„27. და წარმო-რაი-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და
იტყოდეს: შემიწყალენ ჩეუნ, ძეო დავითისო! 28. და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუხდეს
მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს
მას: ჰე, უფალო. 29. მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა მათ: სარწმუნოებისა თქუენისაებრ
გეყავნ თქუენ! 30. და მეყსეულად აღეხუნეს თუალნი მათნი. და შეჰრისხნა მათ იესუ
და ჰრქუა: იხილეთ, ნუმცა ვინ უწყის. 31. ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი
ყოველსა მას ქუეყანასა. 32. და ვითარცა-იგი გამო-ოდენ-ვიდეს, მოჰგუარეს მას კაცი
ყრუი და ეშმაკეული. 33. და ვითარცა განხადა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუი იგი. და დაუკვირდებოდა
ერსა მას და იტყოდეს: არასადა ისრაელსა შორის ესრეთ გამოჩნდა. 34. ხოლო ფარისეველნი
იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაითა განასხამს ეშმაკთა. 35. და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა
ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და
ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა
სენთა და ყოველთა უძლურებათა ერსა შორის.“ |
I. დღეს ჩვენი ყურადღებისათვის შემოთავაზებულ სახარებში გადმოცემულია უფალ იესო ქრისტეს მიერ ორი ბრმისა და ერთი ეშმაკეული, ყრუ ადამიანის განკურნვის ამბავი. ღრმად ჩავუკვირდეთ ამ სახარებისმიერი თხრობის სიტყვებს.
„და წარმო-რაი-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩეუნ, ძეო დავითისო!“ (მუხლი 27).
ეს მაშინ მოხდა, როცა იესო, ებრაელთა ერთ-ერთი შესაკრებელის მთავრის - იაიროსის ვედრებით მის სახლში მივიდა და მკვდრეთით აღადგინა მისი გარდაცვლილი ასული, და როცა ხმები ამ საკვირველი მოვლენის შესახებ მთელს ქვეყანაში გავრცელდა (მათე 9,18-26).
როცა იესო იაიროსის სახლიდან გამოვიდა, გზად მას ორი ბრმა შემოხვდა. აღმოსავლეთში სიბრმავე, უსინათლობა საკმაოდ გავრცელებული სენია; ამბობენ, რომ ეგვიპტეში ყოველ ოც ადამიანზე ერთი თვალის სნეულებით ვნებული მოდისო. უკანასკნელი აღრიცხვით კი ყოველ ას ადამიანში - ერთი ბრმაა, მაშინ, როდესაც ინგლისსა და ნორვეგიაში ყოველ ათას კაცშია ერთი ბრმა. მართლაც, ვერც პალესტინაში და ვერც ნილოსის ნაპირებზე რამდენიმე კაცს ვერ ნახავ, რომ ერთი მაინც მათ შორის ბრმა არ იყოს.
სიბრმავის ასეთი გავრცელების მიზეზი არ არის არც სიცხე, არც მტვერი, არც ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა დღესა და ღამეს შორის, განსაკუთრებით კი ზღვის სანაპიროზე - ამ სნეულების გავრცელების მთავარ ადგილას. მიღებული თვალის ანთება ვერ გამოიწვევდა სხვა ადგილებშიც ბრმათა ასეთ დიდ რაოდენობას, თვით ადამიანები რომ არ არიდებდნენ თავს სნეულთა მდგომარეობის შემსუბუქების მცდელობას. ეს ნაწილობრივ, მცონარებისა და უბირობის გამო ხდება, ხოლო უმეტესწილად ცრუ-რწმენით წინასწარშექმნილი უარყოფითი შეხედულების მიზეზით მკურნალობისადმი. გარდა ამისა, თვალის სნეულებათა გავრცელების მიზეზი ბუზებიცაა, რომელთაც გადამდები სენი ერთი ბავშვისაგან მეორეზე გადააქვთ. აღმოსავლელი დედები უშფოთველად აძლევენ მათ საშუალებას სახეზე დაასხდნენ თავიანთ ყრმებს, რათა, ცრუ-რწმენის თანახმად, თავიდან ააცილონ მათ „ავი თვალი“. სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ეს პაწია ქმნილებანი უკვე შესჩვევიან ისეთ მდგომარეობას, რაც წამება იქნებოდა ჩვენი ბავშვებისათვის, რომელთაც ასეთი რამ არასდროს არ გამოუცდიათ. და რაკი შემდგომში არანაირ ზომას არ მიმართავენ დაავადებული ბავშვების განსაკურნავად, ისინი ბრმავდებიან კიდეც. სადაც არ უნდა შეჩერდეთ აღმოსავლეთში, ყველგან მოგადგებათ ვინმე ბრმა ბავშვებთან ერთად. ამიტომაც არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მაცხოვრის შესახებ ფართოდ გავრცელებულიყო ხმები, რომ იგი ბრმებს თვალისჩინს უბრუნებს; და მასთანაც სიბრმავით ვნებული მრავალი ადამიანი მოდიოდა, რათა მისგან საკვირველი კურნება მიეღოთ.
