ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას

1

ხოლო სული წმიდაჲ ცხადად იტყჳს, რამეთუ უკუანაჲსკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან და ერჩდენ იგინი სულთა მათ მაცთურთა და მოძღურებასა ეშმაკთასა

2 ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთაც დადაღეს თავიანთი სინიდისი; 2 ორგულებითა სიტყჳთა ტყუილისაჲთა, შემწუარნი თჳსითა გონებითა,
3 რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ. 3 აყენებდენ ქორწილსა და განაშორებდენ საჭმელთა, რომელნი ღმერთმან დაჰბადნა მისაღებელად მადლობით მორწმუნეთათჳს და რომელთა იციან ჭეშმარიტებაჲ.
4 რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით, 4 რამეთუ ყოველი დაბადებული ღმრთისაჲ კეთილ არს, და არარაჲ არს განსაგდებელ, მადლობით მიღებული,
5 ვინაიდან ღვთის სიტყვით და ლოცვით განიწმიდება. 5 რამეთუ განწმიდნების სიტყჳთა ღმრთისაჲთა და ლოცვითა.
6 ამას ასწავლიდე ძმებს და იქნები კეთილი მსახური იესო ქრისტესი, რწმენის სიტყვით და კეთილი მოძღვრებით ნაზარდი, რომლის მიმდევარიც გახდი. 6 ამას ასწავებდ ძმათა და იყო კეთილად მსახურ ქრისტე იესუჲსა და იზარდებოდი სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა და კეთილითა მოძღურებითა, რომელსაცა შეუდგ.
7 ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი. 7 ხოლო შეგინებულთა მათ და დედაბერებრთა ზღაპართაგან იჯმენ. ხოლო იწუართე თავი შენი ღმრთის მსახურებასა,
8 ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც. 8 რამეთუ ჴორციელი წურთილებაჲ წუთერთ ჟამ სარგებელ არს; ხოლო ღმრთის მსახურებაჲ ყოვლითავე სარგებელ არს, რამეთუ აღთქუმაჲ აქუს ცხორებისაჲ აწინდელისა და მერმისაჲ.
9 სარწმუნოა ეს სიტყვა და ღირსი სრული შეწყნარებისა. 9 სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს.
10 ვინაიდან იმისთვის ვშრომობთ და ვიღვწით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც არის ყოველი კაცისა და, მით უმეტეს, მორწმუნეთა მხსნელი. 10 რამეთუ ამისთჳს ვშურებით და ვიყუედრებით, რამეთუ ვესავთ ღმერთსა ცხოველსა, რომელ არს მაცხოვარი ყოველთა კაცთაჲ, უფროჲსღა მორწმუნეთაჲ.
11 ამას ამცნებდე და ასწავლიდე. 11 ამცნებდ ამას და ასწავებდ.
12 ნურავის დაამცირებინებ შენს სიჭაბუკეს, არამედ ნიმუშად ექმენ მორწმუნეთ სიტყვით, ქცევით, სიყვარულით, სულით, რწმენით, სიწმიდით; 12 ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ; არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა.
13 ვიდრე მოვიდოდე, გამუდმებით იკითხე, შეაგონე, დამოძღვრე. 13 ვიდრემდე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა, მოძღურებასა;
14 ნუ უგულებელყოფ შენთვის ბოძებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებითა და უხუცესთა ხელდასხმით. 14 ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისათა.
15 ამაზე იზრუნე და ასე იყავი, რათა შენი წარმატება ცხადი შეიქნეს ყველასთვის. 15 ამას იწურთიდ და ამას შინა იყავ, რაჲთა წარმატებულებაჲ ეგე შენი ცხად იყოს ყოველსა შინა.
16 გაუფთხილდი შენს თავსა და მოძღვრებას, დამკიდრდი მათში, რადგანაც ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც. 16 ეკრძალე თავსა შენსა და მოძღურებითა მით დაადგერ მათ ზედა, რამეთუ ამას რაჲ ჰყოფდე, თავიცა შენი აცხოვნო და მორჩილნიცა შენნი.