ძველი აღთქმა

წიგნი შექმნისა

თავი 16

1. ხოლო სარა, აბრამის ცოლი, არ უშობდა მას. და ჰყავდა მას მხევალი ეგვიპტელი, რომლის სახელი იყო აგარი.

2. და უთხრა სარამ აბრამს ქანაანის ქვეყანაში: აჰა, დამხშა მე უფალმა, რომ არ ვშობო. შედი ჩემს მხევალთან, რათა შვილიერი გახდე მისგან. და შეისმინა აბრამმა სარას ხმისა.

3. და მოიყვანა სარამ, აბრამის ცოლმა, ეგვიპტელი აგარი, თავისი მხევალი, ათი წლის შემდეგ აბრამის დასახლებიდან ქანაანის ქვეყანაში, და მისცა იგი აბრამს, თავის ქმარს, ცოლად.

4. და შევიდა აგართან, და მუცლადიღო. და ნახა, რომ მუცლადღებულია, და უპატიო გახდა ქალბატონი მის წინაშე.

5. და უთხრა სარამ აბრამს: ვიჩაგრები შენგან; მე მოგეცი ჩემი მხევალი შენს წიაღში; ხოლო როცა ნახა, რომ მუცლადღებულია, უპატიო გავხდი მის წინაშე. განსაჯოს ღმერთმა ჩემსა და შენ შორის.

6. და უთხრა აბრამმა სარას: აჰა, შენი მხევალი შენ ხელთ არის. მოექეცი მას, როგორც შენ გინდა. და ცუდად ექცეოდა მას სარა, და გაიქცა მისგან.

7. და იპოვა იგი უფლის ანგელოზმა წყლის წყაროსთან უდაბნოში, წყაროსთან სურის გზაზე.

8. და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: აგარ, სარას მხევალო, საიდან მოდიხარ და სად მიდიხარ? და თქვა: სარასგან, ჩემი ქალბატონისგან, გავრბივარ მე.

9. და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: მიბრუნდი შენს ქალბატონთან და დამდაბლდი მის ხელქვეშ.

10. და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: გამრავლებით გავამრავლებ შენს თესლს და არ აღირაცხება სიმრავლის გამო.

11. და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: აჰა, შენ მუცლადღებული ხარ და შობ ძეს და უწოდებ მას სახელს, ისმაელს (ებრ. შეისმინა ღმერთმა), რადგან შეისმინა უფალმა შენი სიმდაბლისა.

12. იქ იქნება ველური კაცი; მისი ხელები ყველაზე და ყველას ხელები მასზე, და თავისი ყველა ძმის პირისპირ დამკვიდრდება.

13. და უწოდა აგარმა სახელი უფალს, რომელიც ელარაპაკებოდა მას: შენ ხარ ღმერთი, რომელმაც მომხედე მე; - რადგან თქვა: პირისპირ ვიხილე, რომელიც მეჩვენა მე.

14. ამის გამო უწოდა ჭას: „ჭა, სადაც პირისპირ ვიხილე“; აჰა, კიდესსა და ბარადს შორის.

15. და უშვა აგარმა აბრამს ძე, და უწოდა აბრამმა სახელი თავისი ძისა, რომელიც უშვა მას აგარმა, ისმაელი.

16. ხოლო აბრამი იყო ოთხმოცდაექვსი წლისა, როცა უშვა აგარმა ისმაელი აბრამს.

 

თავი 17

1. და იყო აბრამი ოთხმოცდაცხრამეტი წლისა, და ეჩვენა უფალი აბრამს და უთხრა მას: მე ვარ ღმერთი შენი; სათნო იყავი ჩემ წინაშე და იყავი უბიწო,

2. და დავდებ ჩემს აღთქმას ჩემსა და შენ შორის და გაგამრავლებ შენ ძლიერ.

3. და დავარდა აბრამი პირქვე და ელაპრაკა მას ღმერთი და უთხრა:

4. და აჰა, მე, აღთქმა ჩემი შენთან, და იქნები მამა მრავალი ხალხისა.

5. და აღარ გეწოდება სახელი შენ აბრამი, არამედ იქნება სახელი შენი აბრაამი, რადგან მრავალი ხალხის მამას დაგადგინე შენ.

6. და აგაღორძინებ შენ ძლიერ, ძლიერ, და დაგადგენ შენ ხალხად, და მეფეები შენგან გამოვლენ.

7. და დავდებ ჩემს აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს თესლს შორის შენ შემდეგ მათს მოდგმაში საუკუნო აღთქმად, რათა ვიყო შენთვის ღმერთი და შენი თესლისთვის შენ შემდეგ.

8. და მოგცემ შენ და შენს თესლს შენ შემდეგ ქვეყანას, სადაც მწირობ, ქანაანის მთელ ქვეყანას, საუკუნო სამფლობელოდ და ვიქნები მათთვის ღმერთი.

9. და უთხრა ღმერთმა აბრაამს: ხოლო შენ ჩემს აღთქმას დაიცავ, შენ და შენი თესლი შენ შემდეგ თავის მოდგმაში.

10. და ეს არის აღთქმა, რომელსაც დაიცავ, ჩემსა და თქვენ შორის და შენს თესლს შორის შენ შემდეგ მათს მოდგმაში: წინადაიცვეთს თქვენგან ყოველი წული,

11. და დაიცვეთთ ხორცს თქვენი წინადაცვეთილობისას, და იქნება აღთქმის ნიშნად ჩემსა და თქვენ შორის.

12. და ყრმამ რვა დღისამ დაიცვითოს თქვენმა ყოველმა წულმა თქვენს მოდგმაში, სახლისწულმა შენი სახლისამ და ვერცხლით ნაყიდმა ყოველმა უცხო ძეთაგანმა, რომელიც არ არის შენი თესლიდან.

13. დაცვეთით დაიცვეთს სახლისწული შენი სახლისა და ვერცხლით ნაყიდი, და იქნება ჩემი აღთქმა თქვენს ხორცზე საუკუნო აღთქმად.

14. და დაუცვეთელი მამაკაცი, რომელიც არ დაიცვეთს ხორცს თავისი დაცვეთილობისას მერვე დღეს, მოიკვეთება ის სული თავისი მოდგმიდან, რადგან ჩემი აღთქმა დაარღვია.

15. და უთხრა ღმერთმა აბრაამს: სარას, შენს ცოლს, აღარ ეწოდება თავისი სახელი სარა, არამედ სარრა იქნება მისი სახელი.

16. და ვაკურთხებ მას და მოგცემ შენ მისგან შვილს, და ვაკურთხებ მას, და იქცევა ხალხად, და ხალხთა მეფეები მისგან გამოვლენ.

17. და დავარდა აბრაამი პირქვე და გაეცინა და თქვა თავის გონებაში: ნუთუ ასი წლისას ეყოლება ძე, და ნუთუ სარრა ოთხმოცდაათი წლისა შობს?

18. და უთხრა აბრამმა ღმერთს: ისმაელმა, ამან იცოცხლოს შენ წინაშე.

19. და უთხრა ღმერთმა აბრაამს: ჰო; აჰა, სარრა, შენი ცოლი, გიშობს შენ ძეს, და უწოდებ მას სახელს, ისააკს; და დავდებ ჩემს აღთქმას მასთან საუკუნო აღთქმად და მის თესლთან მის შემდეგ.

20. ხოლო ისმაელის შესახებ, აჰა, მე ვისმინე შენი; აჰა, ვაკურთხე იგი და ავაღორძინებ მას და გავამრავლებ მას ძლიერ; თორმეტ ხალხს წარმოშობს, და ვაქცევ მას დიდ ხალხად.

21. ხოლო ჩემს აღთქმას დავდებ ისააკთან, რომელსაც გიშობს შენ სარრა ამ დროისთვის, მეორე წელიწადს.

22. და დაასრულა ლაპარაკი მასთან და ამაღლდა ღმერთი აბრაამისგან.

