„14. და (მას ჟამსა შინა) გამოვიდა იესუ და იხილა ერი
მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი. 15. და
ვითარცა შემწუხრდა, მოუხდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო
არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაითა
წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თვისისა საზრდელი. 16.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა უხმს მათ წარსლვაი; თქუენ ეცით მაგათ
ჭამადი. 17. ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური
და ორი თევზი. 18. ჰრქუა მათ იესუ: მომართვით მე იგი აქა! 19. და
უბრძანა ერსა მას დასხდომაი თივასა ზედა. და მოიღო ხუთი იგი პური
და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხა და განტეხა და მისცნა
პურნი იგი მოწაფეთა თვისთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას. 20.
და ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი
გოდორი სავსე. 21. ხოლო იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, მამანი ხოლო
ხუთ ათას, თვინიერ ყრმებისა და დედებისა. 22. და მეყსეულად აიძულა
მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინა-წარძღუანვად მისა წიაღკერძო,
ვიდრემდე განუტეოს ერი იგი.“ |
I. დღევანდელმა სახარებამ გვაუწყა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ ხუთი პურითა და ორი თევზით ხუთი ათასი კაცის, გარდა ბავშვებისა და ქალებისა, დანაყრების შესახებ. ეს სასწაული, მისი თანმხლები გარემოებებითურთ, ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს; ამიტომ დაწვრილებით განვიხილოთ დღეს წაკითხული სახარების სიტყვები.
„და (მას ჟამსა შინა) გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი“ (მუხლი 14).
მოციქულთა დაბრუნებისთანავე მათი პირველი წარგზავნის შემდეგ სახარების საქადაგებლად, იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებმა აუწყეს უფალ იესოს მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ, და რაკი არ სურდა თავისი ყოფნით ჰეროდეს სამფლობელოში კვლავაც გაეღიზიანებინა ამ სისხლიანი უსჯულო მმართველი მეფის ეჭვები, იესო მოწაფეებთან და ხალხის დიდ სიმრავლესთან ერთად ქალაქ ბეთსაიდას მახლობლად მდებარე უდაბნოში განეშორა, რადგან ჯერ არ მოახლოებულიყო მისი ჯვარზე ვნების ჟამი.
იულიას, ანუ გალვანიტის ბეთსაიდა გენესარეთის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს მდებარეობდა, გალვანიტიდას მხარეში. თავდაპირველად ეს თევზის მრეწავთა მცირე დაბა იყო, ბეთსაიდას სახელწოდებით. მაგრამ შემდგომში ტეტრარქმა ფილიპემ იგი ქალაქად აქცია, აღაშენა რა ზღუდენი, სასახლენი, კარიბჭე და ქუჩა-მოედნები, დაასახლა აქ ხალხი და იმპერატორ იულიუსის ასულის - იულიას პატივსაცემად - იულია უწოდა (იუდ. სიძველენი. წიგნი 18, თ. 2, §1). სოფლის მაცხოვრებლები კვლავაც განაგრძობდნენ ამ ქალაქის მოხსენიებას ბეთსაიდად. უფალი ზოგჯერ ამ ქალაქშიც მოდიოდა და აქაც აღასრულებდა სასწაულებს. ქალაქის მახლობლად ბეთსაიდას უდაბნო მდებარეობდა, გადაშლილი გენესარეთის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს, იქ, სადაც ამ ტბაში მდინარე იორდანე ჩაედინება. დასავლეთით ეს უდაბნო მდინარე იორდანეს ესაზღვრება, ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით - მთიან შემაღლებებს, რომლებიც მერომის ტბიდან დაწყებული უშუალოდ იორდანეს ადგანან მარცხენა მხრიდან, ხოლო ტბის შესართავთან აღმოსავლეთისაკენ იხევენ და ერთგვარ კუთხეს წარმოქმნიან. ამჟამად ეს ველი ბატიჰად იწოდება. ბატიჰას ვაკეს უსწორო ოთხკუთხედის ფორმა აქვს და არც თუ დიდი სივრცე უკავია. მას ოთხი ღელე რწყავს, რომლებიც არასდროს არ შრებიან. შავი თიხნარი ნიადაგი აქ ძალზე ნაყოფიერია. გარდა ბალახით მდიდარი საძოვრებისა, აქ დამუშავებული ველებიცაა, სადაც მოჰყავთ ხორბალი, ქერი, ფეტვი, ბრინჯი. საძოვრებზე აქაურ არაბებს მრავლად ჰყავთ მსხვილფეხა პირუტყვი. ძველ, ბიბლიურ ეპოქაშიც ბატიჰას ვაკე აყვავებული იყო. უფალ იესო ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების ჟამსაც იგი მდიდარი იყო მცენარეული საფარით. ბალახი, რომლითაც დაფარული იყო ეს ვაკე, მათეს სახარებაშია ნახსენები ( 14,19); მარკოზიც ახსენებს მის მწვანე საფარს (მარკ. 6,39). და ასეთი აყვავებული ვაკე ძველ დროში უდაბნოდ, რა თქმა უნდა, იმ მნიშვნელობით როდი იწოდებოდა, როგორითაც სახელ-სდებენ მშრალ, ქვიან და ქვიშიან უდაბნოებს თარანისა თუ სირიისა, და არც იმ მნიშვნელობით, რომლითაც უდაბნოდ მიიჩნეოდა წმიდა მიწის ზოგიერთი, მცენარეული საფარით ღარიბი ადგილი. არა, არამედ უფრო სავარაუდო ის არის, რომ ეს, ნიადაგის განსაკუთრებული ნაყოფიერებით გამორჩეული ვაკე-ადგილი უდაბნოდ იწოდებოდა დაბა-სოფლების ნაკლებობის გამო. აი, სწორედ ამ უდაბნოში გასულმა უფალმა იესომ „იხილა ერი მრავალი“, რომელიც მახლობელი ქალაქებიდან მოსულიყო აქ, როგორც კი გაეგო - იესო ნაზარეველი იქ არისო.
