ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა რაცხდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმოს ღვთის სახელი და მოძღვრება.

1

რაოდენნი-იგი არიან უღელსა ქუეშე მონებისასა, თჳსნი იგი უფალნი ყოვლისავე პატივისა ღირსად შეჰრაცხნედ, რაჲთა არა სახელი ღმრთისაჲ და მოძღურებაჲ ესე იგემოს.

2 რომელთაც მორწმუნე ბატონები ჰყავთ, პატივისცემას ნუ მოაკლებენ მათ, არამედ მით უფრო ერთგულად უნდა ემსახურონ, რადგანაც ისინი მორწმუნენი, საყვარელნი და ქველმოქმედნი არიან. ეს ასწავლე და შეაგონე. 2 რომელთა მორწმუნენი ესხნენ უფალნი, ნუ შეურაცხ-ჰყოფედ, რამეთუ ძმანი არიან; არამედ უფროჲსად ჰმონებდედ, რამეთუ მორწმუნენი არიან და საყუარელნი და ქველის საქმესა შემწენი. ამას ასწავებდ და ნუგეშინის-სცემდ.
3 ვინც სხვა რამეს ასწავლის და არ მისდევს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საღ სიტყვებსა და საღვთისმოსაო მოძღვრებას, 3 უკუეთუ ვინმე სხუასა მოძღურებდეს და არა მოვიდეს სიცოცხლისა მათ მოძღურებათა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა და ღმრთის მსახურებისა ამის მოძღურებასა ზედა,
4 მზვაობარია, არაფრის მცოდნე და დასნეულებული დავისა და ცილობის სენით, საიდანაც წარმოსდგება შური, განხეთქილება, გმობა, უკეთური ეჭვი, 4 განლაღებულ არს, არარაჲ იცის. არამედ სნეულ არს ძიებისათჳს და სიტყუათა ლალვისათა, რომლისაგან იქმნებიან შურნი, ჴდომანი, გმობანი, იჭუნი ბოროტნი,
5 გონებაგახრწნილ კაცთა ფუჭი კამათი, რომელთათვისაც უცხოა ჭეშმარიტება და ღვთისმოსაობა სარფიანი საქმე ჰგონიათ. 5 გულის წყრომანი, განხრწნილთა კაცთა გონებაჲ და ნაკლულევანთაჲ ჭეშმარიტებისაგან, რომელნი ჰგონებენ, ვითარმედ სარეწავ არს ღმრთის მსახურებაჲ. განეშორე ესევითართა მათგან.
6 თუმცა ღვთისმოსაობა და თვითმკმარობა მართლაც რომ დიდი შენაძენია. 6 ხოლო ნანდჳლვე არს სარეწავ დიდ ღმრთის მსახურებაჲ უნაკლულოებით.
7 რადგან ამ ქვეყნად არაფერი მოგვიტანია და, რა თქმა უნდა, ვერც რას წავიღებთ. 7 რამეთუ არარაჲ შემოვიღეთ სოფლად; ჩანს, რამეთუ არცა განღებად რას ჴელ-გუეწიფების.
8 თუ საჭმელი და ტანსაცმელი მოგვეძებნება, ამას დავჯერდეთ. 8 ხოლო მაქუნდეს თუ საზრდელ და საფარველ ჴორცთა, ამათ კმა-ვიყოფდეთ ჩუენ.
9 ხოლო გამდიდრების მოსურნენი საცდურის მახეში ებმებიან და ბევრი შლეგური, მავნე და კაცთა წარმწყმედ-დამღუპველი გულისთქმის ტყვენი ხდებიან. 9 ხოლო რომელთა ჰნებავს სიმდიდრე, შეცჳვიან განსაცდელსა და საფრჴესა და გულის თქუმათა მრავალთა უცნაურთა და მავნებელთა, რომელთა დაანთქნიან კაცნი მოსასრველად და წარსაწყმედელად.
10 რადგანაც ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა, და ზოგიერთი, ვინც ამ ვნებას აჰყვა, რწმენას განუდგა და თავს დაიტეხა ურიცხვი ჭირი. 10 რამეთუ ძირი არს ყოველთა ბოროტთაჲ ვეცხლის მოყუარებაჲ, რომლისა-იგი ვიეთმე გული უთქუმიდა და შესცთეს სარწმუნოებისაგან და თავნი თჳსნი შესთხინეს სალმობათა მრავალთა.
11 შენ კი, ღვთის კაცო, ერიდე ამას და მისდიე რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას, თვინიერებას; 11