23. და მოიყვანა აბრაამმსა ისმაელი, თავისი ძე, და ყველა თავისი სახლისწული და ყველა ვერცხლით ნაყიდი და ყოველი წული კაცთაგან, აბრაამის სახლში მყოფი, და დასცვითა მათი წინადაცვეთილობა იმ დღის იმ ჟამს, როგორც უთხრა მას ღმერთმა.

24. და აბრაამი იყო ოთმოცდაცხრამეტი წლისა, როცა დაიცვითა ხორცი თავისი წინადაცვეთილობისა,

25. ხოლო ისმაელი, მისი ძე, ცამეთი წლისა იყო, როცა დასცვითა ხორცი მისი დაცვეთილობისა.

26. იმ დღის იმ ჟამს დაიცვითეს აბრაამმა და ისმაელმა, მისმა ძემ,

27. და მისი სახლის ყველა მამაკაცმა და სახლისწულმა და ვერცხლით ნაყიდმა სხვა მოდგმის ხალხთაგან; დასცვითა მათ.

 

თავი 18

1. და ეჩვენა მას ღმერთი მამბრეს მუხასთან, როდესაც იჯდა იგი თავისი კარვის კართან შუადღისას.

2. და აახილა თავისი თვალები და დაინახა: აჰა, სამი კაცი თავზე დაადგა მას; და დაინახა და გაიქცა მათ შესაგებებლად თავისი კარვის კარიდან და თაყვანი სცა მიწამდე,

3. და თქვა: უფალო, თუ ვპოვე მადლი შენ წინაშე, ნუ ჩაუვლი შენს მონას;

4. მოიტანენ წყალს და დაგბანენ თქვენ ფეხებს და გაგრილდით ხის ქვეშ.

5. და მოვიტან პურს და ჭამეთ, და ამის შემდეგ წადით თქვენს გზაზე, რომლის გამოც გადმოუხვიეთ თქვენს მონასთან. და უთხრეს: ისე გააკეთე, როგორც თქვი.

6. და იჩქარა აბრაამმა კარავში სარრასთან და უთხრა მას: იჩქარე და მოზილე სამი საწყაო სამინდო და გააკეთე კვერები.

7. და ძროხებისკენ გაიქცა აბრაამი, და აიყვანა ხბო, ჩვილი და კარგი, და მისცა მსახურს და ჩქარობდა მის მომზადებას.

8. და აიღო ერბო და რძე და ხბო, რომელიც მომზადდა, და წინ დაუწყო მათ, და ჭამეს; ხოლო თვითონ წინ ედგა მათ, ხის ქვეშ.

9. და უთხრა მას: სად არის სარრა, ცოლი შენი? ხოლო მან მიუგო და უთხრა: აჰა, კარავშია.

10. და თქვა: მოვბრუნდები და მოვალ შენთან ამ დროის ამ ჟამისთვის და ეყოლება ძე სარრას, შენს ცოლს. ხოლო სარრამ გაიგონა კარვის კართან, იყო რა მის უკან.

11. ხოლო აბრაამი და სარრა მოხუცებულები და ხანგადასულები იყვნენ, და შეწყვეტილი ჰქონდა სარრას დედათა წესი.

12. და გაიცინა სარრამ თავისთვის და თქვა: ჯერ არ მყოლია მე აქამდე, ჩემი ბატონი კი მოხუცებულია.

13. და უთხრა უფალმა ღმერთმა აბრაამს: რატომ გაიცინა სარრამ თავისთვის და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ? მე ხომ დავბერდი.

14. განა უძლურია ღვთის სიტყვა? ამ დროისთვის დავბრუნდები შენთან, ამ ჟამისთვის, და ეყოლება სარრას ძე.

15. და უარყო სარრამ და თქვა: არ გამიცინია, - რადგან შეეშინდა. და უთხრა: არა, გაიცინე.

16. და ადგნენ იქიდან კაცები და გადახედეს სოდომისა და გომორის სახეს, ხოლო აბრაამი მიჰყვებოდა და აცილებდა მათ.

17. და უფალმა თქვა: განა დავფარავ მე აბრაამისგან, ჩემი მსახურისგან, რასაც მე ვაკეთებ?

18. და აბრაამი იქცევა დიდ და მრავალ ხალხად, და იკურთხება მისით ქვეყნის ყველა ხალხი.

19. რადგან ვიცი, რომ უბრძანებს თავის ძეებს და თავის სახლს თავის შემდეგ, და დაიცავენ უფლის გზებს, რომ აღასრულონ სამართალი და მსჯავრი; რათა მოავლინოს უფალმა აბრაამზე ყველაფერი, რაც უთხრა მას.

20. და თქვა უფალმა: ღაღადება სოდომისა და გომორისა გამრავლდა, და მათი ცოდვები დიდია ძლიერ;

21. ამიტომ ჩავალ და ვნახავ, ჩემამდე მოღწეული მათი ღაღადებისაებრ თუ იქცევიან, ხოლო თუ არა - მეცოდინება.

22. და გაბრუნდნენ იქიდან კაცები და მივიდნენ სოდომში, ხოლო აბრაამი ისევ იდგა უფლის წინაშე.

23. და მიუახლოვდა აბრაამი და უთხრა: ნუთუ დაღუპავ მართალს უღვთოსთან ერთად და იქნება მართალი, როგორც უღვთო?

24. თუ იქნება ორმოცდაათი მართალი ქალაქში, დაღუპავ მათ? არ დაინდობ მთელ იმ ადგილს ორმოცდაათი მართლის გამო, თუ იქნებიან მასში?

25. არაფრით არ გააკეთებ შენ ამ სიტყვისაებრ, რომ მოკლა მართალი უღვთოსთან ერთად; და იქნება მართალი, როგორც უღვთო? არაფრით; მსაჯული მთელი ქვეყნისა არ აღასრულებ მსჯავრს?

26. და თქვა უფალმა ღმერთმა: თუ ვიპოვი სოდომში, ქალაქში, ორმოცდაათ მართალს, დავტოვებ მთელ იმ ადგილს მათ გამო.

27. და მიუგო აბრაამმა და თქვა: ახლა დავიწყე ლაპარაკი უფალთან, ხოლო მე მიწა ვარ და ნაცარი;

28. და თუ დააკლდება ორმოცდაათ მართალს ხუთი, დაღუპავ ხუთის გამო მთელ ქალაქს? და თქვა: არ დავღუპავ, თუ ვიპოვი იქ ორმოცდახუთს.

29. და დაუმატა კვლავ მის მიმართ ნათქვამს და თქვა: და თუ აღმოჩნდება იქ ორმოცი? და თქვა: არ დავღუპავ ორმოცის გამო.

30. და თქვა: რა იქნება, უფალო, თუ ვიტყვი: და თუ აღმოჩნდება იქ ოცდაათი? და თქვა: არ დავღუპავ, თუ ვიპოვი იქ ოცდაათს.

31. და თქვა: რადგან მაქვს სათქმელი უფალთან, და თუ აღმოჩნდება იქ ოცი? და თქვა: არ დავღუპავ ოცის გამო.

32. და თქვა: რა იქნება, უფალო, თუ ვიტყვი კიდევ ერთხელ: და თუ აღმოჩნდება იქ ათი? და თქვა: არ დავღუპავ ათის გამო.

33. და წავიდა უფალი, როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი აბრაამთან, და აბრაამი დაბრუნდა თავის ადგილას.

 

თავი 19

1. და მივიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამოს; ხოლო ლოთი იჯდა სოდომის კარიბჭესთან. და დაინახა ლოთმა და წამოდგა მათ შესაგებებლად და თაყვანი სცა პირით მიწამდე,

2. და უთხრა: აჰა, ბატონებო, გადმოუხვიეთ თქვენი მონის სახლისკენ და დაისვენეთ და დაიბანეთ თქვენი ფეხები, და ადრე ადექით და წადით თქვენს გზაზე. და თქვეს: არა, მოედანზე დავისვენებთ.

3. და აიძულა ისინი, და გადაუხვიეს მასთან და შევიდნენ მის სახლში. და მოუმზადა მათ სასმელი და ხმიადები გამოუცხო მათ, და ჭამეს,

4. და ვიდრე დაიძინებდნენ, ქალაქის კაცები, სოდომელები, გარშემოერტყნენ სახლს ჭაბუკიდან მოხუცამდე, მთელი ერი ერთად,

5. და გამოუხმეს ლოთს და ეუბნებიან მას: სად არიან კაცები, რომლებიც მოვიდნენ შენთან ღამით? გამოიყვანე ისინი ჩვენთან, რათა თანავეყოთ მათ.

6. და გამოვიდა ლოთი მათთან წინკარში და კარი მოიხურა თავის უკან.

7. და უთხრა მათ: არა, ძმებო, არ ჩაიდინოთ ბოროტება.

8. მყავს მე ორი ასული, რომლებსაც არ შეუცვნიათ მამაკაცი; გამოვიყვან მათ თქვენთან და მოექეცით მათ, როგორც გესიამოვნებათ თქვენ. მხოლოდ ამ კაცებს ნუ მოექცევით უსამართლოდ, რადგან შემოვიდნენ ჩემი სახლის ჭერქვეშ.

9. და უთხრეს: გადი იქით. მოხვედი მწირობისთვის თუ სამართლის განსასჯელად? ამიტომ ახლა შენ უფრო ცუდს გაგიკეთებთ, ვიდრე მათ. და მძლავრობდნენ კაცზე, ლოთზე, ძლიერ, და მიუახლოვდნენ კარს შესამტვრევად.

10. ხოლო გაიწოდეს კაცებმა ხელები და შეიტაცეს ლოთი თავისთან სახლში და სახლის კარი ჩაკეტეს;

11. ხოლო კაცებს, რომლებიც იყვნენ სახლის კართან, დამართეს სიბრმავე დიდიდან პატარამდე, და დაიღალნენ კარის ძებნით.

12. და უთხრეს კაცებმა ლოთს: გყავს შენ ვინმე აქ: სიძეები ან ძეები, ან ასულები? ან თუ სხვა ვინმე გყავს შენ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან;

13. რადგან დავაქცევთ ჩვენ ამ ადგილს, რადგან ამაღლდა მათი ღაღადება უფლის წინაშე, და მოგვავლინა ჩვენ უფალმა მის მოსასპობად.

14. და გამოვიდა ლოთი და ელაპარაკა თავის სიძეებს, რომლებმაც ითხოვეს მისი ასულები, და უთხრა: ადექით და გადით ამ ადგილიდან, რადგან მოსპობს უფალი ქალაქს. და სასაცილო გამოჩნდა თავისი სიძეების წინაშე.

15. ხოლო როცა ცისკარი დადგა, აჩქარებდნენ ანგელოზები ლოთს და ეუბნებოდნენ: ადექი და წაიყვანე შენი ცოლი და შენი ორი ასული, რომლებიც გყავს, და გადი, რათა შენც არ დაიღუპო ქალაქის უსჯულოებასთან ერთად.

16. და შეძრწუნდნენ; და მოჰკიდეს ანგელოზებმა მის ხელს და მისი ცოლის ხელს და მისი ორი ასულის ხელებს, რადგან შეიბრალა უფალმა იგი.

17. და იყო, როცა გაიყვანეს ისინი გარეთ, უთხრეს: გადარჩენით გადაარჩინე შენი სული; ნუ მოიხედავ უკან, ნურც გაჩერდები მთელ შემოგარენში; მთაში გადარჩი, რათა არ იყო მათი თანაზიარი.

18. და უთხრა ლოთმა მათ: გევედრები, უფალო, რადგან პოვა შენმა მსახურმა წყალობა შენ წინაშე და განადიდე შენი სიმართლე, რომელსაც აღასრულებ ჩემზე, რათა იცოცხლოს ჩემმა სულმა; ხოლო მე ვერ შევძლებ გადარჩენას მთაში, ვაითუ მეწიოს მე ბოროტება და მოვკვდე,

19. აჰა, ეს ქალაქი ახლოს არის ჩემთვის, რომ გავიქცე იქ, ის პატარაა, იქ გადავრჩები; განა პატარა არ არის? და იცოცხლებს ჩემი სული.

20. და უთხრა მას: აჰა, გამაკვირვა შენმა სახემ და ამ სიტყვამ, რომ არ გავანადგურო ქალაქი, რომლის შესახებაც თქვი;

21. ამიტომ იჩქარე, რათა გადარჩე იქ; რადგან ვერ შევძლებ საქმის აღსრულებას, ვიდრე არ შეხვალ შენ იქ. ამის გამო უწოდა იმ ქალაქს სახელი სეგორი (ებრ. პატარა).

22. მზე ამოვიდა ქვეყანაზე, და ლოთი შევიდა სეგორში.

23. და უფალმა აწვიმა სოდომზე და გომორზე გოგირდი და ცეცხლი უფლის მიერ ზეციდან,

24. და გაანადგურა ეს ქალაქები და მთელი შემოგარენი და ყველა მცხოვრები ქალაქებში და ყველაფერი, აღმოცენებული მიწიდან.

25. და მიიხედა მისმა ცოლმა უკან და იქცა მარილის სვეტად.

26. და ადრე ადგა აბრაამი, განთიადისას, მივიდა ადგილას, სადაც იდგა უფლის წინაშე,

27. და გადახედა სოდომისა და გომორის სახეს და შემოგარენის მიწის პირს და დაინახა: და აჰა, ადიოდა ალი მიწიდან, როგორც ალმური ღუმლისა.

28. და იყო, როცა მოსრა უფალმა შემოგარენის ყველა ქალაქი, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და გაიყვანა ლოთი ნგრევის შუაგულიდან, როცა გაანადგურა უფალმა ქალაქები, რომლებშიც ცხოვრობდა ლოთი.

29. და ავიდა ლოთი სეგორიდან და დაჯდა მთაზე, და მისი ორი ასული მასთან ერთად, რადგან შეეშინდა დამკვიდრება სეგორში. და დასახლდა გამოქვაბულში, ის და მისი ორი ასული მასთან ერთად.

30. და უთხრა უფროსმა უმცროსს: ჩვენი მამა მოხუცია, და არავინ არის ქვეყანაზე, ვინც შემოვა ჩვენთან, როგორც წესია მთელ ქვეყანაზე;

31. მოდი და დავალევინოთ ჩვენს მამას ღვინო და დავწვეთ მასთან და აღვადგინოთ ჩვემი მამისაგან თესლი.

32. და დაალევინეს თავის მამას ღვინო იმ ღამეს, და შევიდა უფროსი და დაწვა თავის მამასთან იმ ღამეს, და ვერ გაიგო მისი დაწოლა და ადგომა.

33. და იყო, მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: აჰა დავწექი გუშინ ჩვენს მამასთან; დავალევინოთ მას ღვინო ამ ღამესაც, და შედი და დაწექი მასთან, და აღვადგინოთ ჩვენი მამისაგან თესლი.

34. და დაალევინეს იმ ღამეს თავის მამას ღვინო, და შევიდა უმცროსი და დაწვა თავის მამასთან, და ვერ გაიგო მისი დაწოლა და ადგომა.

35. და მუცლადიღო ლოთის ორივე ასულმა თავისი მამისაგან.

36. და შვა უფროსმა ძე და უწოდა მისი სახელი მოაბი (ებრ. მამაჩემისაგან); და თქვა: მამაჩემისაგან არის; - ეს არის მოაბელთა მამა დღევანდელ დღემდე.

37. და შვა უმცროსმაც ძე და უწოდა მისი სახელი ამანი (ებრ. ძე ჩემი ერისა); და თქვა: ძე ჩემი მოდგმისა. - ეს არის ამანელთა მამა დღევანდელ დღემდე.

 

თავი 20

1. და დაიძრა აბრაამი სამხრეთის ქვეყნისკენ, და დამკვიდრდა კადესსა და სურს შორის, და მწირობდა გერარში.

2. და თქვა აბრაამმა სარრაზე, თავის ცოლზე: ჩემი და არის; რადგან შეეშინდა, ეთქვა: ჩემი ცოლია, - რომ არ მოეკლათ იგი ქალაქის კაცებს მის გამო. და გააგზავნა აბიმელექმა, გერარის მეფემ და წაიყვანა სარრა.

3. და მივიდა ღმერთი აბიმელექთან ძილში ღამით და უთხრა: აჰა, შენ მოკვდები დედაკაცის გამო, რომელიც მოიყვანე, რადგან იგი ცხოვრობს ქმართან.

4. ხოლო აბიმელექი არ შეეხო მას და თქვა: უფალო, უმეცარ და მართალ ხალხს დაღუპავ?

5. მან არ მითხრა მე: ჩემი და არის? - და ამან მითხრა მე: ჩემი ძმა არის. - წრფელი გულით და მართალი ხელებით გავაკეთე ეს.

6. და უთხრა მას ღმერთმა ძილში: მეც ვიცი, რომ წრფელი გულით გააკეთე ეს, და დაგინდე მე შენ, რათა არ შეგეცოდა შენ ჩემ მომართ; ამის გამო არ გაგიშვი შენ, რომ შეხებოდი მას.

7. ხოლო ახლა დაუბრუნე ცოლი, რადგან წინასწარმეტყველია და ილოცებს შენთვის და იცოცხლებ; ხოლო თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, რომ მოკვდები შენ და ყველა შენიანი.

8. და ადრე ადგა აბიმელექი, განთიადისას, და მოუხმო თავის ყველა მსახურს, და თქვა ყველა ეს სიტყვა მათ ყურადსაღებად, და შეეშინდა ყველა კაცს ძლიერ.

9. და დაუძახა აბიმელექმა აბრაამს და უთხრა მას: ეს რა გვიყავი ჩვენ? განა რა შეგცოდეთ შენ, რომ მოაწიე ჩემზე და ჩემს სამეფოზე დიდი ცოდვა? საქმე, რომელიც არავის გაუკეთებია, გამიკეთე მე.

10. და უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რა გედო გულში, ეს რომ გააკეთე?

11. და თქვა აბრაამმა: რადგან ვთქვი: იქნებ არ არის ღვთისმოშიშება ამ ადგილას, და მე მომკლავენ ჩემი ცოლის გამო.

12. რადგან მართლაც ჩემი და არის მამის მხრიდან, და არა დედის მხრიდან; და გახდა ჩემი ცოლი.

13. და იყო, როცა გამომიყვანა მე ღმერთმა მამაჩემის სახლიდან, ვუთხარი მას: ეს სამართალი ჰყავ ჩემთვის: ყველა ადგილას, სადაც შევალთ, იქ თქვი ჩემზე: ჩემი ძმა არის.

14. და აიღო აბიმელექმა ათასი დიდრაქმა, ცხვრები და ხბოები და მონები და მხევლები, და მისცა აბრაამს, და დაუბრუნა მას სარრა, მისი ცოლი.

15. და უთხრა აბიმელექმა აბრაამს: აჰა, ჩემი ქვეყანა შენ წინაშეა; სადაც შენ მოგწონს, დასახლდი.

16. ხოლო სარრას უთხრა: აჰა, მივეცი ათასი დიდრაქმა შენს ძმას; ეს იქნება შენი პირის საფასურად შენთვის და ყველასთვის, ვინც შენთან არის; და ყველასთან გამართლდი.

17. და ილოცა აბრაამმა ღვთის მიმართ, და განკურნა ღმერთმა აბიმელექი და მისი ცოლი და მისი მხევლები, და შვეს;

18. რადგან დახშვით დახშა უფალმა გარედან ყველა საშო აბიმელექის სახლში სარრას, აბრაამის ცოლის, გამო.