31-ე კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან

სახარება ლუკასაგან (18, 35-43)

„35. (მას ჟამსა შინა) და იყო ვითარცა მიეახლნეს იერიქოდ, ბრმაი ვინმე ჯდა გზასა ზედა მთხოველად. 36. ვითარცა ესმა, ვითარმედ ერი წარმოვალს, იკითხვიდა: რაი-მე არს ესე? 37. უთხრეს მას, ვითარმედ: იესუ ნაზარეველი წარმოვალს. 38. და მან ღაღატ-ყო და თქუა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე! 39. ხოლო რომელნი წინა-უძღოდეს, ჰრისხვიდეს მას, რაითა დადუმნეს. ხოლო იგი უფროის ღაღადებდა და იტყოდა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე! 40. და დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაი მისი. და ვითარცა მოეახლა იგი, ჰკითხა მას: 41. რაი გნებავს, და გიყო შენ? ხოლო მან ჰრქუა: უფალო, რაითა აღვიხილნე თუალნი. 42. ხოლო იესუ ჰრქუა მას: აღიხილენ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. 43. და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას და ადიდებდა ღმერთსა. და ყოველმან ერმან იხილეს და აქებდეს ღმერთსა.“

 

I. აწინდელი საკითხავი სახარებიდან გადმოგვცემს ბრმის საკვირველ განკურნებას, რაც უფალმა იესო ქრისტემ ქალაქ იერიქონში შესვლისას აღასრულა. წმიდა მახარებელი ლუკა მოგვითხრობს:

„(მას ჟამსა შინა) და იყო ვითარცა მიეახლნეს იერიქოდ, ბრმაი ვინმე ჯდა გზასა ზედა მთხოველად“ (მუხლი 35).

ეს იყო უფალ იესო ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების მიწურულს, მცირე ხნით ადრე მეოთხე პასექამდე, როცა უფალმა ჯვარზე ტანჯვა მიიღო ჩვენი, კაცთა მოდგმის ხსნისათვის. ამ დროს უფალი პერეიაში იმყოფებოდა. ეს ოლქი იორდანეს მარცხენა, აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობდა და პალესტინის აღმოსავლეთ პროვინციას წარმოადგენდა. ეს სახელწოდება - პერეია, რომელსაც იყენებდნენ იესო ქრისტეს ცხოვრების ჟამს, გვიანდელი წარმოშობისაა, ძველ დროში ეს ქვეყანა ცნობილი იყო გალაადის საერთო სახელწოდების ქვეშ. იგი პირველი დაიპყრეს ისრაელიანებმა აღთქმულ მიწაზე შემოსვლისას, და როგორც მდიდარსაძოვრებიანი მხარე რუბიმის, გადის ტომებისა და მანასეს ნახევარ ტომს დაუთმეს, რომელთაც ძალზე ბევრი ცხვარ-ძროხა ჰყავდათ. გალაადი, ანუ პერეია გრძელ ზოლად იყო გაშლილი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ - არნონის ხევიდან ერმონის მთამდე და ძველთაგანვე ორ მთავარ ნაწილად იყოფოდა, რომელთაგან სამხრეთი ნაწილი (მდინარე იერომაქსამდე) საკუთრივ გალაადად იწოდებოდა, ჩრდილოეთისა კი - ბასანად. უფლის ამქვეყნად მოვლინების დროისათვის იორდანეს მიღმა მხარის სამხრეთი ნაწილი, იაბოკის ხევამდე, პერეიად იწოდა, ხოლო ჩრდილოეთის ნაწილი - გალაადად. ძველი ბასანი ხუთი ოლქისაგან შედგებოდა. ამჟამად იგი ცნობილია გაურანის სახელწოდებით. სწორედ ბასანში შედიოდა ცნობილი ათქალაქი, შემდგარი იორდანეს მახლობლად, გენესარეთის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთის სანაპიროზე მდებარე ქალაქებისაგან.

მთელს თავის სივრცეზე პერეია მდიდარი მცენარეულობითა და ნაყოფიერი მიწით გამოირჩეოდა. საღმრთო წერილში ხშირადაა ნახსენები ამ მხარის სიმდიდრე ბალზამირებადი და სურნელოვანი მცენარეულობით, რომლებიც გასაყიდად გაჰქონდათ შორეულ ქვეყნებმი (იერემია 8,22; 46,11; დაბად. 37,25); აგრეთვე გალაადისა და ბასანის მდიდარი საძოვრები, მსხვილფეხა და წვრილი საქონლის სიმრავლე ამ მხარეში, რომლებიც დიდძალ ყველ-ერბოსა და რძეს იძლეოდნენ (იერ. 50,19; ქებათა ქება, თავი მე-4 და მრავალი სხვა), უღრანი მუხნარი ტყეები ბასანისა (ესაია 2,13) და სხვა. სახელწოდება გალაადი სიუხვის სიმბოლო იყო (იერ. 22,6). ნიადაგის სიმდიდრისა და ნაყოფიერების კვალობაზე ეს მხარე ძველთაგანვე ძალზე ჭარბად იყო დასახლებული და აქ მრავლად იყო ქალაქები და დაბა-სოფლები. უფალ იესო ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების ჟამს ამ მხარეს - პერეიას ჰეროდე ანტიპა განაგებდა, ძველი ბასანის ხუთ ქალაქს - ფილიპე, ხოლო აბილინეას - ლისანიოსი.

ამჟამად მთელი ეს, ოდესღაც აყვავებული მხარე, უკაცრიელია. ველ-მინდვრები სარეველა ბალახითა და ეკალ-ბარდებითაა დაფარული, საძოვრები და ბაღები მიტოვებულია, მრავალრიცხოვანი ქალაქებისაგან და დაბა-სოფლებისაგან მხოლოდღა ნანგრევებია დარჩენილი. აი, ასეთი დაცარიელებულ-მოოხრებულია ამჟამად იორდანეს მიღმა მხარე - პერეია, გალაადი, ბასანი, ოდესღაც აღთქმული ქვეყნის მშვენებად აღიარებული! (დაწერილია XIX საუკუნის მიწურულს. ამჟამად ბევრი ქალაქი და სოფელი აღდგენილია და რელიეფსაც ბაღები და დამუშავებული ველ-მინდვრები ამშვენებს, მაგრამ ძველი დიდება აყვავებული გალაადისა და ბასანისა მართლაც რომ წარსულში დარჩენილა. - მთარგმნელი). ამ მძიმე სურათის ხილვაზე უნებლიედ გვახსენდება უფალი ღმერთის მრისხანე მუქარა ისრაელის ძეთა მიმართ მისი მცნებების დარღვევისათვის და უცხო ღმერთებისადმი მსახურებისათვის (II სჯული, თავები 28-30; ესაია, თ.5,6,9-13).

უფალი ამ დროს თავის მოწაფეებთან ერთად იერუსალიმისაკენ მიემართებოდა, და გზაში უთხრა მათ: „აჰა, ესერა აღვალთ იერუსალემად, და აღესრულნენ ყოველნი წერილნი წინასწარმეტყველთანი ძესა ზედა კაცისასა: რამეთუ მიეცეს ხელთა წარმართთასა, და ეკიცხევდენ მას, და იგინოს, და ჰნერწყვიდენ და ტანჯონ და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს“ (ლუკა 18,31-33). ვერავინ ვერ გულისხმა-ყო ეს წინასწარმეტყველება; მაგრამ გული, უნებლიეთ, ყველას ზეციური კეთილიმყოფელისკენ მიუწევდა, რათა უკანასკნელად დამტკბარიყო მისი საუბრის მოსმენით, უკანასკნელად გამდიდრებულიყო მისი კეთილმოქმედებით. და უფლის გარშემო ამჯერად ჩვეულებრივზე მეტი ხალხი შეიკრიბა. სწორედ მათი და თავისი მოწაფეების თანხლებით მიუახლოვდა უფალი იესო ქრისტე ქალაქ იერიქონს, სადაც, კარიბჭის წინ, გზაზე ბრმა კაცი იჯდა და მოწყალების გაღებას სთხოვდა გამვლელ მომლოცველთ.

წმიდა მათე და მარკოზ მახარებლები რამდენადმე სხვაგვარად გადმოსცემენ ამ საკვირველი კურნების ამბავს. მათე წერს, რომ უფალმა იერიქონიდან გამოსვლისას განკურნა გზის პირას ჩამომსხდარი ორი ბრმა, რომელთაც, გაიგონეს რა, უფალი მოემართება ჩვენსკენ მრავალი ერითურთო, ღაღადი დაუწყეს: „შემიწყალენ ჩვენ, უფალო, ძეო დავითისო!“ (მათე 10,29). წმიდა მახარებელი მარკოზი მხოლოდ ერთი ბრმის შესახებ ლაპარაკობს, რომელიც უფალმა სასწაულებრივად განკურნა ასევე იერიქონიდან გამოსვლისას (მარკოზი 10,46) და თვით ამ ბრმას სახელით მოიხსენიებს („ძე ტიმესი - ბარტიმეოს“), მაშინ, როცა წმიდა ლუკა მოგვითხრობს უფლის მიერ ბრმის განკურნვაზე იერიქონში შესვლისას. შემდეგ სამივე მახარებელი თანახმიერად გადმოგვცემენ უფლის მოგზაურობას იერუსალიმისაკენ მასში საზეიმოდ შესვლისათვის. მაგრამ წმიდა მახარებელთა ამგვარი სხვადასხვაობა მსგავსი მოვლენების გადმოცემისას ადვილად აიხსნება, თუკი ვაღიარებთ, რომ მარკოზი და ლუკა მოგვითხრობენ სხვადასხვა ბრმის განკურვნათა შესახებ, რომელთაც უფალმა წყალობით მოხედა იერიქონში შესვლისას (ლუკა) და მისგან გამოსვლისას (მარკ.); ხოლო მათემ ორივე ეს მოვლენა გააერთიანა, რადგან, სავარაუდოა, რომ ორივე ეს საკვირველი განკურნვა ერთგვარი სახით იქნა აღსრულებული.