„ამგვარია დიდი სიყვარული, მიჩვევა! - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი, - ასე სძლევს იგი და გადალახავს ყველა სიძნელეს! „ერმა მრავალმა“, ქალებითა და ბავშვებითურთ, მიატოვა ქალაქი, თავისი ყველა ყოფითი საზრუნავი და მზრუნველად ეძიებდა მაცხოვარს, ისე, რომ საზრდოზეც კი არ ფიქრობდა. და ხალხის ამ მგზნებარე სურვილმა ყური დაეგდო იესო ქრისტეს სწავლებისათვის სავსებით დაიმსახურა კეთილმოწლეობა და მოწყალება, რაც მათ უფალმა აღმოუჩინა. გამოვიდა რა ამ ერის წინაშე მისი მხრიდან ყოველგვარი თხოვნის გარეშე, მაცხოვარს შეებრალა იგი და განკურნა იქ მყოფი ყველა უძლური, რომლებიც სხვადასხვა სნეულებებით ევნებოდნენ. მახარებელი მარკოზი დასძენს, რომ უფალი ესაუბრებოდა ხალხს და ასე ასწავლიდა. ლუკა კი პირდაპირ ამბობს, რომ ამ საუბრისსაგანი იყო მოძღვრება ცათა სასუფევლის შესახებ“.
„და ვითარცა შემწუხრდა, მოუხდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაითა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თვისისა საზრდელი“ (მუხლი 15).
როგორც ჩანს, მოწაფეებმა ჯერ თვით ხალხისაგან შეიტყვეს, რომ მათ საზრდო არ ჰქონდათ (მარკ. 6,36), და შემდეგ მიმართეს უფალს ასეთი წინადადებით. აქედან საცნაურია მათი ზრუნვა ხალხის გამოკვებაზე, - ეს მზრუნველობა საქები იყო, ოღონდ ცალმხრივი და არასრულყოფილი. მისი ძალით, მოწაფეებს მხოლოდ ის სურდათ, რომ უფალს მახლობელ დაბა-სოფლებში გაეშვა ეს ხალხი თავიანთთვის საზრდოს საყიდლად. ხოლო იმაზე, თუ როგორი მოსახერხებელი იყო ესოდენი მშიერი ხალხის სიმრავლისათვის, ქალებითურთ და ბავშვებითურთ, ასეთ გვიან დროს დაბა-სოფლებში წასვლა, ან შესაძლებელი იქნებოდა, თუ არა იქ საკმარისი ოდენობით საკვების შეძენა. ანდა, ბოლოს ჰქონდათ თუ არა მათ ამისთვისსაჭირო ფული, - ყოველივე ამაზე მოწაფეებს არ უფიქრიათ. ხოლო მთავარი ის იყო, რომ როცა ასე აწუხებდათ ამ ხალხის ბედი, მოწაფეებს ავიწყდებოდათ უფლის ყოვლადძლიერი სახიერება, რამეთუ წმიდა მახარებელ მარკოზის გამოთქმით, „იყვნეს გულნი მათნი დასულებულ“ (მარკ. 6,52).
„ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა უხმს მათ წარსლვაი; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი“ (მუხლი 16).
მოჰმადლა რა სასწაულებრივი განკურნვა სნეულთ, მაცხოვარმა, წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვით, „ახლა ინება ყველასათვის აღმოეჩინა კეთილმოქმედება, რათა ხალხი უბრალო მაყურებლად კი არ დარჩენილიყო იმისა, რაც სხვების თავს აღესრულებოდა, არამედ თავადაც მიეღო საღმრთო საბოძვარი“. ხოლო ამ კეთილმოქმედების აღსრულების წინ უფალი ამ სიტყვებით მიმართავს მოწაფეებს - თქვენ მიეცით მათ საზრდოო, თითქოსდა სთავაზობს, თქვენის მხრივ ყოველივე იღონეთ ხალხის დასანაყრებლადო.
სხვა მახარებლის შენიშვნით, უფალმა, გამოსცდიდა რა მოწაფეებს, დასძინა: „ვინაი ვიყიდოთ პური, რაითა ჭამონ ამათ?“ (იოანე 6,6). ამ შეკითხვაზე მოციქულმა ფილიპემ ასე უთხრა უფალ იესოს: „ორასისა დრაჰკნისა პური ვერ კმა არს ამათა, რაითა კაცად-კაცადმან მცირედ რაიმე მიიღოს“ (იქვე, მუხლი 7). დრაჰკანად ოქროს ფული იწოდებოდა. და მართლაც, მიუხედავად პალესტინის მიწა-წყლის დიდი ნაყოფიერებისა და სასიცოცხლოდ საჭირო საგნების სიიაფისა, ორას დრაჰკანად ნაყიდი დიდძალი პურიც კი არაფერი იყო იმისათვის, რომ ხალხის ესოდენი სიმრავლე თუნდაც ცოტაოდნად დაენაყრებინა. თუმცა მეტი ფული რომც არ ყოფილიყო საჭირო ამ საქმისათვის, საიდან უნდა აეღოთ იგი მოციქულებს, როცა თავადაც მიეტოვებინათ თავიანთი ღარიბი საცხოვრებელნი, ყოველივე, რაც ებადათ და უფალს შედგომილნი ძალზე მწირად იკვებებოდნენ?! მაგრამ რაც უფრო ბევრი ფული და საკვები იყო საჭირო, მოციქულთა აზრით, ესოდენი ერის დასაპურებლად, მით უფრო ცხადად წარმოსჩნდებოდა შემდგომში პურთა ზებუნებრივი გამრავლება მაცხოვრის ხელში.
„ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი“ (მუხლი 17).
მახარებელ იოანესთან უფრო ზუსტადაა ნათქვამი. იქ ჩვენ ვხედავთ, რომ უფალს ანდრიამ მიუგო, პეტრეს ძმამ, რომელმაც თქვა: „არს აქა ყრმაი, რომელსა აქუს ხუთი პური ქრთილისაი და ორი თევზი“ (იოანე 6,9). ქრთილის, ანუ ქერის პური ყველაზე უბრალო საზრდო იყო ღარიბი ებრაელებისათვის, ხოლო თევზს რაც შეეხება, უნდა შევნიშნოთ, რომ მისგან დამზადებული კერძები ებრაელებს ძალზე უყვარდათ. თევზის ჭამას ისინი ეგვიპტეში მიეჩვივნენ და შემდეგში, უდაბნოში ორმოცწლიანი მგზაურობისას აღთქმული ქვეყნისაკენ, ძალზე სწუხდნენ, რომ აღარ ჰქონდათ თევზის ჭამის შესაძლებლობა. გენესარეთის ტბის სანაპიროზე მცხოვრებთათვის თევზი პურივით ჩვეულებრივი საკვები იყო.
„ჰრქუა მათ იესუ: მომართვით მე იგი აქა! და უბრძანა ერსა მას დასხდომაი თივასა ზედა. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხა და განტეხა და მისცნა პურნი იგი მოწაფეთა თვისთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას“ (მუხლები 18 და 19).
მართალია, უფლის მოწაფეებმა ნახეს და აღიარეს. რომ არ შეუძლიათ ხალხის ესოდენი სიმრავლის დაპურება. მაგრამ ამავე დროს. დამორჩილებულნი უფლის ყოვლადძლიერ საღმროო ნებას, ისინი იმ საქმის აღმასრულებლებად გვევლინებიან, რომელიც შეუძლებლად მიაჩნდათ თავისთვის. უფალი უბრძანებს მათ ის ხუთი პური და ორი თევზი მოიტანონ, და მათაც მოაქვთ. შემდეგ, უფალი ყველას დასხამს მწვანე ბალახით დაფარულ ველზე, როგორც მახარებელი მარკოზი ამბობს: „და დასხდა მწყობრად-მწყობრად ას-ასი და ერგასის–ერგასისი“ (მარკოზი 6,40) „და დასხდა კაცები იგი რიცხვით ვითარ ხუთ ათას ოდენ“ (იოანე 6,10).
პურის კურთხევასა და განტეხვას, იუდეველთა შორის, ჩვეულებრივ, ოჯახის უფროსი აღასრულებდა ხოლმე ტრაპეზობისას. აღმოსავლეთში და პალესტინაშიც პურებს თხელს აცხობდნენ. რბილთ. და მათ დანით კი არ სჭრიდნენ ნაჭრებად, არამედ ხელით განტეხდნენ.
„და ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსე. ხოლო იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თვინიერ ყრმებისა და დედებისა“ (მუხლები 20-21).
ყველა ჭამდა პურსა და თევზს, რომელთაც უფლის ხელთაგან მოწაფენი იღებდნენ და შემდეგ ხალხს უნაწილებდნენ, და ყველა დანაყრდა; არ იყო არც პურისა და არც თევზის ნაკლებობა - თითოეული იმდენს ჭამდა, რამდენიც სურდა გასაძღომად. ამ საკვირველი ტრაპეზობისას არათუ მოაკლდათ საზრდო, არამედ დარჩათ კიდეც ნამუსრევი, რომლითაც თორმეტი გოდორი აავსეს, თითქოსდა მოწაფეთა რიცხვის შესაბამისად. და ყოველივე ეს იმისთვის იყო, რომ ყველას ცხადად დაენახა და ერწმუნა სასწაულებრივი მოვლენის სინამდვილე; რომ ეს ცხადი იყო, და არა მოჩვენება თუ სიზმარი; თითოეულს არა მხოლოდ ტრაპეზობად მჯდარს შეეძლო საკუთარი შეხებით შეგრძნებითა და საქმით, ქმედითად დარწმუნებულიყო, მართლაც პურსა და თევზს ვჭამო ნებისაებრ, არამედ ტრაპეზობის შემდგომაც დაენახა, რომ კიდევ ბევრი ნარჩენი განტეხილი პურებისა და თევზისა დარჩენილიყო. განსაკუთრებით თვით მოწაფენი უნდა დაერწმუნებინა ამ სასწაულს მათი მოძღვრის საღმრთო ყოვლადძლიერობაში; რამეთუ ისინი თავად ურიგებდნენ საკვირველად განმრავლებულ პურსა და თევზს ხალხს და ბოლოს თავადვე შეკრებდნენ ნარჩენებს თორმეტ გოდორში (იოანე 6,12,13).
