მე-19 კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან

სახარება ლუკასაგან (6, 31-36)

„31. (თქვა უფალმან) და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაითა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ. 32. და უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაი არს მადლი თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყუარეთა მათთა ჰყუარობენ. 33. და უკუეთუ კეთილის-მყოფელთა თქუენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ. 34. და უკუეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კუალად მოღებასა, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ცოდვილთა ავასხებენ, რაითა მოიღონ სწორი. 35. ხოლო თქუენ გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით და ნურარას უსასო ჰყოფთ, და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათვისცა და უკეთურთა. 36. იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაი თქუენი მოწყალე არს.“

 

I. დღეს წაკითხულმა სახარებამ შემოგვთავაზა უფლის სწავლება მტრებისადმი სიყვარულისა და ქრისტიანული კვთილმოქმედების შესახებ. განვიხილოთ ეს სწავლება.

„(თქვა უფალმან) და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაითა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ“ (მუხლი 31).

ქრისტეს ეს მცნება მასზედ, რომ სხვებს არ უნდა ვუყოფდეთ იმას, რაც საკუთარი თავისათვის არა გვსურს, არის უპირველესი წესი ქრისტიანულ ანბანში. უამისოდ ვერავინ ვერ შეიქნება სრულყოფილ ქრისტიანად. იმისათვის, რომ პატიოსანნი და მკაცრი ქრისტიანები ვიყოთ, პირველ ყოვლისა, საჭიროა ვიზრუნოთ იმაზე, რომ საკუთარ თავში მტკიცე, კეთილი ხასიათი შევიმუშავოთ, ანუ სამარადჟამოდ გავითავისოთ და განუწყვეტლივ ვცდილობდეთ დავიცვათ კეთილი წესი ცხოვრებაში. ხოლო იმისთვის, რომ ნებელობის ასეთი ძალა შევიძინოთ, უპირველესად ყოვლისა, აუცილებელია საკუთარი თავის შეზღუდვა-შევიწროვება, უარის თქმა საკუთარ ჟინიანობასა და უმთავრეს ვნებებზე, ანუ საჭიროა დავიწყოთ არა დადებითი მცნებიდან, - ესა ჰქმენო, რომ მოგვიწოდებს, არამედ უარყოფითისაგან, - ამასა და ამას ნუ იქმო, რომ გვიბრძანებს: ანუ ჯერ უნდა აღვიკვეთოთ გარკვეული მოქმედებანი, და მხოლოდ ამის შემდეგ ვქმნათ ის, რაც მცნებით გვეუწყება... ამიტომაც იწყებს უფალი თავის სწავლებას სიყვარულის შესახებ ამ სიტყვებით - „ვითარცა-იგი თქვენ გნებავს, რაითა გიყონ კაცთა, და თქვენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ“. დააყენეთ საკუთარი თავი სხვა ადამიანის ადგილას და როგორადაც ისურვებდით, რომ ის სხვა მოგქცეოდათ, თქვენც ისე მოექეცით თქვენს მოყვასს. აბა, რა შეიძლება ამ მოთხოვნაზე უფრო სამართლიანი იყოს?!

მათეს სახარების მიხედვით, უფალმა ზემოთ მოხმობილ სიტყვებს დასძინა - „რამეთუ ესრეთ არს სჯული და წინასწარმეტყველნი“ (7,12), ანუ ამაშია მთელი ძველი აღთქმის არსობრიობაო, ანდა უმთავრესად ეს შეადგენს ძველი აღთქმის შინაარსსაო, რადგან სიტყვებით „სჯული და წინასწარმეტკველნი“ საღმრთო წერილში იგულისხმება და მოიცვება მთელი ძველი აღთქმა. მართალია, მასში უფლის ეს მცნება არ არის გამოხატული პირდაპირ ამ, ანდა მსგავსი სიტყვებით, მაგრამ ესაა სწორედ არსობრიობა იმისა, რასაც ყოველი მორწმუნე იუდეველისაგან მოითხოვდნენ წინასწარმეტყველნი და მთელი საღმრთო სჯულიც ზნეობრივი მიმართებით. სიყვარული და სამართლიანობა - აი, ამ მცნების არსი, და აი, მთელი არსობრიობაც ძველი აღთქმისა. მაგრამ მოვუსმინოთ, თუ რა არის ნათქვამი ამის შემდგომ სახარებაში:

„და უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაი არს მადლი თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყუარეთა მათთა ჰყუარობენ. და უკუეთუ კეთილის-მყოფელთა თქუენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ. და უკუეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კუალად მოღებასა, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ცოდვილთა ავასხებენ, რაითა მოიღონ სწორი“ (მუხლები 32-34).

იმას კი არ შეგვაგონებს უფალი აქ, რომ თითქოს აუცილებელი არ იყოს იმათი სიყვარული, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, და შეწევნის აღმოჩენაც გაჭირვებაში იმათთვის, ვინც ჩვენთვისაც ამასვე იქმს, - არა, არამედ იგი გვეუბნება, რომ ეს ცოტაა მისი მოწაფეებისათვის, ყველა იმათთვის, ვინც ცათა სასუფეველის დასამკვიდრებლადაა მოწოდებული. მოყვარულთა სიყვარული და კეთილისმყოფელთათვის კეთილის-ყოფა ყველასათვის არის დამახასიათებელი, თვით ცოდვილთათვისაც კი.

„ხოლო თქუენ გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით და ნურარას უსასო ჰყოფთ, და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათვისცა და უკეთურთა“ (მუხლი 35).

აი, როგორ სიყვარულამდე უნდა ამაღლდნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები. მხოლოდ ჩვენი მეგობრები და კეთილისმყოფელნი კი არ უნდა გვიყვარდეს, რამეთუ ოდენ ასეთი სიყვარული ვერ შეგვქნის ღვთის სათნო-მყოფელად, არამედ უანგაროდ, თვით სათნოების ძალით უნდა გვიყვარდეს ყველა, ღმერთის სიყვარულის ძალით გვიყვარდეს თვით ჩვენი მტრებიც, რადგან ამგვარი, საღმრთო სიყვარული უკლებლივ ყველა ადამიანზე ვრცელდება, სულ ერთია, როგორნიც არ უნდა იყვნენ ისინი და როგორი მიმართებაც არ უნდა ჰქონდეთ ჩვენდამი, რადგან ისინი, ყველანი, შვილნი არიან ერთი ზეციური მამისა - ღმერთისა. კონტექსტიდან გამომდინარე, და ამავე თავის 22-ე და 26-ე მუხლებთან კავშირში, სადაც საუბარია კაცთაგან მოძულებულ მოციქულთა ნეტარყოფაზე და იმაზე, რომ ადამიანთაგან განდიდებულთა ხვედრიც არასახარბიელოა, - მტერთა ქვეშ, პირველ ყოვლისა, უნდა ვიგულისხმოთ სახარების ქადაგების მოწინააღმდეგენი, რომელთა ზნეობრივი დაღუპვის გამო ქრისტიანები უნდა მწუხარებდნენ. მართლაც, ვინ იმსახურებს უფრო მეტ თანაგრძნობას: მდევნელი თუ დევნილი? უფლის ჯვარის მოძულე, თუ ის, ვინც მას სძულს? თუკი ამას ჯვარისა და ღმერთის სამსჯავროს შუქზე შევხედავთ, ჩვენ, ქრისტიანები, ღრმად უნდა ვმწუხარებდეთ იმ ადამიანთა წარწყმედის გამო, რომელთაც შესძულებიათ წმიდა ქრისტიანული სარწმუნოება და სდევნიან კიდეც მის ჭეშმარიტ აღმსაარებელთ. სახარების ქადაგების მტერნი აწინდელ ცხოვრებაშიც მძაფრ შინაგან ტანჯვას განიცდიან თავიანთ დანაშაულებრივ სინდისში და თუკი არ შეინანებენ ხოლმე, საშინელი შინაგანი და გარეგანი ტანჯვით კვდებიან ღმერთის საშინელი სამსჯავროს წინასწარი გრძნობის გამო. ჰეროდე მეფემ, კაცობრიობის ახლადშობილი გამომსყიდველის მოძულემ, - როცა შეიტყო მოგვები სხვა გზით დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანში და მას არ შეატყობინებდნენ მომავალი მეუფის ადგილსამყოფელს, ყოვლად არაადამიანური ბრძანება გამოსცა და მამრობითი სქესის ყველა ყრმა დაახოცინა ბეთლემსა და მის გარემო დაბა-სოფლებმი - ორი წლისანი და უმრწემესნი, რადგან იმედოვნებდა, რომ მათ შორის იესოსაც მოჰკლავდა. მაგრამ უფალმა არ დაუშვა ჰეროდეს მზაკვრული გეგმის შესრულება, და ეს პირსისხლიანი მეფეც მალე ამის შემდეგ საშინელი ტანჯვით მოკვდა: იგი ცოცხლადვე შეჭამეს მატლებმა. ეს სასტიკი სნეულება, ისტორიის მოწმობით, ტირანებს მოსწყლავდა ხოლმე, რომლებიც მძვინვარე მრისხანებას დამონებულნი სხვათა სისხლსა და მკვლელობებში იყვნენ ბრალეულნი. ძალზე ჭკუის სასწავლია ჰეროდეს სიკვდილი უკეთურთათვის: ფუფუნებით გარემოცული იგი ბრწყინვალე სასახლეში იწვა, რომელიც იერიქონის პალმათა შორის აეგო, უმძიმესი სენით მოცული, ვნებული შინაგანი ცეცხლით, წყურვილით, გარშემორტყმული თავისი შეთქმული ძეებით, რომელთაც მისი სიკვდილი სანატრელი გახდომდათ. იწვა იგი და სიკვდილს ელოდა, როგორც ხსნას ამ ენით უთქმელი - სშინელი ტანჯვისაგან, ყველასგან მოძაგებული და ყველას მომძაგებელი. მაგრამ ამავე დროს მას ეშინოდა კიდეც სიკვდილისა, როგორც უარეს სატანჯველთა მომტანისა. და იწვა იგი, ეს ურჩხული, შესაზარი გარშემომყოფთათვის, მაგრამ კიდევ უფრო შესაზარი საკუთარი თავისათვის დანაშაულებრივი სინდისის გამო, - იწვა სიკვდილამდე უკვე განხრწნილი, მატლებდასეული, ხილულად დასჯილი საღმრთო სასჯელით სამოცდაათწლიანი საძაგელი ცხოვრებისათვის, და თავის გარდარეულ სიგიჟეში, სიცოფეში სიკვდილის ჟამს მოელოდა. და როცა მან, ასეთ მდგომარეობში მყოფმა მომაკვდავმა შეატყო, რომ არც ნათესავ-ახლობელთა შორის და არც მასთან დაახლოებულ პირთა შორის არავინაა მასზე მოტირალი, გადაწყვიტა ეიძულებინა ისინი სხვათა გამო ეტირათ: თავის ცოფიან მრისხანებში გამოსცა ბრძანება, რომ სამეფოს ყველა წარჩინებული გვარის წარმომადგენლები და ტომების წინამძღოლნი, სიკვდილით დასჯის შიშით ამ ბრძანების შეუსრულებლობისათვის, ქალაქ იერიქონში შეკრებილიყვნენ, ხოლო თავის დას, სოლომონიას, ფარულად უბრძანა ყველა ისინი მოეკვლევინებინა მისი, ჰეროდეს სიკვდილის ჟამს. ამგვარად განიზრახა სისხლში ჩამხრჩვალმა ამ ტირანმა თვით აგონიის მდგომარეობაშიც კი საზარელი მკვლელობანი, და ამგვარად შთახდა ჰეროდეს შავბნელი სული ჯოჯოხეთის წყვდიადში. მეორე ჰეროდემ, რომელმაც ბრძანა თავი მოეკვეთათ იოანე ნათლისმცემლისათვის და რომელიც დასცინოდა იესო ქრისტეს, დამცირებასა და გადასახლებში უსახელოდ დაასრულა სიცოცხლე. მესამე ჰეროდე, რომელმაც ბრძანა თავი მოეკვეთათ მოციქულ იაკობისათვის, იონეს ძმისათვის და მოციქული პეტრეც საპყრობილეში ჩააგდებინა, უფლის ანგელრნმა განგმირა იმის გამო, რომ მან დიდება არ აღუვლინა ღმერთს „და იქმნა იგი მატლთა შესჭმელ დასულნი წარჰხდეს“ (საქმე მოციქ. 12,23). ამგვარად, ქრისტიანობის უბედური მტრები რისხვასა და შურისძიებას კი არა, თანაგრძნობას და მათთვის ლოცვას იმსახურებენ ღმერთის წინაშე.