„უთხრეს მას, ვითარმედ: იესუ ნაზარეველი წარმოვალს. და მან ღაღატ-ყო და თქუა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ (მუხლები 37-38).

უფალ იესოს განუწყვეტლივ ეხვია გარს, ან მისდევდა ერის დიდი სიმრავლე, მოცემულ შემთხვევაში კი მით უმეტეს უნდა ყოფილიყო ასე, რადგან ახლოვდებოდა პასექის დღესასწაული და იერუსალიმისაკენ ღვთის მომლოცველთა უდიდესი რაოდენობა მოემართებოდა პალესტინის ყველა კუთხიდან, და არამარტო პალესტინისა. როგორც ცნობილია გალილეველი იუდეველნი - მომლოცველნი - პირდაპირი გზით, სამარიის გავლით კი არ მიემართებოდნენ იერუსალიმისაკენ, არამედ მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სანაპიროს მიუყვებოდნენ, მდინარეს ქალაქ იერიქონთან გადალახავდნენ და ან ამ ქალაქის გავლით, ანდა იერიქონის ველის გადაჭრით მიდიოდნენ იერუსალიმში. როცა ღვთაებრივი სასწაულთმოქმედი ამავე გზით მიეშურებოდა დღესასწაულზე იერუსალიმში, ძალზე ბუნებრივია ის, რომ მას თან დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა. ამრიგად, მრავალრიცხოვან მომლოცველთა ხმამ ბრმის ყურამდე მიაღწია, რომელიც, ეტყობა, სრულიად უსინათლო იყო და ამიტომ ვერ ხედავდა ვერც ქრისტეს და ვერც მრავალრიცხოვან ერს, მასთან ერთად მომავალს. მას მხოლოდ უჩვეულო ხმები ესმოდა, რაც დიდძალი ხალხის თავშეყრას მოწმობდა. ამიტომაც იკითხა ბრმამ: რა არის ეს? რატომ არის თავშეყრილი ესოდენი ერი? და იმათ, ვინც მის ახლოს იყო, აუხსნეს მას ამის მიზეზი და უთხრეს, იესო ნაზარეველი მოდისო, რამეთუ იუდეველთა უმეტესობა ამ სახელითა და წოდებით იცნობდა უფალს.

„და მან ღაღატ-ყო და თქუა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე! ხოლო რომელნი წინა-უძღოდეს, ჰრისხვიდეს მას, რაითა დადუმნეს. ხოლო იგი უფროის ღაღადებდა და იტყოდა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ (მუხლები 38-39).

ჩანს, რომ სხეულებრივად ბრმა ამ ადამიანში შინაგანი მზადყოფნა იყო სულიერი თვალის ახელისათვის. მისი ღაღადი უფალ იესოსადმი - დავითის ძისადმი - შეწყალების შესახებ - არის იმ სულის ღაღადი, რომელსაც უფლის რწმენა დაუწყია - ღმერთის ძლიერებისა და ღმერთის სიბრძნისა, უფლისა, ვინაც მთელი კაცობრიობა უნდა იხსნას.