ცხადია, რომ ეს მოვლენა ვერ აღსრულდებოდა ბუნების ძალებით, დაე, თუნდაც, ყველა ისინი გაერთიანებულიყვნენ რაიმე სახით თუ ხელოვნებით, მაშასადამე ეს იყო ღმერთის ყოვლადძლიერობის მოქმედება, მისი გამოვლინება. პურისა და თევზის თითოეული ნატეხი, ალბათ, ათასწილად და მეტად განმრავლდებოდა უფლის ხელში და მჭამელთ სრულყოფილად ანაყრებდა. მაგრამ განა ვინმეს ძალუძს ახსნას, თუ როგორ აღსრულდა ამ ხუთი პურისა და ორი თევზის განმრავლება და ხუთი ათასზე მეტი ადამიანის დანაყრება, მაშინ, როდესაც ჩვენს გარემომცველ ბუნებაშიც ხშირად ვხედავთ ბევრ ისეთ მოვლენას, რომელთა აღმომცენებელ შინაგან ძალას ვერ ვსწვდებით?! როცა მიწიდან თანდათანობით აღმომავალ მცენარეულობას ვაკვირდებით, ჩვენ არ გვესმის მისთვის ღმერთისაგან მინიჭებული შინაგანი ძალა და ვერც ამას ვწვდებით, თუ რა ხელოვნებით აღმოაცენებს ეს ძალა ობობას ქსელზე უწვრილეს ძაფებს და უჯრედებს, რომელთაგანაც ესოდენ საკვირველად შესდგება მთელი მცენარე. და მით უფრო გამოუკვლეველია ღმერთის საქმენი. აღსრულებულნი უშუალოდ მისი ყოვლადძლიერობით. როგორიც იყო კიდეც ეს სასწაულებრივი დაპურება ხალხის დიდი სიმრავლისა ხუთი პურითა და ორი თევზით.
„და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინა-წარძღუანვად მისა წიაღკერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი იგი“ (მუხლი 22).
სიტყვა - „აიძულა“ - გვიჩვენებს, რომ მოწაფეებმა საკუთარი ნებით როდი დასტოვეს თავიანთი მოძღვარი. თავიანთი დიდი სიყვარულის გამო მისდამი, მათ ერთი წუთითაც არ უნდოდათ მასთან განშორება, ისე, რომ ამ შემთხვევაშიც უფალს გარკვეული ძალისხმევით უნდა ეიძულებინა ისინი თუნდაც მცირე ხნით განშორებოდნენ მას. „ვიდრემდე განუტეოს ერი იგი“, - უფალი იმის გამო ჩქარობდა გაეშვა იქ შეკრებილი ხალხი, რომ არსურდა განდიდება და გაურბოდა ყოველგვარი პატივ-ყოფის გამოვლინებას თავისადმი, ხოლო მოცემულ შემოხვევაში, შესაძლოა, იგი იმასაც უფრთხოდა. რომ ამ არაჩვეულებრივი სასწაულის შთაბეჭდილების ქვეშ ხალხს იგი ისრაელის მეფედ არ გამოეცხადებინა და აქედან შფოთი არ აღმოცენებულიყო. და უფალი ტყუილ-უბრალოდ როდი უფრთხოდა ამას. იოანეს სახარებიდან ჩვენ ვიცით, რომ ხალხში მართლაც აღემოცენებულიყო ასეთი აზრი, და რაკი იცოდნენ, რომ იესო არ შეასრულებდა მათ სურვილს, იმასაც კი ფიქრობდნენ, იძლებით დაესვათ იგი სამეფო ტახტზე. შესაძლოა, უფალმა თავისი მოწაფენიც იმისთვის განაშორა იქაურობას, რომ მათაც, ვითარცა უბრალო ადამიანებს, ჯერეთ არ განათლებულთ სულიწმიდის მადლით, ჯერეთ ვერგანწმენდილთ იუდაური ცრუ-რწმენებისაგან და ცრუ-მესიანური იმედებისაგან, - მათაც არ გადასდებოდათ აზრი უფალ იესოს მეფედ გამოცხადების შესახებ.
II. აი, ამ გარემოებათა შორის აღსრულდა ეს, გამოუთქმელად საკვირველი სასწაული - ხუთი პურითა და ორი თევზით ხუთი ათასზე მეტი ადამიანის დაპურება. მაგრამ მხოლოდ განკვირვებასა და აღტაცებას კი ნუ მივეცემით, არამედ გონებითაც შევიმცნოთ და განვჭვრიტოთ ეს სასწაული. დიახ, მასში ბევრი სამოძღვრებო გაკვეთილის მიღება შეგვიძლია.
ა) როდის შესთავაზა უფალმა შეკრებილ ერს ეს ნივთიერი ტრაპეზი? მაშინ, როდესაც ხალხმა უკვე საკმაოდ ასაზრდოვა თავი სულიერი საზრდოთი - ღვთის სიტყვის მოსმენით უფალ იესოს ბაგეთაგან (მარკოზი 6,14; ლუკა 9,11). შენიშნეთ ამისაგან, რომ ჩვენს ცხოვრებაშიც პირველ ადგილზე და უწინარეს სხვა ყოველისა სწორედ სულიერის აზრდოს მიღება უნდა იდგეს.
მაშასადამე, ჩვენ უწინარესად ყოველისა იმაზე უნდა ვზრუნავდეთ, რაც ჩვენს სულს ესაჭიროება. ამრიგად, ძილისაგან აღდგომილი დილით, პირველად ღმერთის წინაშე ილოცე, წაიკითხე ღვთის სიტყვა, წმიდა სახარება, - აი ესაა შენი სულიერი საზრდო, და მხოლოდ ამის შემდგომ შეგიძლია იფიქრო ცხოვრებისეულ საქმეებზეც და თამამად შეუდგე მათს აღსრულებასაც. მაგრამ რა ხშირად ბევრს რამდენიმე წუთის დათმობაც არ სურს ლოცვისაოვის, ერთი სტრიქონის წაკითხვაც კი არ უნდა საუკუნო ცხოვრების სიტყვათა შემცველი წიგნიდან. და პირდაპირ სხეულებრივ საზრდოს ეცემა და თავის ჩვეულ საქმეებს შეუდგება, ისე, რომ პირჯვარსაც არ გადაისახავს და ყველაზე მოკლე ლოცვასაც არ წარმოთქვამს! და აი, ღმერთმა მათ დღე მოანიჭა, მათ კი ერთი აზრიც არ გასჩენიათ ღმერთის შესახებ, სულის შესახებ, ღმერთის წყალობათა თუ საკუთარ ცოდვათა შესახებ! ოჰ, რა საბრალობელნი არიან ესევითარი ქრისტიანნი! რა შორს არიან ისინი ქრისტესაგან! რა ძნელია მათთვის ცხოვნება! მათ ფიქრიც კი არ სურთ საკუთარი ცხოვნების შესახებ. და სხვა განა ვინ იფიქრებს მათს ნაცვლად ამაზე? მათ არ სურთ გაიხსენონ ღმერთის - თავიანთი შემწის შესახებ. მაშ, ვინ შეეწევა მათ ცოდვათაგან განშორებაში, საკუთარი თავის განწმედასა და სრულყოფაში? ვის გაახსენდება ისინი სიკვდილის საშინელ ჟამს, და მეტადრე - სიკვდილის შემდგომ? ვის? - ჰოი, საწყალობელო, უბედურო ადამიანებო!...
ბ) როდის, დღის რომელი მონაკვეთში შესთავაზა უფალმა ხალხს ნივთიერი ტრაპეზობა? - გვიან საღამოს, მიმწუხრისას (მათე 14,15). მაშასადამე, მთელი დღის განმავლობაში ამ ხალხმა იმარხულა, საღამომდე არაფერი მიიღო საზრდოდ. რა ძნელი, მძიმე ღვაწლია! მაგრამ რა სასიამოვნოც და მაცხოენვბელიც! ვისთვის და რისთვის იმარხულა ამ ხალხმა? უფლისათვის, უფლის სიყვარულის გულისთვის. და რა საამოა უფლისთვის ყოველივე ის, რაც მისი სიყვარულით კეთდება! და განა ჩვენც, ძმებო, უფლის სიყვარულით დროდადრო არ უნდა ვიკავებდეთ თავს საზრდოს მიღებისაგან გარკვეულ ჟამამდე, მაგალითად, დღესასწაულებზე - საღმრთო ლიტურგიის გასრულებამდე, - განსაკუთრებით ღირსშესანიშნავ დღეებში კი - საღამომდე, როგორც, მაგალითად, უფლის შობისა თუ ნათლისღების წინა დღეებში, მთელი ვნების შვიდეულის განმავლობამი, და ბოლოს მარხვის დღეებსა და დიდმარხვის მთელს განმავლობაში, განსაკუთრებით, კი დიდ, წითელ პარასკევს? ოჰ, რაზომ აუცილებელია ყველა ამ დღის სიწმიდით დაცვა და უპირველესად საკუთარ სტომაქზე კი არა, უფლისადმი მსახურებაზე ზრუნვა! როცა ამ დღეებში გარკვეულ დრომდე თავს ვიკავებთ საზრდოს მიღებისაგან, ამით ჩვენ მოწიწებას გამოვხატავთ უფლის ამ წმიდა დღეებისადმი და მადლობასაც მივუძღვნით უფალს ყოველივე იმისთვის, რაც მან ჩვენთვის მოიმოქმედა სწორედ ამ დღეებში; და ბოლოს, ამით ჩვენც უფლისა თანა ვეცმებით ჯვარს, თანა-ვეტანჯვით მას, ტანჯულს ჩვენი გულისთვის, და მწუხარებასაც გამოვხატავთ, გულშემუსრვილნი ჩვენი ცოდვების გამო. მაგრამ ზრუნავენ კია ბევრნი ნამდვილად ამგვარი თავშეკავებისათვის? ჯერ კიდევ არც თუ შორეულ წარსულში ყოველივე ამას მკაცრად შეიკრძალავდნენ მორწმუნე ქრისტიანები. კეთილმორწმუნე, ღვთისმოშიში დედები ბავშვებსაც კი არ აძლევდნენ საზრდოს ამ დღეებში განსაზღვრულ დრომდე. ახლა კი რა ხდება? - ამჟამად ზრდასრული ქრისტიანებიც არად აგდებენ ყოველივე ამას და სადღესასწაულო დღეებში საღმრთო ლიტურგიამდეც შეექცევიან საჭმელ-სასმელს, მარხვის დღეებში ვერც კი წარმოუდგენიათ, თუ რატომ უნდა შეიკავონ თავი და რისთვის არ უნდა მიიღონ საზრდო საღამომდე. აი, ასე დაკნინდა ჩვენს დღეებში კეთილმსახურება ადამიანთა შორის. ასე შეიქნენ ყოველნი გულგრილნი