ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი პეტრესი

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ხოლო თქვენს შორის ხუცესთა ვთხოვ, მე, თანახუცესი, ქრისტეს ვნებათა მოწმე და თანამოზიარე დიდებისა, რომელიც უნდა გაცხადდეს:

1

ხუცესთა მათ თქუენ შორის ვჰლოცავ, ვითარცა თანა-ხუცესი და მოწამე ვნებათა ქრისტესთაჲ, და მერმისა მის გამოჩინებადისა დიდებისა ზიარი; მწყსიდით თქუენ შორის სამწყსოსა მას ღმრთისასა.

2 მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით. 2 იღუწიდით ნუ იძულებით, არამედ ნეფსით, ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულს-მოდგინეთ.
3 ნუ ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს. 3 ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ მნეთა მათ, არამედ სახე ექმნენით სამწყსოსა მას.
4 და როცა მოვა სარქალი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ. 4 და გამოჩინებასა მას მწყემსთ მთავრისასა მოიღოთ დაუჭნობელი იგი დიდებისა გჳრგჳნი.
5 ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს. 5 ეგრეთვე ჭაბუკნი დაემორჩილენით მოხუცებულთა; და ყოველთავე ურთიერთას მორჩილებითა სიმდაბლე შეიმოსეთ, რამეთუ ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.
6 მაშ, დამდაბლდით ღვთის მტკიცე ხელქვეშ, რათა დროულად აგამაღლოთ თქვენ. 6 და-უკუე-მდაბლდით წინაშე მტკიცესა ჴელსა ღმრთისასა, რაჲთა აღგამაღლნეს თქუენ ჟამსა თჳსსა.
7 მას მიანდეთ ყოველი თქვენი საზრუნავი, რადგანაც ის ზრუნავს თქვენზე. 7 ყოველივე ზრუნვაჲ თქუენი მიუტევეთ მას, რამეთუ იგი იღუწის თქუენთჳს.
8 იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს. 8 განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა.
9 წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად. 9 რომელსა წინა-აღუდეგით მტკიცენი სარწმუნოებითა, უწოდეთ, იგივე ვნებათაჲ მათ ამას სოფელსა შინა ძმობასა მას თქუენსა აღასრულებდით.
10 ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ. 10 ხოლო ღმერთმან ყოვლისა მადლისამან, რომელმან გიჩინნა თქუენ საუკუნესა მას დიდებასა მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, მცირედ-ღა თუ გევნო, მანვე განგამტკიცენინ თქუენ, დაგამტკიცენინ, განგაძლიერენინ და დაგამყარენინ.
11 დიდება მას და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 11 მისა დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
12 სილვანუსის, ჩემი აზრით, თქვენი სანდო ძმის ხელით მოკლედ მოგწერეთ, განუგეშეთ და გიმოწმეთ, რომ ეს მადლი ღვთისა, რომლითაც დგახართ, ჭეშმარიტია. 12 სილოანეს მიერ, ძმისა თქუენისა, სარწმუნოჲსა, ვითარ ვჰგონებ, მცირედ მივწერე, გლოცევდ და გიწამებდ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი მადლი ღმრთისაჲ, რომელსაცა ზედა სდგათ.
13 მოგიკითხავთ თანარჩეული ეკლესია ბაბილონისა და მარკოზი, ჩემი ძე. 13 გიკითხავს თქუენ, რომელ არს ბაბილოვნს შინა რჩეულისა მის თანა და მარკოს, ძე ჩემი,
14 სიყვარულის ამბორით მოიკითხეთ ერთმანეთი. მშვიდობა ყველას, ვინც იესო ქრისტეში ხართ. ამინ. 14 მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა სიყუარულისაჲთა.
      მშჳდობაჲ თქუენდა, ყოველნი რომელნი ხართ ქრისტე იესუჲს მიერ, ამინ.