ბრმა ვერ ხედავდა უფლის ღვთაებრივ სახეს: იგი არ ყოფილა მის მიერ აღსრულებული არც ერთი სასწაულის მოწმე, და თუ რაიმე იცოდა უფლის შესახებ, - მხოლოდ სხვათა გადმოცემით, სხვებისაგან გაგებული კი ყოველთვის სულ სხვაა, ვიდრე საკუთარი თვალით ნახული. ამ ბრმა კაცმა კი, როგორც კი გაიგონა - იესო ნაზარეველი მოდისო, უმალ აღიარა იგი არა უბრალო მოძღვრად თუ სასწაულთმოქმედად, როგორადაც მას იუდეველთა უმრავლესობა აღიარებდა, არამედ სწორედ აღთქმულ მესიად - მეუფედ ისრაელისა. როცა დავითის ძე უწოდა უფალს, ამით ბრმამ ყველას ხმამაღლა აუწყა, თუ ვინ არის ეს იესო ნაზარეველი, იმიტომ, რომ წინასწარმეტყველთა სიტყვით, აღთქმული მესია დავითის ტომიდან უნდა ყოფილიყო, მისი შთამომავალი; ამიტომაც სახელწოდება ძე დავითისა მხოლოდ მესიას - ქრისტეს შეეფერებოდა და პირდაპირ მიუთითებდა მასზე. ასეთი აშკარა, დაუფარავი მითითება მესიაზე უფალ იესოს პიროვნებაში, ალბათ, იყო კიდეც მიზეზი იმისა, რომ იესოს თანმხლები ხალხი შერისხავდა ბრმას - ასე ნუ ეძახი იესოსო. მაგრამ ბრმა ხალხის ბრძანებას კი არ ემორჩილებოდა, არამედ თავის შინაგან შთაგონებას და რწმენას, და კიდევ უფრო ხმამაღლა ღაღადებდა: ძეო დავითისაო! შემიწყალე მე! ასეთი ძალის რწმენა ხშირად როდი გვხვდება სახარებისეულ თხრობაში, თვით იესოს მიმდევართა შორისაც ბევრი როდი იყო ისეთი, ვინც ბრმის მსგავსად ასე პირდაპირ, ასე აშკარად აღიარებდა მას აღთქმულ მესიად - ღმერთად. ამიტომაც უფალმა თავისი საღმრთო ყურადღების გარეშე არ დატოვა ესოდენ წრფელი რწმენა, ესოდენ განცხადებული აღიარება.

„და დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაი მისი. და ვითარცა მოეახლა იგი, ჰკითხა მას: რაი გნებავს, და გიყო შენ? ხოლო მან ჰრქუა: უფალო, რაითა აღვიხილნე თუალნი“ (მუხლები 40-41).

ხედავთ უფალ იესოს ენითუთქმელ კაცთმოყვარეობასა და თანალმობას?! - მოესმა მას ტანჯულის ღაღადი და უმალვე შეჩერდა: „და დადგა იესუ“. რატომ ეკითხება მაცხოვარი ბრმას - რა გნებავსო? ნუთუ არ უწყის მისი გაჭირვება იმან, ვისთვისაც ადამიანთა გულის დაფარული სიღრმენიც კი გაღებულია და ვის წინაშეც ყოველივე განშიშვლებული და განცხადებულია?! - არა, უფალმა ყოველივე უწყოდა, მაგრამ თავისი შეკითხვით მან სრული შეგნება განაღვივა ბრმაში მისი მძიმე, ტანჯული მდგომარეობისა და მძაფრად გამოახატვინა თვალის ახელის სურვილი. მეორეს მხრივ, თავისი სიბრმავის საჯარო აღიარებით, რაკი უფალს ევედრა - თვალნი აღმიხილეო, ბრმამ დაამოწმა, დაადასტურა უფლის მიერ მასზე აღსრულებული სასწაულის მთელი სიდიადე; მას შემდეგ, რაც მან თავად გამოაცხადა თავი ბრმად, შეუძლებელი იყო მისთვის მხედველობის დაბრუნებაში ჭეშმარიტი სასწაული არ დაენახათ, და მართლაც, ამ მოვლენის ყველა თვითმხილველმა სასწაულად აღიარა იგი, ამიტომაც მათ, ყველამ, თვალახელილ ბრმასთან ერთად, ღმერთი განადიდეს. და ბოლოს, უფალმა იმისთვისაც ჰკითხა ბრმას, რა გნებავს, რომ გიყოო, რათა ყველასათვის ეჩვენებინა მისი რწმენა ყოვლადძლიერი ღმერთის შეწევნისა და მისი სულის ამაღლებული ზნეობრივი განწყობაც.

„ხოლო იესუ ჰრქუა მას: აღიხილენ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას და ადიდებდა ღმერთსა. და ყოველმან ერმან იხილეს და აქებდეს ღმერთსა“ (მუხლები 42-43).

ბრმისათვის თვალის ახელა, სხვა მრავალ სასწაულთან ერთად, განსაკუთრებული დადასტურებაა იმისა, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია. რამეთუ სხვას ვის, თუ არ ოდენ ერთს ყოვლადძლიერ ღმერთს, ძალუძს თვალნი აღუხილოს ბრმას, და განანათლოს იგი?! აღიხილენ! - უბრძანა უფალმა. რა ძალმოსილი სიტყვაა ეს! - ყოვლადძლიერი, შემოქმედებითი სიტყვა, საღმრთო ხმა! იგი, ვინც თქვა დასაბამად: იყავნ ნათელი! და ვისი სიტყვისაებრ უმალვე იქმნა ნათელი, - იგი ჭეშმარიტად, რომ შემოქმედი ღმერთია.

ყურადღებისა და, ამასთან, მიბაძვის ღირსია აქ ჩვენი მაცხოვრის თავმდაბლობა, რამეთუ მან უთხრა ბრმას, მე კი არა, სამყაროს მხსნელმა და უფალმა, არამედ შენმავე რწმენამ გაცხოვნა, განგკურნა შენო. ანუ საკუთარ თავს კი არ მიაწერს იესო ბრმის განკურნვას, მის ცხოვნებას, არამედ მისსავე რწმენას. მაგრამ ბრმამ თვალთ აღიხილა უფლის სიტყვისაებრ და ხედვა იწყო არა ოდენ სხეულებრივი, გრძნობისმიერი თვალებით, არამედ სულიერი თვალებითაც რწმენისა. იგი იესოს მისდევდა და ღმერთს განადიდებდა ასეთი წყალობისათვის; ასევე განადიდებდნენ და აქებდნენ უფალს სხვებიც, ყოველნი, ანუ ისინი, ვინც დაბრმავებული არ იყო წინასწარ აკვიატებული ცუდი შეხედულებით და სიძულვილით იესოს წინააღმდეგ; უფალს აქებდნენ, რადგან ისეთი სასწაული იხილეს, რომლის აღსრულება შეუძლებელი იქნებოდა ღმერთის ზებუნებრივი შეწევნის გარეშე სასწაულთმოქმედისადმი, ანუ იხილეს ესოდენ დიდი კეთილმოქმედება ღმერთისა ბრმისადმი, რომელმაც თვალთ აღიხილა. მორწმუნეებმა ღმერთი განადიდეს, რადგან თვალთა წინ ძველთაგანვე აღთქმული, ღმერთის დიდი წინასწარმეტყველი იხილეს, ბრმათა თვალთაღმხილველი, რომელიც ამ ქვეყნად ყველა იმ ადამიანის სახსნელად მოვიდა, ვინც მას სასოებდა.

 

II. ასე აღსრულდა ბრმის თვალის ახელის სასწაული. რას გვასწავლის იგი ჩვენ და რას შეგვახსენებს?

ა) პირველ ყოვლისა იმას გვასწავლის, რომ მწუხარებანი და შეჭირვებანი ჩვენს ფიქრებს ღმერთისაკენ მიმართავენ და გვაიძულებენ ჩვენ ვილოცოთ მის წინაშე, შეწევნას ვევედროთ მას (მუხლი 38). ბრმა მათხოვრის მაგალითი, რომელმაც გაიგონა თუ არა, იესო მოდისო, მხურვალედ ევედრა მას განკურნვას, - ცხადად გვიდასტურებს ამას. ამრიგად, ნურასოდეს ნუ წარიკვეთ სასოს, ქრისტიანო, როცა მწუხარებანი და განსაცდელნი გეწვევიან. გაცილებით უარესი იქნებოდა შენთვის, არანაირ მწუხარებას და შეჭირვებას რომ არ განიცდიდე ცხოვრებაში; რამეთუ მაშინ შენ ადვილად დაივიწყებდი ღმერთს და ამგვარად ასცდებოდი ცათა სასუფევლისაკენ მიმავალ გზას. სწორედ ამიტომ არის მდიდართათვის ძნელი ცათა სასუფეველში შესვლა. დიდი საწუხარი მათ არა აქვთ ხოლმე, მარადის კმაყოფილნი ცხოვრობენ შვება-სიამით, - ისე კარგად მისდით ყველაფერი, რომ შემთხვევა არ ეძლევათ ღმერთს მიმართონ ვედრებით. ამიტომ უნუგეშოდ კი არ უნდა ვწუხდეთ და ვდრტვინავდეთ, როცა ღმერთი დაუშვებს, რომ რაიმე მწუხარება გვეწვიოს, არამედ უნდა ვმადლობდეთ მას, რამეთუ ამის წყალობით ჩვენ უფალი ღმერთი გვახსენდება და მას შევუვრდებით ვედრებით; რამეთუ ეს ნიშნავს, რომ უფალს არ დავვიწყებივართ, არ მივუტოვებივართ თავისი მადლის გარეშე და სურს თავისი ზეციური სასუფევლისაკენ წაგვიყვანოს. ერთმა წმიდა მამამ, ამასთან დაკავშირებით, შემდეგი მოუთხრო სხვა მამას: ერთხელ, ალექსანდრიაში ყოფნისას ეკლესიაში მივედი სალოცავად და იქ ღვთისმოშიში დედაკაცი ვიხილე, რომელიც ტიროდა და გულშემუსვრილი იმეორებდა: „რად მიმატოვე, უფალო, შემიწყალე მე, მოწყალეო!“ მე დაველოდე მისი ლოცვის დასრულებას და როცა დავიმარტოხელე, ვუთხარი: „ეტყობა, ვიღაც ძალზე გაწყინებს, რომ ასე სტირიხარ-მეთქი!“ მან კი ასე მომიგო: „-ოჰ, არა მამაო!“, - და კვლავ ატირდა - „არა, შენ არ უწყი ჩემი მწუხარების ამბავი. მე ადამიანთა შორის კეთილად ვცხოვრობ და არავისგან არანაირი შეურაცხყოფა და წყინება არ დამითმენია. ჰოდა, აი, სწორედ ამისათვის ვსტირი, რომ რაკი ასე უზრუნველად ვცხოვრობ ღმერთის დავიწყებაში, ღმერთსაც ვავიწყდები და აღარ მეწვევა ხოლმე: სამი წელია უკვე არანაირი მწუხარება არ შემხვედრია. ამიტომ ვჰგონებ, რომ ღმერთმა ჩემი ცოდვებისათვის მიმატოვა, და არანაირ მწუხარებას არ მიგზავნის. და მეც ვსტირი მის წინაშე და ვევედრები, რომ თავისი მოწყალებით მომხედოს!“ ამის მოსმენაზე დიდად განვკვირდი, გამაოცა მისმა ესოდენ ღვთისმოშიშმა და მტკიცე სულმა, და მეც ვილოცე ღმერთის წინაშე მისთვის, და დღემდე ვჰკვირვობ მისი სულიერი სიძლიერის გამო (თთვენი, 6 აპრილი). აი, როგორ მსჯელობენ ღვთისმოშიში ადამიანები, როცა მათ ცხოვრებაში დიდხანს არ არის ხოლმე მწუხარებანი: ამ დროს ფიქრობენ, რომ ღმერთმა დაივიწყა ისინი, რადგან მწუხარებათ და შეჭირვებათ ღმერთის განსაკუთრებულ ყურადღებად მიიჩნევენ თავისადმი, მისი წყალობის განსაკუთრებულ გამოვლინებად.

ბ) შემაგონებელია ჩვენთვის ის გარემოებაც, რომ იესოს თანმხლებნი უწყრებოდნენ ბრმას და უკრძალავდნენ - დავითის ძედ ნუ ხმობო, როცა იგი მხურვალედ ევედრებოდა უფალს შემიწყნარეო (მუხლი 39); ეს მოგვაგონებს, რომ ხშირად ჩვენ საცდურსა და დაბრკოლებას ვხვდებით ცხოვრების გზაზე იმ ადამიანთაგან, რომლებიც წინ გვისწრებენ ცხოვრების ასპარეზზე და რომლებიც ზოგჯერ ჩვენი ახლობლებიც არიან. ასეთი შემთხვევები ქრისტიანთა ცხოვრებაში ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. აი, მაგალითად, შენ უწყი, თუკი მტერს არ შეუნდობ, ღმერთიც არ შეგინდობს, - და ამისათვის მტერთან შესარიგებლად განეწყობი; მაგრამ, აი, შენი მეგობარი გებულობს ამის შესახებ, მოდის შენთან და საყვედურებით გავსებს. მეტისმეტად მოწყალე ხარ სხვებისადმი, სჯობს შენს თავზე, საკუთარ ღირსებასა და ოჯახზე იფიქროო; ნუ იზამ ამას, ნუ შეურიგდები შენს მტერს, თორემ ხალხი სიცილად აგიგდებს და ყოველნი წყენის მოყენებას დაგიწყებენ, თავზე დაგასხდებიანო. ანდა, აი, შენ კეთილმოშიშად განგიზრახავს, რომელიმე მარხვის ჯეროვნად შენახვა; მაგრამ ცოლი, ან სხვა რონელიმე ნათესავი უსათუოდ იწყებენ შენს გადარწმუნებას: რად გინდა ამდენს რომ მარხულობ, დასუსტდები, ჯანმრთელობას რაიმე არ ავნოო. როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავს შემთხვევებში? იმგვარადვე, როგორც უფალი მოიქცა პეტრესთან მიმართებაში, როცა მომავალმა თავმა მოციქულებისა, მოისმინა რა უფლის სიტყვები თავისი მოახლოებული ვნების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ, ასე უთხრა იესოს: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე!“ (მათე 16,22); მაშინ უფალმა იესო ქრისტემ შერისხა იგი და უთხრა: „წარვედ ჩემგან, სატანა! საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ზრახავ ღმრთისასა, არამედ - კაცთასა“ (მუხლი 23). აი, შენც ასე მოიქეცი, როდესაც უხუცესნი თუ ნათესავნი იმგვარი რჩევის მოცემას დაგიწყებენ, რომელიც ეწინააღმდეგება შენი ცხოვნების საქმეს: ნუ დაუჯერებ მაშინ მათ! - ესევითარი ნათესავნი და ახლობელ-მეგობარნი, რომლებიც კეთილ და საღმრთო საქმეში გეწინააღმდეგებიან, სწორედ ის მარჯვენა ხელი და მარჯვენა თვალი არიან, რომლის მოკვეთასაც უფალი გიბრძანებს, თუკი ისინი გაცთუნებენ შენ: „უკუეთუ თვალი შენი მარჯვენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაითა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა. და უკეთუ მარჯუენე ხელი შენი გაცდუნებდეს შენ, მოიკვეთე იგი და განაგდე შენგან!“ (მათე 5,29-30). და სწორედ ესევითარნი არიან ის სახლეულნიც კაცისა, რომელნიც მტერად შევქმნებიან მას და რომელთაც უფალი მოიხსენებს: „და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი მისნი!“ (მათე 10,36), რამეთუ ისინი საცთურნი არიან მისთვის, რადგან ფიქრობენ და იტყვიან არა ღმრთისას, არამედ კაცისასა. და რაც უფრო მეტად ცდილობენ ისინი წინაღგვიდგენ და დაგვაბრკოლონ კეთილ საქმეთა ქმნაში, საღმროო განზრახვათა აღსრულებში, მით უფრო მტკიცედ უნდა ვეცადოთ ჩვენ მათი აღსრულება და მით უფრო უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით.

გ) დიდად სამოძღვრებოა ჩვენთვის მაცხოვრის მაგალითიც დღევანდელი სახარებიდან, რომელმაც გულმოწყალება გამოავლინა ბრმა მათხოვრისადმი და განკურნა იგი. ეს მაგალითი გვასწავლის ჩვენც სიყვარული და თანადგომა გვქონდეს სნეულისადმი, ხეიბრისა და შეჭირვებულისადმი, განსაკუთრებით კი - ბრმებისადმი, დავეცადოთ შეძლებისდაკვალობაზე ყოველივე მოვიმოქმედოთ, რათა თუნდაც მცირედით შევუმსუბუქოთ მათ ხვედრი. ამგვარ უბედურებასთან შეხვედრისას, ჩვენ გულგრილად არ უნდა ჩავუაროთ მათ გვერდით, თითქოს ვერ ვამჩნევთო; პირიქით, უნდა მივეახლოთ და კეთილი ვუყოთ. ან კი განა შეიძლება გულის ტკივილის გარეშე ჩავუაროთ გერდით ისეთ ტანჯულ ადამიანს, როგორიც ბრმაა, და მეტადრე - ხელი ვკრათ და მოვიშოროთ მისი ჩვენსკენ გამოწვდილი, უძლური, გამხდარი ხელი, რომელიც მოწყალების სათხოვად გამოუწვდია გამვლელისათვის?! ყველა უძლურთა და ხეიბართაგან ბრმანი ყველაზე უბედურნი არიან. ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ, თუ რაოდენი სიმწარე. უმძიმესი მწუხარებაა მათი ცხოვრებისეული ხვედრი. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ამ საკვირველ ცას, დამშვენებულს ურიცხვი ვარსკვლავებით; ვხედავთ კაშკაშა მზეს, ღმერთის ხელთა საკვირველ ქმნილებათ რომ განანათლებს, და აღტაცებული ვართ მათი ხილვით; ვხედავთ ველ-მინდვრებს, დაფარულთ ბალახით, ყანებით; ვხედავთ დიდებულ ტყეებსა და მთა-გორებს, და დამტკბარნი ყოველივე ამით ვამბობთ, რომ სული ჩვენი გახარებულია; კვალად, ჩვენ ვხედავრ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების - დედ-მამის, შვილების, და-ძმის, მეგობრების, მეუღლის სახეებს, ვტკბებით მათი ხილვით... და ან კი შესაძლებელია ყველა იმ სიხარულის ჩამოთვლა, რომელნიც ჩვენს სულს თვალთა მეშვეობით განსჭვალავენ?! ხოლო ბრმა ადამიანისათვის ყოველივე ეს მიუწვდომელია, დაფარულია! ჭეშმარიტად, რომ უმძიმესია ბრმა ადამიანის ხვედრი. მხოლოდ ერთს რასმე ძალუძს ნუგეში მოუტანოს ბრმა ადამიანის გულს, ვინც მოკლებულია ამა ქვეყნის ყველა სიკეთეს, მისაწვდომთ თვალხილულ ადამიანებისათვის, - ეს არის სიყვარული და თანალმობა მისდამი, თვალხილულ ადამიანთა მზადყოფნა შეეწიონ მას უბედურებაში. მაშ, ვისწრაფოთ და სულიერი სიხარული, შვება მივანიჭოთ ამ უბედურთ ჩვენი შესაძლებისდაკვალობაზე აღსრულებული კეთილმოქმედებით. თუკი მართლა სიყვარულითა და თანადგომით აღვივსებით მათდამი, ყოველ ჩვენგანს შეუძლია რაიმეთი დაეხმაროს მათ: მცირედი ფული იქნება ეს, თუ ლუკმა პური, რამდენიმე საათი შრომა მათთვის თუ უბრალოდ, საუბარი, ყოველივე უდიდეს სიხარულსა და ნუგეშს მიანიჭებს მათ. განსაკუთრებით კი სადღესასწაულო დღეებში ნუ მივატოვებთ მათ ჩვენი ძმური სიყვარულისა და ნუგეშის გარეშე, იმიტომ, ამ წმიდა დღეებში, ღვთის დღეებმი ყველაზე მეტად შეგვგავს ჩვენ, ქრისტიანებს, საღმრთო საქმეებს აღვასრულებდეთ.

დ) და ბოლოს, ბრმა მათხოვრის ამ მაგალითში, როცა მან თავის ვედრებაში ქრისტესადმი ისეთი ძალის რწმენა გამოავლინა, რომ სწორედ მისი წყალობით მიიღო სასწაულებრივი კურნება, როგორც თვით უფალი მოწმობს, ჩვენ ვხედავთ, რომ ღმერთისადმი მიმართული ჩვენი ლოცვებიც აუცილებლად უნდა იყოს შეერთებული რწმენასთან (მუხლი 43). ჩვენი შეუეჭვებელი სასოება თხოვილის მიღებისა ღმერთისაგან არის ნიშანი ჩვენი გულისმიერი დადასტურებისა, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვებს, რომ მისი ყოვლადძლიერებისა და სახიერების საქმეა მოგვმადლოს ჩვენ თხოვილი, და რომ ასეთი დადასტურება მეტად ღირებულია ღვთის თვალთა წინაშე. ეს ნიშნავს მტკიცე რწმენის პყრობას, ხოლო მტკიცე რწმენა ქმედითია თხოვილის მიღებაში. უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება: „ყოველსა, რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ მიიღოთ, და გეყოს თქვენ“ (მარკოზი 11,24). ასე ნებავს უზენაესს, რომ მისი შეუეჭვებელი რწმენა და მასზე დამყარებული მტკიცე იმედი უნაყოფო არ დარჩეს და სირცხვილეულ-არ-იქნეს. „ვის ჰრწმენა ღმერთი და ჰრცხუენა?“ - გვეუბნება საღმრთო წერილი (ზირაქი 2,10), ანუ განა არის ვინმე ისეთი, ვინაც ღმერთს სასოებით სთხოვა რაიმე და არ მიიღო თხოვილიო. წინასწარმეტყველმა დავით მეფემ მტერთაგან ხსნა სთხოვა ღმერთს და მიიღო. ეზეკიამ სნეულებათაგან განკურნება სთხოვა - და მიიღო. ელიამ წვიმა სთხოვა და მიიღო. მაგრამ თავისთავად იგულისხმება ესეც. იმისათვის, რომ რწმენა თხოვილის მიღებაში უნაყოფო არ გამოდგეს, აუცილებელია თხოვილი ღმერთის ნების თანახმიერი იყოს და არ ემსახურებოდეს ჩვენს წარწყმედას, ბოროტ საქმეს. სხვაგვარად, ჩვენი ლოცვა ღმერთის წინაშე არ იქნება წარმატებული, რამეთუ, როგორც წმიდა მოციქული იაკობი გვეუბნება: „ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ, რაითა გულის თქმათა შინა თქვენთა განილინეთ“ (იაკ. 4,3).

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე