„და ვითარცა შევიდა იესუ სახიდ, მოწაფეთა მისთა თჳსაგან ჰკითხეს მას: რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განძებად მას?“ (მუხლი 28).
მოწაფეებისათვის ეს შემთხვევა მოულოდნელი და მეტად სავალალო იყო. რამეთუ მათ უკვე მიცემული ჰქონდათ უფლისაგან ხელმწიფება არაწმიდა სულებზე იმ დროს, როცა, ქრისტეს ბრძანებით, ისინი იუდეის ქალაქებსა და დაბა-სოფლებს მოვლიდნენ სახარების ქადაგებით, როგორც ამას წმიდა მახარებელი მათე მოწმობს: „და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თვისთა და მისცა მათ ხელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა“ (მათე 10,1). მოწაფეებმა ეს მარტო მყოფს - „თვისაგან“ - ჰკითხეს უფალს, თავიანთ მოძღვარს, რადგან, ალბათ, უკვე შეგნებული ჰქონდათ, რომ სწორედ თავიანთი მიზეზით ვერ შეძლეს დემონის განდევნა.
„ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა“ (მუხლი 29).
აი, ის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც მოწაფეებმა შესძლეს არაწმიდა სულის განსხმა სნეულისაგან: ესე ნათესავი, ანუ ბოროტი სულები, დემონები, მხოლოდ მარხვითა და ლოცვით განიდევნებიანო. და თუკი მოწაფეებს ძალა არ შესწევდათ განეგდოთ დემონი სნეული ყრმისაგან, მაშასადამე, ამ ჯერზე მათ ნაკლებად ჰქონდათ ლოცვისა და მარხვის ღვაწლი. ლოცვასა და მარხვაში აქ ყველაფერი იგულისხმება, რაც ჭეშმარიტი რწმენისასაა საჭირო. ლოცვა არის სულის ამაღლება ღმერთთან რწმენით, სასოებითა და სიყვარულით; მარხვა კი თავშეკავებაა ყოველივე იმისგან, რაც სულს ღმერთთან ამაღლებაში უშლის ხელს, ანუ ეს არის თავის შეზღუდვა იმისაგან, რაც ამა ქვეყანას მიგვაკრობს; მარხვა კი არის ზომიერება სასმელ-საჭმელში, სხვა სიცოცხლისეულ აუცილებელ მოთხოვნილებებში, და სრული განშორება ყოველივე იმისაგან, რაც არ უნდა იკავებდეს ჩვენს სულს: განშორება მრისხანებისაგან, მტრობისაგან, შურისაგან, სიძულვილისაგან და სხვა ცოდვიან მშფოთვარებათაგან და ვნებათაგან. მარხვა ადამიანს ლოცვისათვის განამზადებს, ანუ იმისათვის, რომ მას უნარი ჰქონდეს სულით ღმერთისაკენ ამაღლდეს, ხოლო ლოცვა, აღამაღლებს რა ადამიანის სულს ღმერთთან, საღმრთო მადლის მოქმედების იარაღად შეიქმს ადამიანს, მოიზიდავს რა მის სულში სულიწმიდის ნიჭთ, და ამით ბრძოლის შემძლედ აქცევს მორწმუნეს ბოროტი სულების წინააღმდეგ.
„და მიერ განვიდეს და წარმოჰვლიდეს გალილეასა“ (მუხლი 30).
იესო ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების დროს გალილეად იწოდებოდა პალესტინის ოთხ მთავარ ოლქთაგან - ერთ-ერთი. ებრაელთა ისტორიის თავდაპირველ პერიოდში სიტყვა „გალილ“-ი ზოგადად „მხარეს“, „ოლქს“ აღნიშნავდა (ისუ ნავე 13,2), და მხოლოდ შედარებით გვიანდელ დროში ეწოდა ასე პალესტინის ერთ-ერთ მხარეს. თავდაპირველად სიტყვა „გალილ“-ი ნეფთალემის ტომის კუთვნილ ერთ-ერთ ოლქს აღნიშნავდა, მდებარე მერომის ტბის დასავლეთით, იმ ოლქს, რომელსაც განეკუთვნებოდა თავშესაფრის ქალაქი - კადესი (ისუ ნავე 20,7). აქ, მრავალი საუკუნის განმავლობაში, ისრაელიანთა გვერდით მრავალრიცხოვანი წარმართი მოსახლეობა ცხოვრობდა, ასე, რომ თვით ოლქსაც და მიმდებარე მხარესაც სრული უფლება ჰქონდათ „წარმართთა გალილეად“ წოდებულიყვნენ (გამოსვლ. 9,1). ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებული იუდეველები ძალზე მცირე რაოდენობით და ნელ-ნელა სახლდებოდნენ ჩრდილოეთ პალესტინაში, რომელსაც გალილეა განეკუთვნებოდა, და სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ წარმართი მოსახლეობა იუდაურზე მეტი იყო ახალი აღთქმის დროშიც; ამასთან სახელწოდება „წარმართთა“ გალილეა, რომელიც მანამდე გალილეის მხოლოდ ნაწილს განეკუთვნებოდა, ახლა უკვე პალესტინის მთელს ჩრდილოეთ ნაწილზე გავრცელდა.
ახალი აღთქმის ისტორიის დასაწყისში გალილეას პალესტინის მთელი ჩრდილოეთის მხარე ეკავა, განლაგებული იორდანეს მარჯვენა სანაპიროზე (ლუკა 8,26). იგი ვრცელდებოდა სამხრეთ-დასავლეთ ქარმელისა და პტოლემაიდას მთამდე, სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა მდინარე იორდანესა და გენისარეთის ტბას. რაკი უმეტესწილად მთიანი მხარე იყო, გალილეა მცენარეულობის გავრცელების მიხედვით იყოფოდა ზედა, ანუ წარმართთა გალილეად (მათე 4,15-16), რომელიც ქალაქ კაპერნაუმის ზემორე მდებარეობდა; ქვედა გალილეად - კაპერნაუმის ქვემორე მდებარედ და ბარის, ველის გალილეად, რომელიც პტოლემაიდას გარშემო მდებარეობდა.
გალილეის ნიადაგი ძველ დროში, ისევე, როგორც ამჟამად, განსაკუთრებით - მის სამხრეთ ნაწილში (ეზდრელონის ველი) დიდი ნაყოფიერებით გამოირჩეოდა. მიუხადავად იმისა, რომ დასავლეთ პალესტინა შედარებით ღარიბია ტყის საფარით, გალილეის ზოგიერთი შემაღლება არ იყო მოკლებული ამ მშვენიერ სამკაულს. ხეებს შორის უპირატესად გავრცელებული იყო მუხის, ფიჭვის, პინიის სხვადასხვა ჯიშები. მოშორებულ ტყიან ადგილებში ცხოველებიც მკვიდრობდნენ - მგლები, ტახები და მელიები. მაღალ მთებში არწივები, ქორები და შევარდნები ბუდობდნენ. აქაური ნიადაგის ნაყოფიერებას, გარდა ზომიერი ჰავისა, წყაროთა სიუხვეც უწყობდა ხელს.
იოსებ ფლავიუსის სიტყვით (გვ.45) გალილეის მოსახლეობა ძალზე მრავალირცხოვანი იყო; გარდა 204 ქალაქისა მასში მრავლად იყო ხალხმრავალი დაბა-სოფლები. სახარებიდან ცნობილია გალილეის შემდეგი ქალაქები: ნაზარეთი, კანა, ბეთსაიდა (დასავლეთისა), კაპერნაუმი, ქორაზინი, მაგდალა და ნაინი. გარდა ამისა, გალილეაში მდებარეობდა პოლიტიკური მიმართებით მნიშვნელოვანი ქალაქები: სეპფორისი, დიდი ხნის მანძილზე ოლქის დედაქალაქი, ტიბერიადა - მეფე ჰეროდეს ადგილსამყოფელი; ფლავიოსის მიერ გამაგრებული იოპატამა; აგრეთვე გამარა, გაბალონი, ტარიქეა, გისკალა და სხვა ქალაქები. ამ დროს, ახალი აღთქმის დასაწყისში, გალილეაში, წარმართთა შორის მცხოვრები იუდეველები იუდეის მცხოვრებლებში არ სარგებლობდნენ განსაკუთრებული კეთილგანწყობით, რადგან ეს უკანასკნელნი გულმოდგინედ გაურბოდნენ ყოველგვარ ურთიერთობებს წარმართებთან (მათე 26,59; იოანე 1,46; საქმე მოციქ. 2,7).
„და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინ. რამეთუ ასწავებდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ, რამეთუ: ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი; და, მო-რაჲ-კუდეს, მესამესა დღესა აღდგეს“ (მუხლები 30-31).
ამჯერად უფალს უცნობელად სურდა გალილეაში მოგზაურობა, რადგან განმხოლოებით უნდა გაემხილა თავისი მოწაფეებისათვის მომავალი ვნების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო, რაც თავად მას მოელოდა, - საიდუმლო, რომელიც სრულიად ვერ გულისხმა-ყვეს მოწაფეებმა, და რომლის პირველი დაუფარავი უწყებისას თვით მოციქულთა თავი პეტრე, რომელმაც იესო მესიად-ქრისტედ აღიარა, შეეწინააღმდეგა და სიტყვას-უგებდა უფალს, ნუ იქნება ეს შენს თავსო; და სწორედ ამ საიდუმლოს გამო მოწაფეები შემდეგ შეცბუნებულნი ეკითხებოდნენ ერთმანეთს და ვერაფრით გაეგოთ.
II. ახლა კი ის განვიხილოთ, თუ რას გვასწავლის დღეს წაკითხული სახარება.
ა) პირველ ყოვლისა, ჩვენს ყურადღებას იმსახურებს ბოროტეშმაკეულობის ის უძლურება, რომლითაც იტანჯებოდა სახარებაში გამოყვანილი ჭაბუკი. ეს უძლურება გვიჩვენებს, რომ ბოროტი სული მთლიანად შეიძლება ეუფლოს ადამიანს (მუხლი 17). ადამიანი ერთხელ დაემორჩილა ბოროტი სულის გავლენას - და ეშმაკის მონაც გახდა. ეშმაკი გახდა ამა ქვეყნის მთავარი და იმ უბედური წუთიდან მისი ხელმწიფება ადამიანებზე სულ უფრო იზრდებოდა და იზრდებოდა, სანამ იმ თავზარდამცემ მასშტაბებს არ მიაღწია, როგორითაც ამ სნეულ ჭაბუკში იჩინა თავი. უფალი ჩვენი იესო ქრისტე სწორედ იმისათვის მოვიდა ამქვეყნად, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი და გაეთავისუფლებინა ადამიანი მისი დამღუპველი ხელმწიფებისაგან. მისი მოსვლით ეშმაკი ძლეულია, მაგრამ ჯერ არ არის მთლიანად განადგურებული, არ არის გაძევებული ამა ქვეყნიდან, და ჩვენ ჯერ არ ძალგვიძს სრულიად უვნებლებად, უხიფათოებად მივიჩნევდეთ თავს მისი ზეგავლენისაგან. მართალია, ბოროტი სული ამჟამად ისე კადნიერად და ისე უტიფრად არ იჭრება ჩვენს ცხოვრებაში, როგორც ეს იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლამდე იყო, მაგრამ იგი ყოველთვის, ასე ვთქვათ, უჩუმრად გვეპარება და ფარული ჩაგონებებით ცდილობს დამღუპველად იმოქმედოს ადამიანის სულზე. ასეთი ფარული ზემოქმედება გაცილებით უფრო სახიფათოა, ვიდრე აშკარა, განცხადებული ძალადობა. აბა, შეადარეთ ბოროტეშმაკეული ჭაბუკის მდგომარეობა იუდა-გამცემლისა და ფარისეველთა - იესო ქრისტეს მკვლელთა - მდგომარეობას. თავიანთი საწყალობელი მდგომარეობის შეგნება და სურვილი მისგან განთავისუფლებისა ჯერ კიდევ არ ჩამქრალა ბოროტეშმაკეულ სნეულებში, და სწორედ ეს მიიზიდავდა მათკენ უფლის მოწყალებას. ხოლო იუდა ისკარიოტელისა და ფარისეველთა თავს რა ხდებოდა? როგორ უნდა მიეხედა მათკენ წყალობით უფალს, მაშინ, როდესცა იუდას გულში, მახარებლის შენიშვნით, ეშმაკს უკვე ჩაენერგა საზარელი განზრახვა თავისი მოძღვრის გაცემისა, ხოლო ფარისეველნი უვკე დიდი ხანია შეურიგებელნი მტრობით იყვნენ განმსჭვალულნი იესო ქრისტესადმი და მხოლოდ შემთხვევას ელოდნენ, რომ საძულველი მოძღვრის მოკვდინებით დაერწყლებინათ თავიანთი ბოროტი გრძნობა. ისინი, როგორც პირდაპირ ამბობდა თავად უფალი, იყვნენ ეშმაკის შვილები და მის ბოროტ გულისთქმათ აღასრულებდნენ. აი, ასე გვამონებენ ბოროტი ვნებები ეშმაკს, განსაკუთრებით - ამპარტავნება, შური, ანგარება, რომელთა გამოც ადამიანი სრულიად უგრძნობელი ხდება მოყვასთა ტანჯვისადმი. ამიტომ აუცილებელია ფხიზლად ვიცავდეთ ჩვენი გულის კართ, რათა მასში ბოროტმა ვნებებმა, მათთან ერთად კი - ეშმკაცმაც არ შეაღწიონ.
ბ) ბოროტეშმაკეული ჭაბუკი, შეპყრობილი ყრუმუნჯობის ბოროტი სულით, არის იმ ცოდვილი ადამიანის სახე, რომელიც გულგრილია, უყურადღებოა სარწმუნოებისმიერი შეგონებებისადმი და არ ზრუნავს თავისი ცოდვების მონანიებასა და აღიარებაზე (მუხლი 17). ყრუ-მუნჯობის ბოროტი სული იმათ ეუფლება ხოლმე, რომლებიც შეუნანებლად არიან შთაფლულნი ცოდვებსა და მანკიერებებში და დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე გადასდებენ სინანულს, მიუხედავად წმიდა ეკლესიის განუწყვეტელი შეგონებებისა და შეხსენებებისა, მიუხედავად კეთილმსახური ადამიანებისა და თავიანთი სულიერი მოძღვრების ჩაგონება-დარწმუნებისა. განა საჭიროა სიტყვის გაგრძელება იმ მდგომარეობის საშიშროების შესახებ, რომელშიც თავიდანვე იგდებდნენ თავს უზრუნველი ცოდვილები, როცა თავს არიდებენ სინანულსა და საკუთარი ცოდვების აღიარებას? გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სინანულითა და აღსარებით განუქარვებელ ცოდვებში დიდხანობით ჩაფლული ცოდვილი ადამიანი დღითი დღე აშკარად სულ უფრო ცუდი ხდება - უფრო მცონარი კეთილმსახურების საქმეებში, უფრო სუსტი და გულგრილი რწმენაში, უფრო თავნება საქციელში, უფრო უშიშარი ღმერთის ნებისადმი წინააღმდეგობაში, საღმრთო მცნებების დარღვევაში, უფრო უზრუნველი მომავალი ცხოვრებისადმი, და ამიტომ უფრო უიმედოც სულის ცხონების საქმეში. ცოდვები კი არ სუსტდებიან ჟამთასვლის შედეგად, არამედ კიდევ უფრო ძლიერდებიან. ძველი ცოდვები ძველ ჭრილობებს ჰგვანან, რომლებიც დროის გასვლასთან ერთად სულ უფრო დიდდებიან, მრავლდებიან და უკურნებელნი ხდებიან. განსაკუთრებით დამღუპველი თვისება ყველა ცოდვისა არის ის, რომ რაც უფრო დიდხანს რჩებიან ისინი ადამიანში, წარუშლელნი სინანულითა და აღსარებით სულიერი მამის - მოძღვრის წინაშე, მით უფრო მიეფარებიან ადამიანის თვალისა და ყურადღებისაგან. აქედან მომდინარეობს ის, რომ რაც უფრო იშვიათად მიდის ადამიანი აღსარების ჩასაბარებლად, მით უფრო ნაკლებად ხედავს თავის ცოდვებს, და თუკი მას არ მიუთითებენ და არ შეახსენებენ მის ცოდვებს, მან ხშირად არც კი იცის რა შეინანოს, თითქოსდა სრულიად უცოდველი ყოფილიყოს. მაშ, ვეცადოთ ყოველდღე შევაგონოთ ერთმანეთს, რათა რომელიმე ჩვენგანი არ გასასტიკდეს ცოდვისაგან ცთუნებული.
გ) ბოროტეშმაკეული ჭაბუკის მამის მაგალითი, რომელიც შეჰღაღადებდა ქრისტეს: მრწამს, უფალო, შემეწიე მე ჩემს ურწმუნოებაშიო (მუხლი 24), გვასწავლის, რმო ჩვენც, შეეჭვებისა და ყოყმანის წუთებში ლოცვა-ვედრებით უნდა მივმართოთ ღმერთს, რათა მან განამყაროს ჩვენი რწმენა. და ამ სიტყვებს: მრწამს უფალო, შემეწიე ჩემს ურწმუნოებაში - ხშირად უნდა ვიმეორებდეთ ყველანი. მართლაც, ხშირად ჩვენ იმ უცხადეს ჭეშმარიტებებშიც კი მზად ვართ შევეჭვდეთ, როგორიცაა: თავად ღმერთის არსებობა; ის, რომ იესო ქრისტე არის ძე ღმრთისა ცხოველისა, მოსული ამქვეყნად ცოდვილთა სახსნელად, საცხოვნებლად; რომ არსებობს მომავალი საუკუნო ცხოვრება და სხვა. განსაკუთრებით ეს მაშინ გვემართება, როცა ზოგჯერ მოვისმენთ ხოლმე, თუ რას წერენ და ამბობენ მავანნი სარწმუნოების შესახებ, ანდა როცა ვხედავთ, თუ როგორ ცხოვრობენ და იქცევიან ზოგიერთნი ქრისტიანნი. ჰოდა, ასეთ შეშფოთებისა და შეცბუნებისას სარწმუნოების ყველაზე მნიშვნელოვან ჭეშმარიტებათა გამო, როგორ არ შევღაღადოთ ხოლმე უფალს: მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა! დიახ, უნებლიეთ აღმოგხდება ზოგჯერ ეს სიტყვები, ცრემლმორეულს აღმოგხდება: დიახ, უფალო, მე მაინც მწამს შენი, მაინც მჯერა, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ რას ამბობს და წერს სარწმუნოების წინააღმდეგ; როგორ უჯეროდაც არ უნდა ცხოვრობდნენ და იქცეოდნენ მავანნი ქრისტეანთაგან, - მაინც მწამს, უფალო, და შემეწიე მე ჩემს ურწმუნოებაში!
და რა ხშირად ვპოულობთ სხვადასხვა ეჭვებს გარედან ცთუნებისა და საცთურის გარეშეც, როცა სარწმუნოების საკითხებზე ვფიქრობთ! განსაკუთრებით მაშინ, თუკი იშვიათად ვლოცულობთ ღმერთის წინაშე, ანდა თუკი უყურადღებოდ ვლოცულობთ; თუკი ცოტას ვკითხულობთ საღმრთო წიგნებს, ანდა სულაც არაფერს ვკითხულობთ; თუკი გაბნეულობაში, ფუსფუსსა და ამაოებაში ვატარებთ ცხოვრებას, არ ჩავუღრმავდებით საკუთარ თავს, ჩვენს მოვალეობებს, ჩვენს დანიშნულებას, და მხოლოდ ჩვენს ვნებებსა და მდაბალ მიდრეკილებებსა ვართ აყოლილნი, და მაშინ, თუკი ასე ვიქცევით, ზოგჯერ რამდენი გადაუჭრელი კითხვა და აზრი წარმოუდგება ჩვენს გონებას სარწმუნოების საგნებზე ფიქრისას, ღმერთისა და მომავალი საუკუნო ცხოვრების შესახებ ფიქრისას, - ისეთი კითხვები და აზრები, რომლებიც არ ეთანხმებიან ჩვენს რწმენას, ისე, რომ მაშინ სხვა აღარაფერი დაგვრჩება, თუ არ ღმერთს შევღაღადოთ: უფალო, მწამს და შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. რამეთუ ღმერთისადმი ლოცვითი მიმართვების გარეშე ან ერთიანად გაიტანჯები ფიქრებითა და ეჭვებით, ანდა იქამდე მიხვალ, რომ ყველაფრისადმი ურწმუნოებით განიმსჭვალები და ვეღარაფერს მოიმოქმედებ საკუთარი სულის საცხოვნებლად.
დ) და ბოლოს დღევანდელი სახარების საკითხავში ჩვენს ყურადღებას იპყრობს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები ეშმაკთა შესახებ: „ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა“ (მუხლი 29). ამრიგად, თვით მაცხოვრის სიტყვით, სწორედ მარხვა და ლოცვა განაგდებენ ადამიანისაგან ბოროტ სულებს. მაგრამ რატომ არის, რომ ხშირად ოთხ კვირას ვლოცულობთ და ვმარხულობთ, მაგრამ არ ძალგვიძს ბოროტ ვნებებთან - ეშმაკის ამ აღმონაცენთაგან - განთავისუფლება? იქნებ იმიტომ, რომ იმგვარად ვერ ვლოცულობთ და ვმარხულობთ, როგორც უფალმა ღმერთმა დაგვიდო მცნებად?
ქრისტიანული ლოცვა და ქრისტიანული მარხვა სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ ცოდვა განდევნოს ჩვენი სულიდან და გააჯანსაღოს იგი. ჩვენ მწუხარებისაგან როდი ვტირით, როცა თვალთაგან ცრემლი კვამლის ან სხვა რამ მწარე ანაორთქლის გამო გვდის; მსგავსად ამისა, ჩვენ სულით და გულით არ ვლოცულობთ და ვმარხულობთ, თუკი ჩვეულების ძალით ვლოცულობთ და ვმარხულობთ, ან სხვა რამ გარეგანი მიზეზით. მაგრამ როცა წეს-ჩვეულებანი და ყველა გარეგანი ქმედება, ჩვენს მიერ გამოყენებულნი ლოცვისა და მარხვის დროს, შეერთებულია ჩვენი სულის ლოცვითსა და მარხვითს განწყობასთან და მის გამოხატულებას ემსახურება, მაშინ უკვე აღარც ცოდვას შეუძლია მშვიდად ბატონობდეს ჩვენში: სული უკვე ზურგს აქცევს მას, მთელი თავისი ძალებით ცდილობს თავი დააღწიოს მის ხელმწიფებას და მისგან გათავისუფლებისათვის ღმერთს შესთხოვს შეწევნას.
წმიდა მამათა სიტყვით, რომელთაც თვით საკუთარი გამოცდილებით შეუცვნიათ ცხოვნების ჭეშმარიტი გზა, მარხვა და ლოცვა ის ორი ფრთაა, რომლებითაც ჩვენი სული ამა ქვეყნიდან ზეცად ამაღლდება ღმერთთან. როგორადაც ფრინველს არ ძალუძს მიწიდან მაღლა, ჰაეროვან სივრცეში აფრინდეს ფრთების გარეშე, ასევე ჩვენს სულსაც ლოცვისა და მარხვის გარეშე არ შეუძლია ხორციელი, ქვეყნიური, ცოდვიანი ცხოვრებიდან - სულიერ, ზეციურ წმიდა ცხოვრებად გადასახლდეს. ამასთან ერთი ფრთა ოდენ არ არის საკმარისი ფრინველისათვის თავისუფალი ფრენისათვის ზეციურ მყარზე, და ასევე ოდენ ლოცვაც მარხვის გარეშე, ანდა მხოლოდ მარხვა ლოცვის გარეშე, არ არის საკმარისი ქრისტიანისათვის, რათა მან სახარების სულისკვეთების მიხედვით იცხოვროს ამქვეყნად თავის საცხოვნებლად.
მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე