„1. ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ
იერუსალჱმდ. 2. და არს იერუსალჱმს ცხოვართა საბანელსა მას ტბაჲ,
რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ ბეთეზდა, და ხუთ სტოვა იყო. 3. ამას შინა
ისხა სიმრავლე უძლურთაჲ, ბრმები, მკელობლები, განჴმელები, რომელნი
მოელიედ წყლისა მის აღმრღუევასა. 4. რამეთუ ანგელოზი წლითი წლად
გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამრღჳის წყალი იგი; და რომელიცა
პირველ შთავიდის აღმრღუევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა
შეპყრობილ არნ სნეულებითა. 5. იყო ვინმე მუნ კაცი, რომელსა ოც და
ათრვამეტი წელი დაეყო უძლურებასა შინა. 6. ესე იხილა იესუ მდებარე
და გულისჴმა-ყო, რამეთუ მრავალი წელი აქუს უძლურებასა შინა. ჰრქუა
მას იესუ: გნებავსა, რაჲთა განიკურნო? 7. მიუგო უძლურმან მან და
ჰრქუა: უფალო, კაცი არა მაქუს, რაჲთა, რაჟამს წყალი ესე აღიმრღუეს,
და შთა-მცა-მაგდო საბანელსა ამას. ვიდრე მე მოვიდოდი, სხუაჲ
უწინარეს ჩემსა შთავიდის და განიკურნის. 8. ჰრქუა მას იესუ: აღდეგ,
აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე! 9. და მეყსეულად განცოცხლდა კაცი
იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და წარვიდა. ხოლო იყო შაბათი დღე იგი.
10. ეტყოდეს მას ჰურიანი იგი: შაბათი არს, და არა ჯერ-არს შენდა
აღებად ცხედარი შენი. 11. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ:
რომელმან-იგი განმკურნა მე, მან მჰრქუა: აღიღე ცხედარი შენი და
ვიდოდე! 12. ჰკითხვიდეს უკუე მას ჰურიანი იგი და ჰრქუეს: ვინ არს
კაცი იგი, რომელმან გრქუა შენ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე? 13.
ხოლო განკურნებულმან მან არა უწყოდა, ვინ არს, რამეთუ იესუ
მიეფარა, რამეთუ ერი იყო ადგილსა მას. 14. ამისსა შემდგომად პოვა
იგი იესუ ტაძარსა მას შინა და ჰრქუა მას: აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა
სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ. 15. წარვიდა კაცი იგი
და უთხრა ჰურიათა მათ, ვითარმედ: იესუ არს, რომელმან განმკურნა
მე“. |
I. აწ წაკითხული სახარება ჩვენს ყურადღებას წარმოუდგენს, ერთის მხრივ, უფალ იესოს სასწაულთმოქმედი ძალის გამოცდილებას, განკურნა რა განრღვეული, ხოლო მეორეს მხრივ - ფარისეველთა შურს, რომელთაც ისარგებლეს იმ გარემოებით, რომ სასწაული შაბათ დღეს იქნა აღსრულებული, და სცადეს შაბათის დამრღვევად წარმოეჩინათ უფალი.
„ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ“ (მუხლი 1). - ასე იწყებს მახარებელი იოანე თავის თხრობას.
იერუსალიმსა და იუდეაში თავისი პირველი მსვლელობის შემდეგ, სადაც მან საკმაოდ დიდხანს დაჰყო, უფალი გარკვეული ხნის განმავლობაში გალილეის კანაში იმყოფებოდა, სადაც მეფის კარისკაცის ძე განკურნა. ამის შემდეგ იგი იერუსალიმს გაემართა.
იუდეის დედაქალაქი - იერუსალიმი წმიდა ქალაქი ყოველთა ებრაელთათვის, რადგან მასთან ყველაზე სანუკვარი მოგონებები აკავშირებთ თავიანთი ისტორიისა, მდებარეობს აღთქმული მიწის შუაგულში, იორდანეს დასავლეთით, ეფრემისა და იუდას მთებს შორის, 50 კილომეტრზე ხმელთაშუა ზღვიდან და ოცი კილომეტრის დაცილებით მდინარე იორდანედან, ვრცელ, შემაღლებულ ზეგანზე, რომელიც მთის ოთხი თხემისაგან შესდგება, ზღვის დონიდან 800-იოდე მეტრზე. ქალაქს ორი ღრმა ხევი და ღელე აკრავს: კედარისა აღმოსავლეთიდან და გიონისა დასავლეთიდან, რომლებიც ერთმანეთს ერთვიან ქალაქის სამხრეთით. იმ ოთხ შემაღლებას შორის, რომლებზეც განლაგებული იყო იმჟამინდელი იერუსალიმი, ყველაზე ვრცელი და მაღალია სიონის მთა, სადაც უწინ იებუსეველნი ცხოვრობდნენ. ეს ხალხი აქედან დავით მეფემ განდევნა და ეს მთაც და აქაური ციხე-სიმაგრეც თავის საცხოვრებლად აირჩია, აღაშენა, განაახლა და დავითის ქალაქი უწოდა (II მეფ. 5,6-9; I ნეშტთა 15,1). სიონის პირდაპირ, ჩრდილოეთის მხარეს, მდებარეობს სხვა ბორცვი, რომელზედაც გაშენდა და განივრცო დავითის ქალაქი. შემდგომში იგი აკრად იწოდებოდა (I მაკაბ. 1,33). მესამე მთას, მდებარეს სიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით და აკრას აღმოსავლეთით, მორიას მთა ეწოდება. სწორედ აქ აღუშენა მეფე სოლომონმა თავისი მამის ანდერძისამებრ, დიდებული ტაძარი ღმერთს და საზეიმოდ აკურთხა იგი (III მეფეთა თ. 5-8; II ნეშტთა თ. 2-7). ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ტაძარს შემდგომში შეუერთდა ანტონიუსის ციხე-სიმაგრე. სამხრეთით მორიას მთას ემიჯნებოდა ოთელის ბორცვი. ამსამ მთას - სიონს, აკრასა და მორიას - განყოფდა ხეობა (ღელე), რომელიც ჩრდილო დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მიემართებოდა და სილუანის წყაროსთან კედრონის ხეობას უერთდებოდა. ეს ხეობა ტირენსის, ანუ მეყველეთა ღელედ იწოდებოდა. შემდგომში, მაკაბელთა დროს, იგი მიწით ამოავსეს და გააშენეს, რის გამოც აკრასა და მორიას მთები ერთ შემაღლებად გადაიქცა. მორიასა და აკრას ჩრდილოეთით კიდევ ერთი-მეოთხე მთა იყო, ცნობილი სახელწოდებით ბეზეთა. ეს ოთხი მთა წარმოადგენს ერთ ვრცელ, ზეგანისებრ შემაღლებას, ისე, რომ ქალაქში ასვლა თითქოსდა საფეხურებით ხდებოდა (ფსალმ. 121,2-4), და მას თავისი დიდებული ტაძრით, ციხე-დარბაზებით, გარშემოვლებულს ქონგურებიანი და კოშკებიანი ვეება გალავნითა და მრავალრიცხოვანი კარიბჭეებით, მართლაც რომ საოცრად ლამაზი შესახედაობა ჰქონდა. შიგნითაც იერუსალიმი კეთილმოწყობილიიყო: ფუნქციონირებდა წყალგაყვანილობა, იყო მრავალი წყარო, წყალსატევი და სხვ.
მიუხედავად იმისა, რომ იერუსალიმი შემაღლებულ ადგილას იყო გაშენებული, შორიდან იგი მაინც არ მოჩანდა მოგზაურთათვის. ამის მიზეზია მისი სანახები, სადაც მთები და ბორცვები ჭარბობს, რომლებიც ზოგჯერ უფრო მაღალიცაა იერუსალიმის შემაღლებაზე. ეს მთები იერუსალიმს ერთგვარ ფარადაც ემსახურებოდნენ მომხვდურთა წინააღმდეგ, თითქოს ზღუდედ აღმართულან მის დასაცავადო. იერუსალიმის დასავლეთით, გიონის ველის ბოლოს გიონის მთა აღმართულა, რომელზეც აკრასაკენ და ხმელთაშუა ზღვისკენ მიმავალი გზა გადის; ქალაქის სამხრეთით ბოროტი განზრახვის მთა აღმართულა და გიონის ველს გადაჰყურებს, მის იქით კი, ქებრონის ვრცელი ველის მიღმა იდუმეის მთებია. უფრო იქით კი, ეგვიპტისაკენ - არაბეთის ქვიშიანი სტეპები. აღმოსავლეთით კედრონის ველს ელეონის მთა დასდგომია, რომელსაც დღევანდელი არაბები ტურის მთას უწოდებენ, ხოლო მის სამხრეთით მკვდარი ზღვის გარემომცველი უდაბნოებია, დაღარულნი გაუვალი კლდოვანი ხევებითა და ღრანტეებით. იერუსალიმის ჩრდილოეთით, შემაღლებულ ზოლზე სკოპოსის ბორცვი აღმართულა (ეს ბერძნული სახელწოდება ნიშნავს „საგუშაგო კოშკს“), ქალაქიდან დაახლოებით ერთ კილომეტრზე, საიდანაც, სხვა ადგილებთან შედარებით, ყველაზე ადრე იშლება იერუსალიმის ხედი. ყველა ამ მთის ქანები შედგება რუხი ან თეთრი კირქვისაგან, რის გამოც იერუსალიმში ბევრი იყო მღვიმეები, რომელთაც საცხოვრებლადაც იყენებდნენ და მიცვალებულთა დასაკრძალავ ადგილადაც. ასეთი იყო, მაგალითად, ზეთისხილის მთის დასავლეთის ფერდობი და ბოროტი განზრახვის მთის ჩრდილოეთის ფერდობი.
აწინდელ იერუსალიმს თითქმის აღარაფერი აქვს თავისი უწინდელი დიდებულებისა - მასში ყოველივე განახლებულია. ქალაქი დიდი ხანია შორს გასცდა თავის ძველ, ისტორიულსაზღვრებს...
ამრიგად, კანადან უფალი იერუსალიმს აღვიდა, და „აღვიდა“ იმიტომ კი არა, თითქოს იგი დაბლობი ადგილიდან შემაღლებული ადგილისაკენ მიდიოდა, არამედ იმის გამო, რომ იერუსალიმში, როგორც წმიდა ქალაქში ჩასვლა, რომელიც ებრაელთა ქვეყნის უძველესი დედაქალაქია, ყველა იუდეველისათვის მიიჩნეოდა ზეაღსვლად, ალიად. რისთვის აღვიდა უფალი იერუსალიმში? - იმისთვის, რომ ებრაელთა დღესასწაულისთვის იქ ყოფილიყო, რასაც ამბობს კიდეც მახარებელი: „ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათაი და აღვიდა იესუ იერუსალემდ“. მაგრამ თუ რომელი დღესასწაული იყო ეს, სახარებაში აღნიშნული არ არის, ამიტომ განმმარტებლებსაც ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი აქვთ. ერთნი ფიქრობენ, რომ ეს პასექის დღესასწაული იყო, მეორენი ვარაუდობენ - განზოგების, ანუ შვიდეულთა დღესასწაულს (იგივე პურის მკის, ნაყოფთა შეკრების დღესასწაული), მესამენი კი - პურიმს, რომელიც ესთერისა და მორდეხაის მიერ იქნა დაწესებული სულ მალე ბაბილონის ტყვეობის დასრულების შემდგომ სპარსეთის სამეფოში დარჩენილ ებრაელთა გადარჩენის მოსახსენიებლად ამოწყვეტისაგან. მაგრამ ყველა ამ ვარაუდიდან მისაღებია მხოლოდ პირველი - ებრაელთა შორის პასექი უპირატესად იწოდებოდა დღესასწაულად როგორც დედა დღესასწაულთა, ყველაზე დიდი დღესასწაული (იოანე 12,12). იოანე მახარებელი მით უმეტეს სახელწოდებით მოიხსენიებდა სხვა დღესასწაულს, რომ მანამდე მან უკვე ახსენა პასექის დღესასწაული (4,45). ამასთან, ცოტათი ზემორე მას უწერია: „ოთხღა თთუე არიან, და მოვალს მკაი“ (4,35). სწორედ პასექის დღესასწაულზე შესწირავდნენ უფალს ქერის პურს და შემდეგ ქერის ყანებსაც მკიდნენ, ხოლო მანამდე ოთხი თვით ადრე, დეკემბერში, თესავდნენ მას. და ბოლოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ქრისტეს საზოგადო მსახურება ჩვენი ხსნისათვის მივიჩნიოთ 3 წელიწადნახევრის განმავლობაში გაგრძელებულად („ნახევარსა შვიდეულსა წელთასა“, - როგორც წინასწარმეტყველებს წმიდა დანიელი), თუკი აქ ნახსენები დღესასწაული სწორედ პასექი იქნება. ყველა ამ მოსაზრებას წმიდა ირინეოს ლიონელი ადასტურებს, რომელსაც ყველაზე ადრე აქვს გამოთქმული შეხედულება ამ საგანზე: პასექის დღესასწაულთა ჩამოთვლისას, რომლებსაც იესო ქრისტე დაესწრო, ლიონის მღვდელმთავარი, იოანესსახარების მე-5 თავში მოხსენიებულ დღესასწაულსაც მიათვლის.
პასექი (ფესეხ) ებრაული სიტყვაა და „გადარჩენას“, „ხსნას“, „გვერდის ავლას“ ნიშნავს. ებრაელთა პასექი არის პირველ ყოვლისა ისრაელიანთა პირველშობილების გადარჩენა, როცა სიკვდილის ანგელოზმა გვერდი აუარა მათს, კრავის სისხლით ჯვარისებრ აღნიშნულ სახლებს და ერთიანად მოსრა ეგვიპტელთა პირმშოები, რასაც შემდგომში ისრაელი ერის ეგვიპტის ტყვეობიდან გათავისუფლება მოჰყვა. ამ სახელწოდებით, უფრო ფართო მნიმვნელობით, იუდეველებში იგულისხმება გაზაფხულის რვადღიანი დღესასწაული, რომელიც ნისანის თვის მეთოთხმეტე დღის მწუხრიდან იწყებოდა და მთავრდებოდა 21-ე დღეს ამავე თვისა (მარტ-აპრილში), და რომელიც ასევე უცომოების დღესასწაულადაც იწოდება (გამოსვლ. 23,15; 34,18; II სჯული 16,16; II ნეშტია 30,1; 2,13. მათე 26,17; მარკოზი14,2; ლუკა 2,41; 22,1).
ხოლო უფრო ვიწრო და საკუთრივი მნიშვნელობით, პასექად იწოდება ნისანის თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრისას აღსრულებული დღესასწაული (გამოსვლ. 12,11; 27; რიცხვთა 29,10). პასექად იწოდება აგრეთვე ამ დღესასწაულზე დაკლული კრავიც (II სჯული 16,57). ამრიგად, უფრო ფართო მნიშვნელობით გაგებული პასექის დღესასწაული ორი დღესასწაულისაგან შესდგებოდა: საკუთრივ პასექისაგან და უცომოების დღესასწაულისაგან, რომლის დროსაც აცხობდნენ უფუვარ პურებს. ეს უკანასკნელი ნისანის თვის მეთხუთმეტე დღეს იწყებოდა და შვიდ დღეს გრძელდებოდა. მთელი ამ ხნის მანძილზე არც ისრაელიანთა სახლებში და არც, საერთოდ, მთელს ისრაელის მიწა-წყალზე არ უნდაყოფილიყო აფუებული, ამჟავებული რამ; აფუებული პურის ნაცვლად უფუვარს - ხმიადებს ჭამდნენ, საიდანაც მიიღო კიდეც სახელწოდება უცომოების დღესასწაულმა. თითოეულ ამ დღეს, ჩვეულებრივი ყოველდღიური დილის მსხვერპლის გარდა, შეიწირებოდა სადღესასწაულო მსხვერპლიც, რომელიც შედგებოდა ერთი თხისაგან - ეს იყო მსხვერპლი ცოდვებისათვის და ორი მოზვერისაგან, ერთი ცხვრისა და შვიდი ერთწლიანი კრავისაგან - ყოვლადდასაწველი მსხვერპლისათვის დადგენილ პურის შესაწირავთან და ღვინის პკურებასთან ერთად (რიცხვთა 28,17-24). პირველ და მეშვიდე დღეს სჯული განაწესებდა წმიდასაღმრთო შეკრებას და მოსვენებას ყველა საქმისაგან, გარდა საჭმლის მომზადებისა; შუალედ დღეებში დაშვებული იყო მუშაობაც. დღესასწაულის მეორე დღეს ტაძრის საკურთხეველთან ახალაღებული ქერის ძნა მიჰქონდათ შესაწირად (ოღონდ არა - დასაწვავად) განსაზღვრულ მსხვერპლთან ერთად. მხოლოდ ამ დროიდან შეიძლებოდა ახალი მოსავლის პურის ჭამაც. მოდღესასწაულეთათვის ნებადართული იყო მსხვერპლის მოტანა და ლხინის გამართვა ოჯახებში რვავე დღის განმავლობაში. ეს იყო უცომოების დღესასწაული. პასექი კი საკუთრივი მნიშვნელობით წინ უძღოდა მას. სჯულით ზუსტად იყო დადგენილი პასექის დღესასწაულის დრო, და თვით საათიც კი საპასექო კრავის დაკვლისა. ვისაც სხვადასხვა მიზეზით (მაგალითად, ლევიტურ არაწმიდებაში, ანდა შორეულ მოგზაურობამი მყოფს) არ შეეძლო პასექის დღესასწაულის აღსრულება ნისანის თვის მეთოთხმეტე დღის მწუხრზე, უნდა აღენიშნა იგი მომდევნო თვის მეთოთხმეტე დღეს (რიცხვთა 9,10-11).
მაცხოვრის დროს პასექის დღესასწაული სწორედ ასე აღესრულებოდა: ნისანის თვის მე-14 დღის დადგომისთანავე, ღამიანად, ყველა ოჯახში გულდაგულ აგროვებდნენ აფუებული პურის სულ მცირე ნარჩენებსაც კი; შუადღისას მათ წვავდნენ განსაზღვრული რიტუალის აღსრულებით. პასექის დღესასწაული იწყებოდა საპასექო კრავის დაკვლით ტაძარში, - სწორედ ეს იყო, საკუთრივ, დღესასწაულის ღვთისმსახურებითი აქტი.
კრავის დაკვლის სჯულით დადგენილ დროს, მზის ჩასვლის შემდეგ, ოჯახის მამები, ანდა მათი წარმომადგენლები ტაძრისაკენ მიიჩქაროდნენ კისერზე ან ხელში კრავით, და იქ კრავები მღვდელმსახურთა მიერ დაიკვლებოდნენ. ამას მოსდევდა მომზადება საპასექო სერობისათვის, პასექის წმიდა დღესასწაულისათვის. დაკლულ კრავს შეწვავდნენ ხოლმე და მასთან ერთად ამზადებდნენ მწარე ბალახთაც. მოგვიანებით ასახელებდნენ ხუთ სახეობას ასეთი ბალახისა, თუმცა ზუსტად მათი განსაზღვრა ძნელია. ტრაპეზზე ტკბილეულსაც აწყობდნენ, დამზადებულს ნუშის, ნიგვზის, ვაშლისა და დარიჩინისაგან, რომელთაც აღურევდნენ ღვინოსა და ძმარს. მაგიდაზე აწყობდნენ უფუვარ პურსაც - ხმიადებს, ღვინოს, რომლის დალევაც სერობის განმავლობაში დაწესებული იყო ოთხი თასის ოდენობით. ოთხი თასი ღვინო ყველაზე ღარიბ ებრაელსაც უნდა დგმოდა. და თუ ვისმე არ შეეძლო მათი ყიდვა, თემი ვალდებული იყო საზოგადო სახსრებიდან შეეძინა მისთვის ღვინო. თვით სერობას, ანუ წმიდა საპასექო დღესასწაულს რთული წეს-ჩვეულებები ახლდა. სერობა იწყებოდა ხელთა დაბანვით. ოჯახის მამა, ანდა სუფრის უფალი აკურთხევდა თასს ღვინით და შემდეგ იგიცა და ყველა იქ დამსწრეც ფეხზე მდგომელნი სვამდნენ მისგან. მერმე ოჯახის მამა, ან სუფრის უფალი, მარტო განიბანდა ხელთ, უახლოვდებოდა ტრაპეზს, აკურთხევდა საჭმელს, იღებდა მწარე ბალახისაგან მცირედს, ამოავლებდა წვენში - პინაკში და ჭამდა. ამასვე იმეორებდა ყველა იქ მყოფი. მერმე უმცროსთაგან ვინმე შეკითხვას სვამდა ამ ღამის წმიდა წეს-ჩვეულებების შესახებ, რაც საბაბს აძლევდა ოჯახის მამას მოეყოლა ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლის ამბავი. ამავე დროს ტრაპეზხე დგამდნენ ღვინით სავსე სხვა თასს. როცა თხრობა აღწევს იმ მომენტს, ოდეს ღმერთი სასჯელთა მოვლინებას ჰპირდება ისრაელიანთა მიმმძლავრებელთ, ღვინით სავსე თასს მაღლა სწევენ, ოღონდ არ სვამენ მისგან. თასს ხელმეორედ სწევენ მაღლა ღმერთის ქება-დიდების წარმოთქმისას. შემდეგ კვლავ მაგიდაზე დგამენ მას, და იწყება 112-ე და 113-ე ფსალმუნების გალობა: „აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა“ და „გამოსვლასა ისრაელისასა ეგვიპტით...“ გალობის დასრულების შემდეგ სვამენ მეორე თასს. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება საკუთრივი აზრით პასექის სერობა. საერთო ხელის ბანის შემდეგ იჩქარიან ადგილის დაკავებას მაგიდასთან, და სუფრის უფალი იღებს სამ ხმიადს, წარმოთქვამს მათი კურთხევის სიტყვებს და ჭამს. სხვებიც ჭამენ ხმიადებს. მერმე იღებენ მწარე ბალახთ, და კურთხევის შემდეგ, პინაკში ამოავლებენ. შემდეგ ჭამენ პასექის კრავს. მერმე კვლავ განიბანენ ხელებს და მესამე თასს ავსებენ ღვინით. უფროსი ამბობს: გადმომეცით თასი, მე წარმოვთქვამ მადლობის სიტყვებს! სხვები პასუხობენ: დიდებულიმც არს სახელი უფლისა აწ და საუკუნოდ. ამას ერთვის ლოცვები, რომლებშიც განსაკუთრებით გამოკვეთილია მესიანური სასოება: დაე, ყოვლადმოწყალე ღმერთმა ღირსი გაგვხადოს ჩვენ მესიის დღეებისა და მომავალი საუკუნო ცხოვრებისა. მას შემდეგ, რაც მეოთხე თასს შეავსებდნენ, იწყებდნენ შემდეგი ოთხი ფსალმუნის - 114-ის, 115-ის, 116-ის და 117-ის გალობას, და როცა მიაწევდნენ 117-ე ფსალმუნის 26-ე მუხლს, მაშინ ერთ-ერთი უმცროსთაგანი ცალკე წარმოსთქვამდა სიტყვებს: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა!“ - რათა ხაზი გაესვა მათთვის როგორც მესიანური სასოების გამოხატულებისათვის. ამას კიდევ 135-ე ფსალმუნის გალობა მოჰყვებოდა, რის შემდეგაც, ბოლოს, მეოთხე თასიც ისმებოდა. ამით მთავრდებოდა პასექის დღესასწაულის აღნიშვნა (იხ. თ.პოკროვსკი „ძველ-იუდაური პასექი“, გვ.179-183).
