ძველი აღთქმა

წიგნი შექმნისა

თავი 46

1. და დაიძრა ისრაელი, ის და ყოველივე, რაც იყო მისი, და მივიდა ფიცის ჭასთან და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის ისააკის, ღმერთს.

2. და უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამის ჩვენებისას და თქვა: იაკობ, იაკობ. ხოლო მან თქვა: რა არის?

3. და უთხრა: მე ვარ ღმერთი შენი მამებისა; ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლისა, რადგან დიდ ხალხად გაქცევ შენ იქ,

4. და მე ჩამოვალ შენთან ერთად ეგვიპტეში და მე ამოგიყვან შენ ბოლოს და იოსები დაგიხუჭავს თავისი ხელით შენ თვალებს.

5. და ადგა იაკობი ფიცის ჭასთან და აიყვანეს იაკობის ძეებმა ისრაელი, თავისი მამა, და ჭურჭელი და თავისი ცოლები ეტლებზე, რომლებიც გამოგზავნა იოსებმა მის წასაყვანად,

6. და წაიღეს თავისი ქონება და მთელი მონაგები, რომელიც მოიგეს ქანაანის ქვეყანაში, და შევიდა ეგვიპტეში იაკობი, და მთელი მისი მოდგმა მასთან ერთად:

7. ძეები და მისი ძეების ძეები მასთან ერთად, ასულები და მისი ასულების ასულები; და მთელი მისი მოდგმა შეიყვანა ეგვიპტეში.

8. ეს არის სახელები ისრაელის ძეებისა, რომლებიც შევიდნენ ეგვიპტეში - იაკობი და მისი ძეები: იაკობის პირმშო, რუბენი.

9. და რუბენის ძეები: ენოქი და ფალუ, ასრონი და ქარმი.

10. და სიმეონის ძეები: იემუელი და იამინი და აოდი და იაქინი და საარი და საული, ქანაანელი დედაკაცის ძე.

11. და ლევის ძეები: გერსონი, კაათი და მერარი.

12. და იუდას ძეები: ერი და ავნანი და სელომი და ფარეზი და ზარა; და დაიხოცნენ ერი და ავნანი ქანაანის ქვეყანაში; და იყვნენ ფარეზის ძეები ასრონი და იემუელი.

13. და ისაქარის ძეები: თოლა და ფუა და იასუბი და ზამბრამი.

14. და ზაბულონის ძეები: სერედი და ალონი და ალოელი.

15. ესენი არიან ლიას ძეები, რომლებიც უშვა იაკობს ასურეთის შუამდინარეთში, და დინა, მისი ასული; ყველა სული, ძეები და ასულები - ოცდაცამეტი.

16. და გადის ძეები: საფონი და ანგისი და სავნისი და თასობანი და აედისი და აროედისი და არიელისი.

17. და ასერის ძეები: იემნა და იესუა და იეული და ბარია და სარა, მათი და. და ბარიას ძეები: ქობორი და მელქიელი.

18. ესენი არიან ძეები ზელფასი, რომელიც მისცა ლაბანმა ლიას, თავის ასულს, რომელმაც უშვა ესენი იაკობს - თექვსმეტი სული.

19. და რაქელის, იაკობის ცოლის, ძეები: იოსები და ბენიამინი.

20. და იყვნენ იოსების ძეები ეგვიპტის ქვეყანაში, რომლებიც უშვა მას ასენეთმა, პეტეფრეს, მზის ქალაქის მღვდლის, ასულმა, მანასე და ეფრემი. და იყვნენ მანასეს ძეები, რომლებიც უშვა მას ასურელმა ხარჭამ, მაქირი. ხოლო მაქირმა შვა გალაადი. და ეფრემის, მანასეს ძმის, ძეები: სუტალაამი და ტაამი, და სუტალაამის ძეები: ედემი.

21. და ბენიამინის ძეები: ბალა და ქობორი და ასბელი. და იყვნენ ბალას ძეები: გერა და ნოემანი და ანქისი და როსი და მამფინი და ოფიმი; ხოლო გერამ შვა არადი.

22. ესენი არიან რაქელის ძეები, რომლებიც უშვა იაკობს: ყველა სული - თვრამეტი.

23. და დანის ძეები: ასომი.

24. და ნეფთალის ძეები: ასიელი და გოვინი და ისაარი და სილემი.

25. ესენი არიან ძეები ბალასი, რომელიც მისცა ლაბანმა რაქელს, თავის ასულს, რომელმაც უშვა ესენი იაკობს: ყველა სული - შვიდი.

26. და ყველა სული, რომელიც შევიდა იაკობთან ერთად ეგვიპტეში, გამოსულები მისი საზარდულიდან, გარდა იაკობის ძეთა ცოლებისა, ყველა სული - სამოცდაექვსი.

27. და იოსების ძეები, რომლებიც ჰყავდა მას ეგვიპტის ქვეყანაში - ცხრა სული. იაკობის სახლის ყველა სული, რომელიც შევიდა ეგვიპტეში - სამოცდათხუთმეტი.

28. და იუდა გაგზავნა თავისზე წინ იოსებთან, რათა შეხვედროდა მას ქალაქ ეროონთან, რამესეს ქვეყანაში.

29. და შეაბა იოსებმა თავისი ეტლები და ავიდა ისრაელთან, თავის მამასთან, შესაგებებლად ქალაქ ეროონთან; და როცა დაინახა იგი, მოეხვია მას ქედზე და ბევრი იტირა ტირილით.

30. და უთხრა ისრაელმა იოსებს: მოვკვდე ამიერიდან, რადგან ვიხილე შენი სახე, რადგან შენ ისევ ცოცხალი ხარ.

31. და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: ავალ და ვაუწყებ ფარაონს და ვეტყვი მას: ჩემი ძმები და მამაჩემის სახლი, რომლებიც იყვნენ ქანაანის ქვეყანაში, მოვიდნენ ჩემთან;

32. და ეს კაცები არიან მწყემსები, რადგან მესაქონლე კაცები იყვნენ; და საქონელი და ძროხა და ყოველივე, რაც იყო მათი, წამოიყვანეს.

33. ამიტომ, თუ გიხმობთ თქვენ ფარაონი და გეტყვით თქვენ: რა არის თქვენი საქმიანობა?

34. თქვით: მესაქონლე კაცები ვართ შენი მონები სიყრმიდან აქამდე, ჩვენც და ჩვენი მამებიც; - რათა დამკვიდრდეთ არაბეთის გესემის მიწაზე, რადგან საძაგელია ეგვიპტელთათვის ცხვრის ყოველი მწყემსი.

 

თავი 47

1. და მივიდა იოსები და აუწყა ფარაონს და უთხრა: მამაჩემი და ჩემი ძმები და საქონელი და მათი ძროხა და ყოველივე, რაც არის მათი, მოვიდნენ ქანაანის ქვეყანიდან, და აჰა, არიან გესემის მიწაზე.

2. და თავისი ძმებიდან წაიყვანა ხუთი კაცი და წარადგინა ისინი ფარაონის წინაშე.

3. და უთხრა ფარაონმა იოსების ძმებს: რა არის თქვენი საქმიანობა? ხოლო მათ უთხრეს ფარაონს: ცხვრის მწყემსები ვართ შენი მონები, ჩვენც და ჩვენი მამებიც.

4. და უთხრეს ფარაონს: მწირობისათვის მოვედით ქვეყანაში, რადგან არ არის საძოვარი შენი მონების საქონლისათვის, რადგან გაძლიერდა შიმშილი ქანაანის ქვეყანაში; ამიტომ ახლა დავსახლდებით შენი მონები გესემის მიწაზე.

5. და უთხრა ფარაონმა იოსებს: დასახლდნენ გესემის მიწაზე, ხოლო თუ იცი, რომ არიან მათ შორის ძლიერი კაცები, დაადგინე ისინი ჩემი საქონლის მთავრებად.

და მივიდნენ ეგვპტეში იოსებთან იაკობი და მისი ძეები და გაიგო ფარაონმა, ეგვიპტის მეფემ. და უთხრა ფარაონმა იოსებს და თქვა: მამაშენი და შენი ძმები მოვიდნენ შენთან,

6. აჰა, ეგვიპტის ქვეყანა შენ წინაშეა; საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები.

7. და შეიყვანა იოსებმა იაკობი, თავისი მამა, და წარადგინა იგი ფარაონის წინაშე და აკურთხა იაკობმა ფარაონი.

8. და უთხრა ფარაონმა იაკობს: რამდენი წელია შენი სიცოცხლის დღეები?

9. და უთხრა იაკობმა ფარაონს: დღეები ჩემი სიცოცხლის წლებისა, რასაც ვმწირობ, ას ოცდაათი წელია. მცირე და ცუდი იყო დღეები ჩემი სიცოცხლის წლებისა, ვერ მიაღწიეს დღეებამდე ჩემი მამების სიცოცხლის წლებისა, რა დღეებსაც მწირობდნენ.

10. და აკურთხა იაკობმა ფარაონი და გამოვიდა მისგან.

11. და დაასახლა იოსებმა თავისი მამა და ძმები და მისცა მათ სამკვიდრებელი ეგვიპტის ქვეყანაში, საუკეთესო მიწაზე, რამესეს მიწაზე, როგორც უბრძანა ფარაონმა.

12. და უნაწილებდა იოსები თავის მამას და ძმებს და თავისი მამის მთელ სახლს ხორბალს სულადობის მიხედვით.

13. ხოლო ხორბალი არ იყო მთელ ქვეყანაში, რადგან გაძლიერდა შიმშილი ძლიერ; და დაილია ეგვიპტის ქვეყანა და ქანააქნის ქვეყანა შიმშილისაგან.

14. და შეაგროვა იოსებმა მთელი ვერცხლი, რაც მოიპოვებოდა ეგვიპტის ქვეყანაში და ქანაანის ქვეყანაში, ხობლით, რომელსაც ყიდულობდნენ, და უნაწილებდა მათ; და შეიტანა იოსებმა მთელი ვერცხლი ფარაონის სახლში.

15. და გამოილია ვერცხლი ეგვიპტის ქვეყანაში და ქანაანის ქვეყანაში. და მივიდა ყველა ეგვიპტელი იოსებთან და ეუბნებოდა: მოგვეცი ჩვენ პური; და რატომ დავიხოცოთ შენ წინაშე, რადგან გამოილია ჩვენი ვერცხლი?

16. და უთხრა მათ იოსებმა: მორეკეთ თქვენი საქონელი და მოგცემთ თქვენ პურს თქვენი საქონლის სანაცვლოდ, თუ გამოილია თქვენი ვერცხლი.

17. და მოიყვანეს საქონელი იოსებთან და მისცა მათ იოსებმა პური ცხენების სანაცვლოდ და ცხვრების სანაცვლოდ და ძროხების სანაცვლოდ და სახედრების სანაცვლოდ და გამოკვება ისინი პურის მთელი მათი საქონლის სანაცვლოდ იმ წელიწადს.

18. და გავიდა ის წელიწადი და მივიდნენ მასთან მეორე წელიწადს და უთხრეს მას: ნუ გავწყდებით ჩვენი ბატონისგან; რადგან, თუ გამოილია ვერცხლი და ქონება, და პირუტყვი შენთან არის, ბატონთან, არაფერი გვრჩება ჩვენ ჩვენი ბატონის წინაშე, გარდა საკუთარი სხეულისა და ჩვენი მიწისა.

19. ამიტომ, რომ არ დავიხოცოთ შენ წინაშე და ქვეყანა არ გაუდაბურდეს, გვიყიდე ჩვენ და ჩვენი მიწა პურის სანაცვლოდ და ვიქნებით ჩვენ და ჩვენი მიწა ფარაონის მონები; მოგვეცი თესლი, რათა ვთესოთ და ვიცოცხლოთ და არ დავიხოცოთ და ქვეყანა არ გაუდაბურდეს.

20. და შეიძინა იოსებმა ეგვიპტელთა მთელი მიწა ფარაონისთვის, რადგან აძლევდნენ ეგვიპტელები თავის მიწას ფარაონს, რადგან მოიცვა ისინი შიმშილმა; და გახდა მიწა ფარაონისა;

21. და ერი დაუმონა მას მონად ეგვიპტის საზღვრების კიდიდან კიდემდე,

22. გარდა მღვდლების მიწისა; არ შეიძინა იგი იოსებმა, რადგან მიცემით მისცა ძღვენი მღვდლებს ფარაონმა და ჭამდნენ მიცემულს, რაც მისცა მათ ფარაონმა; ამის გამო არ აძლევდნენ თავის მიწას.

23. და უთხრა იოსებმა ყველა ეგვიპტელს: აჰა, გიყიდეთ თქვენ და თქვენი მიწა დღეს ფარაონისთვის; აიღეთ თქვენთვის თესლი და დათესეთ მიწაზე;

24. და იქნება, მისი მოსავლის მეხუთედი მიეცით ფარაონს, ხოლო ოთხი წილი იქნება თქვენთვის მიწის თესლად და საჭმელად თქვენთვის და მთელი თქვენი სახლეულისთვის.

25. და უთხრეს: გადაგვარჩინე ჩვენ, ვპოვეთ მადლი ჩვენი ბატონის წინაშე და ვიქნებით ფარაონის მონები.

26. და დაუდგინა მათ იოსებმა წესად ამ დღემდე ეგვიპტის ქვეყანაში მეხუთედის მიცემა ფარაონისთვის, გარდა მღვდლების მიწისა; იგი არ იყო ფარაონისა.

27. და დასახლდა ისრაელი ეგვიპტის ქვეყანაში, გესემის მიწაზე, და დაიმკვიდრეს იგი და აღორძინდნენ და გარმავლდნენ ძლიერ.

28. და იცოცხლა იაკობმა ეგვიპტის ქვეყანაში ჩვიდმეტი წელი; და იყო დღეები იაკობს სიცოცხლის წლებისა ას ორმოცდაშვიდი წელი.

29. და მოახლოვდა ისრალის სიკვდილის დღეები და მოუხმო თავის ძეს, იოსებს, და უთხრა მას: თუ ვპოვე მადლი შენ წინაშე, დამადე შენი ხელი ჩემი საზარდულის ქვეშ და მოიღე ჩემზე წყალობა და ჭეშმარიტება - არ დამასაფლავო მე ეგვიპტეში,

30. არამედ დავიძინებ ჩემს მამებთან; და წამიღე მე ეგვიპტიდან და დამასაფლავე მე მათს საფლავში. ხოლო მან უთხრა: მე გავააკეთებ შენი სიტყვისამებრ.

31. და უთხრა: შემომფიცე მე. და შეჰფიცა მას. და თაყვანი სცა ისრაელმა მისი კვერთხის წვერს.

 

თავი 48

1. და იყო, ამ სიტყვების შემდეგ აუწყეს იოსებს: მამაშენი შეუძლოდ არის. და წაიყვანა თავისი ორი ძე, მანასე და ეფრემი, და მივიდა იაკობთან.

2. და აუწყეს იაკობს და უთხრეს: აჰა, შენი ძე, იოსები, მოდის შენთან. ძალა მოიკრიბა ისრაელმა და წამოჯდა საწოლზე.

3. და უთხრა იაკობმა იოსებს: ჩემი ღმერთი მეჩვენა მე ლუზაში, ქანაანის ქვეყანაში, და მაკურთხა მე

4. და მითხრა მე: აჰა, მე აგაღორძინებ შენ და გაგამრავლებ შენ და გაქცევ შენ ხალხთა კრებულად და მოგცემ შენ, და შენს თესლს შენ შემდეგ ამ ქვეყანას საუკუნო სამფლობელოდ.

5. ამიტომ ახლა შენი ორი ძე, რომლებიც გყავდა ეგვიპტეში, ვიდრე მე მოვიდოდი შენთან ეგვიპტეში, ჩემია; ეფრემი და მანასე, როგორც რუბენი და სიმეონი, იქნებიან ჩემი;

6. ხოლო შთამომავლობა, რომელიც გეყოლება ამის შემდეგ, შენი იქნება; თავისი ძმების სახელით იწოდებიან თავ-თავის წილხვედრში.

7. ხოლო მე როცა მოვდიოდი ასურეთის შუამდინარეთიდან, მოკვდა რაქელი, დედაშენი, ქანაანის ქვეყანაში, როცა მივუახლოვდი მე ცხენთსარბიელის მიწას ქაბრათაზე, ვიდრე მივიდოდი ეფრათაში; და დავმარხე იგი ცხენთსარბიელის გზაზე - ეს არის ბეთლემი.

8. და როცა დაინახა ისრაელმა იოსების ძეები, თქვა: ვინ არისნ შენთვის ესენი?

9. და უთხრა იოსებმა თავის მამას: ჩემი ძეები არიან, რომლებიც მომცა მე ღმერთმა აქ. და უთხრა იაკობმა: მომიყვანე მე ისინი, რათა ვაკურთხო ისინი.

10. ხოლო მისი თვალები დამძიმებული იყო სიბერისგან და არ შეეძლო დანახვა; და მიუახლოვა ისინი მას და ეამბორა მათ და მოეხვია მათ.

11. და უთხრა ისრაელმა იოსებს: აჰა, შენი სახის ხილვა არ მომაკლდა და, აჰა, მაჩვენა მე ღმერთმა შენი თესლიც.

12. და გამოიყვანა ისინი იოსებმა მისი მუხლებიდან და თაყვანი სცეს მას პირით მიწამდე.

13. და მიიყვანა იოსებმა თავისი ორი ძე, ეფრემი მარჯვენით ისრაელის მარცხნივ, ხოლო მანასე მარცხენით ისრაელის მარჯვნივ და მიუახლოვა ისინი მას.

14. და გაიწოდა ისრაელმა მარჯვენა ხელი და დაადო თავზე ეფრემს და ეს იყო უმცროსი, და მარცხენა - თავზე მანასეს, შეცვალა რა ხელები.

15. და აკურთხა ისინი და თქვა: ღმერთმა, რომლის წინაშეც სათნო იყვნენ ჩემი მამები: აბრაამი და ისააკი, ღმერთმა, რომელმაც გამომზარდა მე სიჭაბუკიდან ამ დღემდე,

16. ანგელოზმა, რომელმაც დამიცვა მე ყოველგვარი ბოროტებისგან, აკურთხოს ეს ყრმები და იწოდებოდეს მათზე ჩემი სახელი და სახელი ჩემი მამებისა, აბრაამისა და ისააკისა, და გამრავლდნენ დიდ სიმრავლედ ქვეყანაზე.

17. და როცა დაინახა იოსებმა, რომ დაადო მამამ თავისი მარჯვენა თავზე ეფრემს, მძიმე აღმოჩნდა მისთვის და მოჰკიდა იოსებმა თავის მამას ხელი, რათა გადაეტანა იგი ეფრემის თავიდან მანასეს თავზე.

18. და უთხრა იოსებმა თავის მამას: ასე არა, მამა, რადგან ეს არის პირმშო; დაადე შენი მარჯვენა მას თავზე.

19. და არ ისურვა, არამედ უთხრა: ვიცი, შვილო, ვიცი; ესეც იქნება ერი და ესეც ამაღლდება, მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე დიდი იქნება და მისი თესლი იქცევა ხალხთა სიმრავლედ.

20. და აკურთხა ისინი იმ დღეს და თქვა: თქვენით იკუთხება ისრაელი და იტყვიან: გაქციოს შენ ღმერთმა, როგორც ეფრემი და როგორც მანასე; და დააყენა ეფრემი მანასეს წინ.

21. და უთხრა ისრაელმა იოსებს: აჰა, მე ვკვდები და იქნება ღმერთი თქვენთან და დაგაბრუნებთ თქვენ ღმერთი ამ ქვეყნიდან თქვენი მამების ქვეყანაში;

22. ხოლო მე გაძლევ შენ სიკიმას, გამორჩეულს, შენს ძმებზე მეტს, რომელიც მივიღე ამორელთა ხელიდან ჩემი მახვილით და მშვილდით.

 

თავი 49

1. და მოუხმო იაკობმა თავის ძეებს და უთხრა:

შემოიკრიბეთ, რათა გამცნოთ თქვენ, რა შეგემთხვევათ თქვენ უკანასკნელ დღეებში;

2. შეგროვდით და ისმინეთ იაკობის ძეებმა, ისმინეთ ისრაელისა, თქვენი მამისა.

3. რუბენი, პირმშო ჩემი, შენ ხარ ძალა ჩემი და დასაბამი ჩემი შვილებისა, სასტიკი გამოჩნდი, სასტიკი და თავხედი.

4. აზვირთდი, როგორც წყალი, ნუ ადუღდები; რადგან ახვედი მამაშენის საწოლზე; მაშინ შეაგინე სარეცელი, რომელზეც ახვედი.

5. სიმეონმა და ლევიმ, ძმებმა, აღასრულეს უსამართლობა თავისი თავდასხმით.

6. მათ ზრახვაში ნუ შევა სული ჩემი, და მათ კრებას ნუ აჰყვება ღვიძლი ჩემი, რადგან თავისი გულისწყრომით დახოცეს კაცები და თავისი გულისთქმით ძარღვები გადაუჭრეს კუროს.

7. წყეული იყოს მათი გულისწყრომა, რადგან თავხედობაა, და მათი მრისხანება, რადგან გასასტიკდა. დავანაწილებ მათ იაკობში და გავფანტავ მათ ისრაელში.

8. იუდა, შენ შეგაქებენ შენი ძმები; შენი ხელები შენი მტრების ზურგზე იქნება; თაყვანს გცემენ შენ მამაშენის ძეები.

9. ლომის ბოკვერია იუდა; ყლორტისგან, ძემო ჩემო, ამოხვედი, დაწოლილმა მიიძინე, როგორც ლომმა და როგორც ბოკვერმა; ვინ აღადგენს მას?

10. არ მოაკლდება მთავარი იუდასგან და წინამძღვარი მისი საზარდულიდან, ვიდრე არ მოვა, ვისთვისაც გამზადებულია, და იგი არის მოლოდინი წარმართთა.

11. გამოაბამს ვაზს თავის კვიცს და რქას - თავისი სახედრის კვიცს; გარეცხავს ღვინით თავის სამოსს და ყურძნის სისხლით - თავის შემოსახვევს;

12. მხიარულია მისი თვალები ღვინისაგან, და თეთრია მისი კბილები რძეზე მეტად.

13. ზაბულონი ზღვის პირას დამკვიდრდება, და იგი იქნება ნავსაყუდელთან და მიაღწევს სიდონამდე.

14. ისაქარმა კეთილი ისურვა, დაისვენა წილხვედრთა შორის;

15. და იხილა დასვენება, რომ კარგია, და მიწა, რომ ნოყიერია, იტვირთა თავის მხრებზე შრომა, და გახდა კაცი მიწათმოქმედი.

16. დანი განსჯის თავის ერს, როგორც ერთი ტომი ისრაელში.

17. და იყოს დანი გველი გზაზე, მჯდომარე ბილიკზე, დამგესლავი ცხენის ტერფისა, და გადავარდება მხედარი უკან,

18. მომლოდინე უფლის ხსნისა.

19. გადი, გამოცდა გამოსცდის მას, ხოლო იგი გამოსცდის მათ ფეხდაფეხ.

20. ასერი, ნოყიერია მისი პური, და იგი მისცემს საზრდოს მთავრებს.

21. ნეფთალი გაშლილი ხეა, გამოიღებს ნაყოფით სიკეთეს.

22. ძე აღორძინებული, იოსები, ძე აღორძინებული, შესაშური, ძე ჩემი, უმცროსი; ჩემთან დაბრუნდი.

23. ვის შესახებაც ბჭობდნენ და კიცხავდნენ, და შეიპყრეს იგი მშვილდოსნებმა;

24. და შეიმუსრა ძლიერებით მათი მშვილდები, და მოდუნდა ძარღვები მათ ხელთა მკლავებისა ძლიერი იაკობის ხელით, იქიდან გაძლიერდა ისრაელი, ღვთისაგან მამაშენისა,

25. და შეგეწია შენ ღმერთი ჩემი, და გაკურთხა შენ ზემოდან კურთხევით ზეცისა და კურთხევით ყველაფრის მქონე ქვეყნისა, კურთხევის გამო ძუძუთა და საშოსი,

26. კურთხევით მამაშენისა და დედაშენისა; გაძლიერდა მყარი მთების კურთხევაზე მეტად, და საუკუნო ბორცვთა კურთხევაზე მეტად, და იქნება იოსების თავზე და თხემზე, რომლითაც უძღოდა ძმებს.

27. ბენიამინი მტაცებელი მგელია, ცისკარზე შეჭამს კიდევ, და მწუხრზე გაანაწილებს საზრდოს.

28. ყველა ეს ძე იაკობისა თორმეტია. და ეს უთხრა მათ მათმა მამამ და აკურთხა ისინი, თითოეული მისი კურთხევისამებრ, აკურთხა ისინი.

29. და უთხრა მათ: მე შევუერთდები ჩემს ერს; დამასაფლავეთ მე ჩემს მამებთან გამოქვაბულში, რომელიც არის ეფრონ ქეტელის მიწაზე,

30. ორმაგ გამოქვაბულში, მამბრეს პირდაპირ, ქანაანის ქვეყანაში, გამოქვაბულში, რომელიც შეიძინა აბრაამმა საკუთრებად ეფრონ ქეტელისგან სამარხისათვის.

31. იქ დაასაფლავეს აბრაამი და სარრა, მისი ცოლი, და იქ დაასაფლავეს ისააკი და რებეკა, მისი ცოლი, და იქ დაასაფლავეს ლია,

32. ქეტის ძეებისგან შეძენილ მიწაზე და გამოქვაბულში, რომელიც მასზეა.

33. და დაისვენა იაკობმა, როცა უბრძანა თავის ძეებს, და დააწყო ფეხები საწოლზე და დაილია და შეუერთდა თავის ერს.

 

თავი 50

1. და დაემხო იოსები თავის მამას სახეზე და დასტიროდა მას და ეამბორებოდა მას.

2. და უბრძანა იოსებმა თავის მსახურებს, შემმურველებს, თავისი მამის შემურვა და შემურეს შემმურველემა ისრაელი.

3. და შეუსრულეს მას ორმოცი დღე, რადგან ასე აღირაცხება დასაფლავების დღეები. და იგლოვა იგი ეგვიპტემ სამოცდაათი დღე.

4. და როგორც კი გავიდა გლოვის დღეები, დაელაპარაკა იოსეი ფარაონის დიდებულებს და უთხრა: თუ ვპოვე მადლი თქვენ წინაშე, თქვით ფარაონის ყურადსაღებად და უთხარით:

5. მამაჩემმა დამაფიცა მე და მითხრა: სამარახში, რომელიც გავთხარე ჩემთვის ქანაანის ქვეყანაში, იქ დამასაფლავე მე; ამიტომ ახლა ავალ და დავასაფლავებ მამაჩემს და დაბრუნდები.

6. და უთხრა ფარაონმა: ადი, დაასაფლავე მამაშენი, როგორც დაგაფიცა შენ.

7. და ავიდა იოსები, რათა დაესაფლავებინა თავისი მამა, და ავიდნენ მასთან ერთად ფარაონის ყველა მსახური და მისი სახლის უხუცესები და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი

8. და იოსების მთელი სახლეული და მისი ძმები და მთელი მისი მამისეული სახლი; და ნათესაობა და ცხვარი და ძროხა დატოვეს გესემის მიწაზე.

9. და ავიდნენ მასთან ერთად ეტლებიც და მხედრებიც და გახდა ბანაკი ძლიერ დიდი.

10. და მივიდა ატადის კალოებზე, რომელიც არის იორდანის გაღმა, და გოდებდნენ მასზე დიდი გოდებით და მეტად ძლიერ; და მოუწყო გლოვა თავის მამას შვიდი დღე.

11. და დაინახეს ქანაანის ქვეყნის მცხოვრებლებმა გლოვა ატადის კალოებზე და თქვეს: დიდი გლოვაა ეს ეგვიპტელთათვის; ამის გამო ეწოდა იმ ადგილს სახელი ეგვიპტის გლოვა, რომელიც არის იორდანის გაღმა.

12. და გაუკეთეს მას მისმა ძეებმა ისე, როგორც უბრძანა მათ.

13. და წაიღეს იგი მისმა ძეებმა ქანაანის ქვეყანაში და დაასაფლავეს იგი ორმაგ გამოქვაბულში, გამოქვაბულში, რომელიც შეიძინა აბრაამმა საკუთრებად სამარხისათვის ეფრონ ქეტელისგან მამბრეს პირდაპირ.

14. და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში, ის და მისი ძმები და ვინც მასთან ერთად ავიდა, რათა დაესაფლავებინათ მისი მამა.

15. და როცა დაინახეს იოსების ძმებმა, რომ მოკვდა მათი მამა, თქვეს: ვაითუ გაგვიხსენოს ჩვენ უკეთურება იოსებმა და მოსააგებელი მოგვაგოს ჩვენ ყველა უკეთურებისათვის, რაც ვაჩვენეთ მას.

16. და მივიდნენ იოსებთან და უთხრეს: მამაშენმა დაიფიცა, ვიდრე აღესრულებოდა იგი და თქვა:

17. ასე უთხარით იოსებს: მიუტევე მათ მათი უსამართლობა და ცოდვა, რადგან ბოროტება გაჩვენეს შენ; და ახლა შეიწყალე მამაშენის ღვთის მსახურთა უსამართლობა. და ატირდა იოსები, როცა ელაპარაკებოდნენ ისინი მას.

18. და მივიდნენ მასთან და უთხრეს: აჰა, ჩვენ შენი მონები ვართ.

19. და უთხრა მათ იოსებმა: ნუ გეშინიათ, რადგან ღვთისა ვარ მე.

20. თქვენ განიზრახეთ ჩემთვის ბოროტი, ხოლო ღმერთმა განიზრახა ჩემთვის კეთილი, რომ ყოფილიყო, როგორც დღეს, რათა გამოკვებილიყო მრავალი ერი.

21. და უთხრა მათ: ნუ გეშინიათ, მე გამოგკვებავთ თქვენ და თქვენს სახლებს. და ანუგეშა ისინი და ელაპარაკა, როგორც მათ გულებს უნდოდათ.

22. და დამკვიდრდა იოსები ეგვიპტეში, ის და მისი ძმები და მისი მამის მთელი სახლეული. და იცოცხლა იოსებმა ას ათი წელი.

23. და ნახა იოსებმა ეფრემის შვილები მესამე თაობამდე და მანასეს ძის, მაქირის, ძეები იშვნენ იოსების მუხლებზე.

24. და უთხრა იოსებმა თავის ძმებს და თქვა: მე ვკვდები; მოხედვით მოგხედავთ თქვენ ღმერთი და გაგიყვანთ თქვენ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელზეც შეჰფიცა ღმერთმა ჩვენს მამებს: აბრაამს და ისააკს და იაკობს.

25. და დააფიცა იოსებმა ისრაელის ძეები და უთხრა: მოხედვისას, რომლითაც მოგხედავთ თქვენ ღმერთი, თან წაიღეთ ჩემი ძვლები თქვენ აქედან.

26. და აღესრულა იოსები ას ათი წლისა; და დაასაფლავეს იგი და ჩადეს იგი ლუსკუმაში, ეგვიპტეში.