ხოლო შენ, ჵ კაცო ღმრთისაო, ამას ევლტოდე, შეუდეგ სიმართლესა, ღმრთის მსახურებასა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა, სიმშჳდესა;

12

იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, შეიტკბე საუკუნო სიცოცხლე, რომლისთვისაც ხარ ხმობილი, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე.

12 მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი სარწმუნოებისაჲ, შეიტკბე საუკუნოჲ იგი ცხორებაჲ, რომელსაცა იჩინე, და აღიარე კეთილი იგი აღსარებაჲ წინაშე მრავალთა მოწამეთა.
13 გამცნებ შენ ყოვლის მაცოცხლებელი ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, პონტიუს პილატეს წინაშე რომ იმოწმა კეთილი აღსარება, - 13 გამცნებ შენ წინაშე ღმრთისა, რომელმან ცხოველ ყვნის ყოველნი, და ქრისტე იესუჲსა, რომელმან-იგი წამა პონტოელისა პილატეს ზე კეთილი იგი აღსარებაჲ
14 წმიდად და უბიწოდ დაიმარხე მცნება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლამდე, 14 დამარხვად შენდა მცნებაჲ იგი უბიწოდ და უბრალოდ ვიდრე გამოჩინებადმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა,
15 რომელსაც თავის დროს მოგვივლენს ერთადერთი ნეტარი მბრძანებელი, მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი, 15 რომელ-იგი ჟამთა თჳსთა აჩუენოს ნეტარმან მან და მხოლომან ძლიერმან მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან,
16 ერთადერთი მპყრობელი უკვდავებისა, მიუწვდომელ ნათელში მყოფი, რომელიც არ უხილავს არცერთ კაცთაგანს და არც ძალუძს იმისი ხილვა, ვისიცაა პატივი და საუკუნო ძალმოსილება. ამინ. 16 რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაჲ და ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების, რომლისაჲ არს პატივი და ძალი საუკუნოჲ. ამინ.
17 მდიდართა ამა ქვეყნისათა ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ; 17 მდიდართა მათ ამას სოფელსა ამცენ, რაჲთა არა მაღლოოდიან, არცა ესვიდენ სიმდიდრესა მას უჩინოსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან მომცის ჩუენ ყოველივე მდიდრად საშუებელად,
18 რათა ქველმოქმედებდნენ, კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ, გულუხვნი იყვნენ, ხელგაშლილნი, 18 კეთილისა საქმედ, განმდიდრებად საქმეთა შინა კეთილთა, უხუად მიმცემელ იყვნედ, ეზიარებოდედ,
19 და იუნჯებდნენ სიკეთის საუნჯეს მომავლის მტკიცე საფუძვლად, რათა ეწიონ საუკუნო სიცოცხლეს. 19 და იუნჯებდინ თავისა მათისა საფუძველსა კეთილსა მერმისა მისთჳს ჟამისა, რაჲთა შეეკრძალნენ საუკუნესა მას ცხორებასა.
20 ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და ცრუმეცნიერების უკუღმართობას, 20 ჵ ტიმოთე, ვედრი იგი დაიმარხე და განეშორე ბილწთა მათგან ცუდთა ჴმათა და სიტყჳს-გებათა მათგან ტყუვილით სახელის მეცნიერებისასა,
21 რაც საქმედ გაიხადა ზოგიერთმა და კიდევაც განუდგა რწმენას. მადლი თქვენთან. ამინ. 21

რომელსა-იგი ვიეთნიმე აღუთქუმიდეს და სარწმუნოებისაგან ცუდნი განვარდეს. მადლი შენ თანა. ამინ.