„და არს იერუსალჱმს ცხოვართა საბანელსა მას ტბაჲ, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ ბეთეზდა, და ხუთ სტოვა იყო“ (მუხლი 2).
ეს საბანელი დღესაც კი არსებობს, რაც ჩვენ თანამედროვე არქეოლოგების მიერ წმიდა ადგილთა აღწერებიდან ვიცით (დაწერილია XIX საუკუნის ბოლოს. - მთარგმნელ.). ამჟამად ბითეზდას სახელწოდებით ცნობილია 105 მეტრი სიგრძისა და 40 მეტრი სიგანის წყალსატევი ძველ კოშკთან, რომელსაც ანტონიუსისად ხმობენ, ტაძრის ადგილსამყოფელის ჩრდილო-დასავლეთის მხარეს. მაგრამ ნამდვილი ბითეზდას ტბორი წმიდა ანას ეკლესიის მახლობლად მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს, დიდი ტბორიდან გარკვეულ მანძილზე, იერუსალიმის გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში. მართლაც, აღმოჩნდა, რომ იგი ერთურთის გვერდით მდებარე ორი ტბორისაგან შესდგება. ერთ-ერთი მათგანი 10 მეტრამდე სიღრმისაა, 8 მეტრამდე სიგრძის აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და 4 მეტრამდე სიგანისა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ; საფეხურებს ქვევით მივყავართ აღმოსავლეთის მხრიდან. მეორე ტბორი სიგრძით 19 მეტრი, სიგანით კი პირველის ტოლია. მეცნიერთა ვარაუდით, წმიდა ტაძართან მდებარე ეს ორი ტბორი, წოდებულნი „ტყუპების ტბებად“, იყო კიდეც სახარებამი მოხსენიებული „ცხვართა საბანელი“... ცხვართა კარიბჭე მოხსენიებულია ნეემიას წიგნში. სხვაგვარად მას გეთსიმანიის, ანდა წმიდა ქალწულ მარიამის კარიბჭე ეწოდებოდა, ზოგჯერ კი პირველმოწამე სტეფანეს კარიბჭე, რადგანაც მისი გავლით მიემართებოდნენ გეთსიმანიის ბაღისაკენ და ღვთისმშობლის და წმ. სტეფანეს საფლავებისაკენ. ხოლო ცხვართა კარიბჭედ იმის გამო იწოდებოდა, რომ სწორედ აქედან შეჰყავდათ ქალაქში ცხვარი - ზოგი ბაზარზე გასაყიდად, ზოგიც - ტაძარში შესაწირად. ეს კარიბჭე იერუსალიმის ზღუდის აღმოსავლეთის გალავანშია, ომარის მეჩეთიდან ჩრდილოეთით, ანუ იმ ადგილიდან, სადაც უწინ იერუსალიმის ტაძარი იდგა. ხოლო ცხოვართა საბანელი, ანუ ბითეზდა ამ კარიბჭის სამხრეთით იყო.
„ამას (კარიბჭეს) შინა ისხა სიმრავლე უძლურთა, ბრმები, მკელობლები, განხმელები, რომელნი მოელიედ წყლისა მის აღმრღუევასა. რამეთუ ანგელოზი წლითი წლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამრღვის წყალი იგი; და რომელიცა პირველ შთავიდის აღმრღუევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არნ სნეულებითა“ (მუხლები 3-4).
ზოგიერთ გვიანდელ განმმარტებელს სურდა აქ გადმოცემული ამბავი ბუნების ჩვეულებრივი ძალების მოქმედებით აეხსნა. ისინი ამბობენ, რომ ეს მინერალური წყლები იყო, რომელთაც საკურნებელი თვისებები ჰქონდათო. მაგრამ ასეთი განმარტება სრულიად არ არის დამაკმაყოფილებელი და იგი ცრუცაა. საბანელთან შეკრებილი ხალხის შეხედულება რომ ცრუ იყოს და მთლიანად მათს გამონაგონს წარმოადგენდეს, მაშინ მახარებელი სულაც არ შეეხებოდა მას. პირიქით, ხალხის ამ შეხედულებაში ღრმა აზრი იყო შთადებული მასზედ, რომ ბუნების მოვლენებში მისი არა მხოლოდ მკვდარი მექანიკური ძალები მოქმედებდნენ, არამედ უზენაესი სამყაროს ძალებიც, და რომ ეგრეთწოდებულ ბუნებრივ ძალებს უზენაესი მოქმედი მიზეზები - ანგელოზები ამოძრავებენ. იუდაური ღვთისმეტყველების ეს სწავლება მიღებულ-აღიარებულია ეკლესიის წმიდა მამების მიერაც და ჩვენი თანამედროვე ღვთისმეტყველების მიერაც. ასე, მაგალითად, ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „ამქვეყნად ნებისმიერ ნივთიერ საგანს თავისი მეთვალყურე ანგელოსებრი ხელმწიფება ჰყავს“. ხოლო წმიდა გრიგოლი მთავარანგელოზთა სხვადასხვა წოდებებზე საუბრისას, სხვათა შორის, შენიშნაეს: „ძალთ, ვჰგონებ, განეკუთვნება ყველა ანგელოზი, რომლებიც მეთვალყურეობენ ოდენ სხეულებრივ საგნებს“. ასეთი განმარტება სულაც არ უარყოფს ბუნების საკუთრივი ძალების არსებობასა და მოქმედებას; პირიქით, ამასთანავე ისინი სიტყუის მხოლოდ უზენაეს მიზეზობრიობას იძენენ: „და რომელიცა პირველ შთავიდის აღმრღუევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არნ სნეულებითა“. ეს სიტყვები კიდევ უფრო მეტად განგვამტკიცებენ ჩვენ იმ აზრში, რომ ანგელოზის მიერ აღმრღვეული წყლის ზემოქმედება ცხოვართა საბანელთან ზებუნებრივი იყო.
„იყო ვინმე მუნ კაცი, რომელსა ოც და ათრვამეტი წელი დაეყო უძლურებასა შინა“ (მუხლი 5). ანუ ესოდენი წლები იყო შეპყრობილი მძიმე სნეულებითო.
„ესე იხილა იესუ მდებარე და გულისჴმა-ყო, რამეთუ მრავალი წელი აქუს უძლურებასა შინა. ჰრქუა მას იესუ: გნებავსა, რაჲთა განიკურნო?“ (მუხლი 6).
ეს მძიმედ სნეული კაცი, ალბათ, განხმელთ, ანუ დადამბლავებულთ განეკუთვნებოდა. თავისი შეკითხვით - გსურს თუ არა განიკურნოო, - უფალს ნებავს შეწევნის იმედიც განუღვიძოს მას და იმ ზეციური ძალის მიღების უნარიც, რომლის გადმოღვრასაც მაცხოვარი მასზე აპირებდა, რადგანაც, სნეულს, როგორც მომდევნო მუხლიდან ჩანს, უკვე დაკარგული ჰქონდა განკურნების იმედი. რაკი დამბლა არ აძლევდა საშუალებას საჭირო დროს შესულიყო ამღვრეულ წყალში, ამიტომ მას ეგონა, რომ განკურნვის ყოველგვარი იმედი გადაწურული ჰქონდა. ამიტომაც:
„მიუგო უძლურმან მან და ჰრქუა: უფალო, კაცი არა მაქუს, რაჲთა, რაჟამს წყალი ესე აღიმრღუეს, და შთა-მცა-მაგდო საბანელსა ამას. ვიდრე მე მოვიდოდი, სხუაჲ უწინარეს ჩემსა შთავიდის და განიკურნის“ (მუხლი 7).
მისი სიტყვებიდან - „ვიდრე მე მოვიდოდი“ - ჩანს, რომ განრღვეულს გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეეძლო მოძრაობა, გადაადგილება, ხოლო მუხლის მომდევნო სიტყვებიდან ვგებულობთ, რომ სასწაულებრივი განკურნვა მხოლოდ ერთ რომელიმე სნეულს შეეძლო.
„ჰრქუა მას იესუ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე! და მეყსეულად განცოცხლდა კაცი იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და წარვიდა. ხოლო იყო შაბათი დღე იგი“ (მუხლები 8 და 9).
აღდეგ! აიღე შენისაკაცე! წადი! - უბრძანებს მას უფალი თავისი შემოქმედებითი ძალით. ამავე სამ ბრძანებას აძლევს უფალი სხვა განრღვეულ სნეულსაც, რომელიც მასთან ერდოდან ჩაუშვეს საკაცით, რადგან ხალხის სიმრავლის გამოსხვაგვარად მიახლოება ვერ შესძლეს (მათე 9,6; მარკოზი 2,11). მათში განკურნვა მდგომარეობს: - აღდეგ! ძალთა დაბრუნება: - აღიღე ცხედარი შენი! და ჯანმრთელობის სრული დაბრუნება-აღდგენა: - ვიდოდე!
შაბათს, ფარისეველთა შეხედულებით, არ შეიძლება არც ცეცხლის დანთება, არც ლოგინის გაშლა-ალაგება, არც კერძის მომზადება; იუდეველს ამ დროს იმის უფლებაც კი არ ჰქონდა, რომ თავისი ორმოში ჩავარდნილი სახედარი ამოეყვანა ანდა თავის დასაცავად ხელი ზეაეწია, დაე, თუნდ მის სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა. თუმცა ეს უკანასკნელი შეცვლილ იქნა მაკაბელთა მიერ მას შემდეგ, რაც ომში სულ ტყუილ-უბრალოდ ამოწყდა ათასობით ებრაელი მას შემდეგ იუდეველებს ნებადართული ჰქონდათ საკუთარი სიცოცხლის დაცვა შაბათ დღესაც. მაგრამ სხვა არაფერი არ ყოფილა შერბილებული ამ შავბნელ კანონში. შაბათ დღეს იუდეველს არ შეეძლო დაეტოვებინა თავისი ბანაკი, სოფელი თუ ქალაქი; არ შეეძლო მოგზაურობაში წასულიყო; ანდა გზაშიც რომ ყოფილიყო, - გაეგრძელებინა მსვლელობა; შაბათს მას მზის ჩასვლამდე უნდა მოეცადა; ამ დღეს ებრაელი არ ატარებდა არც ქუდს, არც ქისას სარტყელზე; ის იუდეველი, ვინც ამ წესებს დაარღვევდა, იმსახურებდა ყველაზე მძიმე ცოდვილთათვის დადგენილ სასჯელს. ზოგიერთი რაბინი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ შაბათ დღეს ადამიანმა მდგომარეობაც კი არ უნდა შეიცვალოს - რა მდგომარეობაშიც გაიგონებს შაბათის მაუწყებელ ხმას - „შოფა“-ს, იმ მდგომარეობაში განაგრძოს ყოფნა ქვასავით უძრავადო, - იჯდეს, იდგეს, იწვეს, სანამ შაბათი არ დასრულდებაო.
ამიტომ საფუძვლიანად აღნიშნავენ, რომ უფლის მიერ 38 წლის განმავლობამი უძლურებაში მყოფი განრღვეულის განკურნვა შემთხვევით არ აღსრულებულა სწორედ შაბათ დღეს (ისევე, როგორც გამხმარი ხელის მქონე სნეულისა - მათე 12,12-13; და როგორც ბრმადშობილისათვის თვალისჩინის დაბრუნება - იოანე 9,14). უფალი სჯულის სიტყვა-სიტყვით გაგების ნაცვლად მის სულს აღადგენს, დიდი ხნის წინათ მივიწყებულს იუდეველთა მიერ, რამეთუ მხოლოდ ასეთ სჯულს, აღსრულებადს სულიერად, შეეძლო ისრაელი ერის მომზადება უმაღლესი ქრისტიანული ჭეშმარიტებების აღსაქმელად. შაბათ დღეს შეიძლება და ჯერ-არს კიდეც კეთილისაქმის აღსრულება (ლუკა 6,9). მაგრამ იუდეველები, ანუ მწიგნობრები და ფარისევლები, სინედრიონის წევრ ნახევრადათეისტ სადუკეველებთან ერთად, სწორედ ასეთი, სულიერად გაგებული სჯულის წინააღმდეგ აღდგებოდნენ, რამეთუ ამგვარი სულიერი სჯული ათავისუფლებდა ხალხს მათი ზეგავლენისაგან, - მათი ძალაც ხომ სწორედ განუწყვეტელ თვალყურისდევნებაში იყო იმისა, რომ ხალხს ზედმიწევნით შეესრულებინა მათს მიერვე დადგენილი გარეგანი წეს-ჩვეულებები და რიტუალები. უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ ებრაელებს ცხოვრების იგივე წესი აქვთ, რაც სახარების დროინდელ მწიგნობრებს, ფარისევლებსა და სადუკეველებს ჰქონდათ შემოღებული, მათს მეთვალყურეობას ახლა თალმუდისტი რაბინები და ცადიკები სწევენ.