სახარებაში მოხსენიებულ ბრმებსაც, რა თქმა უნდა, სმენოდათ იმის შესახებ, თუ როგორ განკურნავდა იესო სნეულ ადამიანებს. ამიტომ როცა იგი შესაკრებელის მთავრის - იაიროსის სახლიდან გამოვიდა მისი ასულის მკვდრეთით აღდგინების შემდეგ, ისინი მას მოსდევდნენ და შეჰღაღადებდნენ: შეგვიწყალე ჩვენ, იესო, ძეო დავითისაო! და მთელი მსვლელობის განმავლობაში ევედრებოდნენ მას განკურნვას, იმ სახლშიც, სადაც უფალი მაშინ შევიდა.
„და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუხდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო“ (მუხლი 28).
მაშინვე არ აკმაყოფილებს უფალი ბრმათა თხოვნას, რათა მათაც ასწავლოს მოთმინება და მათი მოთმინების მიერ სხვებსაც უჩვენოს ბრმათა რწმენის ძალა. რამეთუ ისინი მოთმინებით რომ არ ყოფილიყვნენ აღვსილნი და ამ მოთმინებამი - მტკიცე რწმენაც რომ არ ჰქონოდათ, მაშინ არც გაჰყვებოდნენ იესოს მთელი მისი გზად მსვლელობის განმავლობაში; ხოლო იესოს რომ არ გაჰყოლოდნენ პირველი, წარუმატებელი ვედრების შემდეგ და კვლავაც, განუწყვეტლივ არ განეგრძოთ ვედრება, მაშინ ვერც ეწეოდნენ სასურველს - ვერ მიიღებდნენ უფლისაგან საკვირველ კურნებას. მაგრამ ისინი მოთმინებით ევედრებოდნენ უფალს და რწმენით მოელოდნენ თხოვილს, და მათი იმედი გამართლდა. როცა სახლშიც მოუხდნენ იესოს იგივე თხოვნით, უფალმა ჰკითხა მათ: გწამთ, რომ ამის ქმნა შემიძლია?
იესო ქრისტეს ცხოველმყოფელი სიტყვები როცა კეთილ ნიადაგში იბნეოდა, ითესებოდა, ყოველთვის მაცხოვნებელ ნაყოფთ გამოიღებდა. და ნახეთ, რაზომ ნაყოფიერნი აღმოჩნდნენ ისინი ამ ორი ბრმა ადამიანის გულებში! ისინი უკვე დავითის ძედ კი არ სახელდებენ მას, არამედ ყოვლადძლიერ უფალად. ჰე, უფალო! - პასუხობენ ისინი თავიანთი მორწმუნე გულების სიღრმიდან, ანუ: გვწამს, რომ შენ, უფალო, ძალგიძს ამის ქმნა.
„მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა მათ: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ!“ (მუხლი 29).
ახლა თავად უფალი მოწმობს, რომ ბრმების რწმენა მის სასწაულმოქედ ძალას იზიდავს მათკენ, და მათი რწმენისაებრ მოქმედებს მათშ და სასწაულს აღასრულებს, რათა სასწაული თვალსაჩინოდ ცხადი გახდეს და თვალისჩინის მქონეთათვის, ასე ვთქვათ, ხელშესახები იყოს.
„და მეყსეულად აღეხუნეს თუალნი მათნი. და შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: იხილეთ, ნუმცა ვინ უწყის“ (მუხლი 30).
სასწაული აღსრულდა, და უფალი უკრძალავს სიბრმავისაგან განკურნებულთ, ვინმეს მოუყვნენ, თუ ვინ და როგორ დაუბრუნა მათ მხედველობა. ამას იესო იმისთვის იქმდა, რომ მისი დიდება განსაზღვრულ დროზე ადრე არ განცხადებულიყო; რათა ის ადამიანები, რომლებიც საღმრთო წინასწარმეტყველთა სულიერი ხედვით კი არ უყურებდნენ მას, არამედ აღთქმულ მესიას როგორც ქვეყნიურ მეფეს მოელოდნენ, არ გატაცებულიყვნენ თავიანთი უჯერო, შეუსაბამო ოცნებითა თუ წამოწყებით; ხოლო, ამასთანავე, იმისთვისაც, რომ თავისი მოწაფეებისთვისაც დაეტოვებინა თავმდაბლობის მაგალითი; რომ ესწავლებინა ჩვენთვის სიკეთის ქმნა ღმერთის სადიდებლად, ღმერთის ნების სათნო-ყოფისათვის და არა იმისთვის, რომ სხვები ხედავდნენ ჩვენს კეთილ საქმეებს და განგვადიდებდნენ. მაგრამ რა მოიმოქმედეს სასწაულებრივად თვალისჩინდაბრუნებულემა ბრმებმა?
„ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა მას ქუეყანასა“ (მუხლი 31).
მიუხედავად უფლის მიერ აკრძალვისა სიბრმავისაგან განკურნებულებმა ყველას აუწყეს აღსრულებული სასწაულის შესახებ; მადლიერების გრძნობით აღვსილთ მათ არ შეეძლოთ დაედუმებინათ მათ მიერ მიღებული კეთილმოქმედების შესახებ. ამ გრძნობით იყო აღსავსე მათი გულები, და ისინიც ყველგან ქება-დიდებას ასხამდნენ ღვთაებრივ მკურნალს.
„და ვითარცა-იგი გამო-ოდენ-ვიდეს, მოჰგუარეს მას კაცი ყრუი და ეშმაკეული. და ვითარცა განხადა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუი იგი. და დაუკვირდებოდა ერსა მას და იტყოდეს: არასადა ისრაელსა შორის ესრეთ გამოჩნდა“ (მუხლები 32 და 33).
ნეტარი თეოფილაქტეს განმარტებით, „იესოსთან მიყვანილის სიყრუვე ბუნებრივი კი არ იყო, არამედ დემონის ზემოქმედებით გამოწვეული; ამიტომაც მოჰყავთ იგი სხვებს: თავისით მას არ შეეძლო თხოვნა, იმიტომ, რომ დემონს შეეკრა მისი ენა. ამის გამო ქრისტე არ მოითხოვს მისგან რწმენას, არამედ მაშინვე განკურნავს მას“.
უფალ იესოს მიერ აღსრულებული ესოდენ საკვირველი საქმეების ხილვის გამო შეკრებილი ერი გაიძახოდა: ასეთი რამ ისრაელში ჯერ არ მომხდარაო. ხალხი ჯანსაღად განსჯიდა, როცა ამბობდა - ასეთი სასწაულები არასდროს უნახავს ისრაელსო. ქვეყნის დასაბამიდანვე ქვეყნად არ ყოფილა არასდროს ასეთი სასწაულმოქმედი და ასეთი სიმრავლე აღსრულებული სხვადასხვაგვარი სასწაულებისა. ყველა ძველი სასწაულმოქმედი, როგორნიც იყვნენ წინასწარმეტყველნი, მაგალითად, მოსე, ელია და სხვები, თავისით კი არ აღასრულებდნენ სასწაულებს, არამედ ღმერთს შესთხოვდნენ ამ ნიჭს; ეს სასწაულმოქმედი კი თავით თვისით იქმდა სასწაულებს – აღასრულებდა მათ როგორც ღმერთის ძე, როგორც ჭეშმარიტი ღმერთი. და არც ერთ სასწაულმოქმედს ძველი დროისა არ აღუსრულებია იმდენი სასწაული, რამდენიც იესო ქრისტემ აღასრულა.
„ხოლო ფარისეველნი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაითა განასხამს ეშმაკთა“ (მუხლი 34).
ფარისევლები, რომელთაც გადაწყვიტეს უარ-ეყოთ, არ მიეღოთ იესო ნაზარეველი როგორც ღმერთის განსაკუთრებული წარმოგზავნილი, ამის გამო იძულებულნი იყვნენ რაღაც ახსნა მაინც მოეძებნათ მის მიერ აღსრულებული არაჩვეულებრივი საქმეებისა, ანუ სასწაულებისა, როგორიც იყო, მაგალითად, ბოროტეშმაკეულის განკურნვა. სასწაულები იმდენად გასაოცარი და შთამბეჭდავი იყო, ყველასათვის ცხადი ჩანდა: მისი მოქმედება ჩვეულებრივი ადამიანური ძალებით თუ რაიმე ხელოვნებით ვერ აღსრულდებოდა. ამიტომ ფარისევლებიც იძულებულნი იყვნენ ისე შეეხედათ იესოს მიერ აღსრულებული სასწაულებისათვის, როგორც ხალხი აღიქვამდა მათ, ანუ როგორც ზებუნებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღემატება ადამიანის ჩვეულებრივ ძალებს, ოღონდ ამტკიცებდნენ - ღმერთისაგან კი არ მომდინარეობენ ეს სასწაულები, არამედ არაწმიდა ძალისაგანო, ანუ ეშმაკის ძალით არიან მოქმედებულნიო, რითაც ცდილობდნენ სიძულვილი განეღვიძებინათ ხალხში იესოსადმი, როგორც, ვითომცდა, არაწმიდა ძალებთან ურთიერთობათა მქონე ადამიანისადმი. იგი ეშმაკთა მთავრის ძალით განდევნის ეშმაკთ, - ამბობდნენ ფარისეველნი. ეშმაკთა ეს მთავარი (ბერძნულად „არხიდიაბოლოს“) სხვა ადვილას იწოდება ბელზებულად (მათე 12,24).
