1 |
ხოლო მე, პავლე, თქვენს შორის პირისპირ ყოფნისას - მდაბალი, შორიდან კი - თქვენს
მიმართ თამამი, ქრისტეს თვინიერებითა და სიკეთით შეგაგონებთ და გევედრებით: |
1 |
მე, თავადი პავლე, გლოცავ თქუენ სიმშჳდითა მით და სახიერებითა ქრისტესითა,
რომელი-ესე პირისპირ მდაბალ თქუენ შორის, ხოლო შორით ვიკადრებ თქუენდა მიმართ. |
2 |
ნუ მაიძულებთ, რომ თქვენთან მოსვლისას მივმართო იმ
სიმკაცრეს, რითაც ვაპირებ ჭკუა ვასწავლო ზოგიერთ თქვენგანს, ხორციელად
მოარულნი რომ ვგონივართ ჩვენ. |
2 |
ხოლო გლოცავ, რაჲთა არა პირისპირ ვიკადრო სასოებით, გინა
შე-რაჲმე-ვჰრაცხო კადრებად ვიეთმე ზედა, რომელთა ვჰგონიეთ ჩუენ, ვითარცა
ჴორციელად მავალნი. |
3 |
ვინაიდან ხორციელადაც რომ ვიარებოდეთ, ხორციელადვე როდი
ვიბრძვით. |
3 |
რამეთუ ჴორციელად თუ ვიქცევით, არამედ არა ჴორციელად
განწესებულ ვართ. |
4 |
რადგანაც ჩვენი საომარი საჭურველი ხორციელი კი არ არის,
არამედ ღვთის მიერ ძლევით მოსილი ყოველგვარი სიმაგრის შესამუსრავად. |
4 |
რამეთუ საჭურველი ჩუენისა მის მჴედრობისაჲ - არა ჴორციელ
არს, არამედ ძლიერ ღმრთისა მიერ დასარღუეველად ძნელოვანთა, გულის სიტყუათა
დავარღუევთ |
5 |
მისი წყალობით ვამხობთ ყოველგვარ ზრახვას და,
ქედმაღლობას, ღვთის შემეცნების წინააღმდეგ აღძრულს, და მისითვე ვატყვევებთ
ყოეელგვარ აზრსაც, რათა დაემორჩილოს ქრისტეს. |
5 |
და ყოველსა სიმაღლესა, ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა
ღმრთისასა, და წარმოვსტყუენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა, |
6 |
ასე რომ, მზადა ვართ შური ვიძიოთ ყოველგვარ ურჩობაზე,
როცა აღსრულდება თქვენი მორჩილება. |
6 |
და განმზადებულად გუაქუს შურის-გებად ყოვლისა ურჩებისა,
რაჟამს აღესრულოს თქუენი ეგე მორჩილებაჲ. |
7 |
დაუკვირდით, რაც თვალწინ გიძევთ. ვისაც ჰგონია, ქრისტესი
ვარო, თავად განსაჯოს ისიც, რომ როგორც თვითონ არის ქრისტესი, ასევე ჩვენც
ქრისტესნი ვართ. |
7 |
კაცად-კაცადისა პირსა ხედევდით. ვინ-იგი ესავს თავსა
თჳსსა ქრისტესა ყოფად, ესე განიზრახენ კუალად თავით თჳსით, რამეთუ ვითარცა
იგი ქრისტესი არს, ეგრეთცა ჩუენ ქრისტესნი. |
8 |
რადგანაც მე რომ უფრო მეტად ვიქადოდე ჩვენი ხელმწიფებით,
თქვენს დასაქცევად კი არა, ასაშენებლად რომ მოგვცა ღმერთმა, განა
შერცხვენილი არ დავრჩებოდი? |
8 |
რამეთუ, უკუეთუ უმეტეს რაჲ ვიქადო ჴელმწიფებისა ამის
ჩუენისა-თჳს, რომელი მომცა ჩუენ უფალმან აღსაშენებელად და არა
დასარღუეველად თქუენდა, არა მრცხუენეს, |
9 |
მაგრამ ნუ გგონიათ, თითქოს წერილებით გაშინებდეთ. |
9 |
ხოლო, რაჲთა არა საგონებელ ვიქმნა, ვითარმედ გაშინებ რასმე თქუენ წიგნითა ამით. |
10 |
შეიძლება ზოგიერთმა თქვას: მისი წერილი დიახაც მკაცრია და მძლავრი, მაგრამ თვითონ,
პირისპირ, უძლურია, სიტყვა კი - უფასურიო. |
10 |
რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: წიგნები ესე რეცა მძიმე და ძლიერ, ხოლო მოსლვაჲ ჴორცითა
უძლურ, და სიტყუაჲ შეურაცხ. |
11 |
ამნაირებმა იცოდნენ, რომ, როგორიცა ვართ შორიდან - წერილის სიტყვით, ისეთივე ვართ
პირისპირ - საქმით. |
11 |
და ესე განიზრახე ეგევითარმან მან, რამეთუ ვითარცა-იგი ვართ სიტყჳთა წიგნებისაჲთა
შორით, ეგრეთცა მახლობელად საქმითა. |
12 |
რადგანაც ვერ ვბედავთ თავი მივაკუთვნოთ ან შევადაროთ მათ, დიდ ვინმედ რომ მოაქვთ
თავი: ეს უგუნურნი თავიანთი თავით ზომავენ საკუთარ თავს და თავიანთ თავსვე
ედრებიან. |
12 |
რამეთუ ვერ ვიკადრებთ თავთა თჳსთა განკითხვად გინა შეტყუებად ვიეთმე თანა,
რომელნი-იგი თავთა თჳსთა ეწამებიან. არამედ იგინი თჳთ თავთა თჳსთა განიზომენ და
თანა-შეატყუებენ თავთა თჳსთა თავით თჳსით და ვერ გულისჴმა-ჰყოფენ. |
13 |
ხოლო ჩვენ უსაზომოდ კი არ მოვყვებით ქადილს, არამედ იმ ზომით, რომელიც ღმერთმა
გვიწილადა, რათა მოგვეღწია თქვენამდის. |
13 |
ხოლო ჩუენ არა უსაზომოდ ვიქადოთ, არამედ საზომითა მით წესისაჲთა, რომელი-იგი
განგჳყო ჩუენ ღმერთმან საზომითა მით მიწდომად ვიდრე თქუენდამდე. |
14 |
ამიტომაც არ გადავალთ ზღვარს, რათა თქვენამდე მოვაღწიოთ, რაკიღა თქვენც მოგწვდით
ქრისტეს სახარებით. |
14 |
რამეთუ არა ვითარცა ვერ მიწდომილნი თქუენდა მიმართ. უმეტეს განვირთხამთ თავთა
თჳსთა, რამეთუ ვიდრე თქუენდამდეცა მივსწუეთით სახარებითა ქრისტესითა. |
15 |
არც უსაზომოდ ვიქადით და არც სხვისი შრომით, არამედ იმედი გვაქვს, რომ, თქვენი
რწმენის ზრდისამებრ, უხვად ვამრავლებთ ჩვენს წილხვედრს თქვენში. |
15 |
არა უსაზომოდ მოქადულნი სხჳსა შრომილსა ზედა, არამედ სასოებაჲ გუაქუს ჩუენ
აღორძინებულისა მის სარწმუნოებისა თქუენისა თქუენ შორის განდიდებად კანონისაებრ
ჩუენისა ნამეტნავად, |
16 |
ასე რომ, თქვენს მიღმაც ვიქადაგებთ სახარებას და არ მოვყვებით ქადილს იმით, რაც
გამზადებული დაგვხვდება სხვისი ღვაწლის წყალობით. |
16 |
მიერ კერძო თქუენსა სახარებად არა სხჳსა კანონსა ზედა მზასა სიქადულად. |
17 |
ვინც იქადის, უფლით იქადოდეს. |
17 |
ხოლო რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდენ. |
18 |
რადგანაც ღირსეული ის კი არ არის, ვინც თავს იქებს, არამედ ვისაც აქებს უფალი. |
18 |
რამეთუ არა რომელი-იგი თავსა თჳსსა ეწამებოდის, იგი არს გამოცდილი, არამედ
რომელსა-იგი უფალი ეწამოს. |