ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
პავლე, სილვანუსი და ტიმოთე - თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან. |
1 |
პავლე და სილოანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა იესუ ქრისტესა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა. |
2 | მარადის ვმადლობთ ღმერთს ყოველი თქვენგანისათვის და ჩვენს ლოცვებში გიხსენებთ. | 2 | ვჰმადლობთ ღმერთსა მარადის თქუენ ყოველთათჳს, ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფთ ლოცვათა შინა ჩუენთა. |
3 | გამუდმებით ვიგონებთ თქვენი რწმენის საქმეს, სიყვარულის ღვაწლს და მოთმინებას სასოებისას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიმართ, ღვთისა და მამის წინაშე. | 3 | მოუკლებელად მოვიჴსენებთ თქუენთა მათ საქმეთა სარწმუნოებისათა და შრომასა სიყუარულისასა და მოთმინებასა მას სასოებისასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა წინაშე ღმრთისა და მამისა ჩუენისა. |
4 | რადგანაც ვიცით თქვენი რჩეულება, ღვთის საყვარელო ძმანო. | 4 | უწყოდეთ, ძმანო საყუარელნო ღმრთისანო, რჩეულებაჲ ეგე თქუენი, |
5 | ვინაიდან ჩვენი სახარება მარტოოდენ სიტყვით კი არ გეუწყათ, არამედ ძალით, სული წმიდითა და სრული დამაჯერებლობით; თუმცა თვითონვე იცით, რანი ვიყავით თქვენს შორის თქვენთვის, | 5 | რამეთუ სახარებაჲ ესე ჩუენი არა იყო თქუენდა მიმართ სიტყჳთ ხოლო, არამედ ძალითაცა და სულითა წმიდითა და გულ-სავსებითა მრავლითა, ვითარცა-იგი იცით, რაბამ ვიქმნენით ჩუენ თქუენდა მიმართ თქუენთჳსვე. |
6 | ჩვენი და უფლის მიმბაძველნი რომ გახდით, რადგანაც ჭირმრავლობაში შეიწყნარეთ სიტყვა სული წმიდის სიხარულით. | 6 | და თქუენ მობაძავ ჩუენდა იქმნენით და უფლისა, და შეიწყნარეთ სიტყუაჲ იგი ჭირსა შინა მრავალსა სიხარულითა სულისა წმიდისაჲთა, |
7 | ასე რომ, ყველა მორწმუნის ნიმუშად იქეცით მაკედონიასა და აქაიაში. | 7 | ვიდრეღა იქმნენითცა თქუენ სახე ყოველთა მათ მორწმუნეთა, რომელნი არიან მაკედონიას შინა და აქაჲას. |
8 | ვინაიდან თქვენს მიერ განივრცო სიტყვა უფლისა არა მარტო მაკედონიასა და აქაიაში, არამედ თქვენმა ღვთისმორწმუნეობამ ყველა სხვა მხარესაც უწია, ასე რომ, აღარაფერი გვაქვს სათქმელი. | 8 | რამეთუ თქუენ მიერ განეფინა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ არა ხოლო მაკედონიას შინა და აქაიას, არამედ ყოველთა ადგილთა სარწმუნოებაჲ თქუენი ღმრთისა მიმართ განჴდა, ვიდრემდის არღარა გჳჴმს ჩუენ სიტყუად რაჲმე. |
9 | რადგანაც თვითონვე გითხრობენ ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან, როგორ მოიქეცით ღვთის მიმართ კერპთაგან, რათა ემსახუროთ ცოცხალსა და ჭეშმარიტ ღმერთს, | 9 | მაგათ თჳთ გითხრან ჩუენთჳს, ვითარი შესლვაჲ გუაქუნდა თქუენდა მიმართ, და ვითარ მოიქეცით კერპთაგან ღმრთისა მიმართ მონებად ღმრთისა ცხოველისა და ჭეშმარიტისა |
10 | და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც აღადგინა მკვდრეთით, - იესოს, მომავალი რისხვისაგან ჩვენს მხსნელს. | 10 | და მოლოდებად ძისა მისისა ზეცით, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით, იესუ, მჴსნელი ჩუენი, რისხვისა მისგან მომავალისა. |