„და იყოს სასყიდელი თქვენი მრავალ“, - ეუბნება უფალი იმათ, ვისაც ეყვარება თავისი მტრები. რაკი ისე ცხოვრობენ ამქვეყნად, როგორც ღმერთის ჭეშმარიტი შვილები, და მთელის გულითა და სრულის სულით შეჰყვარებიათ სიკეთე, ისინი ამაქვეყნიურ ცხოვრებშიც განიცდიან ამაღლებულ ზნეობრივ სიმშვიდეს: თავიანთ გულებში მათ უკვე შეუძენიათ მადლმოსილი სასუფეველი ღმრთისა, რომელიც, წმიდა პავლე მოციქულის სიტყვით, არის „სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა“ (რომ. 14,17). სწორედ ამ სულიერი სიხარულით, ამ წმიდა მგზნებარებითა და აღტაცებით მიდიოდნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებელნი სატანჯველთა და სიკვდილის მისაღებად, რადგან სურდათ მალე შეერთებოდნენ თავიანთ მაცხოვარ უფალს ცათა შინა, სადაცა მათ უდიდესი საუკუნო საზღაური მოელით ზეციური მამისაგან.

„და იყვნეთ ძე მაღლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათვისცა და უკეთურთა“, - ეუბნება უფალი საკუთარი მტრების მოყვარულ ქრისტიანებს, რამეთუ ღმერთი, თავისი გამოუთქმელი მოწყალებით, არ მოაკლებს ცოდვილ ადამიანებსაც თავის წყალობათ. იგი არის „ტკბილ“, ანუ კეთილი უმადლოთათვისაც და უკეთურ, ბოროტ ადამიანთათვისაც. იგი უბრძანებს თავის ქმნილებას - მზეს, ყოველდღე აღმოხდებოდეს და უნათებდეს ყველას, ბოროტთაც და კეთილთაც, და წვიმასაც ერთნაირად უგზავნის მართალთაც და ცრუთაც (მათე 5,45). და მას ნებავს, რომ ადამიანებიც, გამოსყიდულნი ცოდვის, სიკვდილისა და ეშმაკის ტყვეობისაგან იესო ქრისტეს ყოვლადწმიდა სისხლით, ამგვარი სიყვარულით იყვნენ აღვსილნი თავიანთი მოყვასებისადმი. „ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, - გვასწავლის უფალი თავის ქადაგებაში მთაზე. - რამეთუ ისინი ძედ ღმრთისა იწოდნენ!“ ყელაზე უტყუარი ნიშანი ღმერთის ძედ ყოფნისა არის ის, რომ ესევითართ ნამდვილად უყვართ თავიანთი მტრები, აკურთხევენ თავიანთ მაწყევართ და ლოცულობენ თავიანთი მაწყინებლებისათვის, - ისინი ყოველთვის ყველას კეთილს-უყოფენ და ავასხებენ ისე, რომ კვლავ მოღებას არ ესვენ.

„იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაი თქუენი მოწყალე არს“ (მუხლი 36).

ასე ასრულებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის საკვირველ ღვთაებრივ სწავლებას მტრების სიყვარულის შესახებ. მორწმუნე ადამიანის გულის სწორი განვითარების ჭეშმარიტი, უაღმატებულესი მიზანი მდგომარეობს გამუდმებულ მისწრაფებაში ღმერთისადმი: რათა ჩვენც ისეთივე მოწყალენი ვიყოთ, როგორიც ჩვენი ზეციური მამაა. სიყვარულს - კაცობრივი გულის ამ დიად მოთხოვნილებას - თავისი დასაბამი ღმერთის არსობრიობში აქვს. „ღმერთი სიყვარული არს“, - გვასწავლის წმიდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი (I იოანე 4,16). თავისი სიყვარულის სისრულით მან კეთილად ინება თავის ხატად და მსგავსად შეექმნა ადამიანი. მან ისეთი გული მოჰმადლა მას, რომელსაც აქვს უნარი და მიდრეკილებაც იმისა, რომ ღმერთი და მოყვასნი უყვარდეს, და ამ სიყვარულში ჰპოვებდეს თავისთვის უმაღლეს ნეტარებას. თუკი სიყვარული ადამიანში ღმერთის არსობრიობის ნაწილია, თუკი მას თავისი დასაბამიცა და დასასრულიც უფალ ღმერთში აქვს, მშინ ცხადია, რომ ჭეშმარიტი სიყვარული ვერასდროს ვერ დამშვიდდება ხილულსა და სასრულში, არამედ იგი შეუკავებლად მსწრაფველი იქნება უსაზღვროებისაკენ, შემოქმედი ღმერთისაკენ, რათა მის უაღმატებულეს სიყვარულში ჰპოვოს თავისთვის მოსვენება. ამრიგად, უფალ იესო ქრისტეს ეს მცნება - „იყვენით თქვენ მოწყალე, ვითარცა მამაი თქვენი მოწყალე არს“ - არის ადამიანის გულის უღრმესი მოთხოვნილება. ღმერთმა, თავისი გამოუთქმელი სიყვარულით, ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შეჰქმნა და მას შემდგომ მარადის ფიქრობს და ზრუნავს მასზე თავისი საღმრთო განგებულებით; მან თავისი მხოლოდშობილი ძეც კი მისცა ტანჯვისათეის ადამიანთა გამოსასყიდად; იგი სულიწმიდის საღმრთო მადლს გვანიჭებს ჩვენ, მორწმუნე ადამიანებს საიდუმლოთა მეშვეობით ჩვენს განსამტკიცებლად სიკეთეში. და ამგვარი, ენითუთქმელი საღმრთო წყალობით კეთილმოქმედებულნი, ჩვენ ყოველ ღონეს უნდა ვხმარობდეთ იმისათვის, რომ ღმერთის ჭეშმარიტნი ძენი ვიყოთ - დამამკვიდრებელნი ცათა სასუფეველისა.

 

II. ამრიგად, ჩვენ დავასრულეთ დღეს წაკითხული სახარების განმარტება. აწ რა სწავლა-დარიგებას მოვიღებთ მისგან, გამოსაყენებელს ჩვენს ცხოვრებში?

