ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ

თავი მეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ჩვენი მამები ერთობლივად ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გამოვლო ზღვა.

1 არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მამანი ჩუენნი ყოველნი ღრუბელსა ქუეშე იყვნეს და ყოველნი ზღუასა განჴდეს.
2 ყველამ მოსეს მიერ იღო ნათელი ღრუბელსა და ზღვაში. 2 და ყოველთა მოსეს მიერ ნათელ-იღეს ღრუბლითა მით და ზღჳთა;
3 და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს ჭამდნენ. 3 და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს;
4 და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ, რადგანაც სვამდნენ სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ; ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე. 4 და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს; რამეთუ სუმიდეს იგინი სულიერისა მისგან კლდისა, რომელიცა შეუდგა; ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე.
5 თუმცა მათი უმრავლესობა როდი ესათნოვა ღმერთს, რადგანაც უდაბნოში დაეცნენ. 5 არამედ არა მრავალნი მათგანნი სათნო-იყვნა ღმერთმან, რამეთუ დაეცნეს იგინი უდაბნოსა ზედა.
6 ხოლო ეს ჩვენთვის ნიმუში იყო, რათა მათსავით არ დავხარბდეთ ბოროტს. 6 და ესენი სახე ჩუენდა იქმნეს, რაჲთა არა ვიყვნეთ ჩუენ გულის მთქუმელ ბოროტისა, ვითარცა-იგი მათ გული უთქუმიდა.
7 ნურც კერპთმსახურნი იქნებით, ზოგიერთი მათგანის მსგავსად; როგორც წერია: „დასხდა ხალხი სასმელ-საჭმელად, და წამოდგა სათამაშოდ“. 7 ნუცა კერპთმსახურ იქნებით, ვითარცა-იგი მათგანნი ვინმე, ვითარცა წერილ არს: დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად.
8 ნურც ვიმრუშებთ, როგორც მრუშობდა ზოგი მათგანი, და დაეცა ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი. 8 ნუცა ვისიძავთ, ვითარცა-იგი ვიეთმე მათგანთა ისიძვეს და დაეცნეს ერთსა შინა დღესა ოც და სამი ათასი.
9 ნურც ქრისტეს გამოვცდით, როგორც გამოსცადა ზოგიერთმა მათგანმა, და გველებისგან დაიღუპნენ. 9 ნუცა განვსცდით უფალსა, ვითარცა-იგი მათგანთა ვიეთმე გამოცადეს და გუელთა მიერ წარწყმდეს.
10 ნურც დრტვინავთ, როგორც დრტვინავდა ზოგიერთი მათგანი, და შეიმუსრნენ მმუსვრელის მიერ. 10 ნუცა ვდრტჳნავთ, ვითარცა-იგი მათგანნი ვინმე დრტჳნვიდეს და წარწყმდეს მომსრველისა მისგან.
11 ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს. 11 ესე ყოველნი სახენი შეემთხუეოდეს მათ; ხოლო დაიწერა სამოძღურებელად ჩუენდა, რომელთა ზედა აღსასრული ჟამთაჲ მოიწია.
12

ამრიგად, ვისაც ჰგონია, რომ დგას, ფრთხილად იყოს, რომ არ დაეცეს.

12 ამიერითგან, რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს.
13 სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცდლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა. 13 განსაცდელი თქუენ არა შეგემთხჳა, გარნა კაცობრივ; ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაჲცა, რაჲთა შეუძლოდ დათმენად.
14 ასე რომ, ჩემო საყვარელნო, ეკრძალეთ კერპთმსახურებას. 14 აწ უკუე, საყუარელნო ჩემნო, ივლტოდეთ კერპთ-მსახურებისაგან.
15 მოგმართავთ როგორც გონიერთ: თავად განსაჯეთ, რას ვამბობ. 15 ვითარცა ბრძენთა გეტყჳ თქუენ:
16 კურთხევის სასმისი, რომელსაც ვაკურთხებთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს სისხლისა? ან ეს პური, რომელსაც ვტეხთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს ხორცისა? 16 სასუმელი ესე კურთხევისაჲ, რომელსა ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაჲ სისხლთა ქრისტესთაჲ არსა? პურსა ამას რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაჲ ჴორცთა ქრისტესთაჲ არსა?
17 ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით. 17 რამეთუ ერთ პურ და ერთ ჴორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს.
18 იხილეთ ისრაელი ხორციელად: განა ისინი, რომელნიც ჭამენ მსხვერპლს, სამსხვერპლოს თანაზიარნი არ არიან? 18 იხილეთ-ღა ისრაჱლი ჴორციელად: ანუ არა რომელნი-იგი ჭამენ შესაწირავთა მათ, ზიარ საკურთხეველისა მის არიანა?
19 მაინც რას ვამბობ? იმას, რომ კერპი რაღაცაა და კერპთათვის შენაწირიც რაღაცას ნიშნავს? 19 რასა უკუე ვიტყჳ ამას, ვითარმედ კერპი იგი რაჲ არს, ანუ ნაგები იგი რაჲ არს?
20 არა, იმას რომ მსხვერპლს, რომელსაც სწირავენ ისინი, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს, მე კი არ მინდა, რომ დემონთა ზიარნი იყოთ. 20 არამედ, ვითარმედ რომელსა-იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა; ხოლო მე არა მნებავს თქუენი ეშმაკთა ზიარებჲ.
21 არ შეგიძლიათ სვათ სასმისი უფლისა და სასმისი დემონებისა; არ შეგიძლიათ ეზიაროთ ტაბლას უფლისას და ტაბლას დემონებისას. 21 ვერ ჴელ-გეწიფების სასუმელი უფლისაჲ სუმად და სასუმელი ეშმაკთაჲ; ვერ ჴელ-გეწიფების ტაბლასა უფლისასა ზიარებაჲ და ტაბლასა ეშმაკთასა.
22 ნუთუ შურს აღვუძრავთ უფალს? განა მასზე ძლიერნი ვართ? 22 ანუ ვაშურებთ-მეა უფალსა? ნუუკუე უძლიერეს მისსა ვართ?
23

ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს; ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს.

23 ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს.
24 ნურავინ ეძებს თავისას, არამედ ყველა სხვის სარგებელს ეძებდეს. 24 ნუვინ თავისასა ხოლო ეძიებნ, არამედ მოყუსისასაცა თითოეული.
25 ყველაფერი, რაც საყასბოში იყიდება, ჭამეთ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო. 25 ყოველი, რომელი სამზარეულოს ისყიდებოდის, ჭამეთ და ნურარას განიკითხავთ იჭჳსათჳს.
26 რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი. 26 რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი.
27 თუ რომელიმე ურწმუნო მიგიპატიჟებთ და თქვენც ინებებთ ეწვიოთ, ჭამეთ ყველაფერი, რასაც შემოგთავაზებენ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო. 27 ხოლო უკუეთუ ვინმე გხადის თქუენ ურწმუნოთაგანი, და გნებავს მისლვაჲ, ყოველივე წინა-დაგებული თქუენი ჭამეთ და ნურარას განიკითხავთ იჭჳსათჳს.
28 მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპთათვის შენაწირიაო, ნურც მის გამო შეჭამთ, ვინც გეტყვით, და ნურც სინიდისის გამო, რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი. 28 ხოლო უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ, ვითარმედ: ესე ნაკერპავი არს, - ნუ შჭამთ მის მაუწყებელისათჳს და იჭჳსა, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი.
29 ხოლო მე შენს სინიდისს კი არ ვგულისხმობ, არამედ სხვისას, ვინაიდან რად უნდა განისაჯოს ჩემი თავისუფლება სხვისი სინიდისით? 29 იჭუსა მას ვიტჳ არა თავისა თჳსისასა, არამედ მოყუსისასა. რამეთუ რაჲსათჳს აზნაურებაჲ ჩემი განიკითხვის სხჳსა იჭჳსაგან?
30 თუკი მადლიერებით ვჭამ, რაღად ვიგმობი იმის გამო, რისთვისაც მადლიერი ვარ? 30 უკუეთუ მე მადლობით ვჭამ, რაჲსათჳს ვიგმობვი, რომლისათჳს-იგი მე ვჰმადლობ?
31 ასე რომ, ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ. 31 გინა თუ შჭამდეთ, გინა თუ ჰსუმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდით, ყოვესავე სადიდებლად ღმრთისა იქმოდეთ.
32 ნუ აცთუნებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ეკლესიას ღვთისას. 32 დაუბრკოლებელ იყვენით ჰურიათა მიმართ და წარმართთა და ეკლესიათა ღმრთისათა,
33 ისევე, როგორც მე ვცდილობ ყოველნაირად ვაამო ყველას, რადგანაც ჩემთვის კი არა, მრავალთათვის ვეძებ სარგებელს, რათა ყველანი ცხონდნენ. 33 ვითარცა მე ყოვლითავე ყოველთა სათნო-ვეყოფვი, რამეთუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობჱსსა, არამედ მრავალთასა, რაჲთა ცხონდენ.