ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ნუ შერისხავ ბერიკაცს, არამედ შეაგონე, როგორც მამას, ყმაწვილკაცებს კი - როგორც ძმებს,

1 მოხუცებულსა ნუ ჰრისხავ, არამედ ჰლოცევდ ვითარცა მამასა, ჭაბუკთა –ვითარცა ძმათა,
2 დედაბრებს - როგორც დედებს, ქალწულებს - როგორც დებს, მთელი სიწმიდით. 2 მოხუცებულთა დედათა – ვითარცა დედათა, ჭაბუკთა –ვითარცა დათა, ყოვლითა სიწმიდითა.
3 პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც მართლა ქვრივები არიან. 3 ქურივთა პატივ-ეც, ჭეშმარიტად ქურივთა.
4 ხოლო თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, დაე, მათ თავდაპირველად ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და სანაცვლო მიაგონ მშობლებს, რადგანაც ეს ეამება ღმერთს. 4 უკუეთუ ვისმე ქურივსა შვილ გინა შვილის შვილ ესხნენ, ისწავებედ პირველად თჳსსა სახლსა, ღმრთის მსახურებასა და პატივ-სცემდედ მამა-დედათა, რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე ღმრთისა.
5 ნამდვილი ქვრივი და მარტოხელა ღმერთს ესავს და ლოცვა-ვედრებაში ატარებს დღესა და ღამეს. 5 ხოლო ჭეშმარიტი ქურივი და მარტო-ქმნული ესავს უფალსა და დადგრომილ არს ვედრებასა და ლოცვასა ღამე და დღე.
6 განცხრომის მოყვარე კი - ცოცხლადვე მკვდარია. 6 ხოლო რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს.
7 ეს ამცნე მათ, რათა უბიწონი იყვნენ. 7 და ამას ამცნებდ, რაჲთა უბრალო იყვნენ.
8 ხოლო ვისთვისაც უცხოა თავისიანთა და, მით უმეტეს, სახლეულთათვის ზრუნვა, რწმენის უარმყოფელია და ურწმუნოზედაც უარესი. 8 ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსთა და უფროჲსღა სახლეულთა არა მოღუაწე იყოს, სარწმუნოებაჲ უარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოჲსა უძჳრეს.
9 ქვრივად შეიძლება შეირაცხოს არანაკლებ სამოცი წლისა, ერთნაქმარევი 9 ქურივადმცა შერაცხილ არს ნუ უნაკლულესი სამეოცისა წლისაჲ, რომელი ყოფილ არს ერთის ქმრის ცოლ,
10 და თავისი კეთილი საქმით ცნობილი: რომ დაზარდა შვილები, რომ მასპინძლობდა სტუმრებს, ფეხებს ჰბანდა წმიდათ, შეეწეოდა გაჭირვებული, და გულმოდგინედ ასრულებდა ყველა კეთილ საქმეს. 10 და საქმეთა შინა კეთილთა წამებულ: უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა, უკუეთუ ჭირვეულთა შეეწია, უკუეთუ ყოველსა საქმესა კეთილსა შეუდგა.
11 ახალგაზრდა ქვრივებს კი ნუ მიიღებ, რადგანაც ქრისტეს ზურგს აქცევენ და კვლავ გათხოვება სურთ, 11 ხოლო ქურივთა ჭაბუკთა განეშორე, რამეთუ რაჟამს დაიმღერნიან ქრისტესნი იგი, ქორწინების უნებნ.
12 რისთვისაც სასჯელის ღირსნი არიან, ვინაიდან უარყვეს უწინდელი რწმენა. 12 აქუს მათ საშჯელი, რამეთუ პირველი იგი სარწმუნოებაჲ შეურაცხ-ყვეს.
13 ეგეც არ იყოს, უქმად ყოფნასა და კარდაკარ წანწალს ეჩვევიან, და არა მარტო უქნარანი არიან, არამედ ყბედნიც, ცნიაბისმოყვარენიც და უტიფრად მოჭარტალენიც. 13 და ამას თანა უქმობასა ისწავებენ და მიმოსლვასა სახლითი სახლად, არა ხოლო უქმობასა, არამედ სიჩქურესა და გამოწულილვასა და იტყჳედ უჯეროსა.
14

ამიტომ მინდა, რომ ახალბაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, შვილები გააჩინონ, დიასახლისობას მიჰყონ ხელი და გმობის საბაბი არ მისცენ მტერს.

14 მნებავს უკუე ჭაბუკთა ქორწინებაჲ, შვილთა სხმაჲ, სახლისა პყრობაჲ და არცა ერთისა მიზეზისა ცემად მჴდომსა ადგილად გინებისა.
15 რადგანაც ზოგმა უკვე გზას გადაუხვია და სატანის კვალს შეუდგა. 15 რამეთუ აწვე ვინმე გარდაიქცეს შედგომად ეშმაკისა.
16 თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ქვრივი ნათესავები ჰყავს, დაეხმაროს მათ, რომ ეკლესიას არ დააწვნენ ტვირთად და, ამრიგად, მან შესძლოს ნამდვილი ქვრივების რჩენა. 16 უკუეთუ ვინმე მორწმუნე ესუას ქურივთა, იგი კმა-ეყავნ მათ და ნუ დაუმძიმებედ ეკლესიასა, რაჲთა სხუათა ქურივთა კმა-ეყოს.
17 ხუცესნი, რომელნიც კეთილად წინამძღვრობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, მეტადრე ისინი, სიტყვით და სწავლით რომ მუშაკობენ. 17 რომელნი კეთილად ძღოდიან ხუცესნი, ორის ნაწილის პატივის ღირს იყვნედ, უფროჲს ხოლო რომელნი შურებოდიან სიტყჳთა და მოძღურებითა.
18 რადგანაც წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს“, და კიდევ: „ღირსია მუშაკი თავისი საზღაურისა“. 18 რამეთუ იტყჳს წიგნი: ჴარსა მეკალოესა არა დაუკრა პირი; და: ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა.
19 ხუცესთათვის წაყენებულ ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ დაისწარი ორი ან სამი მოწმე. 19 ხუცისათჳს შესმენასა ნუ თავს-იდებ, გარნა ორითა და სამითა მოწამითა.
20 შემცოდენი ყველას წინაშე ამხილე დანარჩენთა დასაშინებლად. 20 და რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთაჲსა ამხილე, რაჲთა სხუათა მათ ეშინოდის.
21 ღმერთის, უფალ იესო ქრისტესა და რჩეულ ანგელოზთა წინაშე გაფიცებ, ურღვევლად დაიცავი ჩემი რჩევა და ნურაფერს აღასრულებ მიკერძოებით. 21 ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაჲთა-ესე დაიმარხო თჳნიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით.
22 ნაჩქარევი ხელდასხმისგან თავი შეიკავე, ნუ გახდები სხვათა ცოდვების მოზიარე და წმიდად შეინახე თავი. 22 ჴელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხჳსა ცოდვათა; თავი შენი წმიდად დაიმარხე.
23 ამიერიდან მარტო წყალს ნუკი სვამ, არამედ ცოტ-ცოტა ღვინოც იგემე; ეს მოუხდება შენს სტომაქსა და ესოდენ ხშირ სნეულებას. 23 ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე სტომაქისათჳს და ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს.
24 ზოგიერთი კაცის ცოდვები წინასწარვე ცხადნი არიან და წინ მიუძღვიან სამსჯავროსაკენ, ზოგიერთს კი უკან მისდევენ. 24 რომელთამე კაცთა ცოდვანი წინაწარ ცხად არიან და წინა უძღჳან საშჯელად, ხოლო რომელთამე უკუანა შეუდგან.
25 ასევე წინასწარვე ცხადნი არიან კეთილი საქმენიც, თუ არა და, ბოლოს მაინც არ დაიფარვიან. 25 ეგრევე საქმენი კეთილნი წინაწარ ცხად არიან; და სხუებრ თუ ვისმე აქუნდეს, დაფარვად ვერ ჴელ-ეწიფების.