ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე თესალონიკელთა მიმართ

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

თქვენ თვითონ იცით, ძმანო, რომ ჩვენი შემოსვლა თქვენთან არ იყო ფუჭი.

1 რამეთუ თქუენ თჳთ უწყით, ძმანო, შემოსლვაჲ იგი ჩუენი თქუენდა მიმართ, რამეთუ არა ცუდად რაჲ იყო;
2 არამედ მანამდე ფილიპეში ვნებულნი და შეგინებულნი, როგორც მოგეხსენებათ, ისე გავკადნიერდით, რომ ჩვენი ღმერთის მიერ სახარება გვექადაგა თქვენთვის მრავალი ღვაწლით. 2 არამედ წინაწარ ვივნეთ და ვიგინენით, ვითარცა-იგი უწყით, ფილიპეს შინა, განვეცხადენით ღმრთისა ჩუენისა მიერ სიტყუად თქუენდა მიმართ სახარებასა მას ღმრთისასა მრავლითა ღუაწლითა.
3 რადგანაც ჩვენს შეგონებაში არც ცთომაა, არც ცბიერება და უწმინდურება. 3 რამეთუ ნუგეშინის-ცემაჲ ესე ჩუენი არა საცთურისაგან, არცა არა-წმიდებისა, არცა ზაკუვით,
4 არამედ, როგორც გამოვუცდივართ ღმერთს, რათა მოგვნდობოდა სახარება, ისევე ვქადაგებთ, კაცთა საამებლად კი არა, არამედ ღვთისა, რომელიც გამოსცდის ჩვენს გულებს. 4 არამედ, ვითარცა-იგი გამოცდილ ვართ ღმრთისა მიერ რწმუნებად ჩუენდა სახარებაჲ იგი, ეგრეთცა ვიტყჳთ, არა ვითარცა კაცთა სათნო-ვეყოფვით, არამედ ღმერთსა, რომელი-იგი არს გამომცდელი გულითა ჩუენითაჲ.
5 ამიტომ, როგორც მოგეხსენებათ, არასოდეს გვიხმარია ლიქნის სიტყვა და არც ანგარებისთვის მიგვიმართავს, ღმერთია მოწმე. 5 რამეთუ არცა სადა სიტყჳთა ლიქნისაჲთა ვიყვენით, ვითარცა-ეგე თქუენ უწყით, არცა მიზეზითა ანგაჰრებისაჲთა, ღმერთი მოწამე არს.
6 არც ვეძებთ კაცთაგან დიდებას, არც თქვენგან და არც სხვებისგან. 6 არცა ვეძიებთ კაცთაგან დიდებასა, არცა თქუენგან და არცა სხუათაგან; და ესეღა ჴელ-გუეწიფების, და- თუმცა რაჲმე-გამძიმეთ, ვითარცა ქრისტეს მოციქულთა,
7 თუმცაღა, როგორც ქრისტეს მოციქულებს, შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, მაგრამ მშვიდად ვიყავით თქვენს შორის, როგორც ძიძა, თავს რომ ევლება თავის პატარებს. 7 არამედ ვიქმნენით ჩუენ მშჳდ და მყუდრო თქუენ შორის, ვითარცა მზრდელი რაჲ ჰფუფუნებენ თჳსთა შვილთა.
8 ასევე ჩვენც, თქვენდამი კეთილგანწყობის გამო, მოვისურვეთ გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო სახარება ღვთისა, არამედ ჩვენი სული, ვინაიდან საყვარელნი გახდით ჩვენთვის. 8 ეგრეთ მოსურნე ვიყვენით თქუენდა და ჯერ-გჳჩნდა მიცემად თქუენდა არა ხოლო სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ, არამედ თჳსთაცა სულთა, რამეთუ საყუარელ ჩუენდა იქმნენით.
9 ხომ გახსოვთ, ძმანო, ჩვენი შრომა და რუდუნება: დღე და ღამეს ვასწორებდით, რომ არ შეგვეწუხებინეთ, და ასე გიქადაგებდით ღვთის სახარებას. 9 მოიჴსენენით, ძმანო, შურომანი ჩუენნი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ.
10 თქვენთან ერთად, ღმერთია მოწმე, თუ რა წმინდად, სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენს მიმართ, რომელთაც გწამთ, 10 თქუენ მოწამე ხართ და ღმერთი, ვითარ-იგი ღირსად და მართლად და უბიწოდ თქუენ მორწმუნეთა მიმართ ვიყვენით,
11 ვინაიდან თვითონვე იცით, რომ, როგორც მამა - შვილებს, ისე შევაგონებდით თვითეულ თქვენგანს, 11

ვითარცა-ეგე იცით, ვითარ კაცად-კაცადსა თქუენსა, ვითარცა მამაჲ თჳსსა შვილსა, ეგრეთ გლოცევდით თქუენ და ნუგეშინის-გცემდით

12 განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, რომელმაც თავისი სასუფევლისა და დიდებისათვის გიხმოთ. 12 და გიწამებდით, რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ თჳსსა მას სასუფეველსა და დიდებასა.
13 ამიტომ ჩვენც განუწყვეტლივ მადლს ვწირავთ ღმერთს, რადგანაც მიიღეთ სიტყვა, ჩვენი წყალობით რომ ისმინეთ, და კაცთა სიტყვად კი არ აღიქვით იგი, არამედ მისი ნამდვილი სახით, ესე იგი, ღვთის სიტყვად, რომელიც კიდეც მოქმედებს თქვენში, მორწმუნენო. 13 ამისთჳს ჩუენცა ვჰმადლობთ ღმერთსა მოუკლებელად, რამეთუ მიიღეთ თქუენ სიტყუაჲ იგი სმენისა ღმრთისაჲ ჩუენ მიერ და შეიწყნარეთ არა თუ სიტყუაჲ კაცთაჲ, არამედ ვითარცა არს ჭეშმარიტად სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომელიცა-იგი შეწევნასა აჩუენებს თქუენ შორის მორწმუნეთა მაგათ.
14 რადგანაც, ძმანო, მიმბაძველნი გახდით ღვთის ეკლესიებისა, რომლებიც არიან იუდეაში ქრისტე იესოს მიერ, ვინაიდან იგივე დაითმინეთ თვისტომთაგან, რაც მათ - იუდეველთაგან, 14 რამეთუ თქუენ მობაძავ იქმნენით, ძმანო, ეკლესიათა მათ ღმრთისათა, რომელნი არიან ჰურიასტანს ქრისტე იესუჲს მიერ, რამეთუ ეგრეთვე გევნო თქუენცა თჳსთაგან ტომთა, ვითარცა-იგი მათ ჰურიათაგან,
15 რომელთაც მოკლეს უფალი იესოც და მისი წინასწარმეტყველნიც, ხოლო ჩვენ გამოგვაძევეს, რადგანაც არას დაგიდევენ ღმერთს და ყოველი კაცის მტრები არიან. 15 რომელთა-იგი უფალი მოკლეს იესუ და თჳსნი წინაწარმეტყუელნი და ჩუენ გამოგუდევნნეს და ღმერთსა არა სათნო-ეყვნეს და ყოველთა კაცთა წინააღმდგომ არიან
16

ვინაიდან გვიკრძალავენ ვუქადაგოთ წარმართთ და, ამრიგად, ვიხსნათ ისინი. ასე რომ, გამუდმებით ავსებენ თავიანთ ცოდვათა საწყაულს, რისთვისაც უკვე თავს ატყდებათ რისხვა.

16 და ჩუენ მაბრკოლებენ წარმართთა მიმართ სიტყუად, რაჲთა ცხონდენ, რაჲთა აღესრულნენ ცოდვანი მათნი მარადის; რამეთუ მოიწია მათ ზედა რისხვაჲ სრულიად.
17 ხოლო ჩვენ, ძმანო, თვალით და არა გულით ერთხანს თქვენგან განშორებულნი, მით უფრო მეტად ვესწრაფვით თქვენს პირისპირ ხილვას. 17 ხოლო ჩუენ, ძმანო, ობოლ ღათუ ვიქმნენით თქუენგან წუთერთ ჟამ პირითა და არა გულითა, უმეტესად ვისწრაფეთ პირისა თქუენისა ხილვად მრავლითა წადიერებითა.
18 ამიტომაც იყო, რომ ჩვენ, მეტადრე, მე - პავლემ, დავაპირეთ თქვენთან წამოსვლა, მაგრამ სატანამ დაგვაბრკოლა. 18 ვინაჲცა ვინებეთ მისლვაჲ თქუენდა მე, პავლე, ერთ-გზის და ორ-გზის, და დამაბრკოლნა ჩუენ სატანა.
19 ვინაიდან, რა არის ჩვენი სასოება, ან სიხარული, ან სიქადულის გვირგვინი, თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე. მისი მოსვლისას? 19 რამეთუ რაჲ-მე არს სასოებაჲ ჩუენი ანუ სიხარული ანუ გჳრგჳნი სიქადულისაჲ? ანუ არა-მე თქუენა წინაშე უფლისა იესუ ქრისტესა მისსა მას მოსლვასა?
20 რადგანაც თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული. 20 რამეთუ თქუენ ხართ დიდებაჲ ჩუენი და სიხარული.