ბელზებულად, ანუ, ებრაულად - „ბაალ-ზებულად“ იწოდებოდა აკარონის მაცხოვრებელთა კერპი, წარმართული „ღვთაება“. თვით ესსიტყვა ნიშნავს „ბუზების ბატონს“. ცხელ ქვეყნებში ბუზების დიდი სიმრავლე და მათგან ადამიანთათვის და შინაური ცხოველებისათვის მიყენებული დიდი ზიანი საკმარისად გვიხსნის და ამართლებს კერპის ამგვარ სახელწოდებას. თუმცა ბელზებულის ხელმწიფება, აკარონის მაცხოვრებელთა გაგებით, არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბუზებით: მას, ისევე როგორც სხვა კერპებს, მიმართავდნენ ხოლმე შეკითხვით მომავლის შესახებ. ამ წარმართული ღვთაების სახელწოდება ებრაელებმა გადმოიღეს სატანის - ბოროტ სულთა მთავრის - სახელდებისათვის; ამასთან მათ მცირეოდნად შეცვალეს ეს სახელი - „ბელზებუვ“ - „ბელზებულად“, რაც, როგორც განმარტავენ, დაცივნისათვის, აბუჩად ასაგდებად მოიმოქმედეს, იმიტომ, რომ სიტყვა „ზებულ“ ითარგმნება როგორც „ნეხვი“, „ნაკელი“, „უწმიდურობა“, „სიბინძურე“. ეშმაკს ეს სახელწოდება მიეკუთვნა როგორც არაწმიდა სულს.
„და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა ერსა შორის“ (მუხლი 35).
ფარისეველთა ცილისწამებამ ვერ შეაჩერა იესო მის მსახურებაში კაცთა მოდგმის საცხოვნებლად. იგი ისრაელის მიწა-წყლის ყველა ქალაქსა და დაბა–სოფელს მოვვლიდა, ქადაგებდა ცათა სასუფეველის სახარებას და ყოველგვარ სენსა და სნეულებას განკურნავდა ადამიანებში. იგი ცხოვნებას ამცნებდა მორწმუნეთ და ჭეშმარიტ რწმენას განამტკიცებდა იმ იუდეველებში, რომლებიც თვალს არ ხუჭავდნენ ჭეშმარიტების ნათელის წინაშე. იგი არავის არ უარყოფდა, ყველას მოუწოდებდა ცათა სასუფეველში. ამიტომაც დადიოდა ქალაქებში ქადაგებით და ზოგჯერ ისეთ განათლებულ და წარჩინებულ ადამიანებსაც ამცნებდა სახარებას, როგორიც ნიკოდემოსი იყო; დადიოდა დაბა-სოფლებშიც და ასწავლიდა გაუნათლებელ და უბრალო ადამიანებსაც. და ყველგან თავის მოძღვრებას ცათა სასუფეველის შესახებ განამტკიცებდა სასწაულებით: განჰკურნავდა რა ყოველსა სნეულებასა და უძლურებას კაცთა შორის.
II. აწ კი იმ ზნეობრივ ჭეშმარიტებებს მივაპყროთ ყურადღება, რომელთაც დღეს წაკითხული სახარება შეიცავს. აქ ყოველივე სამოძღვრებოა ჩვენთვის, ყოველივე - ღირსი მიბაძვისა, ყოველივე - აღსავსე ღრმა მნიშვნელობით.
ა) ბრმებისადმი აღმოჩენილი თანალმობითა და მათი განკურნვით, ქრისტე, ჩვენი მაცხოვარი, ჩვენც მაგალითს გვაძლევს იმისთვის, რომ სიბრალულით აღვსილნი ვიყოთ მსგავსი უბედური ადამიანებისადმი და შეძლებისდაგვარად აღმოვუჩენდეთ დახმარებას (მუხლი 30).
ძალზე საცოდავნი არიან კოჭლნიც, ხეიბარნიც, ყრუ-მუნჯნიც და სხვაგვარი სახიჩარი გლახაკნი, მაგრამ უსინათლონი, შესაძლოა, ყველა მათგანზე უბედურნი იყვნენ. ბრმა ვერ ხედავს დღის სინათლეს - ღვთის ამ საბოძვარს, მას შეუძლებელია რაიმე წარმოდგენა ჰქონდეს იმ სიმშვენიერეთა შესახებ, რომლებითაც ეგზომ აღსავსეა მთელი ეს ხილული სამყარო. უბედურ ბრმათათვის მხოლოდ ერთი ბნელი, უკუნი ღამე არსებობს. მათ არ უწყიან არც დილა, არც შუადღე, არც მწუხრი. არ შეუძლიათ დასტკბნენ ფერთა შეხამებებით ყვავილებსა და საერთოდ მთელს ამ ხილულ ბუნებაში. ვერ ხედავენ ეს უბედურნი ვერც თავიანთ ღვიძლ მშობლებს, ახლობლებს. და რაკი ვერაფერს ხედავენ თავის წინაშე, ისინი მოკლებულნი არიან შრომის შესაძლებლობას, ესოდენ ჩვეულებრივს თვალხილულთათვის. ამის გამო მძიმე ტვირთად აწვანან თავიანთ ოჯახებს, მშობლებსა თუ ნათესავებს; ხშირად იძულებულნიც ხდებიან უცხო ადამიანთა ეზო-კარს ადგებოდნენ მოწყალებისათვის, თავშესაფარისათვის. მწარეა მათი ლუკმა! მხოლოდ სიბრალულსა და თანაგრძნობას უნდა იწვევდნენ ჩვენში ყოველნი ბრმანი! და მადლობა ღმერთს, რომ ამქვეყნად კეთილი ადამიანები არიან, რომელთაც საგანგებო თავშესაფრები მოაწყვეს უსინათლოთათვის, სადაც სხვადასხვა ხელსაქმეს და წერა-კითხვასაც კი ასწავლიან მათ. მაგრამ, არსებულ ათასობით ბრმათაგან იქ მხოლოდ ათეულნი თუ ხვდებიან, ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა აღმოვუჩინოთ ბრმებს შეწევნა ჩვენი შეძლებისდა კვალობაზე, და ყოველთვისაც, როცა ამისთვის ხელსაყრელი შემთხვევა მოგვეცემა. აი, პირველი გაკვეთილი, რომელსაც აწინდელი სახარებიდან მივიღებთ.
ბ) ასევე ღრმად სამოძღვრებოა ჩვენთვის უფლის მიერ ბრმებისათვის ნათქვამი სიტყვები: „სარწმუნოებისა თქვენისაებრ გეყავნ თქვენ!“ (მუხლი 29), როცა უფალმა, ამასთანავე მათი სნეულებაც განკურნა. ამ სიტყვებიდან ჩვენი ცხოვრებისათვის ის უმნიშვნელოვანესი ჭეშმარიტება განგვეცხადება, რომ ყოველი კეთილმოქმედება და ნებისმიერი სრულყოფილი ნიჭი ზეგარდმო მოგვემადლება ნათლის მამისაგან და მიიღება ჩვენს მიერ ჩვენი რწმენისაებრ. თავისი მადლის ყოვლადუხვობის გამო ღმერთს, რა თქმა უნდა, ყოველთვის სურს გადმოგვიღვაროს თავისი ნიჭნი; რამეთუ იგი - სიყვარულია, ოღონდ ყოვლადბრძენი სიყვარული, და თავისი ამ სიბრძნის ძალით უდროოდ და განურჩევლად როდი გადმოუღვრის ადამიანებს თავის ნიჭთ, რათა ჩვენ უაზროდ არ გავფლანგოთ ისინი და კიდევ უფრო დამნაშავენი არ შევიქნათ მის წინაშე. მას სურს, რომ ჩვენ ყველაზე მეტად სწორედ მას ერთს, ჩვენს შემოქმედ ღმერთს მივეკრობოდეთ რწმენითა და სიყვარულით, და ჩვენი რწმენის ზომისაებრ და მისადმი სიყვარულში ჩვენი მგზნებარების კვალობაზე გვანიჭებს თავისმიერ საბოძვარო ჩვენი ჭეშმარიტი სიკეთისათვის. აბა, შეხედეთ ყოველთა მორწმუნეთა მამას - აბრაჰამს: როდის გადმოღვარა უფალმა ღმერთმა მის თავზე ყოველნი კურთხევანი თვისნი? - მაშინ, როდესაც მისი რწმენა, მრავალგზისი და ხანგრძლივი შემოცდის შემდეგ იმდენად დიდი შეიქნა, რომ იგი, აბრაამი არ შერყეულა თავის სიყვარულსა და ერთგულებაში უფლისადმი იმ დროსაც კი, ოდეს მისგან ბრძანება მიიღო მსხვერპლად შეეწირა თავისი მხოლოდშობილი უსაყვარლესი ძე - ისააკი, ვისზეც, ერთადერთზე ამყარებდა იმედს ამქვეყნად. ასეა ყოველთვის, ჩვენი რწმენის ზომისაებრ გადმოიღვრება ჩვენზე საღმრთო საბოძვარნი. ეს საქმით, ქმედითად აღესრულება არა მხოლოდ სულიერ საბოძვართა და ზეციურ სიკეთეებთან დაკავშირებით, არამედ ქვეყნიურ კურთხევათა მიმართაც. საღმრთო წერილში ნათქვამია, რომ მართალი მორწმუნისათვის მთელი ეს ქვეყანაა სიმდიდრე, ხოლო ურწმუნოსათვის ფულიც, ოქროც სიცარიელეა. მაგრამ ეს სიტყვა საღმრთო წერილისა, ალბათ, ყოველთვის როდი სრულდება, რამეთუ რამდენია ქვეყნად რწმენისა და კეთილმსახურების გარეშე მცხოვრები, მაგრამ მაინც მდიდარი ადამიანი! და ამავე დროს მრავალნი მართალნი მორწმუნენი და კეთილმსახურნი მოკლებულნი არიან სიმდიდრეს. მაგრამ ღმერთის სული არ გვეცრუვების. რამეთუ განა ჭეშმარიტად დასტკბებიან თავიანთი სიმდიდრით ურწმუნოთა გულები? და განა ძალუძს ქვეყნიურ სიმდიდრეს, განხრწნადსა და მთლად წარმავალს წმიდა და მტკიცე სიხარული მოუტანოს უკვდავ სულს, რომლის სურვილებიც იმდენადვე შეუზღუდავია, რამდენადაც დაუსრულებელი და უსაზღვროა მისი არსებობა?! ხოლო განა სიკვდილი საუკუნოდ არ ართმევს ყველას ქვეყნიურ სიკეთეთ?!