ა) თავისი ღვთაებრივი სწავლით უფალი დაგვმოძღვრავს, რომ ჭეშმარიტი სიკეთის მისაღწევად, მოსაპოვებლად, ჩვენ ისე უნდა ვეპყრობოდეთ ადამიანებს, როგორ მოპყრობასაც თავად ვისურვებდით მათგან (მუხლი 31). გამუდმებით გახსოვდეთ ეს წესი მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე, და თქვენ შეძლებთ მრავალი გადაცდომა და ცოდვა აიცილოთ თავიდან, ხოლო მოყვასს - ააცილოთ მრავალი უსიამოვნება და უბედურება. აი, მაგალითად, თქვენ სულაც არა გსურთ, რომ თქვენს შესახებ და თქვენი ოჯახის შესახებ ზედმეტს, უჯეროს, ცუდს ლაპარაკობდნენ. თუ ასეა, მშინ თქვენც ფრთხილნი იყავით სხვებზე ლაპარაკისას. ანდა თქვენ სულაც არა გსურთ, რომ ვინმემ გაწყენინოთ ან ცილი დაგწამოთ. მაშინ ნურც თქვენ ნუ აწყენინებთ ნურავის და ცილსაც ნუ დასწამებთ. კვალად, თქვენ არამც და არამც არა გსურთ, რომ თქვენი ქონება-სამკვიდრებელი სხვას ჩაუვარდეს ხელში, ხოლო თქვენ და თქვენი ოჯახი სიდუხჭირეს ეწიოთ და შიმშილობდეთ. ამიტომ თქვენი საკუთარი, პატიოსანი შრომით შეიძინეთ იგი, რამეთუ ბოროტებით მოპოვებული ბოროტადვე წარხდება. და რამდენ მაგალითს წარმოგვიდგენს ამის თაობაზე ჩვენი ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება! ზოგნი უდიდეს ქონებას იხვეჭენ ყოველნაირი უსამართლობით, პატიოსან მშრომელ ადამიანთა წყინებითა და დაჩაგვრით, მათი შრომის, ხელფასისა და პატივის მითვისებით. ესევითარი თავის სიცოცხლეშივე დაინახავს, თუ როგორ ეკარგება თავის მიერ უსამართლოდ ნაშოვნი ქონება, როგორ ხდება იგი იმ ადამიანთა ნადავლად, რომლებიც ზოგჯერ მასაც უმართლოდ ეპყრობიან. აი,სწორედ მაშინ აღსრულდება უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ“ (მათე 7,2).

ამრიგად, ქრისტიანული ცხოვრება ფრთხილი, სმართლიანი მოქცევით დაიწყეთ სხვა ადამიანების მიმართ: დაინდეთ, გაუფრთხილდით სხვების პატივს, ღირსებას, სხვათა სიცოცხლესა და ქონებას, და ამასთან, გამუდმებით გეხსომებათ რა პირველი წესი, თქვენი გული დადებითი კეთილისმოქმედებისათვის განაწყვეთ, ანუ არა მხოლოდ იმას ეცადეთ, რომ ბოროტი არ ჩაიდინოთ, არამედ, და უმთავრესად, იმას, რომ უსათუოდ იქმოდეთ, განუწყვეტლივ და რაც შეიძლება ხშირად, სიკეთეს, და ამას უყოფდეთ არამხოლოდ თქვენს ახლობელ-ნათესავებს და მეგობრებს, არამედ უცხო ადამიანებსც: და არა მხოლოდ თქვენი გულისათვის მახლობელ ადამიანებს, არამედ - მტერთაც. აი, სწორედ ამაში, ამის შეძლებისდაკვალობაზე აღსრულებში მდგომარეობს კიდეც ქრისტიანული ცხოვრების მიზანი.

ბ) სხვა სამოძღვრებო გაკვეთილი, რომელსაც ჩვენ დღეს წაკითხული სახარებიდან ვიღებთ, იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ თვით ჩვენი მტრებიც უნდა გვიყვარდეს (მუხლი 35). როგორ არის შესაძლებელი ეს? სამართლიანი იქნება კი ჩვენი მტრების სიყვარული და იმ ადამიანთა კეთილის-ყოფა, რომლებიც შეურაცხგვყოფენ ჩვენ სიტყვით თუ საქმით, შეაგინებენ ჩვენს ღირსებას, გვართმევენ ჩვენს საკუთრებას, და ზოგჯერ თვით ჩვენს სიცოცხლესაც ხელ-ყოფენ?

სიყვარული არის გულისმიერი გრძნობა თუ მოძრაობა, ხოლო ჩვენ, როგორც ამბობენ, არ ძალგვიძს გულის ამ მოძრაობის წარმართვა: მაშ, როგორღა უნდა შევძლოთ მტრისადმი სიყვარულით აღვსება? - მტრებისადმი სიყვარული არა მხოლოდ არ მიემძლავრება ადამიანის გულის ბუნებრივ მისწრაფებებს, არამედ, პირიქით, არის უმაღლესი სამართლიანობა და უეჭველ დადასტურებად ემსახურება ადამიანის გულის სწორ, ამაღლებულ განვითარებას ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ღვთაებრივი სწავლების სულისკვეთებით.

ადამიანის მხრიდან სიყვარულის უზენაესი და ყველაზე ღირსეული საგანია თვით ჩვენი ზეციური მამა - შემოქმედი ღმერთი. მაგრამ ღმერთისადმი ჭეშმარიტ სიყვარულზეა დაფუძნებული ჩვენი ჭეშმარიტი და სამართლიანი სიყვარული მოყვასისადმიც. თუკი ადამიანს მთელი თავისი გულით და მთელი თავისი სულით უყვარს ღმერთი, მაშინ მას უსათუოდ ეყვარება თავისი მოყვასნიც, ვითარცა ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილი თავისნაირი გონიერი ქმნილებანიც. მას მოყვასნი ეყვარება ღმერთის გულისათვის, ცათა სასუფევლის გულისათვის და ყოველთვის შეეცდება შეეწიოს მათ სათნოებებმი განმტკიცებისათვის ცხოვნების გზაზე. ასეთი მართებული მიმართებისას მოყვასისადმი, თუკი ჩვენ ვნახავთ ადამიანს, ზნეობრივად წარმხდენელს და დამმახინჯებელს თავისი ბუნებისა და ჩვენს მაწყინებელს, ჩვენთვის ზიანის მომტანს, მაშინ შეგვიძლია კი გვძულდეს იგი და ვავნებდეთ მას? - არა და არა. ჩვენ შეგვიძლია მისი ბოროტი ქმედებანი გვძულდეს, რომლებსაც ზიანი მოაქვთ ჩვენთვის და რომლებითაც ასეთი ადამიანი ღმერთის უწმიდეს კანონს არღვევს მოყვასისადმი სიყვარულისა; ხოლო თვით ამგვარი ადამიანი ჩვენ უნდა გვეწყალვოდეს, უნდა ვმწუხარებდეთ მის გამო და მის გამოსწორებას ვცილობდეთ, ვლოცულობდეთ მისთვის. ასეთი შინაგანი განწყობიდან ჩვენი მტრისადმი უსათუოდ აღმოცენდება იმის სურვილიც, რომ დავივიწყოთ მის მიერ ჩვენთვის მოყენებული ბოროტება და დავეხმაროთ მას, უბედურსა და საწყალობელს, გამოსწორებაში და სიკეთის გზაზე მოქცევაში. ამასთანავე, აუცილებელია შევნიშნოთ, რომ სხვა არაფრით არ შეიძლება ისე ქმედითად მოვახდინოთ ზეგავლენა ჩვენს მტერზე მისი ზნეობრივი გამოსწორების მიზნით, როგორც კეთილი საქმით. აი, მოყვასმა ზიანი მომაყენა: იგი ბუნებრივად მოელის ჩემგანაც, რომ მეც ვეცდები რაიმე ზიანი მივაყვნო მას, შური ვიძიო მასზე, და მოულოდნელად ზიანის ნაცვლად იგი კეთილმოქმედებას მიიღებს ჩემგან. ჩვენი ასეთი დიდსულოვნება შეაშფოთებს, დააფიქრებს მას, და იგიც, თუკი სრულებით წახდენილი ადამიანი არ არის ზნეობრივად, ადრე თუ გვიან პატიებას გვთხოვს თავისი ბოროტი მოქმედებისთვის ჩვენდამი. და მაშინ ჩვენ ცათა სასუფეველისათვის შევიძენთ მოყვასს, ძმას. ამგვარად, გულისსწორი, ჯეროვანი განვითარებიდან ღმერთისადმი და მოყვასისადმი ჭეშმარიტ, სამართლიან სიყვარულში, გარდაუვლად გამომდინარეობს სიყვარულიც მტრებისადმი, რადგან ჩვენი მოყვასი ამქვეყნად მცხოვრები უკლებლივ ყველა ადამიანია, ჩვენი მოყვარეცა და ჩვენი მოძულეც. მაშ, სწორედ ეს ჭეშმარიტი სიყვარული აღვიგზნოთ ჩვენს გულში და მარადის მისით ვჰგიებდეთ ღმერთის სადიდებლად და ჩვენსავ საცხოვნებლად.

გ) დაბოლოს, აწინდელი სახარება იმ ჭეშმარიტებას განგვიცხადებს, რომ მოწყალების მიერ ჩვენ ძალგვიძს ღმერთს მივემსგავსოთ (მუხლი 35). წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი შემდეგნაირად გვასწავლის ამასთან დაკავშირებით: „არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანს ღმერთთან, როგორადაც კეთილმოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ უფალ ღმერთს შეუდარებლად უფრო მეტის კეთილმოქმედება ძალუძს, ხოლო ადამიანს - შეუდარებლად ნაკლების, თავისი ძალების შესაბამისად. ღმერთმა ადამიანი შეჰქმნა, და კვლავ და კვლავ აღადგენს მას ხრწნილებისაგან, შენ კი, უკიდურეს შემთხვევაში დაცემულს მაინც ნუ მოიძაგებ. ღმერთმა ადამიანს უდიდესი მოწყალება აღმოუჩინა, როცა, გარდა ყოველივე სხვისა, მოსცა მას თავისი საღმრთო სჯული, წინასწარმეტყველნი, ხოლო ჯერ კიდევ მანამდე - ბუნებითი, დაუწერელი სჯულიც, - ეს მარადიული გამომცდელი ჩვენი საქმეებისა; როცა ამხილებდა ადამიანებს, შეაგონებდა მათ, სწორი ცხოვრებისაკენ წინამძღვრობდა, და ბოლოს, როცა საკუთარი თავიც მსხვერპლად მისცა კაცობრიობის გამოსასყიდად და საცხოვნებლად; როცა მოგვმადლა ჩვენ მოციქულნი, მახარებელნი, მოძღვარნი, მწყემსნი, კურნებანი, სასწაულები, ცხოვრებად დაბრუნება, სიკვდილის საქმეთა დარღვევა, ნიში ჩვენი მძლეველის ძლევისა, და კვალად აღთქმა კარვისა და აღთქმა ჭეშმარიტებისა, სხვადასხვა ნიჭნი სულიწმიდისა და საიდუმლონი ახალი ხსნისა, ახალი ცხოვრებისა. და თუკი შენ ძალგიძს შენს მოყვასს უზენაესი კეთილმოქმედება აღმოუჩინო, რომელსაც სულისთვის მოაქვს სარგებლობა, უარს ნუ იტყვი ამის ქმნაზე - ემსახურე ამით შეჭირვებულს, მის ცხოვნებას: ხოლო თუკი ამგვარ სახედ არ ძალგიძს ემსახურო მოყვასის ცხოვნებას, მაშინ თუნდაც ნაკლები კეთილმოქმედებანი აღმოუჩინე მას შენი შეძლებისდა კვალობაზე, ისეთნი, რომელთაც მეორე ადგილი უკავიათ და რომელნიც არ აღემატებიან შენს ძალებს. შეეწიე მას, მიეცი საზრდო, შესამოსელი! მიუტანე საკურნებელი წამალი, შეუხვიე ჭრილობები, გამოჰკითხე, რა გიჭირს, რა გესაჭიროება, ესაუბრე მას მოთმინების შესახებ“ (სიტყვა გლახაკთადმი სიყვარულის შესახებ წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა).

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე