დიდმარხვის მეხუთე კვირა

სახარება მარკოზისაგან (10, 32-45)

„32. და (მას ჟამსა შინა) იყვნეს გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალჱმდ; და იესუ წინა-უძღოდა მათ, და დაუკჳრდებოდა მოწაფეთა. ხოლო იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა. და წარმოიყვანნა კუალად ათორმეტნი იგი და იწყო თხრობად მათა მერმისა მისთჳს, რომელი შემთხუევად იყო მისა, 33. ვითარმედ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ და მისცენ იგი წარმართთა; 34. და ეკიცხევდენ მას და ტანჯონ იგი და ჰნერწყუვიდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. 35. და მოვიდეს მისა იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, და ჰრქუს: მოძღუარ, გუნებავს, რაჲთა რომელი გთხოოთ, მიყო ჩუენ. 36. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჲ გნებავს ჩემგან, რაჲთა გიყო თქუენ? 37. ხოლო მათ ჰრქუეს მას: მომეც ჩუენ, რაჲთა ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა. 38. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ. ძალ-გიცა სასუმელსა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად, და ნათლის-ღებასა, რომელსა მე ნათელ-ვიღებ, ნათლისღებად? 39. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ძალ-გჳც. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: სასუმელი სამე, რომელსა მე ვსუამ, სუათ, და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ. 40. ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს. 41. და ესმა რაჲ ესე ათთა მათ, იწყეს რისხვად იაკობისა და იოვანესა. 42. ხოლო იესუ მოუწოდა და ჰრქუა მათ: უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდ-დიდნი მათნი ჴელმწიფებედ მათ ზედა? 43. ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის. არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფაჲ თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ; 44. და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა. 45. და რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთა.“

I. აწინდელი კვირის სახარება შეიცავს წინასწარმეტყველებას უფალ იესო ქრისტეს ვნების შესახებ, ზებედეს ძეთა თხოვნას პირველობისათვის ცათა სასუფეველში და უფლის პასუხს მათდამი და აღშფოთებული დანარჩენი ათი მოციქულისადმი. უფალ იესოს ამ წინასწარმეტყველებაში გაცხადებულია ყველა მისი ტანჯვა, სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა მესამე დღეს; იოანესა და იაკობის თხოვნამ გამოიწვია უფლის პასუხი, რომლიდანაც ჩვენ ვიგებთ, თუ ვინ არის ღირსი ცათა სასუფევლისა; ხოლო აღშფოთებული მოციქულებისადმი მიმართულმა უფლის სიტყვებმა წარმოგვიჩინეს ის საშუალებას, რომლითაც ქრისტეს თითოეულ მორწმუნეს ძალუძს ჭეშმარიტი დიდებისა და სიწმიდის ხარისხს მიაღწიოს. აწ დაწვრილებით განვიხილოთ სახარების დღევანდელი საკითხავი.

„და (მას ჟამსა შინა) იყვნეს გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალჱმდ; და იესუ წინა-უძღოდა მათ, და დაუკჳრდებოდა მოწაფეთა. ხოლო იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა. და წარმოიყვანნა კუალად ათორმეტნი იგი და იწყო თხრობად მათა მერმისა მისთჳს, რომელი შემთხუევად იყო მისა“ (მუხლი 32).

მაცხოვარი საუბარს იწყებს თავისი ტანჯვის, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ, რაც მას ახლო მომავალში მოელის. როგორც სახარებისმიერი ისტორია გვიჩვენებს, ეს ჭეშმარიტება უკვე ცნობილი იყო მოციქულებისათვის. მაცხოვარს არაერთგზის უთქვამს მათთვის თავისი მეუფების განსხვავების შესახებ ჩვეულებრივი ქვეყნიური მეფობისაგან და არაერთგზისვე შეუხსენებია მათთვის, რომ კაცის ძისათვის, ანუ თვით უფალი ქრისტესათვის „ჯერ-არს ფრიად ვნებაი და შეურაცხ-ყოფად მოხუცებულთაგან და მღდელთ-მოძღვართაგან და მწიგნობართაგან და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად“ (მარკოზი 8,31; 9,31). მაგრამ მოწაფენი ან შეძრწუნდებოდნენ მისი სიტყვებისგან, ან „უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას და ეშინოდა კითხვად მისა“ (მარკ. 9,32), ანდა შეცბუნებულნი ეუბნებოდნენ: უფალო, ნუმც აღსრულდება ესე შენ ზედაო. ამჯერად კი, რადგან უკვე ახლოვდებოდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულების დრო, მაცხოვარმა კეთილად ინება კვლავაც ეუწყებინა თავისი მოწაფეებისათვის ის, რაც მას უნდა შემთხვეოდა, - ეუწყებინა იმისათვის, რომ მათ, თავიანთი უფლის ტანჯვისა და სიკვდილის ხილვისას, არ ეფიქრათ, რომ ეს უნებლიეთ, შემთხვევით მოხდა, და ამის გამო უნუგეშო მწუხარებასა და სასოწარკვეთას არ მისცემოდნენ. მაგრამ მოციქულთა სულებმა, ჯერეთ განუწმენდავებმა სულიწმიდის მადლით, უწინდებურადვე ვერ შეიმეცნეს ჯეროვანი სახით თავიანთი მოძღვრის სიტყვები.

„ვითარმედ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ და მისცენ იგი წარმართთა; და ეკიცხევდენ მას და ტანჯონ იგი და ჰნერწყუვიდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს“ (მუხლები 33-34).

უფლის სიტყვები ჭეშმარიტად წინასწარმეტყველებას შეიცავენ, ანუ ისეთი მოვლენების წინასწარ თქმას, რომელთა წინასწარჭვრეტა და წინასწარმეტყველება შეუძლებელი იქნებოდა ადამიანური გონების მოსაზრებით. უფლის ამ წინასწარმეტყველებაში გაცხადებულია იესო ქრისტეს მაცხოვნებელ ვნებათა მთელი რიგი. მასში ნათქვამია: ძე კაცისაი მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართაო.

მღველთ-მოძღვრად, ანუ მღვდელმთავრად იწოდებოდა უხუცესი პირი აარონის ჩამომავლობის უხუცესი გვარიდან, რომელიც სულ ცოტა სამოქალაქო სრულწლოვანებას, ანუ ოცი წლის ასაკს უნდა ყოფილიყო მიღწეული. უბრალო მღვდელმსახურთა ყველა განმასხვავებელი ნიშან-თვისება და მოვალეობა თანაბრად ეკუთვნოდა მღვდელმთმოძღვარსაც, ოღონდ მისი, როგორც პირველმღვდელმთავრის, ღირსებისათვის შესაბამისი ზოგიერთი დანამატით. მას უფლება არ ჰქონდა ქვრივი ქალი შეერთო ცოლად; თავი გაეშიშვლებინა ანდა შესამოსელი დაეპო მწუხარების ნიშნად, არც თავისი ყველაზე ახლობელი გარდაცვლილი ადამიანები დაეტირა. ამ წოდებაში კურთხევა აღინიშნებოდა უხვი გადაღვრით მომავალი მღვდელმთავრის თავზე მოსეს მიერ შექმნილი და მას შემდეგ სჯულის კიდობანში დაცული მირონისა (ლევიტ. 7,12), და სჯულის ძალით ყოველ ახალ პირზე, ვინც ამ წოდებაში იკურთხებოდა, კვლავ და კვლავ განახლდებოდა (გამოსვლ. 29,29-30). მხოლოდ განწმენდის დღეს ატარებდა დიდი მღვდელმთავარი უბრალო სამღვდელო შესამოსელთ; მთელი სხვა დროს განმავლობაში კი ამ შესამოსელთ ემატებოდა ოთხი სხვაც: 1. ზედა შესამოსელი, ნაქსოვი სუმბულისფერი მატყლისაგა, გრძელი, მრგვალი, უსახელებო, შემკული ამეთვისტოებით, ქვემოთ მოოჭვილი მრავალფერი ფესვედით და ოქროს პატარა ეჟვნებით; 2. ორმაგი ქსოვილისაგან შემდგარი ეფოდი, ოქროს, ბისონისა და სუმბულის, ძოწის და მეწამულისფერი მატყლისაგან ნაქსოვთაგან, რომლებიც ზემოთ შეერთებული იყო შესაკვრელით - მათზე - ორ ქვაზე ბრწყინავდა ისრაელის ტომთა სახელები, ხოლო ქვემოთ მიმაგრებულნი სარტყელებით; 3. სამკერდე (გულსაკიდი), ანუ სამსჯავრო სიტყვა - მომცრო ორმაგი ქსოვილი, ზემოხსენებულის მსგავსი, რომელიც მკერდზე პირველისაგან დარჩენილ ადგილს იკავებდა და შემკული იყო თორმეტი სხვადასხვაგვარი ძვირფასი ქვით, რომლებზეც ასევე იყო დაწერილი ისრაელის ძეთა (თორმეტი ტომის მამამთავართა) სახელები, და მიმაგრებული იყო ეფოდზე ოქროს რგოლების, ძეწკვებისა და სუმბულისფერი ზონრებით; 4. ოქროს პატარა დაფა, რომელზეც გამოსახული იყო შემდეგი სიტყვები: „სიწმიდე - უფალს!“, და რომელიც კიდარის - მღვდელმთავრის თავსაბურავის წინა ნაწილზე მაგრდებოდა სუმბულისფერი სარტყელით. ამ სიტყვებს ემატებოდათ საიდუმლოებით მოცული სიტყვები: „ურიმ“ და „ტუმიმ“, რაც ნიშნავს „სინათლეთ“ და „სრულყოფილებათ“, მაგრამ ამჟამად საეჭვოა, განსაკუთრებულ სამკაულს გამოხატავენ ეს სიტყვები მოსესთან, თუ მხოლოდ გულსაკიდის თვისებას. როგორც არ უნდა იყოს, დიდ მღვდელმთავარს თავის სრულ შესამოსელში მყოფს, შეეძლო პასუხი მიეცა შემკითხველისათვის ღმერთის ნების შესახებ, და, ალბათ, ზეპირად, ხმამაღლა წარმოთქვამდა ამ პასუხს ზეგარდამო მინიჭებული შთაგონებით. მღვდელმთავრის სხვა უპირატესობას შეადგენდა ის, რომ მას უფლება ჰქონდა მღვდელმოქმედებანი განეგო და წელიწადში ერთხელ წმიდათა წმიდაში შესულიყო განწმენდის სისხლით. ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების დროს ბევრი ასეთი მღვდელმთავარი ყოფილა, რადგან ისინი, იოსებ ფლავიუსის მოწმობით ხშირად იცვლებოდნენ, და ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა ამ თანამდებობაზე და წოდებაში მყოფი პირის მღვდელმთავრობისას კვლავაც ცოცხალნი ყოფილან ერთი ან რამდენიმე ყოფილი მღვდელმთავარი, და ყველა ისინიც ასევე მღვდელთმოძღვრებად იწოდებოდნენ. გარდა ამისა, ასევე მღველთმოძღვრებად იწოდებოდნენ ყოველი რიგის (ჯერის) პირველი მღვდლები (ამგვარ რიგებად დაჰყო ყველა მღვდელმსახური წმიდა მეფე დავითმა - I ნეშტთა 23,6,24; II ნეშტთა 8,14; 29,25; I ეზრა 8,24), ზოგჯერ კი - უბრალო მღვდლებიც, რომლებიც ცნობილ, წარჩინებულ გვარს განეკუთვნებოდნენ, რადგან უსათუოდ სწორედ ამ გვარის წარმომადგენელთა ხელში იყო პირველმღვდელმთავრობის ღირსება და ერთი ხელიდან მეორეში გადადიოდა გვარის შიგნით.

იუდამ მართლაც გასცა იესო და მღვდელთმოძღვრებსა და მწიგნობართ შეაპყრობინა, რის შემდეგაც ქრისტე განსაჯა მღვდელმთავართა და მწიგნობართა კრებულმა და სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა. მაგრამ რადგანაც იმ ხანებში თვით იუდეველებს უფლება არ ჰქონდათ ვინმე სიკვდილით დაესაჯათ, ამიტომ უფალი იესო წარმართთა - რომაელთა სამსჯავროს გადასცეს, რომელიც სახარებაში პრეტორიად იწოდება, ანუ რომაელთა მიერ დანიშნულ მმართველს - პილატეს გადასცეს. ეს გარემოება ნაწინაწარმეტყველებია უფლის შემდეგი სიტყვებით: „და მისცენ იგი (ძე კაცისაჲ) წარმართთა“. შემდეგ ნათქვამია: „და ეკიცხვიდენ მას და ტანჯონ და ჰნერწყუვიდენ მას“. ეს ყოველივე მაშინ აღსრულდა, როცა იესო მღვდელთმთავართა მსახურებმა შეიპყრეს გეთსიმანიის ბაღში და ერთი მღვდელმთმოძღვრიდან მეორესთან დაატარებდნენ განსასჯელად როგორც ბოროტმოქმედს; გინებულ და შეურაცხყოფილ იქნა სინადრიონსა და პრეტორიაში: მას პირისახეში აფურთხებდნენ, ყვრიმალს სცემდნენ, ჰგვემდნენ, ეკლის გვირგვინით მოსწყლავდნენ, და ბოლოს ჯვარიც აჰკიდეს - სიკვდილით დასჯის იარაღი და იმ ადგილისაკენ წაიყვანეს, სადაც უნდა მოეკლათ. უფალმა თქვა: „და მოკლან იგი და მესამესა დღესა აღდგეს“. უფალი ჯვარს მიამსჭვალეს და ასე მოკლეს; მაგრამ მან, ვითარცა მეუფემ სიცოცხლისა, დაამსხვრია სიკვდილის ბორკილები, „რამეთუ ვერ შესაძლებელ იყო დაყენებაჲ მისი მის მიერ (უფლისა სიკვდილის მიერ)“ (საქმე მოციქ. 2,24), და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით დამტკიცებად თავისი ძლევისა სიკვდილსა და ჯოჯოხეთზე. ამრიგად, უფალმა, ეს უკვე, მესამედ - ყველაზე სრულად, ყველაზე ცხადად, ყველაზე შესაზარი სიზუსტით უთხრა მოწაფეებს, რომ იგი მღვდელმთავართა და მწიგნობართა ხელთ მიეცემა, სასიკვდილოდ განისჯება მათ მიერ ად წარმართების ხელთ იქნება გადაცემული, რომლებიც აწამებენ, შეურაცხყოფენ მას. და ბოლოს, ამჯერად - პირველად, გაუმხილა მათ ყველაზე თავზარდამცემი ამბავი - რომ მას ჯვარს აცვამენ, მოკლავენ, მაგრამ მესამე დღეს, - დასძინა უფალმა, - მკვდრეთით აღდგებაო. თუმცა მიუხედავად ასეთი ცხადი წინასწარმეტყველებისა, მოწაფეთა გულნი იმდენად განემსჭვალა ქვეყნიურ იმედებს, დაკავშირებულთ მესიის ცრუ-იუდაურ, ფარისეველთა და მწიგნობართამიერ გაგებასთან, რომ ისინი გატაცებულნი იყვნენ აზრით, რომ აი, სულ მალე დამკვიდრდება ღმერთის მეუფება მთელი მისი ბრწყინვალებით, ხოლო ყველა საშინელი წინასწარმეტყველება გვერდით ჩაუვლით, ვითარცა ნიავი, - რომ ახლა ჯერ არ ძალ-ედვათ იესოს სიტყვების ჯეროვანი გაგება და გულისხმის-ყოფა.

არაფერი ისე საოცრად არ გამოხატავდა მოციქულთა მოუმზადებლობას შეეთვისებინათ ქრისტეს მიერ მათდა უწყებული წინასწარმეტყველება მისი მომავალი ვნების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ, როგორც მაშინვე, უფლის ამ სიტყვების კვალად ზებედეს ძეთა დედის - სალომეას სრულიად უადგილო თხოვნა იოანესა და იაკობის შესახებ.

ეს შემთხვევა ორ მახარებელს აქვს აღწერილი. წმიდა მათე მოგვითხრობს, რომ „მაშინ მოუხდა იესუს დედაჲ ძეთა ზებედესთა ძეთა მისთა თანა, თაყვანის-სცემდა მას და ითხოვდა რასმე მისგან. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: რაჲ გნებავს? ჰრქუა მან: თქუ, რაჲთა დასხდნენ ორნი ესე ძენი ჩემნი ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა სასუფეველსა შენსა“ (მათე 20,20-21).

წმიდა მახარებელი მარკოზი კი ამბობს, რომ:

და მოვიდეს მისა იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, და ჰრქუს: მოძღუარ, გუნებავს, რაჲთა რომელი გთხოოთ, მიყო ჩუენ. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჲ გნებავს ჩემგან, რაჲთა გიყო თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს მას: მომეც ჩუენ, რაჲთა ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა“ (მუხლები 35-37).

მახარებელთა ორივე ეს მონათხრობი სამართლიანია, მართებულია, - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი. - ზებედეს ძეებმა თავიანთი დედაც მიიყვანეს იესოსთან, რათა თავიანთი თხოვნისათვის მეტი ძალა მიენიჭებინათ და დედის მიერ დაეყოლიებინათ ქრისტე. ხოლო ის, რომ ეს თხოვნა სწორედ მათი იყო და რომ სირცხვილისა გამო მათ დედაც მიიყვანეს უფალთან სათხოვნელად, იქიდანაც ჩანს, რომ ქრისტე პასუხად სწორედ მათ მიმართავს. მიზეზი, რამაც ასეთი თხოვნის სურვილი წარმოშვა მასში ის იყო, რომ ზებედეს ძენი - იაკობი და იოანე თავს მეტ პატივში ხედავდნენ სხვა მოწაფეებთან შედარებით და ამიტომ იმედოვნებდნენ კიდეც - უფალი შეგვისრულებს თხოვნასო. ისინი იერუსალიმის მახლობლად იმყოფებოდნენ და ფიქრობდნენ - უკვე უნდა გაცხადდეს ღმერთის მეუფებაო. ამიტომაც მიმართეს იესოს ამ თხოვნით. მათ ეგონათ, რომ ეს მეუფება უკვე მოახლოვდა, რომ იგი გრძნობისმიერი მეუფებაა, რომელშიც შეუძლიათ ყოველივე ის მიიღონ, რასაც ითხოვენ, და თუკი მიიღებენ თხოვილს, აღარანაირ უსიამოვნებას და შეჭირვებას აღარ დაექვემდებარებიან. ღმერთის მეუფებას ისინი მხოლოდ იმისათვის კი არ ეძიებდნენ, რომ მიეღოთ იგი, არამედ იმისთვისაც, რომ თავიდან აეცილათ მწუხარებანი. ისინი პირდაპირ როდი გამოთქვამენ თავიანთ თხოვნას, არამედ ცდილობენ ჯერ უფლის დაპირება მიიღონ, რომ უსათუოდ შეუსრულებს იმას, რასაც ითხოვენ: „რაი გნებავს ჩემგან, რაითა გიყო თქვენ?“ - ასე იმიტომ კი არ ეკითხება უფალი, თითქოს არ იცოდეს, რა სურთ ძმებს, არამედ იმისათვის, თვით მათ აიძულოს თქვან თავიანთი სათხოვარი - ანუ წარმოაჩინოს მათი წყლული, შემდეგ კი საკურნებელი საშუალებაც მისცეს. ისინი კი, სირცხვილისაგან ალმურმოდებულნი, იმდენად იყვნენ შეპყრობილნი კაცობრივი ვნებით, რომ სხვა მოწაფეთაგან შორს გაიყვანეს უფალი და ასე აუწყეს მას თავიანთი სათხოვარი. მათი სურვილი იმაში მდგომარეობდა, რომ პირველი ტახტნი - საყდარნი დაესაკუთრებინათ, რადგან მანამდე თვით უფალმა იესო ქრისტემ უთხრა მათ - თორმეტთა საყდართა ზედა დასხდებითო. „...რაჟამს დაჯდეს ძე კაცისა საყდართა დიდებისა თვისისათა, დასხდეთ თქვენცა ათორმეტთა საყდართა ზედა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა“ (მათე 19,28). მათ ახსოვდათ იესოს ეს სიტყვები, თუმცა დავიწყებოდათ მისი წინამავალი სიტყვები მასზედ, რომ ეს მოხდებოდა „მერმესა მას შობასა“. მათ შეგნებული ჰქონდათ თავიანთი უპირატესობა, ამიტომაც სთხოვეს უფალს: „მიმეც ჩუენ (ანუ გვიბრძანე), რაჲთა ერთი მარჯვენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა“-ო.

იესო მშვიდად შეხვდა მათ ამ შეცდომილებას, აღსავსეს თავმოყვარეობით: თავიანთ სიბრმავეში ისინი ისეთ ადგილს ითხოვდნენ თავისთვის, რომელზეც, რამდენიმე დღის შემდეგ, საშინლად გაიტანჯებოდნენ და უდიდეს მწუხარებას იწვნევდნენ, ჯვარცმულნი ორ ავაზაკს შორის. იაკობსა და იოანეს წარმოსახვა საღმრთო-სამეუფო საყდართ წარმოუდგენდა, უფლის ფიქრი კი სამი ჯვრისკენ იყო მიმართული.

ამიტომაც უფალმა ცხადად უჩვენა მათ, რომ ქვეყნიურს ითხოვენ, და არა - სულიერს, საღმრთოს, ზეციურს, თითქოს ეუბნება: რომ იცოდეთ, რას ითხოვთ, არც გაკადნიერდებოდით სათქმელადო.

გაგრძელება...