ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე თესალონიკელთა მიმართ

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამიტომ, რაკი მეტის მოთმენა ვეღარ შევძელით, გადავწყვიტეთ მარტო დავრჩენილიყავით ათენში,

1 ვინაჲცა ვერღარა დავთმეთ, ჯერ-ვიჩინეთ ათინას შინა დაშთომაჲ მარტოთა
2 და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღვთის მსახური. ჩვენივე თანამოსაქმე ქრისტეს სახარების ქადაგებაში, რათა განგვემტკიცებინეთ და ნუგეში გვეცა თქვენი რწმენისთვის; 2 და მივავლინეთ ტიმოთე, ძმაჲ ჩუენი და მსახური ღმრთისაჲ და თანა-შემწე ჩუენი სახარებასა მას ქრისტესსა, რაჲთა დაგამტკიცნეს თქუენ და ნუგეშინის-გცეს თქუენ სარწმუნოებისა მაგის თქუენისათჳს,
3 რათა არავინ შემდრკალიყო ამ გასაჭირში, ვინაიდან, როგორც თვითონვე იცით, სწორედ ამისთვის ვდგავართ. 3 რაჲთა არას იურვიოდით ჭირთა ამათ შინა, რამეთუ თქუენ თჳთ უწყით, ვითარმედ ვდგათ-ვე ამისთჳს.
4 რადგან ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას წინასწარ გეუბნებოდით, რომ დიდი გასაჭირი გველოდა, და ეს, როგორც მოგეხსენებათ, კიდევაც ახდა. 4 და ვიდრე-იგი თქუენ თანა ვიყვენით, წინაწარ გითხრობდით თქუენ, ვითარმედ ჭირთა შესლვად ვართ, ვითარცა-ესე იქმნაცა და იხილეთ.
5 ამიტომ მეც ვეღარ მოვითმინე და გამოვგზავნე ტიმოთე, რათა შეგვეტყო თქვენი ამბავი, ხომ არ გაცდუნათ მაცდურმა და ხომ არ გაცუდდა ჩვენი შრომა. 5 ამისთჳს მეცა ვერღარა დავთმე და მივავლინე ტიმოთე, რაჲთა ვცნა თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ, ნუუკუე განგცადნა თქუენ განმცდელმან მან, და ცუდად იყოს შრომაჲ იგი ჩუენი.
6 მაგრამ უკან მობრუნებულმა ტიმოთემ გვახარა თქვენი რწმენა და სიყვარული, რადგანაც თურმე ყოველთვის კეთილად გვიხსენებთ და ჩვენი ნახვა გწადიათ, ისევე, როგორც ჩვენ - თქვენი; 6 ხოლო აწღა მოვიდა ტიმოთე თქუენით და მახარა ჩუენ სარწმუნოებაჲ და სიყუარული თქუენი, და რამეთუ გაქუს ჴსენებაჲ ჩუენი კეთილი მარადის და გსურის ხილვად ჩუენდა, ვითარცა-ესე ჩუენ თქუენდა.
7 ასე რომ, ძმანო, მთელი ჩვენი გაჭირვებისა და უბედურების მიუხედავად, ნუგეშცემულნი ვიქენით თქვენი რწმენით. 7 ამისთჳს ნუგეშინის-ცემულ ვიქმნენით, ძმანო, თქუენ ზედა ყოველთა მათგან ურვათა და ჭირთა ჩუენთა თქუენითა მაგით სარწმუნოებითა,
8 რადგან აწ ვცოცხლობთ, რაკიღა მტკიცედ დგახართ უფალში. 8 რამეთუ აწ ვცხონდით, უკეთუ თქუენ მტკიცედ სდგეთ უფლისა მიერ.
9 რა მადლი შეგვიძლია შევწიროთ ღვერთს თქვენი გულისთვის, იმ სიხარულის სანაცვლოდ, რომლითაც ვხარობთ ჩვენი ღმერთის წინაშე თქვენი მეოხებით? 9 რამეთუ რომელსა-მე მადლობასა შემძლებელ ვართ მიცემად ღმრთისა თქუენთჳს ყოველისა მისთჳს სიხარულისა, რომლითა გჳხარის თქუენთჳს წინაშე ღმრთისა ჩუენისა.
10 დღედაღამ გულმხურვალედ ვლოცულობთ, რათა პირისპირ გიხილოთ და შევავსოთ თქვენი რწმენის ნაკლულება. 10 ღამე და დღე უფროჲს და უმეტეს ვევედრებით ხილვად პირისა თქუენისა და განმტკიცებად დაკლებული იგი სარწმუნოებისა თქუენისაჲ.
11 თვით ჩვენმა მამა ღმერთმა და უფალმა ჩვენმა იესომ წარმართონ ჩვენი გზა თქვენსკენ. 11 ხოლო თავადმან ღმერთმან და მამამან ჩუენმა და უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან წარჰმართენ გზაჲ ჩუენი თქუენდა მიმართ.
12 თქვენ კი უფალმა აგავსოთ სიყვარულით ერთურთისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენა ვართ თქვენი სიყვარულით სავსენი, 12 ხოლო თქუენ უფალმან გარდაგრიენ და გარდაგმატენ სიყურულითა ურთიერთარს და ყოველთა მიმართ, ვითარცა-ესე ჩუენ თქუენდა მიმართ,
13 რათა სიწმიდითა და უბიწოებით განვამტკიცოთ თქვენი გულები ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე, როდესაც მოვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის ყველა წმიდასთან ერთად. ამინ. 13 განმტკიცებად გულთა თქუენთა სიწმიდით და უბიწოდ წინაშე ღმრთისა და მამისა ჩუენისა მოსლვასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ყოველთა თანა წმიდათა მისთა.