ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
რაც შეეხება სულიერ ნიჭს, არ მინდა, ძმანო, უმეცარნი იყოთ. |
1 |
ხოლო სულიერთა მათთჳს, ძმანო, არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი. |
2 | იცით, რომ, ვიდრე წარმართნი იყავით, უტყვი კერპებისაკენ იარებოდით, თიოქოს ვიღაცა გეწეოდათ ძალით. | 2 | უწყით, რამეთუ, ვიდრე-იგი წარმართღა იყვენით, კერპთა მათ მიმართ უჴმოთა ვითარ-იგი შეუდეგით, მიმოყვანებულ იყვენით. |
3 | ამიტომაც გაუწყებთ, რომ ვერავინ, ვისაც ღვთის სული ალაპარაკებს, ვერ იტყვის, იესო შეჩვენებულიაო, და ვერც უფალს უწოდებს იესოს, თუ არა სულით წმიდით. | 3 | ამისთჳს გაუწყებ თქუენ, რამეთუ არავინ სულითა ღმრთისაჲთა იტყოდის და თქუას: შეჩუენებულ იესუ; და არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა. |
4 | ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთია სული. | 4 | ხოლო განყოფანი მადლთანი არიან, და იგივე სული არს. |
5 | და მსახურებაც სხვადასხვაა, მაგრამ ერთია უფალი. | 5 | და განყოფანი მსახურებათანი არიან, და იგივე თავადი უფალი არს. |
6 | სხვადასხვაა მოქმედებაც მაგრამ ერთია ღმერთი, ყოვლის მოქმედი ყველაში. | 6 | და განყოფანი შეწევნათანი არიან, და იგივე თავადი ღმერთი არს, რომელი შეიქმს ყოველსა ყოველთა შორის. |
7 | ხოლო თვითეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა. | 7 | ხოლო თჳთოეულსა ჩუენსა მიცემულ არს გამოცხადებაჲ იგი სულისაჲ უმჯობესისათჳს. |
8 | ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით; | 8 | რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ, ხოლო სხუასა სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ მითვე სულითა, |
9 | ზოგს - რწმენა იმავე სულისაგან, ზოგს - ნიჭი მკურნალობისა იმავე სულით; | 9 | და სხუასა სარწმუნოებაჲ მისვე სულისაგან, რომელსამე მადლი კურნებათაჲ მისგანვე სულისა, |
10 | ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენის. | 10 | რომელსამე შეწევნანი ძალთანი, რომელსამე წინაწარმეტყუელებაჲ, რომელსამე განკითხვაჲ სულთაჲ, და სხუასა თესლად-თესლადი ენათაჲ, და სხუასა თარგმანებაჲ ენათაჲ. |
11 | ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს, რაც თვითონ ნებავს. | 11 | ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული, განუყოფს თჳთოეულად კაცად-კაცადსა, ვითარცა ჰნებავს. |
12 | ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც. | 12 | ვითარცა-იგი გუამი ერთ არს, და მრავალი ასოები აქუს, და ყოველი იგი ასოები ერთისა მის გუამისაჲ მრავალ ღათუ არს, ერთგუამვე არს, ეგრეთცა ქრისტე. |
13 | რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველნიც და ბერძენნიც, მონებიც და თავისუფალნიც, ასე რომ, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი. | 13 | რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ ყოველთა ერთისა მიმართ გუამისა ნათელ-ვიღეთ, გინა თუ ჰუარიათა, გინა თუ წარმართთა, გინა თუ მონათა, გინა თუ აზნაურთა; და ყოველთავე ერთისა მიმართ სულისა გჳსუამს. |
14 | ხოლო სხეული ერთი ასო კი არ არის, არამედ - მრავალი. | 14 | და რამეთუ გუამი იგი არა არს ერთ ასო, არამედ მრავალ. |
15 | და ფეხმა რომ თქვას: რაკი ხელი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? | 15 |
უკუეთუ თქუას ფერჴმან, ვინაჲთგან არა ვარ ჴელ, არა ვარ მის გუამისაგანი, ამისგან-მე არა არსა მის გუამისაგანი? |
16 | ან ყურმა რომ თქვას: რაკი თვალი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? | 16 | ანუ თუ თქუას ყურმან, რამეთუ არა ვარ თუალ, არა ვარ მის გუამისაგანი, ნუ ამისთჳს არა არსა მის გუამისაგანი? |
17 |
მთელი სხეული რომ თვალი იყოს, სადღა იქნება ყური? ანდა მთლიანად რომ ყური იყოს, სადღა იქნება ყნოსვა? |
17 | უკუეთუ ყოველი გუამი თუალ იყოს, სადა არს სასმენელი? უკუეთუ ყოველი სასმენელ იყოს, სადა არიან საყნოსელნი? |
18 | ხოლო აწ ღმერთმა მთელ სხეულში განალაგა ყოველი ასო, როგორც ინება. | 18 | აწ ესერა ღმერთმან დასხნა ასონი იგი თჳთოეულად გუამსა მას შინა, ვითარცა ინება. |
19 | მაგრამ ყველა რომ ერთი ასო ყოფილიყო, სადღა იქნებოდა სხეული? | 19 | ხოლო უკუეთუმცა იყო ყოველი ერთ ასო, სადამცა იყო გუამი იგი? |
20 | ხოლო აწ ასო მრავალია, სხეული კი - ერთი. | 20 | ხოლო აწ მრავალ არს ასოები და ერთ გუამი. |
21 | ამიტომ თვალი ვერ ეტყვის ხელს: არას მარგიხარ, და ვერც თავი ეტყვის ფეხებს: არას მარგიხართო. | 21 | ხოლო ვერ ჴელ-ეწიფების თუალსა, ვითარმცა ჰრქუა ჴელსა: არა მიჴმ შენ; ანუ კუალად თავსა - ფერჴთა, ვითარმედ: არა მიჴმთ თქუენ. |
22 | არამედ სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე სუსტნი ჩანან, უფრო საჭირონი არიან. | 22 | არამედ უფროჲსღა უმეტეს, რომელი-იგი საგონებელ არს ასოჲ გუამისაჲ მის უუძლურესად, იგი უსაჴმარეს არს. |
23 | ხოლო რომელთაც ნაკლებ საპატიოდ ვსახავთ სხეულში, მით უფრო მეტი პატივით ვმოსავთ, და ჩვენი უსახურებანი მეტ კეთილსახიერებას იძენენ. | 23 | და რომლისასა ვჰგონებთ უპატიო-ყოფად გუამისაგან, ამათ პატივსა უმეტესსა მივსცემთ. |
24 | ჩვენს სახიერებას კი ეს არ სჭირდება; არამედ ღმერთმა ისე ზომიერად შეთხზა სხეული, რომ ნაკლულევანს მეტი პატივი მიაგო, | 24 | და უშუერსა მას ჩუენსა შუენიერებაჲ უმეტესი აქუს, ხოლო შუენიერსა მას ჩუენსა არარაჲ უჴმს. არამედ ღმერთმან შეზავა გუამი იგი და ნაკლულსა მას უმეტესი მისცა პატივი, |
25 | რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში და ყველა ასო ერთმანეთისათვის ზრუნავდეს. | 25 | რაჲთა არა იყოს წვალებაჲ ჴორცთა მათ შინა, არამედ მასვე ერთიერთისათჳს ზრუნვიდენ ასონი იგი. |
26 | ასე რომ, თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება, და თუ ერთი ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს. | 26 | და თუ ევნებინ რაჲ ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა; და თუ იდიდებინ ერთი ასოჲ, მის თანა იდიდებიედ ყოველნი ასონი. |
27 | ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი - მისი ასონი, | 27 | თქუენ ხართ ჴორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი. |
28 | რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა. | 28 | და რომელნიმე დაადგინნა ღმერთმან ეკლესიათა: პირველად მოციქულნი, მეორედ - წანაწარმეტყუელნი, მესამედ - მოძღუარნი, მერმე - ძალნი, მაშინღა მადლნი კურნებათანი, შეწევნანი, ღუწოლანი, თესლად-თესლადი ენათაჲ. |
29 | განა ყველა მოციქულია? განა ყველა წინასწარმეტყველია? მოძღვარი თუ სასწაულთმოქმედი? | 29 | ნუ ყოველნი მოციქულ იყვნენა? ნუ ყოველნი წანაწარმეტყუელ? ნუ ყოველნი მოძღუარ? ნუ ყოველნი ძალ? |
30 | ყველას აქვს ნიჭი მკურნალობისა თუ სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა? ყველა არის განმმარტებელი? | 30 | ნუ ყოველთა მადლი აქუნდეს კურნებათაჲ? ნუ ყოველნი ენათა იტყოდიან? ნუ ყოველნი გამოსთარგმანებდენ? |
31 | მაშ, ისწრაფეთ უმეტეს ნიჭთა მიმართ, და მე უკეთეს გზას გიჩვენებთ. | 31 | ხოლო ჰბაძევდით მადლთა მათ უფროჲსთა, და მერმე აღმატებული გზაჲ გიჩუენო თქუენ. |