ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე თესალონიკელთა მიმართ

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამასთანავე, ძმანო, გთხოვთ და შეგაგონებთ უფალ იესოში, რომ ჩვენი სწავლა - როგორ იქცეოდეთ ღვთის საამებლად, აღასრულოთ მთელი სავსებით.

1

ამიერითგან, ძმანო ჩემნო, გიკითხავთ და გლოცავთ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა ვითარცა-იგი ისწავეთ ჩუენგან, ვითარ ჯერ-არს თქუენდა სლვაჲ და სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა უფროჲს ჰმატებდეთ;

2 რადგანაც იცით, როგორი მცნებები მოგეცით უფალ იესოსაგან. 2 რამეთუ იცით, ვითარნი მცნებანი მიგცენით თქუენ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა.
3 ვინაიდან ესაა ღვთის ნება: თქვენი სიწმიდე, რათა განერიდოთ სიძვას, 3 რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ, სიწმიდე ეგე თქუენი, განშორებად თქუენდა სიძვისაგან,
4 და თვითეულმა თქვენგანმა იცოდეს, როგორ შეინახოს თავისი ჭურჭელი სიწმიდით და პატიოსნებით. 4 ცნობად კაცად-კაცადისა თქუენისა თავისა თჳსისა ჭურჭელი მოგებად სიწმიდით და პატივით,
5 და არა ავხორცული ვნებით, წარმართთა მსგავსად, რომელნიც არ იცნობენ ღმერთს; 5 ნუ ვნებითა გულის თქუმისაჲთა, ვითარცა-იგი წარმართნი, რომელთა არა იციან ღმერთი,
6 რათა არავინ დათრგუნოს და არც საქმეში გააცუროს თავისი ძმა, ვინაიდან ღმერთია შურისმაძიებელი ყოველივე ამის გამო, როგორც უწინაც მითქვამს და მიმოწმებია თქვენთვის. 6 არა გარდასლვად და მოანგაჰრებად საქმესა ძმისა თჳსისასა, რამეთუ შურის-მეძიებელ არს ღმერთი ამათ ყოველთათჳს, ვითარცა-იგი წინაწარ გარქუთ თქუენ და გიწამებდით.
7 რადგანაც უწმინდურობისაკენ კი არა, სიწმიდისაკენ გვიხმო ღმერთმა. 7 რამეთუ არა გჳჩინნა ჩუენ ღმერთმან არაწმიდებად, არამედ სიწმიდედ.
8 ასე რომ, ურჩი კაცს კი არ ეურჩება, არამედ ღმერთს, რომელმაც მოგცათ თავისი სული წმიდა. 8 აწ უკუე რომელმან შეურაცხ-ყოს, არა კაცსა შეურაცხ-ჰყოფს, არამედ ღმერთსა, რომელმანცა მოგცა სული წმიდაჲ მისი თქუენ ზედა.
9 ხოლო ძმათმოყვარეობისთვის ზედმეტად მიმაჩნია რამე მოგწეროთ, რადგანაც თვით ღმერთმა გასწავლათ, რომ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი, 9 ხოლო ძმათ მოყუარებისათჳს არა გჳჴმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ ღმრთივ სწავლულნი ხართ სიყუარულისათჳს ურთიერთარს
10 და ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელს მაკედონიაში, მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, კიდევ უფრო მეტად გიყვარდეთ ისინი; 10 და რამეთუ ჰყოფთცა მას ყოველთა მიმართ ძმათა, რომელნი არიან ყოველსა მაკედონიასა. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, გარდამატებად უფროჲსღა
11 გულმოდგინედ ეცადეთ მშვიდად იცხოვროთ და საკუთარი ხელით აკეთოთ თქვენი საქმე, როგორც ჩვენს მიერ გემცნოთ, 11 და პატივის-ცემის მოყუარე იყვენით და მყუდრო და იქმოდეთ თჳსსა და შურებოდეთ ჴელითა თქუენითა, ვითარცა-იგი გამცენით თქუენ,
12 რათა ღირსეულად იქცეოდეთ გარეშეთა მიმართ და არაფერი გაკლდეთ. 12 რაჲთა ხჳდოდით შუენიერად გარეშეთა მათ მიმართ, და ნურარაჲ ვის გიჴმნ.
13 მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებუღთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება. 13 ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ.
14 რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად. 14 რამეთუ უკუეთუ გურწამს, ვითარმედ იესუ მოკუდა და აღდგა, ეგრეცა ღმერთმან შესუენებულნი იგი იესუჲს მიერ მოიყვანნეს მის თანა.
15 ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ. 15 ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ,
16 ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. 16

რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთ მთავრისაჲთა და საყჳრითა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით, და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად;

17 შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით. 17 და მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფვოდით.
18 ასე რომ, ამ სიტყვებით ანუგეშეთ ერთიმეორე. 18 ვინაჲცა ნუგეშინის-სცემდით ურთიერთარს სიტყუათა ამათ მიერ.