„14. (თქუა უფალმან) უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. 15. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი. 16. და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. 17. ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, 18. რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ. 19. ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. 20. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. 21. რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.“ |
I. განგვამზადებს რა ქრისტიანებს მარხვისა და სინანულის ღვაწლისათვის, ეკლესია აწინდელი სახარების საკითხავით მიგვითითებს ზოგიერთ მეტად მნიშვნელოვან და აუცილებელ პირობებს, საჭიროთ ქრისტიანისათვის, რათა მარხვის ღვაწლი კეთილმოქმედი და ნაყოფიერი იყოს მისთვის.
„უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, - ასე იწყება ამ დღის საკითხავი, - მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“ (მუხლები 14-15).
საშინელიცაა ეს სიტყვები და მანუგეშებელიც; მათში მსჯავრიც არის და მოწყალებაც, სიმართლეც და სიყვარულიც! მართლაც, აბა, რომელი სული არ აღივსება შიშით, - თუკი მას საბოლოოდ არ დაუკარგავს ღმერთის რწმენა, - და არ შეძრწუნდება ოდენ ფიქრით მასზედ, რომ მისი ცოდვები და უსჯულოებანი არ იქნება შენდობილი; რომ ღმერთის უცვალებელი, საუკუნო სამსჯავრო მარადიული ტანჯვისა და წარწყმედისათვის განიკითხავს მას? მაგრამ, აი, ყოვლად მოწყალე ზეციური მამა, იმისათვის, რომ დაამშვიდოს ცოდვილთა შეშფოთებული სინდისი და იმედი მოანიჭოს სასოწარკვეთილთ, განუცხადებს მათ, რომ ყველა ცოდვა და უსჯულოება, რა დიდიც არ უნდა იყოს ისინი, შეენდობათ მათ, თუკი ისინი, თავის მხრივ, შეუნდობენ თავიანთ მოყვასთ მათს შეცოდებებს, ანუ, თუკი დაივიწყებენ ყველა წყენასა და უჯერო საქციელს, აღსრულებულთ მათს წინააღმდეგ. რა შეიძლება იყოს ამაზე ადვილი და მოსახერხებელი იმ ადამიანისათვის, ვისაც გულწრფელად სურს ცოდვათა შენდობის მიღება და ცათა სასუფევლის დამკვიდრება?
მაგრამ რატომ არ შეუნდობს უფალი ცოდვებს მათ, ვინც თავად არ პატიობს სხვებს? იმიტომ, რომ ვინც სხვებს არ პატიობს, მას, მაშასადამე, არა აქვს შეგნებული თავისი ცოდვიანობა ღმერთის წინაშე და ამიტომ არც იმსახურებს შენდობას მისგან, მით უმეტეს, რომ ადამიანთა შეცოდებანი ერთმანეთის მიმართ მეტად კნინი, წვრილმანი და უმნიშვნელოა მათს ცოდვებთან შედარებით ღმერთის წინაშე, - იმდენად კნინი და უმნიშვნელო, რამდენადაც ადამიანია უმნიშვნელო ღმერთის უსაზღვრო დიდებულებასთან შედარებით. ეს შესანიშნავად გვიჩვენა უფალმა იესო ქრისტემ იგავში უმოწყალო მოვალის შესახებ. გარდა ამისა, სხვათა არმპატიებელი ადამიანი ბოროტი აღმოჩნდება ხოლმე და ამის გამო თავადვე განაშორებს თავს ღმერთის სახიერებისა და მოწყალებისაგან. ამიტომ არა მხოლოდ ღმერთი მოაკლებს თავის სახიერებას ბოროტ ადამიანებს, არამედ ჩვენც არა ვართ ხოლმე კეთილგანწყობილნი ჩვენი გაბოროტებული თანამოძმეებისადმი.
„და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი“ (მუხლი 16).
ორგულთა ქვეშ აქ ფარისევლები იგულისხმებიან, რომელთა პირმოთნეობა და ორგულობა თვალსაჩინოდ იყო გამოხატული, ისინი მზად იყვნენ ნებისმიერი ხრიკისათვის მიემართათ, ოღონდ კი უგულებელ-ეყოთ საღმრთო სჯული, როცა იგი არ ეთანხმებოდა მათ ინტერესებსა და განზრახვებს. ამის ყველაზე საოცარი მაგალითი არის ხერხი, რომლითაც ფარისევლები ითავისუფლებდნენ თავს თავიანთ მიერვე დადგენილი ვალდებულებისაგან - არ გაევლოთ შაბათ დღეს 2000 წყრთაზე მეტი.
ფარისეველთ ჩვეულება ჰქონდათ სისიტიებზე, ანუ ყოველდღიურ საერთო პატარა წვეულებებზე შეკრებილიყვნენ, რომლებსაც ისინი ყველაზე მკაცრი პირობებით აწყობდნენ და ყოველმხრივ ამსგავსებდნენ სამღვდელმსახურო სერობებს. მაგრამ რადგანაც მათი სახლები ხშირად 2000 წყრთაზე მეტი მანძილით იყო დაშორებული შეკრების ადგილს და რაკი ტვირთის ტარება შაბათ დღეს მკაცრად იყო აკრძალული (ნეემია 13,15; იერემია 17,21; გამოსვლ. 16,29), ამიტომ მათ, ხსენებული ხერხი რომ არ ეხმარათ, უარის თქმა მოუწევდათ საერთო წვეულებებზე სწორედ იმ დღეს, როცა ეს ყველაზე მეტად უყვარდათ. და სწორედ ეს ხერხი ალახვინებდათ მათ ამ დაბრკოლებას:
შაბათის წინა საღამოს ისინი მცირეოდენ სანოვაგეს აწყობდნენ 2000 წყრთის მოშორებით თავიანთი სახლიდან და ამით ერთგვარ სახლს იწყობდნენ: ამ მოჩვენებითი სახლიდან კი კიდევ 2000 წყრთის მანძილის გავლა შეიძლებოდა საერთო შეკრების ადგილამდე, რითაც ისინი თავს ნებას აძლევდნენ დადგენილზე ორჯერ მეტი მანძილი გაევლოთ. ასეთი პირმოთნე ოინი მათ მიერ იწოდებოდა „ერუბ“-ად, ანუ „ადგილთა შეხამებად“, „გადანაცვლებად“, და იგი დღემდე ცნობილია იუდეველთა შორის.
სადუკევლებიც ასევე გვერდს უვლიდნენ ხოლმე ამგვარ დაბრკოლებებს, ოღონდ კიდევ უფრო გაბედული ხერხებით, არა ისეთი საცოდავით, როგორსაც ფარისევლები მიმართავდნენ. ისინი გულდამშვიდებულნი აცხადებდნენ, რომ, თითქოს, მათი სადილები სატაძრო მსახურების გაგრძელება იყო და ამიტომ სწორედ მათ მიმართ შეიძლებოდა სჯულის იმ დადგენილების გამოყენება, რომელიც განაწესებდა - „არა არს შაბათი ტაძარსა შინა“-ო.
ამგვარი მაგალითების მოხმობა მრავლად შეიძლება. მაგალითად, თუკი იუდეველს ხარი უკვდება, მას შეუძლია წმიდა დღესაც - შაბათს დაჰკლას იგი, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი ხორცის მცირე, ზეთისხილის ნაყოფისხელა ნაჭერს შეჭამს, რათა აჩვენოს, რომ ხარი დაკლულ იქნა აუცილებელი საზრდოობისათვის. ანდა: თუკი იუდეველს რაიმე ისეთის ყიდვა ესაჭიროება, რაც წონით ან საწყაოთი იყიდება, მას ამის გაკეთება წმიდა დღესაც - შაბათსაც შეუძლია, ოღონდ ფული მომდევნო დღეს უნდა გადაიხადოს და ყიდვისას არ ახსენოს საყიდი საგნის წონა თუ საწყაო. მას შეუძლია შაბათ დღეს ყასაბისგან ხორციც იყიდოს, ოღონდ არ უნდა უთხრას - ამდენი ფულის ხორცი ამიწონეო, არამედ, ამის ნაცვლად, უნდა თქვას - „მომეცი მე ერთი ულუფა, ანდა ულუფის ნახევარი“-ო, და ამასთან ფულიც მომდევნო დღეს გადაუხადოს. და განა შეიძლება, რა დიდსულოვანნი და შემწყნარებელნიც არ უნდა ვიყოთ, სჯულის საწინააღმდეგო ქმედებებად არ ჩავთვალოთ ყოველივე ეს, ისეთი ქმედებებად, რომლებიც მოგონიილია ორგული, ურწმუნო ადამიანების მიერ ღმერთისა და ადამიანთა მოტყუების მიზნით (თუმცა ამით ისინი მხოლოდ საკუთარ თავს იტყუებენ!)? და განა მეტისმეტად მკაცრი სიტყვაა „ორგული“, „პირმოთნე“ მათ მიმართ, ვინც ამგვარი ხრიკები წმიდა წეს-ჩვეულებების სიმაღლემდე აღიყვანა და ვინც, ვითომცდა ზედმიწევნითი გარეგნული დაცვით სჯულის დადინებებისა, ღრმად სცოდავდა მისი სულისკვეთების წინააღმდეგ?!
მეორე ამგვარივე მაგალითი საინტერესოა ჩვენთვის იმ ხერხის გამო, რომელსაც სჯულის მოძღვარი ფარისეველნი იყენებდნენ შაბათის წლის მიმართ. ქრისტემდეც და მისი ქვეყნიური ცხოვრების დროსაც გვერდს უვლიდნენ სჯულის განწესებას ვალების პატიების შესახებ იმით, რომ სასახელო საქმედ უთვლიდნენ მოვალეს, თუკი იგი თავად არ ისარგებლებდა მოსეს დადგენილებით და აბრუნებდა თავის მიერ აღებულ ვალებს, მიუხედავად შაბათის წლისა. მაგრამ იმისთვის, რომ აშკარად არ შეწინააღმდეგებოდნენ სჯულს, ამ ბრძენკაცებმა შემდეგ ხერხს მიმართეს: მათ დაადგინეს, რომ როცა მოვალე ვალს უბრუნებდა მევალეს შაბათის წელს, ამ უკანასკნელს ხმამაღლა უნდა წარმოეთქვა: „თანახმად შაბათის წლისა მე შენ გპატიობ ვალს!“, რაზეც მოვალეს უნდა მიეგო: „მე მაინც მსურს დაგიბრუნო იგი“, რის შემდეგაც მევალე ფულს იღებდა მისგან. მათლაც რომ, გონებამახვილური ხერხია; მაგრამ განა შეიძლება იგი მისაღები იყოს იმ ადამიანთათვის, რომელნიც განაცხადებდნენ დიდ გულმოდგინებასა და უსაზღვრო ერთგულებას მოსეს სჯულისდების ყოველი დებულებისადმი, სიტყვისადმი და თითოეულ ასოსადმი? შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ სჯულის გვერდით ასავლელი ყველა ეს ხრიკები ცრუ დებულების აღიარებით იყო განპირობებული, არა ბოროტი განზრახვით. მაგრამ სისტემატური ორგულობისა და პირმოთნეობის სამარცხვინო დადასტურებას წარმოადგენს ის რჩევა-დარიგება, რომელსაც რაბინი ილა აძლევს ავხორცობის საცთურით ვნებულ იუდეველებს; ეს თალმუდის ორ ადგილას გვხვდება. ჩვენ არ შეგვიძლია მათი სიტყვა-სიტყვით მოყვანა, ხოლო შინაარსი ამ რაბინისეული რჩევებისა შემდეგია: სიძვა-მრუშების ცოდვა დასაშვებია, თუკი იგი კარგად იქნება დაფარული! რაბინის სხვა რჩევა-დარიგება ცოლ-ქმრის გაყრას შეეხება და ასეთივე დახვეწილ პირმოთნეობას, ორგულებას შეიცავს, ასეთივე ცინიკურ შეღავათს: „კაცი არ უნდა დაქორინდეს ქალზე იმ განზრახვით, რომ გაეყრება მას; მაგრამ თუკი ის წინასწარ განუცხადებს ქალს, რომ მხოლოდ დროებით ქორწინდება მასზე, მაშინ განქორწინება ნებადართულია“.
კვალად, მიუხედავად განცხადებებისა წმიდა წერილისადმი უსაზღვრო მოწიწების შესახებ, მისი განმარტებების ბევრი სქემა - ჰემატრიოსისა, ნოტარიკონისა და სხვათა, - მიმართული იყო იმ ფაქტებისა და მნიშვნელობების გვერდის ავლისაკენ, რომლებიც არ შეესიტყვებოდა, არ უპასუხებდა ფარისეველთა შეხედულებებს და არასასურველი იყო მათთვის. ამის მაგალითი მრავლადაა 70-თა ბერძნულ თარგმანში - სეპტუაგინტაში - თუკი მას ე.წ. თარგუმებს, - ფარისეველთამიერ ახსნა-განმარტებებს შევუჯერებთ. მაგალითად, იმით უკმაყოფილო, რომ მოსე ეთიოპელ ქალზე დაქორწინდა („ცოლი ჰინდოი მოიყვანა“ - რიცხვთა 12,1), იონათანი სიტყვას „ყუშიტი“ - „ცოლი“ თარგმნის სიტყვით „პირმშვენიერი“. შამაი, გილელის გონებაშეზღუდული მეტოქე, იმდენად ზედმიწევნით ცდილობდა სჯულის დადგენილებათა გარეგან აღსრულებას, რომ ლამის შიმშილით სული ამოხადა თავის ძეს განწმენდის დღეს და თავისი რძალის საწოლზე კარვის მსგავსი რამ მოაწყო, რათა მის ახლადშობილ შვილიშვილს - ძის ძეს - ჯეროვანი სახით აღენიშნა კარვობის დღესასწაული (II,9). ამავე დროს სწორედ მის შესახებ არის ნაუწყები, რომ ეს კაცი მეტად თავმოყვარე და ფუფუნების მოტრფიალე იყო. რამეთუ ცოდვილი და ურწმუნო ადამიანებისათვის უფრო ადვილია სჯულის დადგინებათა გარეგანი ზუსტი შესრულება, ვიდრე კეთილმსახურად ცხოვრება. მათ, ვინც გაკადნიერდება თქვას, რომ მაცხოვარი მეტისმეტად მკაცრია ფარისეველთა მიმართ, უნდა ახსოვდეთ მეფე ალექსანდრე იანეოსის სიტყვები მასზედ, რომ „ჭეშმარიტი ფარისეველი ის იყო, ვისაც ხაზვეს როლის თამაში და ფინესის ჯილდოს მიღება სურდა“.
დიახ, ფარისეველნი მარხულობდნენ, მაგრამ იმავე დროს კვლავაც ძარცვავდნენ ქვრივ-ობოლთა სახლებს; გარეგნულად მარხვას ინახავდნენ, მაგრამ უარს არ ამბობდნენ თავიანთ ამპარტავნებაზე, რომლის ძალითაც თავს რჩეულ და სხვებზე აღმატებულ ადამიანებად, მართალ მორწმუნეებად თვლიდნენ, ყველა დანარჩენს კი - მტაცებლებად, უკეთურებად და მემრუშეებად; მარხულობდნენ, მაგრამ არათუ მშვიდნი ხდებოდნენ, არამედ, პირიქით, დღითი დღე სულ უფრო განძვინდებოდნენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს უმოწყალო სიძულვილსა და გაბოროტებაში და დაუოკებელი სურვილით იწვოდნენ მოეკლათ ეს ღვთაებრივი მქადაგებელი და მათი უმართლობის მამხილებელი; დიახ, ფარისეველნი მარხულობდნენ, მაგრამ მათი მარხვა სხეულს არ სცილდებოდა და სულიერს არ ეხებოდა, ანდა, უფრო სწორად, მათ მარხვას გარკვეული, საგანგებო მიზანი ჰქონდა - ყველაზე მიწიური და უხეში, ყველაზე ანგარებითი და თავისმოყვარე, „რაითა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად“. და განა უმჯობესი არ იქნებოდა, თუკი სულ არ იმარხულებდნენ?!
მაგრამ ამგვარადვე იქცევიან დღესაც ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მარხულობენ, რომ განსაზღვრულ დღეებში ასეა დადგენილი ეკლესიის მიერ და ამას მოითხოვს ყველასგან აღიარებული ჩვეულება, და ამავე დროს სულ არ ფიქრობენ საკუთარი გულის განწმენდას გაბოროტებისაგან და სიძულვილისაგან თავიანთი მტრებისადმი, შურისაგან სხვების ბედნიერებისადმი, ამპარტავნებისა და მზვაობრობისაგან იმ ადამიანთა წინაშე, რომელთაც არა აქვთ მათნაირი ღირსებანი და თვისებანი; ანგარებისა და სიხარბისაგან, როცა ყოველთვის მზად არიან მოატყუონ მოყვასი ყიდვა-გაყიდვის საქმეებში, ურთიერთშეთანხმებაში, გარიგებებსა და ვალდებულებებში. ასეთ მარხვაში არ არის გულწრფელობა, განზრახვის სიწმიდე. არა, თუ მარხვას ვინახავთ, ოდენ გარეგანი წეს-ჩვეულებების დასაცავად კი არ უნდა ვიმარხულოთ, არა მხოლოდ დადგენილი წესისა და ზრდილოებისათვის, არა იმისათვის, რომ კეთილმსახურების სახედ გამოვჩნდეთ, მოკლებულისა მის შინაგან ძალას, არამედ იმისათვის, რომ ზეციური მამის წყალობა და კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმ გზით ხდება, რომელზეც დგომით ჩვენ სრულიად უარვყოფთ და განვიშორებთ თავისგან ყველა ჩვენს ვნებასა და გულისთქმას. მართალია, მარხვის ღვაწლი ამქვეყნად აღესრულება, მაგრამ მისი მიზანი ქვეყნიური კი არა, ზეციურია: „და მამაი შენი, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“ - დიდსა მას დღესა ყოველთადმი და თითოეულისადმი საზღაურის მიგებისა!