ხორციელის კვირა - საშინელი სამსჯავროს ხსენება

სახარება მათესაგან (25, 31-46)

„31. ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა; 32. და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან, 33. და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი – მარცხენით. 34. მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ. 35. რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; 36. შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა. 37. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? 38. ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ? 39. ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა? 40. და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ. 41. მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს, 42. რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; 43. უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა. 44. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ? 45. მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ. 46. და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა.“

 

I. შეგვამზადებს რა დიდმარხვის დღეებისათვის, წმიდა ეკლესია აწინდელ სახარებაში ჩვენს თვალთ წარმოუდგენს ღმერთის საშინელი სამსჯავროს სახეს, და წარმოუდგენს ისე, როგორც მას თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე გამოსახავდა; და ამით სინანულისაკენ აღგვძრავს ჩვენ ყველას, შეცთომილთა და ცოდვებში ჩაფლულთ.

უფალი ასე იწყებს საშინელი სამსჯავროს გამოსახვას:

„ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა“ (მუხლი 31).

სახელით „ძე კაცისაი“ უფალი მრავალგზის ხმობს საკუთარ თავს. ამრიგად, ჩვენი მსაჯული იქნება ძე ღმრთისა, იესო ქრისტე. „არცაღა მამაი სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა“ (ინ. 5,22), - ამბობდა უფალი სხვა დროს. „და ხელმწიფებაი მოსცა მას სასჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძე კაცისაი არს. ნუ გიკვირნ ესე“ (იქვე, 27-28). ჩვენი მსაჯული უკანასკნელ სამსჯავროზე განკითხვის საშინელი დღისა იქნება ღმერთის ძე - უფალი იესო ქრისტე, „რამეთუ ძე კაცისაი არს“; რადგან იგი, არის რა ჭეშმარიტი ღმერთი, არის ჭეშმარიტი ადამიანიც, კაციც; რადგან მან თავს იდვა ადამიანის ხსნის, ცხოვნების საქმე; რადგან იგი ევნო - ადამიანთათვის, მოსცა მათ საღმრთო სჯული, - ასწავლიდა მათ სიტყვითაც, საქმითაც და ყველანი ცხოვნებისაკენ მიჰყავდა - ხან თავადვე უშუალოდ, ხან თავის მოციქულთა მეშვეობით, ხან მათი მემკვიდრეების - ეკლესიის მწყემსთა მეშვეობით. და ვის შეჰფერის, თუკი კაცობრივი ენით ვიტყვით, უფრო მეტად, ჩვენ მსაჯულობა, თუ არ თავად ღმერთკაცს - ჩვენს მაცხოვარსა და სჯულისმდებელს? და აი, იგი თავადვე გვაუწყებს, რომ კვლავ მოვალს დიდებით ხალხთა განსასჯელად.

მისი ეს მოსვლა სრულიად სხვაგვარი იქნება პირველ მოსვლასთან შედარებით. პირველად ძე ღმრთისა ამქვეყნად მოვიდა მონის მდაბალი ხატით ადამიანთა ხსნისათვის, ცოდვილთა, წყმედულთა მოწოდებისათვის სინანულისაკენ; მეორედ კი იგი მოვალს თავისი სრული დიდებით, უკანასკნელი სამსჯავროს აღსასრულებლად მთელს კაცთა მოდგმაზე. ჩვენ ვხედავდით მას ამქვეყნად უქონელს, ვისაც ადგილიც კი არ ჰქონდა თავის მისადრეკად, დევნილს, ვნებულს, ჯვარზე მიმსჭვალულს; მეორედ მოსვლისას კი ვიხილავთ მას მჯდომარეს თავისი საღმრთო დიდების ტახტზე, ვითარცა ღმერთს ყოველთა, მეუფეს ყოველი ქმნილებისა. ამ სახით ვიხილავთ მაშინ სჯულმდებელს, მოშურნეს თავისი კანონების სიწმიდისათვის, რომლებიც ცოდვილნი ესოდენი სიმშვიდით და გულგრილობით არღვევენ; მაშინ ვნახავთ გულთამხილავს, ვისთვისაც ცნობილია არამხოლოდ ყველა ჩვენი საქმე, არამედ ჩვენი ფიქრებიცა და სურვილებიც, და ვინაც შორითვე წინასწარ ჭვრეტს ჩვენს ზრახვებს; ვიხილავთ მაშინ მიუკერძოებელ მსაჯულს, რომელიც თითოეულს მიაგებს საქმეთა მისთაებრ და გულის მოძრაეობისაებრ.

უზენაეს მსაჯულთან ერთად სამსჯავროზე მოგვევლინებიან მოწმენიც: პირველ ყოვლისა ესენი იქნებიან ყოველნი წმიდა ანგელოზნი, რომლებიც ამჟამად მოივლინებიან უფლის მიერ ამქვეყნად იმ ადამიანთა მსახურებისათვის, ვისაც ცხოვნება სურს; ეს ანგელოზნი განუყრელად ჩვენთან არიან მთელი ჩვენი ქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში ჩვენი შობიდან - სიკვდილამდე, ყველა ჩვენს საქმეთ ხედავენ, ყველა ჩვენს სიტყვას ისმენენ და ჩვენი გულის ყველა ფარულ ზრახვას და მოძრაობას აკვირდებიან. არაფერი არ დაიფარება მათი მზერისაგან და ყოველივე წარმოდგენილი იქნება საბოლოო სამსჯავროზე.

გარდა ანგელოზებისა, ჩვენი უსჯულოებების დამმოწმებელნი საყოველთაო სამსჯავროზე იქნებიან: ყოვლადწმიდა დედაც უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და წმიდა მოციქულნიც, წინასწარმეტყველნიც, მოწამენიც, ღირსნი მამა-დედანიც და მთელი დასიც ღმერთის წმიდანებისა. „თქვენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაი საყდართა დიდებისა თვისისათა, დასხდეთ თქვენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა“ - ეუბნებოდა მაცხოვარი თავის ყველაზე გამორჩეულ მოციქულებს (მათე 19,28). ასევე წმიდა პავლე მოციქულიც ამბობს: „არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი განიკითხონ?“ (I კორ. 6,2).

„და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი“ (მუხლი 32).

შეიკრიბებიან მის, ცათა და ქვეყნის მეუფის წინაშე ყოველნი ხალხნი, ყოველნი ადამიანნი - პირველი ადამიანიდან უკანასკნელი დროის ადამიანებამდე, რომელთაც უფლის მეორედ მოსვლა და განკითხვის საშინელი დღე ცოცხლებს მოუსწრებს; შეიკრიბებიან ყოველნი, მაგრამ უკვე ქვეყნიური ღირსებების ყოველგვარი განსხვავების გარეშე, - განურჩევლად პატივისა, ხელმწიფებისა, დიდებისა, სიმდიდრისა, - მხოლოდ ერთი განმასხვავებელი ნიშან-თვისება იქნება მათ ყოველთა შორის - რწმენა და ურწმუნოება, ანუ კეთილმსახურება და უკეთურება, სათნოებანი და მანკიერებანი, ცხოვრების სიწმიდე და ცოდვათა სიბილწე. „აი, შეკრბენ ყოველნი, - წერს წმიდა ეფრემ ასური, - და თრთოლვით აღსავსე მდუმარებაში მოელიან „გამოჩინებასა დიდებასა დიდისა ღმრთისა“ - მსაჯულისა (ტიტ. 2,13), რომლის გარდამოსვლა განცხადდება გამოჩენით ცაზე ნიშისა - სასწაულისა ძისა კაცისა (მათე 24,30) - ჯვარის გამოჩენით, ამა კვერთხით დიდისა მეუდისა, რომლის ხილვაზეც ყოველნი გულისხმა-ჰყოფენ, რომ მის კვალად თვით მეუფეც მოვალს. და მართლაც, მალე ამის შემდეგ ზეციურ სიმაღლეთაგან გაისმება ხმა: „აჰა, ესერა სიძე მოვალს“ (მათე 25,6), აჰა, მსაჯული გვიახლოვდება; აჰა, მეუფე გვეცხადება, „აჰა, ესერა ღმერთი ყოველთა მოვალს განსჯად ცხოველთა და მკვდართა!“ მაშინ, ძმანო ჩემნო, იმ ხმისაგან შეიძვრებიან ქვეყნის საფუძველნი; მაშინ ყოველ ადამიანს შიში და თავზარი დაეცემა იმის მოლოდინისგან, რაც სამყაროს მოელის. მაშინ მოვლენ ურიცხვნი ანგელოზნი, შეიკრიბებიან მთავარანგელოზთა დასნი, ქერუბიმთა და სერაბიმთა დასნი და ყოველნი მრავალთვალიანნი სიმტკიცითა და ძლიერებით იღაღადებენ: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, რომელი იყო და რომელი არს და რომელი მომავალ არს“ (გამოცხ. 4,8). მაშინ ყოველი ქმნილება ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და მიწის ქვეშ თრთოლვით იღაღადებს: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“ (მათე 21,9). მაშინ განიხვნებიან ცანი და გამოცხადდება მეუფე მეუფეთა, ყოვლად საკვირველი და ყოვლად დიდებული ღმერთი ჩვენი, მსგავსად საშინელი ელვისა, მრავლითა ძალითა და შეუდარებელი დიდებითა, სიტყვისაებრ იოანე ღვთისმეტყველისა: „აჰა, ესერა მოვალს ღრუბელთა თანა, და იხილოს იგი ყოველმან თვალმან და რომელთა-იგი უგუმურეს მას; და გოდებდენ ტომნი ქვეყანისანი“ (გამოცხ. 1,7). რა შიში და ძრწოლა იქნება იმ ჟამს! მაშინ გადაიშლება საშინელი წიგნები, სადაც ჩაწერილია ჩვენი სიტყვებიც და საქმეებიც - ყოველივე ის, რაც გვითქვამს და გვიქმნია ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში, და რისი დამალვაც  გვიცდია ღმერთისაგან, „რომელი განიკითხავს გულსა და თირკმელთა“ (გამოცხ. 2,23). - ჰოი, რამდენი ცრემლისღვრა გვესაჭიროება იმ ჟამის გულისთვის! მაშინ ჩვენი თვალით ვიხილავთ, ერთის მხრივ, - გამოუთქმელ ზეციურ სასუფეველს, მეორეს მხრივ კი - განცხადებულ საშინელ სატანჯველთ; შუაში კი ყოველი კაცობრივი სული იდგება ადამიდან, ჩვენი პირველმშობლიდან მოყოლებული - სულ ბოლოს, ყოველთა შემდგომ შობილით დამთავრებული. ყოველნი საშინელი, განკითხვის ჟამის მოლოდინში იქნებიან, და ვერავინ შესძლებს ვინმეს რაიმეთი დაეხმაროს. მაშინ თითოეული პასუხს მისცემს საკუთარი თავისთვის და მთელი თავისი სახლეულისათვის, ცოლისათვის, შვილთათვის, მონა-მხევალთათვის. მაშინ განისჯებიან მეფენი და მთავარნი, მდიდარნი და ღარიბნი, დიდნი და მცირენი ყველა იმ საქმეთათვის, რაც მოუმოქმედებიათ.

„და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან, და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი – მარცხენით“ (მუხლები 32-33).

ეს სახე მწყემსთა ცხოვრებიდანაა აღებული. ამ სიტყვებით - „ცხოვარნი“და „თიკანნი“, - წმიდა იოანე ოქროპირის აზრით, - უფალი გვიჩვენებს ადამიანთა შინაგან მდგომარეობას, იმ თვისებებს, რომლებსაც მართალნი მორწმუნენი და ცოდვილნი იძენენ, და რომელნიც ერთგვარ სულიერ შესამოსელად ემსახურებიან მათ, მკაფიო განმასხვავებელ ნიშნად ერთთაც და მეორეთაც, ისევე, როგორც ცხვარს გამოარჩევს დახვეული, ტალღისებრი მატყლი, თხას კი აჩეჩილი და უხეში ბეწვი.

ცხოვარნი ისინი არიან, - განმარტავს წმიდა ეფრემ ასური, - რომელთაც „კეთილნი ნაყოფნი აქვთ გამოღებული, უწყიან დიდი მწყემსი, დაუზიანებლად აქვთ შენარჩუნებული ბეჭედი და არ შეუბილწავთ თავიანთი რწმენა მწვალებლური გმობებით; ხოლო თიკანნი ისინი არიან, რომელთაც არა აქვთ ნაყოფნი; რომელთაც განარისხეს მწყემსი იმით, რომ მწვალებლებთან ერთად ძოვდნენ, წმიდა სარწმუნოება შებილწეს და ქვეყნიური ცხოვრება ყოველგვარი არაწმიდებით აღსავსეებმა დაასრულეს“.

ამჟამად, ქრისტეს ეკლესიაში, ვითარცა ყანაში, ერთად იზრდება ხორბალი და სარეველა, იფქლი და ღვარძლი. ვინ ჭეშმარიტად კეთილია და ვინ - მოჩვენებითად, - ჩვენ არ ვიცით: ამიტომაც შეფარული მანკიერება თავიდან ირიდებს დამსახურებულ შერცხვენასა და უპატიო-ყოფას, უცნობი სათნოება კი ჯეროვან პატივსა და ქება-დიდებას აკლდება. უფლის სამსჯავროს საშინელ დღეს ყოველივე ნამდვილი სახით გამოცხადდება და ყველასათვის თვალსაჩინო, ნათელი გახდება; მსოფლიო მსაჯული, უფალი ღმერთი, ყველა გულისმიერ საიდუმლოს გამოამჟღავნებს და დღის სინათლეზე გამოიტანს. სისუსტეები და მანკიერებანი, გულდაგულ დაფარულნი ამჟამად, მაშინ განშიშვლდებიან მთელი სამყაროს წინაშე, ცათა და ქვეყნის წინაშე, ანგელოზთა დასებისა და ყოველთა ადამიანთა წინაშე. მაშინ გამოაშკარავდება ცრუ-მართალთა სულების შინაგანი, გულდაგულ დაფარული სიბინძურე; ვინც აქ, ამქვეყნად წმიდა მოჩანდა გარეგნულად, და სინამდვილეში კი სულაც არ იყო ასეთი, და ვინც თავისი ამ მოჩვენებითი სიწმიდისავის მოწონების, შექებისა და პატივისცემის გამომხატველ სიტყვებს ისმენდა, ის მაშინ მთელი თავისი მანკიერებით წარმოჩნდება გარეგანი სიწმიდის საფარველისაგან გაშიშვლებული. და მაშინ ყოველნი შეიტყობენ, თუ როგორი ყოფილა იგი სინამდვილეში, და მისი მცნობელი ადამიანებიც ამაოდ დაიწყებენ მართალი, კეთილმსახური კაცის ძიებას ამ, ღმერთისაგან უარყოფილ ცოდვილებში. ასე გამოაშკარავდება ყოველი სული მის დიდებასა თუ შერცხვენაში ყოვლისმცნობელი და მიუკერძოებელი მსაჯულის დიდ და საშინელ სამსჯავროზე მისი სიმართლის ნათელში. მაშინ ძნელი არ იქნება ცხოვართა გამორჩევა თიკანთაგან, იფქლისა სარეველისაგან, სათნოებისა - მანკიერებისგან. ამიტომ სწორედ მაშინ მოხდება ერთის განცალკევება მეორისაგან, „და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაი განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან, და დაადგინეს ცხოვარნი მარჯვენით მისა და თიკანნი - მარცხენით“.

აწინდელს ცხოვრებაში, კეთილისა და ბოროტის საყოველთაო აღრევის დროს, მანკიერება არც თუ იშვიათად მიიტაცებს ხოლმე სათნოების პატივს. კეთილმსახურ და სათნო ადამიანებს უდაბლესი საფეხური უკავიათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მანკიერნი კი პატივთა და ღირსებათა მწვერვალზე აღმოჩნდებიან ხოლმე. ღმერთის მიერ რჩეული ადამიანები, ღირსნი მოწიწებისა და პატივისცემისა, შეირაცხებიან ვითარცა ნარჩენნი ამა ქვეყნისათვის, მათ შიათ კიდეც, სწყურიათ კიდეც, ისინი შემოსავლის სიმწირესაც განიცდიან და იტანჯებიან კიდეც, ხოლო ზიზღისა და მოძაგების ღირსნი ფუფუნებაში და შვება-სიამეში იხრჩობიან, გარშემორტყმულნი არიან მორჩილი ლაქიებითა და მაამებლებით. ღმერთის სამსჯავროს დღე ბოლოს დაუდებს ამ უწესობას. მსოფლიო მსაჯული ცხოვართ თავის მარჯვენით დაადგინებს, თიკანთ კი მარცხნივ, ანუ მართალ მორწმუნეთ განადიდებს და აღამაღლებს, ცოდვილთ კი ამხელს და დაამდაბლებს. მაშინ, მოციქულის სიტყვით, თითოეული იქებ-იდიდება უფლისაგან (I კორ. 4,5).

„მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ“ (მუხლი 34).

„მოვედითო, იტყვის, კურთხეულნო მამისა ჩემისანო“, - ცოდვილნი თქვენ არარად გრაცხდნენ, ამა ქვეყნის ნარჩენებად გთვლიდნენ, აბუჩად იგდებდნენ თქვენს კეთილმსახურებას, დასცინოდნენ თქვენს რწმენასა და სასოებას, მაგრამ თქვენმა ზეციურმა მამამ თავისი კურთხევით აღგბეჭდათ თქვენ, თავისი რჩეულები გიწოდათ და ღირსნი გაგხადათ თავის ძეებად ყოფნის პატივისა. თქვენ ქვეყნად ადგილი არ გქონდათ, თავი რომ მოგედრიკათ, მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩენი გულისთვის ითმენდით, იტანჯებოდით, სიღარიბეში ცხოვრობდით, უბედურებებს იტანდით; და ამის საზღაურად დაიმკვიდრებთ ცათა სასუფეველს, როგორც თქვენს საკუთრებას. მიიღეთ ის უხრწნელი, შეუგინებელი და დაუჭნობელი სამკვიდრებელი (I პეტრე 1,4), რომელიც ცათა შინა არს დამარხულ თქვენთვის ყველასათვის, რომელთაც ჩემს მიერ მიგიღიათ „ხელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად“ (იოანე 1,12; გალატ. 4,7) და რომელნიც თქვენი ცხოვრებით შეესაბამებოდით ღმერთის მიერ წინასწარ განჩინებულს (რომ. 8,29; ეფეს. 1,4). აქ ჰპოვებთ საუკუნო მოსვენებას, აქ მიგიქვამთ თქვენ მარადიული სიხარული და ნეტარება, აქ მიიღებთ საუკუნო სიკეთეთ, „რომელი თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა“ (I კორ. 2,9).

„რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა“ (მუხლები 35-36).

„მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა?“ (მუხლები 37-39).

ჭეშმარიტი მართალი მორწმუნეობა ყოველთვის გამოირჩევა თავმდაბლობითა და მორჩილებით. იგი თავს არ განიდიდებს თავისი სათნოებებით, მეტიც - არაფრად აგდებს მათ და უმნიშვნელო რაიმედაც კი მიიჩნევს, ამიტომ მალავს აქ, ამქვეყნად თავის კეთილ საქმეებს ადამიანთაგან.

ასეთია მართალი სარწმუნოების თვისება. ასეთია იგი აქ, ამქვეყნად, და ასეთი იქნება იგი იქაც, ცათა შინა. და საუკუნო სიმართლის სამსჯავროს წინაშეც, ისევე, როგორც ადამიანთა წინაშე, მას არ სურს თავად აღიაროს ის სათნოებანი, რომლებიც აქვს შეძენილი; იგი იქაც ისევე თავმდაბალი და მორჩილია, როგორც აქ. სწორედ ამიტომ, მართალმა მორწმუნეებმა თუმცა კი იციან, რომ მათი კეთილმოქმედებანი ღმრთისა მიმართ აღევლინება, მაინც უარყოფენ მათ და არ სურთ მოწყალეებად აღიარონ თავი. როდის გნახეთ შენ, უფალო, მშიერი და გაჭამეთო, - ეკითხებიან ისინი ქრისტეს. - მწყურვალი და გასვით, უცხო მწირი და მოგინახულეთო? ჩვენ არაფერი ამის მსგავსი არ ჩაგვიდენია და ამიტომ არც ვართ ღირსნი შენს მიერ უწყებული კეთილი საზღაურისა.

„და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მუხლი 40).

ვის უწოდებს უფალი თავის ძმებს? ვინ არიან ეს მცირეთაგანნი? ძმებად უფალი იმ ადამიანებს ხმობს, რომელთაც სწამთ ქრისტე, მიიღებენ მას და მისი სწავლების მიხედვით ცხოვრობენ, ხოლო მცირეთაგანთ უწოდებს ყველა ღარიბ-ღატაკს, უბედურს, დაჩაგრულს, დამდაბლებულთ. ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით, რომ თავად უფალი იესო ქრისტე ამქვეყნად უქონელი იყო, გაჭირვებული ცხოვრობდა და მოძაგებული იყო. თავის საშინელ სამსჯავროზეც მოწყალე მზერას უფალი ყველაზე მეტად სწორედ იმათ მიაპყრობს, რომლებიც ქვეყნიურ ცხოვრებაში გულმოწყალენი იყვნენ ღარიბ-ღატაკთა და უბედურთადმი. ყოველი კეთილი საქმე, ნებისმიერი შეწევნა ჩვენი გაჭირვებული ძმებისადმი ისე აღმატებულად ფასდება უფლის მიერ, თითქოს სწორედ მისთვის გვექმნას ეს სიკეთე. ასე აღსრულდება მაშინ მაცხოვრის სიტყვები: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“ (მათე 5,7). მოწყალება დიდად დაფასდება საღმრთო სამსჯავროზე და შეწყნარებასაც დაიმსახურებს უფლისაგან იმიტომ, რომ იგი ქმედითი გამოხატულება და საქმით დამტკიცებაა სიყვარულისა - ყოველი სათნოების საფუძველისა.

გაგრძელება...