თუ რას ნიშნავს სიტყვა დასასრულსა, ამის შესახებ, გარკვეულწილად, ზემოთ იყო ნათქვამი (იხ. მე-4 ფსალმუნის განმარტება). ზოგიერთი განმმარტებელი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში დასასრულსა მიუთითებს იმ დროზე, როცა ძე ღვთისამ განკაცება ინება, რამეთუ მაშინ დასრულდა, დაიხსნა ძველი აღთქმის აჩრდილი. კომენტატორები ამ აზრს ამტკიცებენ იმით, რომ წინასწარმეტყველი წინამდებარე ფსალმუნს წარმოთქვამს მომავალი ქრისტეს ეკლესიის პირით, თუმცა ეს ფსალმუნი შეესიტყვება, აგრეთვე, თვით წინასწარმეტყველის ცხოვრებისეულ გარემოებებს. სიტყვა მკჳდრი მეფსალმუნემ უწოდა ნათლისღებით აღორძინებულ ღვთის ძეობილ ეკლესიას. სამკვიდრებელი კი ისეთია, რომელი თუალმან არა იხილა... (1 კორ. 2,9). პავლე მოციქული მას უწოდებს ასევე ქრისტეს სძალს: „...გაშურებ თქუენ ღმრთისა შურსა, რამეთუ მიგათხოვენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა“ (2 კორ. 11,2). იოანე მახარებელი კი ამბობს: „რომელსა აქუნდეს სძალი, იგი სიძე არს“ (იოან. 3,29). დავით მეფეც დასძენს სხვაგან: „დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა“ (ფს. 44,9). დაბოლოს, ეკლესიას იმიტომ ეწოდება მკჳდრი და არა დასამკვიდრებელი, რომ მისი სამკვიდრებელი არის მარადიული.
1. სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისხმა-ჰყავ ღაღადებაი ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა...
წინასწარმეტყველი ფორმობრივად განსხვავებული, მაგრამ ერთი და იმავე მნიშვნელობის გამოთქმით იმეორებს ლოცვას, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება მაშინ, როცა მთელი გულით ითხოვენ შეწევნას. სიტყუანი ნიშნავს ლოცვას, რადგან სიტყვების საშუალებით ლოცულობენ. ღაღადებაჲ მიმატებულია იმისათვის, რათა ნათელი გახდეს ის მდგომარეობა, რომ ლოცვისას სული იმყოფება ძლიერი განცდის ქვეშ. ჴმა გულისხმობს იმას, რომ შინაგანი განცდით აღსავსე ლოცვა გადმოიღვრება ნათელი და მწყობრი გამოთქმით, მაშინ, როცა ღაღადებაჲ ზოგადად ბუნდოვან თქმას მიანიშნებს. ამათთან დაკავშირებული სხვა სიტყვები კი ინარჩუნებს დამოუკიდებელ მნიშვნელობას. მაგ. ყურად-იხუენ ნიშნავს, არა მხოლოდ გაიგონეს, არამედ, იმას, „რომ შეისმინე უფალო, თუ რას ვითხოვ ლოცვაში, ნუ ჩათვლი მას უყურადღებობის ღირსად. თითქოსდა წარმოითქმოდეს იგი მხოლოდ პირითა და ხმით“. ეს არის საღვთო მოქმედების წარმოსახვა ადამიანური სახეებით, რაც წარმოადგენს წმიდა წერილის ერთ-ერთ თავისებურებას.
2. ...მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო; რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალო.
შენ ხომ ერთი მყავხარ მეფე, ამბობს მეფსალმუნე, რომელიც ზრუნავ ჩემზე. ასევე ერთი მყავხარ ღმერთი, ყოვლიერების შემოქმედი. შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მხოლოდ შენდამი ვილოცებ და არა სხვა რამის მიმართ.
3. განთიად შეისმინო ხმისა ჩემისაი, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ.
იმ განთიადს, ვამბობ მე (ანუ ეკლესია), როცა კაცობრიობისათვის ჩაესვენება მზე სიმართლისა - ქრისტე, შეისმინე ჩემი, რადგან მაშინ შედგენილი ვიქნები წარმართებისა და იუდეველებისაგან და შენ მოგიხმობ შემწედ. ასევე, შენთან სიახლოვის მიზეზით, ჩემი სათნო ცხოვრების კვალობაზე, შენდა ვისწრაფებ და შენც შემამჩნევ შენდამი მოლტოლვილს, რადგან ნათქვამია: „თუალნი უფლისანი მართალთა ზედა...“ (ფს. 33,15). გეჩუენო ნიშნავს, აგრეთვე, რომ „ხილული შევიქნები“.
რაც შეეხება დავით მეფისადმი ამ ფსალმუნის მიმართებას, თუ ამ მუხლებს განვმარტავთ მისი ისტორიული მნიშვნელობით, განთიადი, რასაკვირველია, გათენების დროს მიანიშნებს. თითქოსდა ასე ამბობს წინასწარმეტყველი: განთიადზე, სანამ რაიმე საქმეს მოვკიდებდე ხელს, მანამდე შენ შეგევედრები, როგორც ვიქცევით ჩვენ მორწმუნენი, როცა ძილისაგან აღვემართებით და სარეცელს განვეშორებით, თუმცა ამით ის არ იგულისხმება, რომ სხვა დროს არ იყოს აუცილებელი ლოცვა: „ვაკურთხო, უფალი, ყოველსა ჟამსა“ (ფს. 33,1).
4. რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უშჯულოებაჲ.
უშჯულონი ეტრფიან კერპებს. „უშჯულოებაში“ აქ იგულისხმება ზოგადად ყოველგვარი ცოდვა.
არა დაიმკვიდროს შენ თანა უკეთურმან.
წარმართთა ღმერთები არა მხოლოდ თვით არიან ვნებებით აღსავსე, არამედ ყველა იმ ადამიანს აუწმინდურებენ, რომლებიც ახლობლობენ მათთან. ასეთი კი შენ არ ხარ, უფალო, ამბობს წინასწარმეტყველი. შენს სიახლოვეს და შენს მფარველობას (რასაც გულისხმობს ამ შემთხვევაში მეფსალმუნე სიტყვა სამკვიდრებელში) უკეთური ადამიანები ვერასოდეს მიემთხვევიან, რამეთუ როგორც ნათქვამია: „მახლობელ არს უფალი შემუსვრილითა გულითა...“ (ფს. 33,18); და კვლავ: „რამეთუ ახს მოშიშთა მისთა მაცხოვარებაჲ მისი...“ (ფს. 84,9). უკეთურ ადამიანში აქ იგულისხმება ცოდვით აღსავსე ნებისმიერი პიროვნება.
5. არცა დადგენ უჰსჯულონი წინაშე თუალთა შენთა.
ეს სიტყვები წინასწარმეტყველებენ იუდეველებზე, რომლებიც, სანამ ერთგულებდნენ საღვთო სჯულს, ბუნებრივად ღირს იქმნენ საღვთო საფარველისა, მაგრამ როგორც კი დაარღვიეს სჯული, მაშინვე სამართლიანად განვარდნენ ღვთისაგან.
მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.
ეს სიტყვები კი მიემართება ჭეშმარიტი ღვთისადმი ურწმუნო წარმართებს. ერთმანეთისაგან უნდა განირჩეს ურჯულო და რჯულის წინააღმდეგი. რჯულის წინააღმდეგია ის, ვინც იცის სჯული, მაგრამ უარყოფს მას, ხოლო ურჯულოა ის, ვინც საერთოდ არ იცნობს კანონს. თუმცა ჩვენ ამ ორ მდგომარეობას ხშირად ვერ ვანსხვავებთ.
6. წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა.
ეს სიტყვები განეკუთვნება მათ, ვინც არ ცნობს ჭეშმარიტ ღმერთს, ამას გარდა ეხება ერეტიკოსებს, და საერთოდ, ყველას, როგორც იუდეველებს, ასევე წარმართებს, რომლებიც ამა თუ იმ სახით ცრუობენ. რამეთუ ისინი ღმერთს კი არ ემსახურებიან, არამედ ეშმაკს, რადგან სატანაა სიცრუის მამა. წარსწყმინდეში წინასწარმეტყველი მიანიშნებს ცრუ ადამიანთა მძიმე ხვედრს ან, შესაძლოა, მეფსალმუნე აქ განაკრძალებს მათ, ვინც მიდრეკილია სიცრუისაკენ, ვინც ამგვარი მდგომარეობით არა მხოლოდ საკუთარ თავს ვნებს, არამედ სხვა მრავალთა დაღუპვის მიზეზიც ხდება.
კაცი მოსისხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა.
შენიშნეთ, როგორც აკავშირებს მზაკვარ ადამიანს მკვლელთან წინასწარმეტყველი. რადგან, ვინც ცრუობს და ისიც, ვინც საფრთხეს უქმნის ახლობლის სიცოცხლეს, არსებითად ერთსა და იმავე საქმეს მკვლელობისას აღასრულებენ.
7. ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა.
მე კი, ამბობს ეკლესია, შენი დიდი მოწყალებით, დაბრკოლებისაგან გათავისუფლებული, შევალ, უფალო, შენს სახლში, რომლის დარღვევასაც უგუნურად ვცდილობდი უწინ. ან - შევიდე სახლსა შენსა არა ჩემი დამსახურებით, არამედ შენი წყალობით. სახლი ღმრთისა კი, ზოგიერთი განმმარტებლის მიხედვით, სხვა არაფერია, თუ არა სათნოჩენითი ცხოვრება. რამეთუ უფალი, ჭეშმარიტად, მათზე ზრუნავს, ვინც ცდილობს სათნოებებით იცხოვროს, როგორც მათზე ზრუნავს, ვინც ცდილობს სათნოებებით იცხოვროს, როგორც ამას მაცხოვარი სახარებაში, რომ ის და მამა განუმზადებენ საცხოვრისს ამგვარ ადამიანს: „მიუგო იესო და ჰრქუა მას: უკუეთუ ვისმე უყუვარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყვარეს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ“.
თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა.
მაშინ, როცა წარმართები, რომლებიც არ უშინდებიან მართალ სამსჯავროს და თავს უფლებას აძლევენ - განუსჯელად მოიქცნენ თავიანთი ღმერთების ტაძრებში, მე, ამბობს ეკლესია, მოშიშებით შეგივრდები, უფალო, ფერხთ ქვეშ - როგორც მიწიერ ტაძარში, ასევე - ზეციურში.
რაც შეეხება ამ ფსალმუნის მიმართებას დავით მეფესთან - შემდეგს გულისხმობს: მეფსალმუნე, განიხილავს რა დანაშაულობათა უმთავრეს სახეებს და წარმოაჩენს რა მთელს მათს სიბილწეს, აღთქმას დებს ღვთის წინაშე, რომ ემსახურება გულითადად, თანაც როგორც - შეწყალებული და არა როგორც - მართალი.
8. უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა...
მეწინამძღვრე შენი ძის მეშვეობით, რომელიც მოციქულის სიტყვით არის „სიმართლე, სიწმიდე და გამოხსნა“ (1 კორ. 1,30) და წარმმართე შენი სჯულით, რომელიც ადამიანთა სიმართლეა.
და მტერთა ჩემთათვის წარჰმართე შენ წინაშე გზაი ჩემი.
ჩემი ხილული და უხილავი მტრები ყოველგან განაწყობენ დაბრკოლებისა და ცთუნების ლოდს. ამიტომაც წარმართე, უფალო, ჩემი გზა შენსკენ, რათა არა გადავიხარო არც მარჯვნივ, არც მარცხნივ და განვერიდო მტერთა მახეს. ზემოთ მოყვანილი სიტყვები საკუთრივ ეკლესიას განეკუთვნება, მაგრამ ეხება, რასაკვირველია, დავითსაც.
9. რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაი, გული მათი ამაო...
ისინი (მტრები) განუწყვეტლივ ცრუობენ, ამიტომაც მუდამ აღსავსენი არიან ამაო და ცარიელი აზრებით.
სამარეზე-აღებულ არს ხორხი მათი...
ეს სიტყვები ნათქვამია ან ერეტიკოსთა უღვთო დოგმატების მიმართ, ან მათი უსულო გვამივით სწრაფად განხრწნადი გამონათქვამების გამო, ან (ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით) იმ ბილწი ქედმაღლობის მიზეზით, რითაც აღსავსე იყო დავითის მტრების სიტყვა. სამარე კი, თუ იგი დახურულია, არა მხოლოდ მასში მყოფ განხრწნილ გვამს ინახავს, არამედ ხრწნის სიმყრალესაც.
ენითა მათითა ზაკუვიდენ.
ყოველი უკეთური იმავდროულად ცრუა. მაგრამ ყველა ცრუ როდია უკეთური, და უკეთურის ბოროტი ქმედებანი გაცილებით საშიშია და საზიანო. ჩემს მიმართ კი, ამბობს მეფსალმუნე, მტრები ერთდროულად მოქმედებდნენ სიცრუითა და უკეთურებით (მზაკვრობით).
10. საჯენ იგინი, ღმერთო.
შენ, უფალო, რომელსაც არ გესათნოება ასეთი ხალხი, თავად განსაჯე ისინი.
დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან...
დაე, ისინი შეცდებიან თავიანთ განზრახვებში.
სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთაისა განიშორენ იგინი...
უღვთოების გამო განიშორე, განდევნე ისინი, რადგან თაყვანს არ გცემენ შენ, უფალო. რაც უფრო განმტკიცდებიან ისინი უკეთურებაში, მით უფრო გშორდებიან შენ. უღვთოებაში იგულისხმება არა მხოლოდ ის, ვინც თაყვანს არ სცემს ღმერთს, არამედ ისიც, ვინც ღმერთს არ აღიარებს ისე, როგორც ეს ჭეშმარიტ შემოქმედს შეჰფერის.
რამეთუ განგამწარეს შენ, უფალო.
იმას კი არ განვიცდი იმდენად, უფალო, როგორ მაჭირვებენ ჩემი მტრები, რამდენადაც იმას თუ როგორ გეწინააღმდგებიან შენ. მათ გაგამწარეს შენ თავიანთი ბოროტი განზრახვებით, ან, სხვაგვარად რომ ვთქვა, ისინი გამწარებენ შენ, რადგან მებრძვიან მე, როგორც შენი ნების აღმსრულებელს.
11. და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ.
მაშინ, როცა წინააღმდგომნი განგდებულ არიან შენგან, მართალნი სიხარულით არიან აღვსებულნი, რამეთუ ისინი, შენი მსასოებელნი, ძლევენ მტრებს.
უკუნისამდე იხარებდენ...
მარადიულად, განუწყვეტლივ იღებენ ისინი შენ მიერ შეწევნას.
და დაიმკვიდრო მათ შორის.
სულის მშვენიერებით დარწყულებულნი „უკუნისამდე იხარებდენ“, რამეთუ წერილი ამბობს: ვივლი თქვენს შორის და ვიქნები ღმერთი, თქვენ კი ჩემი ერთი იქნებით (ლევ. 26,12).
და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი.
რადგან მხოლოდ მათ (ღვთის მოყვარულთ) შეიცნეს ჭეშმარიტი ღმერთი და მხოლოდ მასზე დაამყარეს მთელი სასოება. ანუ, სხვაგვარად: ისე უყვართ ქრისტიანებს ქრისტიანობის მაღალი წოდება, რომ სურთ, მხოლოდ ამ წოდებით იყვნენ ცნობილნი და მხოლოდ ქრისტეთი ამაყობდნენ, როგორც ამას მოციქული იტყვის: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა...“ (გალ. 6,14). ანუ, იქადოდნენ თვით ჯვარცმული ქრისტეთი.
12. რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო.
განადიდებ მართალს არა მხოლოდ ამქვეყნად, არამედ იმქვეყნადაც, როცა ეტყვი: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო...“ (მთ. 2,25,34). ამგვარად, მართლებს აკურთხებ, რომელთაც უწმინდურები აგინებენ. ამ სიტყვებით მეფსალმუნე ანუგეშებს მათ, ვინც ითმენს ყვედრებას სათნოებითი ცხოვრების გამო.
ვითარცა ჭურითა სათნოებისაითა გვირგვინოსან მყვენ ჩუენ.
შენ, უფალო, გვესიტყვება წინასწარმეტყველი, მტკიცედ შემოგვზღუდე და საიმედოდ დაგვიცავი ჩვენ შენი ჯვრით, სათნოების ამ ფარით. შენი გამოუთქმელი განგებულებით. სათნოების ჭურში უნდა მოვიაზროთ საიმედო და მტკიცე ფარი. ასეთი გამოთქმა დამახასიათებელია ძველი აღთქმისათვის, რადგან ნათქვამია: ძე ძალისა, ნაცვლად ძლიერისა; კაცი სისხლისა, ნაცვლად სისხლის მწყურვალისა (მკვლელისა); ადამიანი მშვიდობისა, ნაცვლად მორჩილისა. ასევე უნდა გავიგოთ ზემოთ მოხმობილი ნათქვამი. შენ დაგვიცავი ჩვენ - შენი სიმაგრით, როგორც ურყევი ფარით. გვირგვინიც ხომ სიმრგვალეს წარმოადგენს, მთლიანსა და განურღვეველს.
მოამზადა მღვდელმა მიქაელ გალდავამ