სულიერ ღვაწლთადმი - ღმერთისათვის მუშაკობისადმი, ცათა სასუფევლისათვის დაშვრომისადმი! ჩვენ ერში ვცხოვრობთ, ჩვენ მშრომელი ადამიანები ვართო, - ხშირად გაიგონებ მათგან თავის გასამართლებლად. - დაე, იმათ იმარხულონ და თავი შეიკრძალონ, ვინც მონასტერში ცხოვრობს! ჩვენ ახალგაზრდები ვართ, დაე, მოხუცებმა დაიცვან მარხვა და კეთილკრძალულების წესებიო. და აი, ეს მშრომელი ადამიანები დღესასწაულებზე ადრიან დილით, საწოლიდან აღმდგარნი ღვთის ტაძრისაკენკი არ მიეშურებიან, არამედ - სტომაქის სამსახურებლად. და იმ დროს, როცა ეკლესიაში საეკლესიო მსახურება მიმდინარეობს, როცა ღმერთის სადიდებელი იგალობება და სამინელი საღმრთო საიდუმლო აღესრულება ევქარისტიისა - ზიარებისა, ზუსტად ამ დროს, ბევრი ასეთი ადამიანი, შეიძლება ითქვას, გამაძღარიც არის უკვე, მთვრალიც, იგინება კიდეც, უჯერო სიმღერებსაც მღერის და ამგვარად, მთლიანად ჩვენი ცხოვნების მტრის - ეშმაკის ქვეშ არის მოქცეული. ო, რა საწყალობელნი არიან ასეთი ადამაანები! და რაღა ფასი აქვს მაშინ მათს ექვსდღიან შრომას - შესაძლოა საკმაოდ მძიმესაც? - არავითარი, არც ღმერთის წინაშე არ ექნება მას არანაირი ღირებულება და არც მათივ სულებისათვის რაიმე სარგებლობა. ხოლო ქრისტიანი ყველაფრისაგან პირველ ყოვლისა და სწორედ სულიერ საზრდოს, სულიერ სარგებლობას უნდა ეძიებდეს. ჭეშმარიტად, რომ უბედურნი არიან ასეთი ადამიანები! ნუ მიჰბაძავთ მათ!
გ) მაგრამ ნახეთ, როგორ შეუდგება ეს უდიდესი სიმრავლე ერისა ტრაპეზობას: დასხდომამდე მანაც ილოცა, როგორც ეს საკვირველმოქმედმა უფალმა ქმნა (მათე 14,19). განა ჩვენც მარადჟამს იგივეს არ უნდა ვიქმდეთ?! ან კი როგორ არ ვილოცოთ ხოლმე საზრდოს მიღების წინ, როცა ვიცით, რომ საზრდო - ღმერთისაგან მიღებული საბოძვარია და რომ ჩვენ არც არასდროს გვექნებოდა ჩვენი ლუკმა-პური, უფალი რომ არ გვანიჭებდეს ძალებს შრომისათვის, ბავშვებს - მშობლებს რომ არ აძლევდეს, ხოლო მოხუცებულებს, ღარიბ-გლახაკებსა და ქვრივ-ობლებს - კეთილისმყოფელთ. ყოველივე ღმერთისაგანაა, და როგორღა შეიძლება ყველაფრისათვის მადლობას არ აღვუვლენდეთ უფალ ღმერთს?
როგორღა ძალგვიძს ტრაპეზობად დამსხდართ არ გაგვახსენდეს ის, ვინც გვასაზრდოვებს ჩვენ? როგორ არ აღვივსოთ მადლიერების გრძნობით და ასე არ ვთქვათ მის წინაშე: „უფალო, ჩვენ არაფერი გვაქვს საკუთრივ ჩვენი: ყოველივე შენგან გვენიჭება. ეს შენ, ჩვენზე ზრუნვით, გვიგზავნი ყოველივე აუცილებელს ჩვენი ცხოვრებისათვის. მაშ, გვაკურთხე იმისათვის, რომ შენს განსადიდებლად და ჩვენივ სარგებლობისათვის გამოვიყენოთ შენი სახარებისაგან მიღებულნი საბოძვარნი!“ აი, მარადჟამს ასე უნდა ვაღიარებდეთ ჩვენს დამოკიდებულებას ღმერთზე; ასე უნდა ვამოწმებდეთ, რომ შეგვიგრძვნია მისნი წყალობანი ჩვენდამი.
მაგრამ მართლაც ღმერთისაგან თუ გვეძლევა საზრდო? - უეჭველად! რამეთუ მიწათმოქმედის შრომა არასდროს არ დასრულდებოდა წარმატებით, უფალი თავის დროზე რომ არ უვლენდეს მის ველ-მინდორს წვიმას, სხვა დროს კი მზის სითბოს. და შრომითაც ის ვერ დაშვრებოდა, უფალს, რომ არ მოენიჭებინა მისთვის ფიზიკური ძალები შრომისათვის. და ჩვენც, თქვენთან ერთად, განა გვექნებოდა როდისმე რაიმე, უფლისაგან რომ არ გვქონდეს მომადლებული - ერთს კარგი სულიერი მონაცემები, მეორეს - ძლიერი სხეულებრივი ნიჭნი, მესამეს - სახსრები განათლების მისაღებად, მეოთხეს კი კეთილიმოქმედნი რომ არ ჰყავდეს?! - მაშასადამე, ყოველივე ღმერთისაგან გვაქვს - ჩვენი პური იქნება ეს, თუ სხვისაგან ბოძებული საზრდო. და ამრიგად, თითოეული ჩვენგანი, ვინც არ უნდა იყოს იგი, უნდა ლოცულობდეს და მადლობას აღუვლენდეს უფალს საზრდელის მიღების წინაც და მის შემდგომაც.
ამასვე გვასწავლის მოციქულის პირდაპირი და ცხადზე უცხადესი სიტყვა, რომლის არც შეცვლა ძალუძს ვინმეს და არც სხვაგვარი განმარტება. აი, რას გვიბრძანებს წმიდა მოციქული პავლე: „გინა თუ სჭამდეთ, გინა თუ ჰსუმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდით, ყოველსავე სადიდებლად ღმრთისა იქმოდეთ!“ (I კორინთ. 10,31); რამეთუ შეუძლებელია ლოცვის მეშვეობისა და მონაწილეობის გარეშე რაიმეს აღსრულება ღმერთის სადიდებლად; ლოცვა არის ერთადერთი და ყველაზე სარწმუნო საშუალება ღმერთთან ურთიერთობისათვის, ღმერთთან საუბრისათვის, და იმავე მოციქულის მოწმობით, „ყოველი დაბადებული ღმრთისაი... განწმიდნების“ და ამგვარად ღმერთის განმადიდებლად შეიქნება მხოლოდდამხოლოდ „სიტყვითა ღმრთისაითა და ლოცვითა“ (I ტიმ. 4,5).
ამასვე დაგვიდებს მცნებად დედაცა ჩვენი - ქრისტეს წმიდა ეკლესია, რომლის მიერაც შედგენილია და სწორედ ამ შემთხვევისთვისაა დაწესებული საგანგებო ლოცვებიც.
ამადვე აგვძრავს ჩვენ, ბოლოს, და ამასვე მოითხოვს ჩვენგან ჩვენივ საკუთარი სარგებლობაც: რამეთუ რისთვის ვჭამთ და ვსვამთ ჩვენ“? ჩვენი საკუთარი სიცოცხლის განგრძობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისაოეის? მაგრამ ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წყარო - უფალ ღმერთშია: „რამეთუ იგი, საღმრთო წერილის მოწმობით, თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო“ (საქმე მოციქ. 17,25). ამიტომაც ბუნებრივია, რომ სწორედ ამ ერთადერთი წყაროდან არის შესაძლებელი სიცოცხლის განგრძობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიღება, და სწორედ მისგან უნდა ვიღებდეთ მათ. მაგრამ როგორ და რისი საშუალებით? - კვლავ და კვლავ ლოცვით; რამეთუ ზეციურმა მოძღვარმა ცხადად გვითხრა: „ითხოვდით, და მოგეცეს თქვენ; ეძიებდით, და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს თქვენ!“ (მათე 7,7). და კიდევ: „თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გაც ყოფად არცა ერთი“ (იოანე 15,5) - „ვერ ძალ-გიც ერთისაცა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად“ (მათე 5,36). ამრიგად, ჩვენს მიერ მიღებული სასმელ-საჭმელი კეთილისმყოფელი რომ იყოს ჩვენთვის, და არა ბოროტის-მყოფელი; განაძლიერებდეს ჩვენს ძალებს, და კი არ ასუსტებდეს; განგვწმედდეს და აღგვამაღლებდეს ჩვენი ქმედითი სიცოცხლისეული ძალებით, და კი არ გვაბინძურებდეს და გვთრგუნავდეს, და ამგვარად, იმისთვის, რომ საზრდო განგვიძლიერებდეს ჯანმრთელობას, და კი არ გვისუსტებდეს, საჭიროა, რომ იგი ნაკურთხ-განწმედილი, და ასე ვთქვათ, განმსჭვალული იყოს ჩვენი ლოცვითა და საღმრთო კურთხევით.
დ) კვალად, დღევანდელ სახარებაში ჩვენს ყურადღებას იქცევს ისიც, რომ საღმრთო კურთხევის ძალით 5 ათასზე მეტი ადამიანი დანაყრდა ხუთი პურითა და ორი თეეზით (მუხლები 19-20). და ეს ერთადერთი შემთხვევა როდია ქრისტეს ეკლესიაში. მაშ, რატომ არის, რომ ჩვენ ხშირად არ ვხედავთ საღმრთო კურთხევის დიადი ძალის კვალს? - იმიტომ, რომ ჩვენ თავადვე გესურს საკუთარ თავს უზრუნველ-ვჰყოფდეთ ყოველივეთი, რაც ქვეყნიური ცხოვრებისათვის გვესაჭიროება; უფალს არც რჩება აქ ადგილი მისი საკვირველმოქმედებითურთ! რამეთუ ჩვენ რომ ყოველ საქმეს ღმერთის კურთხევითა და ლოცვით ვიქმდეთ, მაშინ ყველა საქმე კეთილად წარგვემართებოდა, ხოლო, ღვთის შეწევნითა და ჩვენი პატიოსანი, მართალი შრომით მონაგარი მტკიცე საფუძველზე იქნებოდა დამყარებული და მემკვიდრეობადაც გადაეცემოდა ჩვენს შვილებს. ამრიგად, ღმერთის კურთხევის გარეშე ნურასდროს ნურც დაიწყებთ და ნურც დაასრულებთ თქვენს ნურც ერთ საქმეს! და თუ ამას ვიქმთ, საკუთარი გამოცდილებითაც უსათუოდ შევიტყობო, თუ რაზომ დიდია საღმრთო კურთხევის ძალა.
ე) კვალად, დღევანდელი სახარება იმასაც გვასწავლის, რომ აუცილებელია თავშეკავება და ზომიერება საზრდოს მიღებაში. მოციქულთა საზრდოს მთელს მარაგს უდაბნოდ ყოფნის ჟამს ხუთად-ხუთი პური და ორი თევზი შეადგენდა, თანაც ეს პურები, აღმოსავლური ჩვეულებისამებრ, საკმაოდ მომცრო ზომისა უნდა ყოფილიყო. თევზებიც ვერ იქნებოდა დიდი ზომისა, რადგან გენესარეთის ტბაში არ არის დიდრონი თევზები; და ამ მარაგს უფლის მოწაფენი სავსებით სამყოფად მიიჩნევდნენ მთელი თავიანთი დასისათვის: რამეთუ როდესაც უფალს მოუხდნენ საზრდოზე შეკითხვით, საკუთარ თავზე კი არა, იქ შეკრებილ მრავალრიცხოვან ერზე ზრუნავდნენ, რომელიც უდაბურ ადგილას წამოსულიყო თავიანთი ჩვეული საცხოვრებელი ადგილებიდან და უფლის ღვთაებრივი სწავლების მოსმენითა და მისი სასწაულებრივი კეთილმოქმედებების მიღებით სრულიად დავიწყნოდა თავისი სხეულებრივი საჭიროებანი. ამიტომაც სწორედ მათზე ზრუნვით ეუბნებოდნენ მოციქულები უფალს: „უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასულ არს: განუტევე ერი ესე, რაითა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თვისისა საზრდელი... არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი“ (მათე 14,15,17).
გავიხსენოთ ისიც, რომ ეს მწირი მარაგი ცამეტ ადამიანზე უნდა განაწილებულიყო. რამდენი შეხვდებოდა თითოეულს? - თითო ნატეხი პური და სულ მცირეოდენი თევზი. და სად არის აქ მრავალგვარი ნუგბარ-ნუგბარი კერძები თუ საწებლები, სანელებლები, რომლებიც ჩვენი სუფრის აუცილებელ კუთვნილებად ქცეულან?! სად არის სხვადასხვა ღვინოები თუ სხვა სასმელები, რომელთა გარეშეც უკვე ცხოვრებაც ვერ წარმოგვიდგენია?! ყოველივე ეს არ ჰქონდათ მოციქულებს უდაბნომი და არც შეიძლებოდა ჰქონოდათ. მათ ხომ მდიდრული ტრაპეზი არ მოუმზადებიათ თავიანთთვის და თავიანთი ღვთაებრივი მოძღვრისათვის! და ასეთი მწირი ტრაპეზი ჰქონდათ მათ, ჩვეულებრივ, ყოველთვის, როგორც ეს სახარებიდან ჩანს, და მას არასდროს არ ცვლიდა უმჯობესი, უფრო უხვი და ნოყიერი ტრაპეზი! ასე ცხოვრობდნენ უფალი და მისი მოცაქულები, და ყოველთვის ამით კმაყოფილდებოდნენ! ამასთან ცოცხლობდნენ კიდეც და სრულიად ჯანმრთელნიც იყვნენ, ისე, რომ არც ერთი მათგანი არასდროს მცირე ხნითაც არ შექნილა სნეულად!
რას გვეტყვიან ამაზე გემრიელი და უხვი საზრდოს მოყვარულნი, რომელნიც ქრისტიანებად იწოდებიან? რას გვეტყვიან ჩვენი ზოგიერთნი მუცლის მაამებელნი მკურნალნი, რომლებიც ესოდენ ხშირად და გაბედულად არღვევენ თავადვე, სტომაქის საამებლად, ეკლესიის მიერ დაწესებულ მარხვებს და სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ, ვითომცდა, ჯანმრთელობის აღდგენის საბაბით? ნუთუ მათ მეტად და უმჯობესად იციან ადამიანის ბუნება, მისი აგებულება და მოთხოვნილებანი, ვიდრე ყოვლისმცნობელმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ იცის, სამყაროსა და ადამიანის შემოქმედმა?!
სანოვაგის სიუხვესა და მრავალფეროვნებაში, სხვადასხვა ძვირფას ღვინოებსა და სანელებლებში, ნუგბარ ნამცხვრებსა და დელიკატესებში კი არ მდგომარეობს ჩვენი ჯანმრთელობის მიზეზი, არამედ მარადის ზომიერ და მეტ-ნაკლები ზომით ტვირთულ შრომათა და მღვიძარებათა შემდგომ, მარხვისებრ მიღებაში ყველაზე უბრალო და ჯანსაღი საზრდოსი, რათა შევინარჩუნოთ და აღვიდგინოთ სხეულის სასიცოცხლო ძალები, შრომით გათანგულნი თუ დაკარგულნი. განა თავად მკურნალნიც ზოგიერთი მძიმე სნეულების დროს თავადვე არ განუწესებენ თავიანთ ავადმყოფებს მარხვას, როგორც უპირველესსა და უმჯობეს საშუალებას?!...
მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა
განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე