თომას კვირა, ანუ მე-2 კვირა აღდგომიდან

სახარება იოანესაგან (20, 19-31)

„19. და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! 20. და ვითარცა ესე თქუა, უჩუენა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი. 21. რქუა მათ იესუ კუალად: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. 22. და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. 23. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ. 24. ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანნი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ. 25. უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს. 26. და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ჴშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! 27. მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ. 28. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! 29. ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე. 30. მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას. 31. ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა.“

I. აწ წაკითხულ სახარებაში აღწერილია იესო ქრისტეს ორი გამოცხადება მოციქულებთან მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ: 1) აღდგომის შემდგომი, პირველივე დღის მიმწუხრისას, როცა მოციქულთა კრებულთან ერთად არ იმყოფებოდა მოციქული თომა, და 2) აქედან ერთი კვირის შემდეგ, როცა მოციქულნი სრულად იყვნენ შეკრებილნი. პირველ შემთხვევაში უფალმა სახლის დახშული კარნი განვლო, მოწაფეებს თავისი ჯვარისმიერი ჭრილობები უჩვენა და ღვთაებრივი შთაბერვით მიანიჭა მათ სული წმიდა; მეორე შემთხვევაში, ასე განვლო რა დახშულნი კარნი, არა-მრწმენი თომა მაღალი რწმენისა და აღსარებისაკენ მოაქცია.

„და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ (მუხლი 19).

ეს სწორედ ის დღე იყო, რომელშიც ჩვენი უფლის დიდებული აღდგომა აღსრულდა. ეს დღე აქ, ისევე, როგორც სახარების სხვა ადგილებში, ერთშაბათად იწოდება. ებრაელები შაბათად ხმობდნენ კვირის მეშვიდე დღესაც და მთელს კვირასაც, ისევე, როგორც ჩვენშიც კვირად იწოდება კვირის შვიდეულის ერთი დღეც - უფლის აღდგომის დღე, და მთელი შვიდეულიც. ებრაელები კი, როცა კვირის ერთი რომელიმე დღის აღნიშვნა უნდოდათ, ამბობდნენ ერთშაბათის დღე, ორშაბათის დღე, სამშაბათის დღე და ა.შ. (შდრ. საქმე მოციქ. 20,7; I კორინთ. 16,2 და სხვ.). ამრიგად, კვირის პირველ დღეს, რომელიც იყო უფლის მკვდრეთით აღდგომის დღე, მოწაფეები ერთ-ერთ სახლში შეიკრიბნენ. ანგელოზებს უკვე ნაუწყები ჰქონდათ მენელსაცხებლე დედათათვის სასიხარულო ამბავი უფლის მკვდრეთით აღდგომის შესახებ (ლუკა 24,1-7). თვით უფალი გამოეცხადა ჯერ მხოლოდ მარიამ მაგდალენელს, შემდეგ - მასა და სხვა მარიამს. ემაუსის მგზავრთ მან შეუეჭვებლად შეაცნობინა თავი პურის განტეხისას. პეტრე, იოანესთან ერთად, უდასტურებს მოწაფეებს ამბავს მასზედ, რომ ზოგიერთმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი და განდიდებული მაცხოვარი. მიუხედავად ამისა, მოწაფეები ჯერ ისევ შეშინებულნი არიან. იუდეველთა კრებულმა, რომელმაც მოჰკლა მწყემსი, შიში დასცა უმწყემსოდ დარჩენილ ცხოვართ; ობლად დარჩენილი მოწაფეები ყოველივე ცუდს მოელიან იმ ადამიანებისაგან, რომელნიც ასე უსამართლოდ, ასე განძვინებითა და არაადამიანურად მოექცნენ ერთსა მას მართალს, და რომელთაც მოწაფეებსაც დასდეს ბრალი: თქვენ მოძღვრის სხეულის მოპარვა გაქვთ განზრახულიო. ამიტომ შეშინებული მოწაფეები უსაფრთხოების ჩვეულ საშუალებას მიმართავენ - დახშულ კართა მიღმა იფარებიან, თუმცა ეს საშუალება არც თუ საიმედოა განძვინებული გაბოროტებისაგან თავის მოსაზღუდავად.

მაგრამ თუკი მოწაფეებს ასე ეშინოდათ უფლის მტრებისა, მაშინ რატომ შეიკრიბნენ ისინი ყველა ერთად? - ეჭვი არ არის, რომ მათი შეკრება ამ დიად დღეს მოხდა სწორედ იმ იმედითა და მოლოდინით, რომ ეგების უფალს ღირსი გაეხადა ისინი თავისი გამოცხადებისა. ჩვენ ვიცით, რომ მარიამ მაგდალენელისა და მენელსაცხებლე დედათა გარდა, რომელთაც მოწაფეებს აუწყეს უფლის მკვდრეთით აღდგომის შესახებ, სვიმონ პეტრეც შეიქნა ღირსი უფლის ხილვისა, მანამდე, სანამ იგი ეკლესიას - კრებულს გამოეცხადებოდა (ლუკა 24,34), ხოლო პავლე მოციქულის სიტყვით, - მოციქული იაკობიც (I კორინთ. 15,7). როცა ემაუსში მიმავალი მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ, ყველანი შეკრებილნი ნახეს და შეიტყვეს, რომ პეტრემ უფალი იხილა (ლუკა 24,34). ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეუძლებელია ვეჭვობდეთ იმას, რომ მოციქულები და მორწმუნენი სწორედ უფლის მოლოდინში იყვნენ შეკრებილნი.

და აი, მომლოდინეთა შორის თვით უფალი ცხადდება, მიუხედავად იმისა, რომ კარნი დახშულია; რამეთუ მკვდრეთით აღმდგარი უფლის სხეული ისეთი ნატიფი, ისეთი მსუბუქია, რომ ადვილად ძალუძს ეს; და ანიჭებს მოწაფეებს უდიდეს სიკეთეს - მშვიდობას, რაც ადამიანის შერიგებას მოასწავებს ღმერთთან.

„და ვითარცა ესე თქუა, უჩუენა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი. რქუა მათ იესუ კუალად: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ“ (მუხლები 20-21).

მახარებელი ლუკა მოგვითხრობს, რომ მოწაფეები, როცა უფალი გამოეცხადათ და ზეციური მშვიდობის უწყება მოისმინეს მისგან, შეშინდნენ და შეძრწუნებული იყვნენ (ლუკა 24,37), - ფიქრობდნენ, სულს ვხედავთო, და ყოყმანობდნენ: ასეთი უჩვეულო, წარმოუდგენელი მოვლენა იყო მათთვის მკვდრეთით აღმდგარი უფლის გამოცხადება! ასე გაუგებარი, შეუცნობელი რჩებოდა მათთვის ბევრი რამ ამ უდიდეს, უაღმატებულეს სულიერ საღმრთო საქმეში. ამიტომაცაა, რომ როცა უფალმა მშვიდობა აუწყა მათ, „უჩუენნა მათ ხელნი თვისნი და გუერდი მისი“, ანუ უჩვენა თავისი ჯვარზე ვნების უტყუარი ნიშნები, რათა მოწაფეებს დაენახათ, რომ იგი არის ის ქრისტე, რომელიც ჯვარს-ეცვა. ამით უფალს სურს ყოველგვარი გაუგებრობა განუფანტოს მათ თავის შესახებ, და მათს აზრსაც თავისუფლებას ანიჭებს, თვითონვე მივიდნენ მაცხოვნებელ რწმენამდე, ნებას აძლევს გამოსცადონ ჭეშმარიტება და თვითვე დარწმუნდნენ. უფალი არ მოითხოვს მათგან უპირობო ნდობას: არა, დაე, თვალითაც იხილონ და ხელითაც შეეხონ, დაე, ყველა სხვა გრძნობითაც გამოიკვლიონ ჭეშმარიტება, თუკი სურთ, რომ ამ სამსჯავროზეც განმართლდეს ჭეშმარიტება. თითქოს ეუბნება: ნუ გეშინიათ ჭეშმარიტების გამო: იგი თავადვე განიმართლებს თავს, მას არ ეშინის გამოცდისა; იგი გრძნობების გამოსაცდელად იქნა მიცემული, და კვლავაც ჭეშმარიტებად დარჩა. და ახლა უკვე აღარავის ძალუძს თქვას, რომ რწმენა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისა მხოლოდ გადმოცემას, სხვის მიერ გადმოცემულ უწყებას ეფუძნება, სიფრთხილით შეუმოწმებელს, არა, იგი შემოწმებულ და უტყუარად დადასტურებულ იქნა. მახარებელი ლუკა დასძენს იოანეს მონათხრობს, რომ მოციქულთა დარწმუნებისათვის, დახშულ კართა შორის გამოცხადებულმა იესომ მათთან ერთად ჭამა პური და შემდეგ საღმრთო წერილის იმ ადგილებსაც განუმარტავდა მოციქულებს, რომლებშიც მისი სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა იყო ნაწინასწარმეტყველევი (24,42-47).

განიხარეს მოწაფეებმა დიდითა სიხარულითა და გაიხსენეს, რომ უფალი ჯვარზე ვნების წინ ეუბნებოდა მათ: „სტიროდით და ჰგოდებდეთ თქვენ... არამედ მწუხარებაი თქვენი სიხარულად გარდაიქცეს... და მერმე კვალად გიხილნე თქვენ, და უხაროდის გულთა თქვენთა, და სიხარული თქვენი არავინ მიგიღოს თქვენგან“ (იოანე 16,20,22).

უაღმატებულესი სულიერი სიხარულის ამ საღამოს, პირველი მოკითხვის - „მშვიდობაი თქვენ თანა“, - შემდეგ კვლავ უთხრა მათ უფალმა: „მშვიდობაი თქვენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქვენ“.

უფლის მიერ ამ განმეორებითს მოკითხვას, მიმართულს უკვე ღმერთთან ქრისტესმიერ შერიგებული მორწმუნეებისადმი, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამის მომდევნო სიტყვებთან დაკავშირებით. თავის მეორე მოკითხვაში - „მშვიდობაი თქვენ თანა!“ - უფალი საქადაგებლად აკურთხევს თავის „მოწმეებს“ და მშვიდობას მოჰმადლის მათ, რათა განამზადოს ბრძოლისათვის, „არა სისხლთა და ხორცთა წინააღმდეგ, არამედ ხელმწიფებათა და მეუფებათა და მთავრობათა წინააღმდეგ სოფლისა ამის ბნელისა საუკუნისა, სულთა ბოროტებისათა, რომელნი არიედ ცასა ქვეშე“; ამ სულიერ ბრძოლაში თავდაცვის უაღმატებულესი საშუალება და ძლევის უმაღლესი იარაღი არის ის მშვიდობა სულისა, რომელსაც უფალი მოჰმადლის თავის წარგზავნილთ, ხოლო მათ მიერ - თავის მორწმუნეთაც.

მაღლად დაადგინა უფალმა თავისი მოწაფეები, რომელთაც საქადაგებლად წარავლენდა: „ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქვენ“.

„მშვიდობაი თქვენ თანა!“ - ამბობს უფალი. როგორც ღმერთი; მოჰფინეთ ეს მშვიდობა მთელს ქვეყნიერებაზე.

„და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“ (მუხლები 22-23).

უფალმა განაცხოველა ადამიანი მისი შექმნის დღეს სიცოცხლის უშუალო შთაბერვით, შექმნა რა იგი შემძლედ საღმრთო ჭეშმარიტებათა აღსაქმელად, მისაღებად.

და აი, ამ დიად დღეს, როცა შეიქმნება „ქმნილებაი სხუაი“, ახალი (კორინთ. 5,17), უფალი ახალ, უაღმატებულეს განვითარებას ანიჭებს ადამიანის სულს თავის ყოვლადწმიდა ბაგეთაგან შემოქმედისმიერი შთაბერვით, მსგავსით თავდაპირველი, შექმნათა დროინდელი შთაბერვისა, და ანიჭებს ადამიანის სხეულით შემოსილი უფალი; და უფლის სუნთქვას ხილული სახითაც და საიდუმლო სახითად გადმოაქვს მათში საღმრთო მადლის უწმიდესი ნიჭი, რომელსაც იგი შემდეგი სიტყვებით აძლევს „მიიღეთ სული წმიდაი“.

უფალი სულიწმიდის ნიჭთ მოჰმადლის თავის მოწაფეებს მკვდრეთით აღდგომისთანავე, რათა აღამაღლოს ისინი, დაიახლოვოს და გონება განუხსნას მათ საღმრთო წერილის გულისხმის-საყოფად და თავისი საუბრების გასაგებადაც ორმოცი დღის განმავლობაში, ზეცად თავის ამაღლებამდე, რათა ეკლესიის მწყემსებად მოამზადოს ისინი, - ეკლესიისა, რომელზეც ნუგეშინის-მცემელი სულიწმიდის ნიჭნი გადმოიღვარა მეერგასის - სულთმოფენობის დღეს (შდრ. იოანე ოქროპირის 86-ე ჰომილია, რომელშიც იგი ამბობს, რომ სასწაულთმოქმედებათა ნიჭი მოციქულებმა მეერგასის დღესაც მიიღეს, „რამეთუ სხვადასხვაგვარია სულიწმიდის საბოძვარნი“). ხოლო თავისი მკვდრეთით აღდგომის პირველსავე დღეს უფალი ამკვიდრებს იმ სულიერ იერარქიას, რომელმაც მთელს ქრისტიანულ მსოფლიოს უნდა უწინამძღვროს მისი ზეცად ამაღლების შემდგომ ქვეყნის დასასრულამდე და მის - ქრისტეს მეორედ მოსვლამდე.

ამიტომაც სულიწმიდის მონიჭებასთან ერთად მოწაფეებს ცოდვათა მიტევების ხელმწიფებაც ეძლევათ ქვეყნად, ანუ საღმრთო ხელმწიფების ნაწილი, რამეთუ როგორც ბასილი დიდი ამბობს, „არავის ძალუძს ცოდვათა მიტევება, თვინიერ ერთისა ღმრთისა, ხოლო სული წმიდა, რომელი არის ღმერთი და რომელს ერთი და იგივე ქმედება აქვს მამისა თანა და ძისა თანა, მოციქულთა მეშვეობით მიუტევებს ცოდვებს“ (ევნომიუსის წინააღმდეგ, წ.V „სულიწმიდისათვის“).

„ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანნი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ“ (მუხლი 24).

თომა სხვაგვარად იწოდებოდა დიდიმად. ორივე ეს სახელი: ერთი ბერძნული, მეორე - ებრაული „ტყუპისცალს“ ნიშნავს; თომას ტყუპისცალი ძმა ჰყავდა; ფიქრობენ, რომ ეს არის იუდა, იგივე თადეოზ მოციქული, რომლის ეპისტოლეც შესულია ახალ აღთქმაში. თომა გალილეაში დაიბადა, მშობლები ღარიბები ჰყავდა და თავს მამის ხელობით - მეთევზეობით ირჩენდა. როცა ესმა ხმა მესსიის - ქრისტეს გამოჩენის შესახებ, მიატოვა მეთევზურობა და მაცხოვარს შეუდგა. იგი თორმეტ მოციქულთაგანი შეიქნა და მათე მახარებლის ჩამონათვალით მეშვიდე ადგილი უკავია მათ შორის, მარკოზისა და ლუკას ჩამონათვალით კი - მერვე. I შემთხვევში თვით მათეს წინ არის დასახელებული, მეორეში კი - მის შემდგომ. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდგომ, როცა მოციქულები ქვეყნიერების სხვადასხვა მხარეს წავიდნენ ღვთის სიტყვის საქადაგებლად, თომა აღმოსავლეთში წავიდა, და მესოპოტომიაში, მიდიაში, ინდოეთსა და სპარსეთში ქადაგებდა. სპარსეთში იგი მოგვებს უქადაგებდა, რომლებსაც, პლინიუსის მოწმობით, საგანგებო მხარე ეკავათ სპარსეთში. შუა საუკუნეებში უცნობი იყო თომას აღსრულების წელი, მაგრამ წმიდა ნილოსი ამბობს, რომ იგი მოწამეობრივად მოკვდა პეტრე და პავლე მოციქულების მოწამეობრივი აღსრულების შემდეგ (62 წ.). თომა მოციქული ინდოეთში ევნო. ხსენება ეკლესიის მიერ დაწესებულია 30 ივნისსა და 6 ოქტომბერს.

„უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს“ (მუხლი 25).

„და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ჴშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ (მუხლი 26).

მიუხედავად თომას ესოდენ მკვეთრად გამოთქმული ეჭვისა, იგი მაინც კვლავაც მოციქულთა და ერთგულ მორწმუნეთა შორისაა, და მოციქულებიც არ უცხოობენ მას, თუმცა კი თომამ ურწმუნოების აშკარა ნიშნები გამოამჟღავნა, მაგრამ თომა ურწმუნო როდი იყო, - მას შეუპოვარი, ჯიუტი გონება ჰქონდა, რომელიც კაცობრივ მტკიცებულებათ მოითხოვდა იქ, სადაც ოდენ რწმენა იყო საჭირო. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ იგი ყურადღებით და, ალბათ, ცხარე ცრემლთა ღვრითაც უსმენდა იოანესა და მენელსაცხებლე დედათა მონათხრობს უფლის ჯვარზე ვნების, მისი გვერდის განგმირვის შესახებ, და ამ მონათხრობმა წარუშლელი, ღრმა კვალი დატოვა მასში. ამიტომაც მოციქულები, რომელთაც უთხრეს მას - მკვდრეთით აღმდგარი უფალი ვიხილეთო, და რომელნიც ხედავდნენ მის დიდ სიყვარულს უფლისადმი, სულაც არ თვლიდნენ თომას ურწმუნოდ, არამედ მოწიწებით აღსავსე სიმშვიდით მოელოდნენ, რომ უფალი თვითონვე აღუხელდა თვალს და დაარწმუნებდა თავის მოწაფეს - თომას.

და აი, კვირა დღეს, იმავე ქორედში შეკრებილი მოციქულები კვლავ მოელიან უფალს, და თუმცა კარნი ისევ დახშულნი აქვთ, მაგრამ არა შიშისა გამო, არამედ - შემთხვევითობის თავიდან ასაცილებლად, რათა უცხო მომსვლელმა არ დაარღვიოს მათი კრების კეთილმოშიში სიმშვიდე.

მართლაც მომლოდინეთა შორის, კეთილმოწიწებით აღსავსე მდუმარებაში, რასაც უკვე შიში კი არა, უფლისა და ურთიერთსიყვარული მსჭვალავდა, მაცხოვარი დადგა მოწაფეთა შორის და უთხრა მათ „მშვიდობაი თქვენ თანა!“

„მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ“ (მუხლი 27).

როცა ამ სიტყვებს ეუბნება თომას - „მოყვენ თითნი შენნი“-ო და სხვა, უფალი იესო ცხადად მიანიშნებს მასაც და ყველა იქ მყოფსაც, რომ იმ დროს, როცა თომა თავის ურწმუნო სიტყვებს ამბობდა, უფალი უხილავად მუნ მყოფობდა მოწაფეთა შეკრებაში, რითაც შეახსენებდა მათ თავის მიერვე მანამდე ნათქვამს: „სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა“ (მათე 18,20).

ამ სიტყვებში ღმერთის ყოვლისმცნობელობა და ყველგანმყოფობა კი არ იგულისხმება მხოლოდ, არამედ მისი განსაკუთრებულად მოწყალე მიმართება მისი - ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს სახელისათვის შეკრებილი ადამიანებისადმი, ადამიანთა საზოგადოებისადმი. თომაც, მოციქულთა კრებულში მყოფი, ისმენდა რა სიყვარულითა და მოწიწებით აღსავსე მონათხრობს უფლის ვნების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ, და

 იესოს მოციქულებთან მოსვლის შესახებ, შესაძლოა, სწორედ თავისი უდიდესი სიყვარულის გამო ეჭვიანობდა, ყოყმანობდა და ვერ ბედავდა დაეჯერებინა, მიეღო ესოდენ დიადი ბედნიერება, და იგიც სულით უფლის ერთგული მორწმუნე იყო მიუხედავად ჭოჭმანისა. ამიტომ როცა თავის წმიდა ჭრილობებს უჩვენებს თომას, უფალი აფრთხილებს მას არ დაადგეს სოფლიური სიბრძნისმეტყველების ცრუ გზას, რომელსაც ადამიანი ურწმუნოებისაკენ მიჰყავს. „ნუ იყოფი ურწმუნო!“ - ეუბნება უფალი, ანუ: ნუ აღიშფოთებ სულს, რომელიც ოდენ რწმენას საჭიროებს, განზრახი წინააღდგომით ამ გრძნობისადმი; მთლიანად მიენდე რწმენას და მაშინ შეიტყობ, რომ რწმენა - უდიდესი, უაღმატებულესი სიბრძნეა. „არამედ გრწმენინ!“-ო, - ეუბნება უფალი თომას, ანუ ირწმუნე, და მხოლოდ მაშინ ეზიარები სულიწმიდის ნიჭთ, რომელთაც მე, უფალი ღმერთი ვანიჭებ, მოვმადლი ჩემს ერთგულ მორწმუნეთ.

„მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ (მუხლი 28).

აწ კი საღმრთო მოწოდების მთელს, სრულს დიდებულებაში ვხედავთ უფლის მოციქულს, რაც უფრო დიდხანს განიგდებდა თავისი გულიდან ეჭვით შეპყრობილი მოწაფე ნუგეშინის-მცემელ რწმენას, მით მალე წარმოჩნდა ეს რწმენა მასში მთელის სიმწიფითა და სისრულით.

„უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ მოწაფეთაგან მანამდე არავის არ გამოეთქვა უფლის წინაშე ყოველივე ის, რასაც კაცთა შორის მისი მოვლინება შეიცავდა წინასწარმეტყველის სახით, - ყოველივე ის, რაც ყველაზე საიდუმლოა და არსებითია უფლის ქვეყნად მოსვლაში. რწმენის უაღრესი ძლევამოსილება უნდა გამოცხადებულიყო ურწმუნოების უკიდურესი გამოვლინების კვალად. „შენ ხარ ძე ღმრთისაი, შენ ხარ მეუფეი ისრაელისაი!“ - უღაღადებდა მას ოდესღაც მგზნებარე, მაგრამ ჯერეთ გამოუცდელ-გამოუწრთობელი რწმენა, რომელიც ამის გამო ერთურთს აღურევდა საღმრთო დიდებასა და ისრაელის სამეფო ღირსებას (იოანე 1,49). „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი!“ (მათე 16,16), - ეუბნებოდა მას სხვა რწმენა, ეგზომვე მგზნებარე, მაგრამ უკვე გამოტარებული ქრისტეს ღვთაებრივი მოვლინების დიდ და საკვირველ ნიშთა ხილვაში, და ამიტომ ღმერთის ძის პიროვნებაში ყველასათვის ნანატრი მაცხოვრის - კაცობრიობის მხსნელის დამნახავი. და აი, „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“-ო, შეჰღაღადა მას, ბოლოს, იმ რწმენამ, რომელმაც ისრაელის მეუფესა და ქრისტეში ჭეშმარიტი ღმერთი დაინახა, შეიცნო ის, ვინც არ განეკუთვნება ამა სოფლის წეს-რიგს და ვინც საუკუნო მყოფობის ღმრთივსახიერ დიდებულებაში გამოჩნდა, - ვისაც მოეცა „ყოველი ხელმწიფებაი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა“ (მათე 28,18).

ღვთის სიტყვა აღარ გვეუბნება, მართლაც ხელით შეეხო თუ არა მოციქული თავისი უწინდელი შეუპოვარი კადნიერების შესაბამისად უფლის ჭრილობებს. წერია მხოლოდ ის, რომ უფლის წინადადებაზე - გაეკეთებინა ეს, მოციქულმა თომამ მიუგო - „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ სავსებით შესაძლებელია, რომ უფლის სიტყვებით სირცხვილეულ-ქმნილმა ზესთამჩენობამ და კადნიერებამ ვეღარ იკადრა ეს. მისთვის საკმარისი იყო ოდენ იმის შეტყობაც კი, რომ უფალმა მოისმინა მისი კადნიერი სიტყვები, და აი, მოვიდა მასთან, რათა დაერწმუნებინა იგი თავისი მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებაში.

„ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“ (მუხლი 29).

მიუხედავად იმისა, რომ მოწაფემ ჭეშმარიტ ღმერთად აღიარა მოძღვარი, ღმერთკაცმა არ ნეტარ-ჰყო იგი, როგორც ოდესღაც სიმონ-პეტრე ნეტარ-ჰყო მსგავსივე აღიარებისათვის (მათე 16,16-17). ამგვარი ნეტარყოფის მთელი პატივი და სიხარული სხვებს ერგოთ წილად, და ეს სხვები ჩვენ ვართ - მთელი მომდევნო დროის ერთგული მორწმუნენი. „მიხილე და გრწამს“-ო, ანუ მაშინ მირწმუნე, როცა უკვე რწმენა აღარ იყო საჭირო, - როცა იგი ჭეშმარიტების მიმართ გამოხატული თავისუფალი ნებიდან მომდინარე თანხმობიდან მისი მიღება-აღიარების გარდუვალი აუცილებლობის წინაშე დადგა, როცა შეუძლებელიც კი იყო ჭეშმარიტების არ-აღიარება; მაშ, რა განსაკუთრებულად საქები საქმე ჩაგიდენია? საზეიმო აღიარებით გამოგისყიდია რწმენის უკმარისობა? მაგრამ შენ ხომ არ მიგინიჭებია მისთვის ის გამორჩეული თვისება, რომლითაც იგი უნდა წინა-უსწრებდეს ჭეშმარიტების განცხადებულობას და მისი აღიარების გარდუვალ, იძულებით აუცილებლობას. ასე, რომ უფალი თითქოს შემდეგს ეუბნება თავის მოწაფეს: ნეტარი ის კი არ არის, ვინც მიხილა და ამის გამო მირწმუნა, არამედ - ისინი, „რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“. შეუძლებელია ვისურვოთ ქრისტეს საუბრის ამაზე უფრო მეტად მანუგეშებელი და დამამშვიდებელი დაბოლოვება.

„მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას“ (მუხლი 30).

„ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა“ (მუხლი 31).

წმიდა მახარებელი იოანე აქ საგანგებოდ მიგვითითებს იმაზე, რომ მახარებლები უფალ იესოს ცხოვრებას კი არ აღგვიწერენ, არამედ სახარებას - კეთილ უწყებას გვამცნევდნენ, გზას უფლისაკენ, საუკუნო ცხოვრებისა და მარადიული ნეტარებისაკენ. ამიტომაც შეუძლებელია ჩაწერილი ყოფილიყო უფლის მიერ აღსრულებული ყველა სასწაული და ნიში, - როგორც ქვეყნიური ცხოვრების ჟამს, ასევე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოქმედებულნი, „რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, - წერს მახარებელი. - არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები“ (იოანე 21,25). ამიტომაც მახარებლებმა ბრძანება მიიღეს, სულიწმიდისაგან მხოლოდ უმთავრესი ეხარებინათ კაცობრიობისათვის - უფლის მიერ მსოფლიოს გამოსყიდვა, და ამისთვის მოეთხროთ ოდენ უგამორჩეულესი მოვლენების შესახებ, რომლებშიც განსაკუთრებული ძალით არის წარმოჩენილი საღმრთო სწავლება და განცხადებულია მოწყალებისა და გამოსყიდვის, ადამიანთა ხსნის საიდუმლო ეშმაკის, ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისაგან, რათა ისინი ღმერთის შვილები შეიქნან და ცათა სასუფეველი დაიმკვიდრონ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენით.

 

II. ახლა იმ ჭეშმარიტებებს მივაპყროთ ჩვენი გონების თვალი, რომლებსაც ჩვენს მიერ განხილული სახარების საკითხავი შეიცავს და გვასწავლის.

ა) პირველყოვლისა, ეს სახარება იმას გვასწავლის, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ჩვენი სხეულიც იესო ქრისტეს სხეულის მსგავსი იქნება, რომელმაც დახშულ კარში განვლო; რომ იგი განსულიერდება და შეიძენს უნარს ნივთიერებათა განმსჭვალვისა, რომ იგი დიდ სიმსუბუქესა და თავისუფლებას შეიძენს მოძრაობაში (მუხლი 19). მართლაც, თუკი იესო ქრისტემ დახშულნი კარნი განვლო თავისი სხეულით, რომელიც ყოველივეთი ჩვენი სხეულის მსგავსი იყო, თვინიერ ცოდვისა, და ამასთან განდიდებულიც ღმრთაებასთან შეერთებით, მაშინ ხომ არ არის ეს იმის საწინდარი, რომ ჩვენი სხეულიც განიდიდება საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ? რამეთუ ღმერთის სული მოციქულის ბაგეებით გვარწმუნებს, რომ ოდესმე ჩვენი სიმდაბლის სხეული შეიცვლება და თანა-ხატ-ექმნება დიდების სხეულს; ამიტომაც ჩვენი მომავალი საყოველთაო მკვდრეთით აღდგომაზე მსჯელობისას მოციქული პავლე ამბობს: „დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით, დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით; დაეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით; დაეთესვის ხორცი მშვინვიერი და აღდგების ხორცი სულიერი. არს ხორცი მშვინვიერი და არს ხორცი სულიერი“ (I კორინთ. 15,42-44). ამასთანავე, ჩვენ უნდა გვახსოვდეს წმიდა ეფრემ ასურის სიტყვები, რომელიც ამბობს „ყველანი ისეთ სხეულებს მიიღებენ, რომლებიც შესაბამისი იქნება მათი საკუთარი საქმეებისა. მართალთა სხეული მზის სინათლეზე შვიდგზის უფრო გაბრწყინებული იქნება; ხოლო ცოდვილთა სხეულები - ბნელნი და სიმყრალით აღსავსენი; და თითოეულის სხეული მის საქმეებს წარმოაჩენს: იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანი საკუთარ საქმეებს სხეულითვე ვატარებთ“ („სიტყვა სამსჯავროთა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ“). ამისათვის, ჩვენ დიდის კეთილგონიერებითა და სიფრთხილით უნდა ვეპყრობოდეთ საკუთარ სხეულს, ვიცავდეთ მას ყოველგვარი მანკიერებისა და ცოდვისაგან, რათა არ გავუძნელოთ ანდა სულ არ აღვუკვეთოთ მას ეს ნანატრი გარდაქმნა! იგივე პავლე მოციქული გვეუბნება: „ხორცნი ესე არა სიძვისათვის, არამედ უფლისათვის, და უფალი - ხორცთათვის... არა უწყითა, რამეთუ ხორცნი ეგე თქვენნი ასონი ქრისტესნი არიან?.. და ტაძარნი თქვენ შორის სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თვისთა თავთანი? რამეთუ სასყიდლით(სისხლისა უფლისა) სყიდულ ხართ. ადიდეთ უკუე ღმერთი ხორცითა მაგით თქვენითა, რომელ-იგი არს ღმრთისაი“ (I კორინთ, 6,13-19).

ბ) ჩვენ მოვისმინეთ, რომ უფლის ხილვაზე მოწაფეებმა განიხარეს (მუხლი 20). მაგრამ მოწაფეებზე არანაკლებ ჩვენც უნდა განვიხარებდეთ ოდენ გაფიქრებისასაც კი უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაზე. ანკი როგორ არ უნდა განვიხარებდეთ და ვით არ უნდა განვსცხრებოდეთ აწინდელ დღესასწაულთა დღესასწაულზე! ჩვენ ჯოჯოხეთისა გვეშინის, აწ კი აღარაფერია საშიში: ჯოჯოხეთი აწ დარღვეულია. ჩვენ ვძრწივართ სიკვდილის წინაშე; აწ კი აღარაფერია საძრწოლი რამეთუ მისი საწერტელი განადგურებულია. ჩვენ გვეშინის ეშმაკისა! აწ კი აღარ უნდა გვეშინოდეს: იგი დამხობილია, ჩვენ გვსურს სამოთხე! და აი, სამოთხის კარნი განხმულია ჩვენთვის. ყოველივე განმზადებულია, რასაც კი ჩვენი სული ინატრებს, - და ყოველივე ეს ჩვენ უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომამ მოგვანიჭა.

გ) ჩვენს ღრმა ყურადღებას იპყრობს აგრეთვე მაცხოვრის შემდეგი სიტყვებიც, რომლებიც მან თავის მოწაფეებს უთხრა პირველი გამოცხადებისას! „მიიღეთ სული წმიდაი, უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“ (მუხლები 22-23). ასე, რომ უფლის მოწყალებით, მისი ამქვეყნად გარდამოხდომით, ჩვენ ძალგვიძს განვიწმინდოთ ცოდვებისაგან, არ ვცხოვრობდეთ ცოდვებში და არ ვკვდვბოდეთ ცოდვებით, რადგან უფალმა, ვისაც ერთს მხოლოს აქვს ხელმწიფება ცოდვათა მოტევებისა, თავის მოციქულებს გადასცა ეს ხელმწიფება, მათ კი - თავის მემკვიდრე ეპისკოპოსებს გადასცეს, რომელნიც თავის მხრივ ხუცესებს - მღვდლებს ანიჭებენ ამ ხელმწიფებას... ამიტომ ახლაც ცოდვათა მონანულ მორწმუნეს სინანულის საიდუმლოში შეუძლია ცოდვათა შენდობა მიიღოს ეპისკოპოსისაგან ანდა მღვდლისაგან, მსგავსად იმისა, როგორადაც სახარებაში მოხსენიებულმა განრღვეულმა მიიღო ცოდვათა მოტევება თავად იესო ქრისტესაგან, და მართლაც, რა დიდია ის განსაკუთრებული მადლმოსილი საღმრთო ძალა, რომელიც, ეპისკოპოსის ან მღვდლის მიერ მოქმედებული სინანულის საიდუმლოში, ცოდვებს შეუნდობს ადამიანებს; ამასთან ოდენ გარეგანი სახით კი არ შეუნდობს ცოდვებს, მხოლოდ ადამიანისათვის მათი შერაცხვისაგან კი არ ათავისუფლებს მონანულს, - არა, არამედ იგი სრულ, მთლიან, სრულყოფილ შინაგან განწმენდას ანიჭებს ცოდვებისაგან იმ ადამიანს, რომელიც რწმენითა და გულშემუსრვილობით მიმართავს ეპისკოპოსს ან პრესვიტერს, ხუცესს ცოდვისაგან განწმენდის მიზნით (I იოანე 1,7-9; 2,2; ებრ. 1,3), ღმერთის მიერ ადამიანისათვის მოტევებული ცოდვები წარიხოცება მისი სულისაგან მსგავსად იმისა, როგორადაც ვალის გადახდის შემდეგ წაიშლება ჩანაწერი ვალის შესახებ (იერ. 18,23), შენდობილი ცოდვილის სული განწმენდილი შეიქნება მსგავსად იმისა, როგორადაც სხეული თუ შესამოსელი განიწმინდება და განსპეტაკდება უწმიდურობათაგან გულმოდგინე განბანვით (ესაია 1,18). ერთის სიტყვით, სინანულის საიდუმლოში ხდება ადამიანის სრული შინაგანი განწმენდა ცოდვებისაგან, ოღონდ თუკი ის თავისი დაუდევარი დამოკიდებულებით ამ საქმისადმი თვითონვე არ შეინარჩუნებს თავის თავში ცოდვის ნარჩენებს. და თვალთა წინ გვექნება რა ეს მანუგეშებელი მაცხოვნებელი ჭეშმარიტება, ჩვენც ვისწრაფოთ ამსულიერ სამკურნალო სახლში - ეკლესიაში, სადაც სულთა განკურნვა, ცოდვებისაგან მისი განწმენდა აღესრულება“ (ყაზანის მთავარეპისკოპოსი პავლე. „სიტყვები და ქადაგებები“, ტ. I, 1878 წ. გვ. 222-223).

დ) დაბოლოს, ყურადღება მივაპყროთ მოციქულ თომას შეყოვნებას, დაბრკოლებას რწმენაში, მის დაეჭვებას იმაში, რომ უფალი იესო ქრისტე ჭეშმარიტად აღსდგა მკვდრეთით სრული ადამიანური ბუნებით - სულითაც და სხეულითაც; აგრეთვე მის სურვილს საკუთარი გრძნობების მეშვეობით დარწმუნდეს ამის ჭეშმარიტებაში, და იმას, თუ როგორი მიმართება ჰქონდა ყოველივე ამისადმი უფალ იესოს (მუხლები 24-29). რამდენი რამ არის აქ ჩვენთვის სამოძღვრებო და ჭკუის სასწავლი!

ეს ყოველივე გვასწავლის, რომ როგორადაც ბრმად არ შეიძლება ყველაფრის რწმუნება და დაჯერება, ასევე უგნური გამომეძიებლობა და გამომცდელობა უჯეროა, უადგილოა. ჩვენგანაც უფალი არ მოითხოვს ბრმა, უპირობო მინდობასა და რწმენას, - იგი ნებას გვაძლევს, გამოვიძიებდეთ, გამოვცდიდეთ ჭქშმარიტებას: დაე, თვალიც ხედავდეს, დაე ხელებიც ეხებოდნენ, დაე, ყველა სხვა გრძნობებმაც გამოიკვლიონ ჭეშმარიტება, როცა სურთ და როცა იგი მისაწვდომია ჩვენი გონებისათვის. მაგრამ, დაე, გამოსცადონ და გამოიძიონ იგი თავმდაბლობით, მორჩილებით, უზაკველი გულით, შეცნობის კეთილი განზრახვით, და არა იმისთვის, რომ ჭეშმარიტება დაბნელებულ იქნას ცრუ გრძნობით, გამომცდელობა, გამომეძიებლობა მაშინ არის ხოლმე სახიფათო, როცა კადნიერდება ყველაზე დაფარული და მიუწვდომელი ჭეშმარიტებანი გამოიკვლიოს. იგი დამნაშავეა მაშინ, როცა ჭეშმარიტებას ამისთვის კი არ გამოიკვლევს, რომ ჩასწვდეს მას, შეიმცნოს იგი, არამედ იმისთვის, რომ სხვა ადამიანებში შეარყიოს მისადმი ნდობა და რწმენა.

და მოციქულ თომას ურწმუნოების ბედნიერი ბოლო, დაე, ნუ შეიქნება ჩვენთვის საბაბად მისი ურწმუნოების მიბაძვისათვის! უფალმა არ მოიწონა მისი საქციელი, არ ნეტარ-ჰყო იგი ასეთი გვიანი რწმუნებისათვის, რაც გრძნობისმიერ დადასტურებას ეფუძნებოდა. უფალმა ასე უთხრა თომას: „მიხილე და გრწამს, ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“. ამიტომაც ჯერეთ დიდი არ ყოფილა ჩვენი რწმენა, თუკი მხოლოდ იმიტომ გვწამს, რომ ვხედავთ, ასეთი რწმენა გარდაუვლად აუცილებელი რწმენაა, არა თავისუფალი, და ასეთი რწმენა არ შეგვერაცხება ჩვენ განსაკუთრებულ დამსახურებად. ასეთი რწმენა ნებისმიერ ადამიანს აქვს, - კეთილსაც და ბოროტსაც; ურწმუნო ადამიანებიც არ ეჭვობენ იმას, რასაც საკუთარი თვალით ხედავენ და რასაც ხელების შეხებით შეიგრძნობენ. ჩვენ კი, ქრისტიანებს, იმისთვის, რომ ამაოდ არ ვატარებდეთ მორწმუნის სახელს, ჯერ არს გვწამდეს ის, რასაც ვერ ვხედაეთ და რისი წვდომაც არ ძალ-გვიძს. ჩვენი სარწმუნოების ბევრი და, ამასთან, მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება მიუწვდომელია გამომცდელობის, გამომეძიებლობისა და გონებისათვის ზეგარდმო შეწევნის გარეშე. ჩვენ ვაღიარებთ უხილავსა და მიუწვდომელ ღმრთაებას; ჩვენ ვაღირებთ და ვასრულებთ ქრისტიანული ცხოვრების ისეთ წესებს, რომლებიც ეწინააღმდეგება და საძაგელია ჩვენი გარდაქცეული, წახდენილი მიდრეკილებისათვის; ჩვენ მომავალ საუკუნეში ისეთ სიკეთეთ მოველით საკუთარი თავისთვის, რომელთა შესახებაც არ ძალგვიძს ცხადი შეხედულება, წარმოდგენა შევიქმნათ. ერთის სიტყვით, ჩვენი რწმენით ჩვენ საქმე გვაქვს უხილავთან, უცნობთან, მიუწვდომელთან. აბა, განა ჩვენ ძალგვიძს რაიმე მოვიმოქმედოთ რწმენის გარეშე? განა შეგვიძლია ურწმუნოდ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვიყოთ? - ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი ის არის, ვისაც სწამს ღმერთისა და მისი სიტყვისა არა იმის გამო, რომ ჭეშმარიტება დამაჯერებელი და დამტკიცებადია მისთვის, არამედ მხოლოდ იმის გამო, რომ მას უყვარს ღმერთი და უყვარს ჭეშმარიტება (იოანე 4,42). აი, ასეთ რწმენას ხმობს მაცხოვარი ნეტარად. ეს მაშინ, როცა მრავალი ჩვენგანისათვის, განსაკუთრებით კი სწავლულ მეცნიერთათვის, მნიშვნელოვანია სურვილი იმისა, რომ სწორედ გამომეძიებლობის, გამომცდელების სახიფათო გზით ვიდოდეთ სარწმუნოების ჭეშმარიტებებისაკენ, და რომ სწორედ ასე მივაღწიოთ მათს უეჭველ რწმუნებას, დაჯერებას, ანუ მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით შევიცნოთ ეს ჭეშმარიტებანი (ამის შესახებ დაწვრილებით იხილეთ ხერსონისა და ოდესის მთავარეპისკოპოსის ინოკენტის „სწავლანი“).

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე