ძველი აღთქმა
1. დასაბამად შექმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა.
2. ხოლო ქვეყანა იყო უხილავი და გაუმზადებელი, და ბნელი იყო უფსკრულზე, და სული ღვთისა მიმოიქცეოდა წყალზე.
3. და თქვა ღმერთმა: იქმნას ნათელი. და იქმნა ნათელი.
4. და იხილა ღმერთმა ნათელი, რომ კარგია. და გაყო ღმერთმა ერთმანეთისაგან ნათელი და ბნელი.
5. და უწოდა ღმერთმა ნათელს დღე და ბნელს უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე ერთი.
6. და თქვა ღმერთმა: იქმნას სამყარო წყლის შუაში და იყოს გამყოფი წყალსა და წყალს შორის. და იქმნა ასე.
7. და შექმნა ღმერთმა სამყარო, და გაყო ღმერთმა ერთმანეთისაგან წყალი, რომელიც იყო სამყაროს ქვემოთ, და წყალი სამყაროს ზემოთ.
8. და უწოდა ღმერთმა სამყაროს ცა. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მეორე.
9. და თქვა ღმერთმა: შეიკრიბოს წყალი ცის ქვეშ ერთ შესაკრებელში, და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე. და შეიკრიბა წყალი ცის ქვეშ თავის შესაკრებლებში, და გამოჩნდა ხმელეთი.
10. და უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა და წყალთა ნაკრებს უწოდა ზღვები. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია.
11. და თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული ბალახი, თესლის მთესველი, გვარისაებრ და მსგავსებისაებრ, და ხე ნაყოფიერი, ნაყოფის გამომღები, რომლის თესლი მასში გვარისაებრ არის ქვეყანაზე. და იქმნა ასე.
12. და გამოიღო მიწამ მცენარეული ბალახი, თესლის მთესველი, გვარისაებრ და მსგავსებისაებრ, და ხე ნაყოფიერი, ნაყოფის გამომღები, რომლის თესლი მასში გვარისაებრ არის ქვეყანაზე. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია.
13. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მესამე.
14. და თქვა ღმერთმა: იქმნას მნათობები ცის სამყაროში გასანათებლად ქვეყნისა, გასაყოფად ერთმანეთისაგან დღისა და ღამისა და იყვნენ ნიშნებად და დროებად და დღეებად და წელიწადებად,
15. და იყვნენ გასანათებლად ცის სამყაროში, რათა ანათებდნენ ქვეყანაზე. და იქმნა ასე.
16. და შექმნა ღმერთმა ორი დიდი მნათობი: დიდი მნათობი - დღის განმგებლად და მცირე მნათობი - ღამის განმგებლად, და ვარსკვლავები.
17. და დაადგინა ისინი ღმერთმა ცის სამყაროში, რათა ანათებდნენ ქვეყანაზე.
18. და განაგებდნენ დღეს და ღამეს და ყოფდნენ ერთმანეთისაგან ნათელსა და ბნელს. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია.
19. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მეოთხე.
20. და თქვა ღმერთმა: გამოიღოს წყლებმა ქვეწარმავლები ცოცხალი სულით და ფრინველები, რომლებიც იფრენენ ქვეყანაზე, ცის სამყაროს შესაბამისად. და იქმნა ასე.
21. და შექმნა ღმერთმა დიდი ვეშაპები და ყოველი სული ცოცხალ ქვეწარმავალთა, რომლებიც გამოიღებს წყლებმა მათი გვარისაებრ, და ყოველი ფრთოსანი ფრინველი გვარისაებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია.
22. და აკურთხა ისინი ღმერთმა და თქვა: აღორძინდით და გამრავლდით და აავსეთ წყლები ზღვებში, და ფრინველები გამრავლდნენ ქვეყანაზე.
23. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მეხუთე.
24. და თქვა ღმერთმა: გამოიღოს ქვეყანამ ცოცხალი სული გვარისაებრ, ოთხფეხნი და ქვეწარმავალნი და მხეცები ქვეყნისა გვარისაებრ. და იქმნა ასე.
25. და შექმნა ღმერთმა მხეცები ქვეყნისა გვარისაებრ და პირუტყვი გვარისაებრ და ყოველი ქვეწარმავალი ქვეყნისა მათი გვარისაებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია.
26. და თქვა ღმერთმა: შევქმნათ კაცი ჩვენი ხატისაებრ და მსგავსებისაებრ, და მთავრობდეს ზღვის თევზებზე და ცის ფრინველებზე და პირუტყვზე და მთელს ქვეყანაზე და ყველა ქვეწარმავალზე, რომელიც დახოხავს მიწაზე.
27. და შექმნა ღმერთმა კაცი, ღვთის ხატისაებრ შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
28. და აკურთხა ისინი ღმერთმა და თქვა: აღორძინდით და გამრავლდით და აავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას და იმთავრეთ ზღვის თევზებზე და ცის ფრინველებზე და ყველა პირუტყვზე და მთელს ქვეყანაზე და ყველა ქვეწარმავალზე, რომელიც დახოხავს მიწაზე.
29. და თქვა ღმერთმა: აჰა, მოგეცით თქვენ ყველა დასათესი მცენარე, თესლის მთესველი, რომელიც არის მთელი მიწის ზედაპირზე, და ყველა ზე, რომელსაც აქვს თავის თავში ნაყოფი დასათესი თესლისა, - თქვენთვის იქნება საჭმელად
30. და ქვეყნის ყველა მხეცისთვის და ცის ყველა ფრინველისთვის და ყველა ქვეწარმავლისთვის, რომელიც დახოხავს მიწაზე, რომელსაც აქვს თავის თავში სიცოცხლი სული, ყველა მწვანე მცენარე იქნება საჭმელად. და იქმნა ასე.
31. და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგია ძლიერ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მეექვსე.
1. და დასრულდა ცა და ქვეყანა და მთელი მათი მორთულობა.
2. და დაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმეები, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყველა თავისი საქმისაგან, რაც გააკეთა.
3. და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმინდაიყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ყველა თავისი საქმისგან, რომლის კეთებაც დაიწყო ღმერთმა.
4. ეს არის წიგნი ცისა და ქვეყნის შექმნისა, როდესაც შეიქმნა, რომელ დღესაც შექმნა უფალმა ღმერთმა ცა და ქვეყანა,
5. და ველის მთელი სიმწვანე, ვიდრე შეიქმნებოდა ქვეყანაზე, და ველის ყველა მცენარე, ვიდრე აღმოცენდებოდა; რადგან არ უწვიმებია ღმერთს ქვეყანაზე, და კაცი არ იყო, რომ დაემუშავებინა მიწა.
6. ხოლო წყარო ამოდიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის მთელს ზედაპირს.
7. და გამოსახა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის პირს სიცოცხლის სული, და შეიქმნა კაცი ცოცხალ სულად.
8. და გააშენა უფალმა ღმერთმა სამოთხე ედემში, აღმოსავლეთით, და დადო იქ კაცი, რომელიც გამოსახა.
9. და კვლავ აღმოაცენა ღმერთმა მიწიდან ყველა ხე, მშვენიერი სახილველად და კარგი საჭმელად, და ხე ცხოვრებისა - სამოთხის შუაში, და ხე ცნობადი - კეთილისა და ბოროტის გასაგებად.
10. და მდინარე გამოდის ედემიდან სამოთხის მოსარწყავად; იქიდან იყოფა ოთხ სათავედ.
11. სახელი ერთისა - ფისონი; ეს გარს უვლის ევილატის მთელს ქვეყანას, იქ, სადაც არის ოქრო;
12. ხოლო იმ ქვეყნის ოქრო კარგია; და იქ არის ანთრაკი და მწვანე ქვა.
13. და სახელი მეორე მდინარისა - გეონი; ეს გარს უვლის ეთიოპიის მთელს ქვეყანას.
14. და მესამე მდინარე - ტიგროსი. ეს მიედინება ასურეთის პირდაპირ. ხოლო მეოთხე მდინარე - ეს არის ევფრატი.
15. და აიყვანა უფალმა ღმერთმა კაცი, რომელიც გამოსახა, და დაადგინა იგი განცხრომის სამოთხეში მის დასამუშავებლად და დასაცავად.
16. და უბრძანა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: სამოთხის ყველა ხიდან ჭამით ჭამე,
17. ხოლო ხიდან კეთილისა და ბოროტის შემეცნებისა არ ჭამოთ, რადგან რომელ დღესაც შეჭამთ მისგან, სიკვდილით მოკვდებით.
18. და თქვა ღმერთმა: არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა; შევუქმნათ მას შემწე, მისი მსგავსი.
19. და გამოსახა კიდევ ღმერთმა მიწისგან ველის ყველა მხეცი და ცის ყველა ფრინველი, და მიუყვანა ისინი ადამს, რათა ენახა, რას უწოდებდა მათ; და ყოველივე, რაც უწოდა ადამმა ცოცხალ სულს, ეს არის მისი სახელი.
20. და უწოდა ადამმა სახელები ყველა პირუტყვს და ცის ყველა ფრინველს და ველის ყველა მხეცს, ხოლო ადამს არ მოეძებნა შემწე, თავისი მსგავსი.
21. და მოჰგვარა ღმერთმა გაოგნება ადამს და დააძინა; და აიღო ერთი მის გვერდთაგან და ამოავსო ხორცით მის ნაცვლად.
22. და აუშენა ღმერთმა გვერდი, რომელიც აიღო ადამისგან, ცოლად, და მიუყვანა იგი ადამს.
23. და თქვა ადამმა: ეს არის ახლა ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი; ამას ეწოდება ცოლი, რადგან თავისი ქმრისგან იქნა აღებული იგი.
24. ამის გამო დატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და შეუერთდება თავის ცოლს, და იქნებიან ორნი ერთხორცი.
25. და იყო ორივე შიშველი, ადამიც და მისი ცოლიც, და არა რცხვენოდათ.
1. ხოლო გველი იყო უგონიერესი ყველა მხეცს შორის ქვეყანაზე, რომლებიც შექმნა უფალმა ღმერთმა; და უთხრა გველმა დედაკაცს: რატომ თქვა ღმერთმა: არ ჭამოთ სამოთხის ყველა ხიდან?
2. და უთხრა დედაკაცმა გველს: სამოთხის ყველა ხის ნაყოფიდან ვჭამთ,
3. ხოლო ხის ნაყოფიდან, რომელიც არის სამოთხის შუაში, - თქვა ღმერთმა, - არ ჭამოთ მისგან, არც შეეხოთ მას, რომ არ მოკვდეთ.
4. და უთხრა გველმა დედაკაცს: სიკვდილით არ მოკვდებით;
5. რადგან იცოდა ღმერთმა, რომ რომელ დღესაც შეჭამთ მისგან, აგეხილებათ თქვენ თვალები და იქნებით, როგორც ღმერთები, შემცნობელნი კეთილისა და ბოროტისა.
6. და იხილა დედაკაცმა, რომ კარგია ხე საჭმელად და რომ საამოა თვალთათვის სახილველად და მშვენიერია შესაცნობად, და აიღო მისი ნაყოფი და შეჭამა; და მისცა თან თავის ქმარსაც, და შეჭამეს.
7. და აეხილა თვალები ორივეს, და შეიცნეს, რომ შიშვლები იყვნენ, და შეკერეს ლეღვის ფოთლები და გაიკეთეს თავისთვის შემოსარტყმელები.
8. და გაიგონეს ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც დადიოდა სამოთხეში საღამოს, და დაიმალნენ ადამიც და მისი ცოლიც უფალი ღმერთის პირისგან სამოთხის ხის შუაში.
9. და დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა მას: ადამ, სადა ხარ?
10. და უთხრა მას: შენი ხმა გავიგონე, როცა დადიოდი სამოთხეში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ, და დავიმალე.
11. და უთხრა მას: ვინ გითხრა შენ, რომ შიშველი ხარ, თუ არ ჭამე იმ ხიდან, რომელზეც გიბრძანე შენ, რომ მხოლოდ მისგან არ გეჭამა?
12. და თქვა ადამმა: დედაკაცმა, რომელიც მომეცი მე, მან მომცა მე ხიდან, და ვჭამე.
13. და უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ქენი? და თქვა დედაკაცმა: გველმა მაცდუნა მე, და ვჭამე.
14. და უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რადგან გააკეთე ეს, წყეული იყავ შენ ქვეყნის ყველა პირუტყვს შორის და ყველა მხეცს შორის; შენს მკერდზე და მუცელზე ივლი და მიწას შეჭამ შენი ცხოვრების ყოველ დღეს.
15. და მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, და შენ თესლსა და მის თესლს შორის; იგი ჩაუსაფრდება შენს თავს, და შენ ჩაუსაფრდები მის ტერფს.
16. და დედაკაცს უთხრა: გამრავლებით გავამრავლებ შენს მწუხარებას და შენს ოხვრას, მწუხარებით შობ შვილებს; და შენი ქმრისკენ მიბრუნდები შენ, და იგი შენზე იბატონებს.
17. ხოლო ადამს უთხრა: რადგან ისმინე შენი ცოლის ხმისა და შეჭამე ხიდან, რემელზეც გიბრძანე შენ, რომ მხოლოდ მისგან არ გეჭამა, წყეული იყოს მიწა შენი საქმეებით; მწუხარებით შეჭამ მას შენი ცხოვრების ყოველ დღეს;
18. ეკალსა და ნარს აღმოგიცენებს შენ, და შეჭამ მინდვრის ბალახს.
19. შენი პირის ოფლით შეჭამ შენს პურს, ვიდრე მიუბრუნდები შენ მიწას, რომლისგანაც ხარ აღებული; რადგან მიწა ხარ და მიწას დაუბრუნდები.
20. და უწოდა ადამმა სახელი თავის ცოლს - ცხოვრება, რადგან იგია დედა ყოველი მცხოვრებისა.
21. და გაუკეთა უფალმა ღმერთმა ადამს და მის ცოლს ტყავის სამოსი და შემოსა ისინი.
22. და თქვა ღმერთმა: აჰა, ადამი გახდა, როგორც ერთი ჩვენგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა, და ახლა აღარასოდეს გაიწოდოს ხელი და არ აიღოს ცხოვრების ხიდან და არ შეჭამოს, და არ იცოცხლოს საუკუნოდ.
23. და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა განცხრომის სამოთხიდან მიწის დასამუშავებლად, რომლიდანაც იყო აღებული.
24. და განდევნა ადამი და დაასახლა იგი განცხრომის სამოთხის პირდაპირ, და დაადგინა ქერუბიმი და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი ცხოვრების ხის გზის დასაცავად.
1. ხოლო ადამმა შეიცნო ევა, თავისი ცოლი, და მუცლადიღო და შვა კაინი, და თქვა: შევიძინეთ კაცი ღვთის მიერ.
2. და შემატა და შვა მისი ძმა აბელი. და გახდა აბელი ცხვრების მწყემსი, ხოლო კაინი იყო მიწათმოქმედი.
3. და იყო, გავიდა დღეები და მიართვა კაინმა მიწის ნაყოფთაგან მსხვერპლი უფალს,
4. და აბელმაც მიართვა თავისი ცხვრების პირმშოთაგან და მათი ცმელიდან. და გადმოხედა ღმერთმა აბელს და მის ძღვენს,
5. ხოლო კაინს და მის მსხვერპლს არ მიხედა. და დაღონდა კაინი ძლიერ და შეეჭმუხნა სახე.
6. და უთხრა უფალმა ღმერთმა კაინს: რად შეწუხდი და რად შეგეჭმუხნა სახე?
7. არც სწორედ შემოსწირე, არც სწორად გაყავი, შესცოდე? გაჩუმდი; შენკენ მობრუნდება იგი და შენ იბატონებ მასზე.
8. და უთხრა კაინმა აბელს, თავის ძმას: გავიდეთ ველზე. და იყო, მათი ველზე ყოფნისას აღდგა კაინი აბელის, თავისი ძმის, წინააღმდეგ და მოკლა იგი.
9. და უთხრა ღმერთმა კაინს: სად არის აბელი, შენი ძმა? ხოლო მან თქვა: არ ვიცი. განა ჩემი ძმის მცველი ვარ მე?
10. და თქვა ღმერთმა: რა ქენი? შენი ძმის სისხლის ხმა შემომღაღადებს მე მიწიდან.
11. და ახლა წყეული იყავ მიწისგან, რომელმაც გახსნა თავისი პირი, რომ მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან;
12. რადგან დაამუშავენ მიწას, და არ შეგმატებს თავის ძალას, და არ მოგცემს შენ; შევიწროებული და შეძრწუნებული იქნები ქვეყანაზე.
13. და უთხრა კაინმა უფალს: უფრო დიდია ჩემი დანაშაული, ვიდრე მომეტევება მე.
14. თუ განმდევნი მე დღეს მიწის პირიდან და შენს პირს მივეფარები, ვიქნები შევიწროებული და შეძრწუნებული ქვეყანაზე; და იქნება, ყოველი ჩემი მპოვნელი მომკლავს მე.
15. და უთხრა მას უფალმა ღმერთმა: არ იქნება ასე; ყველა, კაინის ყოველი მკვლელი, შვიდგზის შურისგებული იქნება. და დაადო უფალმა ღმერთმა ნიშანი კაინს, რომ არ მოეკლა იგი ყოველ მის მპოვნელს.
16. და გამოვიდა კაინი ღვთის პირისაგან და დასახლდა ნაიდის ქვეყანაში, ედემის პირდაპირ.
17. და შეიცნო კაინმა თავისი ცოლი, და მუცლადიღო და შვა ენოქი, და ააშენა ქალაქი და დაარქვა ქალაქს თავისი ძის სახელის მიხედვით - ენოქი.
18. და შეეძინა ენოქს გაიდადი, გაიდადმა შვა მაიელი, და მაიელმა შვა მათუსალა, და მათუსალამ შვა ლამექი.
19. და მოიყვანა თავისთვის ლამექმა ორი ცოლი, ერთის სახელი - ადა, და მეორის სახელი - სელა.
20. და შვა ადამ იობელი; ეს იყო კარვებში მცხოვრებ მესაქონლეთა მამა.
21. და მისი ძმის სახელი - იუბალი; ეს იყო წარმომჩენი ქნარისა და ებნისა.
22. ხოლო სელამ კი შვა თობელი, და იყო ჭედვის ოსტატი, სპილენძისა და რკინის მჭედელი. ხოლო თობელის და იყო ნოემა.
23. და უთხრა ლამექმა თავის ცოლებს: ადა და სელა, ისმინეთ ჩემი ხმისა, ლამექის ცოლებო, ყურადიღეთ ჩემი სიტყვები, რადგან კაცი მოვკალი ჩემს წყლულად და ჭაბუკი - ჩემს საგვემად,
24. რადგან შვიდგზის შურისგებულია კაინისგან, ხოლო ლამექისგან - სამოცდაჩვიდმეტგზის.
25. ხოლო შეიცნო ადამმა ევა, თავისი ცოლი, და მუცლადიღო და შვა ძე და დაარქვა მისი სახელი სეითი და თქვა: რადგან აღმიდგინა მე ღმერთმა სხსვა თესლი აბელის ნაცვლად, რომელიც მოკლა კაინმა.
26. და სეითს შეეძინა ძე, და დაარქვა მისი სახელი ენოსი; ეს სასოებდა და უხმობდა უფალი ღმერთის სახელს.
1. ეს არის წიგნი ადამიანთა შექმნისა; რომელ დღესაც შექმნა ღმერთმა ადამი, ღვთის ხატისაებრ შექმნა იგი;
2. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი და აკურთხა ისინი. და დაარქვა მისი სახელი ადამი, რომელ დღესაც შექმნა ისინი.
3. და იცოცხლა ადამმა ორას ოცდაათი წელი და შვა თავისი სახისაებრ და თავისი ხატისაებრ და დაარქვა მისი სახელი სეითი.
4. ხოლო იყო ადამის დღეების სეითის შობის შემდეგ შვიდასი წელი, და შვა ძეები და ასულები.
5. და იყო ადამის ყველა დღე, რაც იცოცხლა, ცხრაას ოცდაათი წელი, და მოკვდა.
6. ხოლო იცოცხლა სეითმა ორას ხუთი წელი და შვა ენოსი.
7. და იცოცხლა სეითმა ენოსის შობის შემდეგ შვიდას შვიდი წელი, და შვა ძეები და ასულები.
8. და იყო სეითის ყველა დღე ცხრაას თორმეტი წელი და მოკვდა.
9. და იცოცხლა ენოსმა ას ოთხმოცდაათი წელი და შვა კაინანი.
10. და იცოცხლა ენოსმა კაინანის შობის შემდეგ შვიდას თხუთმეტი წელი, და შვა ძეები და ასულები.
11. და იყო ენოსის ყველა დღე ცხრაას ხუთი წელი, და მოკვდა.
12. და ოცოცხლა კაინანმა ას სამოცდაათი წელი და შვა მალელეილი.
13. და იცოცხლა კაინანმა მალელეილის შობის შემდეგ შვიდას ორმოცი წელი, და შვა ძეები და ასულები.
14. და იყო კაინანის ყველა დღე ცხრაას ათი წლი, და მოკვდა.
15. და იცოცხლა მალელეილმა ას სამოცდახუთი წელი და შვა იარედი.
16. და იცოცხლა მალელეილმა იარედის შობის შემდეგ შვიდას ოცდაათი წელი, და შვა ძეები და ასულები.
17. და იყო მალელეილის ყველა დღე რვაას ოთხმოცდათხუთმეტი წელი, და მოკვდა.
18. და იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შვა ენოქი.
19. და იცოცხლა იარედმა ენოქის შობის შემდეგ რვაასი წელი, და შვა ძეები და ასულები.
20. და იყო იარედის ყველა დღე ცხრაას სამოცდაორი წელი, და მოკვდა.
21. და იცოცხლა ენოქმა ას სამოცდახუთი წელი და შვა მათუსალა.
22. და სათნო იყო ენოქი ღვთისათვის. და იცოცხლა ენოქმა მათუსალას შობის შემდეგ ორასი წელი, და შვა ძეები და ასულები.
23. და იყო ენოქის ყველა დღე სამას სამოცდახუთი წელი.
24. და სათნო იყო ენოქი ღვთისათვის და ვერ პოულობდნენ, რადგან გარდაცვალა იგი ღმერთმა.
25. და იცხოცხლა მათუსალამ ას სამოცდაშვიდი წელი და შვა ლამექი.
26. და იცოცხლა მათუსალამ ლამექის შობის შემდეგ რვაას სამოცდაცხრა წელი, და მოკვდა.
27. და იყო მათუსალას ყველა დღე, რაც იცოცხლა, ცხრაას სამოცდაცხრა წელი, და მოკვდა.
28. და იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდარვა წელი და შვა ძე,
29. და დაარქვა მას სახელი ნოე და თქვა: ეს დაგვასვენებს ჩვენ ჩვენი საქმეებისაგან და ჩვენი ხელების წუხილისგან და მიწისგან, რომელიც დაწყევლა უფალმა ღმერთმა.
30. და იცოცხლა ლამექმა ნოეს შობის შემდეგ ხუთას სამოცდაათი წელი, და შვა ძეები და ასულები.
31. და იყო ლამექის ყველა დღე შვიდას ორმოცდაცამეტი წელი, და მოკვდა.
32. და იყო ნოე ხუთასი წლისა და შვა ნოემ სამი ძე: სემი, ქამი, იაფეთი.