ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
პავლე, მოციქული ქრისტე იესოსი, ღმერთის, ჩვენი მაცხოვრისა და ჩვენი სასოების ქრისტე იესოს ბრძანებით, - |
1 |
პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი, ბრძანებითა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისაჲთა, და უფლისა იესუ ქრისტეს – სასოებისა ჩუენისაჲთა, |
2 | ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან. | 2 | ტიმოთეს, ერთგულსა შვილსა სარწმუნოებით, მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა. |
3 | მაკედონიაში წასვლისას მე გთხოვე ეფესოში დარჩენილიყავი, რათა გემცნო ზოგიერთისთვის, რომ ნუ ასწავლიან სხვა რამეს, | 3 | ვითარცა-იგი გლოცევდ შენ დადგრომად ეფესოს შინა, მირაჲ-ვიდოდე მაკედონიად, რაჲთა ამცნო ვიეთმე, რაჲთა არა სხუასა რასმე მოძღურებდენ, |
4 | და ნუ გადაჰყვებიან არაკებსა თუ გვარტომობის დაუსრულებელ ამბებს, რომლებიც უფრო მეტ დავას იწვევენ, ვიდრე ღვთის შეგონებას რწმენით. | 4 | არცა ერჩდენ ზღაპართა და ტომის-რაცხათა დაუსრულებელთა, რომელთა-იგი ძიებაჲ შეამთხჳან უფროჲს, ვიდრე მოღუაწებაჲ ღმრთისაჲ, რომელ არს სარწმუნოებით. |
5 | ხოლო მცნების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, წრფელი სინიდისითა და უპირფერო რწმენით, | 5 | ხოლო დასასრული მცნებისაჲ არს სიყუარული გულისაგან წმიდისა და გონებისა კეთილისა და სარწმუნოებისა შეუორგულებელისა, |
6 | რასაც ზოგიერთი დაშორდა და ფუჭ მოლაყბედ იქცა. | 6 | რომელსა-იგი ვინმე ვერ მიემთხჳნეს და გარდაიქცეს ამაოჲსა სიტყუად. |
7 | რჯულისმოძღვრობა სწადიათ, მაგრამ არც ის ესმით, რასაც ამბობენ, და არც ის, რასაც ამტკიცებენ. | 7 | უნდა მათ, რაჲთამცა იყვნეს შჯულის მოძღუარ, და არა იცოდეს, არცა რასა-იგი იტყჳან, არცა ვიეთთჳს დაამტკიცებენ. |
8 | ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რჯული კეთილია, თუკი ვინმე რჯულიერად მოიხმარს მას. | 8 | ხოლო ესე უწყით, ვითარმედ კეთილ არს შჯული, უკუეთუ ვინმე წესიერად იპყრას იგი; |
9 | რადგანაც გვესმის, რომ რჯული მართლისთვის კი არაა დადგენილი, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღმერთოთა და ცოდვილთა, მკრეხელთა და ბილწთა, დედ-მამის მკვლელთა და კაცისმკვლელთათვის, | 9 | უწყი ესე, რამეთუ მართალსა შჯულ არა უც, არამედ უშჯულოთა და ურჩთა, უმსახურებელთა და ცოდვილთა, უღირსთა და ბილწთა, მამის მაგინებელთა და დედის მაგინებელთა, კაცის-მკლველთა, |
10 | მეძავთა, მამათმავალთა, კაცის გამყიდველთა, ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, თავიანთი ქცევით რომ ეწინააღმდეგებიან საღ მოძღვრებას, | 10 | მეძავთა, მამათმავალთა, კაცის მსყიდელთა, მტყუართა, ცრუფიცთა და სხუაჲ, რომელ რაჲმე სიცოცხლისა ამის მოძღურებასა უჴდების, |
11 |
თანახმად ნეტარი ღვთის დიდებული სახარებისა, რომელიც მე მაქვს მონდობილი. |
11 |
სახარებისა მისებრ დიდებისა ნეტარისა ღმრთისა, რომელი მერწმუნა მე. |
12 | მადლიერი ვარ მისი, ვინც მომცა ძალა, - ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სარწმუნოდ რომ შემრაცხა და მსახურად დამადგინა, | 12 | და მადლიერ ვარ მისა, რომელმან-იგი განმაძლიერა მე, ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუენისა, რამეთუ სარწმუნოდ შემრაცხა მე და დამადგინა მე მსახურებასა ამას, |
13 | მე, რომელიც უწინ ვიყავი მგმობელი, მდევნელი და მაგინებელი, მაგრამ შეწყაღებულ ვიქენ, რადგანაც ასე ვიქცეოდი უმეცრებით, ურწმუნოების გამო. | 13 | რომელი პირველად ვიყავ მგმობარ და მდევნელ და მაგინებელ, არამედ შევიწყალე, რამეთუ უმეცრებით ვიყავ ურწმუნოებასა შინა. |
14 | ხოლო ჩვენი უფლის მადლმა უფრო მეტად იმრავლა რწმენითა და სიყვარულით ქრისტე იესოში. | 14 | ხოლო უფროჲს გარდაემატა მადლი იგი უფლისა ჩუენისაჲ სარწმუნოებითურთ და სიყუარულით ქრისტე იესუჲს მიერ. |
15 | სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ. | 15 | სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს, რამეთუ ქრისტე იესუ მოვიდა სოფლად ცოდვილთათჳს ცხორებად, რომელთაჲ პირველი მე ვარ. |
16 | მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის. | 16 | არამედ ამისათჳს შევიწყალე, რაჲთა ჩემდა მომართ აჩუენოს პირველად იესუ ქრისტემან ყოველი სულგრძელებაჲ მისი სახედ მერმეთა მათ მორწმუნეთა მისა მიმართ ცხორებად საუკუნოდ. |
17 | ხოლო საუკუნეთა მეუფეს, უხრწნელს, უხილავსა და ერთადერთ ღმერთს - პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. | 17 | ხოლო მეუფესა მას საუკუნეთასა უხრწნელსა, უხილავსა, მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა პატივი და დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ. |
18 | ამ მცნებას შენ განდობ. შვილო ტიმოთე, შენთვის მოვლენილი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო კეთილი ომით, | 18 | ამას მცნებასა შეგვედრებ შენ, შვილო ტიმოთე, მსგავსად მიძღუანებულთა მათ შენდა წინაწარმეტყუელებათა, რაჲთა ჰსაგრობდე მას შინა კეთილსა მას საგრობასა, |
19 | გქონდეს რწმენა და წრფელი სინიდისი, რაც უარყო ზოგიერთმა და მარცხი იწვნია რწმენაში, როგორც ხომალდმა - ზღვაში. | 19 | და გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და კეთილი გონებაჲ, რომელი-იგი ვიეთმე განიშორეს და სარწმუნოებისაგან განცჳვეს; |
20 | მათ შორის ჰიმენეოსმა და აღექსანდრემ, რომელნიც გადავეცი სატანას, რათა თავი ანებონ გმობას. | 20 | რომელ არიან ჳმენოს და ალექსანდროს, რომელნი-იგი მივსცენ ეშმაკსა, რაჲთა განისწავლნენ არა-გმობად. |