და პირიქით, ჭეშმარიტად მორწმუნე და კეთილმსახური ადამიანი ქვეყნიური სიმდიდრის უქონლადაც წმიდა, უზაკველი გულით დასტკბება ამაქვეყნის ყველა იმ სიკეთით, რომელთაც უფალი უხვად გადმოღვრის თავის მთელს ქმნილებაზე, და სასოებს თავისი რწმენისაებრ დასტკბეს ცათა შინა მარადიული სიკეთეებით, რომლებიც უფლის მოყვარულთათვისაა იქ განმზადებული. ხოლო როცა უფალი სიმდიდრითაც აკურთხებს მის პატიოსან შრომას, იგი მიიღებს ამას საღმრთო განგებულების ხელთაგან და ჯეროვანი სახით გამოიყენებს მას როგორც მისთვის მინდობილ წინდს თავისი მოყვასების საკეთილდღეოდ, ქველმოქმედებისათვის. და ჭეშმარიტად ბედნიერიც ის არის, ვისაც რწმენისა და კეთილმსახურების საუნჯენი მოუხვეჭია.
გ) არანაკლებ სამოძღვრებოა ჩვენთვის უფლის ბრძანებაც განკურნებული ბრმებისადმი, რომ ისინი არავის უთხრობდნენ აღსრულებული სასწაულის შესახებ (მუხლი 30). ამით მაცხოვარი გვასწავლის, გავურბოდეთ კაცობრივ დიდება-პატივს, რა სახითაც არ უნდა გამოიხატოს იგი. მაგრამ რატომ უნდა გავურბოდეთ კაცობრივ დიდებას? პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანთათვის ძალზე ძნელია თავიანთ სულთათვის უვნებლად გადაიტანონ ქვეყნიური დიდება და ეს ძნელია არა მხოლოდ ვნებით შეპყრობილთათვის თუ ვნებებთან მებრძოლი ადამიანისათვის, არამედ წმიდანთათვისაც, ვისაც უკვე უძლევიათ საკუთარ თავში ვნებები. მართალია, მათ უკვე მონიჭებიათ ძლევა ცოდვისა, მაგრამ ჯერ არ მოსცილებიათ ცვალებადობა, შესაძლებლობა კვლავაც დაუბრუნდნენ ცოდვასა და ვნებათა უღელს. რაც შემთხვევია კიდეც ზოგიერთს სიფხიზლის უკმარისობის გამო.
ღირსი მამა მაკარი დიდი მოგვითხრობს, რომ ერთმა მოსაგრე ბერმა, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა, ისეთი სიჭარბით მიიღო კურნების ნიჭი, რომ ოდენ ხელდასმით განკურნავდა სნეულთ, მაგრამ როცა კაცთაგან განიდიდა, ამპარტავნებით იქნა შეპყრობილი და ცოდვათა უაღრეს სიღრმეში შთავარდა (27-ე საუბარი, 16). ამიტომაც, მეორეს მხრივ, ჯერ-არს უგულებელვყოფდეთ და მოვიძაგებდეთ ქვეყნიურ დიდებას, რომ ამ, გარეგან დიდება-პატივს თავისთავად არანაირი ღირებულება არა აქვს და არც იმსახურებს იმას, რომ ქრისტიანის მხრივ ძიების საგანი იყოს; ხოლო უნდა მიესწრაფდეს და ეძიებდეს ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანი მხოლოდ საუკუნო, ზეციურ, სულიერ დიდებას. ამის შესახებ ასე იტყვის წმიდა ტიხონ ვორონეჟელი:
„სათქმელადაც კი ძნელია ის, თუ რაოდენ დიდად შერაცხვენ ამა ქვეყნისა ძენი პატივსა და კეთილშობილებას... მაგრამ ეს ნაყოფიც ოდენ გარედანაა მშვენიერი, ხოლო შინაგანად - დამპალი, რამეთუ მოწევნულ განსაცდელთა და უბედურებათა შორის, ანდა ყველასათვის გარდაუვალი აღსასრულის ჟამს იგი სცილდება ადამიანს და ჰქრება, თითქოს არც კი ყოფილიყო; მაშინ არაფრით აღარ განსხვავდება კეთილშობილი - უბრალო ადამიანისაგან, ბატონი - მონისაგან. ხოლო იმ სულს რა ემართება მაშინ, რომელიც კეთილშობილ, წარჩინებულ სხეულში ცხოვრობდა, ადამიანებზე ბატონობდა, თავად კი მდაბალ ვნებებს იყო დამონებული და მათ ემუშაკებოდა, - ადამიანებს ამხილებდა და განიკითხავდა, თავად კი საკუთარი სინდისითაც იმხილება, საღმრთო სჯულითაც და კანონითაც?... რა ეწევა მას?... ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არ შეიწყნარებს ადამიანს სხვაგვარად, თუ არ მის მიერ სხეულით აღსრულებულ საქმეთა - კეთილთა თუ ბოროტთა მიხედვით; კვალად, ვიცით, რომ სასტიკი სამსჯავრო მოელით მდიდართ... რამეთუ ქვეყნიური დიდება-პატივი, ჭეშმარიტი, ქრისტიანული კეთილშობილების გარეშე გიებული, დიდ სამსჯავროსა და განკითხვას ექვემდებარება“.
ამრიგად, უარვყოთ გარეგანი და ამაო დიდება, და შინაგანი, სულიერი დიდების მოსაპოვებლად ვიზრუნოთ.
დ) ასევე ჩვენს ღრმა ყურადღებას იმსახურებს ყრუ ეშმაკეულის მდგომარეობაც, რამეთუ მსგავს მდგომარეობაში ხშირად ჩვენც ვიმყოფებით ხოლმე (მუხლი 32). თითქოსდა, შეუძლებელია, რომ ასე იყოს! - მაგრამ არის ხოლმე. ხომ ხდება ისე, რომ მავანი, მძიმედ სნეული ვერ გრძნობს თავის სახიფათო სენს და ეჭვადაც არა აქვს, რომ მის სიცოცხლეს რაიმე ემუქრება, და არც სჯერა, როცა ვინმე მის შესახებ ეუბნება, მაშინ როდესაც სხვებისათვის ესოდენ საცნაურია მძიმე სენის ნიშნები. ასეა აქაც, სულიერ ცხოვრებაშიც. თუკი ქრისტიანი სული დაემორჩილება ყრუ-მუნჯობის სულს, მაშინ იგი უუნარო ხდება ნებისმიერი ქრისტიანული საქმის აღსრულებაში; ყრუ-მუნჯობის სული, არაწმიდა და ბოროტი სული თრგუნავს მასში კეთილ საქმეთა ყველა ჩანასახს, კეთილ აზრებსა და სურვილებს. და დიდად ევნება და იტანჯება მაშინ უბედური სული არაწმიდა, ბოროტი სულის მიმძლავრების ქვეშ, რომელიც მდაბალი ვნებებით შემოსავს მას და დააბნელებს ცხოვრებისეული ამაო ფუსფუსით, და საწყალობელი სულიც ისე იტანჯება, რომ არც გამოთქვამს თავის ტანჯვას და არც განკურნვას არ ეძიებს. თუ მიმართავს იგი ლოცვას? - მიმართავს, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად, ბავშვობიდან გამოყოლილი ჩვეულებით, ანდა პირდაპირი მოვალეობის გამო, და არა გულისმიერი მისწრაფებით; ამ დროს იგი ენას ამოძრავებს, მაგრამ დუმს გულით, და მისი ლოცვაც მხოლოდ მჟღერი რვალია, ჰაეროვან სივრცეს რომ შეარხევს მხოლოდ და ვერ აღვალს ღმერთის საყდრის წინაშე... თუ აბარებს იგი აღსარებას თავის სულიერ მამას? - თითქოს აბარებს, მაგრამ ენა ვერ უბრუნდება საჭირო სიტყვების მოსაძებნად; თვით ცნებებიც ერევა, და საწყალობელი სული ან სულ არ ინანიებს უმძიმეს, მომაკვდინებელ ცოდვებს, ანდა ეგრეთ წოდებულ უძლურებათა, სისუსტეთა ზოგადი სახელით წარმოაჩენს მათ, თანაც შენიღბულთ არაფრისმთქმელი გამოთქმებით. და სულიერ მამასთანაც იგი ლამის უნებურად მოდის; მისმა მიმომყვანებელმა ბოროტმა სულმა უწყის, რომ სულიერ მამას შეუძლია იგი ქრისტესთან მიიყვანოს, და ამიტომ განაშორებს მას აღსარებისაგან, ტაძრისაგან, სახარებისაგან და ყოველივე იმისაგან, რასაც ადამიანი ქრისტესაკენ, განკურნვისაკენ მიჰყავს.
ე) კიდევ ერთი გაკვეთილიც მოვიღოთ აწინდელი სახარების თხრობიდან მასზედ, თუ როგორი ულმობელია ცილისწამება და რა მძიმედ სცოდავს ცოდვილი ცილისმწამებელი ღმერთის წინაშე (მუხლი 34). სახარებიდან ჩვენ დავინახეთ, რომ ფარისევლებმა ისიც კი შესწამეს ბოროტი სიცრუით უფალ იესოს, რომ თითქოს იგი თავის სასწაულებს ეშმაკთა მთავრის ძალით, მისი შეწევნით აღასრულებდა. ქრისტიანულ საზოგადოებაში, სადაც სახელმძღვანელო დასაბამს მის წევრთა ურთიერთობებში ყოვლის მომცველი სიყვარული წარმოადგენს, ცხადია, ადგილი არ უნდა ჰქონდეს მოყვასისადმი მტრობით, სიძულვილითა და მასზე გაბოროტებით ნასაზრდოებ ცილისწამებას... მაგრამ ასე თუა სინამდვილეში? - ვაი, რომ არა! სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ ცილისწამება, სხვადასხვა ხარისხითა თუ სახით, სულაც არ შეადგენს იშვიათ გამონაკლისს ჩვენს საზოგადოებაში, და უფრო მეტიც: იგი ჩვენი დროის მწვავე წყლულადაც ქცეულა და რა საშუალებებს აღარ მიმართავს ცილისწამება თავისი დანაშაულებრივი ჩანაფიქრების მისაღწევად! რა მრავალგვარი და გარეგნულად სპეტაკი შესამოსელით აღარ იმოსება იგი, რომ თავისი საშინელი და საზიზღარი სახე დამალოს! კეთილსახიერი საფარველით საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე, სამოქალაქო თავისუფლებაზე ზრუნვისა და გულმოდგინებისა, - იგი ხშირად ჩირქს სცხებს, სახელს უტეხს საზოგადოებრივ ხელისუფალთა სამართლიან განკარგულებებს, უწოდებს რა მათ თვითნებობას, ძალადობას, სინდისის თავისუფლების დათრგუნვას... სხვა ადგილას, უფროსებისადმი, ზემდგომებისადმი ერთგული მორჩილებისა და გულმოდგინების მოსასხამით შემოსილი, იგი თავის გესლს ანთხევს სასარგებლო და პატიოსან მუშაკზე, რომელიც რაღაცის გამო მოუძულებია, თვალში არ მოსვლია ცილისმწამებელს. სხვა შემთხვევებში კი სიყვარულისა და მეგობრობის ნიღაბქვეშ იგი ქრისტიანის ოჯახურ და პირად ცხოვრებაშიც იჭრება, ცდილობს რა ცრუ დაბეზღებით დაარღვიოს ჭეშმარიტი სიყვარული და ჭეშმარიტი მეგობრობა. მაგრამ განა ძალგვიძს ყველა ის სახე ჩამოვთვალოთ, რომლებსაც სიცრუის მამა - ეშმაკი - თავის მსახურთ აძლევს, იმათ, ვისაც მისი მზაკვრული ნების აღსრულება სურს?!
უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მიუთითებს რა გაბოროტებულ გულზე, ვითარცა ცილისწამების წყაროზე, ამ უკანასკნელს ყველაზე მძიმე ბოროტმოქმედებებს ადარებს, როგორნიცაა მკვლელობა, პარვა, და კაცობრივ ვნებათა ისეთ ბიწიერ გამოვლინებებს, როგორნიცაა სიძვა და მრუშობა. „რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულისსიტყვანი ბოროტნი, კაცის-კვლანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი“. - ამბობს იგი (მათე 15,19). თავისი ბუნებით ბილწი და საზიზღარი ცილისწამება ყოველთვის ულმობელია თავის ქმედებებში. ცხოვრების გამოცდილება, ისტორია ზოგჯერ, თუმც კი იშვიათად, წარმოგვიდგენს თანალმობისა და დიდსულოვნების მაგალითებს თვით ყველაზე მძიმე ბოროტმოქმედთა და მკვლელთა შორისაც... ცილისწამება კი უმოწყალოა: მან თვით ღმერთის ძე - უფალი ჩვენი იესო ქრისტეც კი არ დაინდო!
მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა
განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე