27-ე კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან

სახარება ლუკასაგან (13, 10-17)

„10. და (მას ჟამსა შინა) ასწავებდა მათ იესუ შესაკრებელსა ერთსა შაბათსა შინა. 11. და აჰა ესერა დედაკაცი იყო, რომლისა თანა იყო სული უძლურებისაი ათრვამეტ წლითგან; და იყო იგი დაღონებულ და ვერ ეძლო ზე აღხილვად ყოვლითურთ. 12. იხილა იგი იესუ, მოუწოდა და ჰრქუა მას: დედაკაცო, განტევებულ ხარ უძლურებისაგან შენისა. 13. და დაასხნა მას ზედა ხელნი, და მეყსეულად აღემართა და ვიდოდა და ადიდებდა ღმერთსა. 14. მიუგო შესაკრებლის-მთავარმან მან რისხვით, რამეთუ შაბათსა განკურნა იგი იესუ, და ეტყოდა ერსა მას: ექუსნი დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ და ნუ დღესა შაბათსა. 15. მიუგო მას იესუ და ჰრქუა: ორგულო, კაცად-კაცადმან თქუენმან არა აღჰხსნისა შაბათსა შინა ხარი გინა ვირი ბაგათაგან მათთა და წარიბის და ასვის მას წყალი? 16. ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათრვამეტი წელი არს; არა ჯერ-იყოა განხსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა? 17. და ამას რაი იტყოდა თავადი, ჰრცხუენოდა ყოველთა წინა-აღმდგომთა მისთა; და ყოველსა მას ერსა უხაროდა ყოველთა მათ ზედა დიდებულებათა მისთა, რომელნი იქმნებოდეს მის მიერ.“

 

I. აწინდელი კვირის სახარებაში ეკლესია გვთავაზობს ამბავს უფლის მიერ ერთი უბედური დედაკაცის განკურნვის შესახებ, - სასწაულებრივი განკურნვისა, რომელიც ღირსშესანიშნავია სნეულების სიმძიმითაც, განკურნვის ზემოქმედებითაც და, განსაკუთრებით, მისი შედეგებითაც, მომდევნო მოვლენითაც. განვიხილოთ ეს საკითხავი.

„და (მას ჟამსა შინა) ასწავებდა მათ იესუ შესაკრებელსა ერთსა შაბათსა შინა. და აჰა ესერა დედაკაცი იყო, რომლისა თანა იყო სული უძლურებისაი ათრვამეტ წლითგან; და იყო იგი დაღონებულ და ვერ ეძლო ზე აღხილვად ყოვლითურთ“ (მუხლები 10-11).

შესაკრებლებში, ანუ სინაგოგებში ებრაელი ერი, ჩვეულებრივ, სამჯერ იკრიბებოდა კვირაში: მეორე, მეხუთე და მეშვიდე დღეს, ანუ ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს. ღვთისმსახურება ლოცვების წარმოთქმით იწყებოდა, ღვთისმსახური - შელიაჰი, რომლის მოვალეობაც სინაგოგაში მღვდელმოქმედების აღსრულება იყო, კიდობნის წინ დგებოდა, სადაც ბიბლია იდო, და მონოტონური ხმით წარმოთქვამდა დადგენილ ლოცვას; ეს ლოცვა შეიცავდა ღმერთისადმი მადლობის მიძღვნას, მის განდიდებას, აგრეთვე რამდენიმე ფსალმუნსაც. ამ ლოცვების დასრულების შემდეგ ხაზანს ამოჰქონდა კიდობნიდან სჯულის წიგნთა ერთ-ერთი გრაგნილი და შეკრების ერთ რომელიმე მონაწილეს აწვდიდა, ვისაც სინაგოგის მთავარი („არქესინაგოგი“) ნიშნავდა მკითხველის მოვალეობის შემსრულებლად. მკითხველი შემაღლებულ ადგილას დგებოდა შელიაჰის თანხლებით, ვის მოვალეობაშიც შედიოდა თვალყურის მიდევნება კითხვისათვის, რათა იგი ჯეროვანი სიზუსტით შესრულებულიყო. საკითხავი წინდაწინ იყო განსაზღვრული და შვიდი ნაწილისაგან შედგებოდა. პირველ ნაწილს პირველი მკითხველი კითხულობდა, დანარჩენ ექვსს კი -სხვა ექვსი მკითხველი, რომლებიც რიგ-რიგობით ასრულებდნენ ამ მოვალეობას. ერთი მუხლის წაკითხვის შემდეგ მკითხველი ჩერდებოდა; თარგუმი, ანუ განმმარტებელი ადგილობრივ მკვიდრთა ენაზე უხსნიდა მას შეკრებილ ერს, და როცა იგი ამთავრებდა თავის თარგმანებას, განმარტებას, ამის შემდეგ მკითხველი მომდევნო მუხლის წაკითხვას იწყებდა. ჩვეულებრივ, მკითხველი თავის მოვალეობას ფეხზე მდგომი ასრულებდა (იხ. ლუკა 4,20; საქმე მოციქ. 13,16). შვიდივე ნაწილის წაკითხვის შემდეგ, სჯულის გრაგნილს კვლავ კიდობანში აბრუნებდნენ. თუკი ეს შაბათს ხდებოდა, მაშინ კიდობნიდან იღებდნენ წინასწარმეტყველთა წიგნებს და მერვე მკითხველი ამგვარსახედვე კითხულობდა მათგან ერთ რომელიმე ადგილს, წინასწარ განსაზღვრულს და თარგუმი, ანუ განნმარტებელი ასევე მუხლითი მუხლად განუმარტავდა მას შეკრებილ ხალხს.

როცა კითხვა მთავრდებოდა, სინაგოგის მთავარი მკითხველს, ანდა რომელიმე დამსწრეს, თავისი შეხედულებისამებრ, იწვევდა შემაღლებულ ადგილას, და სთავაზობდა განემარტა წაკითხული, ანდა სამოძღვრებო ქადაგება წარმოეთქვა ერის წინაშე (იხ. საქმე მოციქ. 13,15). საღმრთო წერილის ტექსტის განმარტება შემდეგნაირად ხდებოდა: ჯერ გადმოსცემდნენ სიტყვა-სიტყვით მნიშვნელობას წაკითხული ადგილისა, ანუ საიდუმლო მნიშვნელობას. თუკი ასეთი სიტყვა-სიტყვითი ახსნა-განმარტება საკმარისი იყო მსმენელთა დასამოძღვრავად, მაშინ კმაყოფილდებოდნენ ტექსტის პერიფრაზირებით, ხოლო თუკი ასეთი განმარტება არანაირი პრაქტიკული სარგებლობის მომტანი არ იყო დამსწრე ერისათვის, მაშინ ცდილობდნენ ზნეობრივი მსჯელობებითა და დამატებებით დაემოძღვრათ მორწმუნეები, იმგვარი მსჯელობებით, რომლებიც სულიერი მნიშვნელობით განმარტავდნენ წაკითხულ ადგილებს.

ერის დამოძღვრის შემდეგ კვლავ კითხულობდნენ ლოცვებს და შეკრება მთავრდებოდა ქადაგებით, ანუ ღმერთის განდიდებით: „წმიდა იყოს და იდიდოს შენი დიდებული სახელი მთელს ქვეყნიერებაზე, რომელიც მის მიერ შეიქმნა შენი კეთილი ნებელობით! დაე, გავრცელდეს მისი მეუფება ყოველთა ადამიანთა ზედა! დაე, წარემატოს მისმიერი გამოსყიდვა! დაე, ისწრაფოს მისმა მესიამ თავისი ერის ხსნა დღეთა შინა ჩვენი ცხოვრებისა და ყოველთა შინა დღეთა ისრაელისათა, მალე!“

აი, ამგვარი იყო ღვთისმსახურებითი წესი ებრაელთა შესაკრებლებში, სინაგოგებში უფლის ქვეყნიური ცხოვრების ჟამს. ისინი, ძალზე მცირედი ცვლილებებით, მეორდებოდა ორგზის ორშაბათობით და ხუთშაბათობით, და სამგზის - შაბათობით.

ახლა კი უძლურებით შეპყრობილ დედაკაცს მივმართოთ: რა საწყალობელი იყო მისი მდგომარეობა! იგი „დაღონებული იყო“, ანუ დაკრუნჩხული იწვა და არაფრით არ შეეძლო წამოდგომა, წელში გამართვა. ამიტომ არც სწორად სიარული ძალ-ედვა და არც თავისუფლად წოლა; ისე იყო წელში მოხრილი, რომ მიწისკენ პირისახით ქვე-დამხობილს არ შეეძლო პირისახეში შეეხედა შემხვედრთათვის. რამდენი დაცინვა და აბუჩად აგდება უნდა დაეთმინა მას უგულისხმო და თავქარიან ადამიანთაგან! რამდენი სხვა უსიამოვნებითა და უხერხულობით იყო აღსავსე მისი ცხოვრება! და ასეთ მდგომარეობაში დაჰყო მან 18 წელიწადი. რა თქმა უნდა, მან ალბათ არაერთგზის სცადა ეშველა თავისთვის საკურნებელი საშუალებებით, მაგრამ მისი მდგომარეობა არ იცვლებოდა. ამ დედაკაცის სნეულება განსაკუთრებული სახისა იყო და მისი შემსუბუქება არ შეეძლო ადამიანის მიერ დამზადებულ საკურნებელ წამალს. მასში „იყო სული უძლურებისაი“, - ამბობს მახარებელი, ხოლო უფლის სიტყვით იგი „შეეკრა ეშმაკსა“. რისთვის ეწია მას ეს ყოველივე? სასჯელად ხომ არა ცოდვებისაოვის? მაგრამ მაცხოვარს არ უთქვამს მისი განკურნვისას - „მოგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი“-ო, როგორც მანამდე არაერთგზის უთქვამს მას ცოდვებისათვის ვნებულ სნეულთა განკურნვისას. ამჯერად მან მხოლოდ ასე თქვა: „დედაკაცო, განტევებულ ხარ უძლურებისაგან შენისა!“ უფლის მიერ იგი აბრაჰამის ასულადაც კი იწოდება, და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ხორციელი წარმომავლობის გამო მისგან, არამედ სულიერი ღირსებებითაც. იმ იუდეველებმაც კი შესაკრებელში მყოფთაგან, რომლებიც უარყოფითად შეხვდნენ მის განკურნებას შაბათ დღეს, არაფერი ცუდი არა თქვეს მისი ცხოვრების შესახებ, - რაიმე რომ სცოდნოდათ, არ დაახანებდნენ, მისი ცხოვრების ყველა ლაქას უმალვე წარმოაჩენდნენ. უყურადღებოდ ნუ დასტოვებთ იმასაც, რომ მაცხოვარმა ეს დედაკაცი სინაგოგაში ნახა, შაბათის ღვთისმსახურებაში მონაწილე. მაშასადამე, მიუხედავად თავისი ტანჯული მდგომარეობისა, იგი გულმოდგინეობდა რწმენაში და შაბათ დღეს ლოცვასა და ღვთის სიტყვის მოსმენას უთმობდა. ამრიგად, უეჭველია, რომ ეს სხეულით სნეული დედაკაცი არანაირი სულიერი ვნებით არ იყო დაავადებული, და ამდენად, მისი უძლურება არ იყო გამოწვეული ცოდვილი ცხოვრებით, ანუ სასჯელით ცოდვებისათვის. და მაინც იგი მთელი თვრამეტი წლის განმავლობაში იყო შეკრული ეშმაკის მიერ. როგორ შეიძლება ავხსნათ მისი მდგომარეობა? - მისი მდგომარეობა, ალბათ, ისეთივე იყო, როგორიც იობისა. მძიმე სნეულება მას მხოლოდ იმისთვის ეწია, რომ გამოცდილიყო მისი სიყვარული ღმერთისადმი და რომ მწუხარებით სრულქმნილ იყო, აღორძინებულიყო და სათნოებებმი განმტკიცებულიყო მისი სული. და იგიც მოთმინედ იტანდა ამ გამოცდას ესოდენი ხსნის - თვრამეტი წლის განმავლობაში.

„იხილა იგი იესუ, მოუწოდა და ჰრქუა მას: დედაკაცო, განტევებულ ხარ უძლურებისაგან შენისა. და დაასხნა მას ზედა ხელნი, და მეყსეულად აღემართა და ვიდოდა და ადიდებდა ღმერთსა“ (მუხლები 12-13).

რაზომი სიყვარულია ჩვენს მაცხოვარში! იხილა თუ არა მან ტანჯული ქალი, მისი ეს პირველივე მზერა სიყვარულით იყო აღსავსე ვნებულისადმი. მან უთხრა სნეულს, რომ იგი მიახლოებოდა ზეციურ მკურნალს, და ასე უთხრა: „საცოდავო დედაკაცო, ამიერიდან შენ გათავისუფლებული ხარ შენი სნეულებისაგან!“ რა დიადი უბრალოებაა ყოვლადძლიერი ღმერთის ამ ქმედებაში! ეს მართლაც შემოქმედის ძალმოსილი სიტყვებია. „და დაასხნა მას ზედა ხელნი, და მეყსეულად აღემართა“. როგორც ფიქრობთ, რისთვის იყო საჭირო ხელთა დასხმა სნეულზე? რას ნიმნავდა ეს? ღმერთის ძის სიტყვა უკვე თავისთავადვეა ძალმოსილი, ყოვლისმემძლებელი სიტყვა. მაგრამ იმისათვის, რომ მისი ეს ქმედება მშვიდობიანად გადასულიყო სნეულზე, საჭირო იყო, რომ სნეულ დედაკაცსაც ჩუმი რწმენით მიეღო ეს ქმედება, ხოლო ძალმოსილი სიტყვის ქმედება ამ მშვიდი, უწყინარი სულისათვის მეტად მრისხანე იქნებოდა და მისი მიღებაც მას გაუჭირდებოდა სულის თრთოლვაში. ამიტომაც უფალი თავის ძალმოსილ ქმედებას - თავისი სიყვარულის ქმედებას უერთებს, და ხელებს დაასხამს სნეულ დედაკაცზე. სწორედ მაშინ აღემართა ტანჯული ქალი, და არა უფლის ძალმოსილი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ. საუკუნო სიყვარული თავის საქმეს იწყებს კიდეც და ამთავრებს კიდეც სიყვარულით.

„და დაასხნა მას ზედა ხელნი, და მეყსეულად აღემართა და ვიდოდა და ადიდებდა ღმერთსა. მიუგო შესაკრებლის-მთავარმან მან რისხვით, რამეთუ შაბათსა განკურნა იგი იესუ, და ეტყოდა ერსა მას: ექუსნი დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ და ნუ დღესა შაბათსა“ (მუხლები13-14).

რა გულმოდგინე დამცველია შაბათის მოსვენებისა! როგორი პატივისმცემელი სჯულისა! რა ბრძენი წინამძღვარი და მასწავლებელი ერისა! მაგრამ რა იფარებოდა სინაგოგის მთავრის გულში და რა ღრღნიდა მას? რა თქმა უნდა, შური იესოსადმი. რა აღძრავდა მის ენას?- ცილისწამება. რა მალავდა ადამიანთა თვალთაგან მისი სულის უსახურებას? პირმოთნეობა. მისი შური და ცილისწამება თვით უფალ ღმერთსა და მესიაზე - ქრისტეზე იყო მიმართული! უფალ ღმერთს სინაგოგის მთავარი ამხელდა, და მისი პირმოთნეობა მით უფრო დიდი იყო, რამდენადაც უფრო გაბოროტებული გული ჰქონდა მას.

„და ადიდებდა ღმერთსა“ ეს განკურნებული დედაკაცი. ან კი ვით არ უნდა ედიდებინა, როცა მასზე აღსრულებული საკვირველი კურნება აშკარად საღმრთო საქმე იყო?! ის, ვინც თვრამეტი წელიწადი უკურნებელი სენით ევნებოდა, იესოს ერთი სიტყვით განიკურნა. განა ეს ყოვლადძლიერი ღმერთის საქმე არ არის? განა ეს ზეციური სახიერება არ ეწია სნეულ დედაკაცს? განა ყველა არ გაკიცხავდა განკურნებულ დედაკაცს, ის რომ უმადური დარჩენილიყო და მადლობა არ შეეწირა ღმერთისათვის, ვინაც ეს კეთილი უყო? და განკურნებული დედაკაციც მადლიერი იყო ღმერთისა და ხმამაღლა განადიდებდა უფალს. იგი სინაგოგაში განადიდებდა თავის მხსნელს, თუმცა იცოდა, თუ რა მტრულად იყვნენ განწობილნი მისი მთავრები იესოს მიმართ. აი, ასეთია გულწრფელი მადლიერება!

მაგრამ სინაგოგის მთავარი მძაფრ მრისხანებას შეუპყრია. იგი, როგორც თვითვე წარმოაჩენს, შეუარცხყოფილია იმით, რომ სნეული დედაკაცი შაბათს იქნა განკურნებული. დარღვეულია შაბათის მოსვენება! და თანაც სად? - თვით სინაგოგაში. სადაც თვითონაა მთავარი, მის თვალთა წინ! განა ძალუძს მას მოითმინოს ეს? იგი დარიგებით მიმართავს ერს. მაგრამ რატომ არ მიმართავს იგი მხილებით თვით იესოს? თუკი შაბათის მოსვენება კურნებით დაირღვა, ეს მკურნალმა ჩაიდინა. ჰოდა, მასთან უნდა ჰქონდეს საქმე სინაგოგის მთავარს. წრფელი, პირდაპირი სინდისი უზაკველი ადამიანისა პირში ეუბნება სიმართლეს დამნაშავეს, პირისპირ ამხელს მას. სინაგოგის მთავარი კი სხვებს ეუბნება იესოს შეცდომის შესახებ. ალბათ, სიმართლისათვის მოშურნე გრძნობდა, რომ მისი სინიდისი არ იყო უზაკველი. და ნახეთ, რა უცნაურია მისი დარიგება ერისადმი. იგი სწორად იმეორებს სჯულის სიტყვებს შაბათის შესახებ (გამოსვლ. 20,3,10). მაგრამ როგორ უსადაგებს მათ თავის საქმეს? - სხვა დღეებში მოდითო, ეუბნება იგი ერს, - და განიკურნებით, ხოლო შაბათ დღეს არაო. რას ნიშნავს ეს, შაბათს რა, სახლში სუნდა დარჩნენ სნეულნი? ისინი არ უნდა მივიდნენ სინაგოგაში სჯულის მოსასმენად? რა დააშავეს სნეულებმა, რომ ასე უმოწყალოდ ეპყრობიან მათ? „მათ დღეთა შინა მომავალნი განიკურნებოდეთ“-ო. მაგრამ განა სნეულთა ნებაზეა დამოკიდებული მათი განკურნვა ორშაბათს ან ხუთშაბათს? ხოლო თუკი სნეული შაბათ დღეს განიკურნება, სინაგოგის მთავრის სწავლებით, მან უნდა თქვას: არა, მე ჯერ არა ვარ განკურნებული, და მხოლოდ ხვალ შემიძლია განვადიდო ღმერთი ჩემი განკურნებისათვის. შეუძლებელია არ დავასკვნათ, რომ ეს იუდეველი მოძღვარი უაზრობას ამბობს.

„მიუგო მას იესუ და ჰრქუა: ორგულო, კაცად-კაცადმან თქუენმან არა აღჰხსნისა შაბათსა შინა ხარი გინა ვირი ბაგათაგან მათთა და წარიბის და ასვის მას წყალი? ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათრვამეტი წელი არს; არა ჯერ-იყოა განხსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა?“ (მუხლები 15-16).

შაბათის მოსვენების ამ დამცველს უფალი მისივ საქციელით ამხილებს, ანუ ეუბნება: თუკი სჯული არ გიშლით თქვენი პირუტყვი შეიცოდოთ და ნებას გაძლევთ შაბათ დღეს წყალი დაალევინოთ თქვენს ხარსა თუ ვირს, როცა ისინი წყურვილისაგან ევნებიან, განა უფრორე აქ არ იყო საჭირო თანალმობა ამ სნეული დედაკაცისადმი, რომელიც აგერ თვრამეტი წელია ეშმაკისაგან ევნება?! შენიშნეთ! მაცხოვრისათვის არავის უთქვამს, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ევნებოდა სნეული დედაკაცი, ის კი ასე ზედმიწევნით ზუსტად ამბობს, თვრამეტი წელია ეშმაკსა ჰყავს შეკრულიო. ამით ხალხს, რომლის გასაგონადაც სჯულის მოშურნე სინაგოგის მთავარმა სამხილებელი სიტყვები წარმოთქვა, უნდა ეღიარებინა იესოში დიდი სასწაულთმოქმედიცა და საკვირველი ყოვლისმცნობელიც, ვის თვალთაგანაც არ არის დაფარული არც წარსული და არც სულთა სამყარო.

„და ამას რაი იტყოდა თავადი, ჰრცხუენოდა ყოველთა წინა-აღმდგომთა მისთა; და ყოველსა მას ერსა უხაროდა ყოველთა მათ ზედა დიდებულებათა მისთა, რომელნი იქმნებოდეს მის მიერ“ (მუხლი 17).

მორწმუნე ერი კი - ეს გულით უბრალო და კეთილმსახურებაში გულწრფელი ადამაინები - გახსნილი გულით იღებდნენ მაცხოვრის სწავლებას და ხარობდნენ მისი გამარჯვების გამო. თვით იესოს მტრებსაც კი რცხვენოდათ თავიანთი უმართლობისა, გრძნობდნენ რა მისი სიტყვების დაუძლეველ ძალმოსილებას. მაგრამ დიდხანს გაჰყვებოდათ კი ეს გრძნობა იესოს მტრებს?

ახლა კიდევ ერთხელ მივაპყროთ ჩვენი ყურადღება სინაგოგის მთავარს. „ორგულო“-ო. - ეუბნება მას უფალი. რას ნიშნავს ასეთი წოდება? ის ხომ სჯულისათვის გულსმოდგინებდა, ღმერთის დიდებისათვის მოშურნეობდა. დაე, თუნდაც შემცდარი ყოფილიყო და არასწორად ჰქონოდა გაგებული საღმრთო სჯულის სწავლება შაბათის შესახებ. მაგრამ აზრობრივი შეცდომის გამო საკმარისი იქნებოდა, თუკი ასე ეტყოდნენ მას: შენ, მეგობარო, სცდები. მაშ, რისთვის მიიღო მან ასეთი მკაცრი შეფასება უფლისაგან: „ორგულო?“ ჩვენ ვიცით, რომ უფალი გულთამხილავია. იგი ხედავდა, თუ რა ხდებოდა სინაგოგის მთავრის სულში. იქ ბოროტება იყო შეფარული, მისი მსგავსი ადამიანების სულთა მსგავსად. სინაგოგის მთავარი შაბათისათვის კი არა სწუხდა, არამედ მხოლოდ საკუთარი თავისათვის; მისთვის მწარე შეიქნა, რომ იესოს დიდებამ დაჰფარა მისი - იუდეველი მოძღვრის სახელი; მისი გულმოდგინების ქვეშ საღმრთო სჯულისათვის შეფარებული იყო ბოროტი შური ნაზარეველი მოძღვრის დიდების მიმართ. შური ყველაზე დახვეწილი და ყველაზე შემაშფოთებელი სახეობაა თავის მოყვარეობისა. რამდენ შხამ-სამსალას გადმოღვრის იგი თავის გარშემო. რაოდენ წარწყმედას განუმზადებს იგი სხვებს. არ ესმით რა საკუთარი თავის გაბოროტება, ვერ გულისხმა-უყვიათ რა თავიანთი ცოდვილი სულის ფარული მოძრაობანი, შურით აღვსებული ადამიანები სდევნიან საზოგადოებისათვის სასარგებლო ნიჭიერ ადამიანებს, ჩირქს სცხებენ კეთილშობილ გულთა საქციელთ, ავიწროებენ უდანაშაულოთ, ზოგჯერ იქამდეც კი, რომ ის, დევნულ-შევიწროვებული ნიჭიერი ადამიანი, გათანგული სულითა და სხეულით, სამარეში წვება.

 

II. აი, ამ ვითარებაში აღსრულდა ამ დაკრუნჩხული სნეული დედაკაცის სასწაულებრივი კურნება ებრაელთა შესაკრებელში შაბათ დღეს. ვნახოთ, რა ჭეშმარიტებები ძალ-გვიძს მოვიღოთ დღევანდელი სახარების საკითხავიდან ამ სასწაულის შესახებ და როგორ შეგვიძლია ისინი მივუსადაგოთ ჩვენს აწინდელ ცხოვრებას.

ა) უფალ იესო ქრისტეს მაგალითი, რომელიც შაბათ დღეს სინაგოგაში ებრაელთა სამლოცველო სახლში მივიდა, გვასწავლის ჩვენ, რომ კვირა, საუფლო დღეებსა და დღესასწაულებზე ჩვენც დავდიოდეთ ეკლესიაში - ღმერთის სამლოცველო სახლში (მუხლი 11). რისთვის არის განკუთვნილი სადღესასწაულო და კვირადღეები, რა დანიშნულება აქვთ მათ? ის, რომ, სხვათა შორის, ჩვენ, მოშორებულთ ქვეყნიური საზრუნავთა და ფუსფუსს, შეგვეძლოს ღმერთს ვემსახუროთ და საკუთარ სულში ცხოვნების ჭეშმარიტებანი აღვიბეჭდოთ. და განა ამის ქმნა უმჯობესად სხვაგან შეიძლება სადმე, თვინიერ ღმერთის ტაძრისა, სადაც ჩვენ გვესმის უფლის მოძღვრება, საეკლესიო საგალობლები, რადაც უფლის წმიდა სათნო-მყოფელთა ხატების დანახვისას ჩვენ მათი კეთილმსახურების ღვაწლნი წარმოგვიდგება და ჩვენს თვალწინ თითქოს მთელი მათი წმიდა, მრავალი შრომითა და კეთილი საქმეებით აღსავსე ცხოვრება ჩაივლის? ამიტომაც ღმერთის ტაძარში წასვლა და ღვთისმსახურებაზე დასწრება უპირველესი მოვალეობაა, რომელიც ჩვენ დღესასწაულებისა და კვირა დღეების ძლით გვეკისრება. და თუკი ჩვენ არასაკმარისად აღგვძრავს ამისაკენ უფლის მაგალითი, მაშინ პირველ საუკუნეთა ქრისტიანების ცხოვრება გავიხსენოთ. მათი გულმოდგინება ღმერთის ტაძრისადმი იმდენად დიდი იყო, რომ ისინი ჯერ კიდევ მწუხრზე, დღესასწაულთა წინ იკრიბებოდნენ ტაძრებში ლოცვისათვის და ღვთის სიტყვის მოსასმენად. აი, რას ამბობს, მაგალითად, წმიდა იოანე ოქროპირი ღამისთევის ლოცვების შესახებ მისი დროის ქრისტიანების ცხოვრებაში დიდ დღესასწაულთა დადგომისას: „ეკლესიაში შესვლისას შეხედე წმიდა ღამისმთეველ მლოცველთ, ამ ღარიბ-ღატაკ ადამიანებს, შუაღამიდანვე რომ არიან იქ განთიადამდე, - შეხედე ამ წმიდა ღამისთევათ, ღამეს დღესთან რომ შეაუღლებენ უფლის სადიდებლად!“ და კიდევ სხვა ადგილას იგივე წმიდა მამა ამბობს: „მიხარის, რომ თქვენ ასე გულმოდგინენი ხართ ჩვენი ყოველთა საერთო დედის მიმართ - წმიდა ეკლესიის მიმართ, განუწყვეტლივ რომ დგახართ მასში მთელი ღამისთევის მსახურების დროს... რომ დაუდუმარ დიდებისმეტყველებას აღუვლენთ შემოქმედ ღმერთს“ (საუბრები 1-ლი და მე-4 ესაიას წინასწარმეტყველებაზე). პირველ საუკუნეთა ეკლესიის ისტორიიდან, სხვათა შორის, ცნობილია ერთი მეტად გასარცარი მაგალითი ქრისტიანთა გულმოდგინებისა ღმერთის ტაძარში სიარულისადმი. როცა იმპერატორმა ვალენტემ შეიტყო, რომ განსაზღვრულ დღეს ერთ ადგილას ქრისტიანთა დიდი სიმრავლე შეიკრიბებოდა ღვთისმსახურებაზე, უბრძანა თავის პრეფექტს, მეომრებით მისულიყო იქ და ყველანი ადგილზევე მოეკვდინებინა. კეთილშობილმა პრეფექტმა ფარულად გააფრთხილა ქრისტიანები ხელმწიფის ასეთი არაადამიანური ბრძანების გამო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ხსენებულ დღეს სამლოცველო ადგილას არათუ ჩვეულებრიეზე ნაკლები, არამედ შეუდარებლად მეტი ქრისტიანიც კი მივიდა! და როცა პრეფექტი ხელმწიფის სასტიკი ბრძანების აღსასრულებლად მიეშურებოდა, მას გზად ერთი დედაკაცი შემოხვდა ძუძუთა ბავშვით ხელში, რომელიც იმ წუთას ისე აჩქარებული გამოსულიყო სახლიდან, რომ კარებიც კი არ ჩაერაზა და ჯეროვანი სახით ჩაცმაც ვერ მოესწრო. პრეფექტმა ჰკითხა ახალგაზრდა ქალს, ასე საჩქაროდ საით გაგიწევიაო, და ქალმაც მიუგო, რომ ქრისტიანთა შესაკრებელ ადგილას მიდიოდა. „განა შენ არ გაგიგია, - უთხრა პრეფექტმა, რომ იქ პრეფექტი უნდა მივიდეს მეომრებითურთ, რათა იმპერატორის ბრძანებით ყველა იქ შეკრებილი ქრისტიანი მოაკვდინოს?“ ქალმა კი მიუგო: „როგორ არა, ვიცი ეგ, და სწორედ ამიტომაც მივიჩქარი მორწმუნეთა შეკრების ადგილას, რათა მეც სხვებთან ერთად მომკლან!“ „ეს ჩვილი ბავშვი რაღად მიგყავს თან?“ - შეეკითხა უზომოდ გაოცებული პრეფექტი, და ასეთი პასუხი მიიღო ახალგაზრდა დედისაგან: „იმისთვის, რომ იგიც ღირსი შეიქნას მოწამეობისა“. აი, რა დიდი იყო ძველ ქრისტიანთა გულმოდგინება საეკლესიო-საღვთისმსახურო შეკრებებისადმი!

ბ) ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახით დღეს წაკითხულ სახარებაში კიდევ ერთი მისაბაძი მაგალითი გვაქვს მოცემული, კერძოდ კი ის, რომ მან შაბათს, ღმერთისათვის მიძღვნილ დღეს განკურნა სნეული დედაკაცი. ეს გარემოება ჩვენც აღგვძრავს იმად, რომ დღესასწაულები და კვირა დღეები, სხვა კეთილი საქმეების გარდა, ქრისტიანული მოწყალებისა და სიყვარულის საქმეთა აღსრულებას მივუძღვნათ (მუხლი 12). წმიდა იოანე ოქროპირი კვირა დღეზე საუბრობს, როგორც განსაკუთრებული ქველმოქმედებების დღეზე და ასე ხსნის ქველმოქმედებისაკენ განსაკუთრებულ განწყობას ამ დღეს: „ეს იმის გამო ხდება, რომ ამ დღეს ყოველგვარი მუშაობა წყდება, სული კაცისა მოსვენების გამო უფრო მხიარული ხდება, ხოლო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, - ამ დღეს მივიღეთ ჩვენ ურიცხვი სიმრავლე სიკეთეებისა. ამ დღეს შეიმუსრა სიკვდილი, ამ დღეს აღმოიფხვრა შეჩვენება, მოისპო ცოდვა, დაიმსხვრა ჯოჯოხეთის ბჭენი, ამ დღეს შეიკრა ეშმაკი, ამ დღეს შეწყდა დიდი ხნის ბრძოლა და აღსრულდა ღმერთის შერიგება ადამიანთან, ამ დღეს ეწია ჩვენი მოდგმა უწინდელ, ანდა გაცილებით უკეთეს მდგომარეობას, და მზემაც საკვირველი დასასწაულებრივი სახილველი დაინახა - ადამიანი, შექმნილი უკვდავად“ (საუბარი მოწყალების შესახებ).

ძველი ქრისტიანების შესახებ ასევე ცნობილია, რომ სადღესასწაულო დღეებში, ჩვულებრივ, ისინი სნეულთ და საპყრობილეში დამწყვდეულ ტუსაღთ მოინახულებდნენ და ცდილობდნენ, სხვადასხვა საშუალებებით შეემსუბუქებინათ მათი ხვედრი, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მონახულებანი ხშირად სახიფათოც იყო.

ძველი დროის ქრისტიანები სადღესასწაულო დღეებში მოწყალედ ეპყრობოდნენ თვიანთ მოვალეებსა და მონებს, - პირველთ პატიობდნენ ვალებს, მეორეთ კი თავისუფლებას ანიჭებდნენ; თავიანთ სახლებმი ტრაპეზობებს აწყობდნენ ღარიბ-გლახაკთათვის. ასე მაგალითად, ღირსი მამის ისაიას შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ იგი შაბათ და კვირა დღეებმი სამ და ზოგჯერ ოთხ ტრაპეზობასაც აწყობდა უქონელთათვის. მაშ, ჩვენც ამგვარადვე ვეცადოთ სადღესასწაულო დღეების გატარებას.

გ) უფლის მიერ შესაკრებელის მთავრის პირდაპირი მხილება გვასწავლის ჩვენ, ქრისტიანებს, ღიად და პირდაპირ ვამბობდეთ სიმართლეს და ვამხილებდეთ სიცრუეს, როცა იგი სჯულიერების ნიღბითაა დაფარული და სხვადასხვა ხრიკებით ცდილობს ფონს გასვლას (მუხლები 15-16) ჩვენი წმიდა სარწმუნოების მოთხოვნით, ქრისტეს სჯულით, ჩვენ ყველანი, ქრისტიანები, როგორც ერთმანეთის ძმები, ყოველთვის გულწრფელნი უნდა ვიყოთ ერთმანეთთან და ყველა საქმეში განკითხვის გარეშე უნდა ვუთითებდეთ ერთმანეთს ნაკლოვანებებს, რათა გამოვასწოროთ ისინი. ერთმანეთის მიმართ გულწრფელნი უნდა ვიყოო. მაგრამ სად არის ეს გულწრფელობა, ეს სიმართლე? ბევრნი როდი ბედავენ დღეს ამხილონ და გამოაშკარავონ სიცრუე, უმართლობა იმის შიშით, რომ უსიამოვნებას არ ეწიონ და სხვათა თავმოყვარეობა არ შელახონ. და პირიქით, ბევრს უყვარს დღეს ზურგსუკან საუბარი თავიანთი მოყვასის ნაკლოვანებებსა და მანკიერებებზე, პირში კი აქებ-ადიდებენ იმავე ადამიანებს. მრავალთათვის უკვე წესად ქცეულა ერთი რამ იფიქრონ, სხვას კი ამბობდნენ, ანდა პირიქით, ერთს ამბობდნენ, და სულ სხვას ფიქრობდნენ. ხშირად მტრები მეგობრებად წარმოსდგებიან, რათა დაფარონ თავიანთი არაკეთილისმნდომი აზრები და უფრო მოხერხებულად ავნონ მოყვასს. განა ეს გრძნობათა სიწრფელის უქონლობას არ ადასტურებს? ამიტომ რა ძვირფასია ყოველი ჩვენგანისათვის ის მეგობარი, რომელიც კი არ გვიმალავს სიმართლეს, არამედ სიყვარულით გვეუბნება მათს შესახებ, დაე თუნდაც ჩვენ ეს არც მოგვწონდეს. და რა კარგი იქნებოდა, ყოველთვის რომ სიმართლეს ეუბნებოდნენ ქრისტიანები ერთმანეთს, როგორ შემცირდებოდა მაშინ ფარული ხრიკები და მზაკვრობანი, როგორ იკლებდა მუხანათობანი, რომლებშიც ზოგჯერ პატიოსან ადამიანებსაც ხვევენ! მაშ, ნეტამც ყოველთვის მკვიდრობდეს ჩვენ შორის სიმართლე - სიტყვებშიც, საქმეებშიც და ჩვენს ურთიერთობებშიც! და დაე ყოველთვის გვახსოვდეს ბრძენი სოლომონის გამონათქვამი: „სიმართლე აღგვამაღლებსო“ (იგავნი 14,24).

დ) კვალად, ჩვენს ყურადღებას იქცევს დაკრუნჩხული დედაკაცის სნეულებაც. ძალზე მძიმე იყო მისი მდგომარეობა. მაგრამ განა ჩვენ კიდევ უფრო საშინელ მდგომარეობაში არა ვართ? (მუხლი 11). მართლაც, სახარებაში გამოსახული დაკრუნჩხული ქალი ცოდვისაგან მოწყლულ მთელს კაცობრიობას გამოსახავს, ყველა ჩვენგანს აღნიშნავს, ძმებო, ცოდვისაგან და ეშმაკისაგან დაკრუნჩხულ ჩვენს სულს! და ვინ იცის, რა ბედი მოელოდა ჩვენს სულს, მაცხოვარი რომ არ მოსულიყო ამქვეყნად კაცთა მოდგმის სახსნელად ეშმაკისა და ბოროტი ვნებების მიმძლავრებისაგან?! რა მოხდებოდა, უფალი რომ მარადის არ გვიხსნიდეს ჩვენ ცოდვათა მოტევებით?! ჩვენ ყველანი იმ დაკრუნჩხული დედაკაცის მსგავსნი ვიქნებოდით, შეკრულნი რკინის მრავალი ბორკილით, და პირუტყვთა მსგავსად ვიწანწალებდით ქვეყნად ოდენ ქვედამხედვარნი და არასოდეს არ აღვიხედავდით ზეციური სამშობლოსაკენ, არ გვექნებოდა ზენაარი, ამაღლებული ზრახვები, სურვილები და მისწრაფებანი, არამედ მარადის ქვეყნიურ, ამაო საზრუნავსა და საქმეებში ვიქნებოდით შთაფლულნი. ან კი რას ვამბობ, ვიქნებოდით-მეთქი? განა ახლაც კი ქრისტიანთა შორის არ არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც არა აქვთ ქრისტეს სული და მხოლოდ ქვეყნიური ზრახვებით, სიტყვებითა და საქმეებით არიან აღსავსენი? დიახ, ვაი რომ არიან, და თანაც რა ბევრნი! მაგრამ ვინ არიან ისინი? - ყველა, ვინც კი მხოლოდ ქვეყნიურ ბედნიერებაზე ზრუნავს და ფიქრობს, - ბევრი ფულის შოვნაზე, მდიდრულად ჩაცმაზე, თავისი საცხოვრებლის ფუფუნებით შემკობაზე, ხალხმრავალ წვეულებებზე, საღამოებზე, ბანქოს თამაშზე, ცეკვებზე, თეატრზე, სხვადასხვა სიამოვნებებზე და ამაო დროსტარებაზე. განა ყველა ასეთი ადამიანი სწორედ იმ დაკრუნჩხულ დედაკაცს არა ჰგავს, რომელზეც დღევანდელ სახარებაშია ლაპარაკი? - და ჰგავს იმ მიმართებით, რომ ისინიც ქვედამხედვარნი არიან და არ იხედებიან მაღლა, მსგავსად პირუტყვებისა, თითქოს ღმერთის ხატად და მსგავსად კი არ იყვნენ შექმნილნი, არამედ მიწა იყოს მათი სამარადჟამო სამყოფელი; თითქოს მათ არც გაეგოთ რაიმე თავიანთ ჭეშმარიტ ზეციურ სამშობლოზე, თითქოს არ ყოფილიყვნენ მოწოდებულნი მისკენ ეკლესიის მიერ, სახარებების მიერ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, მისი მოციქულების მიერ; თითქოს ისინი ოდენ იმისათვის ყოფილიყვნენ შობილნი ამქვეყნად, რომ მდიდრულად ჩაეცვათ, ამაო საუბრებსა და თამაშობებში მოეკლათ დრო, სიცილსა და სიმდიდრის გაფლანგვაში თუ მოპოვებაში. მაგრამ ეს დაკრუნჩხულნი და სულიერად მხოლოდ ქვედამხედვარნი თავიანთი საკუთარი ნებით არიან ამ მდგომარეობაში, თავიანთი ვნებებისა და გულისთქმების გამო. ანუ ისინი თვითვე არიან დამნაშავენი თავიანთ მძიმე მდგომარეობაში და ვერაფრით იმართლებენ თავს. მაგრამ მათ ღმერთის მადლით შეუძლიათ, თუკი მოისურვებენ, გათავისუფლდნენ ვნებათა და გულისთქმათა სიგონჯისაგან და წელში გამართულნი დაადგნენ ქრისტეს მცნებათა ბილიკს, რათა შემდეგ ზეცად აღხილვა შეეძლოთ, - მიატოვონ ქვეყნიური მისწრაფებანი და მთელის გულით შეიყვარონ უფალი ღმერთი, ვინაც თავის ხატად და მსგავსად შეგვქმნა ჩვენ, და შეიყვარონ მოყვასი თვისი, განსაკუთრებით კი მისი სული, ვითარცა თავი თვისი, შეიყვარონ ზეციური ქალაქი იერუსალიმი. რისთვის შეგვქმნა ღმერთმა სწორი ტანით, ზეაღმართული თავით, და არა ქვედამხედვარით, როგორც ეს პირუტყვებსა აქვთ? - იმისთვის, რომ განუწყვეტლივ ზეცად აღვიხილავდეთ და მისკენ ვისწრაფდეთ. და განა ბუნებრივია ადამიანის სხეულის მდგომარეობა, როცა იგი მოხრილია, დაკრუნჩხულია, მიწისკენ არის დადრეკილი და სწორად დგომა არ შეუძლია? არა, ეს სნეულებითი, არაბუნებრივი მდგომარეობაა. მაშ, გულისხმა-ვყოთ ყოველივე ეს და გავამართლოთ ჩვენი მაღალი დანიშნულება, ვითარცა მომავალთა საუკუნო მკვიდრთა ზეციური სამშობლოსი!...

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე