ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ

თავი მეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ხოლო რაც შეეხება იმას, რის გამოც მწერდით, კაცისთვის კარგი იქნება, თუ არ გაეკარება ქალს.

1

ხოლო რომლისათჳს-იგი მოსწერეთ ჩემდა, უმჯობეს არს კაცისა დედაკაცისა შე-ვე არა-ხებაჲ.

2 მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს - თავისი ქმარი. 2 ხოლო სიძვისათჳს, კაცად-კაცადსა თჳსი ცოლი ესჳნ, და თჳთეულსა თჳსი ქმარი ესჳნ.
3 ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი - ქმარს. 3 ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეთცა ცოლი - ქმარსა.
4 ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი. 4 ცოლი თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი; ეგრეთცა და ქმარიცა თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი.
5 ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო. 5 ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაჲმე, ჟამ რაოდენმე, რაჲთა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად; და კუალად ურთიერთასვე იყვენით, რაჲთა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა.
6 თუმცა ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანების ნიშნად. 6 ხოლო ამას ვიტყჳ შენდობით, არა თუ ბრძანებით.
7 რადგანაც მინდა, რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს, თუმცა ყველას თავისი მადლი აქვს ღვთისაგან, ზოგს - ასე, ზოგს - ისე. 7 რამეთუ მნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად, ვითარცა თავი ჩემი; არამედ კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს ღმრთისაგან, რომელსამე ესრეთ და რომელსამე ეგრეთ.
8 დაუქორწინებლებსა და ქვრივებს კი ვეტყვი: ურჩევნიათ ჩემსავით დარჩნენ. 8 ვეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: კეთილ არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე.
9 მაგრამ თუ თავშეკავება არ შეუძლიათ, უმჯობესია იქორწინონ, რადგანაც ქორწინება სჯობს წვასა და დაგვას. 9 ხოლო უკუეთუ ვერ დაითმენენ, იქორწინნედ; რამეთუ უმჯობეს არს ქორწინებაჲ, ვიდრე განჴურვებაჲ.
10 ხოლო დაქორწინებულთ მე კი არ ვუბრძანებ, არამედ უფალი: ცოლი ნუ გაეყრება ქმარს. 10 ხოლო ქორწინებულთა მათ ვამცნებ არა მე, არამედ უფალი: ცოლსა ქმრისაგან არა განშორებად.
11 მაგრამ თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ან ქმარს შეურიგდეს; და ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს. 11 ხოლო უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქორწინებელად, გინა ქმარსავე დაეგენ; და ქმარი ცოლსა ნუ დაუტევებნ.
12 დანარჩენებს კი მე ვეუბნები და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ქალი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას. 12 ხოლო სხუათა მათ ვეტყჳ მე, არა უფალი: უკუეთუ ძმასა ვისმე ესუას ცოლი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტეობნ ცოლსა მას.
13 ასევე ცოლიც, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და კაცი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას. 13 და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტევებნ ქმარსა მას.
14 რადგანაც ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი - მორწმუნე ქმრისაგან. თორემ თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან. 14 რამეთუ განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმინდების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა. უკუეთუ არა, შვილნიმცა თქუენნი არა-წმიდა იყვნეს, ხოლო აწ წმიდა არიან.
15

ხოლო თუ ურწმუნოს გაყრა სურს, დე, გაეყაროს. ამ შემთხვევაში დასაც და ძმასაც გზა ხსნილი აქვთ, ვინაიდან მშვიდობისთვის გვიხმო უფალმა.

15 ხოლო უკუეთუ ურწმუნოჲ იგი განეყენებოდის, განეყენენ; არა დამონებულ არს ძმაჲ იგი გინა დაჲ იგი ესევითართა მათ, რამეთუ მშჳდობასა გჳწოდნა ჩუენ ღმერთმან.
16 რა იცი, ქალო, იხსნი თუ არა ქმარს? ან შენ რა იცი, კაცო, იხსნი თუ არა ცოლს? 16 რამეთუ რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი?
17 არამედ ყველა მოიქცეს ისე, როგორც განუწესა ღმერთმა და როგორც იხმო უფალმა. ამასვე ვუწესებ ყველა ეკლესიას. 17 არამედ კაცად-კაცადსა ვითარცა განუყო ღმერთმან, და კაცად-კაცადი, ვითარცა იჩინა უფალმან, ეგრეთცა ვიდოდენ. და ესრეთვე ყოველთა ეკლესიათა უბრძანებ.
18 წინადაცვეთილად იხმო ვინმე? ნუ დამალავს თავის წინადაცვეთილობას. წინადაუცვეთლად იხმო ვინმე? ნუ წინადაიცვეთს. 18 წინადაცუეთილი თუ ვინმე იჩინა, ნუ იურვინ; წინადაუცუეთელი თუ ვინმე იჩინა, ნუ წინადაიცუეთნ.
19 წინადაცვეთილობაც არაფერია და წინადაუცვეთელობაც; მხოლოდ ღვთის მცნებათა დაცვაა ყველაფერი. 19 წინადაცუეთილებაჲ არარაჲ არს და წინადაუცუეთელებაჲ არარაჲვე არს, არამედ დამარხვაჲ მცნებათა ღმრთისათაჲ.
20 ყველა დარჩეს იმად, რადაც იქნა ხმობილი. 20 კაცად-კაცადი ჩინებითა მით, რომლითაცა იჩინა, მას ზედაცა ეგენ.
21 მონად ხარ ხმობილი? ნუ სწუხარ. მაგრამ თუ შეგიძლია მოიპოვო თავისუფლება, უმალვე ისარგებლე ამით. 21 მონაჲ თუ იჩინე, ნურაჲ გეურვებინ; არამედ დაღათუ ძალ-გედვას განთავისუფლებად, უფროჲსღა იჴუმიე.
22 რადგანაც უფლის მიერ მონად ხმობილი აზატია უფლისა, ისევე, როგორც თავისუფლად ხმობილი - ქრისტეს მონაა. 22 რამეთუ, რომელი უფლისა მიერ იჩინოს მონაჲ, უფლისა მიერ განთავისუფლებულ არს; ეგრეთცა აზნაური, რომელი იჩინოს, მონაჲ არს ქრისტესი.
23 სასყიდლითა ხართ ნაყიდნი და ნუ იქცევით კაცთა მონებად. 23 სასყიდლით საყიდულ ხართ, ნუ იქმნებით მონა კაცთა.
24 ვინც რა წოდებით არის ხმობილი, იმადვე დარჩეს, ძმანო, ღვთის წინაშე. 24 კაცად-კაცადი რომლითაცა იჩინა, ძმანო, მას ზედაცა ეგენ ღმრთისა მიერ.
25 უქორწინებელთათვის კი არ მიმიღია უფლის ბრძანება, არამედ მხოლოდ რჩევას ვიძლევი, როგორც უფლის მიერ შეწყალებული, რათა შევირაცხო სარწმუნოდ. 25 ხოლო ქალწულთათჳს ბრძანებაჲ უფლისა მიერ არა მაქუს; ხოლო ვაზრახებ, ვითარცა შეწყალებული უფლისა მიერ, სარწმუნო ყოფილ.
26 მე მგონია, ახლანდელ გასაჭირში კაცისთვის უმჯობესია ისე დარჩეს, როგორც არის. 26 მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ: ესე კეთილ არს მოწევნულისა მისთჳს ურვისა, რამეთუ უმჯობეს არს კაცისა, ესრეთ თუ იყოს.
27 ცოლიანი ხარ? ნუ ეძებ ცოლთან გაყრას. ცოლგანაშვები ხარ? ნუ ეძებ ცოლს. 27 შე-თუ-ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ; თავისუფალ თუ ხარ ცოლისაგან, ნუ ეძიებ ცოლსა.
28 მაგრამ თუ იქორწინებ, არ შესცოდავ, და თუ ქალწული გათხოვდება, არც ის შესცოდავს; მაგრამ ამნაირნი თავს იდებენ ურვას ხორცისას, მე კი არ მეთმობით თქვენ. 28 იქორწინე თუ, არაჲ სცოდე; და თუ იქორწინოს ქალწული, არაჲ ცოდა. ჭირი ჴორცთაჲ თავს-იდვიან ეგევითართა მათ; ხოლო მე თქუენ გერიდები.
29

აი, რას გეტყვით ძმანო: უკვე იწურება ჟამი; ამიტომ ცოლიანები ისე იყავით, როგორც უცოლონი,

29 ხოლო ამას გეტყჳ, ძმანო, ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან; და რაჲთა რომელთა ესხნენ ცოლ, ესრეთ იყვნენ, ვითარმცა არა ესხნეს;
30 თვალცრემლიანნი - როგორც უცრემლონი; მოხარულნი - როგორც გაუხარელნი და მქონენი - როგორც არას მქონენი; 30 და რომელნი ტიროდინ, ვითარმცა არა ტიროდეს; და რომელთა უხაროდის, ვითარმცა არა უხარის; და რომელნი იყიდდენ, ვითარმცა არაჲ აქუნდა;
31 ამ ქვეყნით მოსარგებლენი კი - როგორც მოზარალენი, ვინაიდან წარმავალია საწუთროს ხატი. 31 და რომელი იმსახურებდენ სოფელსა ამას, ვითარმცა არა იმსახურებენ, რამეთუ წარმავალს არს ხატი ამის სოფლისაჲ.
32 მე მინდა, უზრუნველნი იყოთ; უცოლო უფლისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს უფალს. 32 და მნებავს თქუენი, რაჲთა უზრუნველ იყვნეთ. უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს უფალსა,
33 ცოლიანი კი ქვეყნისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს ცოლს. 33 ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს ცოლსა.
34 განსხვავებაა გათხოვილსა და გაუთხოვარს შორისაც: გაუთხოვარი უფლისას ზრუნავს, რათა სულითაც და ხორცითაც წმიდა იყოს; გათხოვილი კი ქვეყნისას ზრუნავს, რათა აამოს ქმარს. 34 განყოფილ არს დედაკაციცა იგი და ქალწული. უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, რაჲთა იყოს წმიდა ჴორცითაცა და სულითაცა; ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს ქმარსა.
35 ამას გეუბნებით თქვენსავე სარგოდ: იმიტომ კი არა, რომ ქამანდი მოგდოთ, არამედ იმიტომ, რომ განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ მსახურებდეთ უფალს. 35 ხოლო ამას თქუენისა უმჯობესისათჳს ვიტყჳ, არა რაჲთა საფრჴე დაგიგო თქუენ, არამედ შუენიერად და კეთილად დადგრომად უფლისა მიმართ უზრუნველად.
36 ხოლო ვისაც ეთაკილება, რომ მისი საქორწინოდ შეღერებული ქალი გაუთხოვარი დარჩეს, როგორც ნებავს, ისე მოიქცეს: არ შესცოდავს, თუ ქმარს გააყოლებს. 36 უკეთუ ვისმე სარცხჳნელ უჩნდეს ქალწულებაჲ თჳსი, იყოს თუ გარდასრულ, და ეგრეთ ჯერ-უჩნდეს ყოფად, რომელი უნდეს, ყავნ, არა ცოდავს; იქორწინნედ.
37 ხოლო ვინც ურყევად დგას და მტკიცედ გადაუწყვეტია გულში, არა როგორც აუცილებლობით იძულებულს, არამედ თავისი ნების ბატონ-პატრონს, - დაიცვას თავისი ასულის ქალწულობა, კარგად იქცევა. 37 ხოლო რომლისასა დამტკიცებულ არს გულსა მისსა მტკიცედ და არა აქუს ურვაჲ და ჴელმწიფებაჲ აქუს თჳსსა ნებასა ზედა და ესე განაჩინა გულსა შინა თჳსსა დამარხვად თჳსი ქალწულებაჲ, კეთილად ჰყოფს.
38 ასე რომ, ვინც ათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, მაგრამ ვინც არ ათხოვებს, კიდევ უფრო უკეთ იქცევა. 38 და რომელმან იქორწინოს თჳსი იგი ქალწულებაჲ, კეთილად ჰყოფს. ხოლო რომელმან არა იქორწინოს, უმჯობესსა ჰყოფს.
39 ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს, მხოლოდ უფლის მიერ. 39 დედაკაცი შეკრულ არს შჯულითა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს ქმარი მისი. ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, თავისუფალ არს, უნდეს თუ ქორწინებაჲ, გარნა ხოლო უფლისა მიერ.
40 მაგრამ უფრო ბედნიერი იქნება, თუ ისე დარჩება, როგორც მე ვურჩევ. რადგანაც, ვფიქრობ, მეცა მაქვს ღვთის სული. 40 ხოლო უსანატრელეს არს, უკუეთუ ეგრეთ დაადგრეს ზრახებისა ჩემისაებრ. ვჰგონებ, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს მე.