„ეტყოდეს მას ჰურიანი იგი: შაბათი არს, და არა ჯერ-არს შენდა აღებად ცხედარი შენი. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან-იგი განმკურნა მე, მან მჰრქუა: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ (მუხლები 10 და 11).
აქ ცხადად ჩანს ის დამთრგუნავი ზეგავლენა, რაც ებრაელთა გაბატონებულ ფენას ჰქონდა უბრალო ხალხზე, თითოეულ იუდეველზე, და ეს ფენა წარმართავდა და თვალყურს ადევნებდა თემის წევრთა ყველა მოქმედებას, სულ უმნიშვნელოსაც კი და უბოდიშოდ ერეოდა მათს პირად ცხოვრებაში. ამ, ჩვენთვის თავზარდამცემ სისტემას, ახლდა აუცილებელი მუდმივი კონტროლი „საძაგელი ამჰარეც“-ების - ასე უწოდებდნენ მწიგნობარნი ხალხს - ყველა საქციელზე, ანუ ყველა იმ ებრაელის მოქმედებაზე, რომელთაც არ ესწავლათ იუდეველთა გამხრწნელ სკოლებში. მათ მიერ დადგენილი განმარტება სჯულისა უფლებას აძლევდა მმართველ ფენას ყოველ ნაბიჯზე და ყოველ წუთს ჩარეულიყო ადამიანის ცხოვრებაში. თუმცა უფლის მიერ განკურნებულმა კაცმა სხეულის სიჯანსაღესთან ერთად მოძღვართა მიმართ წინააღმდეგობის გარკვეული სიმტკიცეც შეიძინა: შესანიშნავი მართებული აზრით პასუხობს იგი მწიგნობართ და ფარისეველთ, რომ ვისაც აქვს ხელმწიფება და ძალა ჩემი, 38 წლის განმავლობაში სნეულის, განკურნვისა, მასვე აქვს ხელმწიფება უბრძანოს სარეცელის - საკაცის აღება, და რომ არა ჯერ-და, რომ იგი, განკურნებული, არ დამორჩილებოდა მკურნალს. მის სიტყვებში ერთგვარი ირონიაც გამოსჭვივის, თითქოს ნიშნის მოგებით ეუბნება ფარისევლებსო: განა თქვენ განმკურნეთ! განა ძალგედვათ ჩემი განკურნვა? - ეს ხომ მიუწვდომელია თქვენთვის! მაშ, ახლა რაღას ერევით ამ საქმეში, რომელიც აღმატებულია თქვენზე?!
„ჰკითხვიდეს უკუე მას ჰურიანი იგი და ჰრქუეს: ვინ არს კაცი იგი, რომელმან გრქუა შენ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე?“ (მუხლი 12).
ალბათ, რომ ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, რომელნიც ფხიზლად ადევნებდნენ თვალს უფალ იესოს ყოველ ქმედებასა და ნაბიჯს, და ეს საკვირველი კურნებაც ან საკუთარი თვალით ნახეს, ან თავიანთი მსტოვრების შესმენით იცოდნენ, - უეჭველია, რომ მათ კარგად უწყოდნენ განრღვეულის განმკურნავის ვინაობა. მაგრამ სავარაუდოა, რომ განკურნებულის სახით მათ სურდათ კანონიერი მოწმე შეეძინათ სინედრიონის წინაშე წარსადგენად. მათთვის მძიმედ სნეულის საკვირველი განკურნვის ფაქტი არაფერს ნიშნავდა, სჯულის დადგინების ზედმიწევნითი შესრულება კი - ყველაფერი იყო. თუმცა ყველაზე მაღლად მათთვის გაბოროტება და მტრობა იდგა უფლის მიმართ.
„ხოლო განკურნებულმან მან არა უწყოდა, ვინ არს, რამეთუ იესუ მიეფარა, რამეთუ ერი იყო ადგილსა მას. ამისსა შემდგომად პოვა იგი იესუ ტაძარსა მას შინა და ჰრქუა მას: აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ“ (მუხლები 13 და 14).
ახლა, როცა სხეულებრივი კაცი აღადგინა, უფალი თავიდან ირიდებს მადლიერებისა და სიხარულის გამოხატვას მისი მხრიდან მრავალრიცხოვანი ერის თანდასწრებით. მაგრამ განრღვეულის განკურნვა სრული არ არის: უფალს ნებავს სულიერი კურნებაც მოჰმადლოს მას. და აი, შემთხვევით როდი ხვდება ტაძარში, - ვკადნიერდებით ვიფიქროთ, რომ უფალი ეძებს განრღვეულს და ჰპოვებს კიდეც. აქ, წმიდა ადგილას აფრთხილებს განკურნებულს, რომ ოდენ ჩვეულებრივი სიჯანსაღე საკმარისი არ არის, რომ თვითონვე უნდა იზრუნოს თავისი სულის სიჯანსაღისათვისაც, და რომ ასეთი სულიერი სიმრთელე იმ თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, რომელიც ღმერთმა ადამიანს მოანიჭა. და უფლის შეწევნაც ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში იმას მოემადლება, ვინც თავადვე ეძიებს და ითხოვს მას. უფლის სიტყვებში - „აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაითა არა უძვირესი რაი-მე გეყოს შენ!“- ვხედავთ, რომ ამ კაცის 38 წლიანი უმძიმესი სნეულება შედეგი იყო მისი ცოდვებისა და სასჯელიც მათთვის. ამიტომაც ქრისტე აფრთხილებს მას - ნუღარ სცოდავო, რათა სხვა, კიდევ უფრო მძიმე სასჯელი არ ეწიოს მას, თუკი კვლავ თავის ცოდვებს მიეყიდება.
„წარვიდა კაცი იგი და უთხრა ჰურიათა მათ, ვითარმედ: იესუ არს, რომელმან განმკურნა მე“ (მუხლი 15).
განრღვეული იმის გამო მიუთითებს იესოზე სრნედრიონის წევრებს, რომ მკურნალზე მინიშნებით თავისი ნათქვამის სამართლიანობა, მართებულობა დაადასტუროს.
სავსებით შესაძლებელია, აგრეთვე, რომ, როგორც იოანე ოქროპირი აღნიშნავს, უფალ იესოს სახელის გამოცხადებით განკურნებულ განრღვეულს სურდა განედიდებინა თავისი კეთილისმყოფელის სახელი. თანაც იგი არაფერს ამბობს შაბათის დარღვევაზე და მხოლოდ თავის სასწაულებრივ განკურნვას მიუთითებს. „იესუ არს, რომელმან განმკურნა მე“. მას, ალბათ, ჰგონია, რომ ასეთი განცხადება საკმარისია უფლისადმი ყველა ადამიანის გულის მოსაქცევად.
II. რა სამოძღვრებო აზრები შეგვიძლია გამოვიტანოთ ჩვენს მიერ განხილულ სახარების საკითხავიდან? რა არის მასში განსაკუთრებულად შემაგონებელი ჩვენთვის?
ა) პირველი რამ, რაც ჩვენს ყურადღებას იპყრობს, არის უფლის ანგელოზის მრავალგზისი გარდამოსვლა საბანელზე, რის შემდეგაც ამღვრეული წყალი საკურნებელი თვისებისა ხდებოდა (მუხლი 4). ამით ის ჭეშმარიტება მტკიცდება, რომ ღმერთის ანგელოზები ზეგავლენას ახდენენ ადამიანთა ბედზე, შეაგონებენ, დამოძღვრავენ მათ ძნელ გარემოებებში და შეეწევიან უბედურებებში. და მართლაც, საღმრთო წერილი მრავალ მაგალითს წარმოგვიდგენს იმისას, რომ კეთილმსახურ და ღვთისმოშიშ ადმიანებს განსაკუთრებული სახით იფარავენ ანგელოზები. ანგელოზებმა გადაარჩინეს ლოტი და მისი სახლეული, როდესაც სოდომიდან გამოიყვანეს ისინი. ანგელოზი იფარავდა წინასწარმეტყველ ელიას იეზაბელის მხრიდან მისი სიცოცხლის ხელყოფისაგან. ანგელოზმა დაიცვა დანიელ წინასწარმეტყველი ლომების ხახისაგან. უფლის ანგელოზმა დაიცვა ცეცხლში დაწვისაგან სამი ყრმა ბაბილონის ღუმელში. ანგელოზმა გამოიყვანა საპყრობილედან მოციქული პეტრე და იხსნა იგი ჰეროდეს ხელით მოკვლისაგან. და მხოლოდ ცხოვრების განმავლობაში როდი იფარავენ ანგელოზები კეთილმსახურ ადამიანებს, არამედ სასიკვდილო სარეცელზეც აცილებენ მათ ყოველგვარ ბოროტ ზეგავლენას. მათი ნათელი ფრთები იფარავენ ადამიანის სულს სხეულისაგან გაყრისას; იცავენ უხილავი მტრებისაგან, რომელნიც ეძიებენ მის გატაცებას და ჯოჯოხეთის ქვესკნელში შთაგდებას; აცილებენ სულს საზვერეთა გავლისას, ღმერთის საყდრისაკენ წინა-უძღვებიან მას და მეოხ-მყოფლობენ მას უფლის წინაშე (ასე იქმს მფარველი ანგელოზი). და ანგელოზთა მფარველობის ქვეშ მხოლოდ კეთილმსახური ადამიანები კი არ იმყოფებიან, არამედ ცოდვილნიც. ღმერთი, რომელსა არა ნებავს სიკვდილი ცოდვილისაი, არასდროს არ სტოვებდა და არ სტოვებს ადამიანს თავისი მფარველობის გარეშე, დაე, თუნდაც თვით ცოდვილმა ადამიანმა ზურგიც აქციოს უფალ ღმერთს. მისი ყოვლადძლიერი მინიშნებით წმიდა ანგელოზები მარადის დაუძინრად იცავენ ცოდვილ ადამიანებსაც. ისინი ხშირად წარმოგვიდგენენ ჩვენ სხვადასხვა საშუალებებს გამოსასწორებლად, - ხან გვამხელენ ცოდვებში, ხან გვაფრთხილებენ ჩვენი ბოროტი მიდრეკილებების გამო, ხან ცხადად გვიჩვენებენ უკეთურთა წარწყმედას და ღმერთის რისხვას, და ხანაც, ბოლოს, მკაცრ, დამსჯელ ზომებს იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ. საჭიროა მხოლოდ, რომ ჩვენ თვითონვე არ განვაგდებდეთ ჩვენგან უფლის ანგელოზებს ჩვენი შთაფლვით უსჯულოებაში. რამეთუ წმიდა ბასილი დიდიც გვიმოწმებს: „როგორც კვამლი განაბნევს ფუტკრებს და მყრალი სუნი - მტრედებს, ამგვარადვე დიდად სატირალი და მყრალზე მყრალი ცოდვა განაგდებს ჩვენგან ჩვენი ცხოვრების მფარველებს“(„ევნომიუსის წინააღმდეგ“, წგ.9).
ბ) კვალად, ჩვენს ყურადღებას თვით სნეულიც იპყრობს - 38 წლის განმავლობაში მძიმე უძლურებაში მყოფი განრღვეული. მისი რწმენა ღმრთისა და სასოება მისი შეწევნისა გასაოცარია - ოცდათვრამეტი წლის ტანჯვამ და წარუმატებლობამ განკურნვის მცდელობაში ვერ შეარყია მასში ეს რწმენა და სასოება (მუხლი 5). მას სწამდა, იმედი ჰქონდა - და აკი მიიღო კიდეც თხოვილი. ამ მაგალითიდან უნდა ვისწავლოთ მოთმინებით გადატანა ყველა იმ ჭირისა და მწუხარებისა, რაც თავს დაგვატყდება. რა მძიმეც არ უნდა იყოს ისინი, რა დიდხანსაც არ უნდა გრძელდებოდნენ, გვწამდეს, რომ უფალს შეუძლია დაგვეხმაროს და ადრე იქნება თუ გვიან, შეგვიმსუბუქებს ტანჯვას, ოღონდ თუკი მისი მტკიცე რწმენა და მისი მოწყალების ურყევი სასოება გვექნება. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი ვერ დაიკვეხნის მოთმინებით წარუმატებლობათა დროს. ადამიანთა უმრავლესობა ისეთი სულმოკლეა, რომ სულ მცირე დაყოვნებასაც კი ლოცვით თხოვილის შესრულებაში შეუძლია სასოწარკვეთამდე მიიყვანოს ისინი. ამ შემთხვევაში ჩვენ სხეულით უძლურ იუდეველზე სუსტნი აღმოვჩნდებით ხოლმე: მას მხოლოდ სხეული ჰქონდა მოწყლული მძიმე სნეულებით, სული კი სრულიად ჯანსაღი შეენარჩუნებინა, ისე, რომ ყველაზე ამაღლებული სათნოებანი - რწმენა და სასოება კვლავაც ჰგიებდნენ მასმი, შეერთებულნი უდიდეს მოთმინებასთან, და ღირსეული ნაყოფიც გამოიღეს - სხეულებრივი უძლურების სასწაულებრივი განკურნვა მოჰმადლეს განრღვეულს უფლისაგან.
გ) კიდევ უფრო დამმოძღვრებელია ჩვენთვის თვით უფლის მაგალითი, რომელმაც განრღვეულის განკურნვაში მისდამი უდიდესი მოწყალება გამოავლინა (მუხლი 8). ჩვენი ღვთაებრივი მოძღვრის მაგალითით, რომელიც ყოველთვის უწვდიდა დახმარების ხელს უბედურთ და შეჭირვებულთ, ჩვენც გულმოწყალენი უნდა ვიყოთ ჩვენს მოყვასთადმი. ამისკენ აღგვძრავს არა მხოლოდ თანალმობის გრძნობა, არამედ საკუთარი კეთილდღეობის სურვილიც: ღმერთის სამსჯავროზე არ იქნება გამოვლენილი მოწყალება იმათ მიმართ, ვინც მოწყალე არ იყო ქვეყნიურ ცხოვრებაში თავისი ძმების მიმართ, რამეთუ ნათქვამია: „სასჯელი უწყალო არს მათთვის, რომელთა არა ყონ წყალობაი; იქადოდეთ წყალობასა სასჯელისასა“ (იაკ. 2,13). იმათ, ვისაც თანალმობის გრძნობა არ ჰქონიათ ღარიბ-გლახაკთადმი და უბედურთადმი, მრისხანე და სამართლიანი ზეციური მსაჯული ოდესმე ასე ეტყვის: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის, რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი, მწყუროდა, და არა მასუთ მე“ (მათე25,41-42). აი, ასე საშინელია უმოწყალობა: მისთვის გარდუვალია საუკუნო ნეტარების დაკარგვა. თუმცა გულსასტიკი ადამიანები ამქვეყნადაც მოკლებულნი არიან საღმრთო კურთხევას, რამეთუ მათ როდი ეკუთვნით ფსალმუნთმგალობლის დიდად მანუგეშებელი სიტყვები: „ნეტარ არს, რომელმან გულისხმაყოს გლახაკისა და დავრდომილისაი, დღესა ბოროტსა იხსნას იგი უფალმან. უფალმან დაიცვას იგი და აცხოვნოს იგი და სანატრელ ყოს იგი ქვეყანასა ზედა, და არა მისცეს იგი ხელთა მტერთა მისთასა. უფალი შეეწიოს მას ცხედარსა მას სალმობისა მისისასა“ (ფსალმ. 40,2-4).
დ) კვალად, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს უფალ იესო ქრისტეს მიერ განკურნებულისადმი ნათქვამი სიტყვები: „აჰა, ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაითა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ!“ (მუხლი 14). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ჩვენს სნეულებებსა და ცოდვებს შორის ისეთივე მჭიდრო კავშირი არსებობს, როგორიც მიზეზსა და შედეგს შორისაა. მართლაც, სანამ პირველმა ადამიანებმა - ადამმა და ევამ არ შესცოდეს - მანამდე ისინი სრულიად ჯანმრთელნი იყვნენ სულითაც და სხეულითაც. ხოლო როგორც კი დაარღვიეს უფლის მცნება, ურჩობა გამოავლინეს და შესცოდეს, უმალვე ამას სალმობა და სნეულებანი მოჰყვა. იგივე შეგვიძლია შევნიშნოთ ჩვენს აწინდელ ცხოვრებაშიც - ყველა მძიმე ცოდვას, განსაკუთრებით კი ხანგრძლივსა და გამუდმებულს, უსათუოდ მოსდევს მძიმე სნეულებაც. ცოდვას, ვითარცა საღმრთო სჯულის დარღვევას, სულ ერთია - ეს სხეულებრივ სფეროში იქნება, თუ სულიერ-ზნეობრივში, უსათუოდ დაჰყვება თან ბუნებრივი სიმწყობრის დარღვევა და მისი მუდმივნი თანმხლებნი - სნეულებები და ტანჯვა. როცა გვეცოდინება, თუ საიდან მომდინარეობენ ჩვენი სნეულებები, უფრო დაკვირვებულნი და ფრთხილნი ვიქნებით საკუთარი თავის მიმართ და ყოველი ღონით ვეცდებით აღარ შევცოდოთ, თავიდან ავიცილოთ ცოდვა, როგორც მიზეზი ჩვენი სხეულებრივი თუ სულიერი სნეულებებისა, უძლურებისა. ასეთი აღძვრა ცოდვისაგან განრიდებისა თითქოსდა თვით ჩვენს ბუნებაში ძევს, თვითგადარჩენის გრძნობაში, რომლის ძალითაც ჩვენ ბუნებრივად, გონების მხრიდან ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გავურბივართ ყოველივე იმას, რაც ჩვენს ჯანმრთელობას ანგრევს და რასაც სნეულება და ტანჯვა ახლავს. ხოლო ჩვენს თავს მოწევნულ სნეულებებში, პირველ ყოვლისა, სულიერი კურნება უნდა ვეძიოთ, - ცოდვათაგან განვიწმინდოთ სული, და მხოლოდ მაშინ, ჩვენი სნეულებების მიზეზის - ცოდვის მოტევებასთან ერთად სრული გამოჯანსაღება მოგვემადლება.
ე) მოხსენიებამ 38 წლის მანძილზე მძიმესნეულებაში მყოფის - განრღვეულის სასწაულებრივი განკურნვისა უფლის ოდენ ერთი სიტყვით უნდა განგვამტკიცოს ჩვენ ღმერთის ყოვლადძლიერების რწმენაში (მუხლები 8-9). უმძიმეს სნეულებათა და ჩვენი ცხოვრების, ერთი შეხედვით, უსაშველოდ შემაჭირვებელ და უიმედო გარემოებებში, ჩვენ არამც და არამც არ უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს, რომ იმედი გადაგვეწურა და აღარაფერი გვეშველება; რომ ჩვენი ცხოვრების გამოსწორება აღარ შეიძლება და გარემოებანი უკიდურეს ზღვრამდეა მისული; რომ სასო წარგვეკვეთა. არა და არა! როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენი მდგომარეობა სულის, სხეულისა თუ ცხოვრების გარემოებათა მიხედვით, ჩვენ უნდა შეგნებული გვქონდეს ჩვენი მძიმე მდგომარეობა, მაგრამ არ უნდა ვსულმოკლეობდეთ, არ ვჭმუნვარებდეთ და სასოს არ წარვიკვეთდეთ, არამედ უფრორე შევიგრძნობდეთ საკუთარ უღირსობას, უძლურებასა და არარაობას, და ამის გამო მით უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ უფლის წინაშე და შეწევნას ვევედრებოდეთ მას. იგი ხომ ყოვლად ძლიერია; მას ხომ ყოველივე ძალუძს. ჩვენ არ ვუწყით, როგორ განიკურნება უმძიმესი სნეულება, როგორ ნუგეშ-იცემა მწუხარება, ანდა როგორ გამოსწორდება ჩვენი ცხოვრების არეული გარემოებანი-მაგრამ თუკი ჩვენ ამის ღირსნი ვიქნებით და ყოვლადძლიერი ღმერთიც ინებებს, მას თავისი ნების ერთი მცირე მოძრაობით ძალუძს განკურნოს ჩვენ უმძაფრესი სნეულება, ნუგეში მოანიჭოს დამწუხრებულ, მგლოვარე სულს, მშვიდობიანად გამოგვიყვანოს ჩვენი ცხოვრების შემაჭირვებელ, მძიმე მდგომარეობათაგან. მას ყოველივე ძალუძს! მისთვის არაფერია საძნელო თუ შეუსრულებელი.
ვ) და ბოლოს, მაგალითი უფალ იესო ქრისტესი, რომელმაც შაბათ დღეს მოჰმადლა კურნება განრღვეულს (მუხლი 9), იმას გვასწავლის, რომ ჩვენც, აღვასრულებთ რა ღმერთის მცნებას, კეთილი საქმეებით უნდა განვიმშვენოთ თავი. საუფლო კვირა დღეებში და დღესასწაულებზე: ამ დღეებში უნდა მოვინახულოთ სნეულნი, პატიმარნი, ნუგეში ვცეთ მწუხარეთ, რამდენადაც ძალგვიძს შევუმსუბუქოთ ხვედრი, გაჭირვება ჩვენს მოყვასთ სადიდებლად იმისა, ვინც საკუთარი თავი სრულად გაიღო და შემოგვწირა ჯვარზე ჩვენი ცხოვნებისათვის.
მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე