ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
თქვენ კი გაუწყებთ, ძმანო, სახარებას, რომელიც მიიღეთ ჩემი ხარებით და რომელშიც დგახართ. |
1 |
ხოლო გაუწყებთ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი გახარე თქუენ, რომელცა-იგი მიგიღებიეს, რომელსაცა ზედა სდგათ. |
2 | მისითვე ცხონდებით, თუკი ისე ინახავთ სიტყვას, როგორც გახარეთ, და თუ ამაოდ არ ირწმუნეთ. | 2 | რომლითაცა სცხონდებით, რომელი სიტყუაჲ გახარე თქუენ, უკუეთუ გაჴსოვს, გარნა თუ ცუდად რაჲმე გრწმენა. |
3 | რადგანაც თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე მივიღე, რომ ქრისტე, წერილის მიხედვით, ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა, | 3 | რამეთუ მიგეც თქუენ პირველად, რომელცა-იგი მოვიღე, რამეთუ ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათჳს, ვითარცა წერილ არს, |
4 | დაკრძალულ იქნა და, წერილისავე მიხედვით, მესამე დღეს აღდგა, | 4 | და რამეთუ დაეფლა და რამეთუ აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს, |
5 | და გამოეცხადა კეფას, მერე კი - თორმეტს; | 5 | და რამეთუ ეჩუენა კეფას და მერმე ათერთმეტთა მათ, |
6 | ხოლო შემდეგ ერთდროულად ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას რომელთა უმრავლესობა დღესაც ცოცხალია, ზოგმა კი განისვენა; | 6 | და მერმე ეჩუენა უმრავლეს ხუთასისა ძმათა ერთ-გზის, რომელთაგანნი უმრავლესნი ცოცხალ არიან აქამომდე და რომელთამე შეისუენეს, |
7 | მერე ეჩვენა იაკობს, შემდეგ კი - ყველა მოციქულს; | 7 | მერმე ეჩუენა იაკობს და მერმე მოციქულთა ყოველთა, |
8 | ხოლო ყველაზე ბოლოს მეც მეჩვენა, როგორც უდღეურს. | 8 | უკუანაჲსკნელ ყოველთასა, ვითარცა ნარჩევსა, მეჩუენა მეცა. |
9 | რადგანაც უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და არა ვარ მოციქულად წოდების ღირსი, ვინაიდან ვსდევნიდი ღვთის ეკლესიას. | 9 | რამეთუ მე ვარ ნარჩევი მოციქულთაჲ, რომელი არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად, რამეთუ ვსდევნიდ ეკლესიათა ღრმთისათა. |
10 | მაგრამ ღვთის მადლით, ისა ვარ, რაცა ვარ, და მისი მადლი ჩემდამი არ ყოფილა ფუჭი, რადგანაც ყველა მათგანზე მეტი ვიღვაწე, თუმცა მე კი არა, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც არის ჩემთან. | 10 | ხოლო მადლითა ღმრთისაჲთა ვარ, რაჲ-იგი ვარ; და მადლი იგი მისი, რომელი ჩემდა მომართ იყო, არა ცუდად რაჲ იყო, არამედ უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ; არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა. |
11 | ამრიგად, მეც და ისინიც ასე ვქადაგებთ და ასევე ირწმუნეთ თქვენც. | 11 | აწ უკუე გინა თუ მე, გინა თუ იგინი ესრეთ ვქადაგებთ, და ესრეთ გრწმენა თქუენ. |
12 | ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, რომ არ არის მკვდრეთით აღდგომა? | 12 | ხოლო უკუეთუ ქრისტე იქადაგების, ვითარმედ მკუდრეთით აღდგომილ არს, ვითარ იტყჳან ვინმე თქუენ შორის, ვითარმედ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს? |
13 | თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, მაშინ არც ქრისტე აღმდგარა. | 13 | უკუეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს. |
14 | ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც. | 14 | უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი. |
15 | მაშინ ჩვენ ცრუმოწმენი ვყოფილვართ ღვთის მიმართ, რადგანაც ვმოწმობთ, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუკი მართლა არ აღდგებიან მკვდრები. | 15 | ვიპოვენით უკუე ცრუ-მოწამეცა ღმრთისა, რამეთუ ვწამებთ ღმრთისათჳს, ვითარმედ აღადგინა ქრისტე, რომელი არა აღადგინა, უკუეთუ ნანდჳლვე მკუდარნი არა აღდგებიან. |
16 |
ვინაიდან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. |
16 | რამეთუ უკუეთუ მკუდარნი არა აღდგებიან, არცა ქრისტე აღდგომილ არს. და უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი; |
17 | ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა: ჯერ კიდევ თქვენსავ ცოდვებში ხართ. | 17 | ცოდვათავე სამეღა შინა თქუენთა ხართ აქამომდე. |
18 | და ისინიც წარწყმედილან, ვინც განისვენა ქრისტეში. | 18 | და შესუენებულნი იგი ქრისტეს მიერ წარ-ვე სამე-წყმდენ. |
19 | თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, კაცთა შორის ყველაზე საწყალობელნი ვყოფილვართ. | 19 | უკუეთუ ამას ხოლო ცხორებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალობელეს ყოველთა კაცთასა ვართ. |
20 | მაგრამ აწ აღდგა მკვდრეთით ქრისტე, განსვენებულთა პირმშო. | 20 | ხოლო აწ ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა. |
21 | ვინაიდან როგორც კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ - მკვდრეთით აღდგომაც. | 21 | რამეთუ კაცისა მიერ იყო სიკუდილი, და კაცისა მიერ - აღდგომაჲ მკუდართაჲ. |
22 | და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა. | 22 | და ვითარცა-იგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ. |
23 | მაგრამ თვითეული თავისი წესით: ჯერ პირმშო - ქრისტე, შემდეგ კი - ქრისტესნი, მისი მოსვლისას. | 23 | ხოლო თჳთოეული თჳსითა წესითა: პირველად ქრისტე და მერმე ქრისტესნი იგი მოსვლასა მას მისსა. |
24 | და ბოლოს, დასასრული, როცა სუფევას გადასცემს ღმერთსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველგვარ მთავრობას, ხელმწიფებას და ძალს. | 24 | მაშინღა აღსასრული, რაჟამს მოსცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა, რაჟამს განაქარვნეს ყოველნი მთავრობანი და ყოველნი ჴელმწიფებანი და ძალნი. |
25 | რადგანაც მას მართებს სუფევა, ვიდრე ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის მტრებს. | 25 | რამეთუ ჯერ-არს მისა სუფევაჲ, ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა. |
26 | და განქარდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი. | 26 | უკუანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს - სიკუდილი, |
27 | რადგანაც ღმერთმა ყველაფერი მას დაუმორჩილა და ფეხქვეშ დაუმხო. ხოლო რაკი ითქვა, რომ ყველაფერი მას ემორჩილება, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას. | 27 | რამეთუ ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა. ხოლო რაჟამს თქუას, ვითარმედ: ყოველივე დაამორჩილა, ცხად არს, რამეთუ თჳნიერ მისა, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი. |
28 | ხოლო როდესაც ყველაფერს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას, რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში. | 28 | ხოლო რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი, რაჲთა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა. |
29 | თორემ რას იზამენ მკვდრებისთვის ნათელღებულნი? თუკი მკვდრები არ აღდგებიან, რატომღა ინათლებიან იმათთვის? | 29 | უკუეთუ არა, რაჲ-მე ყონ, რომელნი-იგი ნათელს-იღებენ მკუდართათჳს? უკუეთუ ყოვლად მკუდარნი არა აღდგებიან, რაჲსაღა ნათელს-იღებენ მკუდართათჳს? |
30 |
ან ჩვენ რისთვისღა გვემუქრება საფრთხე ყოველ წამს? |
30 | ანუ ჩუენ რაჲსა-მე-ღა ვიჭირვით ყოველსა ჟამსა? |
31 | მე ყოველდღე ვკვდები, ვფიცავ თქვენს სიქადულს, ძმანო, რომელიც მაქვს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. | 31 | მარადღე მოვკუდები, ვფუცავ თქუენსა სიქადულსა, რომელ მაქუს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა. |
32 | თუ ეფესოში კაცურად ვებრძოდი მხეცებს, რას მარგებს, თუკი მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგანაც ხვალ აღარ ვიქნებით. | 32 | უკუეთუ კაცობრივ მჴეცთა ბრძოლა-ვყავ ეფესოს, რაჲ-მე სარგებელ არს ჩემდა, უკუეთუ მკუდარნი არა აღდგენ? ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვსწყდებით! |
33 | ნუ შეცდებით: უკეთური ურთიერთობანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვევებს. | 33 | ნუ სცთებით: განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი. |
34 | ჯეროვნად იფხიზლეთ და ნუ სცოდავთ, ვინაიდან ზოგიერთი თქვენგანი არც იცნობს ღმერთს. თქვენდა სარცხვენად ვამბობ. | 34 | განიფრთხვეთ სიმართლით და ნუ სცოდავთ; რამეთუ უმეცრებაჲ ღმრთისაჲ ვიეთმე აქუს, საკდემელად თქუენდა ვიტყჳ. |
35 | მაგრამ მავანი იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ? | 35 | არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: ვითარ-მე აღდგენ მკუდარნი? ანუ რომლითა-მე ჴორცითა მოვიდენ? |
36 | უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა. | 36 | უგუნურო, შენ, რომელი დასთესი, არა ცხოვნდის, ვიდრემდე არა მოკუდის. |
37 | და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს, სულერთია, იქნება ეს პურისა თუ სხვა მარცვლეულის თესლი. | 37 | და რომელი-იგი დასთესი, არა თუ იგი გუამი რომელ ყოფად არნ დასთესი, არამედ შიშუელი მარცუალი გინა თუ იფქლისაჲ, ანუ თუ სხუაჲ რომელიმე თესლი. |
38 | მაგრამ ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორიც ნებავს, თვითეულ თესლს - საკუთარ სხეულს. | 38 | ხოლო ღმერთმან მოსცის მას გუამი, ვითარცა უნებნ, და თჳთოეულსა თესლსა თჳსი გუამი. |
39 | ყოველი ხორცი ერთი და იგივე ხორცი როდია, არამედ სხვაა კაცთა ხორცი და სხვა - პიურტყვთა ხორცი, სხვა - თევზებისა, სხვა - ფრინველების. | 39 | არა ყოველი ჴორცი ერთ ჴორც არს, არამედ სხუა არს კაცთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს პირუტყუთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს მფრინველთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს თევზთაჲ, |
40 | არიან სხეულნი ზეციურნი და სხეულნი მიწიერნი, მაგრამ სხვაა ზეციერთა დიდება და სხვა - მიწიერთა. | 40 | და ჴორცნი იგი ზეცისათანი და ჴორცნი იგი ქუეყანისათანი; არამედ სხუა არს ზეცისათა მათ დიდებაჲ და სხუა არს ქუეყანისათაჲ. |
41 | სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა - ვარსკვლავების; და თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით. | 41 | სხუაჲ დიდებაჲ არს მზისაჲ და სხუა დიდებაჲ არს მთოვარისაჲ და სხუაჲ დიდებაჲ არს ვარსკულავთაჲ; რამეთუ ვითარცა-იგი ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა, |
42 | ასევე მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელობით. | 42 | ეგრეთცა აღდგომაჲ მკუდართაჲ, დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით; |
43 | ითესება დამცირებით, აღდგება დიდებით; ითესება უძლურებით, აღდგება ძლიერებით. | 43 | დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით; დაეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით; |
44 | ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი; არის სხეული მშვინვიერი და არის სხეული სულიერი. | 44 | დაეთესვის ჴორცი მშჳნვიერი და აღდგების ჴორცი სულიერი. არს ჴორცი მშჳნვიერი და არს ჴორცი სულიერი. |
45 |
ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად“, უკანასკნელი ადამი კი - ცხოველმყოფელ სულად. |
45 | ეგრეთცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად, ხოლო უკუანაჲსკნელი ადამ - სულად განმაცხოველებელად. |
46 | მაგრამ პირველად არა სულიერი, არამედ მშვინვიერი, შემდეგ კი სულიერი. | 46 | არამედ არა პირველად სულიერი იგი, არამედ მშჳნვიერი, მაშინღა სულიერი. |
47 | პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი. | 47 | პირველი იგი კაცი ქუეყანისაგან მიწისაჲ, ხოლო მეორე იგი კაცი უფალი ზეცით. |
48 | როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი. | 48 | ვითარცა-იგი მიწისაგანი, ეგრეთცა მიწისაგანნი, და ვითარცა იგი ზეცისაჲ, ეგრეთცა ზეცისაგანნი იგი. |
49 | და როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც. | 49 | და ვითარცა იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისაჲ, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცისაგანისაჲ. |
50 | ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას. | 50 | ხოლო ამას ვიტყჳ, ძმანო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისაჲ დამკჳდრებად ვერ ძალ-უც, არცა ხრწნილებამან უხრწნელებაჲ დაიმკჳდროს. |
51 | აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, - | 51 | აჰა ესერა საიდუმლოსა გითხრობ თქუენ: ყოველთავე უკუე არა შევისუენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ |
52 | ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი; რადგანაც ახმიანდება და მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. | 52 | მეყსა შინა წამსა თუალისა უკუანაჲსკნელითა მით საყჳრითა, რამეთუ საყჳრსა დაეცეს, და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი, და ჩუენ განვახლდეთ. |
53 | რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება. | 53 | რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ, და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ. |
54 | ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელობას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: „დაინთქა სიკვდილი ძლევით; | 54 | ხოლო რა ჟამს განხრწნადმან ამან შეიმოსოს უხრწნელებაჲ და მოკუდავმან ამან შეიმოსოს უკუდავებაჲ, მაშინ აღესრულოს სიტყუაჲ იგი წერილისაჲ: დაინთქა სიკუდილი ძლევითა. |
55 | სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?“ | 55 | სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი? |
56 | ხოლო სიკვდილის ნესტარი ცოდვაა, ცოდვის ძალა კი - რჯული. | 56 | რამეთუ საწერტელ სიკუდილისა - ცოდვაჲ, ხოლო ძალ ცოდვისა - შჯული. |
57 | მაგრამ მადლობა ღმერთს რომელმაც მოგვცა ძლევა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. | 57 | ხოლო ღმერთსა მადლი, რომელმან მომცა ჩუენ ძლევაჲ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა. |
58 | ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, მტკიცენი იყავით, ურყევნი და უფლის საქმეში მარად მოუღლელნი; იცოდეთ, რომ თქვენი შრომა ფუჭი როდია უფლის წინაშე. | 58 | ამიერითგან, ძმანო ჩემნო საყუარელნო, მტკიცე იყვენით და შეურყეველ და ჰმატებდით საქმესა უფლისასა. მარადის უწყოდეთ, რამეთუ შრომაჲ ეგე თქუენი არა ცუდად იყოს უფლისა მიერ. |