ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს. |
1 | მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა. |
2 | იმისთვის გაქებთ, ძმანო, რომ ჩემი ყველაფერი გახსოვთ და, როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას. | 2 | ხოლო გაქებთ თქუენ, ძმანო, რამეთუ ჩემი ყოველივე გაჴსოვს, და ვითარცა-იგი მიგეც თქუენ, მოძღურებაჲ იგი შეიკრძალეთ. |
3 | ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი. | 3 | და მნებავთ თქუენი უწყებაჲ, რამეთუ ყოვლისა მამაკაცისა თავ ქრისტე არს; ხოლო თავ დედაკაცისა - ქმარი; და თავ ქრისტესა - ღმერთი. |
4 | ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს. | 4 | ყოველი მამაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა თუ წანაწარმეტყუელებდეს თავ-დაბურვილად, არცხუენს თავსა თჳსსა. |
5 | და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგანაც ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს. | 5 | და ყოველივე დედაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა წანაწარმეტყუელებდეს თავ-დაუბურველად, არცხუენს იგი თავსა თჳსსა, რამეთუ ერთ არს და იგივე არს დაყუენილიცა იგი. |
6 | ხოლო თუ ქალი თავს არ იბურავს, თმა შეიკვეცოს; მაგრამ თუ ქალს თმის შეკვეცა ან გაპარსვა ერცხვინება, თავი დაიბუროს. | 6 | რამეთუ უკუეთუ არა დაიბურავს დედაკაცი იგი, და იკუეცენცა; ხოლო უკუეთუ საძაგელ არს დედაკაცისა კუეცაჲ გინა დაყუენვაჲ, დაიბურენ მან. |
7 | ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა. | 7 | მამაკაცისაჲ უკუე არა ჯერ-არს დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ არს, ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისა არს. |
8 | რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან. | 8 | რამეთუ არა არს მამაკაცი დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან; |
9 | და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის. | 9 | და რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს. |
10 | ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის. | 10 | ამისთჳს ჯერ-არს დედაკაცისა, რაჲთა ფლობაჲ აქუნდეს თავსა თჳსსა ზედა ანგელოზთათჳს. |
11 | თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში. | 11 | ხოლო არცა მამაკაცი თჳნიერ დედაკაცისა, არცა დედაკაცი თჳნიერ მამაკაცისა უფლისა მიერ. |
12 | ვინაიდან როგორც ქალია კაცისგან, ასევეა კაციც ქალისგან, ხოლო ყველაფერი ღვთისაგან არის. | 12 | რამეთუ ვითარცა-იგი დედაკაცი ქმრისაგან არს, ეგრეთცა ქმარი - ცოლისათჳს; ხოლო ყოველივე ღმრთისაგან არს. |
13 |
თავად განსაჯეთ, განა შეშვენის ქალს, თავდაუბურავად ლოცულობდეს ღვთის წინაშე? |
13 | თჳთ თქუენ შორისღა განიკითხეთ ესე: შუენისა დედაკაცსა დაუბურველად წინაშე ღმრთისა ლოცვაჲ? |
14 | განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის? | 14 | არცაღა თჳთ იგი ბუნებაჲ გასწავებს თქუენ, რამეთუ მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაჲ გრძელად, უშუერება არს მისა. |
15 | ხოლო თუ ქალი უშვებს დიდებაა მისთვის, რადგანაც თმა საბურავად მიეცა. | 15 | ხოლო დედაკაცმან თუ გარდაუტეოს, დიდება არს მისა, რამეთუ თმაჲ იგი სამკაულად მოეცა მას. |
16 | მაგრამ თუ ვინმე დავას აპირებს, ეს არც ჩვენ გვჩვევია და არც ეკლესიებს ღვთისას. | 16 | ხოლო უკუეთუ ვისმე ცილობის ჰნებავს, ჩუენ ეგევითარი ჩუეულებაჲ არა გუაქუს, არცა ეკლესიათა ღმრთისათა. |
17 | ამას საქებრად როდი გამცნობთ, რადგანაც უარესისთვის იკრიბებით და არა უკეთესისთვის. | 17 | ამას რაჲ გამცნებ, არა გაქებ, რამეთუ არა უმჯობესად, არამედ უნაკლულევანესად შეჰკრბებით. |
18 | ვინაიდან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როდესაც ეკლესიაში იკრიბებით, თქვენს შორის განხეთქილება ხდება, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც. | 18 | პირველად უკუე, რამეთუ შეკრებასა მას თქუენსა ეკლესიად მესმის, ვითარმედ წვალება არიან თქუენ შორის, და ზოგს-რაჲმე მრწამს. |
19 | ვინაიდან თქვენში განხეთქილებაც საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის. | 19 | რამეთუ წვალებაცა ყოფად არიან თქუენ შორის, რაჲთა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდენ. |
20 | ეგეც არ იყოს, როცა იკრიბებით, უფლის სერობისთვის როდი იკრიბებით. | 20 | შეკრებასა მას უკუე თქუენსა ერთად არა არს ეკლესიაჲ პურის საჭმელ. |
21 | რადგანაც ყველა ცდილობს სხვაზე უმალ შეჭამოს თავისი წილი, ასე რომ, ზოგი ჯერ კიდევ მშიერია, ზოგი კი უკვე მთვრალი. | 21 | რამეთუ კაცად-კაცადმან თჳსი იგი სერი წინაწარ წარიღის ჭამად, და რომელსამე ჰშიინ და რომელსამე სთრავნ. |
22 | ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ შინ სვათ და ჭამოთ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უპოვართ? რა გითხრათ ამისთვის? გაქოთ? ვერა, ვერ გაქებთ. | 22 | ნუუკუე სახლებ არა გიდგსა ჭამად და სუმად? ანუ ეკლესიასა ღმრთისასა შეურაცხ-ჰყოფთ და არცხუენთ მათ, რომელთა არარაჲ აქუს? რაჲ-მე გრქუა თქუენ? გაქებდეა ამისთჳს? არა გაქებ. |
23 | რადგან მე უფლისაგან მივიღე ის, რაც გადმოგეცით: რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის ღამეს აიღო პური, | 23 | რამეთუ მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე ღამესა მას რომელსა მიეცემოდა, მოიღო პური. |
24 | მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: მიიღეთ და ჭამეთ; ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად, | 24 | ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ; ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს განტეხილი; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა. |
25 |
ასევე სერობის შემდეგაც აიღო სასმისი და თქვა: ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში; ეს ჰყავით ყოველთვის, როცა სვამთ ჩემს მოსახსენებლად. |
25 | ეგრეთვე სასუმელი იგი შემდგომად სერობისა, და თქუა: ესე სასუმელი ახალი რჩული არს სისხლისა ჩემისაჲ; ამას ჰყოფდით, რაოდენ-გზისცა სუმიდეთ, ჩემდა მოსაჴსენებელად. |
26 | ვინაიდან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს იუწყებით მისსავ მოსვლამდე. | 26 | რამეთუ რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს. |
27 | ამიტომ ვინც ამ პურს შეჭამს ან უფლის სასმისს შესვამს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე. | 27 | ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანა-მდებ არს იგი ჴორცსა და სისხლსა უფლისასა. |
28 | მაშ, გამოსცადოს კაცმა თავისი თავი და ისე ჭამოს ამ პურიდან და ამ სასმისისგან სვას. | 28 | გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ. |
29 | რადგან ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისსავე განკითხვას ჭამს და სვამს, რაკიღა ვერ არჩევს უფლის სხეულს. | 29 | ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცნი უფლისანი. |
30 | ამიტომ თქვენს შორის ბევრია უძლური, ბევრი - სნეული, და ბევრიც კვდება. | 30 | ამისთჳს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი. |
31 | რადგანაც ჩვენს თავს რომ განვიკითხავდეთ, აღარ ვიქნებოდით განკითხულნი. | 31 | რამეთუ უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით. |
32 | განკითხულნი კი უფლის მიერ განვისწავლებით, რათა ქვეყანასთან ერთად არ განვისაჯოთ. | 32 | ხოლო გან-თუ-ვიკითხვით, უფლისა მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ. |
33 | ასე რომ, ძმანო, როცა სერობად შეიკრიბებით, ერთმანეთს დაელოდეთ. | 33 | ამიერითგან, ძმანო ჩემნო, შე-რაჲ-ჰკრბებოდით ჭამად, ურთიერთას ჰგებდით. |
34 | ხოლო თუ ვინმეს შია, შინ ჭამოს, რათა განსაკითხავად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს კი, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ. | 34 | ხოლო უკუეთუ ვისმე შიოდის, სახლსა შინა ჭამენ, რაჲთა არა დასაშჯელად შეჰკრბეთ. ხოლო სხუაჲ იგი, ოდეს მოვიდე, მაშინ ვბრძანო. |