22-ე კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან

სახარება ლუკასაგან (16, 19-31)

„19. (თქვა უფალმან იგავი ესე:) კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ. 20. გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა. 21. და გული-ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან, გარდამოცვივნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა. 22. იყო სიკუდილი გლახაკისაი მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა. 23. და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თვისნი, იყო რაი სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა. 24. და მან ხმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაითა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაი წყალსა და განმიგრილოს ენაი ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაითა. 25. ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები. 26. და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაითა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ხელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსლვად. 27. ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა, 28. რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაითა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა. 29. ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინაისწარმეტუელნი, მათი ისმინედ. 30. ხოლო მან (მდიდარმა) თქუა: არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკუეთუ ვინმე მკუდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ. 31. ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთაი არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ.“

 

I. აწინდელი კვირის სახარებაში ეკლესია ჩვენს ყურადღებას სთავაზობს უფლის იგავს მდიდარი კაცისა და გლახაკი, დავრდომილი ლაზარეს შესახებ, რომელშიც გადმოცემულია მათი ხვედრი სიკვდილამდე, ქვეყნიურ ცხოვრებაში, და სიკვდილის შემდეგ, საიქიო ცხოვრებაში. განვიხილოთ ეს საკითხავი.

ერთი მეცნიერი ამ იგავთან დაკავშირებით შემდეგს ამბობს: „იგავი მდიდრისა და ლაზარეს შესახებ არ არის გამონაგონი, ნათქვამი უფლის მიერ მსმენელთა შესაგონებლად: იგი პირადად განეკუთვნება პირველმღვდელმთავრის ანნას ოჯახს და მის ხუთ ვაჟიშვილს. რამეთუ ებრაელი ერის ისტორიაში ასეთი კაცი, მდიდარი, ხუთი ძმის მქონე, და, მსგავსად ანნა მღვდელმთავრისა, სრულიად ურწმუნო, ვისაც არც მოსე სწამდა და არც წინასწარმეტყველნი, რის გამოც არც, ცხადია, მომავალი საღმრთო სამსჯავროსი არ ეშინოდა, - ასეთი კაცი შეუძლებელია კაიაფასთან არ გავაიგივოთ, ანნას სიძესთან (იოსებ ფლავიოსი. „სიძველენი“, XX,1), რომლებიც თანმიმდევრობით იკავებდნენ მღვდელმთავართა თანამდებობებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველანი სადუკეველნი იყვნენ. სადუკეველთ კი, სახარების მოწმობით, არა სწამდათ სულის უკვდავება და საიქიო ცხოვრება“. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ შეუძლებელია თვალში არ გვეცეს ის გარემოება, რომ ამ იგავით უფალმა იესო ქრისტემ თავისი მომავალი განმსჯელი მღვდელმთავარი განიკითხა ჯერ კიდევ დიადი დღის დადგომამდე. აწ კი ჩვენი ყურადღება დღევანდელი საკითხავის გულისხმის-ყოფას მივაპყროთ.

„(თქვა უფალმან იგავი ესე:) კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ. გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა“ (მუხლები 19-20).

აქ უფალი მაგალითად წარმოგვიდგენს არა ვიღაც დიდ ბოროტმოქმედსა და საღმრთო სჯულის აშკარა უგულებელმყოფელსა და მომძაგებელს, და არა დიდ, მართალ, კეთილმსახურ ადამიანს, რომლის სათნოებათა წინშე ყოველი ქრისტიანი ღრმა მოწიწებით აღივსებოდა, რამეთუ ამგვარ ადამიანთა მომავალი ხვედრის შესახებ არავის არ შეიძლება ეჭვი დაებადოს, - არამედ წარმოგვიდგენს ორ ისეთ ადამიანს, რომელთა მსგავსიც არის კიდეც ადამიანთა უდიდესი ნაწილი, - კერძოდ კი, მდიდარ კაცს, რომლის მთელი დანაშაული, ალბათ ის იყო, რომ ის მდიდარი იყო და ყველაზე მეტად ქვეყნიური კეთილდღეობა შეჰყვარებოდა, და გლახაკ კაცს, ლაზარეს, რომლის მთელი დამსახურებაც, როგორც ვხედავთ, იყო ის, რომ იგი სრულიად უქონელი და დავრდომილი იყო, და მორჩილად იტანდა თავის ხვედრს. მაგრამ რატომ არის, რომ გლახაკი ამ იგავში სახელითაა წოდებული, მდიდარი კი - არა? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უფალმა იესო ქრისტემ, ასეთ კაცზე საუბრისას, რომლის ცხოვრებაც არ იყო შექების ღირსი, იმისთვის არ მოიხსენია იგი სახელით, რომ, ჯერ-ერთი, ჩვენთვისაც ჩაეგონებინა, რომ როცა ადამიანთა მანკიერებებს ვამხელთ, უნდა დავინდოთ ხოლმე მათი ღირსება და არ გავამხილოთ მათი სახელები, მეორეს მხრივ კი იმის საჩვენებლად, რომ კეთილი ადამიანის სახელი, დაე, თუნდაც დავრდომილი გლახაკი იყოს, უფრო მეტად იმსახურებს მოხსენიებასა და სხვათათვის ცნობილად ყოფნას, ვიდრე მანკიერი მდიდრის სახელი. მაგრამ რა მიზნითაც არ უნდა დაედუმებინა მაცხოვარს მდიდრის სახელის ხსენება, ეს გარემოება უკვე თავისთავად ღირსშესანიშნავია. რამეთუ ეს მდიდარი კაცი, რომელსაც მის სიცოცხლეში, რა თქმა უნდა, ყველა კარგად იცნობდა და რომლის შესახებაც ყველა ლაპარაკობდა, ხოლო პირმოთნე მაამებელნი - მისი თანამეინახენი ნადიმებზე, ალბათ, განადიდებდნენ და ხოტბა-დიდებასაც ასხამდნენ, ზოგნი კი, ვინძლო, მისი სახელის უკვდავ-ყოფასაც აღუთქვამდნენ, - ეს მდიდარი კაცი სრულიად მივიწყებულია სიკვდილის შემდეგ, მისი სახელი უცნობი ხდება ყველასათვის და მას მხოლოდ ღმერთის საშინელ სამსჯავროზე მოიხსენიებენ, რათა შემდეგ იგი სამარადჟამოდ ჯოჯოხეთის წყვდიადში მიეფაროს. და პირიქით, გლახაკი ლაზარეს სახელი, რომელსაც სიცოცხლეში არავინ აქცევდა ყურადღებას და რომელიც ყველასაგან უგულებელყოფილი და მოძაგებული იყო, ქრისტეს სახარებაში იქნა ჩაწერილი, მის ეკლესიაში იკითხება და სამარადჟამოდ ქება-დიდებით იქნება მოხსენიებული!

„კაცი ვინმე იყო მდიდარი“, - ამ სიტყვებიდან არა ჩანს, რომ მისი სიმდიდრე რაიმე უღირსი საშუალებებით ყოფილიყოს მოპოვებული. ასეთი სიმდიდრე აშკარად იღაღადებდა ზეცისადმი მდიდრის უკეთურებაზე. მაგრამ მეორეს მხრივ, ისიც არა ჩანს, რომ ეს სიმდიდრე მდიდარ კაცს თავისი შრომით ჰქონდეს მოპოვებული. არა, არამედ უბრალოდ „კაცი ვინმე იყო მდიდარი“. თავად ღმერთის განგებულებამ ჩააბარა მას სიმდიდრე მისი შობისთანავე ამქვეყნად. და მთელი მისი დამსახურება მხოლოდ ის უნდა ყოფილიყო, რომ ჯეროვნად გამოეყენებინა ეს სიმდიდრე, როგორც დაუმსახურებლად მიღებული საღმრთო საბოძვარი. მაგრამ როგორ იყენებს მდიდარა კაცი თავის სიდიდრეს? „იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ“. თუმცა ცხადია, რომ ამაში ჯერ კიდევ არ არის ბოროტმოქმედება. მდიდარი კაცი ისე ცხოვრობდა, როგორც უნდა ეცხოვრა კიდეც, თავისნაირ ადამიანთა აზრით, ყოველ მდიდარ ადამიანს, და - ამაში, კაცობრივი განსჯით, მას არანაირი დანაშაული არ ჰქონდა. მაგრამ ამგვარი როდია ღმერთის მსჯავრი; ასე როდი სჯის საღმრთო სიტყვა კაცობრივ საქმეებს. მდიდარი კაცი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რაც შეიძლება მეტად აამოს თავის სხეულს, რაც შეიძლება უმჯობესად მოასვენოს იგი და არაფერს არ მოიმოქმედებს თვისი სულისათვის, რომლისათვის უფრო მეტად, ვიდრე სხეულისათვის ბისონითა და ძოწეულით შემოსვა, აუცილებელია შემოსვა კეთილი საქმეებითა და სათნოებებით, უკვდავი საზრდოს - ღვითს სიტყვის მიღებაც. მდიდარი მხოლოდ საკუთარი თავის შესახებ ფიქრობს, და სულ არ ახსენდება შემოქმედი ღმერთი, რომლის ხელთაგანაც მას მიუღია კიდეც თავისი ყოველი სიკეთე; ასევე ერთი სიტყვაც არ წამოსცდება მოყვასთა შესახებ, რომელთათვისაც, ჯერ-იყო, მას გაენაწილებინა კიდეც ღმერთის საბოძვარნი. მდიდარი პორფირით, ძოწეულითა და ბისონით იმოსება და სულ არ ფიქრობს იმაზე, რომ ქვეყნად ათასობითაა ისეთი უქონელი ადამიანი, რომელთაც არაფერი აქეთ თავიანთი სიშიშვლის დასაფარავად; იგი დღითი-დღე განიხარებს, ქეიფობს, დროს ატარებს, შვება-სიამეთა შორის განსცხრება, და სულ არ ახსენდება ის, რომ სხვა, მის გვერდით მცხოვრებ ადამიანებს მთელი ცხოვრების მანძილზე ცრემლნი არ უშრებათ თვალზე და მისი სუფრიდან გადაყრილი ნარჩენებიც კი ენატრებათ. მრავალმოთმინე უფალმა ღმერთმა თავადვე მიუახლოვა მას ის, ვინც მისი თანაგრძნობის საგანი უნდა გამხდარიყო, - გლახაკი ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა და ნამუსრევისაგან მცირეოდენს მოელოდა. მაგრამ მდიდრის გული უგრძნობელი დარჩა ლაზარეს დანახვისასაც. უფლის მიერ ბოძებულმა ამ წყალობამაც, რათა კეთილი საქმეები გამოეწვია მდიდარში, არ გამოიღო ნაყოფი. არა, მხოლოდ ბოროტ საქმეთაგან თავის შეკრძალვა როდი ფასდება საღმრთო სამსჯავროზე, არამედ, უფრორე, კეთილ საქმეთა აღსრულება, რამეთუ სჯულის აღმსრულებელნი - ესენი განმართლდებიან. საუკუნო ცხოვრება არის ჯილდო, რომელიც რწმენით, სასოებით და სიყვარულით, ყოველივე კეთილსა და საღმრთოში დაშვრომით უნდა დავიმსახუროთ.

ძოწეული - ძოწისაგან შექმნილი შესამოსელია, მოსასხამის, მანტიის სახით შეკერილი და მასზე მიკრული ყარაყუმის ბეწვით. ძოწად იწოდებოდა ან მკვეთრად წითელი, ანდა მოწითალო-იისფერი ნიჟარა, რომელსაც ხმელთაშუა ზღვაში მოიპოვებდნენ ძოწის წითელი საღებავის დასამზადებლად, თუმცა უფრო ხშირად იყენებდნენ და ამჟამადაც იყენებენ ხელოვნური ძოწის საღებავებს, დამზადებულთ ბუჟღენდისაგან და სხვადასხვა მცენარეული ნივთიერებისაგან. ძოწის - პორფირის საღებავს ძველთაგანვე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა - იგი იყო სამეფო დიდებულების სიმბოლო. ამიტომაც ძოწეულის შესამოსელს, შეღებილს წითლად ძოწის საღებავით, სამეფო შესამოსელად მიიჩნევდნენ, - ასე, რომ ძოწეულით შემოსვა სამეფო ძალაუფლებით შემოსვას ნიშნავდა (I მაკაბ. 8,14). კვალად, როცა მეფეებს სურდათ ვინმე თავიანთი განსაკურთებული ნდობითა და ხელისუფლებით აღეჭურვათ და პატივ-ეყოთ, სამეფო პორფირით - ძოწეულით შემოსავდნენ ხოლმე მას (ესთერი 6,8; 8,15; დანიელი 5,7 და სხვა). აქედან გამომდინარე, ხშირად მდიდარი და წარჩინებული ადამიანებიც, თავიანთი გადამეტებული მზვაობრობისა და ფუფუნების სიყვარულის გამო, ძოწეულითაც იმოსებოდნენ.

ბისონად იწოდებოდა ძალზე ფაქიზი და ძვირადღირებული ქსოვილი, რომელსაც შესამოსელად იყენებდნენ მდიდარი ადამიანები, ანდა ქურუმნი, რომელნიც მას საჯარო მსახურებათა დროს იცვამდნენ. ეს ქსოვილი ხშირად არის მოხსენიებული საღმრთო წერილში, რადგან მისით იმოსებოდნენ მეფენიც, მღვდლებიც და მდიდარი ადამიანებიც. ამრიგად, იგავში მოხსენიებული მდიდარი კაცი ორივე ამ განსაკუთრებულ ქსოვილს იყენებდა თავის შესამოსელად, რითაც ცხადად წარმოაჩენდა, რომ მეტად მდიდარი და მზვაობარი ადამიანი იყო.

„გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა“ (მუხლი 20).

ეს მეორე პიროვნებაა, რომლის ხვედრიც სრულიად საწინააღმდეგოა პირველის ხვედრთან შედარებით ამქვეყნადაც და საიქიო ცხოვრებაშიც. თვით სიტყვა „ლაზარ“ - ებრაულად ნიშნავს „შეწევნის მთხოვნელს ყველასაგან“, ადამიანს, რომელიც სხვათა დახმარებას საჭიროებს და ამის გამო ითხოვს კიდეც მოწყალებას.

გლახაკთა სიმრავლე ჩვეულებრივი ამბავია აღმოსავლეთისათვის. სირიაში დღესაც შეიძლება მდიდართა სახლ-კარის წინ ღარიბ-გლახაკთა მთელი ჯგრო ნახოთ, რომლებიც აქ მოწყალების მიღების იმედით მოკალათებულან სახლმი შემსვლელთა თუ გამომსვლელთაგან. ხოლო განსაკუთებით დიდი სიმრავლე მათხოვრებისა სადღესასწაულო დღეებში იყრის თავს, როცა ყველა შეძლებული ადამიანი დიდი ოდენობით განამზადებს სანოვაგეს... გარდა ამისა, აღმოსავლეთის ცხელი ჰავის გამო მომზადებული საჭმელი იქ დიდხანს ვერ ინახება და ნარჩენებს გლახაკთ ურიგებენ ხოლმე. და აი, ამ ნარჩენების მოლოდინში მდიდართა ჭიშკრებთან იმდენი გლახაკი იყრის თავს, რომ თუკი რომელიმე მათგანს შეაგვიანდა, მხოლოდ ნამცეცებითღა მოუწევს დაკმაყოფილება.

„გლახაკი ვინმე იყო“, - ცხადია, რომ ამაში, ოდენ გლახაკად ყოფნაში ჯერ კიდევ არ არის არანაარი დამსახურება. არც ის ჩანს, რომ ლაზარე თავისი ნებით დაითმენდა სიგლახაკეს ცათა სასუფეველის დასამკვიდრებლ; არც ის, რომ ოდესღაც მას რაიმე ქონება ჰქრნდა, რომელიც საუკუნო სიკეთეთა სიყვარულით მოიძაგა და სხვებს, უქონელთ დაურიგა იგი ღმერთისაგან კეთილი მისაგებელის მოლოდინში. მაგრამ, მეორეს მხრივ, არც ის ჩანს, რომ მისი ასეთი მდგომარეობა - სიგლახაკე და დავრდომილობა მისი მცონარებისა თუ მანკიერებათა შედეგი ყოფილიყოს. არა, იგი უბრალოდ გლახაკი იყო. თავად ღმერთის განგებულებამ განსაჯა ასე, რომ იგი გლახაკად შობილიყო, მთელი ცხოვრება ასეთად დაეყო და გლახაკადვე აღსრულებულიყო, დაეთმინა უპოვარება და მძიმე სნეულება; ეს იყო ლაზარეს ჯვარი, მოცემული მისდა ზეციური მამის მარჯვენისაგან, - ჯვარი, რომელიც თავისთავად ჯერ არ არის ადამიანისათვის დამსახურება, მაგრამ მისი მოთმინედ, დიდსულოვნად ტარება, ტვირთვა შეიძლება დიდ დამსახურებად შეერაცხოს ადამიანს. მაშ, რასა იქმს გლახაკი ლაზარე თავისი ამ ჯვარით - სიგლახაკითა და დავრდომილობით?

„დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქვე ძურებოდა“, - ანუ იწვა, როგორც დამბლადაცემული, სნეული, მხოლოდ-ღა ხოხვა რომ შეეძლო მიწაზე და სხვა ადმიანთა დახმარებით თუ ძალედვა მდიდრის ჭიშკართან თუ ეკლესიის კარიბჭესთან მისვლა და იქ მოწყალების მოლოდინით ყოფნა მთელი დღის განმავლობაში. გარდა ამისა, მას „ქუე-ძურებოდა“, ანუ ერთიანად დაჩირქ-დაწყლულებული ჰქონდა სხეული, მსგავსად კეთროვანისა. და მიუხედავად ასეთი მძიმე სატანჯველისა, მრავალტანჯული ლაზარეს სახეზე არა ჩანდა დამწუხრების, სასოწარკვეთის კვალი თავისი ამგვარი მძიმე ხვედრის გამო, და არც შური სხვათა კეთილი ხვედრის მიმართ; მის ბაგეთაგან არ გაისმის სულ მცირე უკმაკოფილება და დრტვინვაც კი, უმცირესი დაჩივლებაც კი ადამიანთა სისასტიკის გამო; იგი ღმერთის ხელს შეიგრძნობს საკუოარ თავზე, და მდაბლად ემორჩილება მისი მარჯვენის ზემოქმედებას; თავის წინაშე იგი მარადიულობას ხედავს, და ამიტომ ადამიანთა დროებითი, წარმავალი ბედნიერება არ აცთუნებს მის მზერას. და თითქოსდა თავისი სულის სიმტკიცის გამოსაცდელად წევს ლაზარე მდიდარი კაცის ჭიშკართან; მის წინაშე დიდებული, მდიდრული სახლია, მას კი ძლივაც მოუპოვებია ადგილი აქ, ალაყაფის კართა წინ; იგი ხედავს მდიდარი კაცის ბრწყინვალე შესამოსელს, თავად კი მხოლოდ ჩირქიანი წყლულებითაა მოცული; ყოველდღე სიხარულისა და განცხრომის ხმები ესმის, თავად კი შიმშილისაგან ევნება, და მაინც არაფერი არ აშფოთებს და არ დაამწუხრებს მას, არაფერი შეარყევს მისი სულის სიმტკიცეს.

„და გული-ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან, გარდამოცვივნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა“ (მუხლი 21).

რა უზაკველი, რა წმიდაა მისი სურვილი! მას ჟინიანობისა და სიამოვნებისათვის კი არ სურს მდიდრის სუფრის ნამუსრევისაგან მცირედი ნაწილის მიღება, არამედ ბუნებრივი მოთხოვნილების, შიმშილის დასაკმაყოფილებლად; სურს არა ნუგბარ-ნუგბარი მრავალფეროვანი კერძები მდიდრისა, არამედ მხოლოდ ნამცეცები, გადმოყრილი მისი სუფრიდან, ის ნარჩენები, რომლებითაც მისი ძაღლები იკვებებოდნენ, ამის მიუხედავად, გლახაკი ლაზარე არ ჯავრობს, არ დრტვინავს და არ ჩივის, როცა მდიდარი კაცის მთელს სახლში, მისით დაწყებული და უბრალო მსახურით დამთავრებული, ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა, ვინც მას თავადვე მიაწვდიდა პურის ნატეხს.

„არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა“ (მუხლი 21).

აღმოსავლეთში - ქალაქებშიც და დაბა-სოფლებმიც დღესაც ძალზე ბევრია უპატრონო ძაღლები. ჩვეულებრივ, მათ მთელი დღის განმავლობაში სძინავთ ხოლმე, სადმე მყუდრო ადგილებში მიყრილთ, ხოლო მზის ჩასვლის შემდეგ წანწალს იწყებენ ქუჩა-ფოლორცებში, და ღამისეულ სიჩუმეს ყეფა-ყმუილით არღვევენ. ამავე დროს ეს ძაღლები სანიტარული პოლიციის ფუნქციებსაც ასრულებენ: იუდეველთ აშეხედულებით ყოველივე არაწმიდას (და ასეთივეა ძველი აღმოსვლეთის მრავალი ხალხის ჩვეულებაც) ისინი სახლებიდან პირდაპირ ქუჩებში ყრიან (მაგალითად, დაკლული პირუტყვის თავებს, შიგნეულსა და ნარჩენებს); ხოლო მაწანწალა ძაღლები სწორედ ამ ნაგვისაგან ათავისუფლებენ ქუჩებს, რაკიღა ძირითადად მითი იკვებებიან.

ძაღლებს, საერთოდ, არა აქვთ ჩვეულებად ცოცხალი ადამიანის სხეულს ლოკავდნენ. ლაზარესთან კი ისინი უშიშრად მოდიოდნენ და ჩირქოვან წყლულებს ულოკავდნენ, რადგან, იოანე ოქროპირის სიტყვით, „იგი იმდენად მოუძლურებული იყო სხეულით, რომ მათი მოგერიებაც კი არ შეეძლო“. ჩვენს ყურადღებას იპყრობს აქ ისიც, რომ თუკი ძაღლები ვინმეს ჭრილობებს ულოკავენ, ამით ასუფთავებენ და კურნავენ კიდეც მათ. აქედან გამომდინარე, წმიდა იოანე ოქროპირი შემდეგს ამბობს ლაზარეს წყლულებზე: „მშვიდი ცხოველები (ძაღლები) იმ წყლულებს ულოკავენ ლაზარეს, როელთა არც განბანვასა და არც მოსუფთავებას არც ერთი ადამიანი არ ისურვებდა, და მეტადრე - ის მდიდარი კაცი“, რამეთუ, როგორც წმიდა ამბროსი იტყვის, „მდიდარნი ივიწყებენ ადმიანთა უბედურ ყოფას თავიანთ გარშემო და სასაცილოდ იგდებენ ხოლმე მათთან სამოწყალოდ მოსულთ, მეტიც, წაართმევენ ხოლმე რაიმეს იმათ, ვისაც, პირიქით, შეწევნა ესაჭიროება“. მაგრამ, აი, მოვიდა დასასრული გლახაკი ლაზარეს ტანჯვისაც და მდიდარი კაცის განცხრომისაც.

„იყო სიკუდილი გლახაკისაი მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა“ (მუხლი 22).

გლახაკი ლაზარე მდიდრის უწინარეს კვდება, - ეს უკანასკნელი გლახაკზე მეტ ხანს ცოცხლობს ამქვეყნად. ამგვარად, მოწყალე უფალი არ დაუშვებს იმას, რომ ადამიანი იმაზე მეტად იყოს ცთუნებული, ვიდრე ამის დათმენა შეუძლია. იგი დააჩქარებს თავისი სათნო-მყოფელების წაყვანას ამქვეყნიური დროებით განსაცდვლთა და უბედურებათაგან და მათს დასახლებას საუკუნო სიხარულის სავანეებში. მაგრამ უფალივე აყოვნებს უკეთური ადამიანის მოწყვლასაც სიკვდილით, და თავისი მრავალმოთმინებით მოელის მის სინანულს. სახარებამი არ არის ნათქვამი, თუ რა ბედი ეწია გლახაკი ლაზარეს მრავალტანჯულ სხეულს, ხოლო სატანჯველთა ცეცხლში განწმედილი სული ლაზარესი მიღებულ იქნა ანგელოზთა ყოვლადწმიდა ხელებით და მოყვანილიც აბრაჰამის წიაღში, - საუკუნო სიხარულისა და ნეტარების სამკვიდრებელში. „და იყო სიკვდილი გლახაკისაი მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისათა“-ო; ასეთი იყო გლახაკი ლაზარეს საბოლოო ხვედრი. მაგრამ, აი, ამოიწურა ღმერთის მრავალმოთმინების დროც მდიდრისადმი.

„მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა“ (მუხლი 22).

ვერც სიმდიდრე და ვერც წარჩინება ვერ იფარავს ადამიანს სიკვდილისაგან. მდიდარი კაციც მოკვდა და მიწაში იქნა დაფლული. ამით აღნიშნულია, რომ ესოდენ მდიდრული და მხიარულად გატარებული ცხოვრების შემდგომ მდიდარი კაცის ხვედრი მიწაში დაფლვა აღმოჩნდა. ბრწყინვალება და ფუფუნება მას საფლავამდეც მიაცილებს.

„და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თვისნი, იყო რაი სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა“ (მუხლი 23).

ჯერაც ვერ მოუსწრიათ მდიდრის გახრწნადი ნეშტის ზარ-ზეიმით დაფლვა, რომ მისი სული უკვე სულ სხვა სამყაროშია; მდიდრულ დარბაზთა ნაცვლად ახლა ის ჯოჯოხეთშია, ნაცვლად მხიარულებისა და განცხრომისა, აწ იგი სასტიკ სატანჯველთ მიიქვამს. და, აი, ეს უბედური სული, პირველად თავისი არსებობის განმავლობაში, ზეცად აღიხილავს. და რა სახილველი წარმოუდგება მის განცვიფრებულ მზერას? - ნეტარებისა და სიხარულის მხარეში, - აბრაჰამის წიაღში იგი გლახაკ ლაზარეს ხედავს, რომელსაც უწინ, ქვეყნიურ ცხოვნებაში შეხედვის ღირსადაც არ აღიარებდა; საკუთარ თავს კი ჯოჯოხეთში, გეჰენიის ალში შეიგრძნობს, ტანჯვათა შორის. ო, რა სიხარულით დაუბრუნდებოდა კვლავაც ქვეყნიურ ცხოვრებას, რათა ფეხით გაეთელა და სრულიად მოესპო თავისი დამღუპავი სიმდიდრე და რათა ის სატანჯველნი დაეთმინა, რომელნიც გლახაკმა ლაზარემ დაითმინა; მაგრამ გამოცდის დრო უკვე გარდასულა, სინანულის კარნიც უკვე დახშულა!

„და მან ხმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაითა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაი წყალსა და განმიგრილოს ენაი ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაითა“ (მუხლი 24).

მდიდარი კაცი ვითარცა მამას მოუწოდებს აბრაჰამს, რადგანაც იგი იუდეველი იყო, წარმოშობილი აბრაჰამის შთამომავლობიდან. „ხოლო თვით ლაზარეს იგი იმის გამო არ სთხოვდა ამას, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, - რომ, რცხვენოდა და ფიქრობდა, რომ ლაზარესაც ახსოვს ის ბოროტება, რაც მისთვის მიქმნიაო“. ამიტომაც აბრაჰამს ევედრება, წარმოავლინე ჩემთან, რათა თითის წვერი მაინც დააწოს წყალში და ენა განმიგრილოსო, ანუ თუნდაც მცირეოდენი შვება და ნუგეში მომივლინოს ამ აუტანელ ტკივილსა და სატნჯველში ჯოჯოხეთისა, - ის ენა, რომელიც უწინ, ქვეყნიურ ცხოვრებაში ვნებებიო, ნაყროვანებით, სიმთვრალით ეწვოდა, ახლა კი ჯოჯოხეთის ცეცხლიო ეწვის; ანუ თუდნაც მცირეოდენი ხნით მაინც გაეთავისუფლებინა იგი ამ სატანჯველისაგან და შვება მოენიჭებინა. მაგრამ რისთვის? და მიზეზსაც თვითონვე ასახელებს: „რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაითა“-ო. ანუ აუტანელ ტანჯვას დავითმენ - გეჰეიის ცეცხლს, მსგავსად უდიდესი წყურვილის ცეცხლისა.

„ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები“ (მუხლი 25).

იხილე აქ მამამთავარ აბრაჰამის შემწყნარებლობა, - ამბობს იოანე ოქროპირი, - იგი მდიდარს შვილად ხმობს, მაგრამ შეწევნას არ აძლევს. რამეთუ, როგორც წმიდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, მდიდარი თავადვე იყო უმოწყალო, და ამიტომ მისი ვედრებაც არ არის შეწყნარებული. წყალობით არ მოხედა მას აბრაჰამმა მისი ვედრების შედეგად. და მდიდარი კაციც, თავისი უმოწყალობის გამო ქვეყნიურ ცხოვრებაში, ახლა თვით ღმერთის მიერ არის უარყოფილი. გაიხსენეო, - ეუბნება მამამთავარი, რომ ყოველივე კეთილი უკვე მიგიღია შენ ქვეყნიურ ცხოვრებაში, ანუ მდიდარიც იყავი, ყველა დროებითი სიკეთეც გეპყრა ხელთ და ჭეშმარიტ სიკეთედ სწორედ ისინი მიგაჩნდა, უგულვებელმყოფელს ზეცისა და მომძაგებელს ღარიბ-გლახაკთა (რომელთაგანაც სამაგალითოდ მხოლოდ ლაზარე იყო მოყვანილი), დამვიწყებელს ღმერთისაც და მისი მართლმსაჯულებისაც; მაშ, გაიხსენე ახლა შენი შვება-სიამენი, რომელთაც აი, ჯოჯოხეთამდე მიგიყვანეს; ამასთანავე, გაიხსენე ის უბედურებანიც, ლაზარემ რომ დაითმინა, ანუ მწუხარება, შიმშილ-წყურვილი, სიღარიბე; ამიტომაც ნუ მწუხარებ მასზედ, რომ ლაზარე აქ იმყოფება უნეტარეს მდგომარეობში და ყველა სამოთხისეულ სიხარულთა სიუხვეში, შენ კი საკუთარი უკეთური საქმეების გამო სუკუნო სატანჯველთა მთელს სიმწარეს დაითმენ!...

„და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაითა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ხელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსლვად“ (მუხლი 26).

ამ მუხლში ნახსენები „დანახეთქის“, ანუ უფსკრულის ქვეშ იგულისხმება განსხვავება იმ მდგომარეობებს შორის, რომელნიც აქვთ საიქიო ცხოვრებაში რჩეულთ, მართალთ, კეთილმსახურთ, ერთის მხრივ, და ცოდვილთა და უკეთურთ, მეორეს მხრივ; რამეთუ ეს განსხვავება იმდენად დიდია, რომ ნეტართა სულებს არ ძალუძთ სატანჯველთ, დაე, თუნდაც სულ მცირედით დაექვემდებარონ, ისევე, როგორც უკეთურთ არ ძალუძთ სულ უმცირესი სამოთხის შვება მაინც მიიღონ. და როგორადაც უკეთურთა ტანჯვა იქნება სამუდამო, ასევე მართალთა და კეთილმსახურთა სიხარულიც, ნეტარებაც საუკუნო იქნება.

„ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა, რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაითა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა“ (მუხლები 27-28).

მდიდარი კაცის ეს თხოვნა მოღებულია ადამიანთა იმ ჩვეულებიდან, რომლის ძალითაც ძმები ცდილობენ ერთმანეთს შეეწიონ. „გევედრები მიავლინე ეგე, ანუ ლაზარე, რათა მან, ვითარცა ჩემი ძმებისათვის კარგად ნაცნობმა და საიქიო ცხოვრების თვითმხილველმა, დამაჯერებლად აუწყოს მათ და დაარწმუნოს ისინი, რომ ნამდვილად არსებობს მომავალი საუკუნო სატანჯველნი, და ამით აიძულოს ისინი მიატოვონ ფუფუნებით აღსავსე ცხვორება და სრულყოფილ სინანულს მიექცნენ, რათა ისინიც ჩემსავით არ ეწიონ ამ საშინელ სატანჯველთ. „მაგრამ, - როგორც წმიდა ამბროსი ამბობს, - გვიანღა ისურვა მდიდარმა კაცმა ძმების დამოძღვრა, როცა უკვე აღარა აქვს დრო არც სწავლისათვის, და არც სხვების დამოძღვრისათვის“.

„ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინაისწარმეტუელნი, მათი ისმინედ“ (მუხლი 29).

ანუ, შენს ძმებს აქვთ მოსეს და წინასწარმეტყველთა წმიდა წიგნები, რომელთაც მათ მწიგნობარნი და ფარისეველნი უკითხავენ; ამ წიგნთა დაჯერება მართებთ მათ, რათა მათი სწავლების მიხედვით წარმართონ თავიანთი ცხოვრებაც.

„ხოლო მან (მდიდარმა) თქუა: არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკუეთუ ვინმე მკუდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ“ (მუხლი 30).

ანუ, თითქოს ამას ეუბნება მდიდარი: მოსესა და წინასწარმეტყველთა წმიდა წიგნების კითხვა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ჩემმა ძმებმა უჯერო, ფუფუნებით ცხოვრებას ზურგი აქციონ, რადგან ისინი უკვე ღრმად არიან შთაფლულნი ამგვარ ცხოვრებაში, არამედ უფრო კარგი იქნება, რომ ვინმე მკვდრეთით აღდგეს, მივიდეს მათთან და აუწყოს ამ სატანჯველის შესახებ, ვითარცა თვითმხილველმა მოწმემ, მაშინ ისინი უეჭველად შეინანებენო.

„ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთაი არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ“ (მუხლი 31).

ანუ, ისინი, ვინც კეთილად ცხოვრებას ვერ ისწავლის მოსეს წმიდა წიგნებიდან და წინასწარმეტყველთა გაფრთხილებებიდან, მაინც ვერ მოვლენ სინანულად, დაე, თუნდაც მკვდრეთით აღმდგარი მივიდეს მათთან და სინანულისაკენ მოუწოდოს. რამეთუ საღმრთო წერილში, ვითარცა ღმერთის უჭეშმარიტეს სიტყვაში, უფრო მეტი დასაბუთებაა და დარწმუნებაა კეთილმსახური ცხოვრების აუცილებლობის დასაჯერებლად, ვიდრე მკვდრეთით აღმდგარ ადამიანში, ვინაც ჯოჯოხეთიდან მობრუნდებოდა და მანკიერ საქმეთა მიტევებას უქადაგებდა ადამიანებს.

 

II. ამრიგად, ჩვენ განვიხილეთ უფლის იგავი მდიდარსა და გლახაკ ლაზარეზე. აწ სამოძღვრებო გაკვეთილიც მოვიღოთ ამ იგავიდან.

ა) ამ იგავიდან პირველ ყოვლისა ის განგვეცხადება, რომ ჩვენი არსებობა, ცხოვრება არ მთავრდება სხეულის სიკვდილთან ერთად (მუხლი 23). იგავში მოხსენიებული ორივე პირი - მდიდარიცა და გლახაკიც სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ არსებობას. - მართალია სხვა, ჩვენთვის უცნობ სამყაროში, და სრულიად სხვა მდგომარეობაში იმასთან შედარებით, რაც სიკვდილამდე ჰქონდათ, მაგრამ იმავე ხსოვნით მთელი თავიანთი წარსული ცხოვრებისა, იმავე შეგნებით საკუთარი თავისა და თავიანთი მდგომარეობისა. ამრიგად, სულაც არ ყოფილა ერთი ადამიანისა და პირუტყვის ხვედრი, როგორც ამას სოლომონის დროს ამტკიცებდა ზოგიერთი უგნური და როგორადაც ამჟამადაც ამტკიცებენ ამას ცრუ სიბრძნით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც ახალ ჭეშმარიტებებად ასაღებენ ძველთა ძველ, დიდი ხნის წინ უარყოფილ და დიდი ხნის წინვე მივიწყებულ წარმართულ ბოდვებს, რომლებიც ახლა თითქოსდა მეცნიერებათა მიღწევებითაა მოპოვებული. აქ, ამქვეყნად, ჩვენ შეიძლება ითქვას, მხოლოდ ვიწყებთ ცხოვრებას, როგორც ყრმა იწყებს ცხოვრებას თავისი დედის მუცელში, ხოლო ყოვლადსრული და სრულყოფილი, ნამდვილი ცხოვრება ცათა შინა მოგველის, სადაც, როგორც საღმრთო წერილი გვეუბნება, მთელის სისრულით განიხვნება ჩვენი სულის ყველა ძალა და სადაც ჩვენ უსაზღვრო-უსამანო, დაუსრულებელი მარადიულობა მოგველის არსებობისა.

ბ) ამასთანავე, სახარების ეს იგავი იმასაც განგვიცხადებს ჩვენ, რომ ჩვენი მომავალი ცხოვრება წარმოადგენს აუცილებელ და არსებითს კავშირს აწინდელ, ამაქვეყნიურ ცხოვრებასთან (მუხლი 23), - რომ ჩვენი მომავალი საიქიო ხვედრი სიკვდილის შემდგომ განისაზღვრება ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის იმ სახით, რომელიც აქ, ქვეყნიურ ცხოვრებაში გვქონდა, სიკვდილამდე ; რომ აქ, ამქვეყნად, არის ჟამი ქმნადობისა, ხოლო იქ, იმქვეყნად, ჟამი, მარადისობა შრომათაგან მოსვენებისა.

თავისთავად იგულისხმება, რომ რასაც აქ, ქვეყნიურ ცხოვრებაში დათესავს ადამიანი, იმასვე მოიმკის იქ, იმქვეყნად; რომ კეთილ საქმეთ ქვეყნიურ ცხოვრებაში კეთილი ჯილდო მოჰყვება იქ, ხოლო ბოროტ საქმეთ - სასჯელი; რომ კეთილმსახურებასა და ღვთის ჭეშმარიტ მოშიშებაში გატარებული ცხოვრება, აღბეჭდილი საღმრთო მცნებების მკაცრი აღსრულებით, - სიმართლის, სიყვარულისა და მოწყალების კეთილი საქმეებით აღსავსე ცხოვრება, დამშვენებული სათნოებებითა და ღმერთის სადიდებელი ღვაწლით, მიძღვნილი მთლიანად ეკლესიის, მოყვასისა და საზოგადოების სარგებლობისადმი, ბოლოს საუკუნო ნეტარებითა და დიდებით დაგვირგვინდება ცათა სასუფეველში; ხოლო უკეთურებაში, მანკიერებებსა და საღმრთო მცნებების გარდახდომებში გატარებული ცხოვრება, გამოიწვევს სამარადისო სატანჯველთ და ტკივილს ჯოჯოხეთში. ამას მოითხოვს საღმრთო სიმართლე, და ამასვე გვარწმუნებს ჩვენ საკუთარი სინდისიც, და ამასვე გვარწმუნებს ჩვენ ღვთი სსიტყვაც, დ ასაკუთრივ ჩვენი გონიც.

გ) კვალად, მდიდრისა და გლახაკი ლაზარეს იგავით უფალი ჩვენი იესო ქრისტე შეგვაგონებს, რომ სხეულისაგან გაყრილი სულებისათვის იმ ქვეყნად განმზადებულია სხვადასხვა ადგილნი - ბნელნიც და ნათელნიც, რომელთა შორისაც დიდი, გაუვალი უფსკრულია (მუხლი 26). და ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლის მსურველთ არამც და არამც არ შეეძლებათ ეს. ამ დამოძღვრათაგან მაცხოვარისა სულაც არ გამომდინარეობს ის, თითქოს სულთა მიერ ერთმანეთის ნახვა სხეულებრივი სიკვდილის შემდეგ შეუძლებელი იყოს, - არამედ შეუძლებელი იქნება მათი შეერთება ერთობლივი ყოფნისათვის, და მათი სურვილიც ერთად თანა-ყოფისა იმ, სხვა სამყაროში, შეზღუდვას ექვემდებარება. რამეთუ იქ ძალას ჰკარგავენ ხორციელი ნათესაობის კავშირები და ქვეყნიური, ამაო ურთიერთმისწრაფებანი. მაგრამ ეჭვი არ არის, რომ ის ადამიანები, რომელნიც აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში ერთმანეთისადმი წმიდა, უზაკველი გრძნობებით ყოფილან განმსჭვალულნი, სიკეთის სხვადასხვა ღვაწლთა შორის დამაშვრალან, ერთნაირი მწუხარებანი და განსაცდელნი დაუთმენიათ და წმიდა სარწმუნოების ერთსა და იმავე შეგონებებში უძებნიათ თავისთვის ნუგეში, - ასეთი ადამიანები იმქვეყნადაც ერთსა და იმავე ნათელ და წმიდა სავანეებში შეხვდებიან ერთმანეთს და ერთად მიეცემიან სამარადჟამო ნეტარებას.

ამრიგად, სად და ვისთან ვიქნებით იმა ქვეყნად, - ამაზე აქვე, ქვეყნიურ ცხოვრებში უნდა ვიზრუნოთ. აი, მამამ თავისი კეთილი და უმანკო ძე დაკარგა, და მას მარადის ის სურვილი აცოცხლებს, რომ კვლავ ნახოს იგი. და წმიდა იოანე ოქროპირიც ასე დამოძღვრავს მას: „იცხოვრე, იყავი მის მსგავსად, და მალე მიაღწევ იმ წმიდა სახილველს. იმაზე კი არ იფიქრო, რომ იგი ვერასოდეს ვერ დაბრუნდება შენს სახლში, არამედ იმაზე, რომ შენ თვითონ მალე გადასახლდები მასთან“. ანდა, აი, ქვრივი ქალი დასტირის თავის გარდაცვლილ ქმარს, რომელიც ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო, საზოგადოებაში. მეტად პატივცემული თავისი მრავალი სათნოებების გამო. მაგრამ, დაე, ისმინოს მან, თუ რას ურჩევს წმიდა ბასილი დიდი: „აწინდელისაგან სულით მომავალზე ზრუნვას მიექეც, რათა შენც მისი მსგავსი მოსვენება მოგემადლოს კეთილ საქმეთათვის. ვიდრე თქვენ ამქვეყნად ხართ, ცათა შინა შეიძინეთ თქვენი მეგობრები, „რაითა რაჟამს მოაკლდეთ თქვენ ამიერ“ ჟამსა უძლურებისასა, როცა სიკვდილი გეწვევათ, „შეგიწყნარნენ თქვენ საუკუნეთა მათ საყოფელთა“-ო (ლუკა 16,9).

დ) ამავე იგავიდან ჩანს, რომ მხოლოდ ბოროტის არქმნა როდი შეგვქნის ჩვენ ზეცის მკვიდრებად გახდომის ღირსად (მუხლები 19-23). ცათა სასუფევლის ნეტარება არის ჯილდო, რომელიც მრავალი ღვაწლითა და შრომით მოიპოვება, კეთილი და ღმერთისსათნო საქმეებით. ზოგნი ასეი ტყვიან: მე არც ქურდი ვარ, არც მძარცველი, მემრუშე თუ მემთვრალე, - და ამით იმშვიდებენ სინდისს. მაგრამ რა დამსახურებაა ამაში? - მიჩვენე შენი რწმენა შენი საქმეებით! აი, რას მოითხოვს ჩვენგან უფალი ღმერთი ჩვენი! მაშ, შენ სხვისას არაფერს დაიტაცებ? - მაგრამ როგორ იყენებ იმას, რაც ღმერთმა მოგცა და რაც ასევე შენი კი არა, ღმერთისაა? განა ღმერთის ნებისაებრ იყენებ, - მშიერთა დაპურებისათვის, შიშველთა შემოსვისათვის, მწირთა მოსვენებისათვის, ტანჯულთა და უბედურებაში მყოფთა მდგომარეობის შემსუბუქებისათვის? თუ მხოლოდ საკუთარი უსაზღვრო სურვილების დასაკმაყოფილებლად, - შენი აღვირახსნილი ჟინიანობისათვის, შენი შეუკავებელი ვნებებისათვის? აი, ამბობ, რომ წინასწარი განზრახვით არავინარ გაგიხდია უბედურად. მაგრამ თუ შეწევნიხარ უბედურს? ნუგეში თუ გიცია მტირალისათვის? თუ შეგიფარებია ობოლი და უმწეო? თუ გამოსარჩლებიხარ დაჩაგრულს? თუ გამოგისყიდია საპყრობილეში სასტიკი მევახშის მიერ ჩაგდებული მოვალე? აბა, განა არ გესმით, თუ ვის წარგზავნის უფალი თავისი სამსჯავროს საშინელ დღეს ეშმაკისათვის განმზადებულ საუკუნო ცეცხლში? - არა მპარავთა და ავაზაკთ, არა მემრუშეთა და მემთვრალეთ, რამეთუ ისინი განკითხულნი არიან მანამდეც, საყოველთაო განკითხვის დღემდე და უკვე იტანჯებიან კიდეც გეჰენიის ცეცხლში, - არამედ იმათ წარგზავნის იქ, რომელთაც სიყვარულისა და მოწყალების საქმენი არ აღასრულეს, რამეთუ თვით უფალი იტყვის „მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი. მწყუროდა და არა მასვით მე. უცხო ვიყავ და არა შემიწყნარეთ. შიშველ ვიყავ და არა შემმოსეთ მე. უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხვედით ჩემდა... რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ!“ (მათე 25,42-43,45). ამრიგად, არა მოჩვენებითი, გარეგანი პატიოსნება, არამედ ჭეშმარიტი სათნოებაა ღირებული ღმერთის თვალში. მხოლოდ საქმეები, -სარწმუნოებისა და კეთილმსახურების, სიყვარულისა და მოწყალების საქმეები, და მხოლოდ დაშვრომა ღმერთის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ, - აი, მხოლოდ ეს დაფასდება ღირსეულად ღმერთის სამსჯავროზე. ხოლო უქმი და ხორცის მაამებელი ცხოვრებისათვის, საღმრთო ნიჭთა გაფლანგვისა და დაღუპვისათვის სხვას რას უნდა მოელოდეს ცოდვილი ადამიანი, თუ არა საუკუნო ჯოჯოხეთს?!...

ე) დღევანდელი სახარების იგავი იმასაც გულისხმა-გვაყოფინებს, რომ ქვეყნიური ბედნიერება ყოველთვის როდია ღმერთის მხრივ ჩვენი ცხოვრების სათნო-ყოფის მანიშნებელი (მუხლები 14-23), რამეთუ უფალი ზოგჯერ დაუშვებს იმასაც, რომ შებილწული კიდევ უფრო შეიბილწოს გრძნობიერ სიამტკბილობათა სიკეთეებში, და სუსტის მაწყინებელიც - კიდევ აწყინებდეს და დაჩაგრავდეს სხვებს და ასე შეიკრებდეს უმართლო მოსახვეჭელს, ვითარცა მოტყინარე მუგუზლებს საკუთარ თავზე. და, პირიქით, ვინც უყვარს უფალს, ხშირად დასჯის კიდეც მას, რათა შემდეგ, ვითარცა საყვარელი შვილი, თავის წიაღში შეიწყნაროს. დღევანდელი იგავი გვასწავლის, რომ ღმერთის მიერ რჩეული, მაგრამ ზოგიერთ ცოდვათაგან ჯერ ვერ გათავისუფლებული ადამიანები, ხშირად განისჯებიან და დაისჯებიან უფლის მიერ აქვე, ქვეყნიურ ცხოვრებაში, რათა მერმე, განკითხვის საშინელ დღეს განსჯილ არ იქნან ამა ქვეყნისაგან; რომ ყველაზე მართალი და კეთილმსახური მორწმუნის სრულყოფისათვის აუცილებელია გამოცდანი, განსაცდელნი, რომლებშიც მისი სული განიწმიდება ყოველივე ქვეყნიურისაგან, უხეშისაგან და ცოდვისმიერისაგან, ვითარცა ოქრო განიწმიდება და კეთილშობილდება ღუმელის ცეცხლში.

ვ) კერძოდ, განსაკუთრებით სამოძღვრებოა ჩვენთვის ლაზარეს სახე. უბედური ლაზარე, მწოლიარე მდიდრის კართა წინ, რომელსაც სურდა თუნდაც იმ ნამცეცებით დანაყრებულიყო, რასაც იქ ყველანი სტოვებდნენ, არის სარკე, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ კაცთა მთელი მოდგმის სრული უბედურებაც, რამეთუ შენც იმავე მოდგმისა ხარ, რაც ლაზარე იყო (მუხლები 20-21). სამოთხეში შენ მდიდარი იყავ, მაგრამ საღმრთო მცნების გარდახდომისათვის განგდებულ იქენი სიტკბოების სამოთხისაგან, უქონელი და მოკლებული გახდი თავდაპირველ სიწმიდეს; ამ მიზეზით მწირობ ამა ქვეყნად, ცისქვეშეთში, გსურს შენს სამკვიდრებელს დაუბრუნდე და სულთ-ითქვამ, ოხრავ ხელით უქმნელი, საუკუნო ტაძრისათვის ცათა შინა (II კორინ. 5,1-2). და ხორციელად რომ არ მოვლენილიყო ღმერთი, „რომელი განმართლდა სულითა, ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა, და ამაღლდა დიდებითა“ (I ტიმ. 3,16), მაშინ შენ სოდომისა და გომორას მსგავსი იქნებოდი. აწ კი, გვყავს რა „მღვდელთ-მოძღვარი დიდი, რომელმან განვლნა ცანი, იესუ, ძე ღმრთისაი, შევიკრძალოთ აღსარებაი იგი მართლ“ (ებრ. 4,14), და შევიმოსავთ რა ცხოვნების სამოსს, ანუ კეთილ საქმეებს, ნუ ვიქნებით სასტიკნი „საცთურითა მით ცოდვისაითა, რამეთუ თანა-ზიარ ქრისტესა ვიქმნენით, უკუეთუ დასაბამი იგი ძლიერებისაი აღსასრულადმდე მტკიცედ შევიკრძალოთ“ (ებრ. 3,13-14).

ზ) გარდა ამისა, გლახაკი ლაზარე მოთმინებასაც გვასწავლის უბედურებაში (მუხლი 21). იგი არ დრტვინავდა ღმერთზე თავისი მწარე ხვედრისათვის. არა, იგი მოთმინედ იტანდა მას. ჩვენც ყველა უბედურებში მტკიცე იმედი უნდა გვქონდეს ღმერთისაგან ნუგეშის მიღებისა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მიტოვებულნი ვიქნებით ადამიანებისაგან. წმიდა ბასილი დიდი ამბობს: „ხედავ, საით მიჰყავხარ უბედურებას? - შეურცხვენელ იმედამდე. სნეული ხარ, გტკივა? - მაშ, გიხაროდეს, რამეთუ ღმერთი სასჯელს მოუვლენს ხოლმე იმას, ვინც უყვარს! ღარიბი და უქონელი ხარ? - გიხაროდეს, რამეთუ შენთვის ლაზარეს სიკეთენი განმზადდება! უპატიო-ყოფას იწვნევ ქრისტეს სახელისათვის? - ნეტარი ხარ, რამეთუ შენი უპატიო-ყოფა ანგელოზთამიერი დიდებით შეიცვლება“ (59-ე ფსალმუნზე). და წმიდა იოანე ოქროპირიც ამბობს: „დამწუხრებული ხარ იმის გამო, რომ სიღარიბეში ჰგიებ? ნუ შეშფოთდები. მწუხარების ღირსი ის იქნებოდა, მომავალ საუკუნეშიც რომ მწუხარება მოგელოდეს. რამეთუ დროებითი მწუხარება შენს განცოცხლებას, ცხოვნებას ემსახურება, ის, საუკუნო მწუხარება კი სასჯელისაგან მომდინარეობს. დროებითი მწუხარება წურთნა და გამოსწორებაა. აწინდელი ცხოვრება ღვაწლია, გმირობაა, რომელშიც ბრძოლაც საჭიროა; რამეთუ ეს, ქვეყნიური ცხოვრება ბრძოლაა. მწუხარება როდია ბოროტება, არამედ ცუდის ქმნაა ბოროტება“ (მე-15 სიტყვა „საქმე მოციქულთაზე“). და კიდევ „ბოროტის დათმენა როდია ბოროტება, არამედ ბოროტის ქმნაა ბოროტება. ამიტომ უბედურებათა მოთმინედ გადატანისათვის ცათა სასუფეველი გვაქვს აღთქმული; ხოლო ბოროტის ქმნა გეჰენიის ცეცხლსა და დაუსრულებელ ტანჯვას გვიქადის“ (30-ესიტყვა, იუდას განმცემლობის შესახებ).

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე