„5. (მას ჟამსა შინა) და მივიდა (იესუ) ქალაქსა სამარიტელთასა,
რომელსა ჰრქვიან სუქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ
იოსებს, ძესა თვისსა. 6. და იყო მუნ წყაროი იაკობისი. ხოლო იესუ,
მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ
მეექუსე. 7. მოვიდა დედაკაცი სამარიაით ვსებად წყლისა. ჰრქუა მას
იესუ: მასუ მე წყალი. 8. რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს
ქალაქად, რაითა საზრდელი იყიდონ. 9. ჰრქუა მას დედაკაცმან მან
სამარიტელმან: ვითარ, შენ ჰურიაი ხარ და ჩემგან წყალსა ითხოვ,
სამარიტელისა დედაკაცისაგან? რამეთუ არა შეეხნიან ჰურიანი
სამარიტელთა. 10. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუმცა იცოდე შენ
ნიჭი ღმრთისაი და ვინ არს, რომელი გეტყვის შენ: „მეც მე წყალი,
რაითა ვსუა“, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი ცხოველი. 11.
ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, არცა სავსებელი გაქუს, და
ჯურღმული ესე ღრმა არს. ვინაი გაქუს შენ წყალი ცხოველი? 12. ნუუკუე
შენ უფროის ხარა მამისა ჩუენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღმული
მომცა ჩუენ? და იგი თავადი ამისგან სუმიდა და ძენი მისნი და
საცხოვარი მისი. 13. მიუო იესუ და ჰრქუა მას: ყოველი რომელი
სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალადცა, 14. ხოლო რომელმან
სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის
უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის
წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ. 15. ჰრქუა
დედაკაცმან მან: უფალო, მეც მე წყალი ესე, რაითა არა მწყუროდის,
არცაღა მოვიდე აქა ვსებად. 16. ჰრქუა მას იესუ: წარვედ და მოხადე
ქმარსა შენსა და მოვედ აქა. 17. მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა:
არა მივის ქმარი. ჰრქუა მას იესუ: კეთილად სთქუ, ვითარმედ: არა
მივის ქმარი, 18. რამეთუ ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის,
არა არს ქმარი შენი; ესე ჭეშმარიტი სთქუ. 19. ჰრქუა მას დედაკაცმან
მან: უფალო, ვხედავ, რამეთუ წინაწარმეტყუელი ხარ შენ. 20. მამანი
ჩუენნი მთასა ამას თაყუანის-სცემდეს, და თქუენ იტყვით, ვითარმედ:
იერუსალემს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანის-ცემაი. 21. ჰრქუა
მას იესუ: დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა
ამას მთასა, არცა იერუსალემს თაყუანის-სცემდეთ მამასა. 22. თქუენ
თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ,
რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაი ჰურიათაგან არს. 23. არამედ მოვალს
ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი
თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაიცა
ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა. 24. სულ არს ღმერთი,
და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც
თაყუანის-ცემაი. 25. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: ვიცი, რამეთუ მესია
მოვალს, რომელსა ჰრქვიან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ
ყოველი. 26. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყვი შენ. 27. და
ამას ოდენ სიტყუასა ზედა მოვიდეს მოწაფენი მისნი და უკვირდა, რამეთუ
დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ, ანუ
რასა იტყვი მის თანა? 28. დაუტევა უკუე სარწყული იგი მისი
დედაკაცმან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ: 29. მოვედით და
იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაიცა ვქმენ. ნუუკუე იგი
არს ქრისტე? 30. გამოვიდეს ქალაქით და მოვიდოდეს მისა. 31. და
ვიდრე-იგი მოვიდოდეს, ამას ოდენ სიტყუასა ეტყოდეს მას მოწაფენი და
ჰრქუეს: რაბი, ჭამე! 32. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მე ჭამადი მაქუს
ჭამად, რომელი თქუენ არა იცით. 33. იტყოდეს მოწაფენი ურთიერთას:
ნუუკუე მო-ვინმე-ართუა მას ჭამადი? 34. ჰრქუა მათ იესუ: ჩემი
ჭამადი არს, რაითა ვყო ნებაი მომავლინებელისა ჩემისაი და აღვასრულო
საქმე მისი. 35. არა თქუენ იტყვითა, ვითარმედ: ოთხღა თუე არიან, და
მოვალს მკაი? აჰა ესერა მე გეტყვი თქუენ: აღიხილენით თუალნი თქუენნი
და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე. 36. და
მომკალმან სასყიდელი თვისი მოიღოს და შეიკრიბოს ნაყოფი ცხორებად
საუკუნოდ, რაითა მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდის მის
თანა. 37. რამეთუ ამით არს ჭეშმარიტ სიტყუაი იგი, ვითარმედ სხუაი
არს მთესვარი და სხუაი არს მომკალი. 38. მე წარგავლინებ თქუენ
მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით, სხუანი დამაშურალ არიან, და
თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით. 39. ხოლო ქალაქისა მისგანთა
მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, სამარიტელთა მათ, სიტყვითა მის
დედაკაცისაითა, რამეთუ წამებდა, ვითარმედ: ყოველივე მითხრა მე,
რაოდენი ვქმენ. 40. და ვითარცა მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი,
ევედრებოდეს მას, რაითა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე.
41. და უფროისსა სიმრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაი. 42. და
ეტყოდეს დედაკაცსა მას, ვითარმედ: არღარა სიტყვითა შენითა გურწამს,
რამეთუ ჩუენ თვით გუესმა მისგან და უწყით, რამეთუ ესე არს
ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაი, ქრისტე.“ |
I. აწინდელ სახარებაში გადმოცემულია უფალ იესო ქრისტეს საუბარი სამარიტელ დედაკაცთან, რომელშიც უფალი გვაძლევს სწავლებას ცხოველი წყლის შესახებ, ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანისცემის შესახებ და აუწყებს მას, რომ სწორედ იგი, სამარიტელ დედაკაცთან მოსაუბრე, არის მესია - ქრისტე, ვისაც დიდი ხნიდან მოელოდნენ; ამასთანავე, გამოხატულია ამ საუბრის ნაყოფები.
„და (მას ჟამსა შინა) და მივიდა (იესუ) ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქვიან სუქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თვისსა“ (მუხლი 5).
ეს იყო უკან გზაზე იმ მოგზაურობისა, რომელშიც იესო პასექის დღესასწაულზე აღვიდა იერუსალიმში, - პირველზე მას შემდეგ, რაც იგი თავის საზოგადო მხსნელ მსახურებას შეუდგა. იერუსალიმში და იუდეაში ყოფნისას იესო ქრისტემ მრავალი სასწაული აღასრულა და ბევრი მიმდევარი მიიზიდა თავისთან, რითაც ფარისეველთა და ისრაელიანთა ერისმთავართა მტრობა განაღვიძა საკუთარი თავის მიმართ. ამიტომ, რათა თავი აერიდებინა დევნისათვის თავისი შურიანი მტრების მხრიდან, იესომ დატოვა იუდეა და გალილეაში წავიდა.
უფალმა გალილეისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე და მოსახერხებელი გზა აირჩია - სამარიის გავლით. პალესტინა წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვის ნაპირას გაშლილ მიწის ვიწრო ზოლს, რომელსაც მდინარე იორდანე ორ არათანაბარ ნაწილად ჰყოფს: აღმოსავლეთისად, რომელიც უფრო მომცროა, და დასავლეთისად - უფრო ვრცელ ნაწილად. აღმოსავლეთის ნაწილი მხოლოდ ერთი მხარისაგან (ოლქისაგან) შესდგებოდა, რომელიც პერეიად იწოდებოდა. ხოლო დასავლეთის მხარეს რაც შეეხება, იგი სამ ნაწილად, ანუ სამ უმთავრეს მხარედ იყოფოდა: იუდეად, სამარიად და გალილეად. იუდეა პალესტინის ამ ნაწილის სამხრეთით მდებარეობდა, ჩრდილოეთით - სამარია, ხოლო გალილეა კიდევ უფრო ახლოს ჩრდილოეთთან, პალესტინის ყველაზე განაპირა რაიონში. პროვინციების ამგვარი განლაგებისას, ცხადია, რომ პირდაპირი გზა იუდეადან გალილეისკენ სწორედ სამარიაზე გადიოდა, ხოლო პერეიაზე გამავალი გზა მოსაქცევი და ამიტომ უფრო შორი იყო. მაგრამ ამის მიუხედავად მრავალი იუდეველი სწორედ ამ მეორე გზას ამჯობინებდა პირველს, რასაც განაპირობებდა იუდეველებსა და სამარიტელებს შორის არსებული სიძულვილი.
ამ სიძულვილს დასაბამი დაუდო იმან, რომ იუდეველებმა უარი უთხრეს სამარიტელებს იერუსალიმის ტაძრის აშენებაში მონაწილეობაზე, როცა ისრაელიანთ ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებისთანავე მისი აღდგენა დაიწყეს. ამ დროიდან მოყოლებული სამარიტელნი ცდილობდნენ ზიანი მიეყენებინათ იუდეველთათვის (I ეზრა, თავი 4). ხოლო როცა სამარიტელებმა იუდეველთა შეხედულებით სიწმიდეთმკრეხელობა ჩაიდინეს და თვითონაც შეუდგნენ ტაძრის მშენებლობას, სიძულვილი მათსა და იუდეველებს შორის კიდევ უფრო გამძაფრდა. და როცა იოანე გირკანმა დაანგრია იუდეველთათვის ესოდენ საძულველი სამარიტელთა ტაძარი, ხოლო თვით სამარია მოაოხრა, ამით მან, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელი შეუწყო ძველი მტრობისა და სიძულვილის გაღრმავებას. გარდა ამისა, როცა სამარია იუდეასთან ერთად უცხოტომელთა ბატონობის ქვეშ მოექცა, სამარიტელებმა თავიანთი მონური მორჩილებით და კეთილგანწყობით უცხოტომელთა მთავრობის მიმართ იმას მიაღწიეს, რომ იგიც თავის მხრივ კარგად ეპყრობოდა მათ და უპირატესობასაც ანიჭებდა შფოთისთავი და დაუმორჩილებელი იუდეველების წინშე. ეს გარემოებაც, ბუნებრივია, იუდეველთა დიდ გაღიზიანებას იწვევდა. ამ გარემოებათა შედეგად ურთიერთსიძულვილმა სამარიტელებსა და იუდეველებს შორის უკიდურეს ზღვარს მიაღწია. ეს სიძულვილი ყოველ ნაბიჯზე იჩენდა თავს. სამარიტელები უარს ეუბნებოდნენ მასპინძლობაზე ტაძარში მიმავალ მომლოცველებს. იმისთვის, რომ სამარიტელთა ცუდი მოპყრობა დაემსახურებინა ადამიანს, საკმარისი იყო, როგორც მახარებელი ლუკა შენიშნავს, „პირი მისი“ ყოფილიყო „მისლვად იერუსალემდ“ (ლუკა 9,53), ანუ იერუსალიმში მიმავალის შესახედაობა რომ ჰქონოდაო.
კიდევაც მადლობა უნდა ეთქვათ იუდეველ მოგზაურთ, თუკი სამარიტელთა მტრობა მათდამი მხოლოდ ცუდი მიღებით შემოიფარგლებოდა, რადგან ზოგჯერ ისინი თავსაც ესხმოდნენ მგზავრებს. ამიტომ სამარიაზე გამავალი გზა ებრაელთათვის სახიფათო იყო და ისინი ამჯობინებდნენ შემოვლითი გზით ევლოთ გალილეადან იერუსალიმში, და პირუკუ, და ეს გზა იორდანეს აღმოსავლეთით, პერეიაზე გადიოდა. ებრაელი ერის ისტორიიდან ცნობილია, თუ როგორ შებილწეს სამარიტელებმა იერუსალიმის ტაძარი ქონენიას დროს, ანუ იესო ქრისტეს ყრმობის ჟამს. და ეს ერთადერთი შეურცხყოფა არ იყო იუდეველთა სიწმიდისა სამარიტელთა მხრიდან. პალესტინაში ჩვეულებად ჰქონდათ ევფრატის ნაპირებზე მცხოვრები თანამოძმეებისათვის შეეტყობინებინათ პასექის დღესასწაულის ახალმთვარეობის დღე და საათი; ამ მიზნით ელეონის მთაზე ახალი მთვარის გამოჩენის მომენტში კოცონებს ანთებდნენ, რაც მთებსა და ბორცვებზე მყოფი მცველებისათვის სიგნალი იყო და ისინიც დაუყოვნებლივ ანთებდნენ კოცონებს და ასე, ჯაჭვურად გადაეცემოდა ცნობა ბაბილონამდე იმის შესახებ, რომ წმიდა მიწაზე საპასექო ახალმთვარეობა დაიწყო. სამარიტელებს არაერთგზის ბოროტი განზრახვით დაუნთიათ კოცონი შეუფერებელ დროს, რათა მოეტყუებინათ მეზობელი მთების დარაჯნი და ამგვარად, შეცდომაში შეეყვანათ, აბუჩად აეგდოთ იუდეველები.
ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ისო ზირაქის ძე თავის სიბრძნის წიგნში ამბობს: „ორი ხალხი მოიძაგა ჩემმა სულმა და მესამე არც არის ხალხი: სეირის მთაზე მცხოვრებნი, ფილისტიმელნი და ბრიყვი ხალხი - სეკემის მკვიდრნი“ (ზირაქი 50,25–26).
ბერძნულ ტექსტში (სეპტუაგინტა) „სეყირის“ ნაცვლად „სამარია“ წერია. და ასეთ მოძაგებას სამარიტელნი იმსახურებდნენ იმის გამო, რომ იყვნენ სჯულის დამამახინჯებელნი, ღვთის ერის მოძულენი და მტრები, ისრაელის მტრების მოკავშირენი. ასეთი მოძაგების გამო ისრაელიანნი კუთეველებად ხმობდნენ სამარიტელებს და იმ კერპების თაყვანისცემაში სდებდნენ ბრალს, რომელიც იაკობმა სიქემის მუხის ქვეშ ჩაფლა მიწაში (დაბად. 35,4). იუდეველები საჯაროდ შეაჩვენებდნენ სამარიტელთ თავიანთ სინაგოგებმი, არ იღებდნენ მათ მოწმეებად თავიანთ სამსჯავროებზე, არ იღებდნენ მათ პროზელიტებად და თვლიდნენ, რომ ისინი ვერ მიიღებდნენ საუკუნო ცხოვრებას. იუდეველთა შეხედულებით ადამიანის ყველაზე სასტიკი შეურაცხყოფა იყო ის, თუკი მას სამარიტელს უწოდებდნენ (იოანე 8,48). მათ არანაირი ურთიერთობა არ სურდათ ამ ურწმუნო ხალხთან; დაუშვებლად მიაჩნდათ სამარიტელთა ღვინის დალევა; ასევე ღმერთის სათნო საქმედ თვლიდნენ იმასაც, თუკი იუდეველი მათს წყალსაც კი არ დალევდა.
უფალმა იმისთვის გადაწყვიტა სამარიაზე გამავალი გზით წასვლა, რომ სახარების პირველი მარცვლები დაეთესა ამ ხალხში, რომელიც არც წარმართებს განეკუთვნებოდა, არც იუდეველებს, თუმცა კი იგიც მოელოდა მესიის მოსვლას. და აი, უფალი სამარიაში მიდის, ქალაქში, რომელსაც ჰქვია სუქარი. ამ ქალაქის ზუსტი ადგილმდებარეობა ცნობილი არ არის, და ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობდა, რომ ეს სიქემის მეორე სახელწოდებაა. თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ეს სიქემის გარეუბანი იყო. მისი ნანგრევების ნახვა დღესაც შეიძლება სოფელ ასქირში, რომელიც გებელის მთის ძირას მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეს.
ის, რომ ეს ადგილი იაკობმა თავის ძეს - იოსებს მისცა, დაბადების წიგნშია აღნიშნული (48,22), სადაც მოიხსენიება სწორედ „სიკიმ“-ი, რადგან გადმოცემით, ეს ადგილი ამ ქალაქის მახლობლად მდებარეობდა. ასევე ისუ ნავეც ამბობს (24,32), რომ იოსების ძვლები სიქემის მახლობლად განისვენებენ იმ ველზე, რომელიც იაკობმა იყიდა და რომელიც მემკვიდრეობად მიიღეს იოსების ძეებმა.
„და იყო მუნ წყაროი იაკობისი. ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსე“ (მუხლი 6).
ეს ჭა, გადმოცემით, თავად მამამთავარმა იაკობმა ამოთხარა და ამიტომ წმიდად ითვლებოდა. იაკობის ჭა არ იყო ჩვეულებრივი, წვიმის წყლით ავსებული, - აქ ბუნებრივი წყაროსთვალი იყო, რაზეც მიანიშნებს ჭის დიდი სიღრმე. იგი დღესაც არსებობს და მდებარეობს გარიზინის მთის ძირას, აღმოსავლეთით. აქ ძველი ეკლესიის ნანგრევებია, რომელიც მეხუთე საუკუნეში აუშენებიათ წმიდა ჭასთან, მაგრამ დიდი ხნის წინ დანგრეულა საუკუნეთა ქარტეხილთაგან. ეჭვი არ არის, რომ ეს ჭა სწორედ იაკობის სახელს უკავშირდება. მის მახლობლად კიდევ ორმოცამდე წყაროა, რომლებიც მამამთავრის დროს, ალბათ, სხვების საკუთრება იყო და ამიტომ მან ცალკე გათხარა თავისთვის. ჭის სიღრმე დღეს 25 მეტრამდეა, თუმცა უწინ იგი ათი მეტრით უფრო ღრმა იყო. მასთან მოსულთ ჩვეულებად აქვთ ქვის ჩაგდება ჭაში, რის გამოც იგი თანდათან ამოივსო. ჭის დიამეტრი ორ მეტრზე მეტია, იგი მთლიანად გამოუთლელი ქვებითაა ამიშენებული და მის მოწყობას, ალბათ რამდენიმე წელიწადი დასჭირდა. ამჟამად ჭა მხოლოდ წვიმის წყლით ივსება და ამიტომ ხშირად შრება...
როცა უფალი იესო მოვიდა ამ ადგილას, დაახლოებით შუადღე იყო: „ჟამი იყო ვითარ მეექვსე“ (ძველად, მეექვსე ჟამი ნიშნავდა შუადღეს - 12 საათს). დროის ზუსტი მითითებით მახარებელს სურს გვითხრას, თუ რატომ დაიღალა იესო და რატომ მოსწყურდა. ამ წინასწარი თხრობის შემდეგ, რომელშიც ჩვენ გარეგან მიზეზსა და გარემოებებს ვეცნობით, იწყება თვით საუბარიც სამარიტელ დედაკაცთან.
„მოვიდა დედაკაცი სამარიაით ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი. რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაითა საზრდელი იყიდონ“ (მუხლები 7-8).
სამარია, საიდანაც ეს დედაკაცი მოვიდა, ამ ადგილიდან ორი საათის სავალზე მდებარე ქალაქს კი არ ნიშნავს, რომელსაც სამარია კი არა, სებასტია ერქვა, არამედ - სამარიის მხარეს. ამიტომ სიტყვა „სამარიაით“ „მოვიდა“-ს კი არ უკავშირდება, არამედ „დედაკაცს“ - და გამოთქმა „მოვიდა დედაკაცი სამარიაით“ ნიშნავს - „მოვიდა სამარიტელი დედაკაცი“. სამარიტელები ის ხალხი იყო, რომელიც ასირიის მეფემ აქედან გასახლებული ისრაელიანების ნაცვლად ჩამოასახლა თავის ქვეშევრდომთაგან. ისინი ერთმანეთსაც აღერივნენ და დარჩენილი მცირერიცხოვანი ისრაელიანების ასულებზეც ქორწინდებოდნენ. ამგვარად დაქორწინებულთ იუდეველთა ღმერთის მოშიშებაც ჰქონდათ, მაგრამ თავიანთ საკუთარ „ღმერთებსაც“ სცემდნენ თაყვანს. მათი წარმოდგენით იუდეველთა ღმერთი მხოლოდ მფარველი ღვთაებაა და მისი მისადაგებაც შეიძლებოდა თავიანთ წარმართულ წეს-ჩვეულებებთან. სხვა შეხედულებით, სამარიტელთა წინაპარნი მთლიანად წარმართები იყვნენ და მათი ქვეყანა სრულიად განკერძოებული იყო ასირიის სამეფოს სხვა მკვიდრთაგან. მათეს სახარების მიხედვით (10,5) სამარიტელნი სრულიად განსხვავდებიან იუდეველთაგანაც და წარმართთაგანაც. ამ ძველი ხალხის მცირერიცხოვანი ნაშთი დღესაც არსებობს და ისინი მრავალ მოგზაურს უნახავს. დღევანდელი სამარიტელნი სტუმრებს უძველეს ხელნაწერსაც უჩვენებენ, რომელსაც ისინი წმიდად ინახავენ. მათი მტკიცებით, ეს არის მოსეს ხუთწიგნეული, გადაწერილი 3460 წელს ქრისტეს შობამდე აბიშუემის - ფინეზის ძის - მიერ. სამარიტული ხუთწიგნეულის ზოგიერთი ხელნაწერი 1616 წელს ჩამოიტანა ევროპაში მოგზაურმა დელა ვალემ. სამარიასა და ნაბლუსში (ძველი სიქემი) დღემდე არსებობს პატარა თემი, რომელიც მკაცრად ადგას სამარიტელთა სწავლებას, სიწმიდედ ინახავს ძველ სამარიტულ ხელნაწერებს, დაწერილთ ებრაულ და ქალდეურ ენებზე, და შემცველთ როგორც მოსეს ხუთწიგნეულისა, ასევე ისუ ნავეს წიგნისა მრავალი დანამატითა და გამონაგონით. მათ თავიანთი სინაგოგაც აქვთ, რომელშიც მთელი თემი ეტევა.
„ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი“. ამ სიტყვებით უფალმა ყველაზე უბრალოდ და ბუნებრივად გამოიწვია სასაუბროდ სამარიტელი დედაკაცი. მახარებლის შენიშვნა მომდევნო მუხლში - „რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაითა საზრდელი იყიდონ“ - გვიხსნის, თუ რატომ მიმართა უფალმა ასეთი თხოვნით დედაკაცს: მოწაფეები საქმეზე იყვნენ წასულნი და გზაში საჭირო სხვა ნივთებთან ერთად, ალბათ, „სავსებელიც“ - წყლის ამოსახაპიც წაღებული ჰქონდათ (მუხლი 11).
„ჰრქუა მას დედაკაცმან მან სამარიტელმან: ვითარ, შენ ჰურიაი ხარ და ჩემგან წყალსა ითხოვ, სამარიტელისა დედაკაცისაგან? რამეთუ არა შეეხნიან ჰურიანი სამარიტელთა“ (მუხლი 9).
სამარიტელმა დედაკაცმა, ალბათ, საუბრის კილოთი გამოიცნო, რომ მის წინაშე იუდეველი იყო, რადგან იუდეველთა სუფთა, დაუმახინჯებელი გამოთქმა განსხვავდებოდა სამარიტელთ ნარევი კილოკავისაგან, ისევე, როგორც გალილეური დიალექტისაგან (მსაჯ. 12,6), ანდა, შესაძლოა - ჩაცმულობითაც. და რაკი იცის იუდეველთა და სამარიტელთა ურთიერთსიძულვილი და მტრობა, ქალს უკვირს: რატომ სურს იუდეველს ჩემს ხელთაგან მიიღოს წყალი, ჩემი ჭურჭლიდან დალიოს, მაშინ, როცა იუდეველები ცოდვად რაცხენ ყოველგვარ ურთიერთობას სამარიტელებთან, საზრდოსა და სასმელის მიღებასაც მათგან. გარდა ამისა, იგი, შესაძლოა, იესოს თავისუფალმა, შემწყანარებლურმა მიმართვამაც გააოცა მისადმი, ჯერ-ერთი - დედაკაცისადმი, და მეორეც - სამარიტელისადმი. და სწორედ ამის შედეგი იყო დედაკაცის მკვეთრი სიტყვები - „რამეთუ არა შეეხნიან ჰურიანი სამარიტელთა“.
„მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაი და ვინ არს, რომელი გეტყვის შენ: „მეც მე წყალი, რაითა ვსუა“, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი ცხოველი“ (მუხლი 10).
„ნიჭი ღმრთისაი“, როგორც შემდგომი სიტყვებიდან ჩანს - „და ვინ არს, რომელი გეტყვის შენ“, - ნიშნავს ღმერთის მიერ მონიჭებულ ამ ბედნიერ შემთხვევას - უფალ იესო ქრისტესთან უშუალო საუბრისა. გამოთქმას „წყალი ცხოველი“ ორმაგი მნიშვნელობა აქვს: იგი, ჯერ ერთი, აღნიშნავს „ახალ, მდინარ წყაროსწყალს“ დამდგარი წყლის საპირისპიროდ, და მეორედ, სულიერად, აღნიშნავს ცხოველმყოფელ სიცოცხლის მომნიჭებელ წყალს. სწორედ ამ მნიშვნელობით ამბობს ამ სიტყვებს მაცხოვარი (შდრ. იერემია 2,13,17,18, სადაც უფალი ღმერთი იწოდება „წყაროდ წყლისა ცხოველისა“). ამ სიტყვებმი იესო ქრისტე, პირველ ყოვლისა, გულისხმობს თავის ღვთაებრივ მოძღვრებას, საღმრთო ჭეშმარიტების მონიჭებას, რომელიც დაარწყულებს ადამიანის წყურვილს ჭეშმარიტებისა და განაცხოველებს მის სულს. მაგრამ რადგანაც შეუძლებელია უფლის დაცილება მისი მოძღვრებისაგან, რამეთუ იგი არს ღმერთის საუკუნო ჭეშმარიტება და თავისი მოძღვრებისს რული შინაარსიც, - ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ცხოველ წყალში იგი საკუთარ თავსაც გულისხმობს, ჭეშმარიტებისა და საღმრთო მადლის მთელი სისრულით.
„ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, არცა სავსებელი გაქუს, და ჯურღმული ესე ღრმა არს. ვინაი გაქუს შენ წყალი ცხოველი? ნუუკუე შენ უფროის ხარა მამისა ჩუენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღმული მომცა ჩუენ? და იგი თავადი ამისგან სუმიდა და ძენი მისნი და საცხოვარი მისი“ (მუხლები 11-12).
„სავსებელი“ იყო წყლის ამოსაღები ჭურჭელი მასზე გამობმული გრძელი თასმით. იგი მოგზაურთა აუცილებელ ნივთს შეადგენდა. სამარიტელები თავს იოსების შთამომავლებად თვლიდნენ, იაკობის ძისა. ამიტომაც ამბობს დედაკაცი: „ნუუკუე შენ უფროის ხარა მამისა ჩვენისა?“
„მიუო იესუ და ჰრქუა მას: ყოველი რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალადცა, ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ“ (მუხლი 13–14).
უფალი თითქოსდა ასე პასუხობს სამარიტელ დედაკაცს: ამ წყალზე როდი გეუბნები, რომლის ამოსახაპადაც შენ მოსულხარ; ეს წყალი, გინდ მდინარი იყოს და გინდაც დამდგარი, მხოლოდ დროებით კლავს წყურვილს. ის წყალი კი, რომელზეც მე გეუბნები, სამუდამოდ დაარწყულებს ადამიანს; რამეთუ ცხოველი წყალი დაულევნელ წყლის წყაროდ გადაიქცევა მასში, რომელიც ყოველთვის, სამარადჟამოდ იდინებს!.. მაშ, რა არის ეს ცხოველი წყალი, რომელსაც უფალი სამარიტელ დედაკაცს ჰპირდება? - ეს არის ცათა სასუფევლის სახარება, უფალ იესო ქრისტეს ქადაგება, მოძღვრება. ვინც ისმენს მას, სულის წყურვილიც აღარ აწუხებს, რამეთუ ამ მოძღვრების მოსმენა და მიღება აღმოაცენებს რწმენას ქრისტესი, ვითარცა მსოფლიოს გამომხსნელისა, კაცობრიობის მაცხოვარისა; სწორედ ეს რწმენაა ცხოველი წყლის წყარო, დაულევნელი, საუკუნო ცხოვრებად მდინარი, რამეთუ ამგვარი რწმენის ნაყოფი საუკუნო ცხოვრებაა, მარადიული ნეტარება. ქრისტეს მოძღვრების შედარება ცხოველ წყალთან განსაკუთრებულად შემაგონებელი უნდა ყოფილიყო სამარიტელი ქალისათვის, როგორც წყალით ღარიბი, მშრალი, მცხუნვარე ჰავის მქონე მხარის მკვიდრისათვის. ადამიანის სული თავისი ბუნებით ჩამოჰგავს ცხელ უდაბნოში მოგზაურ მწირს, მას ვერ აკმაყოფილებს ვერაფერი დროებითი და წარმავალი თავისი ცხოვრების გზაზე; ხან ერთს რასმე მიექცევა იგი, ხან მეორეს მიეახლება, მაგრამ საბოლოოდ ყოველივე ამაო აღმოჩნდება, რაღაცის წყურვილი ყოველთვის აწუხებს მას. ასეთი ადამიანისათვის ქრისტეს მოძღვრება იგივეა, რაც უდაბნოში მოგზაურისათვის - წყარო, უფრო მეტიც. წყაროს წყალი მხოლოდ სხეულის წყურვილს აკმაყოფილებს, და ისიც - დროებით. ქრისტეს მოძღვრება კი სამარადისოდ არწყულებს ადამიანის სულს. ასე დარწყულებულ მორწმუნე ადამიანს აღარ აწუხებს წყურვილი, რადგან უფლის - მაცხოვრისა და გამომსყიდველის რწმენა ყოველთვის დაარწყულებს მას; ამ რწმენის ძალით ადამიანს ნეტარება აქვს შეძენილი საკუთარ თავში, ანუ საუკუნო ცხოვრება.
„ჰრქუა დედაკაცმან მან: უფალო, მეც მე წყალი ესე, რაითა არა მწყუროდის, არცაღა მოვიდე აქა ვსებად“ (მუხლი 15).
დედაკაცს ჯერ კიდევ არ ესმის, თუ რომელ ცხოველ წყალზე ელაპარაკება მას უფალი; ჰგონია, რომ წყაროს წყალზე ელაპარაკებიან, რაღაც განსაკუთრებულზე, საკვირველზე, რომელიც მართლაც ერთხელ და სამუდამოდ დაუკმაყოფილებს წყურვილს, და იგიც იმისათვის სთხოვს უფალს ასეთ წყალს, რომ ჭასთან მისვლა აღარ დასჭირდეს.
„ჰრქუა მას იესუ: წარვედ და მოხადე ქმარსა შენსა და მოვედ აქა. მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: არა მივის ქმარი. ჰრქუა მას იესუ: კეთილად სთქუ, ვითარმედ: არა მივის ქმარი, რამეთუ ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი; ესე ჭეშმარიტი სთქუ“ (მუხლები 16,17 და 18).
როცა ქმრის მოყვანას უბრძანებს, ამით უფალი ცოდვიანობის შეგნებას იწვევს ქალში, რათა ქვეყნიურისაგან განაშოროს მისი ფიქრი. და მართლაც, საკუთარი ცოდვიანობის ეს შეგნება ანაზდად აღმოცენდება სამარიტელ დედაკაცში, რომელიც ქალისათვის ჩვეული ხერხიანობით პასუხობს - არა მყავს ქმარიო, რითაც ფიქრობს თავიდან აიცილოს მისთვის უსიამოვნო მოთხოვნა, მას რცხვენია აღიაროს ისეთი თანაცხოვრება მამაკაცთან, რომელიც მისივ საკუთარი შეგნებით, არ არის კანონიერი, სჯულიერი ქორწინება, არამედ არის მხოლოდ თანაცხოვრება, რომელიც ამასთან რამდენიმე გზის განმეორებულა მის ცხოვრებაში სხვადასხვა პიროვნებებთან. თავის პასუხში სამარიტელი დედკაცისადმი, უფალი თუმცა კი არაპირდაპირ, მაგრამ მაინც პირველ ყოვლისა აღადგენს საფუძვლებს ღმერთის მიერ დადგინებული ქორწინებისა, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ორი გონიერი ადამიანის - მამაკაცისა და დედაკაცის - ურყევ კავშირს სიცოცხლის ბოლომდე, - იმ ადამიანებისა, რომლებიც ერთმანეთს მიუძღვნიან თავს ღმერთის წინაშე. ამიტომაც ეუბნება უფალი: „რომელი აწ გივის, არა არს ქმარი შენი; ესე ჭეშმარიტი სთქუ“. ამით მიუთითებს დედაკაცს, რომ, ჯერ-ერთი, ვერ მოატყუებს მას, გულთამხილავს, და მეორეც, თავისი ტყუილით მან უნებლიეთ სიმართლე თქვა, რადგან სულაც არ არის პატივცემული ცოლი, ოჯახის დიასახლისი, ღმერთისაგან მომადლებული ოჯახის ღირსეული დედა; არამედ არის შემცოდე დედაკაცი, გატაცებული მდაბალი ვნებებისაგან, ლამის მემრუშე.
უფლის მოულოდნელმა პასუხმა შესძრა დედაკაცი; მასთან მოსაუბრეს მისი ცხოვრების ყველაზე დაფარული საიდუმლონიც კი სცოდნია, რომელთა ცოდნაც თვით ამ ქალის გარდა, არავის შეეძლო. ამიტომაც უმალვე გაუჩნდა აზრი, რომ მასთან მოსაუბრე არაჩვეულებრივი ადამიანია, ზებუნებრივი ცოდნის მქონე, წინასწარმეტყველი, და პირდაპირ ასეც უთხრა მან უფალს.
„ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, ვხედავ, რამეთუ წინაწარმეტყუელი ხარ შენ. მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანის-სცემდეს, და თქუენ იტყვით, ვითარმედ: იერუსალემს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანის-ცემაი“ (მუხლები 19–20).
სამარიტელი დედაკაცი თითქოს იმას ეკითხება უფალს, - ვინ არის მართალი. ჩვენი, სამარიტელთა მამები თუ თქვენ, იუდეველებიო. იგი წინასწარმეტყველად ხმობს უფალს არა მხოლოდ როგორც წინათგანმჭვრეტს და მომავლის მაუწყებელს, არამედ გულთამხილავის აზრითაც, ვინც საერთოდ იღებს საღმრთო გამოცხადებებს, და ამიტომ ძალუძს უწყოდეს ყოველივე დაფარული და საიდუმლო ადამიანის ცხოვრებისა. მაგრამ ირწმუნებს რა, რომ მასთან მოსაუბრე ღმერთის განსაკუთრებული წარმოგზავნილია, წინასწარმეტყველი, სამარიტელი დედაკაცი, ანაზდად, იმ საქმის გამო ეკითხება უფალს, რომელიც ესოდენ დიდი ხანია განყოფს იუდეველებსა და სამარიტელებს, -კერძოდ ეკითხება ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანის-ცემის ადგილის შესახებ. აქედან ჩანს, რომ, მიუხედავად თავისი არცთუ უმწიკვლო ცხოვრების წესისა, სამარიტელი დედაკაცი დაინტერესებული იყო რელიგიური საკითხებით, მოელოდა მესიას და იმედოვნებდა, რომ სწორედ აღთქმული მესია გადაწყვეტდა საბოლოოდ სარწმუნოებასთან დაკავშირებულ ყოველგვარ სადავო საკითხს, რადგანაც მოსეს სჯულითაც (II სჯული 12,7,11) საზოგადოებრივი ღმერთთაყვანისცემისათვის დადგინებული იყო მხოლოდ ერთი ადგილი მთელს პალესტინაში, ამიტომ იუდეველებსა და სამარიტელებს შორის მწვავე წინააღმდეგობა წარმოიმვა და განვითარდა ამ საკითხთან დაკაეშირებით; ეს საკითხი მძაფრად წამოიჭრებოდა ხოლმე უფლის ქვეყნიური ცხოვრების დროსაც, და აი, სამარიტელმა დედაკაცმაც იგივე საკითხის გადაწყვეტა შესთავაზა თავის თანამოსაუბრეს, ვისაც ის წინასწარმეტყველად აღიარებდა.
„ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალემს თაყუანის-სცემდეთ მამასა“ (მუხლი 21).
სადავო საკითხი იმაში მდგომარეობდა, რომ იუდეველთა და სამარიტელთა წარმოდგენით ღმერთის სჯულიერი თაყვანისცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთ ადგილას - მხოლოდ იქ შეიძლებოდა მისი სათნო-ყოფა მსხვერპლშეწირვით და რომ, აქედან გამომდინარე, იგი მუნ მყოფობს თითქოსდა ერთ ადგილას. იესო ქრისტეს სურს გადაარწმუნოს სამარიტელი დედაკაცი, რომ ეს ასე არ არის და რომ მალე აღარ იქნება არც იუდაური ღვთისმსახურება, და არც სამარიტული, რომლებიც ღმერთს ან სიონის მთაზე ეძიებდნენ ანდა გარიზინისაზე. ამიტომ ეს სადავო საკითხიც იუდეველებსა და სამარიტელებს შორის, რომელსაც სამარიტელი დედაკაცი ესოდენ მნიშვნელობას ანიჭებს, მომავალში სრულიად დაკარგავს აზრს. ჯერ კიდევ მალაქია წინასწარმეტყველის პირით ამბობდა უფალი: „აღმოსავალთაითგან მზისათაით და ვიდრე დასავალთამდე სახელი ჩემი დიდებულ არს წარმართთა შორის და ყოველსა ადგილსა საკუმეველი მოერთუმის სახელსა ჩემსა და მსხუერპლი წმიდაი,... რამეთუ დიდ არს სახელი ჩემი წარმართთა შორის, - იტყვის უფალი ყოვლისა მპყრობელი“ (მალაქია 1,11). და სწორედ ეს წინასწარმეტყველური გამონათქვამი უდევს საფუძვლად უფლის სიტყვებს. სიტყვებში - „გრწმენინ ჩემი“ - მდგომარეობს გაძლიერებული დადასტურება ახალი ჭეშმარიტებისა, რომელიც სამარიტელ დედაკაცს წარმოუდგენლად უნდა მოსჩვენებოდა და ამიტომ აუცილებელი იყო მისთვის ამის ხაზგასმით თქმა. სიტყვით „მამასა“ წინათმინიშნებულია ახალი მიმართება, რომელიც ამიერიდან ექნებოდათ მლოცველებს თავიანთი ღმერთისადმი ქრისტეს მიერ. იგი მათი მამა იქნება.
„თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაი ჰურიათაგან არს“ (მუხლი 22).
ანუ იმ დრომდე, - ეუბნება უფალი, - სანამ არც სიონის მთაზე და არც გარიზინისაზე არ შეწყდება ღმერთის თაყვანისცემა, ანუ მანამდე, სანამ არ გაუქმებულა არც სამარიტული და არც იუდაური ღვთისმსახურება და მსხვერპლშეწირვა, „ჩვენ“, ანუ იუდეველები, მართლები ვიქნებით, როცა იერუსალიმს მივიჩნევთ სჯულიერ ადგილად ღვთისმსახურებისათვის და მსხვერპლთშეწირვისათვის. სიტყვები „არა იცით“ შეფარდებითი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, იმიტომ, რომ სამარიტელთათვის უცხო არ იყო ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნება გარკვეული ზომით; მაგრამ იუდეველთა შემეცნებასთან შედარებით ეს მეტად არასაკმარისი მოჩანდა და შეიძლებოდა არცოდნად წოდებულიყო. სამარიტელნი მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეულს აღიარებდნენ და, ამრიგად, უარყოფდნენ მთელს დანარჩენ წმიდა წერილს, წინასწარმეტყველთა ჩათვლით. ამიტომაც მათი მესიანური მოლოდინი არასაკმარისი და ბუნდოვანი იყო; აქედან გამომდინარე, არასაკმარისი იყო მათი ღვთისმსახურებაც, რომლის საფუძველიცა და სულიც მესია იყო. სიტყვა „ცხოვნების“ ქვეშ ბუნებრივად უნდა გავიგოთ ხსნა მესიის მიერ, რომელიც იუდეველთაგან მომდინარეობს, რადგან მაცხოვარი ხორციელად უნდა წარმოშობილიყო, და იშვა კიდეც, ისრაელიდან (შდრ. რომ. 9,4).
წარმოაჩინა რა, რომ იუდეველები თავიანთ ღვთისმსახურებაში შეფარდებითად უფრო მართალნი არიან, ვიდრე სხვანი, უფალი ახლა განზე სტოვებს წინააღმდეგობას იუდეველობასა და სამარიტელობას შორის, და ამბობს:
„არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაიცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა“ (მუხლი 23).
ამით მაცხოვარს სურს იუდეველთა ღმერთთაყვანისცემას - თუმც კი უმჯობესსა და უფრო ჭეშმარიტს სამარიტელთა ღმერთ-თაყვანისცემასთან შედარებით, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ არასაკმარისსა და არასრულყოფილს, დაუპირისპიროს ღმერთის თაყვანისცემის სრულყოფილი ფორმა, რომელიც ამიერიდან უნდა დამკვიდრდეს იესო ქრისტეს ქვეყნიური საზოგადო მსახურების დაგვირგვინებასთან ერთად. ამ ღმერთ-თაყვანისცემას იგი მომავალს უწოდებს („მოვალს ჟამი“) და თან აწინდელსაც („და აწვე არს“). იგი აწინდელი იყო თავის ჩანასახში, ამ ჭეშმარიტი ღმერთთაყვანისცემის დამფუძნებელი და მეოხმყოფელი, ქრისტე, უკვე მოვლინებულიყო ქვეყნად, იგი მომავალი იყო, რადგან ეს ჭეშმარიტი ღმერთ-თაყვანისცემა ჯერ-იყო სულ უფრო მეტად გავრცელებულიყო კაცობრიობაში. ამ აზრით, ცათა სასუფეველი ახალ აღთქმაში ხან აწვე არსებულად იწოდება, ხანაც - მომავალად. გამოთქმა „ჭეშმარიტნი თაყვანისმცემელნი“, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ იუდაური ღვთისმეტყველება არასაკარისი და არასრულყოფილი იყო, მაგრამ არა - ცრუ. მათს შესახებ ამბობს იესო, რომ ისინი თაყვანს-სცემენ „სულითა და ჭეშმარიტებითა“. იგი ამბობს: „მამასა“, და არა „ღმერთსა“, რადგან თავის ჭეშმარიტ თაყვანისმცემელს ღმერთი ყოველთვის ეცხადება როგორც მამა-შვილს. სიტყვა „სულითა“, ზემოთ თქმულთან კავშირში (მუხლი19,21) - საპირისპიროა სიტყვებისა „მთასა ამას“ და „იერუსალემს“, ხოლო სიტყვა „ჭეშმარიტებით“ - იუდეველთა და სამარიტელთა ერთ გარეგან და სიმბოლურ ღმერთთაყვანისცემას - მსხვერპლთშეწირვას უპირისპირდება. ამგვარად, ჭეშმარიტი ღმერთ-თაყვანისცემა უნდა მდგომარეობდეს:
1) სულით თაყვანისცემაში, ანუ შინაგან სულიერ ქმედებებმი, შინაგან სულიერ მსხვერპლშეწირვაში, როცა ადამიანს საკუთარი თავი მოაქვს მსხვერპლად ღმერთისათვის და როცა ასეთი მსხვერპლშეწირვა არ არის დაკავშირებული რომელიმე განსაზღვრულ ადგილთან, არამედ შეიძლება ყველგან და ყოველ დროს აღსრულდეს. კვალად, ჭეშმარიტი ღმერთთაყვანისცემა უნდა მდგომარეობდეს.
2) ჭეშმარიტებით თაყვანისცემაში, ანუ იყოს არა მხოლოდ გარეგნულად სიმბოლური, ხატოვანი, არამედ არსებითიც, არსისმიერიც, ისეთი, რომ თავის თავში ღმერთთაყვანისცემის საგანს მოიცავდეს. ასეთი თაყვანისცემა სულითა და ჭეშმარიტებითა არის ერთადერთი ნამდვილი, ჭეშმარიტი ღმერთთაყვანისცემა, რადგან შეესატყვისება თავის იდეას, ანუ დამახასიათებელია ღმერთის არსებობისათვის. „სულ არს ღმერთი“- (და, მაშასადამე, იგი არ არის დაკავშირებული განსაზღვრულ სივრცესთან), - „სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაი“ (მუხლი 24).
თავისთავად გასაგებია, რომ ამ სიტყვებით უფალი არ გამორიცხავს ღმერთთაყვანისცემის ყოველგვარ გარეგან მოქმედებებს, როგორც ამას მისტიკოსები ამტკიცებენ. სანამ ადამიანი ადამიანად რჩება, ანუ სხეულისა და სულის მქონე არსებად, მანამდე მისი შინაგანი ღმერთთაყვანისცემა დაკავშირებული იქნება განსაზღვრულ დროსთან და ადგილთან, და გამოიხატება კიდეც გარეგან სიმბოლურ მოქმედებებში. მხოლოდ ნამდვილი სულებისათვის არის შესაძლებელი სავსებით სულიერი ღმერთთაყვანისცემა. ამ სიტყვებით ქრისტეს სურს გვიჩვენოს, რომ მხოლოდ გარეგან ღმერთთაყვანისცემას, დაკავშირებულს მხოლოდ და მხოლოდ ერთ გარკვეულ ადგილთან, შინაგანი ღმერთთაყვანისცემის გარეშე, არანაირი ფასი არა აქვს ღმერთის თვალში. ძველ აღთქმაშივე მოითხოვდა ღმერთი ადამიანისაგან მხოლოდ შინაგანი სიწმიდისათვის გარეგან სიწმიდეს (ფსალმ. 49 და 59).
„ჰრქუა მას დედაკაცმან მან: ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქვიან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყვი შენ“ (მუხლები 25 და 26).
სამარიტელნიც ასევე მოელოდნენ მესიის მოსვლას და თავიანთ გაგებას და მოლოდინს მესიისა აფუძნებდნენ მოსეს ხუთწიგნეულის სიტყვებზე (დაბად. 49,10; რიცხვთა 24,17), ხოლო განსაკუთრებით II სჯულის სიტყვებზე (18,15), როცა მოსე ამბობს: „წინაისწარმეტყველი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთაი, ვითარცა-ესე მე მისი“, და მისი ისმინეთო. მესიას სამარიტელები უწოდებდნენ „ჰა-შშაგებ“-ს, ანდა „ჰა-ტ-ტაგებ“-ს,რაც ზოგიერთი მკვლევარის აზრით ნიშნავს „მომქცევს“, „მქადაგებელს“, სხვათა აზრით კი - „დაბრუნებულს“ („მომქცეველს“, „უკან მომბრუნებელს“); კერძოდ კი, მათი შეხედულებით, ეს მოსე უნდა ყოფილიყო, გამომდინარე მისივ სიტყვებიდან „ვითარცა-ესე მე მისი“. ხოლო სახელწოდება „მესია“, რომელსაც აქ იყენებს სამარიტელი დედაკაცი, ან იუდეველთაგან არის გადასული სამარიტელებთან, ანდა, უბრალოდ მახარებელი ათქმევინებს მას ამ სიტყვას. აქამდე მაცხოვარი თანდათან შეამზადებდა მის სულიერ მდგომარეობას და ახლა პირდაპირ ეუბნება -სწორედ მე ვარ მოსეს მიერ დაპირებული მესიაო: „მე ვარ, რომელი გეტყვი შენ“. გაბოროტებულ იუდეველთა წინაშე იესოს არასდროს არ უსაუბრია საკუთარი თავის შესახებ ასე განცხადებულად, როგორც ახლა ეუბნება ამ უბოროტო უბრალო ქალს.
„და ამას ოდენ სიტყუასა ზედა მოვიდეს მოწაფენი მისნი და უკვირდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ, ანუ რასა იტყვი მის თანა?“ (მუხლი 27).
მოწაფეებს იმის გამო გაუკვირდათ ეს ამბავი, რომ იუდეველ მოძღვართა ჩვეულება არ იყო დედაკაცებთან საუბარი; უჯერო საქციელადაც კი ითვლებოდა საზოგადოებაში ქალებთან უწყინარი დალაპარაკება. წესად იყო შემოღებული არც კი მისალმებოდნენ ქალს შეხვედრისას, ხოლო მათს სწავლებას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით რაბინები ამბობენ: „ვინც თავის ასულს სჯულს ასწავლის, ის სისულელეს სჩადის“. და „ჯობს დავწვათ სჯულის სიტყვები, ვიდრე დედაკაცებს გადავცეთ“. მიუხედავად ყოველივე ამისა, თავიანთი მოძღვრის პატივისცემის გამო მოწაფეები ვერ გაკადნიერდნენ ეკითხათ მისთვის „რასა ეძიებ, ანუ რასა იტყვი მის თანა?“-ო.
იესოს პასუხით - მე ვარ აღთქმული მესიაო, - გახარებული სამარიტელი დედაკაცი ივიწყებს, თუ რისთვის არის მოსული იაკობის ჭასთან და უკან ქალაქში მიიჩქარის.
„დაუტევა უკუე სარწყული იგი მისი დედაკაცმან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ: მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაიცა ვქმენ. ნუუკუე იგი არს ქრისტე? გამოვიდეს ქალაქით და მოვიდოდეს მისა“ (მუხლები 28-30).
სამარიტელი დედაკაცის შეკითხვა. „ნუუკუე იგი არს ქრისტე?“ - მის შეეჭვებას კი არ გამოხატავს, - რამეთუ მას უკვე სჯეროდა, რომ იესო მესიაა, არამედ მას სურს, რომ მისი მრავლისმეტყველი შეკითხვა დადასტურებული იყოს თანამოქალაქეთა თანხმობით. ადამიანის ბუნება, საერთოდაც, ისეა მოწყობილი, რომ ყოველ ადამიანს სურს, მისი საკუთარი რწმუნება და შეხედულება მოყვასთა შეხედულებითა და რწმუნებითაც იყოს ყოველთვის დადასტურებულ-განმტკიცებული.
„და ვიდრე-იგი მოვიდოდეს, ამას ოდენ სიტყუასა ეტყოდეს მას მოწაფენი და ჰრქუეს: რაბი, ჭამე! ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მე ჭამადი მაქუს ჭამად, რომელი თქუენ არა იცით. იტყოდეს მოწაფენი ურთიერთას: ნუუკუე მო-ვინმე-ართუა მას ჭამადი? ჰრქუა მათ იესუ: ჩემი ჭამადი არს, რაითა ვყო ნებაი მომავლინებელისა ჩემისაი და აღვასრულო საქმე მისი. არა თქუენ იტყვითა, ვითარმედ: ოთხღა თუე არიან, და მოვალს მკაი? აჰა ესერა მე გეტყვი თქუენ: აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე“ (მუხლები 31-35).
მოწაფეებმა ქალაქიდან მოტანილი საზრდო შესთავაზეს უფალს, რადგან უკვე შუადღე იყო - სადილობის ჟამი. მაგრამ უფალი უარს ამბობს საზრდოს მიღებაზე - მე სხვა საზრდო მაქვს, რომლის შესახებაც თქვენ ჯერ არაფერი იცითო. იესო ქრისტე საზრდოს სახეს, შედარებას იყენებს, რათა თავისი მოწაფეები უზენაესი სულიერი საზრდოს ცნებამდე აღამაღლოს. ასე ქმნა მან ცხოველ წყალზე საუბრისას სამარიტელ დედაკაცთან და ბევრ სხვა შემთხვევაშიც. გამოუცდელმა მოწაფეებმა ვერ გაუგეს მოძღვარს. ამიტომ უფალმა პირდაპირ აუხსნა მათ, თუ რას ნიშნავს, რა არის ეს სხვა საზრდო, თანაც სწორედ მოცემულ შემთხვევასთან მისადაგებით. უფლის ამქვეყნად მოსვლის მიზანია - კაცობრიობის გამოსყიდვის საქმის აღსრულება, რაც წინათგანსაზღვრული იყო ღმერთის ნებით, - ამ უდიდესი საქმისა, და ამგვარად, ღმერთის ნების აღსრულება. აი, ესაა ის სულიერი საზრდო, რომელიც უფრო მეტად აკმაყოფილებდა იესოს სულის მოთხოვნილებებს, ვიდრე სხეულებრივი საზრდო - მისი სხეულის საჭიროებას, ისე, რომ პირველის გულისთვის მეორის დავიწყებაც შეიძლება. იესო დაღლილი, მშიერ-მწყურვალი მოვიდა იაკობის ჭასთან, და დაავიწყდა თავისი დაღლა და შიმშილ-წყურვილი, რადგან ჭეშმარიტების სიტყვას თესავდა სამარიტელი დედაკაცის გულში, ხოლო მისი მეშვეობით - თანამოქალაქე სამარიტელთა გულებმიც. ამგვარმა აღსრულებამ ზეციური მამის ნებისა და მისი საქმის აღსრულებამ დაუცხრო იესოს შიმშილისა და წყურვილის გრძნობა. „ოთხღა თთუე არიან, და მოვალს მკაი“. მკას პალესტინაში აპრილში იწყებდნენ; ოთხი თვე თუ იყო მანამდე დარჩენილი, დეკემბერი ყოფილა, - აი, დაახლოებით ის დრო, როცა უფალი სამარიტელთა ქალაქ სიქემთან იმყოფებოდა.
„აღიხილენით თვალნი თქვენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე“ - ცხადია, რომ ეს სიტყვები უფლისა ხატოვნად გამოსახავენ იმჟამინდელ მდგომარეობას: დედაკაცის სიტყვებით აღძრული სამარიტელი მოქალაქენი იაკობის ჭასთან გამოჩენილ მესიასთან - ქრისტესთან მოიჩქარიან, სადაც უფალი თავის მოწაფეებთან ერთად ისვენებს; სამარიტელნი, ალბათ, ახლად აჯეჯილებულ მინდვრებს მოუყვებიან, რომელთა სახილველიც უფალს მშვენიერ სახეს აძლევს შედარებისთვის. ახლად მოსაქცევი სამარიტელნიც ხომ ჯეჯილს ჰგვანან, ამოსულს უფლის მიერ დათესილი ჭეშმარიტების მარცვლისაგან, რომელნიც მალე სპეტაკნი გახდებიან, მოსამკელად გამზადებულნი. აბა, შეხედეთ ამ ახლად აჯეჯილებულ ყანას - უფლისაკენ რწმენით მომავალ სამარიტელებს! - ეუბნება უფალი მოწაფეებს. - როგორ განსპეტაკებულა იგი და განმზადებულა მომკისათვის! მე, აი, ახლახანს დავთესე მათში ჭეშმარიტების სიტყვის მარცვალი, სულ ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ამ დედაკაცს, ის კი, ნახეთ, უკვე აღმოცენებულა, გამრავლებულა! აი, რაოდენნი მოდიან აქეთ, უკვე განმზადებულნი იმისთვის, რომ ჭეშმარიტი მესია - ქრისტე ირწმუნონ. ასე, რომ მკა უკვე დამდგარა.
„და მომკალმან სასყიდელი თვისი მოიღოს და შეიკრიბოს ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ, რაითა მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდის მის თანა. რამეთუ ამით არს ჭეშმარიტ სიტყუაი იგი, ვითარმედ სხუაი არს მთესვარი და სხუაი არს მომკალი. მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით, სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით“ (მუხლები 36-38).
უფალი თითქოს ასე ეუბნება თავის მოქალაქეებს: თქვენ უნდა გააგრძელოთ ცათა სასუფევლის ხარების საქმე; თქვენ ხედავთ ამ დამწიფებულ სულიერ ყანებს; მაგრამ თქვენ როდი დაგითესიათ ისინი; ჩემს - მესიის მისაღებად ისინი მოსეს სჯულმა მოამზადა; სამარიტელი დედაკაციც მე მოვაქციე; თქვენ დათესვა კი არა, მომკა მოგიწევთ, განმზადებული ნაყოფების შეკრება. ჩვეულებრივი მკის დროს, ისე რომ მომხდარიყო - ერთს დაეთესა ყანა, სხვას კი მოემკა, ორივენი როდი გაიხარებდნენ, რადგან დამთესველი ინანებდა, რომ თავისთვის არ დაუთესია ყანა, ხოლო გახარებით მხოლოდ მომკელი განიხარებდა, განმზადებული ნაყოფების მიმღები. ხოლო სულიერ მკში დამთესველნიც და თქვენც, მთესვართა შრომაში ჩაზიარებულნი, ერთად მიიღებთ ჯილდოს და ყველანი ერთობლივ განიხარებთ ჩემთან, ერთადერთ ჭეშმარიტ მთესვართან ერთად. ამით კი არ განქარდება მოციქულთა შრომა და დიდებულება ამსულიერ ყანაში, არამედ უფლის შრომასთან მიმართებით წარმოჩნდება უმსუბუქესი და უამესი, როგორადაც უფრო ადვილი და სასიამოვნოა ნაყოფის შეკრება, ვიდრე მუშაობა მის მოსაყვანად. და თვით მოციქულნიც, შემდგომში, თავიანთი ქადაგების მთელს ღვაწლს და მთელს თავიანთ საქმეს უფალს მიაწერდნენ.
ამის შემდეგ მახარებელი კვლავ განაგრძობს 30-ე მუხლში შეწყვეტილ თხრობას:
„ხოლო ქალაქისა მისგანთა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, სამარიტელთა მათ, სიტყვითა მის დედაკაცისაითა, რამეთუ წამებდა, ვითარმედ: ყოველივე მითხრა მე, რაოდენი ვქმენ. და ვითარცა მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი, ევედრებოდეს მას, რაითა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე“ (მუხლები 39-40).
სამარიტელთა რწმენა, რომელზეც აქაა საუბარი, ჯერ კიდევ არასრულყოფილი იყო. დედაკაცის მონათხრობმა ისინი იმის აღიარებისაკენ აღსძრა, რომ იესო - აღთქმული მესიაა, ქრისტეა. ხოლო რწმენის უმაღლეს საფეხურს ისინი მხოლოდ უფლის ქადაგების შედეგად ეწივნენ, როცა იესო მათი თხოვნით ორი დღე იმყოფებოდა სამარიტელებთან.
„და უფროისსა სიმრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაი. და ეტყოდეს დედაკაცსა მას, ვითარმედ: არღარა სიტყვითა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თვით გუესმა მისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაი, ქრისტე“ (მუხლები 41-42).
სიქემელები ქრისტეს „მსოფლიოს მხსნელს“ - „მაცხოვარს სოფლისა“ უწოდებენ, ანუ მათ უკეთ შეიცნეს იგი, ვიდრე იუდეველთა უდიდესმა ნაწილმა, რომელთათვისაც - მესია მხოლოდ რჩეული ერის მხსნელი იყო.
II. ახლა კი გონებით განვსაჯოთ, თუ რა შეიძლება შესძინოს ჩვენს გონებასა და გულს დღევანდელმა სახარების საკითხავმა? რა გაკვეთილები შეგვიძლია მივიღოთ ჩვენს დასამოძღვრად?
ა) პირველ ყოვლისა, იმას მივაქციოთ ყურადღება, რომ მაცხოვარმა უგულებელჰყო ძველთაძველი მტრობა იუდეველებსა და სამარიტელებს შორის და თვითონ მივიდა სამარიტელებთან, რათა ასწავლოს მათ ცხოვნების ჭეშმარიტი გზა (მიუხედავად იმისა, რომ თვითონ, როგორც ადამიანი, იუდეველ ხალხს ეკუთვნოდა) (მუხლი 5). ამით მაცხოვარი გვასწავლის, რომ ჩვენი სიყვარული არ უნდა შემოვფარგლოთ მხოლოდ ნათესავებით, ახლობელ-მეგობრებით, თანამოქალაქეებითა და ერთმორწმუნეებით, არამედ ჩვენს მტრებსაც კი ვუწილადოთ იგი. ჩვენ უნდა პატივს ვცემდეთ ჩვენს მტრებს, როგორც შექმნილებს ხატად და მსგავსად ღმერთისა, როგორც ჩვენს დებსა და ძმებს, როგორც შეერთებულთ იესო ქრისტეს მიერ, როგორც იმ ადამიანებს, ვისაც უფალი ღმრთისაგან ერთი საუკუნო ნეტარება აქვთ დადგინებული ჩვენთან ერთად; პატივს უნდა ვცემდეთ მათ და ძმური კეთილგანწყობით ვიყოთ განმსჭვალულნი მათს მიმართ, ხოლო ამიტომ თანალმობა უნდა აღგვავსებდეს მათი დამღუპველი მდგომარეობის შემხედვარე და გულწრფელად ვუსურვებდეთ მათ ღმერთისაკენ მოქცევას, ვლოცულობდეთ მათი განათლებისათვის, ვპატიობდეთ მათ წყინებას ჩვენს მიმართ, და ხალისით შევეწეოდეთ, რითაც კი შეგვიძლია, გაჭირვებაში. რა თქმა უნდა, ძნელია კეთილს უსურვებდე და უყოფდე იმას, ვინც თვითონ ბოროტს გისურვებს; ძნელია აკურთხევდე იმას, ვინც გვაგინებს და გვწყევლის, მაგრამ ასე მოქცევა აუცილებელია, რადგან, როგორც პავლე მოციქული ამბობს, „სიყვარული თუ არ მაქუნდეს, არა-ვე-რაი ვარ“ (I კორინთ. 13,2).
ბ) კვალად, ჩვენს ყურადღებას დღევანდელ საკითხავში იპყრობს სამარიტელი დედაკაცის კეთილი თვისებები და პირველ ყოვლისა მისი წმიდა ცნობისწადილი, სიყვარული სარწმუნოებრივ საკითხებზე მსჯელობისადმი (მუხლი 20). თავიდან მაცხოვრის სიტყვათა მნიშვნელობა მისთვის არც თუ გასაგებია - მისი სწავლება ცხოველი საღმრთო წყლის შესახებ აღემატება მის გაგებას. ქალის სულიერი გულისხმისყოფა ჯერ იმდენად მწირია, რომ ჩვეულებრივი, ბუნებრივი წყლისაგან მისი აზრი ვერ მაღლდება სულიერ, ცხოველმყოფელ წყლამდე. მაგრამ როგორც კი უფლისმიერი მხილებისაგან თავისი არაწმიდა ცხოვრებისა მიხვდა, რომ მას დიდი წინასწარმეტყველი ესაუბრება, სამარიტელი დედაკაცი თვითონვე გადადის სარწმუნოებრივ საკითხზე და თავისი ხალხისათვის ყველაზე საჭირბოროტო კითხვას უსვამს: როგორ ჯერ-არს და რომელ ადგილას ღმერთის უმჯობესი თაყვანისცემა? ეს საკითხი, ალბათ, ძალზე აწუხებდა მის მეძიებელ სულს, რამეთუ არაწმიდა ცხოვრებამ, გრძნობებს აყოლამ ვერ ჩაკლეს მასში სარწმუნოებრივი მოვალეობის გრძნობა და ღმერთის სათნო-ყოფის სურვილი. იგი სასოებით მოელის, რომ მოვალს აღთქმული მესია - ქრისტე და გადაწყვეტს ამ საჭირბოროტო საკითხს, სადავოს და მტრობა-სიძულვილის ჩამომგდებს იუდეველებსა და სამარიტელებს შორის; მაგრამ ამავე დროს, სამარიტელი დედაკაცი ყველა მარჯვე შემთხვევას იყენებს და სურს მესიის მოსვლამდეც, შეძლებისდაგვარად, სცადოს ამ საკითხის გარკვევა თავისთვის. და აი,სწორედ ამ კეთილმა და წმიდა ცნობისწადილმა, რომელიც ისწრაფვის ჭეშმარიტება შეიმეცნოს არა მხოლოდ თავის ახლობელ ადამიანთა წრეში, არამედ იმათგანაც, ვინც უცხოა მისთვის, მტრულად განწყობილი ხალხის წარმომადგენელია, - ამ მისწრაფებამ გახადა სამარიტელი დედაკაცი უფალთან საუბრის ღირსი. ღმერთი მოდის წმიდა ჭეშმარიტებისა და საღმრთო მადლის მეძიებელთა შესახვედრად, მოწყალედ მოჰმადლის ესევითარ თავის ნიჭთ და საღმრთო სიბრძნით განაგებს მათს ცხოვნებას, ხოლო მათი მეშვეობით სხვა ადამიანთა მოქცევასაც ჭეშმარიტ ღმერთთაყვანისცემაზე. და სამარიტელი დედაკაცისთვისაც იგი იმიტომ გადასწყვეტს უმნიშვნელოვანეს სარწმუნოებრივ საკითხებს ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანისცემის შესახებ, რომ ამ ცოდვილ, მაგრამ წრფელი სულის მქონე ადამიანს მთელის გულით სურს მათი გადაწყვეტა და, როგორც უფალმა უწყის, შეუძლია სხვა ადამიანებსაც დაეხმაროს მათს გულისხმის-ყოფაში და გადაწყვეტაში.
გ) სამარიტელი დედაკაცის მეორე ღირსშესანიშნავი თვისება, რომელიც ჩვენს ყურადღებას იპყრობს, არის მისი სიყვარული მოყვასისადმი, თანამოქალაქეთადმი (მუხლები 28-29). უაღმატებულესი ბედნიერების ღირსი შეიქმნა იგი - თვით აღთქმული მესია უფალი იესო ქრისტე, ესაუბრა მას. და როგორ მოიქცა იგი? მხოლოდ თვითონ დასტკბა ყოველივე იმით, რაც დაინახა და მოისმინა? ან იქნებ მარიამსავით, მართასა და ლაზარეს დასავით, რომელიც უფლის ფერხთით იჯდა და მის ღვთაებრივ სიტყვებს ისმენდა, ყოველივე დაივიწყა, რაც მის გარშემო იყო? არა. სამარიტელი დედაკაცი მხოლოდ საკუთარ თავზე როდი ფიქრობდა! რა თქმა უნდა, მარიამის სიყვარულიც ამაღლებულია, რამეთუ მან ყველა და ყველაფერი დაივიწყა, როცა უფლის ღვთაებრივ მოძღვრებას ისმენდა, ოღონდ დაივიწყა არა იმის გამო, რომ, თითქოს, გულცივი იყო სხვა ადამიანებისადმი, არამედ, პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ უდიდესი სიყვარულით იყო აღვსილი უფლისადმი და მისი სწავლებისადმი.
სამარიტელ დედაკაცშიც ამაღლებულია სიყვარული ქრისტესადმი და მისი მოძღვრებისადმი, და მას მოყვასისადმი სიყვარულიც გამოარჩევს. ქალმა იცის, მის მშობლიურ ქალაქში ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც, მის მსგავსად, აწუხებს საკითხი ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანისცემის შესახებ, და ვინც მის მსგავსადვე მოელის მესიის მოსვლას და ამ საკითხის გადაწყვეტას მის მიერ. და აი, როცა დედაკაცმა შეიტყო, რომ მის წინაშე თავად აღთქმული მესია - ქრისტეა, იგი, სიყვარულით აღვსილი თანამოქალაქეთადმი, სასწრაფოდ მათკენ მიეშურება, რათა მათაც აუწყოს ამ ბედნიერების შესახებ, რისი ღირსიც თვითონ შექნილა; მას სურს, სხვებიც ღირს-იქმნან ქრისტეს ხილვისა და მისი სწავლების მოსმენისა. და მართლაც, რა კეთილნაყოფიერი აღმოჩნდა მისი ამ სიყვარულის შედეგი! - მაცხოვარმა სიყვარულით მიიღო სამარიტელნი და მათაც აღიარეს იგი ჭეშმარიტ მესიად; სამარიტელთა შორის მრავალი ადამიანი შეიქნა ქრისტეს მიმდევარი! აი, რა მშვენიერი ხვედრი ერგო სამარიტელ დედაკაცს, მართალია მანამდე უწესოდ მცხოვრებს, მაგრამ მაინც გამორჩეულს უცხოთა შემწყნარებლობით, განსხვავებული რწმენის მქონესადმი არამტრული განწყობით, წმიდა ცნობისწადილითა და მოყვასთადმი სიყვარულით! იგი უფალს თავისთან სასაუბროდ იზიდავს, შეიტყობს მისგან ამაღლებულ ჭეშმარიტებებს, შეიცნობს მასმი აღთქმულ მესიას - ქრისტეს და იარაღად შეიქნება მრავალი თავისი თანამოქალაქის მოსაქცევად ქრისტეს რწმენაზე.
დ) ჩვენთვის დამმოძღვრებელია სულიერ-ზნეობრივი ცხოვრების ის უეცარი გარდაქმნა, რაც უფალმა აღასრულა სამარიტელ დედაკაცში (მუხლი 19).
ხუთი ქმარი ჰყავდა გამოცვლილი ამ უწესო დედაკაცს, და ახლაც უსჯულო კავშირი ჰქონდასხვა მამაკაცთან, რომელიც ვერ იწოდებოდა მის ქმრად (მუხლი 18).
მაშ, როგორღა შეეძლო მას როდისმე უმაღლეს, სულიერ ცნებათა გაგებამდე ამაღლებულიყო? საღმრთო განგებულებამ მოიყვანა ეს ცოდვილი ქალი, თითქოსდა შემთხვევით, სულიერ ნიჭთა მომცემელთან სასაუბროდ. ყოვლისმცნობელი უფალი თავისი მკაცრი შენიშვნით - „ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი“ - ო, ცოდვილი ქალის გულს შეეხო და მისი სინდისი განაღვიძა, ხოლო ამასთანავე თავისი მაცხოვნებელი ძალის წყაროც განუღო წარსაწყმედელისაკენ მიმავალ დედაკაცს. და მოხდა საკვირველი საქმე! ცოდვილმა დედაკაცმა, ანაზდად, გულისმიერი სწრაფვა იგრძნო ღმერთისადმი, ჭეშმარიტებისა და ცხოვნების გზანი მოიძია და იმის შემძლედ გამოჩნდა, რომ ზეაღმატებული მოძღვრება მოესმინა ღმერთის თაყვანისცემის შესახებ სულითა და ჭეშმარიტებით, შემდეგ კი თვითონაც ცხოვნების კეთილ მაცნედ ემსახურა თავის თანამოქალაქეებს. აი, ამგვარად ძალუძთ ცოდვათა უფსკრულიდან აღდგომა ყველაზე მძიმე ცოდვილთაც კი, როცა საღმრთო მადლი მათს გულს ეხება და როცა ისინიც არ დაიხშობენ გულის სასმენელთ მისი მოწოდების წინაშე! მაგრამ თუკი არ გაისმის მადლის ეს მაცხოვნებელი მოწოდება? - წმიდა მოციქულის მოწმობით, იგი ყოველთვის უღაღადებს ცოდვილებს და იქცევა მათზე, რათა მოაქციოს: „განიღვიძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკვდრეთით, და განგამართლოს შენ ქრისტემან“ (ეფეს. 5,14).
ე) კვალად, ჩვენთვის ღრმად სამოძღვრებოა უფლის ის სიტყვები, რომლებმიც იგი ასწავლის სამარიტელ დედაკაცს, თუ რაში უნდა მდგომარეობდეს ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა, ანუ მსახურება: „სულ არს ღმერთი, და თაყვანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყვანის-ცემაი“ (მუხლი 24), - ეუბნება იგი ქალს. ამრიგად, მხოლოდ გარეგანი მსახურება ღმერთისადმი, სულისა და გულის თანამონაწილეობის გარეშე, არაფერს არ ნიშნავს. ამიტომ გასაგებია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ღმერთის თაყვანისცემაში მხოლოდ სჯულის დადგინებათა ზედმიწევნით გარეგანი შესრულებით შემოიფარგლებიან და რელიგიურ-ღვთისმსახურებათა რიგის მხოლოდ წეს-ჩვეულებითს მხარეს იცავენ, - ესევითარნი ვერ აღწევენ სრულყოფილებას რწმენაში. რამეთუ, როგორც მაცხოვარი ამბობს, მსგავსი ადამიანები მხოლოდ ბაგეებით ეთაყვანებიან ღმერთს, მათი გული კი დიდად განშორებია შემოქმედ ღმერთს. ასევე ისინიც ვერ დაიკვეხნიან თავიანთი ღმერთთაყვანისცემის ჭეშმარიტებით, რომელთაც სურთ მხოლოდ თავიანთი სულის ძალებით ეთაყვანონ ღმერთს და უარყოფენ გარეგანი რელიგიურ-ღვთისმსახურებითი წეს-ჩვეულებების ყოველგვარ სახეს. სანამ ადამიანი ცოცხალია, მისი სულიც მხოლოდ და მხოლოდ სხეულის გარეგან მოქმედებებში იხილვება. მაშ, რატომ უნდა განვყოთ სხეულის მოქმედება სულის გამოვლინებათაგან? ანდა, პირიქით, - და ამას ვიქმოდეთ სწორედ მაშინ, როცა გვინდა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობა - ღმერთის თაყვანისცემა აღვასრულოთ? ღმერთის სიტყვის სწავლებით, მაშინაც კი, როცა სამყარო დიდების სუფევის გამოცხადებას ეწევა, ადამიანი დამსახურებულ საზღაურს მხოლოდ სულში კი არ მიიღებს, არამედ სხეულშიც, ანუ თავისი არსების მთელს სისრულეში. ისევე, როგორც უფალმა იესო ქრისტემაც სამარადჟამოდ შეიძინა ადამიანური ბუნება და მკვდრეთით აღმდგარი სხეულით ამაღლდა ზეცად და ასეა მჯდომარე მარჯვენით მამისა. მაშასადამე, ჩვენც უფალ ღმერთს უნდა ვემსახუროთ და თაყვანს-ვცემდეთ სხეულითაც და სულითაც.
ვ) დაბოლოს, დღევანდელ საკითხავში აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ სამარიტელი დედაკაცის თანამოქალაქენი მაცხოვრის ორდღიანი ყოფნის შემდგომ მათთან, ეუბნებოდნენ ქალს: „არღარა სიტყვითა შენითა გურწამს, რამეთუ ჩვენ თვით გვესმა მისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაი - ქრისტე“ (მუხლი 42).
ასე ემართება სხვა ყველასაც. „თავიდან გარეგანი სიტყვით მოუწოდებენ მათ უფლისაკენ, ანდა, როგორც ახლაა ჩვენში - შობის გზით; მერმე კი, როცა საქმით იგებენ უფლისმიერ ცხოვრებას ქრისტეში, უკვე ქრისტიანული საზოგადოებისადმი გარეგანი კუთვნილებით კი არ შეუდგებიან უფალს, არამედ შინაგანი შეუღლებით მასთან. სწორედ ეს სჭირდება ყველას, ვინც ქრისტიანულ საზოგადოებაშია შობილი, - ანუ ის, რომ კანონად დაიწესონ არ შემოიფარგლონ ოდენ გარეგანი კუთვნილებით უფლისადმი, არამედ იზრუნონ მასთან სულიერი შეუღლებისათვის, რათა შემდგომ გამუდმებით ატარებდნენ საკუთარ თავში იმის მოწმობას, რომ ჭეშმარიტებაში არიან დადგრომილნი. რა არის საჭირო ამისთვის? ის, რომ საკუთარ თავში ქრისტეს ჭეშმარიტება განვახორციელოთ. ქრისტეს ჭეშმარიტება კი დაცემულის აღდგინებაა. ამრიგად, განაგდე შენგან ძველი კაცი, ხორციელ გულისთქმებში გახრწნადი და შეიმოსე ახალი კაცი, შექმნილი ხატად და მსგავსად ღმერთისა, სიმართლეში და ჭეშმარიტების მსგავსებაში, და მაშინ თვითონაც დაინახავ საკუთარ თავში, რომ უფალი იესო ქრისტე ჭეშმარიტად არის მაცხოვარი არა მხოლოდ მთელი სამყაროსი, არამედ - საკუთრივ შენიც“ (იხ. წმიდა თეოფანე დაყუდებულის „ფიქრნი წელიწადის ყოველი დღის საეკლესიო საკითხავზე“, მ., 1890 წლის გამოცემა).
მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე