჭვრეტდა წინასწარ უხვ თევზჭერას ამ ადგილას გენესარეთის ტბაში. უფრორე ჩვენ აქ მასში ბუნების დიდ მეუფეს ვხედავთ, რომელსაც თავისი საღმრთო ნების ყოვლისშემძლე ამოქმედებით ძალუძს წარმართოს და ერთად შეჰკრიბოს თავისი არაგონიერი ქმნილებები და თავისი სუფევის სამსახურებელ იარაღად აქციოს ისინი უზენაესი მიზნის მისაღწევად. და მასზე, ამგვარად, ზედმიწევნით აღსრულდა ფსალმუნთმგალობელის სიტყვები, რომელიც ამბობს: „და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ხელთა შენთასა, ყოველივე დაამორჩილე ქვეშე ფერხთა მისთა... მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღვისანი რავდენნი ვლენან ალაგებსა მას ზღვათასა“ (ფსალმ. 7,8,9). მთელი იმ სამეუფოსაგან, რომელიც საბატონოდ მიეცა ადამიანს თავდაპირველად, არაფერი ისე არ მიფარულა ადამიანის თვალთაგან, როგორადაც ზღვასა თუ ტბა-მდინარეებმი მცურავი წყლის მაცხოვრებელი ქმნილებანი, მაგრამ ის, ვინც უდაბნოში იყო მხეცთა თანა (მარკოზი 1,13) და ვინც თავის მოწაფეებს მიანიჭა უნარი გველთა უვნებლად შეპყრობისა (მარკოზი 16,18), აქაც სწორედ იგი, უფალი ღმერთი ცხად-ჰყოფდა, რომ ზღვის თევზნი ქვეყნიურ მხეცებზე არანაკლებად ემორჩილებიან მის საღმრთო ნებას.

ამ საკვირველ თევზჭერას და მასთან დაკავშირებულ გარემოებებს საიდუმლო მნიშვნელობაც აქვს. ნავთა ქვეშ აქ იგულისხმებიან იუდეველთა სინაგოგები. მოციქული პეტრე თავით თვისით გამოხატავს სჯულის ქვეშ მყოფ მოძღვრებს, რომელთაც მთელი ღამის განმავლობაში, ანუ იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლამდე იღვაწეს, მაგრამ ვერ წარემატნენ ადამიანთა სულების მოპოვებაში ღმერთისათვის. ხოლო მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლის დროიდან - ამ მადლმოსილი დღის დადგომის თანად, ძველი აღთქმის სჯულის მოძღვართა ნაცვლად, დადგინებულ იქნენ მოციქულები, რომლებმაც უფლის ბრძანებისაებრ სდეს ბადე - მისი სახარება მოჰფინეს მთელს ქვეყნიერებას, და მრავალზე მრავალი ადამიანი მოინადირეს ქრისტესათვის. მაგრამ მხოლოდ მოციქულებს არ შეეძლოთ ესოდენი სიმრავლის მოზიდვა, რის გამოც ისინი მუწოდებენ თავიანთ თანამოაზრეთ სახარების ქადაგების საქმეში, ანუ ეკლესიის მწყემსებსა და მოძღვართ, რათა ისინიც დაეხმარნენ მათ ადამიანთა სულების მონადირებაში და მათს მოზიდვაში ქრისტეს რწმენისადმი.

„და ვითარცა იხილა სიმონ-პეტრე (რომ ორივე ნავი ლამის ჩაძირვამდე, პირთამდე გაივსო დაჭერილი თევზით), შეუვრდა მუხლთა იესუისთა და ჰრქუა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო“ (მუხლი 8).

„შეუვრდა მუხლთა იესუისთა“, ანუ მუხლებში ჩაუვარდა უფალსო. ეს გამოთქმა გამოხატავს გაძლიერებულ თხოვნას, შეერთებულს მძაფრ სულიერ განცდასთან და მღელვარებასთან (მუხლი 9). განვედი ჩემგანო და სხვა, - ამ სიტყვებს მოციქული პეტრე თავისი ცოდვიანობის ღრმა შეგნებით წარმოთქვამდა უფლის სიწმიდის წინაშე, რომელიც ესოდენ საკვირველ საქმეთ აღასრულებდა. ამგვარმა, უჩვეულო თევზჭერის სასწაულმა განსაკუთრებულად შესძრა მოციქული პეტრე, რადგან თევზაობა ძალზე მახლობელი საქმე იყო მისთვის და სასწაულიც მის ნავში, მისი ბადეებით აღსრულდა, მისივე უშუალო მონაწილეობით და მის მიერ გადატანილი უიღბლო თევზაობის შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში. პეტრეს რომელი დამახასიათებელი თვისება წარმოსჩნდება ამ დროს? - მისი გრძნობების მგზნებარება და ტემპერამენტის სიცხოველე. ყველაფერი, რაც მის სულს ამოძრავებდა, უმალვე გამოიხატებოდა ხოლმე მისი მგზნებარე და განსულიერებული სიტყვით. ხასიათის სწორედ ამ თვისებითაა იგი დახატული ყველა სახარებაში. სანამ სხვა მოციქულები ჯერ კიდევ გონებით განსჯიან მომხდარს და ასწონ-დასწონიან, პეტრე უკვე ლაპარაკობს სხვების მაგივრად. ერთხელ იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: რას ამბობს ხალხი ჩემს შესახებ, ვინ არისო, და თქვენ ვინ გგონივართ მე? მაშინ პეტრემ ყველას მაგივრად დაუყოვნებლივ მიუგო უფალს: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაო“ (მათე 16,16). მაგრამ პეტრემვე პირველმა დაუწყო შეპასუხება და წინააღმდეგობის გამოხატვა, როცა მოისმინა, მაცხოვრის მომავალი ვნებისა და სიკვდილის შესახებ, რის გამოც უმკაცრესი შეგონება მიიღო უფლისაგან (მათე 16,21-23). ასევე პეტრემ უთხრა უფალს ოდესღაც. ყველანი რომ დაბრკოლდნენ შენს გამო, მე არასდროს არ დავბრკოლდები და არ უარგყოფო, და მაშინაც შეგონებულ იქნა უფლის მიერ, - მამალს არ ეყივლოს, რომ ამეღამ შენ უკვე სამგზის უარმყოფო. კვალად, სულიწმიდის გარდამოსვლის დღესაც, ორმოცდამეათე დღეს უფლის აღდგომიდან ასევე პეტრე წარდგა განკვირვებული ერის წინაშე შთაგონებული სიტყვით, რის შემდეგაც სამმა ათასმა იუდეველმა ნათელ-იღო და ქრისტეს ეკლესიას შეეძინა. და, აი, ამჯერადაც ასე მოხდა. სანამ სხვა მეთევზურნი მორჩილად და მოწიწებით განსჯიდნენ, თუ რა საკვირველი რამ აღსრულდა ამ სასწაულებრივი თევზჭერით, პეტრე მუხლებმი ჩაუვარდა უფალ იესოს და ყველას მაგივრად წარმოუჩინა მას ის გრძნობა, რომელიც მაშინ მის და, ალბათ, მისი ამხანაგების სულებსაც, ეგზომ აღავსებდა.

„რამეთუ განკვირვებამან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელი შეაყენეს“ (მუხლი 9).

რატომ იმოქმედა ასე ძლიერად პეტრეზე ამ საკვირველმა თევზჭერამ მაშინ, როდესაც მანამდე იგი უფლის არაერთი დიდ-დიდი სასწაულის თვითმხილველი მოწმეც იყო? იმიტომ, რომ ეს სასწაული მისთვის სავსებით ნაცნობ სფეროში აღსრულდა, იმ საქმეში, რომელიც ყველაზე მახლობელი და საყოველდღეო იყო მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში და რომლის ყველა მხარე და ყველა შესაძლებელი შემთხვევა მისთვის ზედმიწევნით ნაცნობი იყო. მთელი მისი გამოცდილებით და ყველა მოსაზრებით, თევზის დაჭერა იმ დროს შეუძლებელი იყო, მით უმეტეს - ესოდენი სიმრავლისა, რადგან, ჯერ-ერთი თევზჭერისათვის არაკეთილხელსაყრელ დროს - დღისით ხდებოდა და თანაც სწორედ იმ ადგილას, სადაც იგი თავის ამხანაგებთან ერთად მთელი წინა ღამის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა ამას. ის, რაც მახლობელია ჩვენთვის, ყოველთვის ყველაზე მძაფრად ზემოქმედებს ჩვენზე.

„ეგრეთვე იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სიმონისნი. და იესუ ჰრქუა სიმონს: ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე“ (მუხლი 10).

წმიდა მახარებელი საჭიროდ მიიჩნევს საგანგებოდ აღნიშნოს, რომ არა მარტო პეტრე, არამედ მისი ამხანაგებიც საქმეში მსგავსი რელიგიური განკვირვებით აღივსნენ სასწაულებრივი თევზჭერის ხილვის გამო და პეტრესნაირივე მოწიწებით ღვთაებრივი სასწაულთმოქმედისადმი; ოღონდ მათი გრძნობები მათსავ სულებში იყო დაფარული. ხოლო რადგანაც პეტრემ, ერთადერთმა მის ამხანაგთაგან, გამოხატა უფლის წინაშე ღრმა მოწიწების, მორჩილებისა და თაყვანის-ცემის გრძნობა მისი ღვთაებრივი დიდებულების წინაშე, ამიტომ უფალმა თავის სიტყვებმი, რომლებიც თითქოსდა მხოლოდ პეტრესადმია მიმართული, ყველას, პეტრესაც და მის თანამოზიარეებსაც საქმეში, გამოუთქვა თავისი ღვთაებრივი ნუგეშისცემა და საერთო აღთქმაც მისცა მოციქულობისა: „ნუ გეშინინ! ამიერიდან იყო კაცთა მონადირე!“ ეს სიტყვები შეიცავს პეტრეს მომავალ დანიშნულებას, ხოლო მასთან ერთად კი ყველა მისი თანამოღვაწისაც, როგორც მომავალი მოციქულებისა - ღვთის სიტყვის მქადაგებლებისა. ასეთი დანიშნულება თითქმის ყოველთვის ეძლევა ადამიანს, როცა უფალი ღმერთი რომელიმე დიდი საქმისათვის მოუწოდებს მას თავის სამეუფოში. თავის აღთქმას უფალი პეტრესათვის ძალზე ნაცნობი გამოთქმით მოსავს. მეთევზე პეტრე ადამიანთა მომნადირებელი იქნება. ასე იყო ყოველთვისაც, მაგალითად, მეფე დავითი, მოყვანილი მეფობად ცხვართა ფარეხიდან, ისრაელი ერის მწყემსი უნდა ყოფილიყო (ფსალმ. 77,71,73). ამასთანავე, ამ სიტყვებში შთადებულია პეტრეს მომავალი მოღვაწეობის ორმაგი განდიდება უწინდელ მის საქმიანობასთან შედარებით, რამეთუ ამიერიდან იგი ადამიანებს მოინადირებს ხოლმე ღმერთისათვის და არა საცოდავ თევზს, და ამასთანავე სიცოცხლისათვის, საუკუნო ნეტარი ცხოვრებისათვის მოინადირებს მათ, და არა სასიკვდილოდ, როგორც აქამდე იქმდა თავისი საცოდავი ნადავლის მიმართ. ადამიანთა ამგვარი მონადირებისათვის სახარების ქადაგების ბადეთა მეშვეობით უფალმა წარგზავნა კიდეც, როგორც ცნობილია, პეტრესთან ერთად ყველა სხვა მოციქულიც.

„და გამოადგინეს ნავი იგი ქუეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას“ (მუხლი 11).

ანუ აღწერილი მოვლენების შემდეგ მოწოდებული მოწაფენი უკვე განუყრელად შეუდგნენ უფალს. აქამდე კი ისინი მხოლოდ დროდადრო მიდიოდნენ მასთან გარკვეული ხნით, ისე, რომ არ ჰქონდაო მიტოვებული თავიანთი სახლები და არც თავიანთი საქმიანობა - მეთევზეობა - შეწყვეტილი. თუმცა ეს მოწოდებაც სამოციქულო საქმისათვის, აღწერილი მახარებელ ლუკას მიერ, ჯერ კიდევ არ იყო საბოლოო მოწოდება მათი, ანუ ჯერ არ იყო მათი დადგინება სამოციქულო ღირსებაში. რამეთუ ასეთი დადგინება რამოდენიმე ხნის შემდეგ აღსრულდა (იხ. ლუკა 6,13).

 

II. აწ, კი, ძმებო, გონებით საკუთარ თავს მივექცეთ, და საკუთარ ცხოვრებას მივუსადაგოთ ყოველივე ის, რაც ახლა წავიკითხეთ ლუკას სახარებიდან ამ საკვირველი თევზჭერის გარემოებათა შესახებ.

ა) „მოძღვარო! მთელი ღამის განმავლობაში დავშვერით, და ვერაფერი დავიჭირეთ“. ასე, მწუხარედ ამაოდ დაკარგული დროის გამო აუწყა სიმონ-პეტრემ მაცხოვარს, რომ მან და მისმა თანამოზიარეებმა საქეში ვერაფერი მოინადირეს, უნაყოფოდ იშრომეს. ხოლო, როცა უფლის სიტყვითა და კურთხევით გაიმეორეს თევზჭერის მცდელობა, თევზის უდიდესი სიმრავლე მოინადირეს, ისე, რომ პირთამდე, ლამის რომ ჩაძირულიყვნენ, გაავსეს თავიანთი ნავები (მუხლი 6). ეს ცხოველი გაკვეთილი და დამოძღვრებაა ჩვენთვის მასზედ, რომ ყოველ საქმეს ლოცვით ვიწყებდეთ და უფლის სახელს მოვუწოდებდეთ, რათა ჩვენი შრომა სასურველი წარმატებით დასრულდეს. და თუკი ყურადღებით გადავავლებთ თვალს ჩვენს წარსულ ცხოვრებას და ჩვენი ცხოვრების მიმდინარე გარემოებებისადმიც საღად განმსჯელნი ვიქნებით, რა თქმა უნდა, ნათლად დავინახავთ, რომ ღმერთის შეწევნით, როცა მის წინაშე ლოცვითა და მასზე იმედის დამყარებით დავშვრებოდით, ჩვენი საქმეები კარგად მიდიოდა, ხოლო როცა მეტისმეტად თავდაჯერებულნი და ამგვარი გრძნობებით დარწმუნებულნი ვყოფილვართ წარმატებაში, ისინი, პირიქით, არამყარნი, არასაიმედონი და წარუმატებელნი გამომდგარან. განა ასე არ არის?! ჩვენს თვალწინ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ უკეთურ ადამიანთა გზა, თითქოს, ია-ვარდითაა მოფენილი, და მათს ცხოვრება-საქმიანობასაც თითქოსდა, წარმატება სდევს, მაგრამ ეს მხოლოდ დრომდეა გარეგნულად ასე. ღმერთისა და საკუთარი სინდისის დამვიწყებელი ადამიანების წარმატებანი და შენაძენ-მონაპოვარნი ვერასდროს ვერ იქნება სახეირო და ვერასდროს ვერ მოიტანს მყარ, ხანგრძლივ ნაყოფებს. მთელი მათი მონაგარი, მოპოვებული უღმერთოდ და უსამართლო ქმედებებით, ირღვევა და მტვრად იქცევა ან მათს სიცოცხლეშივე, ან მათი შვილებისა თუ თუნდაც შორეული შთამომავლების სიცოცხლეში! ხოლო უფლისა არს ცხოვნება და მისი კურთხევაც ღვთისმოშიშ ადამიანებს ენიჭებათ. რამეთუ, როგორც ფსალმუნთმგალობელიც ღაღადებს, არა არს მართალი მიტოვებულ უფლისა მიერ, და მის დათესილსაც მისი შთამომავლობა იმკის. ხოლო სულიერ-ზნეობრივ ცხოვრებას რაც შეეხება, აქ მით უმეტეს, ღმერთის შეწევნისა და კურთხევის გარეშე, არაფერი არ შეიძლება ჯეროვანი სახით წარიმართოს და წარემატოს. მეტად დროულია აქ გავიხსენოთ აწ განსვენებული, ღმრთივგანგრძნობილი (და აწ უკვე წმიდანად შერაცხულიც! - მთარგმნ.) მღვდელმთავრის, ეპისკოპოს თეოფანე დაყუდებულის აზრები: „სულიერ-ზნეობრივ სფეროში წარმატების შეუძლებლობა უფლის შეწევნის გარეშე ხელშესახებად თვალსაჩინოა: „თვინიერ ჩემსა ვერ ხელ-გეწიფების ქმნად არარაისა“, - თქვა თავად უფალმა. და ეს კანონი მოქმედებს ყოველ ადამიანში. როგორადაც ხეს მოწყვეტილი რტო არათუ ნაყოფს ვერ გამოიღებს, არამედ განხმება და სიცოცხლესაც კარგავს, ასევე ადამიანებიც, თუკი მათ ცხოველი ერთობა და თანაზიარობა არ აქვთ უფალთან, ვერ გამოიღებენ სიმრთლის ნაყოფს, ღირებულთ საუკუნო ცხოვრებისათვის. რაღაც სიკეთე მათში არის ხოლმე ზოგჯერ, ოღონდ ეს მხოლოდ გარეგნულად, ერთი შეხედვით არის სიკეთე, ხოლო თავისი არსობრიობით იგი არაკეთილხარისხოვანია, როგორადაც გარეული ვაშლია შესახედად ლამაზი, მაგრამ გაკბიჩავ, და კბილს მოგკვეთს, ისეთი მჟავეა. გარეგან ყოფით-ცხოვრებისეულ ურთიერთობებშიც ცხადად ჩანს ხოლმე: აი, ვიღაც თავგამოდებით დაშვრება, ოღონდ ამაოა მისი შრომა. ხოლო როცა გარდამოივლინება საღმრთო კურთხევა, მაშინ გიკვირს, საიდან მოდის ეს ყველაფერიო! საკუთარი თავისადმი და ცხოვრების გზა-კვალისადმი დაკვირვებულებმა გამოცდილებით იციან ეს ჭეშმარიტებანი“ (ეპისკოპოსი თეოფანე, „აზრები ყოველი დღისათვის“, გვ. 339-340).

ბ) კვალად, ჩვენი ყურადღებისა და დამახსოვრების ღირსია, თავიანთი ღრმად სამოძღვრებო მნიშვნელობის გამო, მოციქულ პეტრეს ის სიტყვებიც, რომლებიც მან უფალ იესოს უთხრა, როცა მან უბრძანა ამ ადგილას სდევით ბადეო. მაშინ პეტრემ თქვა: მოძღვარო, მართალია, მთელი ღამე ამაოდ დავშვერით და ვერაფერი ვერ მოვინადირეთ, (და ახლაც, მით უმეტეს, იმედი არა მაქვს რომ რაიმეს დავიჭერთო), მაგრამ „სიტყვითა შენითა გარდაუტეოთ ბადე“ (მუხლი 5). აი, ეს უთხრა პეტრემ უფალს! რომელი გრძნობით ხელმძღვანელობდა იგი ამ დროს? - ცხადია, უსიტყვო მორჩილებით უფლისადმი, რაც მომდინარეობდა მისი ღრმა რწმენიდან ყოვლადსახიერი ქრისტე მაცხოვრის ღვთაებრივ ძალასა და მისი ბრძანების სიწმიდეში. სწორედ ამგვარი გრძნობებით უნდა ვიყოთ მარადის აღვსილნი ჩვენც, და მარად და მარად განვიძლიერებდეთ მათ საკუთარ არსებაში, რათა მშვიდობიანად და წარმატებით აღვასრულოთ საკუთარი ცხოვრების გზა, და ყოველთვის წარმატებული იყოს ჩვენი მსვლელობა მასზე, ვიდრე ვარსებობთ და ვვალთ ამა მიწაზე. ბევრ ადამიანს, არგამოწრთობილთ მოთმინების ღვაწლში, თუმც კი მორწმუნეთ და ზოგჯერ კეთილმოშიშთაც, ხშირად სურთ, რომ უმალვე აღსრულებული იხილონ თავიანთი სურვილები, რომელთა შესრულების ვედრებითაც მათ უფალი ღმერთისათვის მიუმართავთ თავიანთ წრფელ ლოცვებში. არა, ასეთნი როდი უნდა ვიყოთ ჩვენ, არამედ მთლიანად ღმერთის ნებას მივუძღვნაო თავი, სულ ერთია, როგორადაც არ უნდა წარემართებოდეს ჩვენს ირგვლივ ჩვენი ცხოვრებისეული საქმეები და გარემოებანი. და რასაც არ უნდა მოგვივლენდეს უფალი, ჩვენ მაინც ყოველთვის იმას ვეცადოთ, რომ ჩვენი შეძლებისამებრ აღვასრულოთ ყოველივე ის, რასაც უფალი თავის წმიდა სჯულში გვიბრძანებს. აბა, განა რას მიიღებდა საკუთრივ თავისთვის მოციქული პეტრე, მთელი ღამის განმავლობაში მძიმე შრომა რომ მოემიზეზებინა, ეთქვა უძილარი ვარ, მოსვენება მჭირდებაო, თანაც, როგორც გამოცდილ მეთევზურს, მიეთითებინა თევზჭერისათვის სრულიად არახელსაყრელ დროზე და, ამდენად, უარიც ეთქვა უფლისათვის თევზის მონადირების განმეორებითს მცდელობაზე მისი სიტყვისაებრ და აღარ გადაეშალა ზღვაში ბადე? - ასეც დარჩებოდა თავისი ამაოდ დაკარგული დროთი, ყოველგვარი ნანადირევის გარეშე, და ვერც უფლისაგან, მის წმიდა ბაგეთაგან გაიგონებდა უტკბილეს სიტყვებს, და ვინძლო იმის ღირსიც ვერ შექნილიყო, რომ სამოციქულო დასში ყოფილიყო მოწოდებული. ასევე ჩვენც, თუკი მოთმინებით აღსავსე მორჩილებით არ ვიქნებით შემოსილნი და მთლიანად არ მივანდობთ თავს უფლის ნებას, მაშინ ნამდვილად დავკარგავთ ჩვენს კეთილ საზღაურს უფლის წინაშე, დაე, თუნდაც მისნი მორწმუნენიც ვიყოთ, - ხოლო ჩვენს ლოცვა-ვედრებაში, მერყევთა და ეჭვებით განმსჭვალულში, არამც და არამც არ ვიქნებით შესმენილნი მის მიერ.

გ) დაბოლოს, ჩვენი ყურადღება იმას მივაპყროთ, თუ როგორ იქცევა, რას ამბობს და რას გრძნობს მოციქული პეტრე სასწაულებრივი თვეზჭერის შემდგომ. შეიძლება გვეფიქრა, რომ სიხარულსა და კმაყოფილებას უნდა აღევსო მისი, საწყალი მეთევზის, გული, ამ იღბლიანი და საკვირველად უხვი თევზჭერის გამო, და რომ სწორედ ამ ბედნიერი, უჩვეულო ნადავლის მოპოვების შესახებ გადმოჰღვრიდა იგი თავის სიხარულით აღბეჭდილ გრძნობებს უფლის წინაშე, და ასევე, თავისი ამხანაგების წინაშე. მაგრამ არა! არაფერი ყოფით-ცხოვრებისეული არ გაისმის მის სიტყვებში! საკუთარი ცოდვების თავმდაბლური, მორჩილი შეგნება და საკუთარი უღირსობის გაცნობიერება უწმიდესი სასწაულმოქმედის გვერდით ასე ახლოს ყოფნით, - აი, რა გრძნობებს გადმოჰღვრის იგი თავის მგზნებარე სიტყვებმი უფალ იესო ქრისტეს წინაშე (მუხლი 8). და განა ჩვენც, ცოდვილნი ესე, ამგვარადვე ვიქცევით მსგავს შემთხვევებმი?! ო, რა ხშირად ღმერთი და ცათაგან მომადლებული წყალობა ღმრთისა კი არ აღავსებს ამქვეყნად ბედნიერად მცხოვრები ადამიანის სულსა და გულს, არამედ - თვითკმაყოფილი გრძნობა რაღაცის ფლობისა და ანგარებიანი მისწრაფება მეტის შეძენისა და სიამოვნებათა მიღებისაკენ! ან კი სად უქრებათ ესევითარ ადამიანებს მანამდე ასე თუ ისე საცნაური თავმდაბლობა და კეთილმოშიში განწყობილება, მათს საქციელში გამომჟღავნებული უწინდელი სიკეთე და ჯანსაღი გრძნობა ღმერთზე და მოყვასებზე დამოკიდებულებისა?! ყოველივე ეს ზოგჯერ ერთბაშად ეკარგებათ მათ და თვითმყოფობისა და დაუმორჩილებლობის გრძნობით ეცვლებათ, დაუმორჩილებლობისა არა მხოლოდ ადამიანებისადმი, არამედ, ალბათ, თვით შემოქმედი ღმერთისადმიც!... ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ ამგვარი გრძნობებისაგან! ისინი ხომ სრულიად არ არიან ქრისტიანული გრძნობები! რამეთუ ყოველი, ნებისმიერი წყალობა, მომადლებული ჩვენდა მაღალი ღმერთის მიერ, პირველ ყოვლისა უცხოველესი მადლიერების გრძნობას უნდა ჰბადებდეს ჩვენში უფალი ღმერთისადმი, მაგრამ, ამავე დროს ჩვენ მარადის განმსჭვალულნი უნდა ვიყოთ ჩვენი უღირსობის გაცნობიერებით უფლის სიწმიდის და სახიერების წინაშე და მარადის გულწრფელად ვაღიარებდეთ, რომ არამც და არამც არა ვართ მისი უსაზღვრო წყალობის ღირსნი!...

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე