23-ე კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან

სახარება ლუკასაგან (8, 26-39)

„26. და (მას ჟამსა შინა) განვიდეს (იესუ და მოწაფენი მისნი) სოფელსა მას გადარინელთასა, რომელ არს წიაღკერძო გალილეასა. 27. და ვითარცა განვიდეს იგინი ქუეყანად, მო-ვინმე-ეგებვოდა კაცი ქალაქისასა, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი; და მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა. 28. და ვითარცა იხილა მან იესუ, ღაღატ-ყო და შეუვრდა ფერხთა მისთა და ხმითა დიდითა იტყოდა: რაი ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე. 29. რამეთუ უბრძანა სულსა მას არაწმიდასა განსლვად კაცისა მისგან; რამეთუ მრავალ-გზის წარიტაცის იგი, და შებორკილიან იგი ჯაჭვითა და საკრველითა და სცვედ, და განხეთქნის საკრველნი და იდევნებინ ეშმაკისა მისგან უდაბნოთა. 30. ჰკითხა მას იესუ: რაი არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: ლეგეონ, რამეთუ ეშმაკნი მრავალნი შესრულ იყვნეს მისა. 31. და ევედრებოდეს მას, რაითა არა უბრძანოს მათ უფსკრულთა შთასლვაი. 32. და იყო მუნ კოლტი ღორთაი მრავალი, მძოვარი მთასა ზედა; და ევედრებოდეს მას, რაითა უბრძანოს მათ ღორებსა მას შესლვაი. და თავადმან უბრძანა მათ. 33. და გამოვიდეს ეშმაკნი იგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა მათ. და მიიმართა ყოველმან კოლტმან კბოდესა მას ტბად და დაიშთვნეს. 34. ვითარცა იხილეს მწყემსთა მათ საქმე ესე, ივლტოდეს და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა. 35. და გამოვიდეს ხილვად, რომელი-იგი იქმნა, და მოვიდეს იესუისა და იხილეს კაცი იგი მჯდომარე, რომლისაგან ეშმაკნი იგი განსრულ იყვნეს, შემოსილი და გონიერი, ფერხთა თანა იესუისთა, და შეეშინა. 36. რამეთუ უთხრეს, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი ცხოვნდა ეშმაკეული. 37. და ევედრებოდეს მას ყოველი იგი სიმრავლე გარემო სოფლებისაი მის გადარინელთაისაი, რაითა წარვიდეს მათგან, რამეთუ შიშითა დიდითა შეპყრობილ იყვნეს. ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მუნვე. 38. ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნეს, რაითა იყოს მის თანა. ხოლო თავადმან განუტევა იგი და ჰრქუა: 39. მიიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რაოდენი გიყო შენ ღმერთმან. და წარვიდა ყოველსა მას ქალაქებსა და ქადაგებდა, რაი-იგი ყო მისთვის იესუ.“

 

I. აწ ლიტურგიაზე წაკითხული სახარება ლუკასაგან მოგვითხრობს ბოროტეშმაკეული კაცის განკურნვის ამბავს გადარინელთა მხარეში. ეს მოვლენა გადმოცემულია აგრეთვე მახარებლების მათესა და მარკოზის მიერ, და პირველი მათგანის თხრობა ჩვენ უკვე განვიხილეთ. ახლაც მუხლითი მუხლად განვიხილოთ დღეს წაკითხული სახარება, რადგანაც მახარებელ ლუკას გადმოცემა რამდენადმე განსხვავდება მათეს თხრობისაგან.

„და (მას ჟამსა შინა) განვიდეს (იესუ და მოწაფენი მისნი) სოფელსა მას გადარინელთასა, რომელ არს წიაღკერძო გალილეასა“ (მუხლი 27).

გადაცურეს რა ნავით გენესარეთის ტბა, იესო ქრისტე და მისი მოწაფეები გადარინელთა მხარეში ჩავიდნენ, რომელიც გალილეის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა. მახარებელი მარკოზი მოგვითხრობს, რომ: იესო ქრისტე და მისი მოწაფენი „მოვიდეს წიაღ ზღვასა მას, სოფელსა მას ღადარინელთასა“ (5,1). ამრიგად, მახარებლების მარკოზისა და ლუკას გადმოცემით, ბოროტეშმაკეულის განკურნება უფალმა ღადარინელთა მხარეში აღასრულა. მახარებელი მათე კი მოგვითხრობს, რომ იესო გერგესეველთა მხარეში ჩავიდა (მათე 8,28). მაგრამ ეს თითქოსდა წინააღმდეგობა მახარებლებს შორის ადვილად განქარდება, თუკი ვიტყვით, რომ ორივე ეს ქალაქი ღადარა და გერგესა ერთსა და იმავე მხარეში მდებარეობდნენ. ამიტომ წინააღმდეგობა არ იქნებოდა თუკი ერთი იტყოდა - ღადარინელთა მხარეში ჩავიდა იესოო, მეორე კი - გერგესეველთა მხარეშიო... და მთელი განსხვავება ის არის, რომ ერთი მახარებელი ამ მხარეს ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის მიხედვით ასახელებს, ორი სხვა მახარებელი კი - მეორე მნიშვნელღვანი ქალაქის მიხედვით მოიხსენიებს.

„და ვითარცა განვიდეს იგინი ქუეყანად, მო-ვინმე-ეგებვოდა კაცი ქალაქისასა, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი; და მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა“ (მუხლი 27).

ამრიგად, როგორც კი იესო ქრისტე ნაპირზე გავიდა, მას ქალაქიდან გამოსული ბოროტეშმაკეული კაცი შეხვდა, დიდი ხნიდან ვნებული ეშმაკთაგან. სავარაუდოა, რომ იგი ქალაქ გერგესადან იყო, რომელიც ტბის ნაპირას მდებარეობდა ღადარინელთა მხარეში. მახარებელი მათე მოგვითხრობს, რომ როცა იესო ქრისტე გერგესეველთა მხარეში ჩავიდა ტბის მეორე სანაპიროზე, გალილეის მოპირდაპირედ, მას, საფლავებიდან გამოსული ორი მეტად განძვინებული ბოროტეშმაკეული შეხვდა (8,28), ხოლო მარკოზი და ლუკა ასახელებენ საფლავთაგან გამოსულ ერთ ბოროტეშმაკეულს. საღმრთო წერილის ყველა განმმარტებელი თანახმიერად ამტკიცებს, რომ იესო ქრისტეს ორი ბოროტეშმაკეული შემოხვდა, მაგრამ ერთი მათგანი, რომელშიც დემონთა მთელი ლეგიონი იყო შესული, განსაკუთრებულად საშინელი, მძვინვარე და შესაზარი იყო.

მახარებლები მარკოზი და ლუკა, რომლებიც დაწვრილებით აღწერენ ბოროტეშმაკეულთა განკურნვას, მკაფიო ფერებით აღწერენ მხოლოდ ერთი ბოროტეშმაკეულის ტანჯვას, რომელშიც ეშმაკთა მთელი ლეგიონი შესახლებულიყო, და ამას იქმან იმისათვის, რომ უფრო თვალსაჩინოდ გადმოსცენ ბოროტეშმაკეულის განსაკუთრებული ტანჯვა და უფალ იესო ქრისტეს დიდი საკვირველმოქმედი ძალა. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: „მე ვჰგონებ, ლუკამ მხოლოდ ის ახსენა, რომელიც უფრო მძვინვარე იყო. ამიტომაც მისი უბედურება მეტად სავალალოდ არის წარმოდგენილი - იგი ამსხვრევდა მასზე დადებულ ბორკილებსა და ხუნდებს და უდაბურ ადგილებში დაეხეტებოდა, მარკოზი კი, გარდა ამისა, იმასაც აღნიშნავს, რომ იგი „დაიკოდნ თავსა თვისსა ლოდითა“ (5,5).

მახარებელთა გადმოცემით, უბედურ ბოროტეშმაკეულთა მდგომარეობა საშინელი იყო. განსაკუთრებული ხატოვნებით აღწერს ერთ-ერთი ბოროტეშმაკეულის საწყალობელ მდგომარეობას მახარებელი მარკოზი, რომელიც თავის სახარებას მოციქულ პეტრეს ხელმძღვანელობით წერდა. პეტრე, ალბათ, განსაკუროებით შეზარა იმ უბედური კაცის ტანჯვამ, რომელიც ეშმაკთა ლეგიონით იყო შეპყრობილი: „მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფვოდა, არამედ საფლავებსა“. სასაფლაოები იუდეველებს, ჩვეულებრივ, ქალაქებისა და სოფლების გარეთ ჰქონდათ. ეს გამოქვაბულები იყო, ხშირად ძალზე ვრცელნიც, გამოკვეთილნი კლდეებში, ანდა გამოთხრილნი ბორცვებსა და გორაკებზე. თავიანთი ამგვარი მდებარეობის გამო შორს დაბა-სოფლებიდან, სასაფლაოები ხშირად თავშესაფრად ემსახურებოდნენ იმ ადამიანებს, რომელთათვისაც სამძიმო იყო ადამიანთა საზოგადოება და რომელთაც თავიანთ სამყოფელად სწორედ ამგვარი ადგილები მოსწონდათ, შესატყვისნი მათი მელანქოლიური ხასიათისა თუ მძიმე და შავბნელი სულიერი განწყობისა. ეს უბედური ბოროტეშმაკეული არც იმოსებოდა და, მაშასადამე, შიშველ-ტიტველი დაეხეტებოდა თავისი ქალაქის სანახებმი, და სახლში კი არ ცხოვრობდა, არამედ საფლავებში, ანუ არაწმიდა ადგილებში, რადგან იქ ადამიანთა ძვლები იყო, ხოლო მოსეს სჯულის მიხედვით, მიცვალებულის სხეულისადმი შეხება აკრძალული იყო და შემხები არაწმიდად ითვლებოდა (რიცხვთა 19,11-16; შდრ. მათე 23,27; ლუკა 11,44).

იბადება კითხვა: როგორ მივიდა ბოროტეშმაკეული ასეთ შესაზარ მდგომარეობამდე, რომ ღმერთმა დაუშვა მის არსებაში ეგზომ ძლიერი მტერი შესულიყო და მთლიანად დაუფლებოდა მას? ყველა მორწმუნე განმმარტებელი საღმრთო წერილისა თანახმიერად ამტკიცებს, რომ ადამიანისავე საკუთარი ბოროტი ნება თავიდან თავად უღებს კარს ბოროტ სულს თავის არსებაში შესაღწევად, და ეშმაკიც თანდათანობითი ძალისხმევით სულ უფრო და უფრო ეუფლება ადამიანის სულს. თუმცა როგორი უბედურიცა და საწყალობელიც არ უნდა ყოფილიყო სახარებაში აღწერილი ბოროტეშმაკეული, მის შესახებ სამართლიანად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ღმერთის განგებულებით მცირე დროით იყო მიცემული სატანას მისი სხეულის დასარღვევად ,სატანჯველად, „რაითა სული ცხონდეს დღესა მას უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესსა“ (1 კორინთ. 5,5). მასზე გაცილებით უბედური იყო, მაგალითად, უფლის განმცემი იუდა ისკარიოტელი, რომელშიც სატანა შევიდა (იოანე 13,27) და არც ერთი მისი ბუნებრივი ადამიანური უნარი არ დააზიანა, მაგრამ სრულიად ეუფლა მის სულს და წარწყმიდა იგი. როცა იუდამ დაინახა, რომ მღვდელმთავრებმა და სინედრიონის წევრებმა იესო ქრისტე სიკვდილის ღირს დამნაშავედ აღიარეს და შეკრული წაუყვანეს პილატეს განსასჯელად, „დააბნია ვერცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა“ (ანუ თავი ჩამოიხრჩო, - მათე 27,1-5).

„და ვითარცა იხილა მან იესუ, ღაღატ-ყო და შეუვრდა ფერხთა მისთა და ხმითა დიდითა იტყოდა: რაი ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე“ (მუხლი 28).

ნუთუ ეს თავად ბოროტეშმაკეულმა თავისი სულიერი გამონათების წუთს ინსტიქტურად გულისხმა-ჰყო, რომ მის მახლობლად იესო ქრისტე იმყოფებოდა, ვისაც მისი განკურნვა შეეძლო? - არა, მეტად საეჭვოა, რომ ასე ყოფილიყო, რამეთუ, აბა, როგორ შეეძლო ნახევრადწარმართულ მხარეში მცხოვრები ადამიანის შეზღუდულ გონებას, ამასთან დიდად ვნებულს მძაფრი ეშმაკეულობით, მაღალი ღმერთის ძედ მოეხსენებინა იესო ქრისტე და შევედრებოდა მას - ნუ მტანჯავო?! განა იესო ქრისტე ადამიანთა სატანჯველად მოევლინა ამა ქვეყანას? იგი ხომ ცოდვისაგან, შეჩვენებისაგან, და სიკვდილისაგან ადამიანთა გამოსასყიდად განკაცდა და არამც და არამც იმისათვის, რომ ტანჯვა მოეწია მათზე და ასე დაესაჯა ისინი. ცხადია, რომ ეს სიტყვები ბოროტმა სულმა წარმოთქვა, დაბუდებულმა იმ საცოდავ კაცში, ეშმაკმა, რომელმაც იცოდა, რომ იესო ქრისტე მაღალი ღმერთის ძეა და რომ იგი მის, ეშმაკის ხელმწიფების დასარღვევად მოევლინა ამა ქვეყანას. მაშ, რატომ მოხდა, რომ ბოროტმა სულმა, წინასწარ გრძნობდა რა - იესო ქრისტე ამ კაცისაგან განსვლას მიბრძანებსო, უკაცრიელი ადგილიკენ არ წარიყვანა სნეული და იქვე შეხვდა უფალ იესოს, ნავიდან ნაპირზე გადმოსვლისას? - იმიტომ, რომ ბოროტ სულს არ ძალუძს ღმერთის ბრძანებას შეეწინააღმდეგოს.

ყოველთა მეუფე იესო ქრისტე დამწუხრებული იყო ღადარინელთა ზნეობრივი დაცემულობის გამო, რომლებიც წყვდიადსა და სიკვდილის აჩრდილ ქვეშ იმყოფებოდნენ და წარსაწყმედელისაკენ მიექანებოდნენ. კვალად უფალი იმ უბედური ბოროტეშმაკეულის გამოც მწუხარებდა, რომელშიც დემონთა მთელი ლეგიონი შესახლებულიყო. ამიტომ უბრძანა ბოროტ სულს, იქვე შეხვედროდა, რათა დემონები განესხა ბოროტეშმაკეულისაგან, განეკურნა იგი და ქრისტიანობის პირველ მქადაგებლად ექცია ღადარინელთა მხარის მცხოვრებთა შორის.

ამრიგად, როცა ბოროტმა სულმა დაინახა მისკენ მომავალი იესო ქრისტე, ხმამაღლა დაიძახა იმ უბედური კაცის პირით, ფეხებში შეუვრდა უფალს და უთხრა: „რაი ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე!“-ო. შესაძლოა ხმამაღლა ღაღად-ყო შიშისაგან, მეუფისა და უფლის იქ ყოფნის გამო, რომლის საღმრთო ნებასაც იგი გამუდმებით ეწინააღმდეგება თავისი დაცემის დროიდან და რომლის გონიერ ქმნილებასაც - ადამიანს ბოროტისაკენ აცთუნებს. „გევედრები, ნუ მტანჯავ მე!“-ო, - ევედრება იგი უფალს, რადგან განკითხვის ჟამი ჯერ სავსებით არ დამდგარა ბოროტი სულებისათვის. მახარებელ მათეს გადმოცემითაც ისინი იგივეს ეუბნებიან უფალ იესოს: „რაი ძეს ჩვენი და შენი, იესო, ძეო ღმრთისაო? მოხვედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩვენდა!“ (8,29). ამრიგად, ბოროტი სულებისავე საკუთარი შეგნებით, დადგება მათი საბოლოო განსჯის დროც (1კორინთ. 6,9). მოციქული იუდა თავის ეპისტოლეში ამბობს: „ანგელოზნი იგი, რომელთა-იგი არა დაიმარხეს თვისი იგი სამთავროი, არამედ დაუტევეს სამკვიდრებელი მათი სასჯელად დიდისა მის დღისა საკრველებითა მით სამარადისოითა, წყვდიადსა ქვეშე დაჰმარხნა“ (მუხლი 6), იმ დიდი დღისა, როცა სიკეთისა და ნათელის მეუფება გამარჯვებას იზეიმებს ცოდვისა და წყვდიადის მეუფებაზე, და როცა ყველაფერი ის, რაც ამ ცოდვის სამეუფოს ეკუთვნის, ჯოჯოხეთის უფსკრულში იქნება შთაგდებული. „და ეშმაკი რომელი-იგი აცთუნებდა მათ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისა და წუმწუბისასა, სადა იყვნეს მხეცი იგი და ცრუ-წინასწარმეტყველი და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე“ (გამოცხ. 20,10).

„რამეთუ უბრძანა სულსა მას არაწმიდასა განსლვად კაცისა მისგან; რამეთუ მრავალ-გზის წარიტაცის იგი, და შებორკილიან იგი ჯაჭვითა და საკრველითა და სცვედ, და განხეთქნის საკრველნი და იდევნებინ ეშმაკისა მისგან უდაბნოთა“ (მუხლი 29).

რატომ ევედრება ბოროტი სული უფალს, ნუ მტანჯავო, მაშინ, როცა უფალმა იესომ უბრალოდ უბრძანა მას განსვლა იმ კაცისაგან? - ზოგნი ვარაუდობენ, რომ თუკი ბოროტ სულს არ შეუძლია ღმერთის ქმნილების დარღვევა და წარწყმედა, იგი ტანჯვის მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომ იგი მარადის ვინმეზე უნდა მიაწევდეს თავის დამარღვეველ-დამღუპველ ძალას. მათეს სახარებაში ვკითხულობთ: „ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდაი განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსვენებასა და არა ჰპოვის“ (მათე 21,43). ახლა კი, როცა ამა ქვეყნად იესო ქრისტე მოვიდა ადამიანთა ხსნისათვის, ბოროტ სულთა ხელმწიფებამ ადამიანებზე შემცირება იწყო, ისინი უწინდებურად ვეღარ სტანჯავენ თავიანთ მსხვერპლთ. ამიტომაც ევედრებიან იესო ქრისტეს, ნება მოგვეცი ღორების კოლტში შევიდეთ და ისინი დავღუპოთო.

„ჰკითხა მას იესუ: რაი არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: ლეგეონ, რამეთუ ეშმაკნი მრავალნი შესრულ იყვნეს მისა“ (მუხლი 30).

ყოვლისმცნობელმა უფალმა, უეჭველია, უწყოდა, რომ უბედური კაცი ეშმაკის მთელი ლეგიონის მიერ იყო შეპყრობილი, მაგრამ იგი ეშმაკს სახელის შესახებ ეკითხება, ერთის მხრივ, იმისათვის, რომ თავისი მოწაფეები და ყველა თავისი მორწმუნე გააფრთხილოს ბოროტ სულთა დიდი ძალის გამო, რომელთა ხელმწიფებასაც ისინი შეიძლება დაექვემდებირონ, თუკი მგზნებარე რწმენა არ ექნებათ ღმერთისა, ხოლო მეორეს მხრივ უფალ იესოს სურდა თავისი მოწაფეების რწმენა განემტკიცებინა თავის უსაზღვრო ღვთაებრივ ხელმწიფებაში ბოროტ სულთა ლეგიონებზე.

„რაი არს სახელი შენი?“-ო, ეკითხება იესო ბოროტეშმაკეულ კაცს. ბოროტი სული კი, არ ამბობს რა თავის სახელს, ბოროტ სულთა რაოდენობის შესახებ მიუთითებს, რომელნიც იმ კაცს დაუფლებიან. „ლეგეონ“-იო, მიუგო ეშმაკმა. ლეგიონი არის დივიზიის სახელწოდება რომაულ ლაშქარში. უფალ იესო ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების დროს რომაული ლეგიონი, ჩვეულებრივ, ექვსი ათასი კაცისაგან შესდგებოდა, რომელთაგანაც ნახევარი ქვეითი იყო, მეორე ნახევარი კი - ცხენოსანი ჯარი. რადგანაც იუდეველები რომაელთა ბატონობის ქვეშ იმყოფებოდნენ და იუდეის მთავარ ქალაქებმი რომაული ჯარები - ლეგიონები თუ ათასეულები იყო განლაგებული, ამდენად ეს სახელწოდებაც რომაული ჯარის შენაერთისა - ლეგიონი - კარგად იყო ცნობილი პალესტინაში. ზოგჯერ ეს სიტყვა სიმრავლის გამოსახატავადაც გამოიყენებოდა, როგორც ამ შემთხვევაში - „ლეგეონ, რამეთუ ეშმაკნი მრავალნი შესრულ იყვნეს მისა“.

მაგრამ თუკი მთელი ლეგიონი იყო ეშმაკებისა ამ ადამიანში, მათგან რომელი მიუგებდა იესო ქრისტეს შეკითხვაზე? - უეჭველია, ერთ-ერთი უმთავრესი ბოროტი სული, რომელსაც სხვანი ემორჩილებოდნენ. როგორადაც ჯარშია მთავარი წინამძღოლი, რომელსაც უსიტყვოდ ემორჩილებიან მეომრები, ასევე აქაც არის ერთი უმთავრესი ბოროტისული, რომელიც ერთგვარ წარმომადგენლად წარმოსდგება ბოროტი სულებისა - ლეგიონისა და მათზე მეთაურობით ებრძვის ქვეყნად ღმერთის მეუფების გავრცელებას. ამ სახელწოდებაში - ლეგიონი - ღრმა ჭეშმარიტებაა შთადებული. ყოველნაირი ცოდვისმიერი ვნება, რომელიც ადამიანის სულს ეუფლება და მას სულიერი სიკვდილისა და ეშმაკის ტყვედ შექნის, სამართლიანად შეიძლება ლეგიონად იწოდოს, რადგანაც იგი არასდროს არ არის მარტო, არამედ თავის შემდგომ კარს უღებს მრავალ სხვა მანკიერებასა და ვნებას. ასე, მაგალითად, სიმთვრალის ცოდვიანი ვნება კარს უღებს საწყალობელ თავმოყვარეობას, უჯერო სიტყვების თქმას, შეუკავებელ მრისხანებას, სიძვა-მრუშებას, ყოველგვარ სიცრუესა და სხვა მანკიერებებსა და ცოდვებს. ამ ლეგიონის დასამარცხებლად აუცილებელია მხურვალე ვედრება ღმერთისადმი, რათა იგი შეეწიოს ადამიანს ამ უმძაფრესი ცოდვისმიერი ვნების დამარცხებაში თავისი მადლით, რადგან სიმთვრალე აქ წარმოსდგება როგორც მთავარი მხედართმთავარი სხვა ცოდვებისა; და თუკი იგი ძლეულ იქმნება, მაშინ მანკიერებათა მთელი ლეგიონიც იძლევა და განიდევნება ადამიანისაგან.

„და ევედრებოდეს მას, რაითა არა უბრძანოს მათ უფსკრულთა შთასლვაი“ (მუხლი 31).

წმიდა მახარებელ მარკოზის გადმოცემით, ეშმაკნი ბევრს ეხვეწნენ იესო ქრისტეს, რათა მას იმ ქვეყნიდან შორს არ განესხა ისინი (5,10). ღადარინელთა მხარე დასახლებული იყო უპირატესად წარმართებით, და ეშმაკთაც იქ დიდი ხელმწიფება ჰქონდათ მოპოვებული ადამიანებზე. გასაგებია, თუ რატომ ევედრებოდნენ ისინი ასე გაძლიერებით იესოს, რათა მას იმ მხრიდან არ გაეძევებინა ისინი და უფსკრულში შთასვლა არ ებრძანებინა მათთვის. უფსკრულის ქვეშ, საღმრთო წერილის ბრძანებით, უნდა ვიგულისხმოთ რაღაც უსამანო სიღრმე, უძირო ორმო, თუ ცივი ჯურღმული. იოანეს გამოცხადებაში ვკითხულობთ: „და მეხუთემან ანგელოზმან დასცა საყვირსა, და ვიხილე ვარსკვლავი, რომელი გარდამოვარდა ზეცით ქვეყანად, და მიეცა მას კლიტე ჯურღმულისა მის უფსკრულისაი, და აღხდა კვამლი ჯურღმულისა მისგან, ვითარცა კვამლი ცეცხლისა მოტყინარისაი და დაბნელდა მზე და ჰაერი კვამლისა მისგან ჯურღმულისა. და კვამლისა მისგან გამოვიდეს მკალნი ქვეყნად. და მიეცა მათ ხელმწიფებაი, ვითარცა აქვს ხელმწიფებაი ღრიაკალთა ქვეყანისათა. და ითქვა მათდა მიმართ, რაითა არა ავნონ თივასა ქვეყანისასა, არცა ყოველსა მწვანვილსა, არცა ხეთა, არამედ კაცთა, რომელთა არა აქუს ბეჭედი ღმრთისაი შუბლთა ზედა მათთა“ (9,1-4). სწორედ ამ უფსკრულში - ჯურღმულში იქნება შთაგდებული ათასი წლით შეკრული სატანა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს (ქრისტეს ეკლესიის ქვეყნიური არსებობის განმავლობაში, ანტიქრისტეს გამოჩენის დრომდე). „და ვიხილე ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, და აქუნდა კლიტე უფსკრულისაი და ჯაჭვი დიდი ხელსა მისსა და შეიპყრა ვეშაპი იგი, გველი დასაბამისაი, რომელ არს ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ. და შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰხშა კარი და დაჰბეჭდა მის ზედა, რაითა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდის აღესრულოს ათასი წელი. შემდგომად ამისა ჯერ-არს განხსნაი მისი მცირედ ჟამ“ (გამოცხ. 20,1-3). მოციქული პეტრე ამ უფსკრულს წყვდიადს, ტარტაროზს უწოდებს (პეტრე 2,4), რომელშიც ღმერთს საუკუნო საკრველებით უპყრია ბოროტი სულები „წყდიადსა ქვეშე“ „სასჯელად დიდისა მის დღისა“ (იუდა 6). ამგვარად, უფსკრულის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ სულიერი საპყრობილე, რომელშიც ბოროტი სულები საუკუნოდ დაიტანჯებიან, ისე, რომ არ ექნებათ შესაძლებლობა რაიმე ავნონ მართალ, კეთილმსახურ მორწმუნეებს, რომელნიც ჩაწერილნი არიან ცხოვრების წიგნში (გამოცხ. 20,15). „და ეშმაკი, რომელი-იგი აცთუნებდა მათ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისა და წუმწუბისასა, სადა იყვნეს მხეცი იგი და ცრუ-წინასწარმეტყველი და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე“ (გამოცხ. 20,10).

„და იყო მუნ კოლტი ღორთაი მრავალი, მძოვარი მთასა ზედა; და ევედრებოდეს მას, რაითა უბრძანოს მათ ღორებსა მას შესლვაი. და თავადმან უბრძანა მათ“ (მუხლი 32).

ძველი აღთქმის სჯული უკრძალავდა იუდეველებს ღორების ყოლას, როგორც უწმიდური პირუტყვისა. ამიტომაც ეს ღორების კოლტი, ალბათ ღადარინის მხარის წარმართ მაცხოვრებელთ ეკუთვნოდა. თუმცა ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ ღადარინელთა მხარეში იუდეველები ღორებით ვაჭრობდნენ წარმართებთან და ამისთვის, სჯულის საწინააღმდეგოდ, მათ მოშენებული ჰყავდათ ღორები, თუმცა თავად არ იყენებდნენ მის ხორცს საზრდოდ.

ამრიგად, ბოროტი სულები ევედრებოდნენ უფალს, ნება მიეცა მათთვის ღორების კოლტში შესულიყვნენ. გამოუთმელი ტანჯვა ბოროტ სულთათვის იმაში მდგომარეობს, რომ მათ არ შეუძლიათ ვინმეს ზიანი მიაყენონ და შეუმოსავი დახეტიალობდნენ - ვერ-შესულნი ვერც ადამიანში და ვერც ცხოველში. ამიტომ ისინი ევედრებიან იესო ქრისტეს, ნება დართოს მათ ღორების კოლტში შესვლისა. და თუკი დართავს მათ ნებას, მაშინ ისინი, ბოროტი სულები, დაღუპავენ ამ კოლტს, და ღადარინელნიც, ქვეყნიური სიკეთეებისა და ხორციელი მგრძნობელობის სიყვარულით უარყოფენ ქრისტეს, არ მიიღებენ მას. აი, ასეთია ეშმაკთა ბუნების თავისებურება: მარადის ვინმესთვის ზიანის მიყენებას ეცადონ. მეორე მხრივ, უდიდესი ნუგეში მორწმუნეთათვის იმაში მდგომარეობს, რომ ეშმაკთ ღმერთის მხრივ ნებართვის მიღების გარეშე არათუ ადამიანებს არ ძალუძთ ავნონ რამე, არამედ ღორების კოლტში შესვლის ხელმწიფებაც კი არა აქვთ. წმიდა ამბროსი ამასთან დაკავშირებით ამბობს: „ეშმაკს რომ ადამიანთათვის მთელი ის ბოროტება მოეწია თავს, რაც გუნებაში აქვს, მაშინ ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხოვნდებოდა; მაგრამ ღმერთის ნებართვის გარეშე მას არავისათვის არანაირი ზიანის მიყენება არ შეუძლია. ამიტომ გეშინოდეს ყველაზე მეტად იმისა, რომ ღმერთი არ შეურაცხყო და ნუ გეშინის ეშმაკის მზაკვრობებისა და მანქანებისა“.

რატომ დართო იესო ქრისტემ ნება ეშმაკთ შესულიყვნენ ღორების კოლტში და დაეღუპათ იგი, თუკი ამას შეეძლო ხელი შეეშალა მისი მაცხოვნებელი ქადაგების გავრცელებისათვის ღადარინელოა შორის? უფალი იესო ღადარინელთა მხარეში იმისათვის ჩავიდა, რომ ერთი თუ ორი ბოროტეშმაკეული განეკურნა, და მან აღასრულა თავისი საქმე. მან გაათავისუფლა ამ უბედური ადამიანების სხეულებიც და სულებიც ეშმაკთა მთელი ლეგიონის ხელმწიფებისაგან. ხოლო საერთოდ ღადარინელ მაცხოვრებლებს რაც შეეხებათ, ისინი ჯერ არ იყვნენ ღმერთის ბუნებრივი მადლის მიერ შემზადებულნი იმისათვის, რომ უფალ იესო ქრისტეს სწავლება მოესმინათ და ცოდვები მოენანიებინათ. ისინი მეტისმეტად იყვნენ დამონებულნი ხორციელ-გრძნობისმიერ და სხვა წარმართულ მანკიერებებს. მისცა რა ნება ეშმაკთა ლეგიონს დაეღუპა ღორების კოლტი, უფალმა იესო ქრისტემ ამასთანავე თავის მიერ განკურნებული კაციც - მანამდე მძვინვარე ბოროტეშმაკეულიც - დაუტოვა მისიონერად, მქადაგებლად, რათა ასე განემზადებინა ისინი სახარების ნათელის მისაღებად, - განემარტა მათთვის ის, რომ ადამიანის სული შეუდარებლად უფრო მეტია ღორების ათასობით კოლტზე, რომ ცათა სასუფეველის მოსაპოვებლად აუცილებელია თავმდაბლობა, თავგანწირვა და მოწყალების გაღება, და რომ თუკი უფალმა იესო ქრისტემ დაუშვა მათი ღორების კოლტის დაღუპვა, ეს მან კეთილი მიზნით გააკეთა, ანუ იმისთვის, რომ ღადარინელოა ყურადღება ხორციელი მგრძნობელობისგან და ქვეყნიური მისწრაფებებისაგან ჩამოეცილებინა და მათი გონებანი და გულნი საუკუნოსადმი, ზეციურისადმი, ღვთაებრივისადმი მიექცია.

„და გამოვიდეს ეშმაკნი იგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა მათ. და მიიმართა ყოველმან კოლტმან კბოდესა მას ტბად და დაიშთვნეს“ (მუხლი 33).

ქალაქ გერგესას მახლობლად ციცაბო ფლატე იყო, რომელიც ზედ ტბისაკენ ეშვებოდა და ეს კოლტიც ღორებისა, შეძდგარი ორი ათასი პირუტყვისაგან (მარკიზი 5,13), დაფეთებული გაქიცა ფლატესაკენ და ტბაში გადაცვივდა, სადაც დაიხრჩო კიდეც. განკურნებულმა კაცმა ღაინახა ღორების დაღუპვა და გულისხმა-ჰყო, თუ რაოდენი დამანგრეველი ჯიჯოხეთური ძალისაგან იხსნა იგი მეუფე ქრისტემ.

„ვითარცა იხილეს მწყემსთა მათ საქმე ესე, ივლტოდეს და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა“ (მუხლი 34).

ეჭვი არ არის, რომ მწყემსები დიდად განკვირდნენ უფლის ძალისა და ყოვლისშემძლებლობისა გამო, და შეშინდნენ. ხოლო თუკი ისინი იუდეველები იყვნენ, მაშინ, შეგნებული ჰქონდათ რა თავიანთი საქმიანობის სჯულის საწინააღმდეგო ხასიათი, შესაძლოა, ამ მოვლენაში საღმროო სასჯელსაც ხედავდნენ, მოწევნულს მათზე სჯულის დადგინების დარღვევისათვის, და შესაძლოა კიდევ უფრო დიდი სასჯელის მოწევნისა შეეშინდათ და ამისთვის გაიქცნენ ქალაქში, რათა მომხდარის შესახებ ყველასათვის ეუწყებინათ.

„და გამოვიდეს ხილვად, რომელი-იგი იქმნა, და მოვიდეს იესუისა და იხილეს კაცი იგი მჯდომარე, რომლისაგან ეშმაკნი იგი განსრულ იყვნეს, შემოსილი და გონიერი, ფერხთა თანა იესუისთა, და შეეშინა. რამეთუ უთხრეს, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი ცხოვნდა ეშმაკეული. და ევედრებოდეს მას ყოველი იგი სიმრავლე გარემო სოფლებისაი მის გადარინელთაისაი, რაითა წარვიდეს მათგან, რამეთუ შიშითა დიდითა შეპყრობილ იყვნეს. ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მუნვე“ (მუხლები 35-37).

აი ასე, ღორების დახრჩობის გამო შეიქნა ცნობილი იმ მხარის მაცხოვრებელთათვის ბოროტეშმაკეულის სასწაულებრივი განკურნების ამბავი! და ყველანი, ქალაქიდანაც და მახლობელი დაბა-სოფლებიდანაც გამოვიდნენ მაცხოვრებლები, რათა სასწაულთმოქმედიც - განმკურნველიც ეხილათ და განკურნებულიც, და საკუთარი თვალით დარწმუნებულიყვნენ აღსრულებული სასწაულის სინამდვილეში. და მოვიდნენ და მართლაც ნახეს, რომ განკურნებული, აქამდე ყველასათვის საშიში თავისი მძვინვარე ქცევის გამო, აწ მშვიდად იჯდა იესოს ფერხთით, ანუ მის ღვთაებრივ სწავლებას ისმენდა (ლუკა 10,39), ამასთან შემოსილიც იყო და ყველაფრიდან ცხადად ჩანდა, რომ სრულ საღ ჭკუაზე იმყოფებოდა. და რა მოიმოქმედეს ღადარინელებმა? მადლობა თუ შესწირეს უფალ იესოს ამ დიდი კეთილმოქმედებისათვის, რომელიც უფალმა მათ აღმოუჩინა, როცა ეს ბოროტეშმაკეული კაცი განკურნა, ვინც მათ მრავალ ვნებას, ხიფათსა და ზიანს შეამთხვევდა? - არა, არამედ შეეშინდათ, და ნაცვლად იმისა, რომ შევედრებოდნენ მათთან მისულ უფალ იესოს - ჩვენთან დარჩიო, რათა ესარგებლათ მისი კეთილმოწლეობისაგან გადმოღვრილი საღმრთო საბოძვარით, ღადარინელებმა სთხოვეს იესოს, დატოვე ჩვენი მხარე და წადი ჩვენგანო. ასეთი თხოვნა, რა თქმა უნდა, არ იყო თავმდაბლობისა და მორჩილების გამოხატულება. იგი უფრო ქონების დაკარგვით იყო გამოწვეული, და შესაძლოა, მომავალი, კიდევ უფრო დიდი ზარალის შიშითაც. და მათთვის არაფერს ნიშნავდა ის, რომ მათი თანამოქალაქე გამოხსნილ იქნა ესოდენ საშინელი ტყვეობისაგან. მათი მთავარი საფიქრალი ახლა ის ნივთიერი დანაკარგი იყო, რომელიც მათ იწვნიეს ღორების კოლტის დაღუპვით. და ისინი სულ არ ზრუნავდნენ იმ საღმრთო მადლის მისაღებად, რომელიც მათ მოახლოებოდათ. ღმერთის წმიდანის იქ ყოფნა მათთვის აუტანელი იყო, რადგან ისინი ღრმად იყვნენ შთაფლულნი ცოდვებში; ამიტომ რაკი არ სურდათ გათავისუფლებულიყვნენ თავიანთი ცოდვებისაგან, ისინი ევედრნენ იესო ქრისტეს, წასულიყო მათი მხარიდან. მათი თხოვნა შესმენილ იქნა, რამეთუ უფალი ხშირად შეისმენს ხოლმე თავისი მტრებისას მრისხანებაში (რიცხვთა 22,20), და ასევე, ზოგჯერ, არ შეისმენს ხოლმე იმათსას, ვისაც უყვარს იგი (2 კორინთ. 12,8-9). და უფალმა იესომაც მიატოვა ისინი, ვინაც უღირსად გამოაჩინა თავი მისი ღვთაებრივი სწავლებისა.

„ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნეს, რაითა იყოს მის თანა. ხოლო თავადმან განუტევა იგი და ჰრქუა: მიიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რაოდენი გიყო შენ ღმერთმან. და წარვიდა ყოველსა მას ქალაქებსა და ქადაგებდა, რაი-იგი ყო მისთვის იესუ“ (მუხლები 38-39).

უმადურ ღადარინელთა შორის მაინც აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც გულგრილი არ დარჩენილა უფალ იესოს მიმართ და მადლობელი იყო მისი საღმრთო საბოძვარისა - განკურნვის მონიჭებისათვის. ასეთი ადამიანი სწორედ ის, აქამდე ბოროტეშმაკეული, აწ კი განკურნებული კაცი იყო. და რაკი იცოდა, თუ როგორი დავალებული იყო უფალ იესოსაგან და რა უხიფათო იქნებოდა მარადის მის გვერდით, მისი მფარველობის ქვეშ ყოფნა, მან ისურვა განუყრელად იესოს გვერდით ყოფილიყო: როცა უფალი ნავს ავიდა, იგი ევედრებოდა მას შენთან ვიქნები, შენი მიმდევარი მინდა გავხდეო (მარკოზი 5,18), მაგრამ უფალს იგი სხვა მიზნისათვის ჰყავდა განჩინებული. მიატოვა რა ის ადამიანები, რომლებიც უღირსნი აღმოჩნდნენ მისი მუნმყოფობისა, უფალს არ სურდა ისე განშორებოდა მათ, რომ არ დაეტოვებინა მათთან თავისი საღმრთო ძლიერების მოწმე. ამიტომ ეს კაცი, ესოდენ საკვირველად გათავისუფლებული სამარცხვინო ტყვეობისაგან, მუდმივი შეხსენება უნდა ყოფილიყო უფლის მადლისა და ყოვლადძლიერებისა, ცოცხალი მოწმე და დადასტურება იმისა, რომ იესო ქრისტე მათ ყველასაც განკურნავდა და ისურვებდა კიდეც, განეკურნა ისინი მათი ყველა სულიერი სნეულებისაგან. და განკურნებულმა აღასრულა უფლის ეს სურვილი: იგი ყველას აუწყებდა ამ დიდი სასწაულის შესახებ, რომლითაც უფალმა იგი გაათავისუფლა ეშმაკთა ტყვეობისაგან. მახარებელ მარკოზის გადმოცემით, ამას იგი მხოლოდ თავის ქალაქში კი არ იქმდა, „არამედ იწყო ქადაგებად ათქალაქსა მას, რაოდენი უყო მას იესუ, და ყოველთა უკვირდა“ (მარკოზი 5,20).

ეს ათქალაქი (ბერძნულად დეკაპოლი), ნახსენები მათესთანაც და მარკოზთანაც (4,25 და 5,20), გადმოცემით იყო მანასეს ნახევარტომის სამფლობელო ოლქი, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთით. გეოგრაფები თანახმანი არიან იმაში, რომ სკითოპოლი მთავარი ქალაქი იყო ამ ოლქის ათი ქალაქიდან და მხოლოდ იგი მდებარეობდა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე; რომ დანარჩენი ქალაქების სახელწოდებები იყო იპონი, ღადარა, დიონი, პელეა, ანუ პელლა, გერეზა ანუ გერგესა, ფილადელფია, რაფანა, ანუ როთონი, კანათა და დამასკო. ეს ქალაქები ერთგვარ კავშირს შეადგენდნენ, მსგავსად, ალბათ, ჰანზას კავშირისა, და თავიანთი საგანგებო წესები ჰქონდათ შემოღებული. უფალ იესო ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების ჟამს ისინი, უპირატესად, უცხოტომელებით იყვნენ დასახლებულნი (ძირითადად ბერძნებით). ყველა ამ ქალაქისაგან, რომლებიც ამჟამად გაუკაცრიელებულნი არიან, მხოლოდ ერთი - დამასკოა, ვითარცა ოაზისი უდაბნოში. დღესაც დასახლებული და აყვავებული ქალაქი.

 

II. ამრიგად, ჩვენ განვიხილეთ მახარებელ ლუკას საკითხავი ღადარინელი ბოროტეშმაკეულის განკურნვის შესახებ. რას გვასწავლის იგი?

ა) პირველ ყოვლისა, ეს სახარება შეგვახსენებს, რომ ჩვენც, მსგავსად ბოროტეშმაკეულისა. ვნებებისადმი მსახურებით ეშმაკისმიერ საცთურთა და მანქანებათ ვართ დაქვემდებარებულნი. რომელნიც უბედურებად შეგვქნიან (მუხლი 27). და მართლაც, ზოგიერთს ჩვენგან მრისხანების დემონი ჰყავს თავის არსებაში, მეორეს - ეგოიზმის ეშმაკი, მესამეს - შურისა. სხვას - ამპარტავნებისა თუ მზვაობრიობისა, კიდევ სხვას - სიცრუისა, ან ხორციელი ტკბობისა, ფუფუნების სიყვარულისა, ვერცხლისმოყვარეობისა, მცონარებისა და ა.შ.

ამრიგად, მთელის ჩვენის გულით ვევედროთ უფალს, რომ მსგავსად გერგესეველი ბოროტეშმაკეულებისა, ჩვენც განგვათავისუფლოს ჩვენი სხვადასხვა ვნებებისაგან, რომელთა მეშვეობითაც ეშმაკი გვაცთუნებს, - განგვათავისუფლოს, რათა ჩვენც, ჩვენი მაცხოვრის მსგავსად, ვიყოთ მშვიდნი, მოთმინენი, მოწყალენი, კეთილისმომქმედნი, შრომისმოყვარენი, სიმართლისმოყვარენი, თავმდაბალნი, მორჩილნი, სამართლიანნი, ანუ რათა ჩვენც კარგი ქრისტიანები ვიყოთ და ჯეროვნად ვემსახურებოდეთ უზენაესს მთელის ჩვენის გულით, და რათა გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი, ვითარცა თავი თვისი.

ბ) კვალად, დღევანდელ სახარებაში ჩვენს ყურადღებას იქცევს ღადარინის მხარის მაცხოვრებელთა უცნაური საქციელი, რომელთაც ნაცვლად იმისა, რომ გახარებოდათ წმიდა საკვირველმოქმედის ყოფნა მათს ქვეყანაში, სთხოვეს უფალ იესოს, წადი, განგვეშორეო! (მუხლი 37). აი, ცხადი გაფრთხილება ჩვენთვის, - აი, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ხორციელი, გრძნობისმიერი ცხოვრებისადმი მიკრობამ. ჩვენც, ღადარინელთა მსგავსად, ზოგჯერ იმ ზომამდე მივეჩვევით ხოლმე ამგვარ ცხოვრებას, რომ ჩვენს გულში სიცივე, გულგრილობა ისადგურებს ყოველივე იმისადმი, რაც ჩვენს ნივთიერ მოთხოვნილებებს აღემატება, რაც სულიერია. და მაშინ სულის ის მოჩვენებითი მოსვენება შეგვიყვარდება ხოლმე, რომელიც სინამდვილეში მისი გაქვავების, მოკვდომის დასაბამია. და ჩვენ არათუ არანაირი სურვილი არა გვაქვს ჩვენი სულიერი მდგომარეობა ავხსნათ და გავისიგრძეგანოთ, არამედ, პირიქითაც კი, ვცდილობთ გვერდი ავუაროთ ყველა იმ კითხვას, რომლებიც ჩვენს გონებას სულიერ საგნებზე დაფიქრებისათვის აღძრავენ, - და განვეშოროთ ხოლმე ისეთ შემთხვევებს, რომლებიც უსიამოდ გვიღვიძებენ სინდისს. ჩვენს საქციელთა მიხედვით ძნელია განსჯა - თუ ვინა ვართ: სარწმუნოების მტრები თუ მისი მორჩილი შვილები, რამეთუ საქმით, სინამდვილეში, არც მტრობასა და არც სიყვარულს რწმენისადმი არ წარმოვაჩენთ. მაგრამ უფალი ითმენს ადამიანთა ამგვარ, ნელ-თბილ დამოკიდებულებასაც (გამოცხ. 3,15-16), და თავისი უსაზღვრო კეთილმოწლეობით, თავად გვეწვევა ხოლმე ჩვენ იმისათვის, რომ ძილისაგან განაღვიძოს ჩვენი სულები და იმასაც კეთილად ნებულობს, რომ ჩვენს წინაშე ან ჩვენზედვე სასწაულნი აღასრულოს, განმაცხადებელნი მისი ყოვლადძლიერობისა. ზოგჯერ უფლის მარჯვენა ხილულად ცხადდება ჩვენს ცხოვრებაში სხვადახვა უბედურებათა სახით; ზოგჯერ ღმერთის სიტყვა, ცხოველი და ქმედითი, ორლესულ მახვილზე უფრო მჭრელი, ჩვენს სულსა და გულს განგმირავს ხოლმე და მკაცრად განსჯის გულისმიერ ზრახვებსა და ფიქრებს ჩვენში; ზოგჯერაც რაიმე სხვა სახით გვეცხადება უფალი თავის ძლიერებასა და დიდებულებაში. და როგორ ვეგებებით ჩვენ მას ამგვარ შემთხვევებში? თრთოლვა და ძრწოლა მოიცავს ხოლმე ჩვენს გულებს. მაგრამ ამ ძრწოლაში არ არის ღმერთის ჭეშმარიტი მოშიშება. ჩვენ გვიმძიმს ხოლმე უფლის ჩვენს გვერდით ყოფნა, იმიტომ, რომ უკვე აღარ ძალგვიძს სულისადმი იმავე უზრუნველობით განვლევდეთ დღეს დღეზე, როგორითაც ცხოვრებას ძალზე შევჩვევივართ; უფლის ყოფნისას ჩვენს გვერდით ჩვენ უნებლიედ უნდა შევცვალოთ ჩვენი ჩვეული საქმიანობა, ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, უნდა მივატოვოთ ჩვენი ჩვეული მთვლემარე მდგომარეობა და განუწყვეტელი სიფხიზლით ჩავუკვირდებოდეთ საკუთარ თავს. ამიტომაც გვსურს ხოლმე, რომ უფლის გამოცხადება, მოსვლა ჩვენთან აღარ გაგრძელდეს, და ისე, რომ არც კი გამოვიძიებთ მისი მოსვლის მიზანს, ღადარინელთა მსგავსად, ვევედრებით მას წავიდეს ჩვენგან ეს უხილავი, მაგრამ საშინელი სტუმარი, რათა ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში კვლავაც ძველს მდინარებას დაუბრუნდეს და ჩვენთვისაც საშინელი აღარ იყოს ძველი ჩვეულებებისადმი მიბრუნება და უზრუნველად სვლა იმავე გზით, რომელსაც მანამდე ვადექით. აი, ჭეშმარიტად ასე ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩარჩენილნი არიან იმ ხორციელ ცხოვრებაში, რომლის მთელი მიზანიც მხოლოდ ქვეყნიური შესაძლებელი სიმშვიდითა და კეთილდღეობით შემოიფარგლება.

გ) და ბოლოს, ჩვენს ყურადღებას იპყრობს განკურნებული ღადარინელი ბოროტეშმაკეულის მოქმედება მისი სასწაულებრივი გათავისუფლების შემდეგ ეშმაკთა ლეგიონისაგან: იგი უფალს მიეკრობა და სურს, მარადჟამს მასთან იყოს; მერმე კი, მოისმენს რა მის ნებას, მიდის და მთელს თავის ქალაქსა და სხვა ქალაქებსაც უქადაგებს იმ კეთილმოქმედების შესახებ, რომელიც მას უფალმა იესომ უყო ეგზომ საკვირველად. კეთილისმომქმედი თავისკენ მიიზიდავს მას, მისი ნება კანონად იქცევა მისთვის და განკურნებულის ენასაც უკვე აღარ ძალუძს შეჩერდეს და აღარ იუწყებოდეს ყველას გასაგონად მასზედ, თუ რა დიდი წყალობა მიიღო მან უფალ იესოსაგან. ამრიგად ჩვენ, ქრისტიანებს, მარადის რომ გვახსოვდეს ყველა ის სიკეთე, რომლებიც ჩვენი უფლისაგან მიგვიღია და ვიღებთ, მაშინ აღარ იქნებოდნენ ჩვენს შორის უმადურნი, მისი წმიდა ნების დამარღვეველნი, და ყველას ყველაზე მეტად გვეყვარებოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. წმიდა ნათლის-ღების საიდუმლოში ჩვენ გვცილდება პირველმშობელთა ცოდვა და მთელი მისი დამღუპველობა; სინანულის საიდუმლოში ჩვენ გამუდმებით განვიბანებით ცოდვათაგან, რომლებიც გამუდმებითვე გვეწებებიან. ღვთის განგებულებით ჩვენ დაცულნი ვართ იმგვარ უბედურებათაგან და განსაცდელთაგან, რომლებიც თვით ჩვენგანვე არიან დაფარულნი, და ვიღებთ ცხოვრების იმ მიმართულებას, რომელიც ყველაზე უხიფათოა ჩვენთვის და კეთილხელსაყრელია ჩვენი ცხოვნების მიზნისათვის. და ეს ყოველივე, რაც ჩვენ გვეძლევა, უფლისაგან გვაქვს მონიჭებული. ამიტომაც გვმართებს მთელის სულით და გულით, მთელის არსებით უფალ იესო ქრისტეს მივეკუთვნებოდეთ, ყოველივეში მის წმიდა ნებას აღვასრულებდეთ და მარადის განვადიდებდეთ მის ყოვლადწმიდა სახელს სიტყვითაც, აზრებითაც, ჩვენი ცხოვრებითაც და საქმეებითაც! ამინ.

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე