ძველი აღთქმა
1. და იყო შიმშილობა ქვეყანაზე, გარდა იმ პირველი შიმშილობისა, რომელიც იყო აბრაამის დროს; და წავიდა ისააკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.
2. და ეჩვენა მას უფალი და უთხრა: ნუ ჩახვალ ეგვიპტეში, არამედ დამაკვირდი ქვეყანაში, რომელზეც შენ გეტყვი.
3. და მწირობდე ამ ქვეყანაში, და ვიქნები შენთან და გაკურთხებ შენ, რადგან შენ და შენს თესლს მოგცემთ მთელ ამ ქვეყანას, და დავდებ ჩემს ფიცს, რომელიც შევფიცე აბრაამს, შენს მამას.
4. და გავამრავლებ შენს თესლს, როგორც ცის ვარსკვლავებს, და მივცემ შენს თესლს მთელ ამ ქვეყანას, და იკურთხება შენი თესლით ქვეყნის ყველა ხალხი
5. იმის სანაცვლოდ, რომ შეისმინა აბრაამმა, შენმა მამამ, ჩემი ხმისა, და დაიცვა ჩემი მცნებები და ჩემი ბრძანებები და ჩემი სამართალი და ჩემი სჯული.
6. და დამკვიდრდა ისააკი გერარში.
7. და ჰკითხეს იმ ადგილის კაცებმა მისი ცოლის, რებეკას, შესახებ, და თქვა: ჩემი და არის; - რადგან შეეშინდა ეთქვა: ჩემი ცოლია. - რომ არ მოეკლათ იგი იმ ადგილის კაცებს რებეკას გამო, რადგან მშვენიერი იყო შესახედად.
8. და იყო დიდხანს იქ; და გადაიხედა აბიმელექ, გერარელთა მეფემ, სარკმლიდან და დაინახა, რომ ისააკი ლაღობდა რებეკასთან, თავის ცოლთან.
9. და მოუხმო აბიმელექმა ისააკს და უთხრა მას: თურმე შენი ცოლია; რატომ თქვი: ჩემი და არის? და უთხრა მას ისააკმა: რადგან ვთქვი: არ მოვკვდე მის გამო.
10. და უთხრა მას აბიმელექმა: ეს რა გაგვიკეთე ჩვენ? ცოტაც და დაწვებოდა ვინმე ჩემი მოდგმიდან შენს ცოლთან და ჩაგვაგდებდი ჩვენ უმეცრებაში.
11. და უბრძანა აბიმელექმა მთელ თავის ერს და უთხრა: ყველა, ვინც შეეხება ამ კაცს და მის ცოლს, სიკვდილის ღირსი იქნება.
12. და დათესა ისააკმა იმ მიწაზე და მოიწია იმ წელიწადს ასწილად ქერი; და აკურთხა იგი უფალმა.
13. და ამაღლდა კაცი, და წარმატებული და უფრო დიდი ხდებოდა, ვიდრე არ გახდა ძლიერ დიდი;
14. და ჰყავდა მას ცხვრის ფარა და საქონლის ნახირი და ჰქონდა ბევრი სახნავ-სათესი. და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.
15. და ყველა ჭა, რომლებიც ამოთხარეს მისი მამის მსახურებმა მისი მამის დროს, ჩახერგეს ისინი ფილისტიმელებმა და ამოავსეს ისინი მიწით.
16. და უთხრა აბიმელექმა ისააკს: წადი ჩვენგან, რადგან ჩვენზე უფრო ძლიერი გახდა მეტად.
17. და წავიდა იქიდან ისააკი და შეისვენა გერარის ხეობაში, და დამკვიდრდა იქ.
18. და კვლავ ამოთხარა ისააკმა წყლის ჭები, რომლებიც ამოთხარეს აბრაამის, მისი მამის, მსახურებმა და ჩახერგეს ისინი ფილისტიმელებმა აბრაამის, მისი მამის, სიკვდილის შემდეგ, და დაარქვა მათ სახელები იმ სახელების მიხედვით, რომლებიც დაარქვა აბრაამმა, მისმა მამამ.
19. და ამოთხარეს ისააკის მსახურებმა გერარის ხეობაში და იპოვეს იქ ცოცხალი წყლის ჭა.
20. და ედავებოდნენ გერარელთა მწყემსები ისააკის მწყემსებს და ამტკიცებდნენ, რომ მათია წყალი; და უწოდა ჭის სახელი „უსამართლობა“, რადგან უსამართლოდ მოექცნენ მას.
21. და დაიძრა იქიდან და ამოთხარა სხვა ჭა, და განიკითხავდნენ მის გამოც; და დაარქვა მისი სახელი „მტრობა“.
22. და დაიძრა იქიდან და ამოთხარა სხვა ჭა, და აღარ ედავებოდნენ მის გამო; და დაარქვა სახელი „სიფართოვე“ და თქვა: რადგან ახლა გაგვავრცო უფალმა ჩვენ და აგვაღორძინა ჩვენ ქვეყანაზე.
23. და ავიდა იქიდან ფიცის ჭასთან.
24. და ეჩვენა მას უფალი იმ ღამეს და უთხრა: მე ვარ ღმერთი აბრაამის, შენი მამისა; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ და გაკურთხე შენ და გავამრავლებ შენს თესლს აბრაამის, შენი მამის, გამო.
25. და ააგო იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს და აღმართა იქ თავისი კარავი; და ამოთხარეს იქ ისააკის მსახურებმა ჭა - გერარის ხეობაში.
26. და აბიმელექი მივიდა მასთან გერარიდან, და ოქოზათი - მისი მძახალი, და ფიქოლი - მისი ძელბის მხედართმთავარი.
27. და უთხრა მათ ისააკმა: რისთვის მოხვედით ჩემთან? თქვენ მომიძულეთ მე და გამომაძევეთ მე თქვენგან.
28. და უთხრეს: ვიხილეთ და ვნახეთ, რომ იყო უფალი შენთან, და ვთქვით: იყოს ფიცი ჩვენსა და შენ შორის და დავდებთ შენთან აღთქმას,
29. რომ არ გაგვიკეთებ ჩვენ ბოროტებას, როგორც ჩვენ შენ არ მოგიძულეთ, და როგორც გაგიკეთეთ შენ სიკეთე და გაგიშვით შენ მშვიდობით; და ახლა შენ კურთხეული ხარ უფლისაგან.
30. და გაუმართა მათ ლხინი და ჭამეს და სვეს;
31. და ადგნენ განთიადისას და შეჰფიცა კაცმა თავის მოყვასს, და გაუშვა ისინი ისააკმა, და დაშორდნენ მას მშვიდობით.
32. და იყო, იმ დღეს მივიდნენ ისააკის მსახურები და აუწყეს მას ჭის შესახებ, რომელიც ამოთხარეს, და უთხრეს: ვერ ვიპოვეთ წყალი.
33. და უწოდა მას „ფიცი“; ამის გამო უწოდა ქალაქს სახელი „ფიცის ჭა“ დღევანდელ დღემდე.
34. და იყო ესავი ორმოცი წლისა და მოიყვანა ცოლად იუდინი, ასული ბეერ ქეტელისა, და ბასემათი, ასული ელონ ეველისა.
35. და იყვნენ მოქიშპენი ისააკისა და რებეკასი.
1. და იყო, როცა მოხუცდა ისააკი, მოაკლდა მას თვალისჩინი და მოუხმო ესავს, თავის უფროს ძეს, და უთხრა მას: ძეო ჩემო; და თქვა: აჰა, აქა ვარ მე.
2. და უთხრა: აჰა, დავბერდი და არ ვიცი დღე ჩემი აღსასრულისა;
3. ამიტომ ახლა აიღე შენი საჭურველი, კაპარჭი და მშვილდი, და გადი ველად და მოინადირე ჩემთვის ნადირი
4. და გამიკეთე მე შეჭამანდი, როგორც მიყვარს მე, და მომიტანე მე, რომ ვჭამო, რათა გაკურთხოს შენ ჩემმა სულმა, ვიდრე მოვკვდები მე.
5. ხოლო რებეკამ გაიგონა, რომ ელაპარაკებოდა ისააკი ესავს, თავის ძეს; და წავიდა ესავი ველად, რომ მოენადირებინა ნადირი თავისი მამისთვის;
6. და რებეკამ უთხრა იაკობს, თავის უმცროს ძეს: აჰა, მე გავიგონე, მამაშენი რომ ელაპარაკებოდა ესავს, შენს ძმას, და ეუბნებოდა:
7. მომიტანე მე ნანადირევი და გამიკეთე მე შეჭამანდი, რათა ვჭამო და გაკურთხო შენ უფლის წინაშე ჩემი სიკვდილის წინ.
8. ამიტომ ახლა, შვილო, ისმინე ჩემი, როგორც მე შენ გიბრძანებ,
9. და წადი ცხვარში და მომიყვანე მე იქიდან ორი თიკანი, ჩვილი და კარგი, და გავუკეთებ მათგან შეჭამანდს მამაშენს, როგორც უყვარს,
10. და შეუტანე მამაშენს და შეჭამს, რათა გაკურთხოს შენ მამაშენმა თავისი სიკვდილის წინ.
11. და უთხრა იაკობმა რებეკას, თავის დედას: ესავი, ჩემი ძმა, ბალნიანი კაცია, ხოლო მე - კაცი უბალნო.
12. ვაითუ შემეხოს მე მამაჩემი, და ვიქნები მის წინაშე, როგორც საძულველი და მოვიწევ ჩემს თავზე წყევლას და არა კურთხევას.
13. და უთხრა მას დედამ: ჩემზე იყოს შენი წყევლა, შვილო; მხოლოდ შეისმინე ჩემი ხმისა და წადი და მომიტანე მე.
14. და წავიდა და მოიყვანა და მიუტანა დედას, და გააკეთა მისმა დედამ შეჭამანდი, როგორც უყვარდა მის მამას.
15. და აიღო რებეკამ ესავის, თავისი უფროსი ძის, კარგი სამოსი, რომელიც იყო მასთან სახლში, და ჩააცვა იაკობს, თავის უმცროს ძეს,
16. და თიკნების ტყავები მოახვია მის მკლავებს და მის შიშველ კისერს;
17. და მისცა შეჭამანდი და პურები, რომლებიც გაამზადა, ხელში იაკობს, თავის ძეს.
18. და შეუტანა თავის მამას და უთხრა: მამა. ხოლო მან თქვა: აჰა, აქა ვარ მე. ვინ ხარ შენ, შვილო?
19. და უთხრა იაკობმა თავის მამას: მე ვარ ესავი, შენი პირმშო; გავაკეთე, როგორც მითხარი მე; წამოდექი და დაჯექი და ჭამე ჩემი ნანადირევი, რათა მაკურთხოს მე შენმა სულმა.
20. და უთხრა ესააკმა თავის ძეს: რა არის ეს, რა სწრაფად იპოვე, ო, შვილო? ხოლო მან უთხრა: ეს მომცა უფალმა, შენმა ღმერთმა მე.
21. და უთხრა ისააკმა იაკობს: მომიახლოვდი მე და შეგეხები შენ, შვილო, შენ ხარ ჩემი ძე, ესავი, თუ არა.
22. და მიუახლოვდა იაკობი ისააკს, თავის მამას, და შეეხო მას და თქვა: ხმა - იაკობის ხმაა, ხოლო ხელები - ესავის ხელებია.
23. და ვერ იცნო იგი, რადგან იყო მისი ხელები, როგორც ხელები ესავისა, მისი ძმისა, ბალნიანი; და აკურთხა იგი.
24. და უთხრა: შენ ხარ ჩემი ძე ესავი? ხოლო მან თქვა: მე ვარ.
25. და უთხრა: მომიტანე მე და შევჭამ შენი ნანადირევიდან, შვილო, რათა გაკურთხოს შენ ჩემმა სულმა. და მიუტანა მას და შეჭამა და შეუტანა მას ღვინო და დალია.
26. და უთხრა მას ისააკმა, მისმა მამამ: მომიახლოვდი მე და მეამბორე მე, შვილო.
27. და მიუახლოვდა და ეამბორა მას და იყნოსა სუნი მისი სამოსისა და აკურთხა იგი და თქვა: აჰა, სუნი ჩემი ძისა, როგორც სურნელი სავსე მინდვრისა, რომელიც აკურთხა უფალმა.
28. და მოგცეს შენ ღმერთმა ცვარი ცისა და პოხიერება მიწისა, და სიმრავლე ხორბლისა და ღვინისა.
29. და დაგემონონ შენ ხალხები, და თაყვანს გცემდნენ შენ მთავრები; და გახდი ბატონი შენი ძმისა და თაყვანს გცემდნენ შენ ძეები შენი მამისა. მაწყევარი შენი წყეული იყოს, და მაკურთხებელი შენი კურთხეულ იყოს.
30. და იყო, როცა დაამთავრა ისააკმა კურთხევა იაკობისა, თავისი ძისა, და იყო, როგორც კი გამოვიდა იაკობი ისააკისგან, თავისი მამისგან, ესავი, მისი ძმა, მოვიდა ნადირობიდან.
31. და გააკეთა მანაც შეჭამანდი და მიუტანა თავის მამას, და უთხრა მამას; ადგეს მამაჩემი და ჭამოს თავისი ძის ნანადირევი, რათა მაკურთხოს მე ჩენმა სულმა.
32. და უთხრა მას ისააკმა, მისმა მამამ: ვინ ხარ შენ? ხოლო მან თქვა: მე ვარ შენი ძე, პირმშო, ესავი.
33. და განცვიფრდა ისააკი ძლიერ დიდი განცვიფრებით და თქვა: ვინ იყო, რომ მოინადირა ჩემთვის ნადირი და შემომიტანა მე? და შევჭამე ყველაფერი შენს მოსვლამდე და ვაკურთხე იგი, და კურთხეული იქნება.
34. და იყო, როცა გაიგონა ესავმა ისააკის, თავისი მამის სიტყვები, შეყვირა ძლიერ დიდი და მწარე ხმით და თქვა: მაკურთხე მეც, მამა.
35. და უთხრა მას: მოვიდა შენი ძმა მზაკვრებით და მიიღო შენი კურთხევა.
36. და თქვა: სამართლიანად ეწოდა თავისი სახელი იაკობი, რადგან დამწიხლა მე ეს უკვე მეორედ - ჩემი პირმშოობაც მიიღო და ახლა მიიღო ჩემი კურთხევაც. და უთხრა ესავმა თავის მამას: არ დაგრჩა ჩემთვის კურთხევა, მამა?
37. და მიუგო ისააკმა და უთხრა ესავს: თუ შენს ბატონად ვაქციე იგი, და ყველა მისი ძმა ვაქციე მის მონად, ხორბლით და ღვინით განვამტკიცე იგი, შენ რაღა გიყო, შვილო?
38. და უთხრა ესავმა თავის მამას: ერთი კურთხევაც აღარ გაქვს, მამა? მაკურთხე მეც, მამა. და როცა შეწუხდა ისააკი, შეყვირა ხმით ესავმა და ატირდა.
39. და მიუგო ისააკმა, მისმა მამამ, და უთხრა მას: აჰა, მიწის პოხიერებისგან იქნება შენი სამკვიდრებელი და ცის ცვარისაგან - ზემოდან;
40. და შენი მახვილით იცხოვრებ,
და შენს ძმას დაემონები;
და იქნება, როცა გათავისუფლდები
და მოიხსნი მის უღელს შენი ქედიდან.
41. და ემტერებოდა ესავი იაკობს კურთხევის გამო, რომლითაც აკურთხა იგი მისმა მამამ. და თქვა ესავმა თავის გონებაში: მოახლოვდეს მამაჩემის გლოვის დღეები, და მოვკლა იაკობი, ჩემი ძმა.
42. და აუწყეს რებეკას ესავის, მისი უფროსი ძის, სიტყვები და გაგზავნა და მოუხმო იაკობს, თავის უმცროს ძეს, და უთხრა მას: აჰა, ესავი, შენი ძმა, გემუქრება შენ, რომ მოგკლას;
43. ამიტომ ახლა, შვილო, ისმინე ჩემი ხმისა და ადექი და გაიქეცი შუამდინარეთში ლაბანთან, ჩემს ძმასთან, ხარანში;
44. და დასახლდი მასთან რამდენიმე დღე, ვიდრე გაუვლის გულისწყრომა და რისხვა შენს ძმას შენზე,
45. და დაივიწყებს, რაც გაუკეთე მას, და გამოვგზავნი და გამოგიხმობ შენ იქიდან, რათა არ დავრჩე უშვილო ორივე თქვენგანისგან ერთ დღეს.
46. და უთხრა რებეკამ ისააკს: მობეზრებული მაქვს სიცოცხლე ქეტის ძეთა ასულების გამო; თუ მოიყვანს იაკობი ცოლს ამ ქვეყნის ასულთაგან, რა იქნება ჩემთვის სიცოცხლე?
1. და მოუხმო ისააკმა იაკობს და აკურთხა იგი და უბრძანა მას და უთხრა: არ მოიყვანო ცოლი ქანაანის ასულთაგან;
2. ადექი და გაიქეცი შუამდინარეთში ბათუელის, დედაშენის მამის, სახლში და მოიყვანე იქიდან შენთვის ცოლი ლაბანის, დედაშენის ძმის, ასულთაგან.
3. ხოლო ჩემი ღმერთი გაკურთხებს შენ და აგაღორძინებს შენ და გაგამრავლებს შენ, და იქნები ხალხთა კრებული;
4. და მოგეცეს შენ აბრაამის, მამაჩემის, კურთხევა, შენ და შენს თესლს შენ შემდეგ, რათა დაიმკვიდროთ შენი მწირობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაამს.
5. და გაგზავნა ისააკმა იაკობი, და წავიდა შუამდინარეთში ლაბანთან, ბათუელ ასურელის ძესთან, იაკობის და ესავის დედის, რებეკას ძმასთან.
6. და დაინახა ქალმა, რომ აკურთხა ისააკმა იაკობი და რომ წავიდა ასურეთის შუამდინარეთში, რათა მოეყვანა თავისთვის იქიდან ცოლი; და როცა აკურთხა იგი, უბრძანა მას და უთხრა: არ მოიყვანო ცოლი ქანაანის ასულთაგან,
7. და გაუგონა იაკობმა თავის მამას და დედას და წავიდა ასურეთის შუამდინარეთში;
8. და დაინახა ესავმა, რომ უკეთურები არიან ქანაანის ასულები ისააკის, მისი მამის, წინაშე,
9. და წავიდა ესავი ისმაელთან და მოიყვანა მაელეთი, ისმაელის, აბრაამის ძის, ასული, ნაბეოთის და, თავის ცოლებთან ცოლად.
10. და გამოვიდა იაკობი ფიცის ჭიდან და წავიდა ხარანში.
11. და მიაღწია ადგილს და დაიძინა იქ, რადგან ჩადიოდა მზე; და აიღო ქვა იმ ადგილიდან ქვებიდან და დაიდო სასთუმლად თავისთვის და დაიძინა იმ ადგილზე.
12. და დაესიზმრა, და აჰა, კიბე დამყარებული იყო მიწაზე, რომლის თავიც სწვდებოდა ცას, და ღვთის ანგელოზები ადიოდნენ და ჩადიოდნენ მასზე.
13. ხოლო უფალი დამყარებული იყო მასზე და თქვა: მე ვარ უფალი ღმერთი აბრაამისა, შენი მამისა, და ღმერთი ისააკისა; ნუ გეშინია; მიწას, რომელზეც შენ გძინავს, შენ მოგცემ მას, და შენს თესლს.
14. და იქნება შენი თესლი, როგორც მიწის ქვიშა, და განივრცობა ზღვისკენ და სამხრეთით და ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით და იკურთხება ქვეყნის ყველა ტომი შენით და შენი თესლით.
15. და აჰა, მე შენთან ვარ და შენს მცველად ყველა გზაზე, რომელზეც ივლი, და დაგაბრუნებ შენ ამ ქვეყანაში, რადგან არ დაგტოვებ შენ, ვიდრე არ გავაკეთებ მე ყველაფერს, რასაც გეუბნებოდი შენ.
16. და გამოიღვიძა იაკობმა ძილისგან და თქვა: არის უფალი ამ ადგილას, ხოლო მე არ ვიცოდი.
17. და შეეშინდა და თქვა: როგორი საშიშია ეს ადგილი; არაფერია ეს, თუ არა სახლი ღვთისა, და ეს არის ბჭე ზეცისა.
18. და ადგა იაკობი განთიადისას და აიღო ქვა, რომელიც ედო იქ სასთუმლად მას, და აღმართა სვეტად და დაასხა ზეთი მის კიდეს.
19. და უწოდა იაკობმა იმ ადგილს „სახლი ღვთისა“; და ულამლუზი იყო ქალაქის სახელი პირველად.
20. და აღუთქვა იაკობმა აღთქმა და თქვა: თუ უფალი ღმერთი იქნება ჩემთან და დამიცავს მე ამ გზაზე, რომელზეც მე მივდივარ, და მომცემს მე პურს საჭმელად და სამოსს შესამოსად,
21. და დამაბრუნებს მე ცოცხალს მამაჩემის სახლში, იქნება უფალი ჩემთვის ღმერთი,
22. და ეს ქვა, რომელიც აღვმართე სვეტად, იქნება ჩემთვის ღვთის სახლი, ყველაფრიდან, რასაც მე მომცემ, მეათედს მოგცემ შენ.
1. და წამოდგა იაკობი ფეხზე და წავიდა აღმოსავლეთის ქვეყანაში ლაბანთან, ბათუელ ასურელის ძესთან, იაკობის და ესავის დედის, რებეკას, ძმასთან.
2. და დაინახა, და აჰა, ჭა არის ველზე და იყო იქ ცხვრის სამი ფარა, რომელიც ისვენებდა მასთან, რადგან იმ ჭიდან ასმევდნენ ფარას. და იყო ერთი დიდი ქვა ჭის პირზე;
3. და გროვდებოდა იქ ყველა ფარა და გადააგორებდნენ ქვას ჭის პირიდან და ასმევნდნე ცხვარს და აბრუნებდნენ ქვას ჭის პირზე, თავის ადგილას
4. და უთხრა მათ იაკობმა: ძმებო, საიდან ხართ თქვენ? ხოლო მათ უთხრეს: ხარანიდან ვართ.
5. და უთხრა მათ: იცნობთ ლაბანს, ნაქორის ძეს? ხოლო მათ უთხრეს: ვიცნობთ.
6. და უთხრა მათ: ჯანმრთელად არის? ხოლო მათ უთხრეს: ჯანმრთელად არის. და აჰა, რაქელი, მისი ასული, მოდიოდა ცხვრებთან ერთად.
7. და თქვა იაკობმა: ჯერ კიდევ დიდხანს იქნება დღე, არ არის დრო საქონლის შეგროვების. ვინც დაალევინა ცხვარს, წადით და აძოვეთ.
8. ხოლო მათ უთხრეს: ვერ შევძლებთ, ვიდრე არ შეგროვდება ყველა მწყემსი და არ გადააგორებენ ქვას ჭის პირიდან და არ დავალევინებთ ცხვარს.
9. როცა იგი ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა მათ, რაქელიც, ლაბანის ასული, მოვიდა თავისი მამის ცხვართან ერთად, რადგან იგი აძოვებდა თავისი მამის ცხვარს.
10. და იყო, როგორც კი დაინახა იაკობმა რაქელი, ასული ლაბანისა, თავისი დედის ძმისა, და ცხვარი ლაბანისა, თავისი დედის ძმისა, მივიდა იაკობი და გადააგორა ქვა ჭის პირიდა და დაალევინა ლაბანის, თავისი დედის ძმის, ცხვარს.
11. და ეამბორა იაკობი რაქელს და შეყვირა ხმით და ატირდა.
12. და უთხრა რაქელს, რომ ძმა არის მისი მამისა და, რომ ძე არის რებეკასი. და გაიქცა და აუწყა თავის მამას ეს სიტყვები.
13. და იყო, როგორც კი გაიგონა ლაბანმა იაკობის, თავისი დისწულის, სახელი, გაიქცა მის შესაგებებლად და გადაეხვია მას და ეამბორა და შეიყვანა იგი თავის სახლში. და უამბო ლაბანეს ეს ყველაფერი.
14. და უთხრა მას ლაბანმა: ჩემი ძვალთაგანი და ჩემი ხორცთაგანი ხარ შენ. და იყო მასთან ერთი თვის განმავლობაში.
15. და უთხრა ლაბანმა იაკობს: რადგან ძმა ხარ ჩემი, ნუ მემსახურები მე უსასყიდლოდ; მითხარი მე, რა არის შენი საზღაური.
16. ხოლო ლაბანს ჰყავდა ორი ასული. სახელი უფროსისა - ლია და სახელი უმცროსისა - რაქელი;
17. და თვალები ლიას სუსტი ჰქონდა, ხოლო რაქელი იყო ლამაზი სახით და მშვენიერი შესახედად.
18. და შეუყვარდა იაკობს რაქელი და თქვა: გემსახურები შენ შვიდ წელიწადს რაქელისთვის, შენი უმცროსი ასულისთვის.
19. და უთხრა მას ლაბანმა: უმჯობესია ჩემთვის, მოგცე იგი შენ, ვიდრე მივცე იგი სხვა კაცს; დასახლდი ჩემთან.
20. და იმსახურა იაკობმა რაქელისთვის შვიდ წელიწადს და იყო ეს მისთვის, როგორც რამდენიმე დღე მისი მისდამი სიყვარულის გამო.
21. და უთხრა იაკობმა ლაბანს: მომეცი ჩემი ცოლი, რადგან შესრულდა ჩემი დღეები, რომ შევიდე მასთან.
22. და შეკრიბა ლაბანმა იმ ადგილის ყველა კაცი და გამართა ქორწილი.
23. და დადგა საღამო, და მოიყვანა ლაბანმა ლია, თავისი ასული, და შეიყვანა იგი იაკობთან, და შევიდა მასთან იაკობი.
24. და მისცა ლაბანმა ლიას, თავის ასულს, ზელფა, თავისი მხევალი, მხევლად.
25. და დადგა განთიადი, და აჰა, იყო ლია. და უთხრა იაკობმა ლაბანს: ეს რა მიყავი მე? რაქელისთვის არ გემსახურე შენ? და რატომ მომატყუე მე?
26. და უთხრა ლაბანმა: არ არის ასე ჩვენს მხარეში, რომ მისცენ უმცროსი უფროსზე ადრე;
27. შეასრულე მისი შვიდეულიც და მოგცემ შენ მასაც იმ სამუშაოს სანაცვლოდ, რასაც იმუშავებ ჩემთან კიდევ სხვა შვიდ წელიწადს.
28. და მოიქცა იაკობი ასე და შეასრულა მისი შვიდეულიც, და მისცა მას ლაბანმა რაქელი, თავისი ასული, ცოლად.
29. და მისცა ლაბანმა რაქელს, თავის ასულს, ბალა, თავისი მხევალი, მხევლად.
30. და შევიდა რაქელთან; და შეუყვარდა რაქელი უფრო, ვიდრე ლია; და ემსახურა მას სხვა შვიდ წელიწადს.
31. და იხილა უფალმა, რომ მოძულებულია ლია, და გაუხსნა მას საშო; ხოლო რაქელი იყო ბერწი.
32. და მუცლადიღო ლიამ და უშვა ძე იაკობს; და უწოდა მისი სახელი რუბენი და თქვა: რადგან იხილა უფალმა ჩემი დამდაბლება; ახლა მე შემიყვარებს ჩემი ქმარი.
33. და მუცლადიღო ისევ ლიამ და უშვა მეორე ძე იაკობს და თქვა: რადგან ესმა უფალს, რომ მოძულებული ვარ, და მომცა მე ესეც; და უწოდა მისი სახელი სიმეონი.
34. და მუცლადიღო კვლავ და შვა ძე და თქვა: ამჯერად ჩემკენ იქნება ჩემი ქმარი, რადგან ვუშვი მას სამი ძე; ამის გამო უწოდა მას სახელი ლევი.
35. და მუცლადიღო კვლავ და შვა ძე და თქვა: ახლა კიდევ ასე ვაღიარებ უფალს; ამის გამო უწოდა მას სახელი იუდა. და შეუჩერდა შობა.
1. ხოლო ნახა რაქილმა, რომ ვერ უშვა იაკობს, და შეშურდა რაქელს თავისი დისა და უთხრა იაკობს: მომეცი მე შვილები; თუ არა, მოვკვდები მე.
2. და განურისხდა იაკობი რაქელს და უთხრა მას: განა მე ღვთის ნაცვალი ვარ, რომელმაც მოგაკლო შენ მუცლის ნაყოფი?
3. და უთხრა რაქელმა იაკობს: აჰა, ჩემი მხევალი ბალა; შედი მასთან და შობს ჩემს მუხლებზე და შვილიერი გავხდები მეც მისგან.
4. და მისცა მას ბალა, თავისი მხევალი, ცოლად; და შევიდა მასთან იაკობი.
5. და მუცლადიღო ბალამ, რაქელის მხევალმა, და უშვა იაკობს ძე.
6. და თქვა რაქელმა: განმსაჯა მე ღმერთმა და შეისმინა ჩემი ხმისა და მომცა მე ძე; ამის გამო უწოდა მას სახელი დანი.
7. და მუცლადიღო კვლავ ბალამ, რაქელის მხევალმა, და უშვა მეორე ძე იაკობს.
8. და თქვა რაქელმა: შემეწია მე ღმერთი, და გავუთანასწორდი ჩემს დას და შევძელი; და უწოდა მისი სახელი ნეფთალი.
9. ხოლო ნახა ლიამ, რომ შეუჩერდა შობა, და მიიყვანა ზელფა, თავისი მხევალი, და მისცა იგი იაკობს ცოლად.
10. და შევიდა მასთან იაკობი და მუცლადიღო ზელფამ, ლიას მხევალმა, და უშვა იაკობს ძე.
11. და თქვა ლიამ: გავბედნიერდი; და დაარქვა მისი სახელი გადი.
12. და მუცლადიღო ზელფამ, ლიას მხევალმა, და უშვა კვლავ იაკობს მეორე ძე.
13. და თქვა ლიამ: ნეტარი ვარ მე, რადგან შემნატრიან მე დედაკაცები; და უწოდა მისი სახელი ასერი.
14. და წავიდა რუბენი ხორბლის მკის დღეებში და იპოვა მანდრაგორის ვაშლები მინდორში და მიუტანა ისინი ლიას, თავის დედას. და უთხრა რაქელმა ლიას: მომეცი მე შენი ძის მანდრაგორები.
15. და უთხრა ლიან: არ არის საკმარისი შენთვის, რომ წამართვი ჩემი ქმარი? ნუთუ ჩემი ძის მანდრაგორებსაც წამართმევ? და უთხრა რაქელმა: ეგრე არა; დაწვეს შენთან ამ ღამეს შენი ძის მანდრაგორების სანაცვლოდ.
16. და მოვიდა იაკობი მინდვრიდან საღამოს, და გავიდა ლია მის შესაგებებლად და უთხრა: ჩემთან შემოდი დღეს, რადგან ნაყიდი მყავხარ შენ ჩემი ძის მანდრაგორების სანაცვლოდ. და დაწვა მასთან იმ ღამეს.
17. და შეისმინა უფალმა ლიასი, და მუცლადიღო და უშვა იაკობს მეხუთე ძე.
18. და თქვა ლიამ: მომცა ღმერთმა ჩემი საზღაური იმის სანაცვლოდ, რომ მივეცი ჩემი მხევალი ჩემს ქმარს; და უწოდა მას სახელი ისაქარი, რაც არის საზღაური.
19. და მუცლადიღო კვლავ ლიამ და უშვა მეექვსე ძე იაკობს.
20. და თქვა ლიამ: მაჩუქა მე ღმერთმა კარგი საჩუქარი; ამჯერად ამომარჩევს მე ჩემი ქმარი, რადგან ვუშვი მას ექვსი ძე; და უწოდა მისი სახელი ზაბულონი.
21. და ამის შემდეგ შვა ასული და უწოდა მისი სახელი დინა.
22. და გაიხსენა ღმერთმა რაქელი და შეისმინა მისი ღმერთმა და გაუხსნა მას საშო,
23. და მუცლადიღო და უშვა იაკობს ძე. და თქვა რაქელმა: ამარიდა ჩემმა ღმერთმა ყვედრება.
24. და უწოდა მისი სახელი იოსები და თქვა: შემმატოს ღმერთმა მე სხვა ძე.
25. და იყო, როგორც კი შვა რაქელმა იოსები, უთხრა იაკობმა ლაბანს: გამიშვი მე, რომ წავიდე ჩემს მხარეში და ჩემს ქვეყანაში.
26. მომეცი ჩემი ცოლები და შვილები, რომელთა გამოც გემსახურე შენ, რომ წავიდე; რადგან შენ იცი სამსახური, რაც გემსახურე შენ.
27. და უთხრა მას ლაბანმა: თუ ვპოვე მადლი შენ წინაშე, მივხვდები, რადგან მაკურთხა მე ღმერთმა შენი შემოსვლით,
28. გამოაცალკევე შენი საზღაური ჩემგან და მოგცემ.
29. და უთხრა მას იაკობმა: შენ იცი, რაც გემსახურე შენ, და რამდენიც იყო შენი საქონელი ჩემთან;
30. რადგან ცოტა იყო, რაც შენ გყავდა ჩემთან, და გაიზარდა სიმრავლით, და გაკურთხა შენ უფალმა ჩემი მოსვლით. ახლა როდისღა ავიშენო მეც ჩემთვის სახლი?
31. და უთხრა მას ლაბანმა: რა მოგცე შენ? და უთხრა მას იაკობმა: ნუ მომცემ მე ნურაფერს; და შემისრულებ მე ამ სიტყვას, ისევ დავმწყემსავ შენს ცხვარს და დავიცავ.
32. მოიარე მთელი შენი ცხვარი დღეს და გამოარჩიე იქიდან ყველა რუხი ცხვარი კრავებიდან და ყველა მოთეთრო და წინწკლებიანი - თხებიდან; და ეს იქნება ჩემთვის საზღაური.
33. და შეისმენს ჩემსას ჩემი სიმართლე ხვალინდელ დღეს, რომ ეს არის ჩემი საზღაური შენ წინაშე; ყოველი, რომელიც არ იქნება წინწკლებიანი და მოთეთრო თხებში და რუხი - ცხვრებში, ჩემი მოპარული იქნება.
34. და უთხრა მას ლაბანმა: იყოს შენი სიტყვისამებრ.
35. და გამოაცალკევა იმ დღეს ვაცები, წინწკლებიანი და მოთეთრო, და ყველა თხა, წინწკლებიანი და მოთეთრო, და ყოველი, რომელიც იყო თეთრი მათ შორის, და ყოველი, რომელიც იყო რუხი კრავებში, და მისცა ხელში თავის ძეებს.
36. და დაადგინა სამი დღის გზა მათსა და იაკობს შორის; ხოლო იაკობი მწყემსავდა ლაბანის დარჩენილ ცხვარს.
37. და აიღო იაკობმა ნედლი ჯოხი ამბრისა და კაკლისა და ჭადრისა და მოაცლა მათ იაკობმა ქერქი სითეთრემდე, შემოაცალა რა სიმწვანე; და გამოჩნდა გაქერქილ ჯოხებზე თეთრი ჭრელად.
38. და ჩააწყო ჯოხები, რომლებიც გაქერქა, წყლის სასმელ გეჯებში, რათა, როცა მივიდოდა ცხვარი დასალევად ჯოხებთან, დასალევად მოსული ცხვარი დამაკებულიყო ჯოხების შესაბამისად;
39. და იგებდა ცხვარი მოთეთროს და ჭრელს და ნაცრისფერწინწკლებიანს.
40. ხოლო კრავები გამოყო იაკობმა და დააყენა ცხვრების წინ ვერძი მოთეთრო, და ყოველი ჭრელი - კრავებში. და გამოარჩია თავისთვის ფარა ცალკე და არ შეურია ისინი ლაბანის ცხვარს.
41. და იყო იმ დროს, როცა მაკდებოდა ცხვარი და მუცლად იღებდა, დააწყო იაკობმა ჯოხები ცხვრების წინ გეჯებში, რომ დამაკებულიყვნენ ისინი ჯოხებისამებრ;
42. ხოლო როცა იგებდა ცხვარი, არ აწყობდა; და იყვნენ უნიშნოები ლაბანისა, ხოლო ნიშნიანები - იაკობისა.
43. და გამდიდრდა ეს კაცი მეტად ძლიერ, და ჰყავდა მას ბევრი საქონელი და ძროხები და მონები და მხევლები და აქლემები და სახედრები.
1. და გაიგონა იაკობმა სიტყვები ლაბანის ძეებისა, რომლებიც ამბობდნენ: წაიღო იაკობმა ყველაფერი, რაც ჩვენი მამისაა, და იმისგან, რაც იყო ჩვენი მამისა, შექმნა მთელი ეს დიდება.
2. და დაინახა იაკობმა ლაბანის სახე, და აჰა, არ იყო მის მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ.
3. და უთხრა უფალმა იაკობს: დაბრუნდი მამაშენის ქვეყანაში და შენს ნათესაობაში და ვიქნები შენთან.
4. და გაგზავნა იაკობმა და მოუხმო ლიას და რაქელს ველზე, სადაც იყო ფარა,
5. და უთხრა მათ: ვხედავ მე თქვენი მამის სახეს, რომ არ არის ჩემ მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ; ხოლო ღმერთი ჩემი მამისა იყო ჩემთან.
6. და თქვენ იცით, რომ მთელი ჩემი ძალით ვემსახურე თქვენს მამას.
7. ხოლო თქვენმა მამამ მომატყუა მე, და შეცვალა ჩემი საზღაური ათი კრავისა, და არ დაანება მას ღმერთმა, რომ ბოროტება გაეკეთებინა ჩემთვის.
8. თუ ასე იტყვის: ჭრელები იქნება შენი საზღაური, იგებს ყველა ცხვარი ჭრელს, ხოლო თუ იტყვის: თეთრები იქნება შენი საზღაური, იგებს ყველა ცხვარი თეთრს.
9. და წაართვა ღმერთმა მთელი ფარა თქვენს მამას და მომცა მე იგი.
10. და იყო, როცა მაკდებოდა ცხვარი, ვნახე ჩემი თვალით ისინი ძილში, და აჰა, ვაცები და ვერძები ასულები იყვნენ ცხვრებზე და თხებზე, მოთეთროები და ჭრელები და ნაცრისფრად დაწინწკლულები.
11. და მითხრა მე ღვთის ანგელოზმა ძილში: იაკობ; ხოლო მე ვთქვი: რა არის?
12. და თქვა: აახილე შენი თვალები და ნახე ვაცები და ვერძები, ასულები ცხვრებზე და თხებზე, მოთეთროები და ჭრელები და ნაცრისფრად დაწინწკლულები, რადგან ვნახე, რასაც შენ ლაბანი გიკეთებს.
13. მე ვარ ღმერთი, რომელიც გეჩვენა შენ ღვთის ადგილზე, იქ, სადაც სცხე ჩემთვის სვეტს და აღმითქვი მე იქ აღთქმა; ახლა ადექი და გადი ამ ქვეყნიდან და წადი ქვეყანაში, სადაც დაიბადე შენ, და ვიქნები შენთან.
14. და მიუგეს რაქელმა და ლიამ და უთხრეს მას: აღარ არის ჩვენი წილი ან მემკვიდრეობა ჩვენი მამის სახლში?
15. განა უცხოებად არ ვითვლებით მისთვის? რადგან გაგვყიდა ჩვენ და ჭამით შეჭამა ჩვენი ვერცხლი.
16. მთელი სიმდიდრე და დიდება, რაც წაართვა ღმერთმა ჩვენს მამას, ჩვენი იქნება და ჩვენი შვილებისა. ახლა, რაც გითხრა შენ ღმერთმა, გააკეთე.
17. და ადგა იაკობი და შესხა თავისი ცოლები და თავისი შვილები აქლემებზე,
18. და წაიღო მთელი თავისი ქონება და მთელი თავისი მონაგარი, რაც შეიძინა შუამდინარეთში და ყველაფერი, რაც მისი იყო, რათა წასულიყო ისააკთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში.
19. ხოლო ლაბანი მიდიოდა თავისი ცხვრის გასაპარსად, და მოიპარა რაქელმა თავისი მამის კერპები.
20. და დაუმალა იაკობმა ლაბან ასურელს და არ შეატყობინა მას, რომ გარბოდა,
21. და გაიქცა იგი და ყოველივე, რაც მისი იყო, და გადალახა მდინარე და გაემართა გალაადის მთისკენ.
22. და შეატყობინეს ლაბან ასურელს მესამე დღეს, რომ გაიქცა იაკობი;
23. და თან წაიყვანა ყველა თავისი ძმა და დაედევნა უკან მას შვიდი დღის გზაზე და დაეწია მას გალაადის მთაზე.
24. და მივიდა ღმერთი ლაბან ასურელთან ძილში ღამით და უთხრა მას: გაუფრთხილდი თავს, რომ არ თქვა იაკობთან ცუდი.
25. და დაეწია ლაბანი იაკობს; და იაკობმა აღმართა თავისი კარავი მთაზე; ხოლო ლაბანმა დააყენა თავისი ძმები გალაადის მთაზე.
26. და უთხრა ლაბანმა იაკობს: რა ჩაიდინე? რატომ გაიქეცი ფარულად და გამქურდე მე და წაიყვანე ჩემი ასულები, როგორც ტყვეები, მახვილით?
27. და რომ შეგეტყობინება ჩემთვის, გამოგიშვებდი შენ მხიარულებით და სიმღერით, დაფითა და ქნარით.
28. არ მეღირსა ჩემი შვილებისა და ჩემი ასულების ამბორი. და ახლა უგუნურად მოიქეცი.
29. და ახლა შეუძლია ჩემს ხელს, რომ გიბოროტოს შენ; მაგრამ შენი მამის ღმერთმა გუშინ მითხრა მე და თქვა: გაუფრთხილდი თავს, რომ არ თქვა იაკობთან ცუდი.
30. ახლა იმიტომ წამოსულხარ, რადგან წადილით გეწადა წასვლა შენი მამის სახლში; რატომ მოიპარე ჩემი ღმერთები?
31. ხოლო მიუგო იაკობმა და უთხრა ლაბანს: რადგან შემეშინდა და ვთქვი, ვაითუ წაგერთმია შენი ასულები ჩემთვის და ყველაფერი - რაც ჩემია;
32. და თქვა იაკობმა: ვისთანაც იპოვეი შენს ღმერთებს, არ იცოცხლებს ჩვენი ძმების წინაშე. ამოიცანი, რა არის შენი ჩემთან, და აიღე. - და ვერ ამოიცნო მასთან ვერაფერი. და არ იცოდა იაკობმა, რომ რაქელმა, მისმა ცოლმა, მოიპარა ისინი.
33. და შევიდა ლაბანი და ეძება ლიას სახლში და ვერ იპოვა; და გამოვიდა ლიას სახლიდან და ეძება იაკობის სახლში და ორი მხევლის სახლში და ვერ იპოვა, და შევიდა რაქელის სახლშიც.
34. ხოლო რაქელმა აიღო კერპები და შეაწყო აქლემის უნაგირში და დაჯდა მათზე.
35. და უთხრა თავის მამას: მძიმედ ნუ მიიღებ, ბატონო; არ შემიძლია წამოდგომა შენ წინაშე, რადგან დედათა წესი მაქვს. და ეძება ლაბანმა მთელ სახლში და ვერ იპოვა კერპები.
36, და განრისხდა იაკობი და წაეჩხუბა ლაბანს; და მიუგო იაკობმა და უთხრა ლაბანს: რაშია ჩემი უსამართლობა და რა არის ჩემი ცოდვა, რომ დამედევნე მე უკან,
37. და რომ ეძებე მთელ ჩემს ჭურჭელში, რა იპოვე შენი სახლის მთელი ჭურჭლიდან? დადე აქ შენი ძმებისა და ჩემი ძმების წინაშე და გვამხილონ ჩვენ ორივენი.
38. ეს ოცი წელია, მე ვარ შენთან; შენი ცხვრები და შენი თხები უშვილოები არ ყოფილან; შენი ცხვრების ვერძები არ შემიჭამია;
39. ნამხეცავი არ მომიტანია შენთვის, მე თვითონ ვზღავდი დღისით მოპარულს და ღამით მოპარულს;
40. ვიყავი დღისით დამწვარი სიცხით და ღამით - ყინვით და არ მიჰკარებია ძილი ჩემს თვალებს.
41. ეს ოცი წელია, მე ვარ შენს სახლში; ვიმსახურე შენთვის თოთხმეტი წელი შენი ორი ასულის სანაცვლოდ და ექვსი წელი - შენს ცხვარში, და დააკელი ჩემს საზღაურს ათი კრავი.
42. რომ არ ყოფილიყო ღმერთი ჩემი მამის, აბრაამისა, ჩემთან და შიში ისააკისა, ახლა ცარიელს გამიშვებდი მე; ჩემი დამდაბლება და ჩემი ხელების ნაშრომი იხილა ღმერთმა და გამხილა შენ გუშინ.
43. და მიუგო ლაბანმა და უთხრა იაკობს: ეს ასულები ჩემი ასულები არიან და ეს ძეები ჩემი ძეები არიან, და ეს საქონელი ჩემი საქონელია, და ყველაფერი, რასაც შენ ხედავ, ჩემია და ჩემი ასულებისა. რა ვუყო მათ დღეს ან მათს შვილებს, რომლებიც შვეს?
44. და ახლა, მოდი, დავდოთ აღთქმა მე და შენ, და იქნება მოწმობად ჩემსა და შენ შორის. და უთხრა მას იაკობმა: აჰა, არავინ არის ჩვენთან; აჰა, ღმერთია მოწმე ჩემსა და შენ შორის.
45. და აიღო იაკობმა ქვა და აღმართა იგი სვეტად.
46. და უთხრა იაკობმა თავის ძმებს: შეაგროვეთ ქვები. და შეაგროვეს ქვები და გააკეთეს ბორცვი, და ჭამეს და სვეს იქ, ბორცვზე. და უთხრა მას ლაბანმა: ეს ბორცვი მოწმობს ჩემსა და შენ შორის დღეს.
47. და უთხრა ლაბანმა იაკობს: აჰა, ეს ბორცვი და სვეტი, რომელიც აღვმართე ჩემსა და შენ შორის; მოწმობს ეს ბორცვი და მოწმობს ეს სვეტი; ამის გამო ეწოდა მისი სახელი „ბორცვი მოწმობს“
49. და სვეტს - „ხილვა“, რაზეც თქვა: იხილოს ღმერთმა ჩემსა და შენ შორის, რომ დავშორდებით ერთმანეთს.
50. თუ დაამდაბლებ ჩემს ასულებს, თუ მოიყვან ცოლებს ჩემს ასულებთან, იხილე, არავინ არის ჩვენთან; ღმერთია მოწმე ჩემსა და შენ შორის.
51. და უთხრა ლიბანმა იაკობს: აჰა, ეს ბორცვი და სვეტი, რომელიც აღვმართე ჩემსა და შენ შორის.
52. და თუ მე არ გადმოვლახავ შენკენ, ნურც შენ გადმოლახავ ჩემკენ ამ ბორცვს და ამ სვეტს ბოროტებით,
53. აბრაამის ღმერთმა და ნაქორის ღმერთმა განსაჯოს ჩვენ შორის.
54. და დაიფიცა იაკობმა ისააკის, თავისი მამისა, შიში. და შესწირა იაკობმა მსხვერპლი მთაზე, და მოუხმო თავის ძმებს და ჭამეს და სვეს და დაიძინეს მთაზე.