ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

პავლე, ღვთის ნებით მოციქული იესო ქრისტესი, და ძმა ტიმოთე - ღვთის ეკლესიას, რომელიც არის კორინთოში, მთელს აქაიაში მყოფ ყველა წმიდასთან ერთად:

1

პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და ტიმოთე ძმაჲ ეკლესიათა ღმრთისათა, რომელნი არიან კორინთეს შინა, ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი არიან ყოველსა აქაიასა:

2 მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 2 მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.
3 კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ღმერთი ყოველგვარი ნუგეშისა, 3 კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ.
4 ყოველნაირ გასაჭირში რომ გვანუგეშებს, რათა ჩვენც შეგვეძლოს ვანუგეშოთ ყოველი გაჭირვებული იმ ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი. 4 რომელი ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა, რაჲთა შეუძლოთ ჩუენცა ნუგეშინის-ცემად ყოველთა მათ ჭირვეულთა ნუგეშინის-ცემითა მით, რომლითა ნუგეშინის-ცემულ ვართ ჩუენ ღმრთისა მიერ.
5 ვინაიდან როგორც ქრისტეს ვნებანი მრავლდებიან ჩვენში, მრავლდება ქრისტეს მიერ ჩვენი ნუგეშიც. 5 რამეთუ ვითარცა-იგი ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ჰმატან ნუგეშინის-ცემანიცა ჩუენი.
6 რადგან, თუ გვიჭირს, თქვენი ნუგეშისა და ხსნისათვის გვიჭირს, ხოლო თუ ვინუგეშებით, ისევ თქვენივე ნუგეშისათვის, რათა შეგაძლებინოთ იმავე ტანჯვის ატანა, რასაც ჩვენ ვიტანთ. 6 რამეთუ გინა თუ ვიჭირვით, თქუენისათჳს ნუგეშინის-ცემისა და ცხორებისა, რომელი შეიქმნების მოთმინებითა მათვე ვნებათაჲთა, რომელითა-ესე ჩუენცა გუევნების.
7 მტკიცეა ჩვენი იმედი თქვენს მიმართ, რადგანაც ვიცით, რომ არა მარტო ჩვენი ტანჯვის თანამოზიარენი ხართ, არამედ ნუგეშისაც. 7 და სასოებაჲ ჩუენი მტკიცე არს თქუენთჳს. გინა თუ ნუგეშინის-ცემულ ვართ, თქუენისათჳს ნუგეშინის-ცემისა და ცხორებისა; უწყით, რამეთუ ვითარცა-იგი ზიარ ხართ ვნებათა მათ ჩუენთა, ეგრეთცა ნუგეშინის-ცემასა.
8 ამიტომ გვინდა იცოდეთ, ძმანო, რა საშინლად გაგვიჭირდა ასიაში, ისე, რომ ლამის სიცოცხლეც კი აუტანელი გაგვიხდა. 8 რამეთუ არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, ჭირისა მისთჳს ჩუენისა, რომელი-იგი შეგუემთხჳა ჩუენ ასიას შინა; რამეთუ გარდარეულად დაგჳმძიმდა ჩუენ უფროჲს ძალისა ჩუენისა ვიდრე წარწირვადმდე ჩუენდა ცხორებისაცა.
9 მაგრამ თვითონვე გამოვუტანეთ ჩვენს თავს სასიკვდილო განაჩენი, რათა ჩვენი თავის იმედი კი აღარ გვქონდა, არამედ ღვთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს; 9 არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი,
10 სწორედ მან გვიხსნა ამნაირი სიკვდილისაგან, ახლაც გვიხსნის და იმედი გვაქვს, რომ კვლავ დაგვიხსნის; 10 რომელმან ესევითარისა მის სიკუდილისაგან მიჴსნნა ჩუენ და მიჴსნის, რომელსა-იგი ვესავთ, ვითარმედ მერმეცა მიჴსნნეს.
11 რაშიაც თქვენც შეგვეწევით თქვენი ლოცვებით, რათა ამდენი ხალხის მეოხებით მიღებული მადლისათვის მრავალმა მოგვაგოს მადლი. 11 თანა-შეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა ჩუენთჳს, რაჲთა მრავლითა პირითა ჩუენდა მომართი იგი მადლი მრავალთა მიერ სამადლობელ იქმნას თქუენთჳს.
12 რადგანაც ჩვენი სიქადული ისაა, რასაც გვიმოწმებს ჩვენი სინიდისი, რომ სიწრფელითა და საღმრთო სიწმიდით, ხორციელი სიბრძნით კი არა, არამედ ღვთის მადლით ვცხოვრობდით ამ ქვეყნად, მით უმეტეს, თქვენს შორის. 12

რამეთუ სიქადული ჩუენი ესე არს, წამებაჲ გონებისა ჩუენისაჲ, რამეთუ სიწრფოებითა და ჭეშმარიტებითა ღმრთისაჲთა და არა სიბრძნითა ჴორციელითა, არამედ მადლითა ღმრთისაჲთა ვიქცეოდეთ სოფელსა შინა, ხოლო უმეტესად-ღა თქუენდა მიმართ.

13

სხვა რამეს კი არა გწერთ, არამედ იმას, რასაც კითხულობთ ან იმეცნებთ და, იმედი მაქვს, ბოლომდე შეიმეცნებთ.

13 რამეთუ არა თუ სხუასა რასამე მივსწერთ თქუენდა, არამედ რომელსაცა-იგი იკითხავთ და რომელიცა-იგი გიცნობიეს; ხოლო ვესავ, ვითარმედ სრულადცა გულისჴმა-ჰყოთ.
14 ისევე, როგორც ნაწილობრივ უკვე შეიცნეთ, რომ ჩვენ თქვენი სიქადული ვართ, ხოლო თქვენ - ჩვენი, უფალ იესოს დღეს. 14 ვითარცა-იგი მიცნენით ჩუენ ჟამად-ჟამად, რამეთუ სიქადულ თქუენდა ვართ, ვითარცა თქუენ - ჩუენდა დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.
15 ამაში დარწმუნებული ჯერ თქვენთან ვაპირებდი მოსვლას, რათა მეორედაც მიგეღოთ მადლი; 15 და ამით სასოებითა მინდა მისლვად თქუენდა პირველად, რაჲთა მეორე სიხარული გაქუნდეს,
16 თქვენგან კი მაკედონიაში წავსულიყავი, ხოლო მაკედონიიდან კვლავ გწვეოდით, რათა იუდეაში გაგეცილებინეთ. 16 და თქუენ მიერ წარსლვაჲ მაკედონიად და კუალად მაკედონიაჲთ მოსლვად თქუენდავე და თქუენ მიერ წარგზავნად ჰურიასტანად.
17 ამის მოსურნე ცოტა ხომ არ ავმჩატდი? ან, იქნებ, რასაც ვფიქრობ, ხორციელად ვფიქრობ, რათა ერთდროულად მქონდეს „ჰო-ჰოც“ და „არა-არაც“? 17 ამას უკუე რაჲ განვიზრახვედ, მცირედ რაჲ-მე ნუუკუე შემერაცხა? ანუ რომელსა-ესე ვზრახავ, ჴორციელად-მე რას ვზრახავა, რაჲთა იყოს ჩემ მიერ იგი ჰეჲ ჰე და არაჲ - არა?
18 მაგრამ ღმერთია მოწმე, რომ ჩვენი სიტყვა თქვენს მიმართ არ ყოფილა ხან „ჰო“ და ხან „არა“. 18 ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რამეთუ სიტყუაჲ იგი ჩუენი, რომელი იყო თქუენდა მიმართ, არა იყო ჰე და არა.
19 რადგანაც ძე ღვთისა, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენს შორის ვქადაგებდით მე, სილვანუსი და ტიმოთე, არ ყოფილა „ჰოც“ და „არაც“, არამედ მხოლოდ „ჰო“ იყო მასში. 19 რამეთუ ძე ღმრთისაჲ, იესუ ქრისტე, რომელი ჩუენ მიერ თქუენ შორის იქადაგა ჩემ მიერ, და ტიმოთეს და სილოანეს, არა იყო ჰე და არა, არამედ ჰე იგი მას შინა იქმნა.
20 ვინაიდან ღმერთის ყოველი აღთქმა „ჰოა“ მასში და „ამინია“ მასში, ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ. 20 რამეთუ რაოდენნი იგი აღთქუმანი ღმრთისანი არიან, მას შინა არს ჰე იგი და მას შინა ამინი ღმრთისა სადიდებელად ჩუენ მიერ.
21 ხოლო ვინც თქვენთან ერთად განგვამტკიცა ქრისტეში და ცხებულნი გვყო, ეს არის ღმერთი, 21 რომელმან-იგი განმამტკიცნა ჩუენ თქუენ თანა ქრისტეს მიმართ, და ცხებულ გუყვნა ჩუენ ღმერთმან,
22 რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში. 22 და აღგუბეჭდნა ჩუენ და მომცა წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა.
23 და მე ღმერთს ვუხმობ ჩემი სულის მოწმედ, რომ გინდობდით და ამიტომ დღემდე არ მოვსულვარ კორინთოში; 23 ხოლო მე მოწამედ ღმერთსა ვხადი სულისა ჩემისა, რამეთუ გერიდებოდე თქუენ და მისთჳს არღარა მოვედ კორინთედ.
24 იმიტომ კი არა, რომ თქვენს რწმენაზე ვიუფლოთ, არამედ იმიტომ, რომ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, რადგანაც რწმენითა დგახართ. 24 არა თუ უფლებთ რას სარწმუნოებასა თქუენსა, არამედ თანა-შემწენი ვართ სიხარულისა თქუენისანი, რამეთუ სარწმუნოებითა სდგათ.