ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი პეტრესი

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ასევე ცოლებიც დაემორჩილეთ ქმრებს, რათა თვით ისინიც კი, რომელნიც ეურჩებიან სიტყვას, შეძენილ იქნენ თავიანთი ცოლების ქცევით, სიტყვის გარეშე,

1 ეგრეთვე ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, რაჲთა დაღათუ ვინმე ურჩ არიან სიტყჳსა მის, დედათა სლვისა მისგან თჳნიერად სიტყჳსა შეიძინნენ,
2 როცა იხილავენ თქვენს უბიწო და ღვთისმოშიშ ქცევას. 2 ხედვიდენ რაჲ იგინი შიშით წმიდასა მას სლვასა თქუენსა,
3 დაე, თქვენი სამშვენისი ნუ იქნება გარეგნული იერი: თმაწნულობა, ოქროს სამკაულები თუ მორთულ-მოკაზმული სამოსი, 3 რომელი იყავნ არა გარეშითა მით განთხზვითა თმათაჲთა და შესხმითა ოქროჲსაჲთა, გინა შემოსითა სამოსლისაჲთა, შემკობაჲ,
4 არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე. 4 არამედ დაფარული იგი გულისა კაცი, უხრწნელითა მით მშჳდისა მის და მყუდროჲსა სულისა წესითა, რომელ არს წინაშე ღმრთისა ფრიად პატიოსან.
5 ასე იმკობდნენ თავს ოდესღაც ღვთისმოსავი წმიდა ქალები, რომლებიც ემორჩილებოდნენ თავიანთ ქმრებს. 5 რამეთუ ესრეთვე ოდესმე წმიდანი იგი დედანი, რომელნი ესვიდეს ღმერთსა, შეიმკობდეს თავთა თჳსთა და დამორჩილებულ იყვნეს თჳსთა ქმართა,
6 ასე დაემორჩილა სარაც და ბატონი უწოდა აბრაამს, ვისი შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ. 6 ვითარცა-იგი სარრა ერჩდა აბრაჰამს და უფლით ხადინ მას, რომლისა-იგი იქმნენით შვილ კეთილის მოქმედ და ნუ გეშინინ ნუცა ერთისა შიშისა.
7 და, თქვენც, ქმრებო, სათუთად მოეპყარით ცოლებს, როგორც უმყიფეს ჭურჭელს, და პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეთ, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ. 7 ქმარნი ეგრეთვე მსგავსად თანა-მკჳდრ ეყვენით შენდობით, ვითარცა უუძლურესსა ჭურჭელსა, დედათა მისცემდით პატივსა, ვითარცა თანა-მკჳდრთა მადლისა ცხორებისათა, რაჲთა არა დაჰბრკოლდებოდინ ლოცვასა თქუენსა.
8 და ბოლოს, ყველანი თანამოაზრენი, თანამლმობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარეაელნი და თავმდაბალნი იყავით. 8 ხოლო დასასრულსა ყოველნი ერთ-ზრახვა იყვენით, მოწყალე, ძმათ მოყუარე, შემწყნარებელ, მდაბალ.
9 ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხეთ წინააღმდგომნი, ვინაიდან იმისთვისა ხართ ხმობილნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ. 9 ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ, ნუცა გინებასა გინებისა წილ, არამედ წინააღმდგომსა აკურთხევდით და უწყოდეთ, რამეთუ ამისთჳს მებრ იჩინენით, რაჲთა კურთხევაჲ დაიმკჳდროთ.
10 რადგან ვისაც სურს უყვარდეს სიცოცხლე და იხილოს კეთილდღეობა, ნუ მისცემს ენას ბოროტის თქმის ნებას და ნურც მისი ბაგენი იტყვიან ზაკვას; 10 რამეთუ რომელსა ჰნებავს სიყუარული ცხორებისაჲ და ხილვად დღენი კეთილისანი, დააცხრვენ ენაჲ თჳსი ბოროტისაგან და ბაგენი მისნი ნუ იტყჳედ ზაკუვასა,
11 ერიდოს ბოროტს, აკეთოს სიკეთე, ეძიოს მშვიდობა და ელტვოდეს მას. 11 მოიქეცინ ბოროტისაგან, ქმენინ კეთილი, მოიძიენ მშჳდობაჲ და მისდევდინ მას,
12

რადგანაც უფლის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ, მისი ყური კი - მათი ლოცვა-ვედრების მიმართ, ხოლო მისი სახე რისხვით დაჰყურებს ბოროტმოქმედთ.

12 რამეთუ თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა, ხოლო პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ძჳრისათა.
13 ვინ შეგამთხვევთ ბოროტს, თუ კეთილს ესწრაფით? 13 და ვინ-მე არს ბოროტის მყოფელ თქუენდა, უკუეთუ თქუენ კეთილის მობაძავ იქმნენით?
14 მაგრამ, კიდევაც რომ ევნოთ სიმართლისათვის, ნეტარნი ხართ; მაშ, ნუ შიშობთ მათი შიშით და ნურცა ძრწით. 14 და დაღაცათუ გევნებოდის სიმართლისათჳს, ნეტარ ხარ, ხოლო შიშისა მის მათისაგან ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით.
15 არამედ უფალი ქრისტე წმიდა-ყავით თქვენს გულში და მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას. 15 არამედ უფალი ღმერთი წმიდა ყავთ გულთა შინა თქუენთა; განმზადებულ იყვენით მარადის სიტყჳს მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთჳს, სიმშჳდით და შიშით.
16 წრფელი იყოს თქვენი სინიდისი, რათა თვით იქაც კი, სადაც ბოროტი სიტყვით გახსენებენ როგორც ბოროტმოქმედთ, შერცხვენილნი დარჩნენ ისინი, ვინც გმობენ თქვენს კეთილ ქცევას ქრისტეში. 16 გონებაჲ გაქუნდინ კეთილი, რაჲთა, რომელნი-იგი ძჳრსა იტყოდიან თქუენთჳს, ვითარცა ძჳრის მოქმედთათჳს, ჰრცხუენოდის, რომელნი-იგი ჰმძლავრობდენ თქუენსა მას კეთილსა ქრისტეს მიერ სლვასა.
17 ვინაიდან, თუ ნებავს ღმერთს, უმჯობესია კეთილ საქმეთათვის ევნოთ, ვიდრე ბოროტთათვის. 17 რამეთუ უმჯობეს არს, კეთილსა თუ იქმოდით, ეგრე თუ ჯერ-უჩნდეს ნებასა ღმრთისასა ვნებაჲ თქუენი, ვიდრე-ღა არა ბოროტსა თუ იქმოდით.
18 რადგან ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მართალი - არამართალთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით, 18 რამეთუ ქრისტემანცა ერთ გზის ცოდვათა ჩუენთათჳს ივნო, მართალმან მან ცრუთათჳს, რაჲთა ჩუენ წარგუადგინნეს ღმრთისა, მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა,
19 რომლითაც მივიდა საპყრობილეში მყოფ სულებთან და უქადაგა მათაც, 19 რომლითაცა საპყრობილესა მას სულთა მივიდა და ქადაგა.
20 გაკერპებულნი რომ ურჩობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნოეს დროს მოელოდნენ ღვთის სულგრძელობას, ვიდრე იგებოდა კიდობანი, რომლითაც ცოტა, ესე იგი, მხოლოდ რვა სული გადაურჩა წარღვნას. 20 რომელნი-იგი ურჩ ოდესმე იყვნეს, რაჟამს ერთ გზის თავს-ედვა სულ-გრძელებასა მას ღმრთისასა დღეთა მათ ნოვესთა, შემზადებასა მას კიდობნისასა, რომელსა შინა მცირედნი, ესე იგი არს რვანი სულნი განერნეს წყლისაგან.
21 ეს იყო ხატება ნათლისღებისა, რაც ამჟამად გიხსნით (არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ) იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით, 21 რომლისა სახედ აწ თქუენცა გაცხოვნებს ნათლის-ღებაჲ, არა ჴორცთაგან განშორებაჲ მწინკულისაჲ, არამედ გონებისა კეთილისა ტრფიალებაჲ ღმრთისა მიმართ აღდგომითა იესუ ქრისტესითა,
22 რომელიც ცად ამაღლების შემდეგ დაჯდა მამის მარჯვნივ და დაემორჩილნენ მას ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი. 22 რომელი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელი აღმაღლდა ზეცად და დაემორჩილნეს მას ანგელოზნი, ჴელმწიფებანი და ძალნი.