ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მისდიეთ სიყვარულს, ილტვოდეთ სულიერ ნიჭთა მიმართ, უპირატესად კი იმისადმი, რასაც წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქვია. |
1 | შეუდეგით სიყუარულსა და ჰბაძევდით სულიერსა მას, უფროჲსღა, რაჲთა სწანაწარმეტყუელებდეთ. |
2 | რადგან ვინც უცხო ენაზე მეტყველებს, კაცთა მიმართ კი არა, ღვთის მიმართ მეტყველებს, და არავის ესმის მისი, ვინაიდან სულით აცხადებს საიდუმლოს. | 2 | რამეთუ რომელი-იგი იტყჳნ ენითა, არა კაცთა ეტყჳნ, არამედ ღმერთსა, რამეთუ არავის ესმის, რამეთუ სულითა იტყჳს საიდუმლოთა. |
3 | ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, კაცთა შესაგონებლად, ასაშენებლად და სანუგეშებლად მეტყველებს. | 3 | ხოლო რომელი წანაწარმეტყუელებნ, კაცთა ეტყჳს აღშენებასა, ვედრებასა და ნუგეშინის-ცემასა. |
4 | ვინც ენით მეტყველებს, თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს. | 4 | რომელი იტყჳნ ენითა, თავსა თჳსსა აღაშენებნ; ხოლო რომელი წანაწარმეტყუელებდეს, კრებულსა აღაშენებს. |
5 | მე მინდა ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი - წინასწარმეტყველებდეთ, რადგანაც წინასწარმეტყველი ენებით მეტყველზე უმეტესია, თუკი ეს უკანასკნელი კიდევაც არ განმარტავს თავის სიტყვებს ეკლესიის ასაშენებლად. | 5 | მნებავს თქუენ ყოველთაჲ ენათა სიტყუაჲ, უფროჲსღა, რაჲთა სწანაწარმეტყუელებდეთ, რამეთუ უფროჲს არს, რომელი წანაწარმეტყუელებდეს, ვიდრეღა რომელი იტყოდის ენათა, გარნა თუ რაჲთა გამოსთარგმანებდეს, რაჲთა კრებული აღეშენოს. |
6 | ახლა კი, ძმანო, რომ მოვიდე თქვენთან და უცხო ენაზე დაგიწყოთ ლაპარაკი, რას გარგებთ, თუკი გამოცხადებით, ცოდნით, წინასწარმეტყველებით ან მოძღვრებით არაფერს გეტყვით? | 6 | ხოლო აწ, ძმანო, მო-თუ-ვიდე თქუენდა და ენათა ვიტყოდი, რაჲ-მე გარგო თქუენ, არა თუ გეტყოდი თქუენ გამოცხადებითა ანუ მეცნირებითა ანუ წანაწარმეტყუელებითა ანუ მოძღურებითა? |
7 | თვით უსულო საგნებიც კი, რომლებიც ხმას გამოსცემენ, ვთქვათ, სალამური ანდა ებანი, თუკი ბგერათა განსხვავებას ვერ გვაძლევენ, როგორ გავიგებთ, რას უკრავს სალამური ანდა ებანი? | 7 | ეგრეთვე უსულოთა მათ ჴმაჲ გამოსციან - ანუ თუ ნესტუმან ანუ ებანმან; უკუეთუ გამოცხადებაჲ ჴმათაჲ მათ ვერ გამოსცენ, ვითარ-მე საცნაურ იქმნეს სტჳნვაჲ იგი ანუ ებნაჲ? |
8 | თუკი საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საომრად? | 8 | და უკუეთუ საყჳრმან უჩინოდ ჴმაჲ გამოსცეს, ვინ-მე განემზადოს ბრძოლად? |
9 | ასევე თუ თქვენც გაურკვეველ სიტყვებს წარმოსთქვამთ ენით, როგორ გაიგებენ თქვენს ნათქვამს? ქარს ატანთ სიტყვებს. | 9 | ეგრეთცა თქუენ ენისა მიერ უკუეთუ არა-გამოცხადებულად სიტყუაჲ იგი გამოსცეთ, ვითარ საცნაურ იქნეს თქუმული იგი? რამეთუ იყვნეთ, ვითარცა ჰაერსა მეტყუელნი. |
10 | ასე მაგალითად, რამდენი სხვადასხვა სიტყვაა ამ ქვეყანაზე და არცერთი მათგანი არ არის უმნიშვნელო. | 10 | ესოდენნი სახენი თესლადნი ჴმათანი არიან სოფელსა შინა და არცა ერთი მათგანი არს უჴმო. |
11 | მაგრამ თუ სიტყვის მნიშვნელობა არ მესმის, მოლაპარაკისათვის მე უცხო ვარ და მოლაპარაკე უცხოა ჩემთვის. | 11 | უკუეთუ არა ვიცოდი ძალი იგი ჴმისაჲ მის, ვიყო მე მეტყუელისა მის ჩემისა ვითარცა სხუაჲ ენაჲ, და რომელი-იგი მეტყოდის მე - ვითარცა სხუაჲ ენაჲ. |
12 | ასევე თქვენც, სულიერ ნიჭთა მიმართ ლტოლვისას, ეცადეთ ეკლესიის ასაშენებლად გამდიდრდეთ მათი წყალობით. | 12 | ეგრეთცა თქუენ, ვინაჲთგან მოშურნე ხართ სულთა, აღსაშენებელად ეკლესიისა ეძიებდით, რაჲთა აღემატებოდით. |
13 | ამიტომ ენით მოლაპარაკემ ილოცოს, რომ განმარტებაც შეეძლოს. | 13 | ამისთჳსცა, რომელი იტყოდის ენითა, ილოცევდინ, რაჲთა გამო-ცა-თარგმანოს. |
14 |
ვინაიდან როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, გონება კი უნაყოფოა. |
14 | რამეთუ უკუეთუ ვილოცვიდე ენითა, სული ჩემი ილოცავს, ხოლო გონებაჲ ჩემი უნაყოფო არს. |
15 | რა ვქნა? თუ სულით ვლოცულობ, გონებითაც ვილოცებ, ხოლო თუ სულით ვგალობ, გონებითაც ვიგალობებ. | 15 | აწ უკუე რაჲ არს? ვილოცვიდე თუ სულითა, ვილოცვიდე გონებითაცა; ვგალობდე თუ სულითა, ვგალობდე გონებითაცა. |
16 | რადგანაც თუ სულით აკურთხებ, როგორ თქვას უმეცარმა მსმენელმა შენი კურთხევისას „ამინ“, თუკი არ ესმის, რას ამბობ? | 16 | ხოლო უკუეთუ აკურთხევდე სულითა, რომელი-იგი აღასრულებდეს ადგილსა მას უცბისასა, ვითარ-მე თქუას „ამინი“ შენსა მას ზედა მადლობასა? ვინაჲთგან რასა-იგი იტყჳ, არა იცის. |
17 | კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვას კი ვერ აშენებ. | 17 | რამეთუ შენ სამე კეთილად ჰმადლობ, არამედ მოყუასი შენი არა აღეშენების. |
18 | ვმადლობ ღმერთს ჩემსას, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით. | 18 | ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა, რამეთუ უფროჲს თქუენ ყოველთასა ენათა ვიტყჳ. |
19 | მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში მხოლოდ ხუთი სიტყვა ვთქვა გონებით, რათა სხვებსაც გავაგებინო, ვიდრე ურიცხვი სიტყვა წარმოვთქვა ენით. | 19 | არამედ ეკლესიასა შინა მნებავს ხუთ სიტყუა გონებითა ჩემითა სიტყუად, რაჲთა სხუათაცა უმოძღურო, ვიდრე ბერთა სიტყუათა ენითა. |
20 | ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ - სრულწლოვანნი გონებით. | 20 | ძმანო, ნუ ყრმა იქმნებით გონებითა, არამედ ბოროტისათჳს ყრმა იყვენით, ხოლო გონებითა სრულ იყვენით. |
21 | რჯულში სწერია: „უცხო ენებითა და უცხო ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს, მაგრამ მაშინაც არ მომისმენენ, ამბობს უფალი“. | 21 | რამეთუ შჯულსა წერილ არს, ვითარმედ: უცხოჲთა ენითა და ბაგითა უცხოჲთა ვეტყოდი ერსა ამას, და არცაღა ესრეთ ისმინონ ჩემი, იტყჳს უფალი. |
22 | ამრიგად, ენები მორწმუნეთათვის კი არაა ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის, წინასწარმეტყველება კი - მორწმუნეთათვის და არა ურწმუნოთათვის. | 22 | ამისთჳსცა ენანი სასწაულად არიან არა მორწმუნეთათჳს, არამედ ურწმუნოთათჳს; ხოლო წანაწარმეტყუელებაჲ არა ურწმუნოთათჳს, არამედ მორწმუნეთათჳს. |
23 | მთელი ეკლესია რომ ერთად შეიყაროს და ყველა სხვადასხვა ენაზე მოჰყვეს ლაპარაკს, ამ დროს კი შემოვიდნენ უმეცარნი და ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილანო? | 23 | აწ უკუეთუ შეკრბეს ყოველი კრებული ერთბამად, და ყოველნი ენითა იტყოდიან, და შევიდენ ვინმე ურწმუნონი გინა უცებნი, არა-მე თქუანა, ვითარმედ: სცთებით გინა ჰბორგთ? |
24 | მაგრამ როდესაც ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვიდეს ვინმე ურწმუნო, ანდა უვიცი, ყველა მას ამხელს და განიკითხავს. | 24 | ხოლო უკუეთუ ყოველნი წანაწარმეტყუელებდენ, და შე-ვინმე-ვიდეს ურწმუნოჲ გინა უცები, ეხმილოს ყოველთა მიერ, განიკითხოს ყოველთა მიერ. |
25 | ასე გამჟღავნდება მისი გულის საიდუმლო, პირქვე დაემხობა, თაყვანს სცემს ღმერთს და იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორისაა ღმერთი. | 25 | და ესრეთ დაფარულნი გულისა მისისანი განცხადნენ, და ესრეთ დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცეს ღმერთსა და აღიაროს, ვითარმედ: ნანდჳლვე ღმერთი თქუენ შორის არს. |
26 | მაშ, რა ვქნათ, ძმანო? როდესაც იკრიბებით, თვითეულ თქვენგანს თანა აქვს ფსალმუნი, აქვს მოძღვრება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება, - ყოველივე ეს ასაშენებლად იყოს. | 26 | რაჲ-მე უკუე არს, ძმანო? რაჟამს შეჰკრბეთ ერთბამად, კაცად-კაცადსა თქუენსა ფსალმუნი აქუს, მოძღურებაჲ აქუს, გამოცხადებაჲ აქუს, თარგმანებაჲ აქუს, ენათა მეტყუელებაჲ აქუს, - ყოველივე ესე აღსაშენებელად იქმნებოდენ. |
27 | თუ ვინმე ლაპარაკობს ენით, ილაპარაკოს ორმა, ან, დიდი-დიდი, სამმა, რიგრიგობით, ერთმა კი განმარტოს. | 27 | უკუეთუ ენითა ვინმე იტყოდის, ორნი გინა თუ უმრავლეს სამნი, და ერთი გამოსთარგმანებდინ. |
28 | ხოლო თუ არავინაა განმმარტებელი, სიჩუმე იყოს ეკლესიაში და ყველა თავის თავს ან ღმერთს ელაპარაკოს. | 28 | ხოლო უკუეთუ არა იყოს თარგმანი, დუმენინ ეკლესიასა შინა, თავსსა თჳსსა ეტყოდენ და ღმერთსა. |
29 |
წინასწარმეტყველთაგან ილაპარაკოს ორმა ან სამმა, დანარჩენებმა კი განსაჯონ. |
29 | ხოლო წანაწარმეტყუელნი ორნი გინა სამნი იტყოდედ, და სხუანი იგი სცნობედ. |
30 | ხოლო თუ მჯდომარეთაგან ვინმეს მიეცემა გამოცხადება, პირველი დადუმდეს. | 30 | უკუეთუ სხუასა გამოეცხადოს მუნ მჯდომარეთაგანსა, პირველი იგი დუმენინ. |
31 | რადგანაც ყველას შეგიძლიათ ერთიმეორის მიყოლებით იწინასწარმეტყველოთ, რათა ყველამ ისწავლოს და ნუგეშცემულ იქნეს. | 31 | რამეთუ შემძლებელ ხართ ესრეთ თითოეულად ყოველნი წანაწარმეტყუელებად, რაჲთა ყოველნი ნუგეშინის-ცემულ იყვნენ. |
32 | წინასწარმეტყველთა სულები წინასწარმეტყველებს ჰმორჩილებენ. | 32 | და სულები წანაწარმეტყუელთა ისწავებდენ და ყოველნი დაემორჩილენ, |
33 | რადგანაც ღმერთი აშლილობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა; ასეა წმიდათა ყველა ეკლესიაში. | 33 | რამეთუ არა არს ღმერთი შფოთისაჲ, არამედ მშჳდობისაჲ, ვითარცა-იგი ყოველთა ეკლესიათა წმიდათასა. |
34 | ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც. | 34 | დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ, რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს. |
35 | ხოლო თუ რისიმე სწავლა სურთ, ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგანაც ქალისთვის საძრახისია ეკლესიაში ლაპარაკი. | 35 | ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ: რამეთუ საძაგელ არს დედათაჲ ეკლესიასა შინა ზრახვად. |
36 | განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია? | 36 | ანუ თქუენ მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ გამოვიდა? ანუ თქუენდამდე ხოლო მიიწია? |
37 | ვისაც წინასწარმეტყველად ან სულიერად მიაჩნია თავი, მიხვდეს, რომ რასაც გწერთ, უფლის მცნებაა. | 37 | უკუეთუ ვისმე ეგონოს თავი თჳსი წანაწარმეტყუელ გინა სულიერ, უწყოდენ, რომელსა-ესე მივსწერ თქუენდა, რამეთუ უფლისანი არიან მცნებანი. |
38 | ხოლო ვისაც არ ესმის, ნუ ესმის. | 38 | ხოლო უკუეთუ ვინმე უმეცარ არს, უმეცარ იყავნ. |
39 | მაშ, წინასწარმეტყველებას ესწრაფეთ, ძმანო, მაგრამ ნურც ენებით ლაპარაკს აიკრძალავთ. | 39 | ვინაჲცა, ძმანო ჩემნო, გშურდინ წანაწარმეტყუელებად და სიტყუად ენათა ნუ დაეყენებით. |
40 | მხოლოდ ყველაფერი ისე იყოს, როგორც წესი და რიგია. | 40 | ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ. |